რეცენზია

პიტერ ბერკი – ისტორია და სოციალური თეორია.

მიქელ ირემაძე
პიტერ ბერკი. ისტორია და სოციალური თეორია. გამომცემლობა “ლოგოს პრესი”. მთარგმნელი ნოდარ ლადარია. რედაქტორი და გამომცემელი ლაშა ბერაია. აბ. “ლოგოს პრნმი” 2002.

ალბათ, მეცნიერების არც ერთ დარგს არ ხვდომია წილად ისეთი დიამეტრულად საპირისპირო შეფასებები (ადამიანური არსებობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აღიარებიდან დაწყებული – აგრესიულ უარყოფამდე), როგორც ისტორიას.
ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება, საფუძვლიანი ჩანს ცნობილი თვალსაზრისი, რომ ძველი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი, ბიბლიასა და “ვეფხისტყაოსანთან” ერთად, “ქართლის ცხოვრებაც” იყო.
გარდა ამისა, ქართულ ცნობიერებაში მყარად ზის ილიასეული შეფასება, რომელიც ისტორიას ერების წარმომქმნელ უმთავრეს ფაქტორად მიიჩნევდა: “არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა”. როგორც ვხედავთ, თვით ავტორმა დევიზისა “მამული, ენა და სარწმუნოება” ისტორიული მეხსიერება უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია ეროვნული ერთიანობის შეგნების წარმოქმნისათვის, ვიდრე ამ სამწევრა დევიზის სულ მცირე ორი მესამედი (ენა და სარწმუნოება), რასაც მიუსართა “ერთობა გვარტომობისა” ანუ ყბადაღებული “ეროვნული გენი” – გენეტიკურ-სისხლისმიერი ნათესაობა.
ისტორიის აგრესიული უარყოფის თვალსაჩინო მაგალითად კი XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის სიტყვები შეიძლება იქნას მოყვანილი: “ისტორია ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული ყველაზე მავნე პროდუქტია. მისი თვისებები კარგად არის ცნობილი. ის იწვევს ოცნებებს, ათრობს ხალხებს, ყალბ მოგონებებს აღუძრავს მათ რეფლექსებს, პირს უხსნის მათ ძველ ჭრილობებს, ამღვრევს მათ სიმშვიდეს, განდიდებისა თუ დევნის მანიას უვითარებს, სიმწარეს, ზვაობას, ამაოებას უნერგავს და აუტანელს ხდის ერებს” (პოლ ვალერი).
რისთვის დამჭირდა ეს ციტატებიანი შესავალი? საქმე ისაა, რომ სარეცენზიო წიგნი საშუალებას იძლევა გავერკვეთ ასე დიამეტრულად საპირისპირო სულისკვეთების მიზეზებშიც და ისტორიისადმი წაყენებულ თითქმის ყველა საფუძვლიან თუ უსაფუძვლო პრეტენზიაში: არსებითად, პ. ბერკის შრომა წარმოადგენს ისტორიოგრაფიული მიდგომების, მეთოდებისა და ფუძე-ცნებების საქმის საუცხოო ცოდნით შედგენილ და კარგად დაწერილ კატალოგს, რომელიც სასარგებლო სახელმძღვანელო იქნება ყველა ისტორიული დისციპლინის და, უფრო ფართოდ, ნებისმიერი საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული მეცნიერების შემსწავლელი სტუდენტებისთვის.
