ინტერვიუ,  პორტრეტი

რომენ გარი – ღამე იქნება მშვიდი

romain-gary

ფრანგულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო მერაბ ფიფიამ

“ღამე იქნება მშვიდი“ – უნიკალური ფსევდოინტერვიუ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიკოსის აღსარება. სამხედრო მფრინავი, მეორე მსოფლიო ომის გმირი, საპატიო ლეგიონის კომანდორი რომენ გარი ერთადერთი ფრანგი მწერალია, რომელიც ორჯერ დაჯილდოვდა ძმები გონკურების სახელობის ლიტერატურული პრემიით; პირველად ეს პატივი მწერალს ერგო რომანისათვის „ცის ფესვები“. მაშინ პუბლიკისათვის ის რომენ გარად იყო ცნობილი; მეორეჯერ კი წიგნისათვის “ცხოვრება წინაა“; ამჯერად ის საზოგადოებას გაეცნო როგორც დამწყები ლიტერატორი – ემილ აჟარი. 60 წელს მიღწეული დიდი მისტიფიკატორი, რომელიც მუდამ სხვადასხვა ფსევდონიმით ევლინებოდა მკითხველს (გარის ნამდვილი გვარ-სახელი რომან კასევია), გადაწყვეტს, „გაეხსნას“ მკითხველს მეგობართან და ყოფილ კლასელთან ფრანსუა ბონდისთან გულწრფელ საუბარში. თუმცა, ესეც მორიგი მისტიფიკაციაა: აქ გარი არა მარტო საკუთარი პასუხების ავტორია, არამედ თანამოსაუბრის კითხვებისაც. ფრანსუა ბონდი არაფერ შუაშია, მან მწერალს მხოლოდ საკუთარი გვარ-სახელის გამოყენების უფლება მისცა. მწერალი უმკაცრეს მიკერძოებულ დაკითხვას უწყობს თავის თავს და საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებზე გასაოცრი გულწრფელობით ჰყვება: საკუთარ პლატფორმაზე მე-20 საუკუნის პოლიტიკურ ორომტრიალში, დიპლომატიურ სამზარეულოზე დახურულ კარს მიღმა, საკუთარ წარმოშობაზე, დედაზე, შემოქმედებით პროცესზე, სიყვარულზე… ბევრი მისი გამონათქვამი დღეს თავისუფლად შეიძლება წინასწარმეტყველებად აღვიქვათ.

“არილი’’ 1974 წელს გამოქვეყნებული წიგნიდან იმ ნაწყვეტს გთავაზობთ, სადაც ავტორი ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ჰოლივუდზე, ჩვენთვის კარგად ცნობილ კინომოღვაწეებზე, მსახიობებზე და კინოინდუსტრიაზე თითქმის დაუჯერებელ ამბებს გვიზიარებს. ეს ის პერიოდია, როცა რომენ გარი ლოს-ანჯელესში საფრანგეთის გენერალურ კონსულად მუშაობდა.

 

ფ.ბ.:-ლოს-ანჯელესში გენერალური კონსული მოვალეობების შესრულებას როცა შეუდექი, პირველი ოფიციალური ვიზიტი კარდინალ მაკინტაირს მიაგე. შენი აზრით, ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭო?

რ.გ.:-ეს წმინდა წყლის პროფესიული ვიზიტი იყო. კარდინალი მაკინტაირი, ყოფილი ბიზნესმენი და ღვთისმსახურებაში თავით ფეხებამდე გადაშვებული ბანკირი, კათოლიკური ეკლესიის ყველაზე ფხიანი მმართველი დამდგარიყო შეერთებულ შტატებში. წარსულში შეძენილ საბანკო გამოცდილებას, ერის სულიერი მამის ავტორიტეტს და პირწავარდნილი რეაქციონერის რეპუტაციას მისთვის კალიფორნიის საქმიან წრეებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენის სრული უფლება მიენიჭებინა; ჩვენი პრესტიჟი კი იმხანად ყველაზე დაბალ მაჩვენებელს უტოლდებოდა და ეს თვალნათლივ ჩანდა თითქმის ყველა კომერციულ მოლაპარაკებაზე. 1956 წელს ჩვენ “ევროპის სნეულ სხეულად”, ინფიცირებულ ადამიანად მოგვიხსენიებდნენ, რომელსაც უნდა მოერიდო. მოკლედ, ავდექი და ვეახლე მაკინტაირს, რათა მისთვის ცოტა პირი მომექონა, ცოტაც მოვფერებოდი და მოვლაქუცებოდი. იცი, რა მატაკა იმ წუთასვე? განმარტებაც მოაყოლა, ეს ინფორმაცია ამერიკელმა ბიზნესმენებმა მომაწოდესო, მართლა კრემლის აგენტი იყო თუ არა გენერალი დე გოლი და მართლა ამზადებს თუ არა გენერალი კენიგი პუტჩს? მეგობარო, მე შენ ახლა ისტორიულ ჭეშმარიტებას გაზიარე. შეკითხვა ნამდვილად ასე ჟღერდა, ზუსტი ციტირებაა, არც არაფერს ვამატებ და არც არაფერს ვაკლებ. ეს ის შეკითხვაა, რომელიც 1956 წელს ამერიკული ეკლესიის ყველაზე ძლევამოსილმა პრელატმა დამისვა. ამან კიდევ ერთხელ განმიმტკიცა მოსაზრება, ყველა დროის ყველაზე ძლიერი სულიერი ძალა სიბრიყვეა. მაკინტაირის ამ ”უტყუარმა ინფორმაციამ” სულ მალე გაიკაფა გზა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველკვირეული ჟურნალისკენ ”ლაიფ” და მოგვიანებით საფუძვლად დაედო ლეონ ურისის მიერ ვაშინგტონში მოღვაწე კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოწოდებულ ”უტყუარ მასალაზე” დაყრდნობით გამომცხვარ ბესტსელერს ”ტოპაზი”. იმედი მაქვს, არ გაიკვირვებ, თუ გეტყვი, რომ ეკლესიის პრინცთან ამ ღირსახსოვარი შეხვედრის შემდეგ რიგით მეორე ვიზიტის ღირსად გრაუჩო მარქსი მივიჩნიე. დიახ, გრაუჩო მარქსი, რომელუ.კ. ფილდსთან ერთად ამერიკული კინოსა და ბურლესკის ერთ-ერთ ბუმბერაზ წარმომადგენლად მესახება. რაც მართალია, მართალია, ეს იყო დაუვიწყარი ვიზიტი და გეტყვი, რატომაც. შლაპით ხელში გამოვეცხადე. სახეზე ნეტარი ღიმილი მქონდა გადაფენილი. გრაუჩომ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება მოეხდინა, მის მიმართ ჩემი აღფრთოვანება ფეხქვეშ გაეთელა. ამ ტექნიკას, სხვათა შორის, სწორედ რომ მას დავესესხე რომანში ”დანაშაულებრივი დღესასწაული”, როცა მატიეს ხასიათს ვძერწავდი; ადამიანისა, რომელიც სრულ უპატივისცემლობასა და გულგრილობას იჩენს ყველაფერის მიმართ, რასაც გულის სიღრმეში პატივს სცემს. გრაუჩოს მზერა ერთდროულად მედიტაციური და ღვარძლიანი მეჩვენა. აი, ისეთი, ყველაზე სუსტ, ყველაზე მოწყვლად ადგილს რომ ეძებს, რათა ადვილად ჩაგცხოს ბანდერილია და ადგილზევე