ესე (თარგმანი),  პორტრეტი

რობერტ ოლტმენი – კარვერთან თანამშრომლობა

ROBERT-ALTMAN-raymond carver

ინგლისურიდან თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

რაიმონდ კარვერი პროზისგან პოეზიას ქმნიდა. ერთი კრიტიკოსი წერდა, “კარვერი ბანალობის მიღმა დაფარულ უცნაურობას ააშკარავებდა”-ო, მაგრამ სინამდვილეში იგი ადამიანური საქციელის გასაოცარ იდიოსინკრაზიებს იხელთებდა, იდიოსინკრაზიებს, რომლებიც ცხოვრების შემთხვევითობებში არსებობენ. იდუმალებითა და შთაგონებით აღსავსე ადამიანური საქციელი კი მე ყოველთვის მხიბლავდა.

კარვერის ყველა ნაწარმოებს ერთ მოთხრობად აღვიქვამდი, რადგანაც მისი ყველა ისტორია – შემთხვევებია, ყველა მათგანი უბრალოდ თავს გადახდათ ადამიანებს და აიძულეს ისინი, სხვაგვარად ეცხოვრათ. ისინი უფრო იმის შესახებ მოგვითხრობენ, რაც არ იცი, ვიდრე იმაზე, რაც იცი და მკითხველი თავად ავსებს ხარვეზს, ერთმანეთისგან განარჩევს მიწისქვეშა დინებებს.

ფილმ “ნაჭრების” მოზაიკის ფორმულირებისას, რომელიც ამ ცხრა მოთხრობაზე და პოემაზე, “ლიმონათზეა” დაფუძნებული, შევეცადე იგივე გამეკეთებინა – მაყურებლისთვის ერთადერთი თვალთახედვა შემეთავაზებინა. მაგრამ ფილმი შეიძლებოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო, რადგანაც იგი ცხოვრებასავითაა: სახურავს ახდი უეზერსების სახლს და ხედავ, როგორ ხერხავს ელექტროხერხის დახმარებით სტორმი ავეჯს, შემდეგ მეორე სახურავს გადააძრობ – კაიზერებისას, უიმანებისას, ან შეპარდებისას და სხვა რაღაცეებს დააკვირდები.

კარვერის ნაწარმოებებს ძალზე თავისუფლად ვეპყრობოდით: პერსონაჟები ერთი ისტორიიდან მეორეში გადადიოდნენ, მათ სხვადასხვა ხერხებით ვაკავშირებდით, ხანდახან სახელებიც კი იცვლებოდა. და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარვერის თაყვანისმცემელი გააღიზიანა, ფილმმა მაინც სერიოზულ შედეგს მიაღწია, უპირველეს ყოვლისა მსახიობების, სცენარის თანაავტორის ფრენკ ბარჰაიდტისა და თავად კარვერის მასალის ურთიერთთანამშრომლობით.

როცა პირველად შევხვდი პოეტ ქალს, ტეს გალაჰერს, რეის ქვრივს და ფილმის გადაღების სურვილი გავუმხილე, ისიც ვუთხარი, რომ მინდოდა მოთხრობები ერთიან ქსოვილად მექცია. ინსტინქტურად დამეთანხმა და გამამხნევა, მითხრა, რომ რეი “ნეშვილის” თაყვანისმცემელი იყო, რომ მას მოსწონდა ამ პერსონაჟების უსუსურობა და ამასთანავე, მათი უნარი ცხოვრებისეულ სიტუაციებში გარკვევისა. მას ისიც ესმოდა, რომ სხვადასხვა სფეროში მომუშავე შემოქმედები თავიანთი, განსხვავებული ხედვითა და ჩვევებით გამოირჩევიან და რომ ლიტერატურული მასალის კინემატოგრაფიული ეკვივალენტი ძალზე მოულოდნელი ხერხებით მჟღავნდება ხოლმე.

რაც “ნაჭრების” სცენარის ფორმირებას, დაგეგმვასა და დაწერას მოვანდომეთ მრავალი წლის განმავლობაში, მირიადი ფინანსური პრობლემისა და მოულოდნელობის მიუხედავად, მე და ტესმა მრავალჯერ განვიხილეთ სამუშაო და განუწყვეტლივ გვქონდა მიმოწერა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში და ვგრძნობ, რომ ტესის მეშვეობით თითქოს თავად რეისგან ვიღებდი რჩევას. ფილმის შექმნაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა.