აქ გაშიშვლებული სახით შეიძლება მოვიძიოთ ზოგი ისეთი მიდგომის იდეოლოგიური საფუძველი, რომელიც თავის დროზე ცხოველ ინტერესს იწვევდა ქართველ საზოგადოებაში. მაგალითად, ილია ჭავჭავაძეს ერთ სტატიაში გამოთქმული აქვს თვალსაზრისი, რომ ერის დაცემა და გადაგვარება იწყება მაშინ, როცა იგი საკუთარ ისტორიას ივიწყებს და, პირიქით, ისტორიის მაღალ დონეზე სწავლება ეროვნული აღორძინების წინაპირობად შეიძლება იქცეს. ალბათ ასეა, ვფიქრობთ დღეს, მაგრამ სახელდობრ რა მიზეზის გამო? პასუხს პ. ბერკის წიგნში ამოვიკითხავთ: XIX საუკუნეში “ევროპის მთავრობებმა ისტორია ეროვნული ერთიანობის მისაღწევ საშუალებად დასახეს, ან კიდევ სამოქალაქო განათლების საშუალებად, ან, როგორც ნაკლებად კეთილგანწყობილ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, ნაციონალისტური პროპაგანდის საშუალებად. იმ დროს, როდესაც გერმანიისა და იტალიის ახალგაზრდა სახელმწიფოები, ისევე როგორც საფრანგეთისა და ესპანეთის ძველი სახელმწიფოები, ჯერაც დაქუცმაცებული იყვნენ მათში არსებული რეგიონალური ტრადიციების მიზეზით, სკოლებში ეროვნული ისტორიის სწავლებამ ხელი შეუწყო პოლიტიკურ ინტეგრაციას” (სხვათა შორის, ადვილი დასანახია, რომ ისტორიის ამ მიზნით გამოყენების აუცილებელი თანმდევი, ციტატაში მხოლოდ გაკვრით ნახსენები ნაციონალიზმი სწორედ ის ფაქტორია, რომლის გამოც პოლ ვალერიმ ცოდნის მთელი ისტორიული დარგი ისტორიისავე სანაგვეზე გადასაგდებლად გაიმეტა).
აქვე შეიძლება გავიხსენოთ ილიას კარგად ცნობილი ჩივილი, რომ “ქართლის ცხოვრება” მეფეთა ისტორიაა და მასში ხალხი არსად ჩანს, რასაც ზოგი სწავლული დღესაც თითქმის იმავე მწვავე უკმარისობის პათოსით იმეორებს ხოლმე. ადვილად შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ამგვარი მიდგომა არ აღმოჩნდებოდა მხოლოდ ამ ერთი მოაზროვნის ლოკალური უკმაყოფილება საკუთარი ქვეყნის ისტორიოგრაფიის გამო. პ. ბერკის წიგნი კი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რამდენად მრავალფეროვანი პასუხი გასცა ევროპული ქვეყნების ისტორიულმა მეცნიერებამ ასეთ პრეტენზიებს: შექმნილია სხვადასხვა სოციალური ფენის, სამრეწველო ან აგრარული დარგის, ცალკეული სოფლის და თვით XVI საუკუნის ჩრდილოეთ იტალიის მკვიდრი, სავსებით კონკრეტული მეწისქვილისადმი მიძღვნილი შრომები. იყო ცდა ისტორიის “ქვემოდან”, ე.ი. დაბალი სოციალური ფენების თვალით დანახვისა. მოკლედ, წარსულის ყოვლისმომცველი სურათის გაცოცხლების სურვილი მკვლევრებს უბიძგებდა გამუდმებით ეცვალათ ხედვის რაკურსიცა და მანძილიც, ხან ბინოკლით ემზირად მოვლენებისთვის, ხან მიკროსკოპით, გულდასმით შეესწავლათ როგორც სხვადასხვა კონტინენტის რუკა, ისე სხვადასხვა საზოგადოების ამა თუ იმ გამოცალკევებული უჯრედის სქემა და ა.შ.
