ახალი ამბები

როგორ მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

9 სექტემბერს თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, ტრადიციულად, გაზაფხულზე იმართება, თუმცა წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ღონისძიება სექტემბერში დაიგეგმა, პირველი საფესტივალო დღე კი უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა არის სახლი – ადგილი, სადაც დაცულად ვგრძნობთ თავს; სივრცე, რომელმაც, შესაძლოა, მთელი სამყარო მოიცვას ან დავიწროვდეს და ძალიან პირადული გახდეს. დაგეგმილი დისკუსიებიც სახლის არქეტიპს დაუკავშირდება და მის ადგილს კულტურასა და ლიტერატურაში.

„ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა ფორმა მიიღო თანამედროვე რეალობაში სახლმა. დარჩა და რჩება თუ არა იქ, სადაც დავიბადეთ, თუ მოგზაურობს ჩვენთან ერთად და კარგავს მკვეთრად განსაზღვრულ საზღვრებს, აღარ გააჩნია არც ეროვნება და არც გეოგრაფია“ – ასე ახსნა სახლის სიმბოლო მწერალთა სახლის თანამშრომელმა, ლელა შუბითიძემ. ასევე, მსმენელს ფესტივალის გეგმის შესახებაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ, გარდა ამ თემისა, დაგეგმილი დისკუსიები შეეხება კულტურულ მეხსიერებას – როგორ რეფლექსირებს ლიტერატურა, როგორც მედიუმი, ისტორიასა და კულტურულ მეხსიერებაზე. დისკუსიებთან ერთად ფესტივალი მოიცავს ცალკეულ ავტორებთან შეხვედრებს, წიგნების წარდგენებსა და პოეზიის საღამოებს. მათ შორის ქართულ პროგრამასა და ქართველ ავტორებთან შეხვედრებსაც.

ამის შემდეგ მსმენელს მიმართა ფესტივალის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მოხარულები ბერნჰარდ შლინკის სტუმრობით არიან. რამდენიმე წინადადებით შეეხო „წამკითხველსაც“, როგორც ავტორისთვის სახასიათო ნაწარმოებს, სადაც შლინკი ცდილობს, გაიგოს, როგორია თანამედროვეობაზე წარსულის ზეგავლენა.

გახსნის ცერემონიას შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ შვეიცარიის საელჩო ორი ღონისძიებითაა წარმოდგენილი ფესტივალზე: ჯერ არიანე ფონ გრაფენრიდის პოეზიის საღამო გაიმართება, მერე კი, ოთხშაბათს, 14 სექტემბერს, ღონისძიება მიეძღვნება მაქს ფრიშსა და მის წიგნს „კითხვარი“. შეხვედრის თემაა „რას ვუწოდებთ სამშობლოს“, ხოლო მოწვეული სტუმარი იქნება მაქს ფრიშის ფონდის პრეზიდენტი თომას შტრესლე, რომელთან შეხვედრასაც მაია ფანჯიკიძე გაუძღვება.

ფესტივალის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართა დისკუსია: ლიტერატურა მეხსიერების კვალდაკვალ – მხატვრული ლიტერატურა. დისკუსიაში ნინო ხარატიშვილი და ბესო სოლომანაშვილი მონაწილეობდნენ, მოდერატორი კი გიგა ზედანია იყო, რომელმაც საუბარი მათ რომანებზე („მერვე სიცოცხლე“ და „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“) დაიწყო და განმარტა, რომ „ლიტერატურა უალტერნატივო ადგილია საზოგადოების თვითრეფლექსიისთვის“, ხსენებულ ტექსტებს კი დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს ბოლო 100 წლის ისტორიის პანორამულ სურათებს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი გამოცდილების უდიდეს ნაწილს კარგავს, ლიტერატურა კი ირჩევს, დროის დინებაში წარსულის რომელი ფრაგმენტები გადაარჩინოს. როგორც მკითხველი ირჩევს, უსასრულო რაოდენობის წიგნებიდან რომლის წაკითხვა სურს.

