ოსკარ უაილდი – ტრაგედიად ქცეული კომედია
ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა
ჯორჯ მერედიტმა ერთხელ ასეთი აზრი გამოთქვა: “ოსკარ ფინგალ ო’ფლაერტი უაილს უაილდის პიროვნებაში ერთმანეთს ერწყმის ურჩხული და აპოლონი”-ო, და შეიძლება ითქვას, რომ ოსკარ უაილდი, გარკვეულწილად, ამართლებდა ასეთ პოსტულატს; იგი 1854 წელს დაიბადა ქალაქ დუბლინში. მამამისი ექსცენტრიკული ხასიათით იყო ცნობილი, არც დედა ჰყავდა ნაკლებად ახირებული: ამ ლედის, პოეტ-ნაციონალისტს, ფსევდონიმად სპერანცა შეერჩია.
ოსკარმა უამრავი სასწავლებელი მოიარა – ტრინიტის, დუბლინის და მაგდალენას კოლეჯები, ერთი პირობა ოქსფორდის უნივერსიტეტიც “მოინახულა”, მაგრამ დიდხანს ვერსად ჩერდებოდა და ბოლოს ლონდონში ჰპოვა საბედისწერო ნავსაყუდელი.
მართალია, სულით ხორცამდე პოეტი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ სიყმაწვილეში გადაწყვიტა, რომ პოპულარობა ყველაფერზე მეტად ფასობდა. საინტერესოდ წარმოადგინა ეს ადამიანი ჯილბერტ და სალივანის “პეიშენსის” ერთ-ერთმა გამოცემამ: პიკადელიზე მისეირნობდა შროშანით ხელში. ეს შეიძლება, მწარე ხუმრობაც ყოფილიყო, მაგრამ იმათ, ვინც უაილდს კარგად იცნობდა, ასეთი რამ არ გააკვირვებდა. “მარში ყვავილით” უცხო არ იყო მისი ბუნებისათვის, ერთი ხანობა იგი ხომ თავს სდებდა ესთეტობაზე.
მოგვიანებით, 1880-90-იან წლებში შეუდგა სერიოზულ სამუშაოს. მაშინ დაწერა მშვენიერი მოთხრობები, კრიტიკული ესეები, რომანი, აზრთა სხვადასხვაობა რომ გამოიწვია და, რა თქმა უნდა, პიესები, რომლებიც იქამდე იცოცხლებენ, ვიდრე ინგლისურ ენას უწერია არსებობა. და მაინც, ეს კაცი თავის თავს “მეცხრამეტე საუკუნის მაწანწალა ძაღლს” უწოდებდა, ისე იყო მისი ყოფა გაჯერებული ბილწი ჭორებით. ვერაფერს იტყვით, ბრწყინვალე კარიერით გამოირჩევა: პოეზიიდან პროზაზე გადავიდა, პროზა შეცვალა დრამატურგიით, დრამატურგია – საპყრობილეთი. ლეგენდები დადის მის უცნაურ საქციელზე, გინდათ ბევრი რამ არ ეპატიებინა მისთვის საზოგადოებას, დავიწყებით ვერაფრით დაივიწყებდა.
დაცემამდე, რომელზეც თითქოს გულის გულში თავადვე ოცნებობდა, ამოუხსნელ თავსატეხად ევლინებოდა თანამედროვეთ. ზოგს წმინდანადაც კი მიაჩნდა, ზოგი ანტიქრისტედ აღიქვამდა. შესაფერისი გარეგნობითაც ხელს უწყობდა აზრთა ასეთ სხვადასხვაობას. ერთ-ერთი თანამედროვე უაილდს იმპერატორს ადარებდა… ბადექონისაგან გამოძერწილს. მაგრამ როგორც კი ხმას გაიღებდა, წამსვე უკვალოდ იფანტებოდა ნებისმიერი უარყოფითი შთაბეჭდილება: ყველას ხიბლავდა მაღალფარდოვანი გამოთქმებითა და მეტეორივით გაელვებული ეპიგრამებით. ინგლისის საუკეთესო მოსაუბრედ და მთხრობელად ითვლებოდა, ნაცნობები უაღრესად ხალისიან და ლაღ პიროვნებად მიიჩნევდნენ. ბერჯესი ამბობს: “უაილდის ნაწარმოებთა სული მის მოზეიმე, ხალისით სავსე ბუნებას უნდა უმადლოდეს”.
