პოეზია (თარგმანი)

რობერტ ფროსტი – ლექსები

ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა

მიუხედავად იმის, რომ პოეტების დიდ ნაწილს პოეზია უთარგმნელად მიაჩნია, სინამდვილეში ლექსი, რომელიც გამოცდილ მთარგმნელს ხელიდან გაუსხლტება, საკმაოდ იშვიათია; ოღონდაც არა უდიდესი ამერიკელი პოეტის, რობერტ ფროსტის, შემოქმედებაში. ის, რაც ფროსტის პოეზიას თარგმანისათვის (ყოველ შემთხვევაში, ქართველი მთარგმნელობითი ტრადიციისათვის) ლამის მოუხელთებელს ხდის, მისი წარმოუდგენელი, გამჭვირვალებამდე მისული სისადავეა: საკმარისია, ერთი მაღალფარდოვანი პოეტური ხატი, ერთი არქაული თუ სტილიზებული დეტალი ან უბრალოდ მოუხერხებელი რითმა თუ არაბუნებრივი სინტაქსური წყობა, რომ ორიგინალთან ემოციური ეკვივალენტობა დაიკარგოს. მედეა ზაალიშვილის ის თარგმანები, რომლებსაც დღევანდელ ნომერში შემოგთავაზებთ, სწორედ დედნის ტოლფარდი სისადავითა და სიფაქიზით გამოირჩევა.

არც თავად ამ პუბლიკაციის შექმნის ისტორიაა პოეტურობას მოკლებული. მედეა ზაალიშვილი, რომელმაც უამრავ სხვა ნაწარმოებთან ერთად მკითხველს ქართულ ენაზე შექსპირის ,,ვენერა და ადონისი“, იეიტსის ,,კელტური მიმწუხრი“ და ფოლკნერის ,,სული რომ ამომდიოდა“ აჩუქა, ერთ-ერთია იმ არაჩვეულებრივ ადამიანთაგან, რომლებიც მთელი ცხოვრება დაუღალავად, დაუყვედრებლად და დიდი სიამოვნებითაც ემსახურებიან საქმეს, რომლის ნამდვილი სიდიადეც, ძირითადად, მხოლოდ ათწლეულების გადმოსახედიდან მოჩანს ხოლმე, მას შემდეგ, რაც ლიტერატურა თაობების მსოფლმხედველობას შეუცვლის გეზს. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ქალბატონ მედეას აღარ შეუძლია იმ წიგნების წაკითხვა, რომლითაც მისი ოთახი და მთელი მისი ცხოვრება არის სავსე, ამიტომაც ლექსის სტრიქონებს უკითხავენ და ისიც ასე ,,სმენით“ თარგმნის და კარნახობს თავის ახალგაზრდა ასისტენტს, როგორც ლექსომ (დორეულმა) თქვა, ბორხესის მსგავსად.

ასე რომ, ძვირფასო მკითხველო, თქვენ ამ პუბლიკაციაში არა მხოლოდ ამ მშვენიერ ლექსებს ეცნობით, არამედ (თარგმანის შესახებ ცნობილ ,,ფრთიან“ ფრაზასაც რომ გადავწვდეთ) ამბავს იმისა, თუ როგორ დარჩა ლამაზი ქალი ლიტერატურის ერთგული.

                                                                   ანა კოპალიანი

და ოქროსფერიც ვერ ძლებს და ქრება

ოქროსფერ კვირტებს აჩენს ბუნება,

მაგრამ ძნელია ამ ელფერის შენარჩუნება,

ადრეულ ფოთლებს ბადებს ყვავილი

თუმც მისი ჟამი მალე გაივლის.

ფოთლები ცვივა, მიწას ედება

და მწუხარება იგრძნო ედემმა,

დაისი მიდის და დღე თენდება

და ოქროსფერიც ჩაიფერფლება.

