პროზა (თარგმანი)

პეტერ ჰანდკე – ბურთის ჩამოვარდნა სოფლის კეგლის სათამაშო მოედნიდან

 

გერმანულიდან თარგმნა ნათია დათუაშვილმა

დეკემბრის შუა რიცხვებში, ზამთრის ერთ საკმაოდ ცივ დღეს, ორი ავსტრიელი – სტუდენტი ბიჭი და მისი უმცროსი ძმა, პროფესიით ხურო, რომლებიც მოკლე ხნით იმყოფებოდნენ დასავლეთ ბერლინში, სადილის შემდეგ ქალაქის რკინიგზის სადგურ “ცოოლოგიშერ გართენზე” “ფრიდრიჰშტრასეს” მიმართულებით მიმავალ მატარებელში ჩასხდნენ და აღმოსავლეთ ბერლინში ნათესავების მოსანახულებლად გაემგზავრნენ.

ჩასვლისთანავე სადგურის შესასვლელთან ჩავლილ სახალხო არმიელებს ჰკითხეს, სად შეიძლებოდა ყვავილების ყიდვა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა რაღაც უპასუხა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გზა ეჩვენებინა, ძმებს უცნაურად მიაშტერდა. თუმცა, როგორც კი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ, მაშინვე იპოვეს მაღაზია. მისი დანახვა სადგურის გამოსასვლელიდანაც კი შეიძლებოდა და ჯარისკაცების კითხვის გარეშე მაინც მიაგნებდნენ.

დიდხანს ყოყმანობდნენ, ქოთნის ყვავილი აერჩიათ თუ თაიგული. ბოლოს არჩევანი მაინც თაიგულზე შეაჩერეს, მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში სწორედ ქოთნის ყვავილები სჭარბობდა, თაიგულებისთვის კი მხოლოდ ორნაირი ყვავილები ჰქონდათ – თეთრი და ყვითელი ქრიზანთემები. სანამ ისინი ფიქრობდნენ, გამყიდველი სხვა კლიენტებს ემსახურებოდა. სტუდენტმა, რომელიც უფრო ენაწყლიანი იყო, გამყიდველს სთხოვა, აერჩია მათთვის ათი თეთრი და ათი ყვითელი ქრიზანთემა, ოღონდ ძალიან დამჭკნარი არა, და თაიგული ქაღალდში გაეხვია. საკმაოდ მოზრდილი თაიგულით, რომელიც ხელში ხუროს ეჭირა, ქუჩა ახლა კიდევ უფრო ფრთხილად გადაკვეთეს და მიწისქვეშა გადასასვლელით სადგურის მეორე მხარეს გადავიდნენ, სადაც ტაქსის გაჩერება იყო. იქ უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი იცდიდა და ტაქსის გამოსაძახებელ ბოძზე ტელეფონი განუწყვეტლივ რეკდა. ტაქსის მძღოლებს აზრადაც არ მოსდიოდათ ყურმილის აღება. მიუხედავად ამისა, მაინც არ გასულა დიდი დრო, სანამ ძმები, რომლებსაც, სხვებისგან განსხვავებით, ჩემოდნები და ჩანთები არ ამძიმებდათ, ტაქსიში ჩასხდებოდნენ. მანქანაში საკმაოდ თბილოდა. სტუდენტი უკან, თავის ძმას  მიუჯდა გვერდით და მძღოლს აღმოსავლეთ ბერლინის ჩრდილოეთი ნაწილის მისამართი უთხრა. ტაქსის მძღოლმა რადიო გამორთო. მხოლოდ კარგა ხნის მგზავრობის შემდეგ მიხვდა სტუდენტი, რომ რადიო ტაქსიში საერთოდ არ იყო.

მან გვერდზე გაიხედა და დაინახა, რომ მის ძმას ორივე ხელით, ზედმეტად ფრთხილად ეჭირა თაიგული. ძმები ცოტას ლაპარაკობდნენ. ტაქსის მძღოლს არ უკითხავს, საიდან იყვნენ. სტუდენტმა ინანა, რომ თხელი, დაუთბილავი პალტოთი წამოვიდა, რომელსაც ყველაფერთან ერთად ქვედა ღილი ასწყვეტოდა.