გაგათავოს. მოკლედ, ჩემთან შეხვედრისას გრაუჩომ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, პროვოცირების ხელოვნების მწვერვალს მიაღწია. დამსვა, ზეთისხილით სავსე ლამბაქი გადმომაწოდა და მითხრა: შეირგეთ ზეთისხილი (ზეთისხილი ფრანგულად ჟღერს როგორც ”ოლივიე”), ჩემი მეუღლე ოლივიე კი არა, არამედ, აი, ერთ-ერთ ამ ზეთისხილთაგანი. ენაკვიმატობისა და გონებამახვილობისა, დამეთანხმები ალბათ, ამ გამოსვლაში ვერაფერი ვიპოვე, მაგრამ თანაგრძნობის გამო ”ჰა-ჰა” მაინც აღმომხდა. გრაუჩოს სახეზე კმაყოფილება გადაეფინა, მზერით კი თითქოს ჩუმად მეუბნებოდა: ”უბედურო, საწყალო, არარაობავ!” ”დიპლომატი ბრძანდებით?” – დაინტერესდა. დიახ-მეთქი, ვუპასუხე. ვგრძნობდი, რომ საპაექროდ გამომიწვევდა, გონებამახვილობაში გაბრწყინებას ეცდებოდა და მარაგიდან ყველა მარგალიტს დააძრობდა, ცხადია უფერულსა და უღიმღამოს, რათა ფეხქვეშ გავეგდე და გავეთელე. „დიპლომატიური ფოსტის მეშვეობით იმპორტს ემსახურებით თუ ექსპორტს?“ არ დავახანე და მის ამ ”ხუმრობას” ხმამაღალი ”ჰა-ჰა-ჰა” მოვაყოლე. კმაყოფილმა გადმომხედა, შემდეგ კი ზიზღითა და ღრმა სიძულვილით აღბეჭდილი მზერით ჩემს მისხალ-მისხალ თვალიერებას შეუდგა. ცოტა ხნით დივანზეც გაიშხლართა და მითხრა: ”ჩემი ცოლი გასულია, თქვენ სულ ტყუილად შეიწუხეთ თავი”. მე, რა თქმა უნდა, სიცილისგან ლამის ნაწლავები გადამეხლართა. ”როგორც ჩანს, ჩემს მულს იცნობთ”. მისი მული დი იმხანად ჰოვარდ ჰოკსის მეუღლე გახლდათ, სწორედ მან მომიხერხა გრაუჩოსთან შეხვედრა. როცა სიცილისა და იუმორის ნამდვილი პროფესიონალის გვერდით იმყოფები, ბუნებრივია, რომ სულ კბილები გაქვს გადმოყრილი; გაიხსენეთ, რას ქადაგებდა პავლოვი ამ მიდრეკილების შესახებ. მოკლედ, დის ხსენებაზე სრულიად უმიზეზოდ ხმამაღალი ხარხარი დავიწყე. გრაუჩოს ხელი არ შეუშლია. მელოდებოდა, სანამ უფრო ღრმად არ შევტოპავდი და ადამიანურ სახეს არ დავკარგავდი. მისთვის ჯამბაზი მე ვიყავი. ”ოჰ, ოჰ, ოჰსა” და ”უჰ, უჰ, უჰს”, სლოკინსა და მთელი სხეულით თახთახს დროებით მოვერიე და ვუპასუხე ჰა, ჰა, ჰა, კი ვიცნობ ჰოვარდ ჰოკსის ცოლს-მეთქი. გრაუჩო ერთგვარი გასტრონომიული, ზიზღნარევი მზერით მათვალიერებდა, არ იყო დარწმუნებული საჭმელად ვივარგებდი თუ არა. „ჰოვარდი თავის ცოლზე ორმოცი წლით უფროსია, მე კიდევ ორმოცით ბებერი ჩემსაზე. საინტერესოა მაინც, საიდან შეიტყვეთ ეს?“ სასოწარკვეთილების განცდა დამეუფლა, გრაუჩოს უმოწყალო ხუმრობებისგან თავს რეტი დამესხა, თვითონ კი უზომოდ კმაყოფილი ჩანდა; ჩემი სიცილი სულ უფრო და უფრო ნერვიული ხდებოდა. ჩემ მიმართ გამოვლენილი ზიზღი კი შესაბამისად მატულობდა; თითქმის ერთი საათი გაგრძელდა მისი ეს სადისტური ”გართობა”. ჩემთვის საგანგებოდ ჩატარებული ”გამოცდის” შემდეგ გრაუჩომ ადამიანის იერ-სახე დაიბრუნა. მე, საფრანგეთის გენერალური კონსული, ამ მჟავე უპატივცემლობას მედგრად დავუდექი და მოთმინებით გადავიტანე. კომიკოსმა იმ საღამოს პრემიერაზე დამპატიჟა. ჰოლივუდი ჯერ კიდევ დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა და იქაური პრემიერა უსასრულო საცობებსა და თეატრთან აუარება ადამიანის მოწყდომას ნიშნავდა. შესვლისას ვიღაც ტიპმა გრაუჩოს მიუგდო: „გრაუჩო, შენს სიგარას რა უყავი, დაგავიწყდა? “ბებერი ტაკიმასხარა მომიბრუნდა და მითხრა: „ამ არამზადებს დასანახად ვერ ვიტან“. I hate their guts. ეს იყო იმ მხცოვანი ადამიანის რეაქცია, რომელიც ხუთი ათეული წლის მანძილზე აცინებდა ადამიანებს და რომელსაც პუბლიკა მსახიობად კი არ აღიქვამდა, არამედ ტაკიმასხარად. როდესაც აგრესიული ბურლესკის მეტრი უ.კ. ფილდსი კვდებოდა, მეზობელ ოთახში სტუდიის „გეგმენებს“ – სიცილის, კომიკური ხერხებისა და მიგნებების ოსტატებს მოეყარათ თავი და ცდილობდნენ მისთვის სახუმარო და სახალისო სიტყვების დაწერა მოესწროთ, სანამ დიდოსტატს პირში სული ედგა. ბოლო მომენტში მათ ექიმმა უხმო, ისინიც რიგრიგობით შევიდნენ და სანამ ფილდსი მარადისობას შეერწყმებოდა, ეს ხუმრობა ყურში ჩასჩურჩულეს; მეტრი ისე გაბრაზდა, რომ გადაბარგება სამი კვირით გადადო. უ.კ. ფილდსმა, ჩაპლინმა, გრაუჩო მარქსმა ჩემზე ყველაზე ძლიერი ლიტერატურული ზეგავლენა იქონიეს. ისე, ცნობისთვის, გრაუჩო წარმოსდგება სიტყვიდან grouch – ბუზღუნა, მყვირალა… არ არსებობს არანაირი დემოკრატია, არანაირი ფასეულობები და ღირებულებები, სანამ აგრესიულობით გაჟღენთილ პაროდიაში უპატივცემულობაზე გამოცდას არ ჩააბარებ, ამ ტესტს. სისუსტე ამ ცინიკურ, დამცინავ და დამაკნინებელ თავდასხმას ძლიერებას ყოველთვის მოუწყობს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს უკანასკნელი ადამიანური ბუნებისაა. როგორც კი ძლიერება ადამიანურობის ფარგლებს სცილდება, სისუსტე მყისიერად შეეშვება ხოლმე ამ ტესტს ცეცხლისა და მახვილის თანხლებით. არსებობენ წმინდა მასხარებიც, რომელთაც შესწევთ უნარი გვაგრძნობინონ, რა არის წმინდა, რა – სიცრუე და თვითმარქვიობა. მე მათ თითქმის ყველა ჩემს წიგნში ვეხმიანები. ეს გახლავთ „ტიტა“, ბებდერნი „დღის ფერებში“, ჩინგიზ ხაიმი „ჩინგიზ-ხაიმის როკვაში“, მატიე „დანაშაულებრივ დღესასწაულში“, ეს მე თავად ვარ… ნაღდი, ჭეშმარიტი ფასეულობანი სიცოცხლისუნარიანია და ყველაფერს უძლებს, ყალბნი კი მხოლოდ ცენზურის, ციხისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოების წყალობით გვახსენებს თავს.