დისკუსია გაიხსნა შეკითხვით – „არის თუ არა ლიტერატურის დრო, გამოგვადგა თუ არა რამეში ლიტერატურა?“

ნინო ხარატიშვილის თქმით, ლიტერატურას არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ვერც არასასურველ მოვლენებს აგვაცილებს თავიდან, თუმცა, მეორე მხრივ, თვით ეს მოთხოვნაც არასწორია. ილუზორულია ის, რომ მიმდინარე მოვლენები რეფლექსირდეს ლიტერატურაში, თუნდაც ცხელი წერტილიდან. ეს ნაჩქარევი იქნება, რადგან ლიტერატურას დრო და დისტანცია სჭირდება.

ბესო სოლომონაშვილის აზრით კი, დიქტატურის პირველი სამიზნე ყოველთვის ლიტერატურა და ხელოვნებაა. მნიშვნელოვანია ტექსტების წაშლის ფენომენიც, რომლის მიზანიც მეხსიერებისა და წარსულის ხსოვნის გაქრობაა. მწერალმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ფრაზებიც (მაგალითად, Слава Україні! და Героям слава!) ტექსტებია, რომლებსაც ადამიანების მენტალობის შეცვლა და ბრძოლის მეთოდად გადაქცევა შეუძლია.

შეხვედრის მოდერატორი დაინტერესდა მათი წერის მეთოდებითაც და აღნიშნა, რომ უახლეს ისტორიაზე წერისას ორი ძირითადი გზა არსებობს: პირველი, როცა მწერალი უშუალოდ გამოცდილებებსა და განცდილს ეყრდნობა, ინახავს და ჩაიწერს ისტორიას და, მეორე მხრივ, თავად შეისწავლის არქივს და ცდილობს რაღაც ახლის აღმოჩენას.

„არ მოატყუო მკითხველი“ – ასე ახსნა ბესო სოლომონაშვილმა თავისი მიდგომა ისტორიულ სინამდვილეზე წერისას. როგორც ის ამბობს, ამიტომაც დაიწყო არქივებში მასალის ძებნა და გადამოწმება, რა დროსაც მისთვის მოულოდნელი ამბებიც აღმოაჩინა.

დისკუსიის შემდეგ ანდრი ლიუბკას პოეზიის საღამო გაიმართა. მოდერატორი და მთარგმნელი შოთა იათაშვილი გახლდათ.

შოთა იათაშვილმა ანდრი ლიუბკას სტუმრობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გაიხსენა ის უკრაინელი ავტორები, რომლებიც გასულ წლებში იმყოფებოდნენ საქართველოში.

როგორც ანდრი ლიუბკამ თქვა, ყოყმანობდა, ჰქონდა თუ არა მორალური უფლება, დაეტოვებინა ქვეყანა, როცა მისი მეგობრები და კოლეგები კვლავ იბრძოდნენ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს არ არის უბრალოდ ფესტივალი და შეხვედრა მასთან, ესაა სოლიდარობის ნიშნად ჩატარებული ღონისძიება, სოლიდარობისა და მეგობრობის გამოხატულება. ომსა და მიმდინარე მოვლენებზე საუბრის შემდეგ საზოგადოებამ მისი ლექსებიც მოისმინა.

 

 

პირველი საფესტივალო დღე დასრულდა პოეტური ღამით “შინ”, რომელშიც ფესტივალის სტუმრები მონაწილეობდნენ.

 

 

 

 

ფესტივალის მეორე დღე, 10 სექტემბერი, გაიხსნა დისკუსიით, რომლის თემაც იყო „სახლის დარაჯები ლიტერატურაში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ჯესიკა ტრეინორი (ირლანდია), ანდრი ლიუბკა (უკრაინა) და ნილუფარ თალები (აშშ / ირანი). მოდერატორი კი ხათუნა ცხადაძე იყო.

დისკუსია გაიხსნა შეკითხვით: „რას ნიშნავს თქვენთვის სახლი და როგორია მისი რეპრეზენტაცია თქვენს შემოქმედებაში?“

ანდრი ლიუბკას თქმით, ბავშვობაში სახლი უსაფრთხოების სიმბოლოა, წლების შემდეგ კი სახლის დატოვება უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. პოეტმა გაიხსენა, რომ სტუდენტობისას სახლის დატოვებას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა მისთვის და ზრდასრულობისა და თავისუფლების სიმბოლოდ აღიქვამდა. მაგრამ მხოლოდ ახლა, როცა საკუთარი სახლი აქვს და ჰყავს ქალიშვილი, აცნობიერებს სახლის ნამდვილ მნიშვნელობას, რომელსაც იგი მაშინაც ინარჩუნებს, როდესაც იქ აღარ ცხოვრობ. ეს ყველაფერი კი უფრო ხილვადი და აშკარა ომის დაწყების შემდეგ გახდა.

