თარგმანი,  ინტერვიუ

ჩანაწერები მარია კოდამასთან ინტერვიუდან – ცხოვრება ბორხესის შემდეგ

ინგლისურიდან თარგმნა ელენე ფილფანმა

ინტერვიუერი: ჯეიმს ჰალფორდი

არგენტინაში მარია კოდამასა და ხორხე ლუის ბორხესის გაცნობის ისტორიას ყველა კარგად იცნობს. ერთმანეთს 1953 წელს ბუენოს-აირესის წიგნების მაღაზიაში შეხვდნენ:

“უკაცრავად. პატარა რომ ვიყავი, თქვენი ლექცია მოვისმინე.”

“მართლა? და ახლა უკვე დიდი ხართ, არა?”

“არა, სკოლის მოსწავლე ვარ, დამამთავრებელ კლასში.”

კოდამა 16 წლის იყო, ბორხესი – 54-ს.  მწერალი თვალის ჩინს ნელ-ნელა კარგავდა.

“მხოლოდ შუქსა და ჩრდილებსღა ხედავდა. მაგრამ ჩემმა ხმამ მიანიშნა, ძალიან ახალგაზრდა რომ ვიყავი”.

ბორხესმა გოგონას თავის ანგლო-საქსური ლიტერატურის სასწავლო ჯგუფში გაწევრიანება შესთავაზა. 1986 წელს კი, ბორხესის გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე, წყვილმა იქორწინა.

ბევრი არაფერია ცნობილი მარია კოდამას ადრეულ ცხოვრებაზე. მამამისმა, იოსაბურო კოდამამ, იაპონია მეორე მსოფლიო ომამდე დატოვა. შტატებში მიემგზავრებოდა, თუმცა იაპონელ მიგრანტებზე შემოღებული შეზღუდვების გამო დასახლება ლათინურ ამერიკაში მოუწია. ბუენოს-აირესში 17 წლის არგენტინელ-გერმანელი პიანისტი მარია ანტონია შვაიცერი გაიცნო.

“დედასთვის მამა ეგზოტიკური პრინცი იყო, შორეული ქვეყნებიდან”.

თუმცა ეს ზღაპრული ხატი მალევე ჩამოიშალა. როცა კოდამას 3 წელი შეუსრულდა, წყვილი ერთმანეთს გაეყარა.

მარია კათოლიკე დედასთან და ბებიასთან ცხოვრობდა, შაბათ-კვირას კი იაპონელ მამასთან ატარებდა.

“ორ კულტურას შორის ვიზრდებოდი. ბებიაჩემი სულ ღმერთზე, სამშობლოსა და ოჯახურ ღირებულებებზე მეჩიჩინებოდა, მამა კი შინტოისტი იყო. ერთმანეთის საპირისპირო იდეებს მიქადაგებდნენ. ამიტომ ან რომელიმე უნდა ამომერჩია, ან გავგიჟებულიყავი”.

კოდამამ იაპონია აირჩია. ბორხესთან შეხვედრამდე მამამისი თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად მიაჩნდა. მისგან იაპონური ენის საფუძვლებს, ქვეყნის ისტორიასა და კულტურას სწავლობდა. და, რაც მთავარია, მამამ ესთეტიკური ღირებულებები ჩამოუყალიბა:

“ხელოვნება ძალიან უყვარდა. ბავშვობიდან გამოფენებზე დავყავდი, მხატვრებზე წიგნებს მჩუქნიდა. ერთხელ მთხოვა სილამაზის მნიშვნელობა განმესაზღვრა. მომდევნო კვირას კი პასუხის სახით წიგნი მაჩუქა ქანდაკება “ნიკე სამოთრაკიელის” გამოსახულებით.

– კი მაგრამ, თავი რომ არ აქვს? – ვკითხე.

– ვინ გითხრა, რომ სილამაზე თავთან რამე კავშირშია? შეხედე ტუნიკის ნაკეცებს. სამოსს ზღვის ქარი არხევს. მარადისობაში გამოიჭირო სანაპიროს ბრიზი, მშვენიერება ეს არის,” – მიპასუხა”.

ბორხესის ეთიკური თუ ესთეტიკური შეხედულებებიც მამისას ახსენებდა.