..:როგორი იყო იმ დიადი ეპოქის ჰოლივუდი?

..:ეპოქა მთლად დიადი უკვე ვეღარ იყო, მაგრამ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. 1947 წელს, ანუ ჩემს იქ მივლინებამდე ცხრა წლით ადრე, როდესაც ტელევიზიამ თავისი დამპყრობლური სვლა წამოიწყო, ჰოლივუდის მეფეებმა ეს ვერ შეამჩნიეს და იმის ნაცვლად, რომ დროულად დაპატრონებოდნენ მას, – თუმცა ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლოთ, რადგან მათ ხელში იყო სტუდიები, მსახიობები, ავტორები და ფილმებით გაძეძგილი არქივები, – მოიქცნენ ისე, როგორც ყოველი მეფე იქცევა რევოლუციის საშიშროებისას; თვალზე ბინდი გადაეფარათ და ვერაფერი შეამჩნიეს და, ცხადია, არც არაფერი ირწმუნეს. 10-12 წელიწადში ყველას დედა ეტირა, ბევრმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, ბევრიც მავანმა და მავანმა გადასანსლა და მოინელა. ის კია, რომ 1956 წელს მათ კიდევ შეეძლოთ თვალში ნაცრის შეყრა. მსხვილი სტუდიების მეპატრონეები, აი, ისინი, გიგანტებად რომ მოიხსენიებდნენ, საკუთარ თავს სუპერმამრებად მიიჩნევდნენ. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ბავშვობისდროინდელი პრობლემები აქამდე მოუგვარებელი დარჩენოდათ. ამას შედეგად მოჰყვა “ძლიერებად“ მონათლული მაჩოიზმის პარპაში; მან ყველა დასაჯერებელი და დაუჯერებელი ფორმა შეიძინა: სექსუალური ძლიერება, ფინანსური ძლიერება; ყველაზე სუსტი გაითელა და განადგურდა. საერთოდ, სისუსტე ყველამ ერთიანად შეიძულა და შეიზიზღა; ქალს უყურებდნენ, როგორც მოხმარების რიგით საგანს, სტუდიებს სათავეში ედგნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც გახლდნენ ჰარი კონი, ზანუკი. ადამიანები, რომელთა ლექსიკონიდან, დღიდან ტახტზე შემოსკუპებისა, სიტყვა „არა“ საერთოდ ამოშლილიყო. ჩამოყალიბდა დაუნდობელი და შეუწყალებელი იერარქია. “ძლიერი“ მხოლოდ “ძლიერთან“ თუ იკადრებდა ურთიერთობას. ჰოლივუდში მხოლოდ “ჰორიზონტალურ“ ვახშმებზე მიწევდა დასწრება; ამით იმის თქმა მსურს, რომ ისინი ერთმანეთს იერარქიული პრინციპით ეპატიჟებოდნენ. ამ პრინციპს კი ერთნაირი სიმდიდრე, ერთნაირი წარმატება და ძლიერება განსაზღვრავდა; ისინი “ვერტიკალურ“ კონტაქტებს სრულიად გამორიცხავდნენ; მათთან დებიუტანტს, ახალ მსახიობსა და რეჟისორს არასდროს შეხვდებოდი, ვერც იმედის მომცემ ახალბედას. ეს იყო ერთგვარი პირამიდა, რომლის ყოველ სართულზე ადგილები სკურპულოზურად იყო მონიშნული წარმატების, ფულისა და მიღწევების ადეკვატურად. სხვანაირად რომ ვთქვათ, პერმანენტულად ერთსა და იმავე სიფათებს თუ გადააწყდებოდი ხოლმე. გამორიცხული იყო, გაუთხოვარი ახალგაზრდა ქალი გაგეცნო, ეს იმიტომ, რომ ამ ბობოლების დაზაფრული მეუღლეები ფხიზლობდნენ, რომელიმე ახალგამომცხვარი მსახიობი მათ დახურულ წრეში არ შემოჭრილიყო და მათთვის ცხვირწინ არ აეწაპნა სპონსორი, რომელსაც თავიანთ ლეგიტიმურ კუთვნილებად მიიჩნევდნენ. ყველაზე ტიპიური შემთხვევა პატრისია ნილს გადახდა თავს. იმდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, რომ იმედია მომიტევებს ამ თემაზე საუბარს. მან ნიუ-იორკის ერთ-ერთი თეატრის სცენიდან პირდაპირ ჰოლივუდში ისკუპა. ერთ-ორ ფილმში მონაწილეობის შემდეგ მისგან სავარაუდოდ ახალი ვარსკვლავი უნდა დამდგარიყო; საუბედუროდ, საწყალს გარი კუპერი შეუყვარდა, არც ცოლიანი კუპერი დარჩენილა მის მიმართ გულგრილი და შესაძლო განქორწინებაზეც დაიწყო ყბედობა. საშინელი ამბავი მოხდა. ჰოლივუდის პირამიდის მწვერვალზე მოქცეულმა ჭორიკნებმა პირი შეკრეს და პატრისიას წინააღმდეგ დაირაზმნენ. მსხვილმა მეპატრონეებმა, თავიანთი სტუდიების კაბინეტების დივნებზე პირველი ღამის უფლებას რომ იტოვებდნენ, საჯაროდ კი მორალური პრინციპების დუჟმორეულ დამცველებად ევლინებოდნენ საზოგადოებას, ამომავალი ვარსკვლავი პანღურით გამოაგდეს გადასაღები მოედნიდან. ერთი თუ ორი სასიყვარულო ამბავი თუ მახსენდება, რომელიც ამ პერიპეტიებს გადაურჩა. ყველაზე შთამბეჭდავი ქეთრინ ჰეპბერნისა და სპენსერ თრეისის სახელებთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, ეს უკანასკნელიც დაოჯახებული იყო. მინდა ვაღიარო, რომ ცხოვრებაში იშვიათად თუ შემხვედრია ქალი, რომელიც მამაკაცის მიმართ ისეთი ერთგული იქნებოდა, როგორიც ქეთრინ ჰეპბერნი სპენსერ თრეისის მიმართ იყო. ალიანსი თითქმის ოცი წელი გაგრძელდა და ურთიერთობის მიწურულამდე მათ ცხოვრებაში მარადი გაზაფხული იდგა. როცა უკვე სნეული და დაუძლურებული თრეისი მარტინიკაზე ფრენკ სინატრასთან ერთად გადაღებას დათანხმდა, ქეთრინ ჰეპბერნი ადგა და მარტინიკაზე გაფრინდა, რათა საყვარელი მამაკაცისთვის კუნძულზე დიეტური პროდუქტების გადასროლა მოეგვარებინა. ისე, სიყვარულს გაფურჩქვნის ნაკლები შანსი ჰქონდა იმ წრეებში, სადაც ყველაფერი ”მაჩოთა” შორის კონკურენციაზე იყო დაფუძნებული, სადაც ყველა ცდილობდა დომინირების თამაშებში ჩართვას და სექსუალური უძლეველობის წარმოჩენას. მსგავს შემთხვევებში ზომა-წონის ეტალონად საკუთარი პენისი და ფული მიიჩნეოდა, სიყვარული კი სადღაც იქ, ამ სამყაროს მიღმა ”უნიფხვოებსა და უტრაკოებს” შორის დაბორიალებდა; ახლა ერთი აგენტი გამახსენდა, რომელმაც დენი ქეითთან წვეულების შემდეგ გამოსასვლელთან მღელვარებისგან აკანკალებული ხმით მომმართა: ”თუ წარმოგიდგენიათ მაინც, რომ ეს სანახაობა სულ ცოტა ოცდაათი მილიონი დოლარი მაინც დაჯდებოდა”. ყოველი ”დიდი” საკუთარ ”პატარა” სამფლობელოს განაგებდა, სადაც უცხოსა და უჩვეულოს ეჭვის თვალით უყურებდნენ, სადაც განსხვავებულისგან იზაფრებოდნენ და ეს გასაგებიცაა იმიტომ, რომ ”მეს” პატარა სახელმწიფო ყალბი ღირებულებების პირობითობებს ეყრდნობოდა, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ეჭვის ქვეშ დამდგარიყო გარედან მორიგი ავთენტიკურობისა და სინაღდის მოულოდნელი შემოჭრით; ამ ყველაფერს აგენტები ისე ეტანებოდნენ, როგორც სვავები მძორს; ყოველი გაფორმებული კონტრაქტიდან ათ პროცენტს იჯიბავდნენ. ისე მაღლა სწევდნენ ხანდახან თამასას, რომ ხშირად ვარდნის პროვოცირებას იწვევდნენ. თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ აგენტებმა ჯული ენდრიუსი არნახულ სიმაღლეზე ატყორცნეს, ერთი ფილმისთვის მილიონი დოლარი ჰონორარი გადაუხადეს, ამას გაყიდვებიდან ათი პროცენტიც წაამატეს. როცა მისი მონაწილეობით მორიგმა ორმა ფილმმა სრული კომერციული კრახი განიცადა, ენდრიუსი დაიმსხვრა და გაცამტვერდა, როგორც ”ღირებულება”. ყველაზე დრამატული მსგავს სიტუაციაში ის არის, რომ როცა ფილმში მილიონს იღებ, შენ უკვე აღარ გაქვს უფლება, მორიგ სურათში რვაასი ათასს დაყაბულდე, იმიტომ, რომ თამასის დაწევა შენი მაზანდის დაწევას და სიჩქარის დაკარგვას მიანიშნებს. ამერიკაში მონოპოლიების წინააღმდეგ საშინელი კანონი მოქმედებს, მაგრამ ის სულაც არ არეგულირებს თავნება აგენტების ქმედებებს. ერთ მაგალითს მოგიყვან. M.C.A.-მ თავი მოუყარა ყველაზე სახელგანთქმულ და კაშკაშა ვარსკვლავებს, ყველაზე დიდ რეჟისორებს, სცენარისტებსა და მხატვარ-დეკორატორებს, თუ მსახიობი გჭირდებოდა, მათ კლანჭებს ვერ დაეფცქვნებოდი, გტენიდნენ დანარჩენ ყველაფერს, გკარნახობდნენ ფასებს და ამ ქმედებას საკუთარი სახელი აქვს – package deal. იქ წარმატების გაკერპება პირდაპირ შიშისმომგვრელი იყო. გარე სამყარო არ არსებობდა, მხოლოდ ბოქს-ოფისის მონაცემები მიიჩნეოდა ფასეულობად, სხვა ღირებულებებს მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. ერთხელაც ფრენკ სინატრამ თავისთან დამპატიჟა და საღამოს ვიწრო წრეში გატარება შემომთავაზა. იქ დამხვდა ცნობილი აგენტი ირვინგ ლეიზერი. მისი სიფათი ფორმით ძალიან წააგავდა მუხლს, რომელზეც სათვალე დაეკოსებინათ. სხვათა შორის, ამას წინათ ისევ გადავეყარე მას; მინდა გითხრა, რომ ხარისხიანად ბერდება, დიდად მაინც და მაინც არ შეცვლილა… ისევ ისე წააგავს მუხლს, რომელსაც ზედ სათვალე მოარგეს. მოკლედ, ოთახში როცა შევედი, ტიპმა გაოგნებული სახით შემომხედა და მკითხა: ”როგორ მოხდა, რომ ფრენკმა დაგპატიჟათ?” გესმის? მე, საფრანგეთის ერთ უბადრუკ წარმომადგენელს, რა პატივი დამდეს თურმე… იმ დროს, როცა ფრენკმა ჩემთან მიღებაზე ხუთი წუთით შემოირბინა, ჩემი წონა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე წარმოუდგენლად გაიზარდა. ჩემი ერთ-ერთი განსაცვიფრებელი და შოკისმომგვრელი მოგონება ჰოლივუდის ისტორიაში კოსტუმირებული ფილმების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მწარმოებლის სესილ დე მილის ვიზიტს უკავშირდება. გახსოვს ალბათ პირველი ”ბენ ჰური”, ”ათი მცნება” და კიდევ ასიოდე მსგავსი გიგანტური სურათი… ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო და ჯონ ფორდსა და ჯონ უეინთან ერთად ჰოლივუდის მოღვაწეთა იმ ჯგუფს განეკუთვნებოდა, უზადო ოჯახურ ცხოვრებას რომ ეწეოდა. ძალიან ავად იყო და სურდა საპატიო ლეგიონის ორდენისათვის გამოეკრა ხელი. ეს ჯილდო აქაურობისთვის კი არ სჭირდებოდა; მისი დიდი სურვილი იყო, საპატიო ლეგიონერის ორდენით მკერდდამშვენებული ღმერთს წარდგომოდა; არ იფიქრო, რომ ეს ამბავი მე თვითონ შევთითხნე. როგორ გეკადრება, საკუთარი ყურებით მოვისმინე და ადამიანს, რომელიც ამას მიყვებოდა, უკიდურესად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა; არა, ეს სრული სიმართლეა. მე, რა თქმა უნდა, შემიძლია ჰოლივუდზე საათობით ვიყბედო იმიტომ, რომ ფულის მასა, რომელიც იქ ტრიალებს, კაცობრიობის იტორიაში ჯერ არავის უნახავს. დასასრულ ამ ყველაფერს ერთი ეპიზოდით შევაჯამებ. ერთ საღამოსაც იმ პერიოდის ერთ-ერთ უმსხვილეს პროდიუსერთან, ბილ გეიცთან დამპატიჟეს. იმპრესიონისტთა ტილოების თავბრუდამხვევი კოლექციის მფლობელი გახლდათ. რომელი ერთი დაგისახელო? მაგალითად, ვან გოგის ავტოპორტრეტი, ამას გარდა, სეზანის, მონეს, ბონარის, მანეს ორმოციოდე ნამუშევარი – გემოვნებითა და რუდუნებით შერჩეული უძვირფასესი საგანძური, რომლის დასათვალიერებლად ფერწერის დამფასებლები და ხელოვნებათმცოდნენი მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან ჩამოდიოდნენ… ვახშმის შემდეგ ყველანი სავარძლებში მოვეწყვეთ. სეზანები, მონე და ვან გოგი ჭერისკენ დაიძრნენ, დაეშვა ეკრანი, სარკეებიანი კედლიდან საპროექციო აპარატი გამოძვრა, ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც ორი წამის წინ ვან გოგის ავტოპორტრეტი ეკიდა. დაიწყო სრულიად უნიჭო და გულისამრევი სურათის ”მინი სტაუერის ამბოხის” ჩვენება, რონალდ რეიგანის მონაწილეობით. ეს უკანასკნელი კი იმხანად მეორე რანგის მსახიობთა რიგში მოიაზრებოდა, დღეს კიდევ კალიფორნიის შტატის გუბერნატორი და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო კანდიდატია პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკელთა პარტიიდან.