ტაქსი რომ გაჩერდა, დღის სინათლე უფრო მომატებულიყო. მანქანის გარემოს თვალმიჩვეულ სტუდენტს გაუჭირდა გარეთ საგნების აღქმა. მხოლოდ მას შემდეგ, როცა საკმაოდ დაძაბა მზერა, შეამჩნია, რომ ქუჩის ერთ მხარეს მარტო საბაღე ნაკვეთები და დაბალი ქოხები იყო, მეორე მხარეს კი, სახლები, რომლებიც, მისი აზრით, ქუჩიდან საკმაოდ მოშორებით იდგნენ. ქუჩასთან ახლოს ასევე, ძალიან დაბალი სახლებიც მოჩანდა. ბუჩქები და პატარა ხეები თრთვილს დაეფარა. სწორედ ამიტომ ჩანდა გარეთ ყველაფერი განათებული. ტაქსის მძღოლმა მგზავრებს, მათივე თხოვნით, ქვითარი გამოუწერა. საკმაოდ დიდხანს ეძებდა ქვითრების წიგნაკს, ამასობაში კი ძმებმა მოასწრეს იმ სახლის ფანჯრების შეთვალიერება, სადაც შესვლას აპირებდნენ. ქუჩაზე, სავარაუდოდ, მანქანები იშვიათად დადიოდნენ, ამიტომ გაჩერებული ტაქსი ყველას უნდა შეემჩნია. ნუთუ დეიდას ჯერ კიდევ არ მიუღია დეპეშა, გუშინ დასავლეთ ბერლინის ფოსტიდან რომ გამოაგზავნეს? ფანჯრიდან არავის გამოუხედავს, არც რომელიმე სახლის კარი გაღებულა.

სტუდენტი ძმაზე ადრე გადმოვიდა ტაქსიდან, თან ქვითარს კეცავდა. ამასობაში მისი ძმა, რომელსაც ორივე ხელით ეჭირა თაიგული, მოუხერხებლად წამოდგა. სანამ ტაქსი მობრუნდებოდა, ისინი გარეთ ერთ-ერთი ბაღის ღობესთან გაჩერდნენ. სტუდენტმა თითით გაისწორა თმები შუბლზე. მერე წინა ეზოს გავლით შესასვლელისკენ წავიდნენ. იქ ნომერი მიემაგრებინათ, რომელიც სტუდენტის დეიდასთან გაგზავნილ ადრინდელ წერილებზე იყო მითითებული. ძმები ყოყმანობდნენ, რომელ მათგანს მიეჭირა ღილაკისათვის თითი. ჩუმი გადალაპარაკების შემდეგ ერთ-ერთმა, როგორც იქნა, გაბედა. ზარს სახლიდან საპასუხოდ არავითარი ხმაური არ მოჰყოლია. ისინი უკან ჩამოვიდნენ კიბეებზე და შესასვლელიდან ცოტა უკან დაიხიეს. უმცროსმა ძმამ ქაღალდში გახვეული ყვავილების თაიგულიდან ერთი ქინძისთავი ამოაძრო, თუმცა ის არ გაუხსნია. სტუდენტს გაახსენდა, რომ როდესაც მარკებს აგროვებდა, დეიდა ბევრ განსაკუთრებულ მარკას უგზავნიდა ხოლმე გდრ-დან.