ცეცხლი და ყინული

ზოგნი ამბობენ, დედამიწას გადაწვავს ცეცხლი,

ზოგნი ამბობენ, შთანთქავს ყინული

და თუ სურვილის მე რამე მესმის,

მივემხრობოდი ვისაც სწამს ცეცხლის.

მაგრამ თუ ორჯერ უწევს გაქრობა,

მე ავირჩევდი მოყვარულთ ცეცხლის.

ვიცი, რაც არის ეს  ზიზღის გრძნობა,

რომ ვთქვათ, ყინულიც საკმარისია,   

ის  შეასრულებს

თავის მისიას.

შემოდი

როცა ტყის პირას მივაღწიე

შაშვი გალობდა – ყური დავუგდე!

გარეთ ბინდბუნდი ჩამომდგარიყო

და მწუხრს კი ტყეში დაედო ბუდე.

ისე ბნელია ჩიტისთვის ეს ტყე,

რომ ზის უძრავად, ფრთებჩამოყრილი

თუმც ურჩევნია, რომ ტოტზე იჯდეს

და ტყეს მოჰფინოს გალობა ტკბილი.

ჩამავალი მზის მიმქრალი სხივი

ამოეფარა დასავლის სივრცეს,

კიდევ ერთ ხმატკბილ ჰანგად გადიქცა

და შაშვის გული ამღერდა ისევ.

შორს კი შეიჭრა გალობა მწუხრში

სევდიან ჰანგებს რომ მაგონებდა.

თითქმის მოჰგავდა ძახილს – შემოდი!

შემოუერთდი მწუხრს და გოდებას.


მე კი მერჩივნა ვარსკვლავთა მზერა ,

ტყეში შესვლა კი არაფრით მსურდა,

მაგრამ იქ მაინც არ შევიდოდი,

ვინმეს რომ ჩემთვის ეთხოვა თუნდაც.

გვიანი გასეირნება

როცა გავივლი გათიბულ მინდორს,

თავმოცელილი ნარჩენი რბილი

ჩალასავით რომ დაფენილა, ცვრით დანამული,

ნახევრად ფარავს ბაღნარის ბილიკს.

და თავად ბაღს რომ მივაღწევ, მაშინ

გამოვაფხიზლებ მძინარე ჩიტებს,

აფრინდებიან სარეველას მჭკნარი გროვიდან,

ეს ყველაფერი მეტ სევდას იტევს.

კედელთან ხე დგას ტანშეძარცვული,

და შერჩენილი ტოტზე ფოთოლი

თითქოს აღელდა ჩემს მწუხარ ფიქრით

მოსწყდა და ნელა დაეშვა თრთოლვით.

და ეჭვი არ მაქვს, უფრო შორს წავალ,

მოვწყვეტ გაცრეცილ, ფერწასულ ტიტას

და ბოლო ყვავილს

შენთან მოვიტან.

უდაბური ადგილები

თოვლიც მოდის და მწუხრიც მოდის, ოჰ, რარიგ ჩქარა,

გზად თვალი მოვკარ იმ ველს, თოვლმა რომ გადაფარა

გადათეთრებულ მიწაზე კი აქა–იქ მოჩანს

სარეველა და ნამკალი რომ ამოიყარა.

ირგვლივ მიდამო დაეფარა გარემოს ტყიანს,

და ცხოველები ბუნაგებში უმწეოდ ყრიან,

თითქოს მეც სული დაცლილი მქონდა

და უცაბედად მარტოობამ მეც ჩამითრია.

რაც უფრო ღრმაა სიმარტოვე,

თვით უწინდელზე მეტ კვალსა ტოვებს,

უფრო ბნელია ეს სითეთრე ღამეულ თოვლზე,

ვერაფერს ამბობს გამოსათქმელს, რადგან ვერ ჰპოვებს.

მე ვერ დამაფრთხობს ველი ბნელი და უსიერი,

ვარსკვლავთა შორის არც კი მოჩანს ძე ხორციელი,     

ეს ყველაფერი კი ჩემშია, ჩემს სახლთან ახლოს,

არ მეშინია ჩემი სულის სიცარიელის.

