“ამარკორდი”, გუერასა და ფელინის მოთხრობა
თარგმნა მეგი ლორიამ
ტონინო გუერამ მისი და ფელინის ბავშვობისა და ყმაწვილობისდროინდელ საერთო მოგონებებზე დაფუძნებული გამოგონილი ისტორია გადმოიტანა ფურცელზე. გუერამ თავის თავზე რედაქტორის მოვალეობა იკისრა და გადაწყვიტა, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუკი არ გადაუხვევდა მატიანეს ტრადიციას და არ მიიჩნევდა, რომ მემუარის წამკითხველი აუცილებლად ლიტერატურული ნაწარმოებით ტკბობას მოისურვებდა; პირიქით, მან მკითხველი უბრალო და ლამის გაუნათლებელ ადამიანად ჩათვალა, ჩვეულებრივ კინომაყურებლად. სწორედ აქედან გაჩნდა ეს სახალისო მოთხრობა, მემუარებისთვის ტიპიური ნაწარმოები, რომელიც არც “მე”-ა და არც “იგი”, არამედ უფრო “ჩვენ”; ეს სრულიად უცხო რამაა ლიტერატურული ტრადიციისთვის. საუბარია – თუკი საერთოდ შეიძლება ამ საკითხის დაყენება – მრავლობით რიცხვზე, ერთგვარ “ჩვენ”-ზე, რისი მეშვეობითაც ავტორები (ტონინო გუერა და ფედერიკო ფელინი) თავიანთი ჯადოქრობის დემონსტრირებას ახდენენ და ხიბლავენ მკითხველს; და აი, ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, თუ როგორ იბადება და ვითარდება ჩვენს თვალწინ ისტორია; როგორც ჩანს, იგი ჩვენი ყურადღებიდან და ჩვენი ინტერესიდან იბადება, შესაძლოა ჩვენი მეხსიერებიდანაც. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვობა და სიყმაწვილე ყველამ გუერასა და ფელინის “ქალაქში” გავატარეთ.
გუერა და ფელინი განაიარაღებენ მკითხველს და აიძულებენ, პირიქით, აუცილებელი, ბუნებრივი და საყოველთაო-უნივერსალური ხედვით აღიჭურვოს და ერთადერთი შესაძლებელი ვერსია გაითვალისწინოს. გაოგნებული მკითხველი (ყველა მკითხველი ხომ უბიწოა და გამოუცდელი) მყისვე ყლაპავს სატყუარას და თავი ისე მოაქვს, თითქოს იცნობს ამ შესანიშნავ ადამიანებს და მათზე იმავე აზრისაა, რასაც თავად ეს გმირები ფიქრობენ თავის შესახებ.
რა იმალება “ამარკორდის” ანეკდოტებსა თუ სოფლურ-პროვინციულ კარიკატურებში? აქ არაა ისტორიები, აქ სიცარიელეა. გამოცანა – რომლის წინაშეც უკან იხევენ ისტორიული, მორალური და სოციალური განსჯები – რელიგიურობის უხეში, წარმართული ჰიპოსტასია. ტრაგიკულში, რომელიც თითქმის ყოველთვის რელიგიურ ფენომენს წარმოადგენს, ძალზე ბევრია “სოფლური” და “გაუთლელი” სუბსტანცია. მისი “გრძნობათა აღზრდა” ამ მკითხველში გრძნობებისვე შიშს აღძრავს, შიშს მათი გამოვლინებების წინაშე. მაშ ასე, თუკი ამ ადამიანის მსოფლმხედველობა არაა დამყარებული მოჩვენებითი მოვლენებით აღსავსე ყოფიერების საიდუმლოზე, მაშინ ფელინიმ, სოციალური მოსაზრებების გამო, უნდა დამალოს თავისი გრძნობები, ანუ მისტიფიკაციებს უნდა მიჰყოს ხელი. ამგვარად, ამ გრძნობას გამომჟღავნებისთანავე ლაგმავენ. მაინც რითი? სიცილით. სწორედ რომ სიცილით და არა იუმორით. ფელინი კომიკურისკენ ილტვის (და გუერა იძულებულია დაეხმაროს მას), მაგრამ აქ კონვულსიური ხარხარი უნდა ვიგულისხმოთ. ესაა ნერვული, მეძავი ქალებისა და მაზოხისტების სიცილი; ყოვლის განმძარცველი, დამანგრეველი ხარხარი, რომელიც თავიდან შლის განსხვავებულობას, მაგრამ შემდეგ კი ისევ აღადგენს მას. ესაა პათეტიკური თავდაცვის, ყინულოვანი სიცილი.