ფ.ბ.:-მათ ყველას იცნობდი?

რ.გ.:-კი, არა აქვს მნიშვნელობა, თუ რას გიყვები ახლა მათ შესახებ, ვაღიარებ, რომ ისინი მაჯადოებდნენ. მე ხომ მწერალი ვარ და როცა ხედავ, როგორ ფუთფუთებს, შფოთავს და ბორგავს შენ თვალწინ წმინდა მონსტრების მთელი ეს კოჰორტა, რომელიც ასე ადვილად იჯერებს, რასაც სარეკლამო აგენტები მის შესახებ ყბედობენ, შენც ვეღარ უძლებ, ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ტრაგიზმის ელფერი რომ გადაჰკრავს, გითრევს და გიზიდავს. ახლა ამას ისიც დაუმატე, რომ დიდ ვარსკვლავებს შორის იყვნენ ისეთი ქალღმერთებიც, რომლებიც დიდი გაჭირვებით კითხულობდნენ, წერაზე რომ არაფერი ვთქვათ; გადაეყრებოდნენ თუ არა ტიპს, რომელიც საჯდომისა და ფულის გარდა მათი ადამიანური თვისებებითაც იყო დაინტერესებული, ეს ლამაზმანები გასაოცრად მორჩილნი, თავმდაბალნი ხდებოდნენ და მის მიმართ ენით აღუწერელი მადლიერების გრძნობით იმსჭვალებოდნენ.

დ.ბ.:-მერლინ მონროს თუ იცნობდი?

რ.გ.:-ვერ ვიტყვი, კარგად ვიცნობდი მეთქი, ძალიან ცუდად პრინციპში; რუპერ ალენთან და ფრენკ მაკარტისთან გავიცანი.

ფ.ბ.:-როგორი იყო მერლინი?

რ.გ.:-ეს იყო გოგონა, რომელმაც არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, როცა მერლინ მონრო იყო. რას ნიშნავდა მერლინ მონროდ ყოფნა და რა უნდა მოემოქმედებინა იმისთვის, რომ მერლინ მონროდ დარჩენილიყო. როცა შენგან „მითი“ შექმნეს, იქნები შენ ლანა თერნერი თუ ავა გარდნერი, შენ ყოველთვის მერლინ მონრო რჩები. ეს ირეალობის იგივე უზარმაზარი ნაწილია და როცა ირეალობის ამ უზარმაზარ ნაწილს უთანხმოება აქვს რეალობის პატარა ნაწილთან – ნერვიულთან, ფსიქოლოგიურთან, ფიზიოლოგიურთან, იმ ნაწილთან, შენს არსს რომ ქმნის, შენ სამუდამოდ მთლიანად მერლინ მონროდ გარდაიქმნები და ერთხელაც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებ. მავანი სმას იწყებს და შეიძლება გადარჩეს, მავანი სმას იწყებს და საბოლოოდ ნადგურდება. საწყალ ვერონიკა ლეიქს, რომელიც სულ ახლახან ორმოცდაათი წლის ასაკში ალკოჰოლმა იმსხვერპლა, ამაში უფრო მეტი დრო წაუვიდა და ეს მას შემდეგ, რაც 40-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავი იყო. რენე კლერის „ჩემი ცოლი ჯადოქარია“ გახსოვს? მოკლედ, ბარში ოფიციანტობით დაამთავრა და ბოლოს თვითონაც მოეღო ბოლო. ძალიან მიყვარდა. დღესაც ხშირად მეფიქრება მასზე. ლანა თერნერი, რომლის თერთმეტი წლის ქალიშვილმა დედამისის საყვარელი სამზარეულოს დანით მოკლა, ასევე გადარჩა… მაგრამ დიდი ხნით – ვერა. და ავა გარდნერი… მათ მეტ-ნაკლებად დაამარცხეს მერლინ მონრო თავიანთ თავში. ყური მიგდე, ახლა მოგიყვები იმას, რაც საკუთარი თვალით ვიხილე… ძალიან, ძალიან დიდი ვარსკვლავი იმ ორი თუ სამიდან, იმ ეპოქიდან, როცა მსგავსნი ჯერ კიდევ არსებობდნენ. მიუხედავად ალკოჰოლისა და მთელი რიგი უბედურებებისა, ეს იყო სუნთქვისშემკვრელი სილამაზე…

ფ.ბ.:-ვატყობ, რომ ეს შენთვის მტკივნეული თემაა.

რ.გ.:-მეზიზღება ალკოჰოლი, საძილე საშუალებები და მსგავსი რამეები. ერთხელ საკონსულოში ვახშამზე მეწვია. როცა გამოგვეცხადა, უკვე გახეული მთვრალი იყო. აღარ გაჩერდა, კოქტეილის დროს კიდევ დაიმატა. დადგა ვახშმის დრო და ყველამ სალონს მივაშურეთ… ცოტა ხანში მეტრდოტელი მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა, რაღაცა უნდა გაჩვენოთო. გავყევი, სასადილო ოთახისკენ გამიძღვა. სკამქვეშ უზარმაზარ გუბეს მოვკარი თვალი. ამ ჩვენ ვარსკვლავს პირდაპირ მაგიდასთან ძროხასავით მოეფსა.

ფ.ბ.:-მსგავსი რამ იშვიათად ხდებოდა ალბათ, არა?

