პოეზია (თარგმანი)

ჩარლზ ბერნსტაინი – წყვდიადი, რომელსაც უხმობენ ღამედ და სხვა ლექსები

ჩარლზ ბერნსტაინი ამერიკული პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობის – ენის სკოლის პოეზიის მთავარი წარმომადგენელი და თეორეტიკოსია. მისი პოეტური კრებულებია „პოეტური სამართალი“ (Poetic Justice, 1979), „ინტერესთა კონტროლი“ (Controlling Interests, 1980), „სოფისტი“ (The Sophist, 1987), „თავდაყირა“ (Topsy Turvy, 2021). პოეზიასა და პოეტიკაზე ესეების კრებულებიდან კი აღსანიშნავია: „ენა“ (L-A-N-A-G-U-A-G-E) (1984) და „შინაარსის სიზმარი: ესეები 1975-1986“) (Content’s Dream: essays, 1975-1986). ესეში ,,წერა და მეთოდი“ (Writing and Method, 1986) ბერნსტაინი თავისი პოეზიის მთავარ მახასიათებელს ასე განმარტავს: ,,ლექსებში ხშირად ვიყენებ ბუნდოვან, ძნელად გასაგებ & აღქმად ელემენტებს, რთულ წიაღსვლებს & აზრის გაწყვეტის ტექნიკას, როგორც უფრო ძლიერი აღქმის და ზემოქმედების მიღწევის იარაღს, ვიდრე ეს შესაძლებელია ნებისმიერი ტრადიციული, ბევრად მოსაწყენი, ერთფეროვანი და ადვილად გასაგები ხერხებით“.

ინგლისურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო ინგა ჟღენტმა

წყვდიადი, რომელსაც უხმობენ ღამედ

სათნოება

ერთგვარი სასოწარკვეთაა,

სიყვარულით შენიღბული.

ტკივილის განცდა

სიხარულს

ანიჭებს.

საუცხოო ღვინოს

გემოს უწუნებს.

ხელებიდან

გველები ეზრდება,

მის ახირებებს

სულელები ემორჩილებიან.

ცხოვრების გზა თვით-

მარქვიობით გაიკვლია. ამაღლებულ

სიყვარულს და მოჩვენებით პათეტიკურ ემპათიას

მთელი ძალით

ჩაბღაუჭებული,

კრიმინალური მეთოდებით (Modus Operandi)

მოქმედებს.

სათნოების მახვილი

სიმართლეა, თავის თავზე

შეყვარებული, რომელსაც მხოლოდ

სხვების წინააღმდეგ მიმართავს.

ნორმების თაყვანისცემას

შეგუებული, გასაქანს

არ აძლევს არამზადებს, გმობს

მოწინააღმდეგეებს, აბუჩად იგდებს

ცვლილებებს.

სხვათა გმობა მისი

მარადიული გატაცებაა.

სათნოების თვალში

ძალადობრივი სამართალი

და მწვავე უთანხმოება –

უმაღლესი მშვენიერება: იმ

თარგზე იჭრება, რომელიც

არასდროს სწყალობს ესთეტიკას.

ლექსი

აქ. უნდა დაივიწყო.

აქ უბრალოდ ინტონაციებია

ღრუბლიანი, გრილი

ჩიტები & და ა.შ.

ჩამოჯექი მათთან ერთად.

დროა ასე მოიქცე.

ბუნების ამაზე უკეთესი ხედი არ არსებობს.

ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გარდაქმნა.

სიჩუმე, ხეები.

იმედს ვიტოვებ,

ეს ყველაფერი შენს შინაგან მე-ში

მიედინება, თვალების ეს მოძრაობა,

სიტყვების ეს წყობა,

ყოველი მოძრაობა, ყოველი წინააღმდეგობა.

ღამე მოძრაობენ

კომეტები, „მბრუნავი პლანეტები,

მზეები, პემზის ბრჭყვიალა ნატეხები“

უხეში ტონით მიგვითითებენ

სიმსივნეებსა & კარიერაზე.

„განახლებული ლიმოჟები, თუ შეიძლება.”

შეარჩიე რამე ღირებული

განწყობა, იდეა, სიმბოლო ან ქაღალდის სურნელი

ფერადი, უსიცოცხლო

& ,,ლამაზმანის სისხლძარღვებში რომ იბადება“

უბრალოდ იაზროვნე

„აღელდი & ჩაებღაუჭე“

უფრო მეტი გატაცებით

უფრო დაუკმაყოფილებლად

ეს ყოველივე ფორმის

ნიშან-თვისებაა და ა.შ.

და განუყოფელია მისგან.

სათანადო კორექტირება

ქმნის უცნაურ, გახლეჩილ

სივრცეს

ნაღებ საზოგადოებას შორის:

თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ხმა

„მუქი წითელი წრეებივით“

იფანტება

და უკან იხევს, ექოსავით გაისმის,

ერთდება, ისევ იფანტება.

სათანადოდ მორგებული

მაგალითად, შენი ტანსაცმელი,

სახე, სტილი,

უნიჭო უფერულობას

ფარისევლურად რომ ასხივებს

 & რამდენიმე წუთში

სხეულს & ცნობიერებას

რომ აკნინებს, ამასობაში “მზეზე აფეთქებებმა“

მიზანი ხელიდან გაუშვეს.

შენ თვალები

გებინდება,

ფიქრში წონასწორობას კარგავ, დაბრმავებულს

საზღვრებს გირღვევს

ლაქების წყება.

„მაგრამ აღფრთოვანებისგან ჯერ კიდევ შორს ხარ.“

ეს სიშორე კარგია, გაჯადოებს.

მოიმარჯვე ბალიში & კალამი

ბროლის ფინჯანი, ხავერდის საფერფლე

ისე, რომ მოძრაობაში შეინარჩუნო მოჩვენებითი ელეგანტურობა,

შეუმჩნეველი, უჩინარი

& ამაყი სიმბოლოები

სარეველებს იცილებენ,

ნაწილებად, უწესრიგოდ იშლებიან,

და ენთუზიაზმით სავსე ღიმილით გულგრილობენ

& ახალი ფეხსაცმელების

უხეში მონაცვლეობით

,,ამაღლებულნი“ & ,,ხორცშესხმულნი“

სასიკვდილოდ იმეტებენ

ადამიანად ყოფნის სიმძიმეს.

სამოთხის ყველა ვისკი

არც სამოთხის ყველა ვისკისთვის

არც ვერმონტის ყველა ეტლისთვის

არც საძირკველში ჩაღვრილი ყველა ცრემლისთვის

არც მარსზე მილიონჯერ მოგზაურობისთვის

არც ბრილიანტების ფასად

არც მარგალიტების ფასად

არც მაშინ შენი ნეკა თითის ბეჭედი რომ მაჩუქო

არც მაშინ შენი თმის ხვეული რომ მაჩუქო

არც ყველა იმ ცეცხლისთვის რაც ჯოჯოხეთშია

არც უღრუბლო ცის სიკამკამისთვის

არც ჩემი საკუთარი იმპერიისთვის

არც სულის სიმშვიდისთვის

არა, არასდროს დავთმობ შენს სიყვარულს

უკანასკნელ ამოსუნთქვაშიც შენ მეყვარები

ჩემს სიმღერებშიც და ლექსებშიც შენ მეყვარები   

ჩემს სიყვარულში ყოველთვის შენ განმეორდები.

  სამოქმედო გეგმა

  რა მოხდებოდა

  ეს უბრალოდ

  არ ჩაგვედინა

© არილი

Facebook Comments Box