პოეზია (თარგმანი)

რაინერ მარია რილკე – რეკვიემი

rilke-9998

მიძღვნილი ვოლფ გრაფ ფონ კალკროითისადმი

გერმანულიდან თარგმნა ლულუ დადიანმა

დაწერილია 1908 წლის 4, 5 ნოემბერს პარიზში  

 

ნუთუ არასდროს მინახიხარ? რად მიმძიმს გული

ასე მე შენგან, ვით უმძიმესი დასაწყისისგან,

რასაც ნიადაგ თავს არიდებენ. აწ აღვიძვრები

ჩამოგქნა სიტყვით, გარდასულო შენივ სურვილით,

შენ, ნეტარებით და აღტკინებით განსვენებულო.

სიკვდილმა ურვა მართლაც ისე თუ დაგიამა,

როგორც ელოდი, თუ კვლავ შორსაა აღარსულდგმა

მკვდრადყოფნისაგან? შენს გულისხმაში: უმჯობესია

იქ დაიუნჯო, სადაც საუნჯე არ ფასობს მეტად.

გჯეროდა, მიღმა იმავ წიაღს ევანებოდი,

ხატებასავით თვალწინ რომ გედგა აქ დღენიადაგ,

და იმ სიღრმიდან შეაღწევდი ნანატრ სატრფოში,

ყველაფრის გავლით, იდუმალი რხევით, ძლიერად.

ო, ნეტავ შენი ეგ ცდომილება ზედმეტად დიდხანს

არ გაადევნო შენს ყმაწვილურ მცდარ თვალთახედვას.

დაე, მედინი კაეშანით წარტაცებული,

ლამის ნახევრად ცნობიერი, ვარსკვლავთა ირგვლივ

წრებრუნვისას, მიაგნებდე იმავ სიხარულს,

აქედან რაიც შორს განირიდე და იმქვეყნიურ,

ოდენ შენეულ ზმანებათა მკვდრადყოფნას ანდე.

რა ახლოს იყავ აქ ძვირფასო იმ სიხარულთან

და აქ თავადაც რა მყუდროდ იყო, ის რაც მიგაჩნდა

შენივე მკაცრი მონატრების სერიოზულ ზესიხარულად.

შენი წილხვედრი ბედნიერებით და უბედობით

სრულიად იმედგაცრუებული, თავს ჩაუღრმავდი

და მიგნებული თვალთახედვით თავდაღწეული,

ბნელ მიკვლეულის სიმძიმის ქვეშ ქედდადრეკილი

დაატარებდი იმ სიხარულს, რაც ვერ შეიცან.

დიახ, სიხარულს დაატარებდი, შენი პატარა

მხსნელის ტვირთი დაგქონდა სისხლით და დაასწარი.

დასანანია, მაინც რატომ არ დაელოდე,

რათა სიმძიმე გამხდარიყო გაუსაძლისი:

ის ხომ სახეცვლას განიცდის მაშინ, იძენს სიმძიმეს,

ვინაიდან არის ნამდვილი. ასეთი იყო

ალბათ წამი უახლოესი შენსკენ მომსრბოლი,

უკვე კარს უკან მომდგარიყო გვირგვინმოსილი,

როცა ხმაურით გაიხურე სიცოცხლის კარი…

ჰოი, ეს დარტყმა რარიგ მსჭვალავს ქვეყნიერებას,

როცა კი სადმე მოუთმენლობის შეუბრალები

გამჭოლი ქარი უმალვე ხისტად ჩარაზავს ღიას.

ვის შეუძლია თავი დასდოს, რომ მიწის წიაღს

მყის არ განწონის საღი თესლი მედინი მუხტით;

ვინ დაადგინა, რომ დაურვებულ ცხოველთა შორის

მკვლელობის ჟინი შმაგი ნდომით არ აღინთება,

როცა ეს ბიძგი გაიკვესებს მათ ტვინში ელვად.

ცნობს კია ვინმე იმ ზეგავლენას, ძეხორციელთა ძალისხმევით

რომ გადასხლტება უახლოეს მწვერვალზე მყისვე,

ან ვინ გაუწევს მას მეგზურობას იმ საუფლოში,

იქ, სადაც ყველა და ყველაფერი არის გამტარი?

