პოეზია (თარგმანი)

ხორხე ლუის ბორხესი – ლექსები

 

ესპანურიდან თარგმნა სოსო ჩინჩალაძემ

 

პოეზიის ხელოვნება

მდინარეს უცქერ, რაც ჩამოაქვს დროა და წყალი,

ხვდები, მიღელავს ეს სიცოცხლეც როგორც მდინარე.

იცი, რომ ბოლოს ვქრებით ჩვენ და ყველა მდინარე,

და სახეებიც ისე ქრება, როგორაც წყალი.

 

გრძნობ, მღვიძარებაც არის ჩვენი ერთი სიზმარი

და ესიზმრება უსიზმრობა, ხოლო სიკვდილი,

კრთის რადგან მისთვის, ჩვენი გვამი არის სიკვდილი

ყოველი ღამის, სახელად რომ ჰქვია სიზმარი.

 

ყველა დღესა და წელიწადში თუ ჩანს ნიშანი,

კაცის დღეების, ანდა მისი წელიწადების,

გადააქციე უმართლობა წელიწადების,

იყოს მუსიკა, იყოს სხვა ხმა, იყოს ნიშანი.

 

თუკი სიზმარში სიკვდილს ხედავ, ნახე დაისი,

ეს ოქროსფერი მწუხარება პოეზიაა.

უკვდავია და უპოვარი – პოეზიაა,

ბრუნდება როგორც განთიადი, როგორც დაისი.

 

ზოგჯერ საღამოს არის ხოლმე, რომ უცხო სახე,

თვალებს მოგვაპყრობს მიღმიერი სიღრმიდან სარკის,

და ხელოვნებაც უნდა იყოს ნამსხვრევი სარკის,

რომ შეუმცდარად დაგვანახოს ჩვენ ჩვენი სახე.

 

როგორც ულისე, გატანჯული სასწაულებით,

ვიცით, ატირდა როცა ნახა თავის ითაკა –

საამოდ მწვანე. ხელოვნებაც არის ითაკა,

უსაზღვრო მწვანით, მცირეოდენ სასწაულებით.

 

და ხელოვნება მდინარეა მარადიული,

მიედინება, უწყვეტია, მარად იგივე

ჰერაკლიტეა ცვალებადი, თითქოს იგივე

და თითქოს უცხო, მდინარეა მარადიული.

 

კატას

სარკეებიც კი არ არიან ასე მდუმარე,

და არც თავნება განთიადი – ასე მალული,

როგორც ავაზა, უცნობი ხარ და შორეული,

მთვარის ნათელში მოჩანს შენი ყრუ არემარე.

გაურკვეველი ნაბიჯებით გეძებთ ამაოდ,

თითქოს ღვთიური კანონებით თუ რაღაც ფანდით,

უცხო ხარ ვიდრე დასავალი, მდინარე განგი,

სიმარტოვე და მდუმარება გაქვს სააქაოდ.

თანხმობას აძლევს ჩემს უქნარა ხელს შენი წელი

რომ მოეფეროს – აღიარა, არ დააყოვნა,

უსაზღვრო ხანი კი გავიდა, არ დაგვრჩა ხსოვნა,

რომ უსაქმური და საეჭვოც უყვარს ეს ხელი.

შენი ალაგი სიზმარია აუღებელი,

სხვა დროში ცხოვრობ და იმ დროის ხარ მბრძანებელი.

 

საზღვრები

იმ ქუჩებს შორის, მზესთან ერთად რომ ესვენება,

იყო ერთ-ერთი, არც კი ვიცი ზუსტად რომელი,

სადაც ბოლოჯერ ჩავიარე, თუმცა გონება,

იყო გულგრილი და რატომღაც მიუხვდომელი,

 

დაემორჩილა მას, ვინც უწინ კანონი დათქვა

და საიდუმლოს და უდრეკი საზომის შემქმნელს.

ვისაც შეეძლო ამ ცხოვრების დაშლა და ქარგვა,

ლანდებს თუ სიზმრებს და სახეებს გაუნელებელს.

 

თუკი ყველაფერს აქვს ფასი და აქვს დასასრული,

ბოლო ჯერი და აღარასდროს და დავიწყება,

ვინ იტყვის, იქნებ ამ სახლიდან ვინმე წასული,

იყო ვისთანაც მოგვიწია გამოთხოვება?

 

მიინავლება ნაცრისფერი ღამე სარკმელთან,

მოჭრილ სხივს სახლში შემოხვდება წიგნების ხვავი

და მაგიდაზე დაცემული ხვავის ჩრდილიდან,

ერთი ხომ მაინც შემოგვრჩება წაუკითხავი.

 

ქვისგან ნაჭედი ლარნაკები და კაქტუსები,

სამხრეთში არის გაცვეთილი კარი მრავალი,

ლითოგრაფია იყოს თითქოს, მხოლოდ ვეხები,

ჩახერგილი მაქვს ყოველი გზა მისკენ მავალი.

 

არსებობს სარკე, ამაოდ რომ დგას და მოგელის,

სამარადისოდ მიიხურე უცნობი კარი,

გადაშლილი გაქვს ოთხი მხარე გზაჯვარედინის,

და იანუსიც ოთხი თავით გიმზერს მღვიძარი.