უცებ სახლის კარი ჩხაკუნით გაიღო. ძმებმა მხოლოდ მაშინ გაიგონეს ხმაური, როცა კარი უკვე შეღებული იყო. სადარბაზოში შესულებს ხმაური ისევ ესმოდათ. სადარბაზოში ორივე იღიმებოდა. უმცროსმა ძმამ თაიგულს ქაღალდი შემოაცალა და პალტოს ჯიბეში ჩაიტენა. კარი მათ ზემოთ გაიღო, ყოველ შემთხვევაში ქვევიდან ასე ჩანდა. როდესაც ძმები იმდენად მაღლა ავიდნენ, რომ ბინაში შეხედვა შეძლეს, დეიდა უკვე ღია კარში იდგა და მათ ჩამოჰყურებდა. ქალის ქცევამ ორივე მიახვედრა, რომ დეპეშა ჯერ ნამდვილად არ ჩამოსულიყო. დეიდამ დაიყვირა – გრეგორიო, ასე ერქვა სტუდენტს, და მაშინვე უკან შევარდა ბინაში, თუმცა ისევ სწრაფად გამოვიდა და გადაეხვია სტუმრებს, რომლებიც ჯერ კიბის ბაქანთანაც არ მისულიყვნენ. ქალი ისე იქცეოდა, რომ გრეგორს დაავიწყდა, რა აზრისა იყო ადრე მასზე, ახლა მხოლოდ იდგა და უყურებდა. შიშისა, თუ ვინ იცის, კიდევ რისაგან, დეიდას კისერი ჩავარდნოდა.

ქალი ბინაში შებრუნდა, კარებები გამოაღო, ტუმბოს კარიც კი, ფანჯარა დახურა, მერე სამზარეულოდან გამოვიდა და თქვა, რომ ახლავე ყავას მოადუღებდა. როცა ყველანი მისაღებ ოთახში დასხდნენ, მან მაშინღა შეამჩნია მეორე სტუმარი, რომელმაც შემოსასვლელში ყვავილები გადასცა და ახლა ცოტა არ იყოს უხერხულად იდგა ოთახში. სტუდენტის განმარტებას, რომ ეს მისი მეორე დისწული იყო, რომელიც, ამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ავსტრიაში შვებულებით იმყოფებოდა, ნანახი ჰყავდა, ქალმა იმით უპასუხა, რომ ჩუმად გავიდა სხვა ოთახში და საკმაოდ პატარა, არეულ ოთახში ძმები ცოტა ხნით მარტო დატოვა.

ქალი რომ დაბრუნდა, გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო. ის ორივე დისწულს მოეხვია და თქვა, გარეთ, კიბეზე მისალმებისას კი გამიკვირდა, ჰანსმა – ასე ერქვა ხუროს – პირზე რომ მაკოცაო. მან ორივეს დაჯდომა შესთავაზა და ყავის მაგიდის გარშემო სკამები მოაწესრიგა, თან ყვავილებისთვის ლარნაკს ეძებდა. ისიც აღნიშნა, რომ საბედნიეროდ, სწორედ დღეს შეიძინა ნამცხვარი (“ვიყიდეს” ნაცვლად “მოვიმარაგე” რატომ თქვაო, – გაუკვირდა სტუდენტს). ოჰ, ეს ძვირიანი ყვავილები! – წამოიძახა დეიდამ და იმის მოყოლა განაგრძო, თუ როგორ მიწვა ის-ის იყო დასაძინებლად, ზარი რომ გაისმა. სტუდენტი ფანჯრიდან იყურებოდა, ქალმა რომ თქვა: “იქითა მხარეს მოხუცთა სახლიაო”. მან ჰკითხა ძმებს, მასთან დარჩენას აპირებდნენ თუ არა. ჰანსმა უპაუხა, რომ დასავლეთ ბერლინში უკვე ისადილეს და მას შემდეგ, რაც ჩამოთვალა, იქ რაც ჭამეს, დაარწმუნა დეიდა, რომ ნამდვილად მაძღრები იყვნენ. ლაპარაკისას ჰანსმა ხელი მაგიდაზე დადო და ქალმა შეამჩნია ნაიარევი ნეკა თითი, რომელიც ერთხელ ჰანსმა უყურადღებობის გამო მოტოხერხით ჩამოითალა. მან არ დააცადა სათქმელის დამთავრება და გააფრთხილა, რომ რადგან ერთხელ უკვე წაუმტვრევია კისერი, მუშაობისას უფრო მეტი ყურადღებით უნდა იყოს. სტუდენტს, რომელსაც შემოსასვლელში ჩამოართვეს პალტო, კიდევ უფრო შესცივდა, როდესაც უკან მიიხედა და დაინახა საწოლი, საიდანაც ქალი ეს-ესაა წამომდგარიყო. დეიდამ შეამჩნია, როგორ აუძაგძაგდა ბიჭს მხრები და უკან ელექტროღუმელი დაუდგა, თან აუხსნა, რომ როცა მას სცივა, უბრალოდ წვება ხოლმე.