მე ყველაფერი წავიკითხე, რაც კი რეის დაეწერა და ჩემს ფილტრში გავატარე. ფილმი მისი მოთხრობებიდან აღებული მცირე ნაწყვეტებისგან შედგება. ტესი და ზოი ტრეინერი, ჩანაცვლებული დედა-შვილი, რომლებსაც ენი როსი და ლორი სინგერი თამაშობენ, ფილმს მუსიკალური ხიდებით კრავენ – ენის ჯაზითა და ლორის ვიოლონჩელით. ეს პერსონაჟები მე და ფრენკ ბარჰაიდტმა მოვიგონეთ, მაგრამ ტეს გალაჰერმა იგრძნო, რომ ისინი ბუნებრივად გამოიყურებოდნენ რეის პერსონაჟებისთვის და შეიძლებოდა მისი მოთხრობიდან, “ვიტამინებიდან” მოვლენილიყვნენ.

რაიმონდ კარვერის მსოფლხედვა – და შესაძლოა ჩემიც – ვიღაცას პირქუში მოეჩვენება. ჩვენ ორივეს ერთნაირი წარმოდგენა გვაქვს წარმატების შემთხვევითობაზე: ფინეგანების ბავშვს მანქანა დაარტყამს მოთხრობაში “აბაზანა”; კეინების ოჯახში – “ამდენი წყალი სახლთან ასე ახლოს” – მთელი აურზაური იმიტომ იწყება, რომ თევზაობის დროს გვამს აღმოაჩენენ.

ვიღაცა ლატარიაში იგებს და იმავე დღეს ამ ადამიანის დას სიეტლში, ერთ-ერთი სახლის სახურავიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცემა და მოკლავს. პირველიცა და მეორეც, ერთი და იგივეა. ბედნიერი ბილეთი ასეც ამოვიდა და ისეც. შანსები ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც თქვენს წინააღმდეგ იყო, თუმცა ერთიც მოხდა და მეორეც. ვიღაც მოკვდა, ვიღაც კი გამდიდრდა.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოქმედების ადგილი წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ კალიფორნიაში გადავიტანეთ, იმაში მდგომარეობდა, რომ გვინდოდა მოქმედება დაბებში განვითარებულიყო, სადაც პერსონაჟებისთვის გაცილებით ადვილი იქნებოდა შეხვედრა. მოქმედების ადგილი – რუკაზე ჯერ კიდევ დაუტანელი ლოს-ანჯელესი, ასევე კარვერის ქვეყანაა; არაა არც ჰოლივუდი და არც ბევერლი-ჰილზი, არამედ დაუნი, უოტსი, კომპტონი, პომონა, გლენდეილი, ამერიკული დაბები, რომელთა შესახებაც მხოლოდ ავტოტრასებზე მომხდარი შემთხვევების გამო გვესმის ხოლმე.

ფილმში ოცდაორი ძირითადი მსახიობი თამაშობს: ენ არჩერი, ბრიუს დეივისონი, რობერტ დაუნი უმცროსი, პიტერ გელაჰერი, ბაკ ჰენრი, ჯენიფერ ჯეისონ ლი, ჯეკ ლემონი, ჰიუი ლუისი, ლაილ ლოვეტი, ენდი მაკდაუელი, ფრენსის მაკდორმანდი, მეთიუ მოდაინი, ჯულიანა მური, კრის პენი, ტიმ რობინსი, ენი როსი, ლორი სინგერი, მედლენ სტოუ, ლილი ტეილორი, ლილი ტომლინი, ტომ უეიტსი და ფრედ უორდი – და ყველა მათგანმა ძალზე გაამდიდრა ფილმი, ვერც კი ვიოცნებებდი ასეთ საინტრესო და მრავალფეროვან ეკრანიზაციაზე. ცხადია, ამგვარი შედეგი ფილმ “ნაჭრების” საძირკვლის, თავად კარვერის მოთხრობების დამსახურებაცაა მნიშვნელოვანწილად.

