საუკუნეებია უკრაინელი მწერლები – ფარული, თავხედური თუ სატირული გზებით – ცდილობენ საკუთარი ეროვნული კულტურა გაქრობისგან გადაარჩინონ.
ავტორი: უილიამ ბლეკერი
26 თებერვალს კიევის დაბომბვის ფონზე, უკრაინის ერთ-ერთმა გამორჩენილმა ლიტერატურათმცოდნემ, თამარა ჰუნდოროვმა, აუღელვებლად წაიკითხა ონლაინ ლექცია უკრაინელი მოდერნისტი მწერლის ლესია უკრაინკას შესახებ.
უკრაინელები სკოლაშივე ეცნობიან უკრაინკას ლექსებში გაჟღერებულ ახალგაზრდულ პატრიოტიზმს, თუმცა ჰუნდოროვა ყურადღება პოეტის ცნობილ ტაეპებში ფემინისტურ და ანტიკოლონიურ იდეებზე გაამახვილა. ლექციის დასასრულს კი თემას ოდნავ ჩამოშორდა და აღნიშნა:
“არასდროს წარმომედგინა, რომ ფრონტის ხაზიდან წავიკითხავდი ლექციას, ბომბების შიშით დერეფანში დავიძინებდი და აფეთქების ხმები გამაღვიძებდა. ბავშვებს კი სკვერების ნაცვლად, ბუნკერებში მოუწევდათ თამაში. უკრაინელების გამბედაობა მაოგნებს. შთამბეჭდავია, მოქალაქეები სამხედროებს რაოდენ დიდი რწმენითა და სიყვარულით უდგანან გვერდში. სწორედ პუტინის ომებმა გვაქცია უკრაინელები ნამდვილ უკრაინელებად”.
უკრაინელებს ახასიათებთ უკრაინელებად ქცევის აუცილებლობაზე საუბარი – უნდა დაძლიონ მრავალსაუკუნოვანი იმპერიალიზმის გავლენა, მიუბრუნდნენ და აღადგინონ საკუთარი კულტურა, ენა და ინსტიტუციები. რუსეთის ინტერპრეტაციით კი ძიების პროცესი არც იქნებოდა საჭირო, უკრაინის არსებობა შემთხვევითობა და ისტორიის შეცდომა რომ არ ყოფილიყო. ამიტომაც, სანამ რუსეთი ტანკებით უკრაინაში შეიჭრებოდა, ვლადიმერ პუტინმა ერთ საათიანი მიმართვით ამტკიცა – უკრაინა სხვა არაფერია, თუ არა “ჩვენს ისტორიულ მიწაზე” დასავლეთის მიერ შექმნილი “ანტირუსული” ძალაო.
უკრაინის ეროვნული იდენტობა არც შემთხვევითობაა და არც დასავლეთის გამონაგონი, რაზეც მეტყველებს მრავალსაუკუნოვანი უკრაინული ლიტერატურა, რომლის გაჩუმებასაც რუსული ტერორი არაერთი გზით ცდილობდა: მე-19 საუკუნის დასაწყისში იკრძალებოდა სერიოზული ლიტერატურის რუსულის გარდა სხვა ენებზე დაბეჭდვა. უკრაინულად მხოლოდ ეთნოგრაფიული, კომედიური ან აპოლიტიკური ტექსტები გამოიცემოდა. 30-იან წლებში კი მწერალთა უმეტესობა სტალინის რეპრესიებს შეეწირა.
შედეგად, უკრაინული ლიტერატურის საფუძველში იმპერიალიზმისადმი დაუმორჩილებლობა მოექცა. რეგულაციებისთვის გვერდის ასავლელად, სატირული ტექსტების რაოდენობა მომრავლდა.