თიბვა

მხოლოდ ერთი ხმა თუ არღვევდა ტყის მდუმარებას,

ჩასჩურჩულებდა მიწას ჩემი ნალესი ცელი,

რას ჩურჩულებდა? არც კი ვიცი ამის პასუხი.

ალბათ ჩურჩული ეხებოდა მზის მცხუნვარებას,

ან ხმას, რომელსაც არ გამოსცემს მიდამო ვრცელი–

საუბრის ნაცვლად აირჩია მხოლოდ ჩურჩული.

და არც ოცნება, რომ თუნდ წამით მოეთქვა სული,

ან მორთმეული ელფის ხელით თუნდ ოქრო უხვი,

უძლურად მოჩანს, თუნდაც იყოს სიმართლე სრული,

ანდა ჭაობში ჩაძირული თვით სიყვარული,

და ნაზი ყლორტი ყვავილების, ფერგადასულის,

(გადაცრეცილი ორქიდეა), დავაფრთხე გველი,

საქმე ის არის, გარჯას მოსდევს ოცნება სრული,

დაფარა ჩალით ჩემმა ცელმა ნათიბი ველი.

ვარსკვლავები

რა ურიცხვია მათი მრევლი,

მათ ქვემოთ თრთიან თოვლიანი შემოგარენი,

ფიფქთა სვეტები გვანან მაღალ, ტანაყრილ ხეებს,

რომ ირხევიან, როცა ქრიან ზამთრის ქარები.

როგორც სიმძაფრე ჩვენს ბედისწერის

გაუბედავი ბორძიკით დადის, 

სულის მოთქმა და თოვლის ნარჩენი

რომ იფერფლება ჟამს განთიადის.

არც სიყვარულს და არც სიძულვილს არ ამჟღავნებენ,

თოვლივით თეთრი ცის ვარსკვალები,

ნათელს აფრქვევენ, თუმც ვერ ხედავენ

როგორც მინერვას მარმარილოს ცივი თვალები.

მთვარის თავისუფლება

თვალი მოვკარი ახალ მთვარეს ტოტებში ხეთა,

ფერმის ირგვლივ რომ აზიდულან ღამეულ ნისლში

თითქოს ასულის დალალებში სამკაულს ვხედავ,

და შევიგრძენი სრულყოფილი მშვენება მისი.

თუმცა მარტოა, მაგრამ ერწყმის, ვით მოსართავი,

სადაც ლივლივით ედინება ანკარა წყალი. 

და ყველგან მომდევს ელვარება და ბრწყინვა მისი,

შეღამებისას, როცა შარას მივყვები ნელა

და ამით თითქოს ხის დახლართულ ტოტთაგან ვიხსნი

და მიმაქვს იმ წყლის ზედაპირთან, ოდნავ რომ ღელავს.

მას შიგ ჩავუშვებ, მისი სახე ნაკადს ერევა,

იღვრება ფერი,  საოცრების მთელი მშვენება. 

აღიარება

მილეული მზე როცა სხივებს დააფენს ღრუბელს,

მიექანება უფსკრულისკენ და თანაც იწვის

და ბუნებაში იდუმალი სიჩუმე სუფევს,

მაშინ რა ხდება. ალბათ, მხოლოდ ჩიტმა თუ იცის,

როგორ ერევა ცის ნათელი სიბნელეს ღამის

და თავის გულში შეფარულად თუ რას ჩურჩულებს,

ერთი ჩიტი კი ღამეს უმზერს დაბინდულ თვალით,

მეორე ილტვის მიაღწიოს შორეულ ბუდეს,

გადაუფრინოს ჭალას თავზე, მიუსაფარნი

ისწრაფვიან , რომ ნაცნობ ხესთან მიფრინდნენ მალე.  

თან გალობენ და ჭიკჭიკებენ: „ფრთხილად იყავით,

დაე, ჩემ ირგვლივ უფრო ბნელი ჩამოდგეს ღამე,

ღამე უკუნი, მომავალი დადგება ოდეს,

და ის, რაც არის  მოსახდენი, დაე, ის მოხდეს. 