სამზარეულოში ჩაიდანი უკვე კარგა ხანია უსტვენდა, მაგრამ ხმა არ გაძლიერებულა. იქნებ მათ უბრალოდ ვერ გაიგეს, როდის დაიწყო სტვენა. ყოველ შემთხვევაში, სავარძლების სახელურები, და ქსოვილიც, რომელიც სავარძელზე იყო გადაკრული, ისევ ცივი იყო. რატომ “ყოველ შემთხვევაში” – გაიფიქრა ცოტა ხნის შემდეგ სტუდენტმა, რომელსაც ორივე ხელში ყავით სავსე ფინჯანი ეჭირა. ქალმა სტუდენტს სახის გამომეტყველების საპასუხოდ სასწრაფოდ ჩაუსხა ყავაში რძე. სტუდენტის ნათქვამი მომდევნო წინადადება კი – დეიდას ტელევიზორი ჰქონია სახლშიო – ისე გაიგო, რომ სარძევეთი ხელში ერთი ნაბიჯი ტელევიზორისკენ გადადგა და ჩართო. სტუდენტმა თავი დახარა და ყავაში რძის ნაღების დიდი ნაფლეთები დაინახა, რომლებიც ზედაპირზე ამოსულიყო. ძმას გახედა და მიხვდა, რომ მასაც იგივე შეგრძნება ჰქონდა: დიახ, ნამდვილად ასე იყო. ამ მომენტიდან ის ცდილობდა, აღარ აღენიშნა, რასაც დაინახავდა ან გაიგებდა, იმის შიშით, რომ დეიდა ამას თავისებურად ახსნიდა. ტელევიზორმა შიშინი კი დაიწყო, მაგრამ სანამ გამოსახულება ან ხმა გამოჩნდებოდა, ქალმა ის გამორთო და ძმებს გვერდით მიუჯდა. თან ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს. ახლა დაიწყება სეირი! – ამ წინადადების გაფიქრებაზე დაიჭირა თავი ნახევრად გამხიარულებულმა და ნახევრად დაბნეულმა სტუდენტმა. იმის ნაცვლად, რომ ჯერ ნამცხვარი მოეკბიჩა და ნამცხვრის ლუკმისათვის ყავა მიეყოლებინა, პირი ყავით გაივსო, თანაც ჩაყლაპვის ნაცვლად ჯერ კბილებში გაიჩერა, ისე რომ როდესაც ნამცხვრის მოსაკბეჩად პირი გააღო, სითხე უკან ჩაიღვარა ჭიქაში. სტუდენტს ოდნავ მოხუჭული ჰქონდა თვალები. იქნებ ამის გამო აურია. ახლა კი, როდესაც თვალები გაახილა, დაინახა, რომ დეიდა ჰანსს შეჰყურებდა, რომელიც მოუქნელი ჟესტით, მთელი ხელით დასწვდა შოკოლადის ორცხობილას და, ქალის დაძაბული მზერის ქვეშ, პირში ჩაიტენა. “ეს შეუძლებელია!”, – წამოიძახა სტუდენტმა, უფრო სწორად, ეს ქალმა წარმოთქვა, როცა ტუმბოზე დადებული წიგნი აჩვენა – ცნობილი ქირურგის ბიოგრაფია, – მაშინვე გამოასწორა სტუდენტმა თავისი საქციელი. სანიშნის როლს წმინდანის სურათი ასრულებდა. არ ღირდა ამის გამო აღელვება.