მართალია, შთამბეჭდავი, ფეიერვერკული თვითგამოხატვით ხიბლავდა თანამედროვეთ, მაგრამ მის უჩვეულო პიროვნებაში გაცილებით ღრმა და საშიში რამ იყო დავანებული: თითქოს იმ საუკუნის მთელ საცდურს ასხეულებდა, რომელშიც მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა. ასეთ რამესაც კი ამბობდა საკუთარ თავზე: “ჩემი საუკუნის კულტურისა და ხელოვნების სიმბოლოს წარმოვადგენ”. მისი ბედნიერებაც და ტრაგედიაც მეცხრამეტე ასწლეულის მიწურულით იყო განპირობებული და ვინაიდან ახლაც საუკუნის დასასრულია, ამჯერად მეოცე საუკუნისა, სწორედ ჩვენ უნდა გავითავისოთ მისი ორიგინალური წარმოსახვისა თუ პაროდიის სიკაშკაშე, სტილის ზეიმი, მის მიერ ადრეულ ფასეულობათა გაბიაბრუება. მსგავსი რამ მუდამ ახასიათებდა იმ პერიოდს, ასწლეულთა მიჯნას რომ უწოდებენ. მაშინ უკვე აშკარა იყო, რომ ვიქტორიანული ცხოვრების წესი სულს ღაფავდა, მაგრამ არც მისი შემცვლელი ჩანდა რაიმე. ეს იყო სულიერი, მორალური და სოციალური ანარქია, როცა სისხლში გამჯდარი ადათ-წესები და ერთი შეხედვით ურყევი მრწამსი უკან იხევდა, ნელ-ნელა იმსხვრეოდა და ნადგურდებოდა. ეს გახლდათ გაცვეთილი, ყავლგასული საზოგადოება, “თეატრალიზებული” ყოფით, ხელოვნებით და იდეალებით. სწორედ უაილდმა ჩამოაგდო სიტყვა ხელოვანის მიერ სამყაროს აღქმასა და მის თვალთახედვაზე, მაშინ, როდესაც ეჭვქვეშ აღმოჩნდა სხვა უამრავი ფასეულობა. იგი ცდილობდა გადაერჩინა მშვენიერება, კარგად იცნობდა ვუოლტერ პეიტერის და რასკინის შემოქმედებას და ორივეს “დახვეწილი ფილოსოფიის” წარმომადგენლებად მიიჩნევდა. მის ამ თვალსაზრისს მხოლოდ პურიტანები, რომლებსაც ის ვერ იტანდა და რომლებისაც მაინც ესმოდა – თუ უწოდებდნენ “დეკადენტურს”.
საკმარისია წავიკითხოთ უაილდის კრიტიკული ესეები, მათ შორის “სიცრუის დეკადანსი” და “კრიტიკოსი-ხელოვანი”, რომლებიც მის საუკეთესო პიესებსაც არ უდებენ ტოლს და დავინახავთ, თუ როგორი სერიოზული კრიტიკოსი ყოფილა თავად.
გარდა დენდისა და “სოდომიტისა”, ფილოსოფოს-ესთეტის როლსაც ასრულებდა. აი, ეს კი მართლაც კარგად გამოსდიოდა. ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი და ამავე დროს, ცინცხალი გამონათქვამით ძერწავდა იგი თავის სამყაროს – ისეთ დახვეწილს, როგორადაც მას პეიტერი მიიჩნევდა, ისეთ დაქცეულს, შოპენჰაუერი რომ წამოადგენდა. “მეტაფიზიკური ჭეშმარიტება ნიღაბთა ჭეშმარიტებაა”, ამბობს უაილდი. მას ხშირად (და ფრიად უსამართლოდაც) ადანაშაულებდნენ თვალთმაქცობაში, მაგრამ მან მოახერხა ბრალმდებელთა გაჩუმება, როცა აუხსნა, რომ “თვალთმაქცობა არის მეთოდი, რომელიც ამრავლებს ჩვენს პიროვნებას”. სტანდარტული, დაკანონებული ეთიკის უარყოფით, იგი პირწავარდნილ ნიცშეანელად გვევლინება. “ვინც რაიმე სხვაობას ხედავს სულსა და სხეულს შორის, მას არც ერთი მათგანი არ გააჩნია”, “მხოლოდ გონებაშეზღუდული ადამიანი არ აფასებს ყველას და ყველაფერს გარეგნობის გათვალისწინებით… არა უხილავში, არამედ ხილულშია სამყაროს იდუმალება”, წერდა იგი და არც კი ცდილობდა ერთმანეთისგან გაემიჯნა ხელოვნება და მოქმედება, ანუ ცხოვრება. ზოგჯერ იმასაც კი აცხადებდა, ჩემი საზრუნავი მხოლოდ ის არის, საკუთარი პიროვნება ხელოვნების ქმნილებად ვაქციოო. და, რა თქმა უნდა, იმ გარემოში, რომელიც გამომწვევად აღიქმებოდა. “მე ის პრობლემა ვიყავი მათთვის, რომლის გადაჭრაც არ შეეძლოთ”, ამბობს უაილდი. ერთი მხრივ ვიქტორიანულ საზოგადოებას გულისხმობს “მათში”, მეორე მხრივ კი – არსებულ წესწყობილებას.