ძველი თოვლის ნარჩენი

შემორჩენოდა თოვლის ფთილა ერთ–ერთ კუთხეში,

გაზეთის ნაგლეჯს მივამსგავსე  და მერე წვიმამ

ერთიანად რომ დაასველა და გაჟღენთილი,

დაბლა, მიწაზე რომ დააფინა.

და ზედ ლაქებად დასდებოდა მტვერი და ჭუჭყი

თითქოს და უკვე წაშლილიყო ყოველი ასო,

თითქოს იმ ახალ ამბებს ჰგავდა,  ჩემგან წაკითხულს

რომელიც უკვე აღარც კი მახსოვს.

შეხვედრა და განშორება

გორაკს ჩამოვყევ და კედელს რომ მივდიე, მაშინ

მიმოვიხედე და ნაცნობი დამხვდა ჭიშკარი,

შემოვტრიალდი და როდესაც თვალი მოგკარი,

შენ გორაკს აჰყევ და მე მაშინ შემომხვდი გზაში,

და სწორედ მაშინ შევურიეთ ერთი დიდი და 

ერთი პატარა ნატერფალი ზაფხულის მტვერში, 

თითქოს დავხატეთ სხეულები ჯერ ერთით მეტი,

ორზე ნაკლები და ქოლგის წვეტი

ღრმად ერჭობოდა მიწაში და ჟამს საუბრისას

მიწას დასცქერდი და ქრებოდა ღიმილი მტვერში,

(და ეს კი ჩემში არ აღძრავდა ფიქრს ცრურწმენისას!)

მე შენგან გავლილ ბილიკს დავადექ,

შენ კი დაადექ ჩემს გავლილ ბილიკს.

ოქტომბერი

ო, მშვიდ ოქტომბრის დილავ, მდუმარევ,

მომწიფდა ჟამი ფოთოლთა ცვენის,

თუ ხვალ მოუხმობ შენს ველურ ქარებს,

წაიღებს ფოთლებს, ტოტზე შერჩენილს.

ჭილყვავთა გუნდი ტყეს დასტრიალებს,

ხვალ გაქრებიან ციდან უკვალოდ

ო, ოქტომბრის დღევ, როცა იალებ,

გაიწელება დღე უღიმღამოდ.

დღე მოგვაჩვენე ხანგრძლივად;

ცდუნების უნარს ნუ დაგვიკარგავ,

როგორც გჩვევია, ისე გვაცდუნე,

მოწყვიტე ერთი ფოთოლი თუნდაც

აისზე, ერთიც ჟამს შუადღისას,

ხან ამ და ხან კი შორეულ ხიდან,

დე, მზე შებურო მსუბუქი ნისლით,

ამეთვისტოსფრად მოხატე მიწა.

ნუ, ნუ იჩქარებ!

თუნდ იმ ვაზისთვის, ყინვამ რომ ირგვლივ

შემოაცალა ფოთლების წყება

და მაინც შერჩა მტევნების რიგი

კედელს, ქარვისფერ აკიდოებად.

დაბრუნება საკუთარ თავთან

ერთი ნატვრა მაქვს, – იმ ხეებს მრუმეს,

ჟამთასვლით ნაცადს, ბუდეს ქარების,

მსურს, ავსებოდეთ ბებერი უბე,

სიბნელის ნაცვლად, იდუმალებით.

და თუ ოდესმე თავს ვეღარ დავძლევ

და გავიჭრები ტყესა და ღრეში,

უშიშრად გავალ იმ შარაგზაზე,

ბორბლებს რომ დასდით ქვიშა და ხრეში.

ზურგს არ შევაქცევ, ვინც ჩემთან ერთად

ამ გზებს გაივლის და სხვებსაც ვუწყი,

რომ ის დავრჩები, რაც ვიყავ უწინ

და ვინც მიყვარდა, ის მიყვარს დღესაც.