უკვე საკმაო ხანი საუბრობდნენ და ისეთი გრძნობა დაეუფლათ, თითქოს საერთოდ არ ისხდნენ მაგიდასთან, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სად ზიხარ. რაც უფრო დიდხანს ლაპარაკობდნენ, მით უფრო იშვიათად უყურებდნენ ერთმანეთს და მით უფრო ჩვეულებრივი ეჩვენებოდათ სტუმრებს ატმოსფერო. სიტყვა “ჩვეულებრივს” ისინი უფრო და უფრო ხშირად წარმოთქვამდნენ საუბრის დროს. სტუდენტს კარგა ხანს ეჩვენებოდა  დეიდის ლაპარაკი უცნაურად. ახლა კი, ოთახში სითბოს მომატებასთან ერთად, მას შეეძლო, ყველაფერი, რასაც ქალი ლაპარაკობდა, დაწერილი წარმოედგინა, დაწერილი კი დამაჯერებლად ეჩვენებოდა. ოთახში მაინც ისე ციოდა, რომ ყავას, რომელიც ამასობაში გაგრილებულიყო, ორთქლი ასდიოდა. სტუდენტი სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა საკუთარ აზრებს. გარეთ მანქანები არ დადიოდნენ. დეიდის ნათქვამები კი უმეტესად იწყებოდა სიტყვით “გარეთ”. კარგა ხნის შემდეგ სტუდენტმა ქალს ლაპარაკი შეაწყვეტინა, შემდეგ კი ბოდიში მოუხადა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას სათქმელი არაფერი ჰქონდა. საუბრის განახლება აღარავის უნდოდა, რასაც შედეგად დუმილი მოჰყვა, რომელიც უცებ ხურომ დაარღვია იმის მოყოლით, რომ მალე ის ჯარში წავიდოდა. ჰანსი დეიდისთვის უცნობ დიალექტზე ლაპარაკობდა, ამიტომ ქალს მისი ნათქვამი ჩაესმა როგორც “მოპიკერე ბომბდამშენები უნგრეთიდან” და შეჰყვირა. სტუდენტმა დეიდა იმით დააწყნარა, რომ საუბარში რამდენჯერმე გაურია სიტყვა “გარეთ”, და ისიც შეამჩნია, რომ ამ წუთიდან ქალი მის მიერ წარმოთქმულ ყოველ წინადადებას მაშინვე იმეორებდა, თითქოს ყურებს აღარ უჯერებსო. ეს კიდევ არაფერი, ის სტუდენტს ზოგიერთი წინადადებების დასაწყისშივე უქნევდა თავს, რამაც ყმაწვილს ნელ-ნელა თავდაჯერებულობა დააკარგვინა და ერთხელ წინადადების დასრულებაც კი ვეღარ შეძლო. ამას მოჰყვა დეიდის მეგობრული სიცილი და “გმადლობთ”, თითქოს სტუდენტი მას საჭირო სიტყვით კროსვორდის ამოხსნაში დახმარებოდეს. სტუდენტმა ცოტა ხნის შემდეგ მართლაც შენიშნა ფანჯრის რაფაზე აღმოსავლეთ ბერლინის გაზეთის “ბეცეტ ამ აბენდ”-ის ერთი გვერდი აქა-იქ შევსებული კროსვორდით. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა დეიდას კროსვორდის ნახვის ნებართვა სთხოვა, უფრო სწორად, უთხრა, თვალს გადავავლებო, მაგრამ ნახა, რომ მისი კითხვები თითქმის არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივისაგან, მხოლოდ ერთგან ითხოვდნენ “ახლო აღმოსავლეთის აგრესიული სახელმწიფოს” სახელს, და გაზეთი ძმას მიაწოდა, რომელმაც მაშინვე დააპირა მისი შევსება, მიუხედავად იმისა, რომ დილით უკვე შეავსო დასავლეთ ბერლინის ჟურნალის “შტერნის” კროსვორდი; თუმცა სტუდენტი ჰანსმა კი არ დააბნია, რომელიც ფანქარს ეძებდა, არამედ ფანჯრის ცარიელმა თარომ და გაღიზიანებულმა სთხოვა ძმას გაზეთი “თავის ადგილზე” დაებრუნებინა. ფორმულირება “თავის ადგილზე” იმდენად სასაცილოდ მოეჩვენა, რომ მეტი არაფერი უთქვამს, მხოლოდ წამოდგა, თქვა გავიხედ-გამოვიხედავო და კარისაკენ წავიდა. უფრო სწორად, დეიდა გავიდა და ის კი უკან მიჰყვა, ვითომცდა სხვა ოთახებში შესახედად. სინამდვილეში კი¼ სტუდენტმა აღმოაჩინა, რომ გერმანიის ტელევიზია უფრო ხშირად ხმარობდა სიტყვას “თითქოს”, ვიდრე აქამდე ჰქონდა შემჩნეული ტელევიზორის ყურებისას. სიმართლე კი ის იყო, რომ იქ ეს სიტყვა საერთოდ არ უხსენებიათ.