რ.გ.:-იშვიათად იმ გაგებით, რომ ყველა მაგიდასთან როდი შარდავდა. ისე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მხედველობაში მყავს ძირითადად ევროპიდან ჩამოსული ვარსკვლავები, ისეთები, როგორებიც იყვნენ მარლენ დიტრიხი, დებორა ქერი, ოდრი ჰეფბერნი, მშვენივრად რომ გაუძლეს დარტყმას, ისინი შინაგანად იყვნენ განადგურებული იმიტომ, რომ ისინი გაძარცვეს და საკუთარი იდენტობის, მეობის გარეშე დატოვეს. ცხოვრობდნენ არა საკუთარ, არამედ ბრბოს საჭიროებისათვის შეკოწიწებულ სამყაროში, რომელსაც დროთა განმავლობაში შეესისხლხორცნენ. ერთ დღესაც ჰედი ლამარი მოევლინება მაყურებელს – „ეროტიკონი“ და მსგავსი რამეები, რომელიც დღისით მზისით პირდაპირ ვიტრინებიდან იპარავდა. ეროლ ფლინი საკუთარ თავს დონ ჟუანთან რომ აიგივებდა, მითის არტახებს უკვე ორმოცდაათი წლის ასაკში ვეღარ უძლებს. საკუთარი თვალით ვნახე ის… დეკორაციის კუთხეში ძლივს იდგა ფეხზე, 18 წლის ტურფას დაყრდნობილს, უკანა ფონის ტილოსთვის მიეშვირა ჩანჩქერი… მისი ვაჟიშვილი, შონ ფლინი, სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი და საკმაოდ ცნობილი ფოტოგრაფი ინდოჩინეთში დაიღუპა… შეიძლება ის უბედური სულაც ავთენტიკურობის ძიებას გადაჰყვა… რა თქმა უნდა, მე მხოლოდ იმათ შესახებ გიყვები, ვინც მითის მიერ დაგებულ ხაფანგში შეტყუებას საკუთარი სურვილით დანებდა; ეს ის დრო იყო, როცა ტელევიზიას კინოგამოსახულება ჯერ კიდევ არ შეერყვნა და ბანალური არ გაეხადა. ჰოლივუდი ჯერ კიდევ ჰოლივუდობდა, ძლიერებაც ჰქონდა, ფულიც და გამოცდილებაც, მითები ერთი მეორის მიყოლებით რომ გამოეჩარხა. ფაბრიკაცია, მოხმარება და ბოლოს ნაგვის ყუთში გადაძახება – აი, რა იყო ჰოლივუდის მთავარი მექანიზმი. კინომ მთელ ჩემს ბავშვობას ღრმა კვალი დაამჩნია და დღემდე მახსოვს ყველა; ხშირად ამომიტივტივდებოდა ხოლმე მეხსიერებაში როდ ლა როკისა და ვილმა ნაკის სახელები. ეს უკანასკნელი რუდოლფ ვალენტინოს პარტნიორი იყო; მითხრეს, რომ ეს მშვიდი და გაწონასწორებული წყვილი დღემდე ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობსო. ერთი წელი დამჭირდა, სანამ მათ ასავალ-დასავალს დავადგენდი. ჰოლივუდს მეხსიერება პირწმინდად აქვს გადარეცხილი, არც საკუთარ თავს სცემს პატივს და არც საკუთარ შემოქმედებას; ჰოლივუდი ეს ის კერძია, რომელიც წასაღებად არ მომზადებულა; ის ადგილზევე უნდა გადაუძახო მუცელში და მოინელო. როცა მე იქ ჩავედი, უკვე შეინიშნებოდა დეკადანსის სიმპტომები. გადამღები ჯგუფი ისეთი ადამიანებისგან იყო დაკომპლექტებული, რომელთა საშუალო ასაკი სამოც წელს აღწევდა; ახლებს ყოველგვარი გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ოპერატორი რომ დამდგარიყავი, აუცილებლად ოპერატორის შვილი უნდა ყოფილიყავი. ამ შემთხვევაში გქონდა შანსი, რომ პროფესიული კავშირის დაგმანული კარი შენთვის ოდნავ მაინც შეხსნილიყო. გადასაღებ მოედანზე სამი გრიმიორი მუშაობდა: ერთი სახეზე ზრუნავდა, მეორეს სხეული ებარა, მესამეს კი ხელები უნდა მოეყვანა წესრიგში. სკამს მილიმეტრითაც კი ვერ შეუცვლიდი, სანამ საგანგებო ნებართვას არ მიიღებდი ადამიანისგან, რომელსაც სკამების გადაწევ-გადმოწევა ევალებოდა. როცა ჩემი პირველი ფილმი ”ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ” ერთ-ერთი ამერიკული ფირმისთვის გადავიღე, ბიუჯეტიდან პავილიონების მოვლა-შენახვის დანახარჯებიც გამოგვიქვითეს. სხვათა შორის, ამ სურათს ისე მოვაბით თავი, რომ ჰოლივუდის პავილიონებში ფეხის შედგმა ერთხელაც არ დაგვჭირდა. შეუძლებელი იყო, ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფიგურის საქციელზე გაკვირვებისა და გაოცებისგან პირი არ დაგეფჩინათ. იმ ბობოლებს ვგულისხმობ, კინოში ოთხი ათეული წლის მანძილზე შეუზღუდავად რომ მეფობდნენ. შოკის მომგვრელი იყო, როცა ვხედავდი, რომ ეს ნაბობები, გენიოსები რომ აჰყავდათ სამსახურში, ზუსტად ისევე ფიქრობდნენ და მეტყველებდნენ, როგორც სეზონური ვაჭრები გასულ საუკუნეში. ჯეკ უორნერი, მაგალითად. მქონდა ბედნიერება მის კაბინეტში რობერ ფავრ-ლებრესთან ერთად მოვხვედრილიყავი; ჯეკი კანში ძვრებოდა, ოღონდ კანის კინოფესტივალზე წარსადგენად ჰემინგუეის მოთხრობის ”მოხუცი და ზღვა” მიხედვით გადაღებული ერთი უბადრუკი ფილმი შეეტენა. ამბავი გოლფსტრიმში მოთევზავე მოხუცისა, რომელიც გიგანტურ თევზთან ორთაბრძოლაში საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ზღვარს აღწევს; ჯეკ უორნერმა თავი ვალდებულად ჩათვალა, სურათის შინაარსი ჩვენთვის წვრილ-წვრილად მოეყოლა; რეზიუმეს სახით შემდეგი ფრაზით დაასრულა: ”It’s the story of a guy who was asking too much” – ესაა ამბავი ტიპისა, რომელიც მეტისმეტად ბევრს ითხოვდა. ერთი სიტყვით, პატივცემულმა მოხუცი მეთევზის ამბავშიც ფულის მეტი ვერაფერი დაინახა. ახლა ხვდები, ალბათ, თუ რატომ ხდებოდა დეპრესიისგან თავის დაღწევა მთავარი საზრუნავი, როდესაც ჭეშმარიტი შემოქმედები, მსახიობები, რეჟისორები და სცენარისტები მსგავსი ბაბუინების კლანჭებში აღმოჩნდებოდნენ. მახსენდება პირველი ტრანკვილიზატორების ბაზარზე გამოჩენა 1956 წელს, აი, იმ აბების, მათ რომ ”მილთაუნად” მონათლეს. შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ქალაქს მხსნელი და კაცობრიობის გადამრჩენელი მოევლინა. ყველას პირზე ”მილთაუნი” ეკერა, ურეკავდნენ ერთმანეთს და იყვნენ ერთ ამბავში; ცინცხალი, დამაიმედებელი ამბის შეტყობინებას ერთმანეთს ასწრებდნენ. ცხოვრება, წესით, დიამეტრულად უნდა შეცვლილიყო, აღარ იქნებოდა პრობლემები, ნევროზს საბოლოო წერტილი უნდა დასმოდა, ალელუია, ალელუია! არ მეგულება მსოფლიოში ქალაქი, სადაც ამდენ შარლატანსა და გაიძვერას ერთად ექნება მოყრილი თავი და, რა თქმა უნდა, პირველი ადგილები ფსიქოანალიტიკოსებმა არავის დაუთმეს. ერთხელ, საღამოს, დევიდ სელზნიკთან -”ქარწაღებულნის” პროდუსერთან ვვახშმობდი, ვსაუბრობდით L.S.D.-ზე, ნარკოტიკზე, რომელსაც ფსიქოანალიტიკოსები თავიანთ პაციენტებზე ცდიდნენ. ეს უკანასკნელნი კი ამ პრეპარატს ”ფსიქოანალიტიკურ ბომბად” მიიჩნევდნენ, რომელიც სპეციალისტებს ელვისებური სეანსების ჩატარების საშუალებას აძლევდა. სელზნიკი ჩემსკენ შემოტრიალდა და მეკითხება: ”თქვენ გყავთ კარგი ფსიქოანალიტიკოსი?” ვუპასუხე, ფსიქოანალიზის სეანსი ჯერჯერობით არ მიცდია-მეთქი. გაკვირვებულმა სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს და გარკვეული დროით სუფრაზე უხერხულმა მდგომარეობამ დაისადგურა. წარმოგიდგენია? მათ ჩემ გამო უხერხულობის განცდა დაეუფლათ. ამ საღამოდან რამდენიმე დღის მიწურულს მე ბრწყინვალე კინოგაკვეთილი მივიღე და ის, არც მეტი არც ნაკლები, ბილი უაილდერმა ჩამიტარა. ჰოლივუდის ბინადართა შორის სწორედ რომ ბილი უაილდერი გახლდათ ყველაზე გესლიანი და ყველაზე მკბენარა ენის პატრონი. პირდაპირ გადასაღებ მოედანზე დავადექი თავზე. სურათი ლინდბერგის ამბავს ყვებოდა, რომელმაც პირველმა გადაუფრინა ატლანტიკის ოკეანეს. ”The Spirit of Saint Louis” თვითმფრინავში საჭევართან ჯიმი სტიუარტი იდგა. მაკეტს ხელოვნურად შექმნილ ქარბუქში მთელი ძალით ანჯღრევდნენ, ერთი მხრიდან მანქანა-დანადგარები თოვლის ფანტელებს აფრქვევდნენ, მეორე მხრიდან კი ძლიერი ქარის ნაკადი ანგრევდა იქაურობას. ბილი უაილდერი მეუბნება: ”შეხედეთ, აი, ეს არის კინო. აბა, მითხარით, რას ხედავთ აქ? ყალბი ლინდბერგი, ყალბი თვითმფრინავი, ყალბი ცა, ყალბი ქარბუქი და ბოლოს ყალბი თოვლი… და რას მოგვცემს ეს ყველაფერი ეკრანზე? ცხადია, ყალბ ლინდბერგს, ყალბ თვითმფრინავს, ყალბ ცასა და ყალბი თოვლის ნამქერებს!” ისე, ჰოლივუდის ყველაზე ლამაზ ფილმად ჩემთვის მაინც უაილდერის ”ბულვარი სანსეტი” რჩება (”Sunset Boulevard” რჩება). აი, ვინ იცოდა ათიანებში გარტყმა; მას არ ეკუთვნის ოტო პრემინგერის, რეჟისორისა და გადასაღებ მოედანზე ნამდვილი ტირანის, რომ არ ვთქვა სადისტის, მის მიმართ წარმოთქმული ის ცნობილი ფრაზა? ”ოტოსთან ურთიერთობაში უკიდურესი თავაზიანობა უნდა გამოვიჩინო, გერმანიაში ჯერ კიდევ შემომრჩნენ ნათესავები”. მოგეხსენება, მანამდე პრემინგერის ძირითადი კოზირი ნაცისტთა როლების შესრულება იყო.

ფ.ბ.:-იქ ვინმე თუ მოგწონდა?

რ.გ.:-რა გაქვს მხედველობაში?

ფ.ბ.:-ვინმეს თუ დაუმეგობრდი-მეთქი?

რ.გ.:-კი, როგორ არა – გარი კუპერს. ეს იყო ნამდვილი მამაკაცი, ამ სიტყვის ყველაზე ქალური გაგებით: რბილი, თავაზიანი, სრულიად უუნარო, ვინმე შეეძულებინა, თავმდაბალი, იუმორის ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, მოკლედ, დიდი ამერიკელი.

ფ.ბ.:-ერთ-ერთ შენს რომანს ხომ დაარქვი ”მშვიდობით, გარი კუპერ…”

რ.გ.:-კი, და არაერთმა გადაწყვიტა, რომ ეს რომანი კინოს ეძღვნებოდა. მე კიდევ მსურდა მეთქვა: მშვიდობით, მშვიდო ამერიკელო გმირო, საკუთარ თავსა და უფლებებში დარწმუნებულო; მშვიდობით, წამოწყებული საქმის ჭეშმარიტებასა და სამართლიანობაში დარწმუნებულო ვაჟკაცო, ნახვამდის, საბოლოოდ მუდამ გამარჯვებულო გმირო; მშვიდობით, უტყუარი ფაქტების ამერიკავ. სალამი ორჭოფობით შეპყრობილო, საკუთარი თავისადმი, ვიეტნამსა და უოთერგეთისადმი ზიზღით გამსჭვალულო ამერიკავ. ეს დაიწერა 1956 წელს, მანამდე სამეტყველო ენად ჟარგონი გამოიყენებოდა და ”Ski Bum” დავარქვი. ”Lady L”-სა და ”ვარსკვლავთმჭამელების” შემდეგ ეს ჩემი მესამე რომანია, რომელიც თავიდან ინგლისურად დაიწერა; ფრანგული ვარიანტები თარგმანები არ გეგონოს, ყველაფერი თავიდან დავწერე და ორიგინალზე ბევრად უკეთესია. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ დრომ ზოგიერთი თემის უკეთ გახსნისა და განვრცობის საშუალება მომცა. თარგმანი, მერწმუნე, ნამდვილად ჯოჯოხეთია, წამებაა. ”Lady L”-ის ინგლისურად დაწერამ ექვსი კვირა წამართვა, ფრანგული ვერსიის შექმნამ კი – ცხრა თვე, ოღონდ ხუთი წლის შემდეგ…

ფ.ბ.:-კეთილი, რა გიბიძგებს იმისკენ, რომ ინგლისურადაც წერო, რატომ განიცდი ამის აუცილებლობას?

