„ჩვენ არასოდეს ვწყვეტთ კითხვას, მაგრამ ყველა წიგნი მთავრდება, ისევე როგორც არასოდეს ვწყვეტთ ცხოვრებას, თუმცა სიკვდილი გარდაუვალია“.
გარდაუვალი სიკვდილი ტრაგიკულად ადრე დადგა ამ სიტყვების ავტორისთვის, ჩილელი მწერლის, რობერტო ბოლანიოსთვის. ის 20 წლის წინ, ივლისში, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სიკვდილის შემდეგ მისი ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა. რაც უჩვეულოა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლანიო, ძირითადად, სასოწარკვეთილ პოეტებსა და ნაკლებად ცნობილ მწერლებზე წერდა, ეს თემები კი არაა მოგებიანი გაყიდვებისა და პოპულარობის თვალსაზრისით. ამიტომაც, მისი სიკვდილიდან ორი ათწლეულის შემდეგ, თანაბრად გასაოცარია ბოლანიოს წარმოუდგენელი წარმატება და ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არაა მისი ბიოგრაფია დაწერილი.
ჯეიმს ჯოისის ბიოგრაფია ჯოისის სიკვდილიდან 18 წლის შემდეგ გამოიცა. სილვია პლათის შესახებ დაწერილი წიგნებიდან პირველი მისი თვითმკვლელობიდან 13 წლის შემდეგაა გამოქვეყნებული. ბოლანიოს კერპის, ბორხესის ბიოგრაფიების წაკითხვა კი მისი სიკვდილიდან ათიოდე წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხოლო თუ უახლოეს წარსულს გადავავლებთ თვალს, მაშინ ფილიპ როთი და გაბრიელ გარსია მარკესიც შეგვიძლია ვახსენოთ.
ბოლანიოს მდიდარი და საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მის ცხოვრებაში ბევრი რამაა ბუნდოვანი, მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით… როგორც ვალერია მაილსი, ამერიკელი რედაქტორი და მთარგმნელი, ჰყვება – ბოლანიოს არ ჰქონდა კომპიუტერი, ამიტომ კალამსა და ფურცელს იყენებდა ან საბეჭდ მანქანას. შემონახული მასალების დიდი ნაწილი კი ავტობიოგრაფიულია, რაც მისი შინაგანი ცხოვრების გაგების საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, ბოლანიო წერდა და ინახავდა დღიურებსაც.
მაილსმა ბოლანიოს არქივების შესწავლა 2008 წელს დაიწყო, ბოლანიოს ქვრივის, კაროლინა ლოპესის თხოვნით. ლოპესმა ქმრის ძველ გამომცემელთან, ანაგრამასთან შეწყვიტა თანამშრომლობა და Wiley Agency-ს დაუკავშირდა. კაროლინას უთანხმოება ჰქონდა ბოლანიოს ახლო მეგობართან, კრიტიკოს იგნასიო ეჩევარიასთანაც, რომელიც 2666-ის ხელნაწერს ინახავდა.
ბოლანიოს უახლესი ადამიანების ნაწილი ლოპესის გადაწყვეტილებების მიზეზად იმას მიიჩნევდა, რომ ისინი მეგობრობდნენ იმ ქალთან, რომელთანაც ბოლო წლებში ჰქონდა ბოლანიოს ურთიერთობა. ლოპესმა ეს მოსაზრება უარყო და საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ერთადერთი მოტივაცია ქმრის მემკვიდრეობის დაცვა და მასზე ზრუნვა იყო.
სწორედ ასეთ დაძაბულ ატმოსფეროში უწევდა მაილსს საიდუმლოდ მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა ბოლანიოს არქივს იკვლევდა და აწესრიგებდა. მისი სამუშაოს კულმინაცია იყო 2013 წელს მოწყობილი გამოფენა, რომლის ფარგლებშიც, მაილსის კურატორობით, გამოიფინა ბოლანიოს არქივის ნაწილი. მაგრამ ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ ლოპესმა არქივი დახურა და შეზღუდა ბოლანიოს გამოუქვეყნებელი ტექსტებიდან ციტირების უფლებები. შესაძლოა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომელმაც ბიოგრაფებს უბიძგა, თავი შეეკავებინათ ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერლის შესახებ წერისგან.
აარონ შულმანმა, მწერალმა, რომელიც ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს, კაროლინა ლოპესთან ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა Wiley Agency-ის, მაგრამ დიდი იმედი არ ჰქონია, რომ ინტერვიუ შედგებოდა, რადგან ბოლო წლებში კაროლინა ძალიან ცოტა ადამიანს თანხმდებოდა ინტერვიუზე. მისდა გასაკვირად, ლოპესი დათანხმდა. როგორც თავად აარონ შულმანი ამბობს, შესაძლოა, იმიტომ, რომ ბარსელონას საგამომცემლო საქმეში იგი ერთგვარი აუტსაიდერია ან იმიტომ, რომ უკვე მრავალი წელია, ბოლანიო ძალიან უყვარს.