ყველგან ერთი და იგივე სურათია. “ყველგან ერთი და იგივე სურათია”, – თქვა ქალმა, თან სტუდენტს სამზარეულოს კარი გაუღო. “აქ შიგნითაც ცივა”, – უპასუხა სტუდენტმა. “იქ შიგნითაც”, – შეუსწორა ქალმა. “რას აკეთებთ გარეთ?”, – იკითხა ჰანსმა, რომელიც მათ კროსვორდით ხელში დერეფანში გამოჰყვა. “შიგნით შევიდეთ!”,-  თქვა სტუდენტმა. “რატომ?”, – იკითხა ჰანსმა. “იმიტომ, რომ მე ვამბობ”, – უპასუხა სტუდენტმა. არცერთს ხმა არ ამოუღია.

მისაღებ ოთახში გასულებს, სადაც, როგორც ქალმა თქვა, მათ ყავა ელოდათ, სამზარეულოდან ქვაბების რახარუხის ხმა შემოესმათ, რომელიც სოფლის კეგლის სათამაშო მოედნიდან უღრან და ცოტა არ იყოს იდუმალებით მოცულ ტყეში ბურთის ჩამოვარდნის შორეულ ხმას ჰგავდა. სტუდენტმა, რომელსაც თავში ეს შედარება მოუვიდა, ჰკითხა დეიდას, როგორ შეიძლებოდა მოსვლოდა თავში ასეთი რამ, როცა მთელი ცხოვრება ქალაქში აქვს გატარებული. თანაც გაახსენდა იგივე გამოთქმა პოეტ ჰუგო ფონ ჰოფმანსტალის[1] წერილიდან. თუმცა შედარების ობიექტს, პოეტთა აკადემიაში მონაწილეობის მოწვევას, სამზარეულოდან მისაღებ ოთახში შემოსული ქვაბების რახარუხს ვერც შეადარებდი.

სტუდენტმა, მიყურადების მიზნით, თავი გვერდზე გადასწია, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ დეიდა, რომელიც ცდილობდა, არ გამოჰპარვოდა სტუმრების უმნიშვნელო საქციელიც კი, იმის მომიზეზებით, რომ აივანზე ჩიტებისათვის ცოტა ნამცხვარი უნდა დაეყარა, ნამცეცებით ხელში მეორე ოთახში გავიდა, იქიდან კი, როგორც მან მობოდიშებით დაიძახა, აივანზე მოსახვედრად. სტუდენტს აზრმა გაჰკრა, რომ სამზარეულოში ატეხილი ქვაბების რახარუხი ჩიტების ამბავი უფრო იყო, რომლებიც წინდახედული დეიდის მიერ აივანზე გატანილ ღუმელის ტაფაზე დახტოდნენ და ამაოდ ცდილობდნენ საკვების აკენკვას. ძმები ცოტა არ იყოს შეცბუნებულები უყურებდნენ დეიდას, რომელიც ბუნებრივად მიდი-მოდიოდა გარეთ, აივანზე. შეცბუნებულები იმიტომ, რომ ვერ იხსენებდნენ, ოდესმე ენახათ  თუ არა გარეთ გასული ქალი, თავად მაყურებლებივით შიგნით მსხდომთ. უცნაური სპექტაკლი იყო. სტუდენტს შეეშინდა, როდესაც მოთმინებადაკარგულმა ჰანსმა უკვე მერამდენედ ჰკითხა “ერკერის” სინონიმის შესახებ; “აივანი” უპასუხა დეიდამ, თან სწორედ ამ დროს ერთ-ერთ თავის ალბომში სტუდენტისთვის რომელიღაც სურათს ეძებდა. “ლოჯია”, – მოსწრებულად მიუგო სტუდენტმა, ისე რომ დეიდას სიტყვის დასრულებაც აღარ დააცალა და იმდენი დრო მოანდომა ღრმად ამოსუნთქვას, სანამ შვებას იგრძნობდა. კიდევ ერთხელ გაუმართლა. ქაღალდის ხელსახოცმა ერთბაშად შეიწოვა გადმოქცეული ყავა.

