ახალი ამბები,  ახალი წიგნები

NONFICTION – ახალი სერიის ორი წიგნი გამოიცა

„დიოგენემ“ რამდენიმე თვის წინ ახალი სერია, “NONFICTION” დააანონსა. მათი თქმით, ის, რაც სერია „NONFICTION“-ში შემავალ ძალზე განსხვავებულ ავტორებს გააერთიანებდა, იქნებოდა მაძიებელი სული, ნააზრევის მასშტაბურობა და კარგად წერის უნარი.

უკვე გამოიცა ამ სერიის ორი წიგნი – ვიქტორ ფრანკლის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ!“ და სიმონ ვეის „ღვთის მოლოდინი“.

ვიქტორ ფრანკლი, ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“, 2022, გამომცემლობა „დიოგენე“, მთარგმნელი: მაია ბადრიძე

„Washington post“-ში ვიქტორ ფრანკლის შესახებ სტატიას ასეთი სათაური აქვს: „უიმედობის შუაგულში მან იპოვა გზა, ჰქონოდა იმედი“.

იგი ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი იყო, რომელსაც სჯეროდა, რომ მნიშვნელობის განცდა და მიზანი გვაძლევს პიროვნული ტკივილების, ოჯახური ტრაგედიებისა თუ საზოგადო უბედურებებისას გადარჩენის ძალას. იმედი კი შინაგანი კომპასია, რომელიც მიმართულებას გვკარნახობს.

ფრანკლიმ თავისი იდეების განვითარება ცხოვრებაში საზრისის პოვნის გადამწყვეტი როლის შესახებ მანამ დაიწყო, სანამ ნაცისტური რეჟიმი დააპატიმრებდა და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნიდა.

სხვადასხვა ბანაკში გატარებული ოთხი წლის, ტანჯვის, შიმშილის, არაადამიანური მოპყრობისა და სიკვდილთან სიახლოვის მიუხედავად, ფრანკლი გადარჩა. გადარჩა მისი იმედიც, რომ ომის შემდეგ ოჯახის წევრებს ისევ შეხვდებოდა. საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას ფრანკლი დანარჩენ პატიმრებს აკვირდებოდა, რომლებიც შინაგანი საზრისისა და მიზნების შენარჩუნებას მაშინაც ახერხებდნენ, როცა, წესით, უნდა დანებებულიყვნენ. ამ გამოცდილებებს მასზე განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა.

მას მიაჩნდა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა არის შენი მიზანი – საყვარელ ადამიანებთან დაბრუნება, ჰოლოკოსტის ცოცხალ მოწმედ დარჩენა, რელიგიური რწმენის შენარჩუნება ან, უბრალოდ, სიცოცხლის გაგრძელება. მთავარია, გქონდეს რაიმე მიზეზი გადარჩენისთვის და ეს გააძლიერებს შენს სიცოცხლისუნარიანობას – შეეცდები გაძლებას, სიკვდილისთვის თავის არიდებას, თუნდაც მხოლოდ დროის გაყვანას და ყოველი დღე მოგცემს საშუალებას, რომ მიზანს უფრო და უფრო მიუახლოვდე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, როგორ შეიძლება, რომ გადარჩენილები დაუბრუნდნენ ცხოვრებას, თუ აღარ სჯერათ, რომ მათი ცხოვრება ღირებულია? ვიქტორ ფრანკლი გვთავაზობს ასეთი ნიჰილიზმის ანტიდოტს – განვსაზღვროთ კონკრეტული მიზანი საკუთარი თავისთვის. თუ მოვძებნით, მიზანს აღმოვაჩენთ ჩვენს ღირებულებებში, რწმენაში, გამოცდილებებსა და უნარებში, განსხვავებულ პიროვნულ და პროფესიულ ინტერესებში, საზოგადოებასა და ურთიერთობებში, რომლებსაც ვაყალიბებდით.