“ყოველთვის ხუმრობდა, რომ მამაჩემმა ასე მისთვის აღმზარდა. ახალგაზრდობის პრაქტიკის დამსახურებით, ვახერხებდი მისთვის აღმეწერა რეალობა, რომელსაც უკვე ვეღარ ხედავდა”.

მწერლის სიკვდილის შემდეგ კოდამა ხელმოერედ აღარ დაქორწინებულა. მთელი ცხოვრება თავისი ფონდის მეშვეობით ბორხესის საქმიანობის პოპულარიზაციას მიუძღვნა. ინტერვიუს მსვლელობისას ვცდილობდი თავის თავზე ქვრივის სტატუსის მიღმა ამელაპარაკებინა, მაგრამ მალევე მივხვდი – არ სურდა ბორხესის ჩრდილიდან გამოსვლა:

შეგიძლიათ, თქვენი ერთი ჩვეულებრივი კვირა აღწეროთ?

ბევრს ვმოგზაურობ საზღვარგარეთ ბორხესის შემოქმედებაზე სასაუბროდ. როცა სახლში ვარ, ძირითადად ვკითხულობ – ბევრი მთხოვს ბორხესზე დაწერილ აკადემიურ კვლევებზე კომენტარის გაკეთებას.

როგორ ერთობით?

არც ტელევიზორი მაქვს და არც ელექტრონული ფოსტა.  თეატრში ან მუსიკალურ საღამოებზე დავდივარ.  წუხელ ჩინეთიდან ჩამოსული შენ იუნის საცეკვაო ჯგუფის წარმოდგენას დავესწარი. დღეს ჩინეთში ბორხესი ძალიან აქტუალურია. მისი ყველა ნაწარმოები თარგმნეს.

ყველა პასუხი მწერალთან გვაბრუნებდა. ამიტომ ვცადე საკუთარ შემოქმედებაზე ამელაპარაკებინა. ვიცოდი, რომ საზოგადოებაში ხშირად წარადგენენ ხოლმე, როგორც მწერალს, მთარგმნელსა და მასწავლებელს, შესაბამისად, ვკითხე თავისი შემოქმედების რომელიმე ნიმუშის გამოქვეყნებას თუ გეგმავდა:

“არასდროს არაფერი გამომიქვეყნებია. ყოველთვის სხვების წიგნებისთვის ვწერდი პროლოგებს. ისეც, სიამოვნებისთვის ვქმნი და არა სხვათა თვალისთვის. ბორხესს უყვარდა ჩემი მოთხრობები. სურდა, გამომექვეყნებინა და თავად მათთვის პროლოგი დაეწერა, მაგრამ ამის უფლებას არ ვაძლევდი”.

უჩვეულო წყვილი იყო. მოგზაურობისას ყოველთვის ცალ-ცალკე ნომრებში რჩებოდნენ. საღამოობით კოდამა ბორხესს მეორე დღისთვის ტანსაცმელს მოუმზადებდა და დასაძინებლად თავის ოთახს მიაშურებდა.  არაერთხელ უთქვამს ჟურნალისტებისთვის, რომ 1970-იანი წლებიდან მწერალი ცოლობას ხშირად სთხოვდა, თუმცა მშობლების უიღბლო ქორწინების გამოცდილება კოდამას ყოველთვის აფერხებდა, მწერლის შემოთავაზებას დათანხმებოდა. ამავდროულად, არ სურდა მთელიც ცხოვრება მისი დიდების წნეხი ეზიდა. ამიტომ ბორხესს ქალისთვის არც გაუმხელია, 1979 წლის ანდერძით თავის ერთადერთ მემკვიდრედ რომ აქცია. “მივატოვებდი, რომ მცოდნოდა.”

1984 წელს ბორხესს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მწერალმა ქიმიოთერაპიაზე უარი თქვა. თავისი ავადმყოფობის გახმაურებას ერიდებოდა. ექიმების გარდა ამის შესახებ მხოლოდ კოდამამ იცოდა.

“მითხრა, არ სურდა, თავისი სიკვდილი სპექტაკლად ექციათ, მისი უკანასკნელი ამოსუნთქვა კი კასეტაზე ჩაეწერათ და გაეყიდათ”.