 

შენს მოგონებებს შორის არის ერთი, რომელიც

აღუდგენელად, სამუდამოდ დაკარგულია.

შადრევნისაკენ დაბლა წასულს მარტოს სრულიად,

ვერ დაგინახავს მზე თეთრი და მთვარე ყვითელიც.

 

ვეღარ მოისმენ იმ სპარსელის უწინდელ ნათქვამს,

ვინც საუბრობდა ბულბულთა და ვარდთა ენაზე,

ჩამავალი მზე გაფანტვამდე ახლა შენ გაბამს,

რომ წარუშლელად განადიდო მისი სინაზე.

 

დაუშრეტელი ტბა, რონა თუ სხვა მდინარენი,

გადავლილ წარსულს და გუშინდელს – დღეს დავეხრები.

ისე გაქრება ყველაფერი ვით კართაგენი,

ცეცხლით, მარილით რომ მუსრავდნენ რომაელები.

 

შებინდებისას ხმა ჩამესმის არეულობის,

დაინავლება მითქმა-მოთქმა და მღელვარება,

ვინც მივიწყებდა ან ვუყვარდი სწორედ ის არის,

დროცა და სივრცეც და ბორხესიც მტოვებს და ქრება.

 

 

სინანული

რაც კი შემეძლო ცოდვათაგან ყველაზე ძვირი,

ის ჩავიდინე – ბედნიერი არა ვყოფილვარ.

მე დავიწყების მყინვარებზე მინდობილი ვარ,

და უმოწყალომ მათრია და გამხადა მწირი.

 

მე ამ ცხოვრების სახიფათო და მშვენიერი

თამაშისათვის გამაჩინეს ჩემმა მშობლებმა,

ჩემთვის უნდოდათ მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი,

ვერ გავუმართლე, მწუხარე ვარ და ჩემმა გზებმა

 

ახალგაზრდული საწადელი მათი გაფანტეს.

არას მქსოველი ხელოვნების გზას მიუყვება –

მის სიმეტრიულ სიჯიუტეს ჩემი გონება.

 

უშიში ვერ ვარ, უშიშრობა თუმც მიანდერძეს.

მარად თან დამდევს შავი ლანდი უბედურების,

არასდროს მტოვებს და ტვირთივით მაწევს ყოველთვის.

 

პოლკოვნიკ ფრანცისკო ბორხესის სიკვდილის გახსენება (1833-74)

როცა დავტოვე იმ მიმწუხრში შეღამებისას,

საკუთარ სიკვდილს დაეძებდა ცხენზე შემჯდარი.

მან ბედისწერის ყველა წამში ხომ ათასგვარი

სიმწარეც ნახა და ზეიმიც გადარჩენისას.

უეცრად ჩნდება და გადაჭრის დაბლობს ცხენის და

პონჩოს სითეთრე,  ვერაფერი ვერ შეაჩერებს

ფრანცისკო ბორხესს, მწუხარედ რომ მიიკვლევს მინდვრებს,

ხოლო სიკვდილი მოთმინებით შაშხანას ცდიდა.

ესაა რაც სულ გარს ეხვია – ტყვია და  სროლა,

ესაა რასაც სულ უმზერდა – პამპა ვეება,

ესაა რაც კი ჩაესმოდა მთელი ცხოვრება,

ეს იყო მისი ყოველი დღე – ომი და ბრძოლა.

თავის ეპიკურ სამყაროში დავტოვე ზევით,

და ვტოვებ თითქმის ხელუხლებელს ჩემი ლექსებით.

 

 

გულუხვი მტერი

1102 წელს, ირლანდიური სამეფოების დაპყრობისას, მაგნუს ფეხშიშველმა, როგორც ამბობენ, თავისი სიკვდილის საღამოს ასეთი სალამი მიიღო დუბლინის მეფე მუირხერტახისგან:

 

დაე, შენს ლაშქარს შეუერთდეს ოქრო და ღელვა – მაგნუს ფეხშიშველს.

დაე, ხვალ ჩემი სამეფოს ველზე შენი ლაშქრობა ნადიმად გექცეს.

დაე, შენს დიდი მმართველის ხელებს ექსოვოთ შიშის ზარივით ხმალი.

დაე, ვინც შენი ხმალი არა ცნოს, იქცეს წითელი გედის საკენკად.

დაე, მოგიკლან შენმა ღმერთებმა დიდებისა და სისხლის წყურვილი.

დაე, განთიადს შეეგებო ძლევამოსილი, მეფე რომელიც ირლანდიას ფეხქვეშ გათელავს.

დაე, იბრწყინოს ხვალინდელმა დღემ ისე როგორც შენს მრავალ დღეში არასოდეს არ უბრწყინია.

რადგანაც მაგნუს, უკანასკნელ დღეს აღამებ და მტვრად იქცევი.

რადგანაც, მაგნუს ფეხშიშველო, ამ დღის სინათლე

სანამ გაქრება, შენ გაქრები, ამას გპირდები!

© არილი

Facebook Comments Box