ჩემში ცვლილებას ვერავინ ნახავს

და რაც კი მწამდა, ისევ მწამს ახლაც.

თოვლის ნამქერი

დაფრინდა ყვავი

კონიოს ხეზე,

შეირხა ტოტი,

თოვლის ნამქერი

დამეფრქვა მხრებზე.

თითქოს სიამით

შეტოკდა გული

და მწუხრი დღის

ერთ ნაწილს მაინც

ჩამოეცალა აჩრდილი ურვის.

ცისფერი პეპლების დღე

გაზაფხულია და დღე დგება ცისფერ პეპლების,

ციურ ფიფქებად ფარფატებენ წყებად და წყებად

და მათი ფრთების აუმღვრევი და წმინდა ფერი,

არ დასტყობიათ გაზაფხულის ყვავილებს ჯერაც.

მფრინავ ყვავილებს გვაგონებენ, არ კი გალობენ,

მერე იცხრობენ ფრენის სურვილს და ფრთებდახრილნი

ქარს ირიდებენ, დასერილ გზის გაცლას ლამობენ,

მაგრამ, ამაოდ, აკვდებიან ჭაობს აპრილის.

პაწაწინა ჩიტი

პატარა ჩიტი სახლის მახლობლად

შეუჩერებლივ მთელ დღეს გალობდა.

კარი გავაღე უეცრად მაშინ,

მის დასაფრთხობად შემოვკარ ტაში.

რომ დავაშავე, ჩემთვის იყო ეს ცხადზე ცხადი,

და პატარა ჩიტს გალობისთვის ვერ გავკიცხავდი.

და რომ შევცოდე, ეს გულით მჯერა,

დასანანია, თუ ჩაახშე ტკბილი სიმღერა.

პატარა ჩიტის გახსენება მზის ჩასვლისას, ზამთარში

დასავლის მხარე განიძარცვა ოქროსფერისგან,

ჰაერის სუნთქვა კი სიცივეს ვერ განერიდა,

როცა თოვლიან გზას დავადექ, სახლთან რომ მიდის

თითქოს შევნიშნე, რომ უეცრად დაფრინდა ჩიტი.

ზაფხულში, როცა მე ვიდოდი იმავე გზებით,

შევჩერდებოდი და ჩემს მზერას ვაპყრობდი ზევით,

ის ანგელოზის ლამაზ ხმას ფლობდა

და განუწყვეტლივ ტკბილად გალობდა.

ახლა იმ ჩიტის არ ჩანდა კვალი

და ტოტს კი შერჩა ფოთოლი მჭკნარი,

სხვა არაფერი აღარსად ჩანდა,

ფოთლებდაცვენილ იმ ერთ ხის გარდა.

თანდათან ბორცვი რომ ავიარე,

გავიფიქრე, რომ ყინვა მჭვირვალე 

თოვლს მყინვარებას უფრო მატებდა

ოქროსფერ შუქით  ავარაყებდა.

ფუნჯი, რომელიც მრუდ ხაზებს ჰქმნიდა,

ღრუბლის ქულისგან და თეთრ ნისლისგან.  

ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ცა ცისფრად კრთოდა

შორს კი ვარსკვლავის სუსტი შუქი გამოსჭვიოდა.

საამო საათები

მე ჩვეულებრივ ვსეირნობდი ზამთრის საღამოს,

არავინ იყო, მესაუბრა მასთან საამოდ,

და მხოლოდ მწკრივად ჩამყვებოდა კოტეჯთა წყება

ირეკლებოდა თოვლზე სარკმლის შუქთა ნათება.

და მე ვფიქრობდი, ხალხი იყო იმ კედლებს მიღმა:

თანაც ისმოდა შორეული ვიოლინოს ხმა;

მაქმანიანი ფარდის იქით მოვკარი თვალი, 

რომ იქ ეპოვათ ახალგაზრდებს თავშესაყარი.

რადგან ასეთი ხალხმრავლობა იყო ჩემ ირგვლივ

ვიარე, სანამ არ დავტოვე კოტეჯთა რიგი.