წიგნი იმასაც გაგვაგებინებს, რომ ჩვენი ისტორიის ზოგი თავისებურება, მაგალითად ინკვიზიციის არარსებობა, რაც უმაღლესი ჰუმანისტური მოსაზრებებით დიდ ბედნიერებად უნდა მივიჩნიოთ, ამავე ზომის დანაკლისია ისტორიკოსებისთვის: ეჭვმიტანილ ერეტიკოსთა დაკითხვის ოქმები ერთმა მკვლევარმა, თურმე, ვიდეოფირს შეადარა, “რადგან ამ დოკუმენტებში რეგისტრირებული იყო არა მარტო დაკითხულთა სიტყვები, არამედ მათი მოძრაობები და წამების ქვეშ კვნესაც კი” (ამის წყალობით, შესაძლებელია ისეთი სიზუსტით აღდგეს ზოგი უმნიშვნელოვანესი ისტორიული პირის, ვთქვათ, ჟანა დ’არკის სულიერი სამყარო, რომელიც ჩვენი პირობებისთვის წარმოუდგენელი და მიუწვდომელია. აქვე შევნიშნავ, რომ სწორედ დაკითხვის ოქმების გულმოდგინე, ლამის პედანტურ ილუსტრირებას, – ე.ი. ანბანურ-სიტყვიერი “ვიდეოს” ვიზუალური სურათების ენაზე გადატანას, – წარმოადგენს მსოფლიო კინოს ორი შედევრი: კარლ დრეიერის “ჟანა დ’არკის ვნებანი” (1927) და რობერ ბრესონის “ჟანა დ’არკის პროცესი” (1962), ისტორიული გმირის უაღრესად შთამბეჭდავ და თავიდან ბოლომდე დოკუმენტებზე დაფუძნებულ ფსიქოლოგიურ პორტრეტს რომ ქმნიან). და უფრო მეტიც, იმავე მკვლევარმა გნოსეოლოგიური მიზნითაც კი გამოიყენა ეს ოქმები (ანთროპოლოგის მდგომარეობის დასაზუსტებლად): ინკვიზიტორი და ანთროპოლოგი “ორივე მაღალი სტატუსის მქონე გარეშე პირია, რომელიც შეკითხვებს უსვამს უბრალო ადამიანებს, თუმცაღა უკანასკნელთ ხშირად უჭირთ ამ შეკითხვათა საზრისში წვდომა”.
როგორც ვთქვი, პ. ბერკის წიგნი ისტორიული კონცეფციების, მეთოდებისა და ძირითადი ცნებების ერთგვარ კატალოგს წარმოადგენს (რაღაც საშუალოს ისტორიული მეთოდების თეორიასა და ანოტირებულ ბიბლიოგრაფიას შორის). ამიტომ რეცენზიაში მისი შინაარსობრივი მხარის რამდენადმე მაინც დამაკმაყოფილებელი გადმოცემა შეუძლებელიც არის და არც იქნებოდა გამართლებული: რა აზრი აქვს კიდევ ერთი, მეტისმეტად შემოკლებული, ბევრად უფრო უხარისხო კატალოგის შექმნას, რომელიც მხოლოდ სარჩევ-საძიებლის ფუნქციას თუ შეასრულებს, იმასაც უხეიროდ? ამიტომ მე მხოლოდ წიგნის იმ მხარეზე შევჩერდები, რომლითაც იგი ყველაზე უფრო აქტუალურია ჩვენი ისტორიული მეცნიერების დღევანდელი მდგომარეობისათვის.
XX საუკუნეში დაწერილ ქართველ ისტორიკოსთა შრომებზე უდიდესი გავლენა მოახდინა განმანათლებლობის ეპოქის შემდეგ გაბატონებულმა ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობის რწმენამ, რაც სინამდვილეში “თანამედროვე” ადამიანის გონებას უფრო გულისხმობდა და არა პირდაპირ (მაგრამ თითქმის ავტომატურად) მიუთითებდა, ამ თვალსაზრისით წინაპართა შეზღუდულობასა თუ შედარებით არასრულფასოვნებაზე. ამ რწმენამ წარმოქმნა პოზიტივისტური სულისკვეთება, მზარდი ცოდნის მეშვეობით ადამიანური აზროვნების განუწყვეტელ გაუმჯობესებას რომ ქადაგებს; რასაც მარქსიზმმა დაუმატა “საყველაფრო” იდეოლოგიური იარაღი რეალობის ნებისმიერ საიდუმლოში შესაღწევად და ახალი დროის ადამიანის “მეცნიერულმა” ამპარტავნებამ მწვერვალს მიაღწია.
სახელდობრ, ისტორიულ დარგში (საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დარგების უმეტესობისგან განსხვავებით), საკვლევი რეალობა უშუალოდ კი არ გვეძლევა, არამედ “შუამავლის”, – მემატიანის, – მიერ შექმნილი ტექსტით გადმოგვეცემა; და რაკი მემატიანე გარკვეული ეპოქისა და საზოგადოებრივი ჯგუფის ადამიანია, ტექსტში გარდუვალად ირეკლება იმ ეპოქისა და საზოგადოების იდეოლოგიური თავისებურებები.