რაც ჩაიდინე, თაობებმა განსაჯონ უნდა,

სამარადისო დამღად გრჩება უკუნისამდე.

და თუკი გმირი ნიღაბივით ჩამოგლეჯს თუნდაც

ჩვენგან საგანთა ნამდვილ სახედ მიჩნეულ არსს და

მყის გააშიშვლებს სახეებს, ვისი თვალებიც უკვე

კარგა ხანია სახეცვლილ ხვრელთა მეოხებით

გვიმზერენ უტყვად, დაჟინებით, გვაკვირდებიან:

და ჭვრეტენ სახეს, არასდროს რომ გარდაიქმნება:

სახე, შენგანვე იავარქმნილი. ქვაკუთხედები

ელაგა აქ და უკვე მათ ირგვლივ ჰაერს შენების

დაუშრეტელი მსჭვალავდა რიტმი, როცა შენც იქვე

მიმოდიოდი და იმათ წესრიგს ვერ კი ამჩნევდი,

რადგან სავსებით ფარავდა ერთი, მეორეს შენგან;

გეჩვენებოდა – ღრმად ფესვგადგმული იყო ყოველი,

ცდილობდი მაინც, თუმც უიმედოდ, გამკლავებოდი,

სასომიხდილმა იტვირთე კიდეც სულ ერთიანად,

რათა კვლავ უკან ჩაგეხერგა ქვათა სამტეხლოს

ღია წიაღში, რომელმაც ვეღარ დაიტია

ამატებული ლოდები, შენი გულით ნაჯერი.

ქალის მსუბუქი ხელის შეხება რომ ღირსებოდა

ამ მრისხანების ჯერაც ჩვილ საწყისს, ან ნეტავ ვინმე,

ვინც შინაგანად და უღრმესი სულიერებით

იღვწოდა, წყნარად გზად წაგწყდომოდა, როცა გასწიე

ბედისწერის აღსასრულებლად -; ანდა გზასავალს

მხოლოდ შენეულს, იმ სამჭედლოსთან ჩაევლო, სადაც

თვალფხიზელი მამაკაცები გრდემლს უროს სცემენ,

სადაც დღე სრულად და უბრალოდ ხორციელდება;

შენს სავსე მზერას რომ ჰქონოდა მხოლოდ იმხელა

სივრცე, რომელიც დაიტევდა მუშაკი ხოჭოს

გამრჯე ანარეკლს, მაშინ გახსნილი თვალსაწიერით

წაიკითხავდი და ამოხსნიდი იდუმალ წერილს,

ბავშვობიდანვე რომ იმარხავდი სულში ხანდაზმით,

დრო და დრო ცდიდი, წინადადება აიკინძოსო

ეგების თავად: თუმც აზრი მაინც არ გეხსნებოდა.

მე ვიცი; ვიცი: შენ მუხლმოყრილი სცვეთდი ნაჭდევებს,

როგორც საფლავზე ამოკვეთილ ეპიტაფიას

გრძნობენ თითებით. თუკი რაიმე მანათობელი

ანთებული გეგულებოდა, კელაპტარივით

ხელთ გეპყრა მტკიცედ ამ სტრიქონის წინ;

თუმცაღა ალი უმალვე ჩაქრა, ვიდრე აზრს ჩასწვდი,

ალბათ, შენივე სუნთქვამ, ანდა, ხელების თრთოლამ

თუ ჩააქრო, ან სულაც ისე, თვით ჩაინავლა,

როგორც ხანდახან იცის ალმა გამოსალმება.

შენ ვერასოდეს ამოიკითხე, რასაც ეძებდი,

ჩვენ კი, სიშორით გულნატკენნი – უკვე ვერ ვბედავთ.