უკან დავბრუნდი, რადგან წასვლა ვინანე ბოლოს,

ფანჯარა გაქრა და შემომრჩა სიბნელე მხოლოდ.

ხრაშუნა თოვლზე ფეხის ხმა ჩუმი,

მთვლემარე ქუჩის არღვევდა დუმილს,

თითქოს ვტოვებ და არაფრად არ ვთვლი,

საღამოს საათს ამ ცივი ზამთრის.

ახლა ჩარაზეთ სარკმელები

ყველამ ჩარაზეთ დღეს სარკმელები და დაადუმეთ ირგვლივ მინდვრები,

თუ ირხევიან გარეთ ხეები, დაე, ტოტები ტოკავდნენ ოდნავ:

ახლა ფრინველიც კი არა გალობს და თუკი სადმე გაშალა ფრთები,

ეს ჩამითვალეთ მხოლოდ ჩემს ცოდვად.

დრო გავა, ვიდრე კვლავ აღსდგება ლერწამთა წყება,

მოფრინდა ჩიტი, მე კი მოსვლა ვერ მოვასწარი:

დახშულ სარკმელში ქარი ვეღარ შემოიჭრება,

მაინც შეამჩნევთ, როგორ დაქრის გარშემო ქარი.

დაბადების ადგილი

საკმაოდ მაღლა, ციცაბო მთაზე

მამამ, მომავლის იმედით სავსემ,

სახლი ააგო წყაროსთან ახლოს,

კედლების ჯაჭვი გარს შემოავლო,

მერე დაფარა ბალახით მიწა,

ამით ცხოვრებას სხვა ფერი მისცა.

გოგო–ბიჭები მრავალნი ერთობ,

სიცოცხლის ხალისს მატებდნენ ფერდობს.

თვითეულ ჩვენგანს, ცოტა ხნით მაინც,

თავის ღიმილით შეჰმატებს ხალისს.

მას აღარც ახსოვს სახელი ჩვენი,

(და გოგონებმაც იცვალეს ფერი.)

ჩვენ ჩამოვშორდით მის კალთებს მარად

და მთის ფერდობი ტყემ გადაფარა.

To Earthward

მიწისკენ

სიყვარულია ტუჩთა შეხება

და ასატანად ზედმეტად ტკბილი,

და თუ ვიგრძობდი მე ზედმეტ გზნებას,

თითქოს ეს იყო ცაში ლივლივი.

ამან მომწყვიტა ყოველგვარ სიტკბოს,

მუშკის შეფარულ სუნს რომ ედება,

დაფარა ყურძნის ნაჟურმა თითქოს,

ბინდისას ბორცვს რომ დაედინება.

ტკივილს ვგრძნობდი და თავბრუს მახვევდა

როს ვაგროვებდი მე წერწას რტოებს,

ყვავილთა კონა,  ცვარს რომ აფრქვევს და

თან ხელის გულზე ნაკვალევს ტოვებს.

მსურდა, შემეგრძნო მე მძაფრი სიტკბო

ყრმობისას სიტკბოს ჟამი კი ვერ კლავს,

ვარდის ფურცელი გადმექცა თითქოს

უმწვავეს ეკლად.

და თუ სიხარულს შემოაკლდა გემო მარილის,

თუ არ შეუჩნდა ტკივილი მწარე,

და თუ შეიგრძნობს დანაშაულს სული დაღლილი,

 და თუ ერევა მწუხარე თვალებს

ცრემლი, რომელიც სულ მუდამ თან სდევს,

ზედმეტ სიყვარულს, გულში ანთებულს,

სულის სიმწარე, ტკივილს რომ ბადებს,

და როცა მიხაკს, ცეცხლმოკიდებულს,

ვხედავ წუხილით და სიმძიმილით, 

ვშიშობ, ჩემს ხელებს რომ  ვერ გაუძლებს,

არ მსურს,  დავთრგუნო ჩემი სიმძიმით,

და ღრმად ქვიშაში არ ჩავფლა უცებ.