რ.გ.:-იმიტომ, რომ ვერც ჩინურად, ვერც ბერძნულად და ვერც სუაჰილიზე ვერ ვწერ. ახალ რომანზე მუშაობის დაწყებისას ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ გავიქცე იქ, სადაც მე არ ვარ, ვნახო, რა ხდება სხვებთან, გამოვემშვიდობო საკუთარ თავს, გარდავისახო. ამ დროს ”უცხო სამყაროს” ძიების საშუალებათა სიმწირის მტანჯველი განცდა მეუფლება, მაგალითად, ფერწერის… ხშირად ეს შეიძლება კომიკური გაუგებრობების საბაბი გახდეს. ასე მაგალითად, ქალბატონმა ჟაკლინ პიატიემ გაზეთ ”მონდში” დაასკვნა, რომ რომენ გარი ათაშანგით სნეული, ოღრაში და შარლატანია…

ფ.ბ.:-?

რ.გ.:-შევეცდები აგიხსნა. ბოლო რომანი, ”მომნუსხველები” პირველ პირში დავწერე, ჩემი მთავარი მიზანი პიკაროს პერსონაჟის ”რომანის ენაზე” გადაწყობა იყო, ისეთი უნდა გამხდარიყო, როგორიც ”სგანარელისთვის” დაწერილ ესეიში წარმოვაჩინე. ეს გმირი წვრილ-წვრილად 35-ე თავში აღვწერე, რომელიც ასე დავასათაურე: ”პატიოსანი კაცის – სგანარელის თავგადასავლები!” (სგანარელის – პატიოსანი კაცის თავგადასავლები!) ალბათ, არ დამჭირდება შენთვის იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, საკუთარი თეორიის პრაქტიკაში გამოყენება. მოკლედ, ის, რაც ქვესათაურში ”გმირისა და რომანის ძიება” დავწერე, პერსონაჟსა და მხატვრულ ნაწარმოებში უნდა ასახულიყო. სწორედ ამას ვცდილობდი ”მომნუსხველებში” ფოსკო ძაგას ხასიათის ძერწვისას, ბევრი ვიქექე XVIII საუკუნის მემატიანეთა ნაშრომებში, ბევრ რამეს დავესესხე ისეთ სახელგანთქმულ ავანტიურისტებს, როგორებიც იყვნენ კაზანოვა და კოსმოპოლიტა, სხვებსაც, რა თქმა უნდა, ალექსანდრე დე ტიისაც მივადექი, არც ვოლტერის ხასიათისთვის ნიშნეული ყალთაბანდური და იშკილბაზური ნიუანსები დამვიწყებია. თუ ჩემი ”პიკარო” მწერალი გავხადე, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ XVIII საუკუნის ყველა ავანტიურისტი წერდა და ამას გარდა კიდევ იმიტომ, რომ არსებობს ბელეტრისტის გარკვეული ტიპი, თავისუფლად რომ გადაადგილდება დროში, საუკუნიდან საუკუნეში და რომლის მთავარი საზრუნავი მხოლოდ ”თავისი” ლიტერატურაა. ასეთებს ტანჯვისა და გაუსაძლისი ტკივილებისგან აღმომხდარი ადამიანური ყიჟინა მაამებელ და ბედნიერების მომგვრელ მელოდიად ჩაესმით. როცა ისეთ დიდ პოეტებს მივმართავ, როგორიც ვინია, ან მაგალითად, ისეთ ბუმბერაზ მწერლებს, როგორიც კონსტანი იყო ან კიდევ ვოლტერსა და მის მსგავს მასშტაბურ მოაზროვნეებს, არა მარტო ჩვენთან, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო ის გასაოცარი დიქოტომია, რომელიც მათ საოცარ ქმნილებებსა და უგვანო პირად ცხოვრებასა თუ ქმედებებს შორის არსებობს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამ ნატიფ გრძნობებს ხარკს უხდიდნენ და ამგვარად ანგარიშს ბოლომდე უსწორებდნენ, როცა მათგან ბრწყინვალე ლიტერატურას ქმნიდნენ. მსგავსი მიდგომა დღემდე გრძელდება; ასეთი დავხატე ”მომნუსხველთა ტომი” და ფოსკო ძაგაც, რომელსაც უწინარეს ყოვლისა თავისი ”ლიტერატურული ჯადოსნურობა და მომნუსხველობა” ადარდებს, ამ დროს კი, არც მეტი არც ნაკლები, პირწავარდნილი ყალთაბანდი, ოღრაში, პარაზიტი და სიფილისიანია; ჩემი მიზანი ამ პერსონაჟთან მიახლოება იყო, თუმცა ის ჩემგან, ჩემი პიროვნებისგან, ჩემი პირადი ცხოვრებისგან ძალიან დაშორებულია. ახლა ვფიქრობ, გასაგებია, თუ რატომ ვამჯობინე პირველ პირში თხრობა. გმირს პარიზში, ბაკის ქუჩაზე ჩემი ბინაც კი ვათხოვე. რამე საზიარო ხომ უნდა გვქონოდა? ამ დეტალებმა, ამას გარდა, ბაკის ქუჩის ხსენებამ ქალბატონ ჟაკლინ პიატიეს ”მონდში” ათქმევინა, რომ რომანის მთავარი პერსონაჟი შარლატანი, ოღრაში, სიფილიასიანი ძაგა რომენ გარია; წიგნიდან ის ფრაზაც კი მოიშველია, სადაც სიბერემორეულ და თემებგამოლეულ მწერალს ჟამთასვლისთვის მიუყურადებია, იქნებ ისტორიას კიდევ ერთი შესაძლო რომანის სიუჟეტი ავღლიტო და ჩემი ბენეფისიც მოვიგვაროო. მეტსაც გეტყვი, ეს პარაზიტობა პირდაპირ მე მომაკერა და ერთი წამი არ დაფიქრებულა იმაზე, რამდენ ჯაფად და ოფლის ღვრად დამიჯდა ამ ამბის შეთხზვა. არც კი შეიმჩნია, რომ ჩემი ”ლიტერატურული საგანძურის” გასამდიდრებლად ”თავისუფალი საფრანგეთისთვის” არასდროს მიმიმართავს, არც ჩემი ამხანაგების თავგანწირვასა და მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს დავყრდნობივარ, რათა ბესტსელერები გამომეცხო, როგორც ეს ზოგიერთებმა ჩაიდინეს; აქ მთავარი სხვა რამეში მდგომარეობს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სახეზეა ფიქციაზე უარის თქმა, მოგონილის არაღუქმელობა: ეს კი ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებულ მოვლენაა; რაც უფრო წარმოსახვითია ნაწარმოები, მით უფრო დამაჯერებელია ის; მე კიდევ ვერ ავუდივარ წერილების იმ ზღვა რაოდენობის წაკითხვას, სადაც მკითხველი მეკითხება: ნუთუ მართალია, რასაც წერთ? ეს მართლა მოხდა? შედეგი ერთობ კურიოზულია, ავტორები ძალღონეს არ იშურებენ, რომ თავიანთ ნაწარმოებებს დოკუმენტალურობის ფორმა შესძინონ, ქმნიან ერთგვარ ფსევდოდოკუმენტებს და ირწმუნებიან, რომ მათი გონების ნაჟური, არც მეტი არც ნაკლები, ”ავთენტიკურია”. მე თუ მკითხავთ, ეს წმინდა წყლის ფაბრიკაციაა, ტრიუკია, სინდისგარეცხილთა ნაბოდვარია, მაგრამ ხდება სასწაული, როგორც კი განაცხადებენ საქმე დოკუმენტებს ეხებაო… ყურადღებით მისმინე, ამის გულისთვის ვიყბედე ამდენი ხანი? როგორც კი იტყვიან, რომ დოკუმენტებს ეყრდნობიან, მიდგომა კარდინალურად იცვლება. ყველაფერი ზნეობისა და მაღალმორალურობის ელფერს იძენს. საქმე ისაა, რომ ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ათასობით მკითხველს რომანის, ანუ წარმოსახვის პროდუქტის კითხვისას მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს თავში – ის დარწმუნებულია, რომ თითზე დაიხვიეს, გააცურეს, რომ ავტორმა მათი ნდობა ბოროტად გამოიყენა, მოატყუა, რათა ნაწარმოების მიმართ მათი ინტერესი აღეძრა. ხვდები, რას ფიქრობს მკითხველი? ეს წმინდა წყლის ფიქციაა, სიცრუეა, ყველაფერი გამონაგონია, ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, ეს მონაჩმახი პირდაპირ გულის ამრევია, – გაჰყვირის ის… ერთხელ ნაცნობმა ფრანგმა ელჩმა გამანდო, სერიოზული კაცი ვარ და რომანებს არ ვკითხულობო… მოგონილის და მონაჩმახის კითხვისგან უხერხულობის განცდა მეუფლება, მეტიც, პირდაპირ მრცხვენიაო… მაგრამ თუ მათ ”დოკუმენტს” მიართმევ, არაფრად დაგიდევთ შეთითხნილს თუ ავთენტიკურს, – მაშინვე პოულობენ მორალურ გამართლებას; მათთვის ყველაფერი კანონიერი, ნამდვილი და ზნეობრივი ხდება, მთავარია, ეს პოეზია არ იყოს. ოცი წლის წინ ბერნში ჩვენს ელჩს -ანრი ოპნოს, – დაე, ღმერთმა ისე გაუხანგრძლივოს ამ კაცს ცხოვრება, რომ ყოველგვარი ზომიერების გრძნობა დაკარგოს, – და კიდევ რამდენიმესთან ერთად ერთ მაგიდასთან მადამ დე როტის კომპანიაში აღმოვჩნდი. ჩემი ბოლო რომანი ”დიდი გასახდელ ოთახში”, სადაც მოქმედება განთავისუფლების შემდეგ ქურდების, ავაზაკების, მეძავებისა და ოღრაშების წრეში ვითარდება, სულ ახალი გამოსული იყო. მადამ დე როტი მომიტრიალდა და მეუბნება: ”იქნებ ამიხსნათ, როგორ მოხდა, რომ თქვენ, ასეთი დახვეწილი ახალგაზრდა დიპლომატი, ასე კარგად იცნობთ მეძავების, სუტენიორებისა და აფერისტების სამყაროს?” „მადამ დე როტ, სანამ ახალგაზრდა, დახვეწილი და გამორჩეული დიპლომატი გავხდებოდი, თავად გახლდით მეძავი და სუტენიორი“, – მივუგე. ღრმადპატივცემული, უკვე ხანდაზმული ელჩი თავის მხრივ დიასახლისს მიუბრუნდა და განუმარტა: ”კმარა, კმარა, ქალბატონო, ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რომენი ცოტას აჭარბებს”. რომანს უკვე რამდენიმე ათეული წელია დღეებს უთვლიან და მეც დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ეს საჭირო აღარ იქნება, ის აღესრულება; შეხედეთ, რა უბედურება დაატყდა პოეზიას თავს. ოცი წელია უკვე, რაც ჩემთან საუბარში რომელიმე პოეტის სახელი არავის წამოსცდენია, ოცი წელია ჩემთან ლექსების კრებულზე არავის უსაუბრია… არადა, პოეზია ლიტერატურაში ყოველთვის პიონერად მიიჩნეოდა. პოეზია ხომ ადამიანის სულის პირველი ამოძახილი იყო, ყველა სხვა ლიტერატურული ჟანრის გზამკვლევი და წინამძღოლი. და თუ ის მოკვდება… მადლობა ღმერთს, ტელევიზორი არსებობს.