ამგვარად, სიცილის არანორმალური შეტევებით შეზავებული ტრაგიკული გრძნობა, რომელიც სიცარიელის მიღმა იმალება, მეტ-ნაკლებად კორექტულად გამოიყურება და თავის მხრივ, თავად ამ სიცილის ფსიქოლოგიურ ნაძალადევობას აქარწყლებს; ეს მეორე კორექცია იუმორის ჩარევით მიიღწევა. ბალთა შეკრულია: ანეკდოტსა და კარიკატურას (სხვათა შორის, ყალბს) სიხარულით შევცქერით (ასევე ყალბი სიხარულით), ისევე, როგორც ეს ტრადიციასა და კეთილგონიერებას შეეფერება: სწორედ ეს გრძნობა უნდოდათ გამოეწვიათ ავტორებს.
საბოლოოდ ფელინი პირში ჩალაგამოვლებული რჩება: თავისი ქალაქის ცხოვრებით (გაზაფხულიდან გაზაფხულამდე), წვრილი ბურჟუაზიიდან გამოსული წვრილ-წვრილი პერსონაჟებით, თავისი ცეროდენა ადამიანებით. პირადად მე (პროდიუსერი რომ ვყოფილიყავი) ამ მოთხრობის მიხედვით საერთოდ არ გადავაღებინებდი ფილმს. მე შემეშინდებოდა გამეცოცხლებინა, აჩრდილთა სამყაროდან გამომეხმო ნეორეალისტური ანაქრონიზმი, რომელშიც მუდამ ძავატინის დევიზის მიხედვით უნდა გვეცხოვრა: ეს იქნებოდა “ღატაკი შერეკილები” თანამედროვე იპოსტასში, სახელად “შეშლილი წვრილი ბურჟუაზია”.
მაგრამ, როცა იცი, რომ ფილმის რეჟისორი ფელინი იქნება, აუცილებლად წარმოიდგენ ნაწარმოებს, რომელიც ამ მოთხრობიდან თუ რომანიდან გამოვა. ფელინი უკიდურეს ექსტრემიზმსაც კი არ მოერიდება, თავის პატარა ადამიანებს ვულგარულ მხეცებად გადააქცევს, სასტიკ და გულისამრევ, ინტელექტისგან დაცლილ, დაუნდობელ არსებებად.
ადამიანობის – რომელიც სრულად ატროფირებულია – ტოტალურ დეფიციტს უხეშად შეთითხნილი მოთხრობა ტრაგიკული საწყისებისკენ მიჰყავს. ტრაგიკულისკენ მიბრუნება კი მართალია ირიბად, მაგრამ მაინც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ჩახშობილი გრძნობები ყოფიერების კონკრეტიკას მივაპყროთ.
ისღა გვრჩება ვიკითხოთ: როგორ განხორციელდება ეს ეკრანიზაცია, რომელსაც ძალუძს პატარა პასტორალური სამყარო ფაშისტურ ყოფიერებად გადააქციოს? ამაზე პასუხის გაცემა არაა ძნელი: ფელინიმ იცის ფორმულა: რეალობა უნდა განვიხილოთ როგორც წარმოუდგენელი და აღუწერელი; ვიპოვოთ მასში ნაწილი, ელემენტი, ფორმა, ასპექტი; ისე ვქნათ, რომ რეალობის ეს “წარმომადგენელი” მაქსიმალურად დაუახლოვდეს ზოგად კონცეფციას – საზოგადოებრივ, და შესაბამისად, პირობით კონცეფციას; ყოფიერების ამ მონაკვეთზე, რომელიც შეზღუდული და ასევე პირობითია, სემანტიკური გაფართოება უნდა მოვახდინოთ და ეს ყველაფერი გადამეტების, ზღვარგადასულობისა და უსაზღვრობის ხერხებით უნდა გაფორმდეს, წარმოუდგეს მაყურებელს, რომელიც:
ა) აღელვებულია, გამომხატველობითი ხერხების ასეთი უსაზღვროების შემყურე და ბ) აღიარებს მათ საყოველდღეო ღირებულებას.
© “არილი”
One Comment
Anonymous
რა დრო იყო….!? ამ ნომრის ყდაც კი მახსოვს, 2001 წელს თუ არ ვცდები…