ავტორი: კილიან ფოქსი
როცა გამომცემლობა წიგნს კლასიკად აცხადებს, თავისთავად ჩნდება კითხვა: ვინ არის საკმარისად კომპეტენტური განსაზღვროს – 10, 50 ან 100 წლის შემდეგ ნაწარმოები მინიჭებულ რეგალიას კვლავ ღირსეულად თუ ატარებს? მითუმეტეს, როცა გამომცემლობა „პინგვინი“ 1961 წლიდან თანამედროვე კლასიკის სტატუსითაც თამამად ბეჭდავს წიგნებს.
„უდავოდ რთულად მოსახელთებელი ტერმინია,“ აღიარებს ჰენრი ელიოტი, რომელმაც წიგნი დაწერა კლასიკის სერიაზე და აპირებს კიდევ ერთი ტომი მიუძღვნას პინგვინის თანამედროვე კლასიკის წიგნებს. „ყველას თავისებურად ესმის. ჩემთვის ეზრა პაუნდის განმარტებაა ყველაზე მისაღები, რომლის მიხედვითაც, წიგნს კლასიკად არა რაიმე კრიტერიუმების ნუსხის დაკმაყოფილება, არამედ რაღაც შინაგანი და შეუზღუდავი სიახლე აქცევს“.
და მაინც, ახალი ვისთვის? რატომ უნდა ვენდოთ ავტორიტეტს?
ელიოტი ამ კითხვებს პასუხს ირიბად სცემს: მისი აზრით, „პინგვინი“ კლასიკისთვის ერთგვარი სივრცის გამოყოფით ლიტერატურას ჩარჩოებში კი არ აქცევს, არამედ, პირიქით, მკითხველს ახალი წიგნების აღმოჩენასა და ჰორიზონტის გაფართოებაში უწყობს ხელს.
მართალია, სტატუსის მინიჭებაზე სჯა-ბაასს ამჟამად ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ მიმოვიხილავთ არანაკლებ მნიშვნელოვან, თუმცა ყოველთვის უგულებელყოფილ კითხვას, რომელზე ფიქრშიც „პინგვინის“ დიზაინერებს თეთრად გაუთენებიათ არაერთი ღამე – როგორ უნდა შექმნა ყდა, რომელიც კლასიკას საკადრის პარტნიორობას გაუწევს?
პასუხი, ელიოტის თქმით, მარტივი სულაც არაა. „დაარსების დღიდან „პინგვინს“ სჯერა, რომ, აუცილებელია, წიგნს ლამაზი ყდა აფორმებდეს . ამიტომაც, წარმოუდგენლად დიდი ენერგია იხარჯება ერთი შეხედვით უბრალო, რეალურად კი გენიალურად მარტივი დიზაინების შესაქმნელად“.
მისი ახალი ტომის პირველი თავიც სწორედ თანამედროვე კლასიკის სერიაში შემავალი ყდების 60 წლიან განვითარებას აღწერს. თანადროული ტენდენციების გათვალისწინებით, ძირითადი ფერები (ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და ბაცი მწვანე) რაღაც პერიოდი ქრებიან; სხვაფერდება შრიფტიც და კომპოზიციაც: ლოგოს, სათაურის, ავტორისა და ილუსტრაციის განლაგება. მაგრამ, რაც მთავარია, იცვლება ილუსტრაციათა დამზადების მიდგომა.
ელიოტი ადრეული 60-იანი წლების ყდებს გამოარჩევს, როცა თანამედროვე კლასიკის სერია ფეხს იდგამდა და ტიპოგრაფიული დიზაინების ილუსტრაციული გაფორმებებით ჩანაცვლება ჯერაც ახალი ხილი იყო. ამ დროს გამომცემლობამ ახალგაზრდა დიზაინერები დაიქირავა და სრული შემოქმედებითი თავისუფლება მისცა.
შედეგად, თამამი და უცნაური ყდების რაოდენობამ იმატა. მოკრძალებული პალიტრის ფარგლებში, იმ დროისთვის შოკისმომგვრელი და საოცრად ორიგინალური სურათები იხატებოდა. ელიოტი უილიამ ფოლკნერის „ხმაური და მძვინვარების“ ყდას, „რომელზეც თვალების ნაცვლად ხატია პირები, რომლებსაც ასევე თვალები აქვს. შემაშინებელი გამოსახულებაა. მორის ეშერს ან ბორხესის რომელიმე მოთხრობას მოგაგონებს.“ მხატვრები ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ფორმით თამაშობდნენ. მართალია, ბოძებული თავისუფლება მალევე შეეზღუდათ, მაგრამ ამ მოკლე დროში 100-ზე მეტი განმაცვიფრებელი ყდა შექმნეს.
1963 წლის შემდეგ, დიზაინერებმა მასშტაბურად დაიწყეს უკვე არსებული ხელოვნების ნიმუშების გამოყენება, იმ განზრახვით, რომ მკითხველს მისთვის ცნობილი ნახატის დახმარებით წიგნის შინაარსზე წარმოდგენა წამებში შეჰქმნოდა. ამიტომაც, მაგალითად, ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისკენ“ დუნკან გრანტის შემოქმედებით გააფორმეს.
სკოტ ფიცჯერალდის რომანები სხვადასხვა სერიიდან: 1962, 1986, 1999, 2008
© არილი