ნილუფარ თალებმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა, რომ ამერიკაში სახლზე, როგორც კონცეპტზე, მხოლოდ იმიგრანტებსა და ლტოლვილებს ეკითხებოდნენ, რაც უცნაურად ჩათვალა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უნივერსალური და ყველასთვის ნაცნობი გამოცდილებაა ის, რასაც სახლის იდეა გამოხატავს.

ირლანდიელმა ავტორმა ჯესიკა ტრეინორმა კი აღნიშნა, რომ ირლანდიისა და საქართველოს ისტორიას შორის ბევრი საერთოა, ორივე ქვეყანა დიდხანს იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა ქვეყნებს საკუთარი იდენტობის გაცნობიერებაში დაეხმარა. საუბრისას ასევე შეეხო სახლის დატოვებისა და კოლონიზაციის ტრავმებს.

 

დისკუსიის შემდეგ დაიწყო შეხვედრა, რომელიც რობერტ დანქენის ცხოვრებასა და პოეზიას მიეძღვნა. ტარა მაკდაუელი (ავსტრალია) და ირაკლი ყოლბაია საუბრობდნენ მაკდაუელის ბიოგრაფიული წიგნის The Householders: Robert Duncan and Jess შესახებ, რის შემდეგაც მისი ლექსები და თარგმანები წაიკითხეს.

 

რობერტ დანქენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მოყვა დიალოგი მედეაზე, მითოლოგიისა და დრამატურგიის არქეტიპულ, უმნიშვნელოვანეს გმირზე. ანდრეას ფრურაკისს ირინე დარჩია გაესაუბრა.

ანდრეას ფრურაკისის ერთ-ერთი პიესა მედეაზე უკვე თარგმნილია სოფიო შამანიდის მიერ და საქართველოში თეატრის სცენაზეც არის დადგმული (პიესა გამოიცა კრებულში „სამი მედეა“, სადაც ხსენებულ ავტორთან ერთად ნინო ხარატიშვილისა და ლაშა ბუღაძის პიესებიცაა შესული. როგორც სოფიო შამანიდი წერს: „წიგნში წარმოდგენილია სამი მოტყუებული ქალი, სამი მიტოვებული ქალი, სამი შეურაცხყოფილი ქალი, სამი მედეა და სამი ავტორის ვერსია ამ ამოუცნობი ქალის შესახებ“).

დიალოგი შეეხებოდა ანდრეას ფრურაკისის ორ მედეას (მეორე მედეა ჯერჯერობით თარგმნილი არ არის). ირინე დარჩიამ მსმენელს ტრადიციული სიუჟეტისგან განსხვავებული, ფრურაკისის „მედეას ბურკას“ სიუჟეტი გააცნო. მის ტექსტში მედეას ორი ქალიშვილი ჰყავს და პიესის დასასრულს მათ კი არ კლავს, არამედ ნავში სვამს და მამასთან გზავნის. იმედოვნებს, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც მიაღწევს დანიშნულების ადგილს.

რაც შეეხება მეორე მედეას, ეს ტექსტი უფრო ექსპერიმენტულია, რადგან ავტორი მხოლოდ დასასრულს კი არ ცვლის, ახალი პერსონაჟებიც შემოჰყავს, მაგალითად, მედიუმი, რომლის წინასწარმეტყველების გამო მედეას არ სურს იასონთან ერთად წასვლა, იასონი კი მის გადარწმუნებას ცდილობს.

 

მედეაზე დიალოგის დასრულების შემდეგ ორი პოეზიის საღამო გაიმართა. პირველ მათგანში სერგეი ტიმოფეევი (ლატვია) და დმიტრი სტროცევი (ბელარუსი) მონაწილეობდნენ (მათი ლექსები ნენე გიორგაძემ და შოთა იათაშვილმა თარგმნეს), ხოლო მეორეში – ჯესიკა ტრეინორი და ჯონ ო’დონელი (ირლანდია) (შეხვედრას პაატა შამუგია უძღვებოდა).

თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჯერ არ დასრულებულა და წინ კიდევ არაერთი საინტერესო შეხვედრა გველის.

© არილი

Facebook Comments Box