გამომცემლობა „პალიტრა L“-მა სერიაში „იკითხე ქართული XXI” ახალი წიგნი გამოსცა – რეზო თაბუკაშვილის რომანი „კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“ მკითხველებს არჩილ ქიქოძემ, გაგა ნახუცრიშვილმა, ანა კორძაია-სამადაშვილმა და ბესო ხვედელიძემ წარუდგინეს.
რეზო თაბუკაშვილის შემოქმედება რამდენიმე პროზაულ კრებულსა და რომანს მოიცავს. იგი სხვადასხვა დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჟურნალის რედაქტორი იყო. მის ახალ რომანში მოქმედება კოვიდინფიცირებული და შეცვლილი თბილისის ფონზე ვითარდება. მთავარი გმირი კი მიმალვაში მყოფი ადამიანია, რომელსაც მძაფრ მოგონებათა პალიტრას ბავშვობის მეგობრები უფერადებენ, რომლებიც მისი ცხოვრების ლამის განუყრელ თანამგზავრებად ქცეულან.
„ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო – ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც… გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა. საკუთარი აწვალებს გოგიას, ყოველ დილას წარსულის დაბრედვა უწევს მომავალზე ალესილი დანით, ახალ მუღამებს ეძებს ძველის დახმარებით. „მოულოდნელი ბედნიერების“ მოლოდინის სურნელი ახსოვს და გული მიუწევს ახლის საძებნელად… „რომელიც კაი ძველია, მაგრამ მუდამ საპოვნელად დამძახებელი“, ოღონდ ვერც ადრინდელი „კარგად მობერილი განწყობილებები“ და თითქმის ოცდაათი წელი ერთად ნაცხოვრები თავისი ქეთო ეთმობა, შვილების წინაშეც დანაშაულს გრძნობს… გამჩენი რომ არ ასვენებს, ის კაცია გოგია ან თვითონ რომ ვერ ისვენებს, მაგრამ კარგი კაცია, ჩვენსას ამბობს, ჩვენსას გრძნობს, ამ ქვეყნისას, ამ ქალაქისას. იმ პლედში გახვეულმა უსახლკარო ქალმაც იცის, გოგია რომ კარგია. იმან კიდევ ბევრი რამე იცის, დაეჯერება“ – ვკითხულობთ წიგნის შესახებ.
როგორც პრეზენტაციის შემდეგ რეზო თაბუკაშვილმა გვითხრა, „წიგნი დიდი ხანია, დასრულებულია. ახლა სათქმელი თვითონ ტექსტმა უნდა თქვას“.
პრეზენტაციის დასასრულს არილი ბესო ხვედელიძესა და ანა კორძაია-სამადაშვილს გაესაუბრა:
ბესო ხვედელიძე: „მძაფრსიუჟეტიანი რომანია, გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანზე, გაქცევაში, ძებნაში, მიმალვაში მყოფ ადამიანზე. მის გარშემოა მთელი რომანი აგებული. რა დარჩენია ადამიანს, რომელსაც ეძებენ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა…
არ მინდა, წინასწარ რაღაცები მოვყვე, გავთქვა წიგნის საიდუმლო, მაგრამ პროტესტით გაჯერებული წიგნია, ძალიან საინტერესო პერსონაჟებით და, რაც მთავარია, მიდის, მირაკრაკებს, ერთი წამით ვერ მოწყვეტ თვალს. იმავე დღეს დავამთავრე წაკითხვა. ისეთი წიგნი არ არის, რომ გადაშლი, გადაკეცავ, წაიკითხავ, გადადებ, არა, ეს ისეთი ისტორიაა, რომელშიც ყველა პერსონაჟი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, სადაც ერთმანეთს თანაუგრძნობენ.
ბიოგრაფიული და გამონაგონიც ბევრია. მე ბევრი ადამიანი მეცნო, ბევრი სიტუაცია, რაც აღწერილია, მაგრამ ძალიან თანაბრად არის, დაბალანსებულია. ყველაფერი თავის ადგილზე, როგორც უყვარს ლიტერატურას.
ძალიან მაგარი რომანი დაიწერა და მადლობა რეზოს“.
„ამ წიგნში არის ძალიან ბევრი თავგადასავალი. ეს არის ისეთი თავგადასავლები, რომლებიც, ვფიქრობ, აღარ განმეორდება. კონკრეტული დროის სურნელი მოდის, საუნდტრეკი ისმის. ეს არის ამბავი, რომელიც ჩემს თაობას აგონებს იმ დროს, როცა ყველაზე ბედნიერი იყო და ახალ მკითხველს გააცნობს სრულიად სხვა კუთხით იმ ხალხს, რომელთანაც ახლა აქვს ურთიერთობა, როგორც უფროსთან. ეს არის წიგნი ბიჭებსა და გოგონებზე, რომლებიც არასოდეს გაიზრდებიან, ყოველთვის იქნებიან ბიჭები და გოგოები. მე მგონია, რომ ეს წიგნი ადვილად იპოვის თავის მკითხველს“ – აღნიშნა ანა კორძაია-სამადაშვილმა.
© არილი