 

მხოლოდღა ლექსებს თუ მოვიძიებთ, რომლებიც ჯერაც

შენი შეგრძნების თავდაღმართზე მიაქანებენ

სიტყვებს, შენგან ამორჩეულებს, თუმც ყველა როდი

აგირჩევია: ხშირად საწყისი მზად გეძლეოდა,

ვით მთლიანობა და შენც გამგონედ იმეორებდი,

გასასრულებლად მოგანდეს თითქოს. და მწუხარებად

მიიჩნევდი ამ დავალებას. ო, ნეტავ სულაც

არ მოგესმინა ის – ამოთქმული შენგან ლექსებად.

ახლა კი შენი ანგელოსი ხმიანებს ისევ,

ის სულ სხვანაირ ჟღერადობას ანიჭებს სიტყვებს

და აღტკინება მეუფლება, მხიბლავს მისი

ამეტყველება, მიიღე შენად ეს აღტკინება:

შენია რადგან: რომ რაც გაგაჩნდა უძვირფასესი,

დაჰკარგე ისევ, რომ შენ მხილველად გარდასახვისას,

უარყოფა და – სიკვდილში კი წინსვლა შეიცან.

ო, შენი იყო, ხელოვანო, ეს სამი ღია,

უსაზმნო ფორმა. აი, იხილე ლითონსხმული

სახე პირველის: სივრცე შენი გრძნობების ირგვლივ,

იმ მეორიდან, გაგენდობი, იხსნება ჭვრეტა,

დიდ შემოქმედთა ჭვრეტაა იგი, არასმწყურვალი;

მესამეში კი, შენ თავად რომ უდროოდ მოსრე,

ვიდრე პირველი სინჯი მასში ჩაიღვრებოდა

გულის ვარვარა კუნთიდან მფეთქავ მწველი საზრდოსი -,

იყო სიკვდილი, უშეღავათო გარჯის შედეგად

ღრმად ჩატვიფრული, ის საკუთარი სიკვდილი, ასე

უთუოდ რომ ვჭირდებით, რადგან ვაცოცხლებთ ჩვენით,

და არსად სხვაგან ასე ახლოს არა ვართ მასთან,

როგორც აქ, მხოლოდ სააქაოს, ამ საუფლოში.

 

ეს ყველაფერი შენი იყო, სიმდიდრე შენი;

და ეს გუმანით გიგრძვნია ხშირად; მაგრამ შეძრწუნდი,

როცა იმ ფორმებს, უკიდეგანოს, უფრო ღრმად ჩასწვდი,

თუმც მოიხვეჭე მარტოოდენ სიცარიელე

და საკუთარ თავზე მოსთქვამდი. – ო, პოეტების

ოდინდელი ჩვევა წყეული, საცა თქმა სჯობდა,

არჩევენ სულთქმას, საკუთარ გრძნობის განსჯას მისდევენ,

ნაცვლად იმისა, აღზარდონ იგი და სჯერათ ისევ,

იციან თითქოს, რა გააჩნიათ სასიხარულო,

თუ საწუხარი. თითქოსდა ლექსად სინანულისა,

ან ხოტბის თქმისა ჰქონდეთ უფლება. სნეულებივით

ურვა-ვაებით აღგიწერენ წვრილად სატკივარს,

იმის მაგივრად – მეტყველ სიტყვებად გარდაისახონ,

იმ ქვისმთლელივით, ტაძრის აგებას შეჭიდებული,

ქვის გულგრილობას თავდავიწყებით რომ შეერწყმება.

ეს კი ხსნა იყო. თუნდ ერთხელ მაინც რომ დაგენახა

როგორ შეაღწევს ბედისწერა ლექსის სხეულში,

უკან კი უკვე აღარ ბრუნდება, როგორ შეიძენს

ლექსის წიაღ სურათის სახეს, შენი წინაპრის

მოვარაყებულ, სურათად ქცეულ ხატებასავით,

რომელსაც თუკი ახედავდი, გეჩვენებოდა,

რომ გგავდა კიდეც და არც კი გგავდა -:

შენ დაითმენდი.

თუმცა გვაკნინებს იმაზე  ფიქრი,

რაც არ ყოფილა. თან საყვედურის ელფერი დაჰკრავს

შედარებასაც, შენ რომ არასგზით გესადაგება.