ისტორიკოსთა პოზიტივისტურ-მარქსისტულმა ჰუბრისმა ამ “ნაკლოვანების” დაძლევა მოისურვა, თანაც, ცხადია, “აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე” პრეტენზიით: შეიქმნა მიდგომა, რომლის მიხედვით, თუ ერთი მოვლენის შესახებ რამდენიმე წყარო არსებობს, ისტორიკოსმა უნდა მოახერხოს, აღადგინოს თითოეულ მათგანში იდეოლოგიის მრუდე სარკეების წიაღ დამახინჯებული სურათის ნამდვილი სახე, შეიმუშავოს საკუთარი აზრი მოვლენაზე, რომელიც, შესაძლოა, არც ერთი მემატიანის ხედვას არ დაემთხვეს (პრაქტიკულად ეს რბილი “შესაძლოა” გარდაიქმნებოდა მოთხოვნად: არავითარ შემთხვევაში არც ერთ მემატიანის ხედვას არ უნდა დაემთხვეს!), მაგრამ სინამდვილის ობიექტური სურათი აღადგინოს. არსებითად, ეს ნიშნავდა მოთხოვნას, რომ თანამედროვე ისტორიკოსი ვალდებულია იყოს ნებისმიერ ძველ ისტორიკოსზე უფრო ჭკვიანი, გამჭრიახი და ბევრის მცოდნე, მაშინაც კი, როცა რაღაც ისტორიულ ამბავს ერთადერთი წყარო მოგვითხრობს.
პ.ბერკის წიგნი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ დღეს უკვე თვით ეს პოზიტივისტურ-მარქსისტული მითოლოგიის გმირი, – ყოველგვარ იდეოლოგიაზე მაღლა მდგომი (ე.ი. სულ მცირე, ნახევარღმერთის მდგომარეობამდე აღზევებული) ისტორიკოსი, – გამოიყურება საშინელ გულუბრყვილობად თუ ანაქრონიზმად: თვით ცნებითი აპარატიც კი, რომლითაც ნებისმიერი მკვლევარი ოპერირებს, “განპირობებულია გარკვეული კულტურის მიერ. ეს ცნებები უკავშირდება სოციალური ქცევის თეორიებს, რომლებიც ასევე კულტურის მიერაა განპირობებული. ამიტომაც მოითხოვება მათი ადაპტირება და არა უბრალო გამოყენება სხვა ისტორიული პერიოდებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ”, თავის მხრივ, ადაპტირების ხერხები თუ ასე მიღებული შედეგებიც მრავალმხრივი დაეჭვების საფუძველი შეიძლება გახდეს.
ამას წინათ, ერთმა ქართველმა ისტორიკოსმა წაიკითხა მოხსენება უცნაურ თემაზე: როგორი უნდა ყოფილიყო ახალ ვითარებაში ქართული ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგია (ან იქნებ, ისტორიოგრაფია, – სათაური ზუსტად არ მახსოვს). როგორც აღმოჩნდა, იგი მსჯელობდა იმაზე, თუ რა იდეოლოგია უნდა დასდებოდა საფუძვლად, პირწმინდად დისკრედიტირებული მარქსიზმ-ლენინიზმის ნაცვლად, ისტორიულ კვლევას საქართველოში. პასუხი საგულისხმო და, ასეთ საკითხზე მოფიქრალი ადამიანისთვის, სრულიად ბუნებრივი აღმოჩნდა – ლენინისტური დამახინჯებებისგან გათავისუფლებული “ნამდვილი” მარქსიზმი.
უამრავი მეთოდის, მიდგომისა და კონცეფციის აღმწერი “ისტორია და სოციალური თეორია” იმითაც არის სასარგებლო წიგნი, რომ მას ადვილად შეუძლია ნებისმიერი, თვით ყველაზე დახავსებული აზროვნებაც კი გაათავისუფლოს მომავალში ერთი რომელიმე იდეოლოგიისა თუ მეთოდოლოგიის გაბატონების მავნე ილუზიისგან.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box