ამ მსახიობთაგან მხოლოდ სამი თუ ოთხი ჩნდება ეკრანზე ერთდროულად, რადგანაც ყოველ კვირას რომელიმე ახალ ოჯახთან დაკავშირებულ რაღაც ახალი ისტორიის გადაღებას ვიწყებდით. მოთხრობები ყველას დავურიგეთ, ბევრმა რეის სხვა ნაწარმოებიც წაიკითხა. პირველები პიგოტების ოჯახი გადავიღეთ, ერლი და დორინი ტომ უეიტსისა და ლილი ტომლინის შესრულებით. ამ მსახიობებმა იმდენად შესანიშნავად ითამაშეს, რომ შიში გამიჩნდა… თუმცა კი ამ დონეს მალე ყველა დანარჩენმაც მიაღწია, როლი გაითავისა და ჩემი ეჭვებიც გააქარწყლა.

პერსონაჟები ფილმში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ჰყვებიან პატარ-პატარა ისტორიებს თავის შესახებ. ამ ამბავთაგან ბევრი თავად კარვერს ეკუთვნის, ბევრი პერიფრაზია, ან მისი მოთხრობებითაა შთაგონებული და ამიტომაც ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, არ დავშორებოდით მის სამყაროს, მიუხედავად ფილმის შექმნის ჯგუფური პრინციპისა.

მსახიობებმაც კარგად იცოდნენ, რომ ყველა ის წვრილმანი, რაზეც კარვერის ადამიანები საუბრობდნენ, არ იყო მთავარი. ყველა ელემენტი მყარი ჩანდა. მათ შეეძლოთ ნებისმიერ რაიმეზე ესაუბრათ. არ მინდა ვამტკიცო, რომ ენა უმნიშვნელოა, უბრალოდ, აუცილებელი არაა თემად იქსი, იგრეკი ან ზეტი ავიღოთ. იგი შესაძლოა ქიუ, პი ან ეიჩიც იყოს.

მათი რეაქციით იმაზე, რასაც ლაპარაკობენ, განისაზღვრება, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. სცენა მათი საუბრის წყალობით როდი არსებობს, არამედ იმ ფაქტის გამო, რომ ისინი ამ სცენას თამაშობენ. ამიტომაც მნიშვნელობა არა აქვს, რაზე საუბრობენ, არაქისის ზეთით ბუტერბროდის დამზადების წესებზე თუ მეზობლის მოკვლაზე; შინაარსი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც ის, რასაც ეს პერსონაჟები გრძნობენ და აკეთებენ ამა თუ იმ სიტუაციაში.

წერა და ფილმის გადაღება – აღმოჩენის აქტებია. ბოლოს რჩება ფილმი და მოთხრობები და მხოლოდ იმედს თუ იქონიებ, რომ მათ შორის კონტაქტი შედგა. თუმცა, “ნაჭრების” გადაღებისას ბევრი რამ უშუალოდ ჩემი შეგრძნებიდან მომდინარეობდა, რომელიც ცხადია, განსხვავდებოდა კარვერისგან. მე ვიცი, რეი კარვერი გაიგებდა ჩემს მდგომარეობას, როცა იძულებული გავხდი, გავცდენოდი მისი პატივისცემის საზღვრებს. ფილმში რაღაც ახალი მოხდა და შესაძლოა, სწორედ იგია პატივისცემის ნამდვილი ფორმა.

მაგრამ ყველაფერი მაინც აქედან დაიწყო. ამ გვერდების ფურცვლისას, როცა უბრალო მკითხველი ვიყავი და ამ ცხოვრებებს საკუთარ თავს ვარგებდი.

ნიუ-იორკი, 1993

© არილი


[1] რობერტ ოლტმენი (დაიბადა 1925 წელს) – სახელგანთქმული ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი. წერილი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, წინ უძღვის რაიმონდ კარვერის მოთხრობების კრებულს “ნაჭრები”. ფილმი ამ მოთხრობების მიხედვით 1993 წელსაა გადაღებული, წარდგენილი იყო ოსკარის პრემიაზე. ვენეციის კინოფესტივალზე გადაეცა მთავარი პრიზი.

Facebook Comments Box