პოეზია

რეზო ესაძე

***

ფიქრო, ფიქრო უნაპიროვ,
ფიქრო უსახელო.
მე შენ როგორ დაგიტირო
გულზე დასაყრელო.
წავიდნენ და მიმატოვეს
გაჰყვნენ ნისლის ფიქრებს.
წლები უხმობს სიმარტოვეს,
ამბობს „დროა, იქნებ?!“
არ გინდივართ? რა ვქნა, წავალ
უკაცური შარით.
გაგეცლები, სადაცაა
ფიქრის გასაყარი.
სადაც ღრუბლებს შადრევნებად
ცვივა ოქროს ფერი.
სად წარსულზე ცრემლით ყვება
სველი ლერწმის ღერი.
აჰა, უკვე დროც მოვიდა,
დე, აღსრულდეს ბარემ.
მტკივა, გარჯით და ვერც ჭკუით
ვეღარ დაგეხმარე.
ახლა თითონ გავხდი შენი
ტკივილი და ჯავრი,
როს მენგრევა თავზე ჭერი
და მწვავს ცეცხლის ალი.
რით გიშველო, რა ვიფიქრო,
ფიქრო, გასამხელო,..
მე შენ როგორ დაგიტირო
გულზე დასაყრელო.

სანთელთან ვიყოფ შენზე საფიქრალს

მარტო ყოფნის მარახოშით ნაყრდება სული.
სევდა შენთან კვლავ სიახლოვის
საიმედოდ ავსებს ტიპიკონს.
დაცემული მუხლებზე ხატთან
სანთელთან ვიყოფ შენზე საფიქრალს.


ც-ს

ჩემო სიცოცხლევ, ჩემო მეუღლევ
სულის მოთქმავ და სიკეთევ ჩემო
თუმც ჭარმაგი ვარ, მაგრამ მე უკვე
ლამის სიბერე რომ დავიჩემო.
გასაკვირველი ყოფილა ციხე
ამა სოფლისა ბაღი და ყანა.
როს დავფიქრდები, უკან დავიხევ
კითხვით, როგორ და რამ მომიყვანა?
როგორი იყო. როგორ გავიდა
ის, ყველაფერი რაც უკან იყო
აღტაცებებით, თუ წელკავითა
რაც ღმერთმა მომცა და თან გამიყო
შენთან, ძვირფასო, შენს კეთილ სულთან
ჩემზე რომ მუდამ ასე ზრუნავდა.
აწ რა უნდა ვთქვა, რა უნდა ვუთხრა
გამკითხველს ყველა კარგთა და ავთა
როცა მარგუნა მან მე ეს ჯილდო
და შენი თავით დამასაჩუქრა.
თანაც ეს მაშინ, თანაც ეს იმ დროს
როცა სანთელი ლამის ჩამიქრა –
შენ მეინახეს;
ან სად მონახე –
მე თავგასული და აკეცილი.
მეტის ქროლვიდან შეშლილი სახე
გადამთიელი. ღმერთის მეცილე.
სად მიდიოდი. ეძებდი ტანჯვას?
ბილიკის გასწვრივ ქროდნენ იები
და მიეტანე იმ ერთადერთ ჯვარს
დაუჩოქე და თითონ მიები
ვით ბედისწერას, რომელსაც კარგო
აწ რომც გაექცე, ვერსად წაუხვალ.
ახლა რა ვუთხრა, მივუსადაგო
შენს დაღლილ სხეულს და
ნაღვლიან თვალს,
რომ მზე დაადგეს სულის ალაზანს
და სიხარულის აფეთქდეს ნაღმი
ჩემო ცოლო და ჩემო აღაზა
უკვე გავსულვართ უფონოდ გაღმით,..
და მეშინია. ირგვლივ მთებია,
მომკიდე ხელი, არ დამეკარგო
ჩვენ გვეძახიან? ეს რა ხმებია,
თურმე ქორწილი გვქონია კარგო
აჰა, მოდიან, ისმის მაყრული
და თასი ღვინით მოაქვს თამადას
მაგრამ ვაი რომ ნაკერი გულით
ვარ და მოდიან სანახავადა.
კვლავ აირია ცაზე ღრუბელი,
მოიქუფრა და წვიმას აპირებს.
ისევ დამძიმდა ჩვენი უღელი
და ვერ ვასრულებ მე შენაპირებს.
ამტყდარა ჩხუბი. აშლილა კერა,
მისძალებიან ერთურთს მუშტებით
და როგორც ციდან მოხსნილი ძერა,
ანაც დამსკდარი ცაში ბუშტები
დაკოდილია ყველა ოცნება,
ყველა იმედი და ფანტაზია.
რადგან ვიღაცამ ასე ინება
მოსულა, კარი ჩაურაზია –
მომავლისათვის. ასე, ამჯერად
მაყრები არა, თურმე ჯარია…
და შიშით, სისხლი თუ დაიღვარა
და ძმამ ძმის სისხლი ისევ დალია,..
და თუ კვლავ მოსკდა ტანჯვის ლანქერი,
„რა ვქენით?“ კითხვამ თუ გაიხარა,..
თუ ისევ მნახავ შენს წინ დარცხვენილს
და გადათელილს მე ჰაიჰარად –
კარებს ვარდებით ნუღარ შემოსავ
და სუფრას ნუღარ გაუშლი კაცებს.
ნუ გაუღიმებ გარეშeმოსა
მეც სითამამეს ნუღარ დამაკლებ;
მაგრამ შემინდე გარჯა და დაღლა,
შენი ალერსი და ცისარტყელა.
შენი ღიმილის ყველა ნაკვესი
და ოცნებების მთები ამხელა,..
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო მეუღლევ
ჩემო წარსულო, სიცხადევ ჩემო.
ხანდაზმულობას ჩემსას შეუნდე
ტახტზე ვაგდივარ ნაცემ-ნაგვემი…
კარს ნუ დაკეტავ, რა ხმაურია, –
ერთს გავვარდები და მხარს შევუქცევ…
ახლა სიკვდილი საამურია
თუნდაც ნადირის საჯიჯგნად ვიქცე.

ოდესღაც უცნობ ქალს, რომელსაც
ვეარშიყებოდი დიდი ხნის წინათ

დადექით ზურგით. ნუ შემხედავთ. მე ახალგაზრდა
ვიყავი გუშინ,..
თქვენს უკან ახლა ბერიკაცი დგას,..
გახსოვართ სულ სხვა?
თვალების ელვას იმ წლებისას ძლივს გადაურჩით?
ძვირფასო, მადლობა უთხარით უფალს
რომ არ წამოდით თქვენ ჩემი ქუჩით…

ფიქრის ჩაძინება

ჩემი სხეულის ყრუ სიბნელეში ვიკარგები და იმას
იქით ღრმა უფსკრულია. აზრი ექოთ ბრუნდება უკან.
ხვალინდელი დღის ტკივილზე იძინებს ფიქრი.


***

იცლება თასი.
ნაღველს ჩემსას
არა აქვს ბოლო.
ეს სიდიადე
წამია მხოლოდ
მამშვიდებს
ჭუჭყში გასვრილს.
მიკვდება გული,
ჩაქრა ცეცხლი.
სადღაც, მიღმა
შორი გზები
სერავენ ველებს.
როგორც ქვას ხავსი
შეპარვია სიბერე ხელებს.
შეფრქვევია თმას ვერცხლი და
კვლავაც მათოვს ის.

© “ჩვენი მწერლობა”

Facebook Comments Box