პოეზია (თარგმანი)

რობერტ ლოუელი – ელიზაბეთ ბიშოპი – ორი ლექსი

რობერტ ლოუელი

ელიზაბეთ ბიშოპს

მინიმალური ძალისხმევით დახატული ახალი ტილო

ნაჩქარევად მოსმული ფუნჯი, საღებავები შერეული ჩვეული ხერხით

განათებული სხვენი ფრანგული პლენერსის ნაცვლად

ალბერტ რაიდერის ქარვისფერი მთვარის დაბზარული რელიეფი

მზეზე დამწიფდა. მისი ტილოები თავიდან დაიხატა.

მისი ყველაზე მცირე ნახატიც  მკლავებს დაგაწყვეტს

ვის შეიწირავს ცხენოსანი, თუ ცხენს ლაგამს არ ამოსდებს?

გინახავს, როგორ მიცოცავს  მატლი ფოთოლზე,

ბოლოში კიდეს  ეკიდება, ჰაერში იწევს, ადის, ტრიალებს,

გრძნობს, რომ ვიღაცამ მიაღწია უცებ საწადელს? ისევ

ჰაერში კიდებ სიტყვებს, ათი წელია

კედლის პატარა დაფას აწებებ, უტოვებ ადგილს

შეუმცდარ მუზას, ჯერ უთქმელი ფრაზების

სრულყოფილად დასაწყობად?

 

თარგმნა დალილა გოგიამ

 

ელიზაბეთ ბიშოპი

ნორზ ჰეივენი

ერთი მილით შორს მე შემიძლია, გავიგონო ის ხმაური,

ზღვაში შხუნას გასვლას რომ ახლავს; შემიძლია დავითვალო

გირჩები ნაძვზე. ეს უნარი გამყვება მანამ,

რძისფერ კანს არ გადაიძრობს ფერმკრთალი ყურე; ცამოწმენდილზე

ერთადერთი ღრუბელი მოჩანს, ცხენის კუდივით მოგრძო და თხელი.

 

იმ ზაფხულს აქეთ კუნძულები სულ არ შეცვლილა,

რაც არ უნდა თავს მოვაჩვენო, ადგილიდან არცკი დაძრულან.

არადა ვხედავ ოცნების თვალით, როგორ ცურავენ

ხან ჩრდილოეთით, ხან – სამხრეთით, ხანაც – გვერდულად,

ლურჯი საზღვრების ტყვეობაში კუნძულები თავისუფლად დათარეშობენ.

 

ამ თვეში ჩვენი საყვარელი ერთი მათგანი სულ ჭრელა-ჭრულა

ყვავილებით გადაიპენტა:

წითლად ბრდღვიალებს სამყურა და ყვითლად – ბაია, მოდებულია სარეველა,

მწვანე ბალახში

თვალს აკვესებენ გვირილები – ყვითელგულები.

ჩალის ღერებსაც ვარსკვლავები ჰგონიათ თავი. „ჰგონიათ“ რაა,

უფრო მეტიც – ყვავილები დაბრუნებულან, რომ ნეტარებით მოგვიხატონ

მინდორ-ველები.

 

დაბრუნებულან ნიბლიები, ან შეიძლება ახლა ვერ ვამჩნევ და ესენი

მათი მსგავსი სხვა ჩიტებია,

ისევ გაისმის თეთრყელიანი ბეღურების ხუთნოტიანი სიმღერები, –

ვედრებას რომ ჰგავს და თვალს ცრემლს რომ გვადენს.

ბუნება თავის თავს იმეორებს, ან: იმეორებს დაახლოებით:

ჯერ იმეორებს, იმეორებს, მერე ალბათ გადაამოწმებს.

 

როგორც მითხარი, მგონი აქ იყო, წლების წინ

(1932-ში?) პირველად რომ აგეხილა ქალებზე თვალი,

ერთდროულად რომ გისწავლია ცურვა და კოცნა.

შენს სიტყვებს თუ გავიმეორებ, „მაგარი დრო“ გიტარებია, კლასიკური ზაფხული

გქონდა.

(როგორც ეტყობა,  „დროსტარება“ შენ ყოველთვის თავ-გზას  გიბნევდა … )

 

 

მაშინაც ხომ ასე მოხდა? – შენ დატოვე ნორზ ჰავენი, მის კლდეებთან ჩაშვებული

ღუზა აუშვი

და შესცურე მისტიურ ლურჯში… ახლაც, მე ვიცი, უკეთესის

იმედით გვტოვებ. რომ იცოდე, შენ ვერასოდეს გადააკეთებ, ვერ გადააწყობ ხელახლა

ლექსებს. (მაგრამ ბეღურებს შეუძლიათ ისევ სიმღერა.)

უკვე დაწერილს ვერაფრით შეცვლი, რადგან შენ თვითონ ვერ შეიცვლები, ჩემო

მწუხარე მეგობარო, ვეღარასოდეს..

თარგმნა მანანა მათიაშვილმა

© არილი

Facebook Comments Box