ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ჟოზე სარამაგუს “სიკვდილის წყვეტა” – „მომდევნო დღეს არავინ მომკვდარა“

2005 წელს პორტუგალიაში „სიკვდილის წყვეტა“ გამოიცა, ჟოზე სარამაგუს რომანი, რომლის მთავარი გმირი სიკვდილია – ერთი მხრივ, სიკვდილი როგორც ფენომენი; მეორე მხრივ, როგორც გაადამიანურებული არსება. ცენტრალური თემა კი სიკვდილისა და საზოგადოების ორმხრივი ურთიერთობაა – როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს სიკვდილთან და პირიქით, სიკვდილი როგორ აღიქვამს/ხედავს ადამიანებს.

უცნობია მოქმედების ზუსტი დრო და ადგილი – ვიცით მხოლოდ ის, რომ მოულოდნელად სიკვდილი „შეწყდა“ და ადამიანები თავიანთ უჩვეულო და წარმოუდგენელ გამარჯვებას აღნიშნავენ. გამარჯვებას სიკვდილზე, კაცობრიობის მარადიულ და, როგორც აქამდე ეგონათ, დაუმარცხებელ მტერზე. თუმცა ზეიმი ხანმოკლე აღმოჩნდება, მალე ყველა აცნობიერებს, რომ სიკვდილის არარსებობა აუცილებლად გულისხმობს სხვა მრავალი პრობლემის არსებობას. იმ პრობლემების, რომლებთან გასამკლავებლადაც საზოგადოება მზად არ არის. ამიტომაც ადამიანები ნელ-ნელა იწყებენ იმის აღიარებას, რომ სიკვდილი იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე წარმოგვიდგენია, ხოლო მოკვდაობას თავისი აშკარა უპირატესობები აქვს.

„მომდევნო დღეს არავინ მომკვდარა“ ასე იწყება თხრობა და ნელ-ნელა სრული სურათი იხატება – როგორც სარამაგუს ახასიათებს, უჩვეულო და დასამახსოვრებელი. ადგილი, სადაც სიკვდილი აღარ არსებობს, ჯერ ედემის ბაღს ჰგავს, მაგრამ მალე ბაღის ნამდვილი ბუნება მჟღავნდება. ესაა ერთდროულად კომიკური და ტრაგიკული მოცემულობა – გარდა იმისა, რომ სიკვდილი შემოსავლის წყაროცაა, მისი არარსებობა ხელის შემშლელია ოჯახებისთვისაც, რომლებიც ახლობლების სიკვდილს ელოდებიან… ამიტომაც ხდება სიკვდილი სასურველი.

მართალია, ყველაფერი სიკვდილის შეწყვეტით იწყება, მაგრამ წიგნის დასასრულს არაფერია ისეთი „ცოცხალი“ და ხელშესახები, როგორიც სიკვდილი. უსახელო პერსონაჟებს შორის ქალად განსხეულებული სიკვდილი ჩნდება. ხორცშესხმულმა სიკვდილმა თავისი „მისია“ უნდა შეასრულოს, ამიტომაც მიდის „სტუმრად“ ერთ-ერთ მოკვდავთან…

როგორც რომანის შესახებ დაწერილ რეცენზიაში ვკითხულობთ, მასში ყველაზე ირონიული ისაა, რომ თუკი ადამიანები ოდესმე უკვდავებას მოიპოვებენ, არ ეცოდინებათ, რა მოუხერხონ მას. ისინი არასწორად გაიგებენ უკვდავების იდეას, ისევე, როგორც არ ესმით, რას ნიშნავს, იყო ცოცხალი. „სარამაგუს სამყაროში არაფერს აქვს განსაზღვრული მნიშვნელობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მას მრავალი სხვადასხვა მნიშვნელობა მივანიჭოთ“.

„მწერლები დიდი ხანია დაინტერესებულები არიან იმით, თუ როგორ იქცევიან ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანები. კერძოდ, სოციალური კოლაფსის ფონით, რომლის პირობებშიც ქცევის ჩვეულებრივი წესები არ ,,მუშაობს’’.  თანამედროვე ლიტერატურა თავის ყველაზე მთავარ შეკითხვას უბრუნდება: ,,რა მოხდება თუ…’’ – წერს ტედ ჯოია და ეს რომანიც ამ შეკითხვისთვის გაცემული პასუხია. შეკითხვისთვის, რომლის ფორმულირებაც ამგვარად შეიძლება: რა მოხდებოდა, თუ ერთ დღესაც სიკვდილი შეწყდებოდა.

„საკმაოდ ნორმალური ვარ. არ მაქვს უცნაური ჩვევები. არ ვაპირებ არაფრის დრამატიზებას. გარდა ამისა, წერის აქტის რომანტიზება არ მინდა. არც იმ ტანჯვაზე ვილაპარაკებ, რომელსაც შემოქმედებით პროცესში ვგრძნობ. სუფთა ფურცლის, შემოქმედებითი კრიზისის და იმ ყველაფრის, რაც სხვა მწერლებისგან გსმენიათ, მე არ მეშინია. არცერთი ეს პრობლემა არა მაქვს, მაგრამ მაქვს ის პრობლემები, რომლებიც ნებისმიერ სხვა ადამიანს აქვს ნებისმიერი სხვა საქმის კეთებისას. ხანდახან რაღაცები ისე არ გამოდის, როგორც მე მინდა ან საერთოდ არ გამოდის.“ – ჰყვებოდა სარამაგუ The Paris Review-სთან ინტერვიუში.

ისიც უნდა ითქვას, რომ სარამაგუ თავის წერის სტილს არც ამ რომანში ღალატობს. როგორც თავად განმარტავდა, მას ზეპირი კომუნიკაცია აქვს მკითხველთან, ხმამაღლა მთხრობელია, მოსაუბრე. საუბრისას კი ადამიანები პუნქტუაციას არ იყენებენ, ლაპარაკობენ ისე, თითქოს მუსიკას ქმნიდნენ და ისეთ ელემენტებს იყენებენ, როგორებსაც – მუსიკოსები: ხმებს, მოკლე ან გრძელ პაუზებს და ა. შ. ეს დამოკიდებულება ამ რომანშიც იგრძნობა.

ახლახან „სიკვდილის წყვეტა“ “სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა სერიაში „ლიტოდისეა“. მთარგმნელი მიხეილ ანთაძეა. ამავე სერიაშია სარამაგუს სხვა რომანებიც: „სპილოს მოგზაურობა“, „იესოს სახარება“, „კაენი“…

© არილი

Facebook Comments Box