უაილდი მართლაც უცხო სხეული იყო თავის სამშობლოში, განდეგილიც კი ეთქმოდა გარკვეულწილად და სწორედ ამ არცთუ სახარბიელო მდგომარეობამ მისცა საშუალება, ღრმად ჩასწვდომოდა ინგლისურ ყოფას. ბერნარდ შოუ მას “ზედმეტად ირლანდიელ ირლანდიელს” უწოდებდა. ერთხელ უაილდმა იეიტსს ისიც კი უთხრა, ჩვენ ბრწყინვალე დამარცხებათა ერი ვართო. თავად ის თამამად შეგვიძლია მოვიხსენიოთ უდიდეს ირლანდიელ დრამატურგთა – კონგრივის, შერიდანისა და გოლდსმიტის გვერდით. მაგრამ ყველა მათგანთან შედარებით, უაილდი უცხო იყო ინგლისისათვის, ყველაზე ნაკლებად გრძნობდა აქ თავს სახლში. ამას მისთვის ხელი არ შეუშლია შესანიშნავი დრამებით წარმოეჩინა ვიქტორიანული ყოფის თვალთმაქცობა და პირფერობა. მწარედ დასცინა საზოგადოებას შეუდარებელი პიესით “იყავი სერიოზული”. სამაგიეროდ საზოგადოებაც, მორალის დამცველად რომ მოჰქონდა თავი, არა სწყალობდა, ერთხმად კიცხავდა ვაჟებისა და სასმელის სიყვარულისთვის… მართლაც მიუღებელი იყო ინგლისური აზროვნებისთვის მისი გამონათქვამი: “თუკი ოდესმე ვინმესგან რაიმე მისწავლია, ისევ ჩემზე ახალგაზრდებისგან”. მას ერთი რამ სწამდა, რომ “უდიდესი ბედნიერებაა, ფლობდე ახალგაზრდად დარჩენის საიდუმლოებას”.
უდავოდ შეცდა ოსკარ უაილდი, როცა თავისი დრამებით აუწყა ინგლისელებს, რომ ილუზია იყო მათი იდეალები, მრწამსი და მორალი კი – სისულელე. ცოტა ხანს ადროვეს, მერე კი უწყალოდ შეუტიეს. ერთი პირობა ერთობოდნენ მისი შემოქმედებით, მაგრამ სულ მალე ფატალური პანტომიმის გმირად აქციეს, რომელსაც არლეკინი ჯოხითა სჯიდა, სხვა მასხარები კი პანღურსაც არ აკლებდნენ. საკმაოდ ბევრი დრო დაახარჯა უაილდმა საზოგადოებას და თუმც სასტიკად დასცინოდა, უკვე უჭირდა მასთან განშორება, ზედმეტად შეჩვეოდა მის აზროვნებას. სწორედ ასე უნდა დამთავრებულიყო მისი ბრწყინვალე კარიერა: ვინმე მარკიზმა დაუსვა წერტილი მის დიდებას და ერთადერთი სავიზიტო ბარათით გაანადგურა. ლორდი ჯონ შოლტო დუგლასი, მარკიზი ქვინსბერისა, შეაშფოთა უაილდისა და თავისი ვაჟის, ლორდ ალფრედ დუგლასის საეჭვო ურთიერთობამ და ერთხელ ასეთი სავიზიტო ბარათი დაუტოვა: ოსკარ უაილდს, პოზიორ სოდომიტს (sic)! მაშინ უაილდმა უჩივლა მარკიზს, მაგრამ წააგო ეს პროცესი, და უფრო მეტიც: თავად მისცეს სამართალში სექსუალურ უმცირესობასთან ცელქობის გამო. მთელი ცხოვრება პოპულარობას მიელტვოდა და ბოლოს მანვე გაანადგურა. იგი მზადყოფნითა და სიხარულით ეგებებოდა ბედისწერას, მაგრამ იმისი გათვლა კი დაავიწყდა, მის მსხვერპლად ქცევის ხიფათი რომ ემუქრებოდა. მე უაილდს ყვავილებით ნასუქ ხარს შევადარებდი… შესაწირად გამზადებულს.
