ინგლისურიდან თარგმნა გიორგი მაჭარაშვილმა
#136
შემოდგომის მწუხრში ჩაკარგული –
უკაცო გზაა,
მიმავალი – სადღაც შორეთში…
#154
გაზაფხულის წვიმაში მდგარ
ეულ მოგზაურს,
აღარ შერჩა სამყაროში
იმედი კაცის.
#158
მატარებელი ეფეთება წარსულის ლანდებს
და კვალად ამჩნევს ნამიან მიწას
პეპლის სილუეტს.
#186
ეს გაზაფხული კვლავ მომაგონებს
ქალს სევდით აღვსილს,
უკანასკნელი შემოდგომის
შორით მაცქერალს.
#255
სევდით აღვსილი ხომალდიდან
ვერ სწვდება მზერა –
სექტემბრის ნისლში მიყუჩებულ
ნაპირის კიდეს.
#256
წარსულის ცრემლი, ნაგუბარი,
მოვარდნილი ცივ ზამთრის წვიმად,
გაშმაგებით ენარცხება სახურავს ჩემსას…
#299
მოიწევს ნისლი
და მასში ჩაფლულ შემოდგომის დღეს –
ნათლად ატყვია ნაკვალევი გარდასულ დროთა.
#306
წვიმა მოიტანს მოგონებებს
გარდასულ დროთა
და ზაფხულის მზეც გააცოცხლებს
მტვერწაყრილ ლანდებს.
#348
სექტემბრის ნისლი
უკაცო სახლის აივანზე
უხმოდ ბოგინებს…
#415
მსუბუქ წვიმაში – ყვავილების მაღაზიასთან,
ლტოლვაპყრობილი ქალიშვილი
უმანკო სულს თმობს..
#444
წერილის მოსვლამ –
მოიტანა უიმედო ქვითინი ზღვისა
და სადღაც ზემოთ გაინაბნენ თეთრი ღრუბლები.
#468
გზააბნეული დავაბიჯებ
უცნობ ქალაქში
და ვარსკვლავებიც,
ო, რა უტყვად, მიცქერენ ციდან.
#561
ნეტავ, ვიცოდე,
რა საიდუმლოს ანდობს მოხუცი –
უსასრულოდ –
ამ ზამთრის ღამეს.
#565
მსუბუქ წვიმაში
ცრემლნარევი თვალები დედის –
შერჩენია შემოდგომის უკაცო ღამეს.
#578
უკვე დაზამთრდა
და მთვარის შუქზე უკაცო სადგურს,
ჩუმი კრუტუნით ახმიანებს
ეული კატა.
#635
დაცარიელდა სანაპირო
და ამ გრძელ ზაფხულს –
ო, რა ულმობლად მიაქროლებს მატარებელი.
© არილი