ახალი ამბები

რას კითხულობდა სტალინი?

 

2022 წლის 8 თებერვალს გამოიცა ჯეფრი რობერტსის წიგნი „სტალინის ბიბლიოთეკა: დიქტატორი და მისი წიგნები“, რომელიც საბჭოთა ლიდერის ბიოგრაფიის მისი ლიტერატურული კოლექციის ანალიზით მოყოლას ცდილობს.

იოსებ სტალინის ბიბლიოთეკა 20 000-მდე წიგნს იტევდა, რომელთა უმეტესობის კიდეებიც კომენტარებით იყო აჭრელებული. გადმოცემის მიხედვით, დიქტატორი დღეში 300-დან 500 გვერდამდე კითხულობდა. ხშირად მეგობრების კოლექციებიდანაც: საბჭოთა პოეტი დემიან ბედნი წუწუნებდა, რომ იოსები ნათხოვარ წიგნებს ნათითურებით სვრიდა. ბედის ირონიით (ან სხვა მიზეზით) კი იოსები 1953 წელს თავის ბიბლიოთეკაში დახვავებულ წიგნებს შორის ინსულტით გარდაიცვალა.

ხრუშოვის პერიოდში დესტალინიზაციის შედეგად, სტალინის ბიბლიოთეკა დაარბიეს და მისი წიგნების უმეტესობაც (რომლებიც ძირითადად, ტურგენევისა და დოსტოევსკის ნაწარმოებებთან ერთად, ბავშვთა ფსიქოლოგიას, სპორტს, რელიგიას, სიფილისსა და ჰიპნოზს ეხებოდა) დაიკარგა. აღნიშნული მიზეზით სტალინის ინტერესების ამომწურავად შესწავლა შეუძლებელია. თუმცა ჯეფრი რობერტსამდეც კოლექციის ნარჩენებით მრავალი აკადემიკოსი დაინტერესებულა, იოსების დესპოტად ქცევის მიზეზების გასაშიფრად.

რობერტსის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, წიგნების ანალიზმა დიქტატორის სულში ჩაგვახედოს. მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეგვიქმნის იმაზე, თუ როგორ უყურებდა ამხანაგი სოსო ჯუღაშვილი სამყაროს.

1934 წელს საბჭოთა მწერალთა კონგრესზე სტალინმა სოციალიზმის შენების გზაზე ხელოვანთა როლი განსაზღვრა – მათ ადამიანთა სულის ინჟინრობაზე უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა. ისოები მოითხოვდა, რომ მის ოჯახსაც და კოლეგებსაც ბევრი ეკითხათ: ნაშვილებ ვაჟს „რობიზონ კრუზო“ აჩუქა იმედით, რომ „მტკიცე და უშიშარ ბოლშევიკად გაიზრდებოდა.“ ქალიშვილს კომუნისტური პარტიის ისტორიის წაკითხვა მოსთხოვა, თუმცა სვეტლანამ წიგნი მოწყენილობის გამო არ დაამთავრა. სერგო ბერია, ლავრენტი ბერიას ვაჟი იხსენებდა, რომ სტალინი ყოველ სტუმრობაზე, ბიბლიოთეკას მიაშურებდა და წიგნებს ფურცლავდა იმის შესამოწმებლად, მართლა კითხულობდნენ თუ არა.

თვითონ ლიტერატურის მნიშვნელობაზე ცოტას წერდა. მისი კლასიკოსების უზარმაზარი კოლექცია (პუშკინი, გოგოლი, ტოლსტოი, ჩეხოვი, ჰიუგო, შექსპირი) დარბევის შედეგად მინდვრებზე დატანილ კომენტარებთან ერთად გაუჩინარდა. ამიტომ მისი დამოკიდებულებების შესახებ მხოლოდ მეგობრების შემთხვევითი კომენტარებიდან თუ გვეცოდინება. მაგალითად, მიაჩნდა, რომ დოსტოევსკი საბჭოეთის ახალგაზრდობაზე უარყოფითად ზემოქმედებდა.

შემორჩენილი წიგნებიდან კი ჩანს, რომ პირად ჩანაწერებში სტალინი საკუთარ აზრს თამამად გამოხატავდა. კითხვისას წითელი, ლურჯი და მწვანე ფანქრებით ნიშნავდა წინადადებებსა და აბზაცებს. ზოგ ადგილას მიაწერდა: „დიახ-დიახ“, „ნამდვილად“, „ვეთანხმები“, „კარგია“, „ზუსტად“. ზოგჯერ კი პირიქით, დამცინავად წააწერდა: „ჰა-ჰა“, „სისულელეა“, „სიგიჟე“, „ნაგავი“, „ნაძირალა“, „ნაძირალები“. განსაკუთრებით ღიზიანდებოდა, როცა გრამატიკულ ან ბეჭდვით შეცდომას წააწყდებოდა –  წითელი ფანქრით ასწორებდა მწერლის დაუდევრობებს.

დაინტერესებული იყო ცარისტული მმართველობის პერიოდით. განსაკუთრებით, ივანე მრისხანისა და პეტრე და ეკატერინე დიდის მეფობით. შემორჩენილი ანოტირებული ნაწარმოებების უმეტესობა მარქსისტულ აზროვნებას ეხება. ყველაზე თვალსაჩინო კი ენთუზიაზმია, რომლითაც ლენინის შემოქმედებას კითხულობდა. ეცნობოდა კონკურენტების ნააზრევსაც: ტროცკის დასკვნებს გაღიზიანებული მიაწერდა ხოლმე –  “სულელი!”

სტალინი არ ინახავდა დღიურს და არ წერდა მემუარებს, ამიტომ მინდვრებზე დატანილ ამ ჩანაწერებს, რობერტსის აზრით, საჭიროზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აკადემიკოსები. მისი ხედვით, ზედმეტად არ უნდა ჩავეძიოთ მიზეზებს, რატომაც სტალინმა შემდეგ სტრიქონს გაუსვა ხაზი – „დამარცხებულის სიკვდილი აუცილებელია გამარჯვებულთა სულის დასამშვიდებლად“. ხოლო ივანე მრისხანეზე წიგნს დასაწყისში „მასწავლებელი“ რომ მიაწერა, მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ იოსებს ტირანი ხელმწიფე მისაბაძ მაგალითად ესახებოდა (ან ზუსტად მაგას ნიშნავს).

რობერტსონი ცდილობს თავის წიგნში სტალინი არა როგორც ურჩხულად, არამედ „თავდადებულ იდეალისტად“ და „ინტელექტუალად“ წარმოაჩინოს. შესაძლოა, ამიტომაც ბევრს არაფერს წერს დაახლოებით 1500 მწერალზე, რომლებიც წითელმა ტერორმა შეიწირა.

 

© არილი

Facebook Comments Box