მე ძალის ქონის არ ვკარგავ იმედს,

თუმც ტკივილი მაქვს გულს ჩახვეული,

მინდა შევიგრძნო მიწის სიმძიმე

მთელი სხეულით.

ვარდის ოჯახი

ვარდი ვარდია

და მარადჟამს დარჩება ვარდად.

ვაშლს, მსხალს და ქლიავს

რა ვუწოდო სხვა ვარდის გარდა.

ჩემმა ძვირფასმა ეს იცის კარგად,

თუ მომავალში რას ჩავთვლით ვარდად.

შენ, რა თქმა უნდა, ხარ ჩემი ვარდი, 

ჩემთვის რჩებოდი ყოველთვის ვარდად.

ხეების ხმა

ვეხეტებოდი მე ხეებს შორის,

ნეტავ, რად გვიპყრობს შრიალი მათი,

როცა ჩაგვესმის  ხმა მარადისი,

სხვა ხმებზე მეტად

იქ, სადაც ჩვენი გვაქვს საცხოვრისი?

ჩვენ გვიპყრობს განცდა ყოველდღიური,

ჩვენი ნაბიჯის ხმა ვიდრე ისმის,

ჩვენ გვეუფლება უნარი სმენის

და გვიპყრობს ლხენა გაუსაძლისი.

თითქოს აქვთ ნატვრა უსაზღვრო სივრცის,  

თუმცა რჩებიან იმავ ადგილას;

და ვინც საუბრობს, იმან ხომ იცის,

ზრდის დროს მატულობს უნარი სიბრძნის

და ეს კი ნიშნავს დარჩენას იქვე.

ტერფით ვეხები იატაკს როცა

და თავს ვაქანებ მე აქეთ–იქით,

რადგან მიტაცებს ხეების რწევა,

რომელიც ჩემი სარკმლიდან მოჩანს.

მე, ალბათ, იქით გავეშურები,

და უგუნური აზრი შემიპყრობს,

როს მოჰყვებიან ხეები შრიალს,

სურთ, რომ გაფანტონ  თითქოს ღრუბლები,

და ირწევიან, როს ქარი უხმობს,

უკვე აღარ მსურს მე საუბარი

და წავალ უხმოდ.

ცად დაკარგული

წვიმების წყარო, რუხი ღრუბლები, ბობოქარ ღამით

უხვი ცვარ–ნამით ავსებდა სივრცეს,

რასაც ველოდი მწყურვალე თვალით,

ცად იმავ ნიშანს ვეძებდი ისევ.

მიმოფანტულან  ვარსკვლავები ზეცის სივრცეში,

თანავარსკვლავედს მოსწყვეტოდა ყველა მათგანი,

მათ სუსტმა კრთომამ ძველი გრძნობა ვერ აღძრა ჩემში,

უმადურ შიშის ეს არ იყო ხმა შინაგანი.

ოხვრა აღმომხდა, თავი რომ ვცან მე დაკარგული,

„სად, სად ვარ, ზეცავ? ნურას მეტყვი, პასუხს არ ველი!

ღია ღრუბელო, გადაიხსენ, გამიღე გული

რომ დაკარგულმა ზეცად ვპოვო მე საფარველი.

 ჩემი ნოემბრის სტუმარი

ჩემი წუხილი, ვგრძნობ, როდესაც ჩემ ახლოს არის,

და ის ფიქრობს, რომ შემოდგომის დღე წვიმიანი

სიმშვენიერით ძველ დღეების არის სადარი;

მას გაძარცვული, ხე უყვარს მჭკნარი;

გადაიარა წვიმით სველი გზა საძოვარის.

თუ რამ უხარის, ნებას არ მრთავს, რომ დავრჩე წამით,

მე ვიმახსოვრებ, რა ეამა, რამ გაახარა:

და ჩიტები რომ მიფრინავენ, ის ტკბება ამით,

მას სიამოვნებს, რომ უბრალოდ მისი ჭაღარა

ვერცხლისფრად ბზინავს, ეკიდება როდესაც ნამი.