შულმანმა ლოპესს ჰკითხა, რატომ არ იყო ღია ბოლანიოს არქივები კვლევისთვის. ლოპესის განმარტებით, ბოლანიოს მემკვიდრეობა მისთვის მხოლოდ ლიტერატურული კი არა, ოჯახური საკითხიცაა, თან საკმაოდ მტკივნეულიც: „ძნელი ასახსნელია, როგორი გამანადგურებელი იყო მისი სიკვდილი ჩემი შვილებისთვის. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რას ნიშნავდა ჩემთვის. მწუხარებისთვის დროც კი არ მქონია, რადგან ბავშვები იყვნენ ჩემთვის უპირატესი. […] მთელი ეს ნაგავი და ტყუილები მედიაში – ართულებდა ოჯახისთვის გლოვას. პროფესიონალური დახმარება დაგვჭირდა ტანჯვასთან გასამკლავებლად…“
2013 წელს კაროლინა ლოპესმა რამდენიმე სასამართლო პროცესი წამოიწყო სხვადასხვა სტატიის გამო, რომლებიც, მისი თქმით, მის ღირსებას შეურაცხყოფდა. ღიად დაუპირისპირდა იგნასიო ეჩევარიასაც, რომელმაც გამოაქვეყნა ორი სტატია, რომლებშიც ბოლანიოს პირადი ცხოვრების შესახებ წერდა.
ეჩევარია, გარდა იმისა, რომ ბოლანიოსთან მეგობრობდა, მისი შემოქმედების თაყვანისმცემელიც იყო: „ბოლანიო გახლდათ ის მწერალი, რომელმაც ლათინურამერიკელი ავტორის პარადიგმა შეცვალა. ყოველი ხელახალი წაკითხვისას მხიბლავს“ – აღნიშნა მან შულმანთან საუბრისას და დასძინა, რომ სასამართლოში წამოწყებული საქმე მისთვის სტრესული გამოცდილება იყო.
„დრო გადის და იხოცებიან ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობდნენ ბოლანიოს. რაც უფრო დიდხანს გადავდებთ ბიოგრაფიის დაწერას, მით უფრო მნიშვნელოვან წყაროებს დავკარგავთ,“ – ამბობს ეჩევარია.
ყოველწლიურად საჯარო ფიგურების უამრავი „არაოფიციალური“ ბიოგრაფია ჩნდება. რა მოხდება, თუ ბოლანიოს საკუთრებასთან წვდომის ნებართვის გარეშე დაიწერება კიდევ ერთი ასეთი ბიოგრაფია? ეჩევარიას თქმით, მართალია, ეს შესაძლებელია, მაგრამ დღიურების, ხელნაწერებისა თუ წერილების გამოყენების გარეშე შედგენილ ბიოგრაფიას აუცილებლად დააკლდება სიღრმე.
ბიოგრაფია ახალ მკითხველებს გააცნობდა ბოლანიოს, გააცოცხლებდა დისკუსიებს მის შესახებ. თუმცა, ფაქტია, რომ ბიოგრაფიის გარეშეც ითარგმნა მისი წიგნები მსოფლიოს 30-ზე მეტ ენაზე და არც მკითხველები აკლია დღემდე.
თავად ბოლანიოსთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს საკითხი?
შულმანი სტატიაში პროფესორ ჯონათან მონროს ასახელებს, რომელმაც ბოლანიოს ციტატა გაიხსენა წიგნიდან „ამულეტი“. ბოლანიო ირონიულად ეხება ხელოვანის უკვდავების იდეას და წერს:
„ვლადიმერ მაიაკოვსკი 2124 წელს ჩინელ ბიჭუნად რეინკარნირდება. თომას მანი გახდება ეკვადორელი ფარმაცევტი 2101 წელს… მარსელ პრუსტისთვის უიმედო და ხანგრძლივი დავიწყების პერიოდი 2033 წელს დაიწყება…“
ბოლანიოს შესახებ დაწერილი შულმანის სტატია ერთი შემთხვევის გახსენებით სრულდება:
ბარსელონაში, კაფეში, შულმანი ბოლანიოს ძველ მეგობარს შეხვდა. მათთან ახლოს, ერთ-ერთ მაგიდასთან, ახალგაზრდა ქალი კითხულობდა ბოლანიოს წიგნს 2666. როცა შულმანმა ქალისკენ ანიშნა ბოლანიოს მეგობარს, მან უპასუხა: „ნახე, ესაა, რაც მნიშვნელოვანია. მხოლოდ ესაა ნამდვილად მნიშვნელოვანი“.
© არილი