არცერთს სიტყვა არ დაუძრავს, თუმცა სამივე მაინც ფოსტალიონზე ფიქრობდა, რომელიც ჯერაც არ მოსულიყო. მაგრამ, როგორც გამოირკვა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანი ნაშუადღევი იყო, დეიდას ჯერაც არ ენახა საფოსტო ყუთი. ჰანსი გასაღებით ხელში ქვემოთ ჩაუშვეს. “რა უცნაურად უჭირავს ხელში გასაღები”, – გაიფიქრა სტუდენტმა. “უკაცრავად?” – დაბნეულად იკითხა დეიდამ. ჰანსი კი უკვე უკან შემოვიდა მისაღებ ოთახში, გასაღები ისევ ისე ეჭირა ხელში, როგორც გასვლისას. “მუშა მისაღებ ოთახში!”, – წამოიძახა სტუდენტმა, რომელსაც გახუმრება უნდოდა. არავინ შეპასუხებია. “ცუდი ნიშანია”, – გაიფიქრა სტუდენტმა. თითქოს დასცინისო, ფეხებზე კატა გაეხახუნა, რომელიც აქამდე არც კი შეუმჩნევია. დეიდა კი ამასობაში მოხუცი ქალბატონის გვარს ეძებდა, ქალბატონისას¼ მოხუცი ქალბატონის გვარს ნამდვილად არისტოკრატიული ტიტული ჰქონდა. საბედნიეროდ, ავსტრიაში არისტოკრატიული ტიტულები გააუქმეს.

ამასობაში გარეთ ჩამობნელდა. სტუდენტმა დილის  გაზეთ – “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში” წაიკითხა იაპონური ლექსი შებინდების შესახებ: “მატარებლის გამყინავი სტვენა ირგვლივ ჩამოწოლილ ბინდს კიდევ უფრო აძლიერებდა”. მატარებლის გამყინავი სტვენა ირგვლივ ჩამოწოლილ ბინდს კიდევ უფრო აძლიერებდა. რა თქმა უნდა, ქალაქის ამ ნაწილში მატარებელი არ დადიოდა. დეიდამ რამდენიმე სახელი მოსინჯა, ჰანსი და გრეგორი კი მას მისჩერებოდნენ. ბოლოს წინ, მაგიდაზე დაიდო ტელეფონი და ხელი დაადო. თან ისე, რომ ყურმილი არ აუღია, შეჭმუხნული შუბლით მაინც მოხუცი ქალბატონის გვარის ძებნას განაგრძობდა ანბანის მიხედვით და წიგნს ფურცლავდა. როცა დეიდას ყურმილი უკვე ხელში ეჭირა და ლაპარაკობდა, სტუდენტმა შენიშნა, რომ პარალელურად დეიდა მას ფოტოს აჩვენებდა, პატარა ბიჭის ფოტოს რეზინის ბურთით ხელში, საიდანაც ის იყურებოდა “მშობლების გვერდით  ფოტოატელიეში მჯდომი”. მეორე სურათი, რომელიც დეიდას შემთხვევით იატაკზე დაუვარდა, ასე გამოიყურებოდა:

 

“მორბენალი, გაჩერებული, მწოველი¼”, – როგორც ყოველთვის, სტუდენტს თავში ზმნისაგან წარმოებული ამ ფორმის სიტყვები მოსდიოდა, როდესაც ფოტოებს ან სურათებს უყურებდა; მაგალითად: “მშობლების გვერდით ფოტოატელიეში მჯდომი”.