წყება ვერან და მარტოსულ ხეთა,

მძიმე ზეცა და დედამიწა, გულგამომშრალი, 

და ყველაფერში ჭეშმარიტად მშვენებას ხედავს,

ფიქრობს, არა მაქვს ამ ყველაფრის ნახვის უნარი

მაღიზიანებს ყველაფერი და მტანჯავს მეტად.

არ შემიცვნია მხოლოდ გუშინ ეს ყველაფერი, 

არც სიყვარული გაშიშვლებულ ნოემბრის დღეთა,

ვიდრე ზეციდან არ დაეშვნენ ფიფქები ფრენით,

ამაო იყო მაინც მისთვის, რაც უნდა მეთქვა,

თუმც მის საქებრად უკეთესი სად ვნახო დღენი.

გაზაფხულის გუბეები

ტყის სიღრმეებში გუბე ზეცას ირეკლავს ისე,

რომ ნაკლიც არ აქვს არეკლილ სივრცეს.

ყვავილებივით, მის ირგვლივ რომ სიცივით თრთიან,

სხვა ყვავილებიც მათ მახლობლად ჭკნებიან უცებ,

თუმც ნაკადული და მდინარე ახლოს არ დიან, 

ფესვები მაინც ამოყრიან მუქ მწვანე ფურცლებს.

ხეების ტოტებს ეფინებათ კვირტი უნებურ,

რათა ზაფხულში ტყით დაბურონ მთელი ბუნება.

დრო დასჭირდებათ, რომ აღგავონ საკუთარ ძალით,

და შეისრუტონ საბოლოოდ წვეთი ყოველი,

წყლით დაფარული ყვავილები, ყვავილთა წყალი,

გუშინ რომ დადნა, თოვლი თეთრი, ფიფქის მთოველი. 

Carpe Diem [1]

მოხუცებულმა დაინახა მშვიდი ბავშვები

ერთურთის გვერდზე სიყვარულით ვიდოდნენ მწუხრში,

იქნებ, სახლისკენ მიდიოდნენ, არც ეს იცოდა,

ანდა უნდოდათ, რომ გასცლოდნენ სოფლის მიდამოს,

ან ისწრაფოდნენ, ტაძრის ზართა ხმა რომ ისმოდა.

ის წამით შედგა (ისინი ხომ იყვნენ უცხონი),

თუმცა შორს მყოფნი, ყურს ვერ მოჰკრავდნენ,  

თუ რა უსურვა.

„ბედნიერებას გისურვებდით, ბედნიერებას,

და, დაე, ეს დღე თქვენთვის იყოს ლხენის მომტანი.“

ძველთაგან თქმული ხანდაზმულთა არის ეს სიბრძნე,

ლექსები მუდამ სავსეა ამ მარადისობით,

თან მოსდევს ჰანგი ვარდების კრეფას,

რომ ამცნოს საფრთხის სიახლოვე,  თუკი ვერ იგრძნეს,

შეყვარებულებს რომ მოელით გაუფრთხილებლად,

რომ ვერ თოკავენ სიხარულის წამლეკავ ვნებას,

ბედნიერების გრძნობებით რომ აღივსებიან 

და ვერც კი გრძნობენ, თუ რა მოელით.

მაგრამ შეძლებენ სიცოცხლეში დაჭერას წამის?

თუმცა რთულია, რომ ყოველი იგრძნო აწმყოში,

მომავალშიაც ძნელი არის შეგრძნება ამის.

და უფრო ნაკლებ – ორივე დროს

ვიდრე წარსულში. და აწმყოში კი

გვეძალება გრძნობები ჭარბი, 

ზედმეტად უხვი, მეტისმეტად დამაბნეველი –

ასეთი აწმყოს წარმოდგენა უფროა ძნელი. 


[1] (ლათ.) დაიჭირე წამი/დღე

© არილი

Facebook Comments Box