ვფიქრობ, ამ კაცის შემოქმედება უფრო უნდა აინტერესებდეს მკითხველს, ვიდრე კირკიტი მის პირად ცხოვრებაში. ცუდი სამსახური გაუწია უაილდს მისმა ადრეულმა პოზიციამ, მაგრამ ერთი რამ მაინც შეიგნო: “ჩემი ბრალია, ადამიანებს თავი დილეტანტად და დენდად რომ გავაცანი. არ უნდა გადამეშალა გული მსოფლიოსათვის”. როგორც ჩანს, ამ პარადოქსის ავტორობასაც ნანობდა მოგვიანებით: “ყველაზე სერიოზული რამ ამქვეყნად ხელოვნებაა, ხელოვანი კი – ერთადერთი პიროვნება, რომელიც არასდროს არის სერიოზული”.
მიუხედავად იმისა, რომ მან ჩვეულებრივი დიალოგი, საუბარი ნამდვილ ფეიერვერკად გადაქცია, საკუთარი პიროვნება კი სიმბოლოს გაუიგივა, მაინც სულ სხვაგან უნდა ვეძიოთ მისი დამსახურება: მის უამრავ პოეტურ ნაწარმოებს, მათ შორის “რედინგის ციხის ბალადას”, მოძველება ან მივიწყება არ უწერია, მიზანდასახულ მოლექსეთა “ნაღვაწისგან” განხსვავებით; მან შექმნა სრულიად ახალი კრიტიკის ხელოვნება; იგავი და პოეტური პროზა გადაახალისა და ოსტატურად მიუსადაგა თავისი დროის აუდიტორიას; შეუდარებელი წერილებისა და ესეების ავტორია, მსგავსს ვერ იპოვით მეცხრამეტე საუკუნეში და აუღელვებლად ვერ წაიკითხავთ “დე პროფუნდისს”, წერილს, რომელიც ციხის საკნიდან მისწერა ლორდ ალფრედ დუგლასს; ინგლისურ ენას “სალომეას” სახით სიმბოლური დრამა აჩუქა; “დორიან გრეის პორტრეტი” მიჩნეულია ერთადერთ ფრანგულ რომანად, რომელიც ინგლისურ ენაზე დაიწერა; და, რა თქმა უნდა, მან კომედია დაუბრუნა ინგლისურ სცენას.
მეცხრამეტე საუკუნე სასიკვდილო სარეცელს იყო მიჯაჭვული, მაგრამ უაილდმა იმდენი მოახერხა, რომ ამ ასწლეულს თავისი თავისთვის დაეცინა.
მაშ ასე: ოსკარ ფინგალ უაილდი საზოგადოებისთვის წერდა დრამატულ ნაწარმოებებს, ფილოსოფიურს – მხოლოდ თავისი ტოლ-სწორებისთვის, ეპიგრამებს კი ყველასთვის იმეტებდა. ის კაცი იყო სწორუპოვარი “ენის მეუფე”, სტილის ოსტატი… და ჩვენი “დამრიგებელი” ამ სფეროში, ვინაიდან ჯერ კიდევ დასასწავლია მისი უამრავი გაკვეთილი. სჯობს ეს წერილი მისივე სიტყვებით დავამთავროთ: “თუკი სიმართლეს იტყვი, იცოდე, ადრე თუ გვიან გამოგიჭერენ ამ სიმართლეში”.
© ”არილი”