გარკვეული ხნის დუმილის შემდეგ, ყურზე მიდებული ყურმილით ხელში, დეიდამ, რომელიც ტელეფონში მოსაუბრე პიროვნებას, “თქვენობით” მიმართავდა, რაც ყველა მათგანზე ძალიან დამამშვიდებლად მოქმედებდა, უცებ ყურმილში ჩაჰყვირა “შენ”. ამან სტუდენტი ისე შეაშინა, რომ უეცრად იღლიებიდან ოფლი გამოუვიდა, და რადგან ძალიან ექავებოდა კანი, ფხანა დაიწყო, რა დროსაც, შენიშნა, რომ მის ძმასაც იგივე დამართნოდა, რადგან ისიც გამალებული იფხანდა იღლიებს.

მეტი აღარაფერი მომხდარა. ოღონდ, დარეკვის შემდეგ, დეიდის ძმა და მისი ცოლი აღმოსავლეთ ბერლინის სხვა ნაწილიდან წამოვიდნენ და სულ მალე, ისე რომ სახლის ქვედა კარზე არც კი დაურეკავთ, ნაცნობებივით პირდაპირ ოთახის კარზე დააკაკუნეს, რათა კიდევ ერთხელ ენახათ ავსტრიიდან ჩამოსული ნათესავები. ქალმა აივნის ოთახიდან ახალმოსულებისთვის ორი სკამი გამოიტანა და ამის შემდეგ სამზარეულოში ყველას დაუსხა ჩაი. ქვაბები ჩხარუნობდნენ, ბიძა, რომელსაც ასთმა აწუხებდა, მაგრად იბრაგუნებდა ხელს მკერდზე. მას შემდეგ, რაც დასავლეთ ბერლინელ სტუდენტებზე დაიწყეს საუბარი, მისმა ცოლმა განაცხადა, რომ ყველა მათგანს სათითაოდ ითრევდა თმებით. საპირფარეშოდან დაბრუნებულ ხელდაბანილ სტუდენტს, ამასობაში ისე გაუშრა ხელები, რომ დეიდას კრემი სთხოვა. ამ უკანასკნელმა კი პასუხად სტუდენტს და მის ძმას დამატებით სუნამო “ტოსკა” მიაფრქვია, რომელიც იმ მოხუც ქალბატონს მოეტანა მისთვის ბოლო სტუმრობისას, ვისი სახელიც ვერა და ვერ გაიხსენა. მალე წასვლის დროც დადგა, რადგან სტუმრების აღმოსავლეთ ბერლინის ვიზებს ვადა შუაღამისას გასდიოდა. ბიძამ ტაქსის გაჩერებაზე მდგარ ტელეფონზე დარეკა, თუმცა არავის აუღია ყურმილი. მიუხედავად ამისა, ყოველივე განცდილის გამო სტუდენტი თავს მშვიდად გრძნობდა. ბიძა, რომელსაც ხელში ისევ ყურმილი ეჭირა და არეკინებდა, და მისი ცოლი, ოთახში დატოვეს და სტუმრები, უკვე პალტოებით, დეიდასთან ერთად დერეფნისკენ გაეშურნენ. კარის სახელურს ხელი მოჰკიდეს და ცოტა ხანს კიდევ შეიცადეს – იქნებ ტაქსის გაჩერებიდან ეპასუხა ვინმეს, და ამასობაში ისინი უკვე კიბეზე ჩამოვიდნენ. დეიდა ბიჭების შუაში იდგა, როდესაც¼

არავითარი “როდესაც”.

დეიდასთან ერთად, რომელმაც ორივეს ხელკავი გაუყარა, სიცივისაგან აკაწკაწებული კბილებით ტრამვაის გაჩერებისკენ წავიდნენ. ქალმა მათ მონეტები ჩაუდო ხელში ტრამვაისთვის, რადგან ძმებს ხურდა ფული არ ჰქონდათ. ტრამვაი მოვიდა და ისინი სწრაფად ჩასხდნენ შიგ, რომ დროზე მისულიყვნენ სადგურ “ფრიდრიჰშტრასეზე”, თან გარეთ მდგარ დეიდას ხელს უქნევდნენ.

უკვე ძალიან გვიანი იყო, როცა სტუდენტმა შეამჩნია, რომ ტრამვაიში საერთოდ არ ჩამსხდარიყვნენ.

[1] ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი – ავსტრიელი მწერალი (1874-1929).

© არილი

Facebook Comments Box