ყველაზე ოსტატურად იუმორის დახმარებით უკრაინელთა ხმას ნიკოლოზ გოგოლი, უკრაინული წარმომავლობის რუსი მწერალი, აჟღერებდა. მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოთხრობაში “შობის წინა საღამოს” უკრაინელი კაზაკები ეკატერინე დიდს სანქტ-პეტერბურგში ეწვევიან. კომიკურ საუბარში, რომელიც სავსეა კულტურული და ენობრივი გაუგებრობებით, პოლიტიკური საკითხიც იელვებს: კაზაკები მონარქს სთხოვენ ახსნა-განმარტებას, რატომ გააუქმა მათი ავტონომია (1775 წელს). მაგრამ სანამ პასუხს მიიღებენ, თხრობა ისევ კომიკურ რელსებს უბრუნდება. რუსი მკითხველი იუმორისტულ სიტყვა-პასუხზე იცინოდა, ხოლო უკრაინელი პროტესტის მუხტს ხედავდა.
გოგოლისგან განსხვავებით, უკრაინის ეროვნული პოეტი ტარას შევჩენკო თავისი შემოქმედებით იმპერიას უკომპრომისოდ ესხმოდა თავს. ყმად დაბადებულმა კარგად იცოდა, რომ გლეხების ყოფას გოგოლის ზღაპრებთან საერთო არაფერი ჰქონდა. ”შენ იცინი,” – საყვედურობს თანამემამულეს ლექსით, – “როცა მე ვტირი.” მეფის რუსეთის ცენზურის საპასუხოდ კი დაწერა: „მოლდაველიდან ფინეთამდე/დუმან ყველა ენაზე“, რის გამოც დააპატიმრეს და 10 წლით წერა აუკრძალეს.
ლესია უკრაინკამ იმპერიის შეზღუდვების გასაპროტესტებლად დაწერა პიესა “კეთილშობილი ქალი” მე-17 საუკუნის უკრაინის ისტორიაზე, როცა კაზაკთა ლიდერმა ბოჰდან ხმელნიცკიმ ხელი მოაწერა საბედისწერო ალიანსს მოსკოვთან, რათა უკრაინა პოლონური მმართველობისგან გაეთავისუფლებინა. კაზაკი ქალი ოქსანა მოსკოვში მცხოვრებ უკრაინელ დიდგვაროვანზე გათხოვებას თანხმდება და “უცხო მიწაზე” გამგზავრების შიშის გასაქარვებლად იმეორებს: “არც ისე უცხო მიწაა, არა?/რელიგიური რიტუალებიც ხომ ერთი და იგივე გვაქვს?/თითქოს უკვე მესმის მათი ენაც”.
ცდება. მოსკოვში ოქსანა უცხოა, უფლებებისგან დაცლილი ეგზოტიკური ობიექტი, როგორც მთელი უკრაინული კულტურა, რომელიც ფერად ორნამენტამდე დავიწროვდა რუსეთის იმპერიაში. ქალი სასოწარკვეთას ეძლევა, თუმცა ვერ ახერხებს შინ დაბრუნებას, რადგან “უკრაინა მოსკოვის ჩექმის ქვეშ ითელება, სისხლისგან იცლება.” პიესის გამოცემა მეფის რუსეთში აიკრძალა.
1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკრაინკა ახალი თაობის მწერლებისა და მოაზროვნეების მთავარ შთაგონებად იქცა. მაგალითად, ოქსანა ზაბუჟკო, უკრაინის ერთ-ერთი გამორჩეული რომანისტი და უკრაინკას ბიოგრაფი, “კეთილშობილი ქალის” თემებს 1996 წლის რომანში უბრუნდება. დამოუკიდებელი უკრაინის პირველი რეალური ბესტსელერი ქალი პოეტის მღელვარე სასიყვარულო ისტორიაზეა, სადაც მთავარი გმირისთვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და რუსიფიკაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი, ინტიმური საკითხია.
ჰუნდოროვას ლექციამ, კიევის ქუჩების დაბომბვის ფონზე, ცხადყო, რომ რუსეთის ძალადობა უკრაინელებს მხოლოდ და მხოლოდ შთააგონებს, ახალი გზები იპოვონ,რათა ნამდვილ უკრაინელებად იქცნენ.
© არილი