ფ.ბ.:-რაც შემეხება მე, ხშირად მიწევს პოეტებთან შეხვედრა, პოეზიაზე საუბრების მოსმენა. თუ შენ მსგავს შესაძლებლობას მოკლებული ხარ, ძალიან გთხოვ, სხვებს ნუ დააბრალებ…

რ.გ.:-ფრანსუა, ეს ხომ შენი სპეციალობაა. ხარ კრიტიკოსი, ლექტორი, კულტურული ყოველკვირეული რვეულის რედაქტორი… შენ ჭეშმარიტი პროფესიონალი ხარ კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებში და აქედან გამომდინარე – მარგინალი. საუკუნეების მანძილზე, დაწყებული ”სიმღერიდან როლანდზე” ვიქტორ ჰიუგოთი დამთავრებული, ფსიქოლოგია, ამ ქვეყნის ისტორიული შეგნება და საზრისი პოეზიით საზრდოობდა… დღეს იმის თქმა, რომ პოეზია რაიმე გარკვეულ როლს თამაშობს ფრანგულ შემეცნებაში, იგივეა, ამტკიცო, საფრანგეთმა მხოლოდ იმიტომ მისცა ხმა პომპიდუს, რომ ეს უკანასკნელი პოეზიის ანთოლოგიის ავტორი იყო.

ფ.ბ.:საუბარი რომანში ცხოვრებისეული გამოცდილების როლზე ჩამოვარდა, იქნებ მოგეყოლა ამ მიმართულებით შენი ჰოლივუდში სტუმრობა რამეში თუ წაგადგა?

რ.გ.:-პირდაპირ გეტყვი – არაფერში წამადგა. ერთადერთი რომანი, რომელშიც ჰოლივუდზე და საერთოდ კინოს ხალხზე ვილაპარაკე, ”დღის ფერებია” და იქ მოხვედრამდე ათი წლით ადრე დაიწერა. ჰოლივუდში ხელოვნურობის წილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნაკლებად აეშლება ადამიანს მხატვრული შემოქმედების საღერღელი. ისიც ფაქტია, რომ რომანი, ნამდვილი რომანი, აი ისეთი, ხელოვნურობაზე რომ ყვება, ჯერ არავის დაუწერია. არადა, თემა ნამდვილად საინტერესო და ჩამთრევია… ერთს ვიტყვი მხოლოდ, დაფიქრებად ღირს! ამას გარდა, ამერიკაში ბევრ კლიშეს ზემოქმედების ძალა ჯერაც არ დაუკარგავს, ისევ და ისევ პოპულარულია და არაერთი ჭეშმარიტ ღირებულებად აღიქვამს. როცა იქ ხარ, შენც იგივე აღქმა გეუფლება. ამ დროს წერას თუ მიჰყავი ხელი, ის, რაც გამოცხვება, მხოლოდ ნორმან მეილერისთვის თუ ივარგებს. ვფიქრობ, მხოლოდ ამერიკელ ავტორს შეუძლია ძლიერებისა და ფულის ჯერ კიდევ სჯეროდეს, როცა პიროვნების შეფასების კრიტერიუმებზე ჩამოვარდება საუბარი. ჩვენმა რომანმა ეს ყველაფერი უკვე მოინელა და მოისაქმა კიდევაც. სხვათა შორის, მე იქ ყოველთვის კარგად ვხედავდი იმის სარჩულს, რაც ჩემ თვალწინ ტრიალებდა. საკმაოდ კარგად ვიყავი ინფორმირებული ”ძლიერებზე ამა ქვეყნისა”. ყოველ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, როცა სამსახურეობრივი მდგომარეობა სრულ უფლებას განიჭებს ”დაზარალებულთა აღსარებანი” მოისმინო. დრო და დრო რომელიმე გზააბნეული და გაუბედურებული ფრანგი ლამაზმანი კანსა თუ სენ-ტროპეში ვნებიანი ღამის გატარების შემდეგ, ნანატრი კონტრაქტით დაბოლილი და გონებაარეული, ჰოლივუდში ამოყოფდა ხოლმე თავს, რათა მორიგი ამომავალი ვარსკვლავი გამხდარიყო. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მსგავსი ისტორიები მთავრდებოდა ისე, როგორადაც უნდა დამთავრებულიყო. თავიდან დიდების მაძიებელს კვირაში 150 დოლარს თუ გადაუხდიდნენ, ეს უკანასკნელი კი უკეთესის მოლოდინში თავს დიდი იმედებით იმშვიდებდა. ცოტა მოგვიანებით თამასა დაბლა იწევდა და 75 დოლარს უახლოვდებოდა, იმედებს ნელ-ნელა ელვარება ეკარგებოდა და ბოლოს, თვის ბოლომდე სული როგორმე რომ მიეტანა, უბედური გოგონა იძულებული ხდებოდა, სულ რაღაც ას დოლარად ვინმეს ლოგინში ჩაგორებოდა. ადრე თუ გვიან თავგადასავლების მოყვარულნი, ეს დაჯიჯგნილი და სისხლში ამოგანგლული, გაჩანაგებული სხეულის ნაკუწები საელჩოში, პირდაპირ ჩემს სამუშაო მაგიდაზე იყრიდა თავს; რესპუბლიკას ოცნების მსხვერპლთა რეპატრიაციისთვის ერთი სუს გამოყოფაც კი არ სურდა. ნუ გეშინია, ვპოულობდი გამოსავალს, ვიღებდი ყურმილს და შესაბამის სააგენტოს ან პროდიუსერს ვუკავშირდებოდი, პიროვნებას, ამ ბენტერა მეოცნებეთი რომ იქცევდა თავს რამდენიმე კვირის განმავლობაში. ვეუბნებოდი, შენსავე ინტერესებში შედის ამ გოგონას სასწრაფო რეპატრიაციისათვის აუცილებელი ხარჯების გაღება, თორემ ფრანგულმა პრესამ ხურჯინს თავი თუ მოუხსნა, ვერაფერი შეაკავებს-მეთქი… ჩემსას არ ვიშლიდი, საკმაოდ უხეშად და კატეგორიულად ვუხსნიდი, ფრანგ ჟურნალისტებს შორის უამრავი ნაცნობ-მეგობარი მყავს და ყველას პირს ვერ მოვაკეტინებ, მათ ყურსა და მზერას ვერაფერს გამოაპარებს კაცი-მეთქი. შენ წარმოიდგინე, ხშირ შემთხვევაში ჩემი ტაქტიკა ამართლებდა; ეს ლამაზმანები კი, თავის მხრივ, დააღებდნენ პირს და დეტალებში ყვებოდნენ ძლიერთა ამა ქვეყნისა ყოვლისშემძლეობაზე, იმათზეც, ვისაც სუპერმამრის რეპუტაცია ჰქონდათ დამკვიდრებული; ბევრ რამეზე კაცი თავს ვერ შეიკავებდა და აუცილებლად ხარხარი აუტყდებოდა, რაღაც ამბები კი ნამდვილად გულს აურევდა; რასაც გიყვები, არამარტო ჰოლივუდისთვისაა ნიშნეული. უკლებლივ ყველა დახურული წრისთვისაც, სადაც ოცნების ბედ-იღბალი წყდება, სადაც ოცნებას ჩამოდიან ფსონად, არა აქვს მნიშვნელობა, მეოცნებე ახალგაზრდა ქალი იქნება თუ კაცი, ეს მართლაც საზიზღრობაა, გულისამრევია. პირადად მე ოცნების ექსპლოატაციაზე უფრო დიდი საძაგლობა და გაიძვერობა დედამიწის ზურგზე არ მეგულება; როცა რეჟისურას მოვკიდე ხელი, ჩემთვის სამუშაოს ყველაზე მძიმე და ყველაზე სასტიკი და აუტანელი ნაწილი კანდიდატების მიღება-შემოწმება აღმოჩნდა, იმ გოგონების და ყმაწვილკაცების დასაქმება, ყველაფერზე რომ მოაწერდნენ ხელს, ოღონდ როლის ნაგლეჯისთვის მაინც გამოეკრათ ხელი. წარმოიდგინე სცენა: ისინი სევდანარევი, ოცნებით სავსე თვალებით შემოდიან, – ასეთივე სევდით იყო სავსე ჩემი მზერაც, როცა ოცი წლის ვიყავი და სადმე დაბეჭდვა აკვიატებად მქონდა ქცეული, – ისე შემოგცქერიან, რომ აუცილებლად გაგიჩნდება სურვილი, ერთი კი არა, ოცი ფილმი გადაიღო და მათ თვალებში მოკიაფე პატარ-პატარა ოცნებები შიგ მოაქციო. ერთი სული გაქვს, არავის დაწყვიტო გული და ეს როლები შენს გარშემო ყველას ჩამოურიგო… ყოველთვის ვიტანჯებოდი, პირდაპირ ავად ვხდებოდი, როცა ქასთინგის შემდეგ უარის თქმა მიწევდა. ფილმისთვის, რომელსაც ესპანეთში ვიღებდი, შესატყვისი ძუძუების შესარჩევად ოცდაათი დედიშობილა გოგონას დათვალიერება მომიწია; ეს იყო საშინელება… ჰო, როგორც გითხარი, მჭირდებოდა ოცდაათი ლამაზმანი. ყმაწვილქალები საცვლების ამარა შემოდიოდნენ, იღებდნენ წარმოუდგენელ პოზებს, იგრიხებოდნენ, იპრანჭებოდნენ, იტყლარჭებოდნენ, ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ გრძნობებისა და ვნებების გამოხატვა შეეძლოთ. ამ მეცადინეობაში ზოგი მეძავს ემსგავსებოდა, ზოგიც – მონაზონს, ზოგიც – უბიწო ქალწულს, ზოგიც – ავხორცსა და ნამუსგარეცხილს. ცხოვრებაში ზედიზედ ამდენჯერ არასდროს გავწითლებულვარ. და ბოლოს… და ბოლოს, ამ მასაში შემოანათა ერთმა პირმშვენიერმა გოგონამ. ძუძუები ბიუსტჰალტერში გამოემწყვდია… ცოცხალი თავით არ ისურვა მათი გამომზეურება. მივუახლოვდი და ავუხსენი, ფილმის საჭიროებიდან გამომდინარე მათ ახლოდან ერთი მზერა მაინც უნდა შევავლო-მეთქი. დაიწყო ტირილი, თან იხდიდა. ხელს კი იფარებდა, წამდაუწუმ ისწორებდა მაგრამ ორ საფირმო იარას მაინც დავადგი თვალი. მიუხედავად ამისა, ხედავ, მაინც მოვიდა, ვინიცობაა ჩემთვის პატარა როლი მაინც მოიძებნოსო. საგანგებოდ მისთვის სცენარს დავამატე სცენა, სადაც გოგონა ჩაცმულ-დახურული იწონებს თავს. შენ კარგად მოგეხსენება, რომ სექსუალური მორალი ჩემი ხასიათის მთავარი ნიშან-თვისება ნამდვილად არ არის, მაგრამ რასაც ჰოლივუდს დღემდე ვერ ვპატიობ, ეს ოცნების ექსპლუატაციაა. ოცნება კი ჩემთვის წმინდათა წმინდაა.