რაც კი რამ ხდება, ჩვენს გულისხმამდე მოსაღწევად

იმ დროჟამს ითვლის, რომ ჩვენ არა თუ დავეწევით,

ვერც კი გავიგებთ, სინამდვილეში რა სახით მოხდა.

არ მოგერიდოს, როცა მკვდრები შეგეხებიან,

სხვა, უცხო მკვდრები, ბოლომდე რომ გაუძლეს სვებედს.

(ეთქმის კი ბოლო?) გაუზიარეთ ერთმანეთს მზერა,

აუჩქარებლივ, უდრტვინველად, როგორც წესია,

და არ შეშინდე, რომ ჩვენი გლოვა გამორჩეულად,

იმათთვის უცხო, თვალში საცემ სიმძიმეს შეგძენს.

ოდინდელ დროთა დიდი სიტყვები, ჯერაც ხილვადი

ხდომილება რომ არსებობდა, არ თქმულა ჩვენთვის.

გამარჯვებას ვინღა ახსენებს? დათმენა უკვე ყველაფერია.

 ქრისტეს    შთასვლა  ჯოჯოხეთს

 

ბოლოს  სრულიად  განაწამები,  არსება  მისი

გაეცალა  საზარელ სხეულს  ტკივილებისა.

აღზევდა.  ხორცი  ჩამოიტოვა.

და  უკუნეთი  კრთოდა  შიშისგან  მარტოეული,

და  ფერნამკრთალევს   ღამურებით  ენარცხებოდა,

– ახლაც  ცახცახებს  მიმწუხრისას  იმათს  ფარფატში

შიში  შეხლისა  დამცხრალ  ტანჯვასთან.  ზნეფორიაქი  მრუმე ჰაერი

შემცბარიყო  ნეშტის  წინაშე;  და  ღამის  ფხიზელ,

ღონიერ  ნადირთ  უხალისობა  და  ბურანი  აძაბუნებდათ.

მისი  ახსნილი,  აზატი  სული თუ  გულისხმობდა  ამ  სანახებში

შეყოვნებას  სულ  უმოქმედოდ.  რადგან  ჯერ  ისევ  სუფევდა  ირგვლივ

მოვლენა – მისი  მოწამეობა.  ზენაარ  სრულქმნად  მიიჩნევდა

საგანთ  ღამეულ  არსებობას  და  მათ  ზეგარდმო  ეფინებოდა,

ვით  მგლოვიარე  სივრცის  თავანი.

მიწამ  კი,  მისი  ჭრილობებით  მწყურვალ-დამშრალმა,

პირი  ქნა – შუა  გაიპო  და…   ხმობდა ქვესკნელი.

იგი,  მცნობი  მარტვილობისა,  ყურს  უგდებდა  ამოყმუილს

ჯოჯოხეთისა,  ცნობის  წყურვილით,  რომ  ჩასწვდომოდა

აწ  აღსრულებულს  წამებას  თვისას:  რომ  ჯოჯოხეთის  მედინი  ტანჯვა

მისი  (უსაზმნო)  ტანჯვის  წინაშე,  შიშით  შეძრული,  უკუმდგარიყო.

და  იგი  სული,  ქანცგაწყვეტის  მთელი  სიმძიმით

ჩაეშვა  ქვესკნელს,  მიისწრაფის  ჩქარი  მიხვრით

უცხოდ  მზირალ,  მორიალე  აჩრდილებს  შორის,

 

ადამს  შეავლო  თვალი  უმალ,  სწრაფად  დაეშვა,

გაუჩინარდა,  აკიაფდა  და  ჩაიკარგა  ვარდნისას

ველურ  სიღრმეებში.  უეცრივ  (მაღლა,  უფრო  მაღლა)

აზვირთებული  კიჟინის  ქიმზე,  მისი  დათმენის

უმაღლეს  კოშკზე,  წამოიმართა:  უსუნთქველი,

დგა  უსაყრდენოდ,  ტკივილთმფლობელი და  მდუმარებდა.

© არილი

Facebook Comments Box