რაც შეეხება წიგნს „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), იგი ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ შეიქმნა. ფრაზა, რომელიც სათაურადაა შერჩეული, იმ სიმღერის ტექსტიდანაა, რომელსაც პატიმრები მღეროდნენ ხოლმე. დაღლილები მძიმე შრომისა და საკვების უკმარისობისგან, იძულებულნი იყვნენ, ეს სიმღერა შეესრულებინათ, ზოგიერთი მათგანისთვის მისი ტექსტი იმედსაც კი გამოხატავდა. თუკი ამ პატიმრებს, რომლებიც წარმოუდგენლად იტანჯებოდნენ, შეეძლოთ, რომ ამ სიტყვებში იმედი ეპოვათ, გვეკითხება ფრანკლი, ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ, რომ ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“, ყველაფრის მიუხედავად?

ამიტომაც ამტკიცებს ფრანკლი, რომ ფატალიზმი დაძლეულია და ინდივიდები ქმნიან მნიშვნელობებს. თუმცა, არ შეიძლება, ბედნიერება იყოს მიზანი. ნაცვლად იმისა, რომ ვიკითხოთ – „რას ველოდები მე ცხოვრებისგან?“, უნდა დავსვათ შეკითხვა –  „რას ელოდება ცხოვრება ჩვენგან?“. მთავარია საზრისი, მიზანი და არა ბედნიერება. სიამოვნების განცდაც სწორედ ამის გაცნობიერებიდან და მოვალეობის შესრულებიდან იბადება. თვითმკვლელობა უაზროა, რადგან არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, რა ელოდება. მეტიც, ავადმყოფობა და ტანჯვა სულიერი ზრდის საშუალებებია. აქედან გამომდინარე, მთავარია, რომ საზრისი ვიპოვოთ, რომელიც ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგვეხმარება.

სიმონ ვეი, „ღვთის მოლოდინი“, 2022, გამომცემლობა „დიოგენე“, მთარგმნელი: თამარ ლომიძე

სიმონ ვეი 1909 წლის 3 თებერვალს პარიზში დაიბადა და 1943 წელს გარდაიცვალა. მან დიდი გავლენა მოახდინა ფრანგულ და ინგლისურ სოციალურ აზროვნებაზე. ვეი ქალთა კოლეჯებში სწავლობდა ფილოსოფიას 1931 წლიდან 1938 წლამდე და ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ხელმძღვანელებთან სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის მისი სოციალური აქტივიზმის გამო.

1934-35 წლებში მძიმე ინდუსტრიული შრომის ფსიქოლოგიური ეფექტების კვლევისთვის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც აკვირდებოდა სხვა თანამშრომლებზე მექანიკური შრომის მომაკვდინებელ ზეგავლენას. 1936 წელს კი ესპანეთის სამოქალაქო ომში ჩაერთო. თუმცა მას შემდეგ, რაც დამწვრობა მიიღო, პორტუგალიაში წავიდა ძალ-ღონის აღსადგენად. მეორე მსოფლიო ომისას, პარიზის ოკუპაციის შემდეგ, ვეის საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მოუწია გადასვლა. მოგვიანებით მშობლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა, მერე კი ლონდონში ჩავიდა სამუშაოდ. გერმანული ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ფრანგი თანამემამულეების გამო ვეიმ უარი თქვა, მიეღო იმაზე მეტი საკვები, ვიდრე ოკუპირებულ საფრანგეთში ოფიციალური კვების რაციონი ითვალისწინებდა. არასწორმა კვებამ და მუშაობამ იგი ფიზიკურ ნგრევამდე მიიყვანა, საავადმყოფოში გადაყვანისას კი აღმოჩნდა, რომ ტუბერკულოზით იყო დაავადებული. ვეი სანატორიუმში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.

მის ტექსტებს თავი მოუყარეს და გამოაქვეყნეს ვეის სიკვდილს შემდეგ. როგორც ჟან-მარი პერენის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, ეს სათაური („ღვთის მოლოდინი“) იმიტომ შეარჩია, რომ სიმონისთვის ძვირფასი იყო: „მასში ხედავდა სიფხიზლეს მსახურისა, ბატონის დაბრუნებას რომ ელოდება. სათაური გადმოგვცემს დაუსრულებლობის იდეასაც, რაც იმჟამინდელი სულიერი აღმოჩენების გამო სიმონს აწამებდა“.

© არილი

Facebook Comments Box