მომდევნო წელს ბორხესი და კოდამა არგენტინიდან ევროპაში გაემგზავრნენ. ჟენევაში ჩასვლისას მწერალმა გაამხილა, რომ სიცოცხლის ბოლომდე აქ სურდა ყოფნა. წყვილი სასტუმრო l’Arbalète-ის 308 და 309 ნომრებში დაბინავდა.

ჟენევაში ბორხესმა დაქორწინებაზე საუბარი კვლავ განაახლა. ქალის დასაყოლიებლად დახმარება მეგობარს, სთხოვა: “ფრანკო, დაარწმუნე მარია. მსურს, სიკვდილის ჟამს ვიცოდე, რომ ჩემი ცოლია.”

“ვუმეორებდი, რომ არ ვიყავი მზად ფინანსური დამოუკიდებლობა და თავისუფლება დამეთმო. მან კი მიპასუხა – თავისუფლების ტყვე ხარო”.

1986 წლის მარტში კოდამა ქორწინებაზე დათანხმდა. იმავე წლის ივნისში კი ბორხესი ძილში გარდაიცალა. ქალი მწერლის საწოლთან იჯდა და მისი ხელი ეჭირა.

“მხოლოდ ბორხესის სიკვდილის შემდეგ გამიმხილეს ადვოკატებმა, მის ანდერძში ერთადერთ მემკვიდრედ რომ ვეწერე. ჩემს ცხოვრებაში 30 წლიანი ჯოჯოხეთი დაიწყო”.

ყველაზე მეტად რა გენატრებათ იმ პერიოდიდან, როცა ბორხესი ცოცხალი იყო?

ერთად როგორ ხალისიანადაც ვატარებდით დროს. სხვა მხრივ, ახლაც სულ თან დამყვება.

ამდენი წლის შემდეგაც, რა გაძლევთ მოტივაციას, ბორხესის შემოქმედების პოპულარიზაციაზე ასე ენერგიულად იმუშავოთ?

ამ საქმეს მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი. სიგიჟემდე რომ არ მყვარებოდა, დიდი ხნის წინ დავნებდებოდი.

რომელ წიგნებს უკითხავდით ყველაზე ხშირად?

უყვარდა, ჩემი ბერძნულის მოსმენა. თავად ეს ენა არ იცოდა და ყოველთვის მეუბნებოდა, როგორ შურდა ჩემი. მე კი ვპასუხობდი, ეს მაინც შეერჩინა. [იცინის] “ილიადას” ვუკითხავდი ხოლმე. წიგნს ზედმიწევნით იცნობდა, ამიტომ ენობრივი ბარიერის მიუხედავად, ხვდებოდა რომელ ეპიზოდს ვკითხულობდი ხოლმე.

ინტერვიუს დასასრულს კოდამამ “ილიადადან” ბერძნულად მოჰყვა სცენა, რომელზეც ჟენევაში, ბორხესის სასიკვდილო სარეცელთან ეფიქრებოდა. გამომშვიდობების შემდეგ შესაფერისი მონაკვეთი ჩემს წიგნში მოვძებნე და ტროას კარიბჭესთან ჰექტორისადმი პატარა ვაჟით ხელში დადევნებული ანდრომაქეს ვედრება ამოვიკითხე:

“უბედურო, ეგ სიმამაცე დაგღუპავს; არ გებრალებით არც ჩვილი ბავშვი, არც მე, უბედური, რომელიც მალე შენი ქვრივი ვიქნები, რადგან აქაველები მალე ერთად მოიყრიან თავს და მოგკლავენ; ჩემთვის კი უკეთესი იქნება, მიწაში ჩავიდე, შენ რომ დაგკარგავ, რადგან არ მექნება სხვა ნუგეში, ბედისწერა რომ მოგწვდება, მე მხოლოდ მწუხარება დამრჩება – არც მამა მყავს და არც ბატონი დედა. […] ჰექტორ, შენ ხარ ჩემთვის მამაცა და ბატონი დედაც, ძმაცა და ჭაბუკი ქმარიც! შემიბრალე ახლა და დარჩი ამ კოშკზე, ნუ დააობლებ შვილს და ნუ დააქვრივებ ცოლს.”

© არილი

Facebook Comments Box