ფ.ბ.:-იქაური ვარსკვლავებიდან რომელს იცნობდი ყველაზე ახლოს?

რ.გ.:-არცერთს, მეგობარო, არცერთს, ვწუხვარ.

ფ.ბ.:-ადამიანური თვალსაზრისით?

რ.გ.:-ძალიან მომწონდა ვერონიკა ლეიქი, მაგრამ ის უკვე იყო წელში გატეხილი. ისე, რომ იცოდე, შეუძლებელია ჰოლივუდის დიდ ვარსკვლავთან უბრალო, ადამიანური ურთიერთობების ქონა; ის ვაკანტური არასდროსაა, უკვე ჰყავს ”მომვლელი”, აქვს საკუთარი ფული და, რასაკვირველია, მეხოტბეთა მთელი ამალა. ვარსკვლავი მოსიარულე მითია, რომელიც სასაკლაოს ჟამის დადგომის მოლოდინშია, ანუ ბოქს-ოფისში მისი აქციების დაცემის, შენი ყოველთვის ეშინია, სათოფეზე არ გეკარება. რა იცი, რა ხდება, იქნებ შეიტყო შიგ რა უყრია, რას მალავს. ვარსკვლავს რეალობისთვის საერთოდ არ რჩება დრო, ის არ არის ”უწყვეტობას” და მუდმივობას ჩვეული. მთელი მისი ცხოვრება ხომ ერთი მეორის მიყოლებით დამონტაჟებული პატარ-პატარა ნაგლეჯებისგან შედგება: სამი თვე გადაღებები, მერე ისევ სამი თვე გადასაღებ მოედანზე, კიდევ სამი თვე და ასე უწყვეტად, ეს”უწყვეტობა” კი ყოველდღიურად კამერის წინ მხოლოდ სამი წუთი თუ გრძელდება და როცა ამას ათი წლის მანძილზე აკეთებ, შენ უკვე არანაირი ”უწყვეტობა” არ გრჩება, აღარ იცი, რას დაეყრდნო, რას წაეპოტინო, დაკარგე ორიენტირები. ასეთ დღეში ჩავარდა ჯუდი გარლანდი, რომელიც ამით თოთხმეტი წლის ასაკიდან იყო დაკავებული. ცხადია, იყვნენ ისეთებიც, სრულიად უვნებელნი და საღსალამათნი რომ დაუძვრნენ სიტუაციას, – მდიდრები, გასქელებულები და ყველასგან მივიწყებულები. არა, რაც მართალია მართალია, მქონდა ჰოლივუდში დაუვიწყარი მომენტებიც, შევესწარი ჯინჯერ როჯერსის ბოლო გამონათებას, დავუმეგობრდი ქოულ პორტერს, მსუბუქი, ირონიული და იმავდროულად გონიერი და ღრმა სულიერებით აღბეჭდილი სიმღერის გენიოსს. დრო და დრო ფრედ ასტერს შევუვლიდი ხოლმე. არაფერი ჯობდა ულამაზეს სიდ ჩერისთან ერთად დიდი თეატრის სპექტაკლებზე დასწრებას. ახლაც ჩამესმის ახალგაზრდა ჯეინ ფონდას სიცილ-კისკისი, იმხანად მხოლოდ თვრამეტი წლის თუ იქნებოდა, რა ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო… ახლა ეს ყველაფერი ჩემს მეხსიერებაში წამიერი, მაგრამ დაუვიწყარი გაელვებების ერთგვარ კალეიდოსკოპს ქმნის; ეს გაფრენილი ბედნიერებით აღბეჭდილი ღიმილების, მარადისობაში ჩაძირული ეფემერული მეგობრული ურთიერთობების შორეული მიყრუებული ხმაური და შრიალია. ეს ყველაფერი ნაკუწებად ქცეული სინჯებია… იყვნენ, რასაკვირველია, ფრანგებიც, რომლებსაც საკმაოდ ხშირად ვხვდებოდი: შარლ ბუაიე, ლუი ჟურდანი, დალიო, მქონდა მათთან ურთიერთობით მონიჭებული ბედნიერი წუთებიც, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა, ვერაფერს ვიხსენებ… იქ მეგობრობა უწვრილეს პროფესიონალურ ძაფებს უჭირავს, თუ შენი და მათი ინტერესების თანხვედრა მოხდა, შეიძლება რაღაცა გამოიჩარხოს, თუ არადა, რა გითხრა აბა? მხედველობაში მაქვს ფილმი ან სცენარი, მაგრამ როგორც კი ეს მორჩება, მეგობრობის ნაკვალევი სანთლით უნდა ეძებო, დიდი-დიდი შეიძლება მეხსიერებას შემორჩეს. მოკლედ, აი, რა ხდება: პროცესი ორად იყოფა, ისინი ან თავბრუდამხვევ წარმატებას აღწევენ და სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევენ, ამ დროს შენ უკან მოგიტოვებენ, რადგან მათ ”სიბრტყეში” ვეღარ ჯდები, ან მათი რეიტინგი ეცემა, შემოსავლების კოეფიციენტი ბოქ-ოფისში ყველაზე დაბალ ნიშნულს უთანაბრდება. ამ დროს ისინი გერიდებიან, რცხვენიათ და თავს დამნაშავედ გრძნობენ. ფიქრობენ, რომ მათთან შეხვედრა გეუხერხულება. მოკლედ, ისევ ”საბაზრო ღირებულებათა” ისტორიას ვუბრუნდებით. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ურთიერთობა შემინარჩუნდა, ჯონ ფორდია; ეს ის კაცია, რომლის ვალიდან ამერიკული ვესტერნი დღემდე ვერ ამოსულა.სწორედ მან შექმნა ცხენებით ჯირითის სუნთქვისშემკვრელი სცენები. გასაკვირია, მაგრამ ”დღეს” ეს ბევრს საერთოდ არ ახსოვს – კლასიკური კინემატოგრაფის ფასდაუდებელ საგანძურად ქცეული მთელი სერია შედევრებისა; მხედველობაში მაქვს სურათები კოვბოებისა და აპაჩების მონაწილეობის გარეშე. ჯერ მარტო ”ჯაშუში” და ”მრისხანების მტევნები” რად ღირს. ერთ საღამოს მეტრდოტელი მომიახლოვდა და მეუბნება, კართან ვიღაც მაწანწალა დგას, შენთან შეხვედრას დაჟინებით ითხოვსო. გავედი და ჩვილი ბავშვის -კადუმისა და მატიურენის ერთგვარ ნარევს შევეფეთე. მარცხენა თვალზე ბენდენა აეფარებინა – როცა სჭირდებოდა რამე მეტი ყურადღებით შეეთვალიერებინა, ამ სახვევს აიწევდა ხოლმე და აკვირდებოდა იმ თვალით, რომელიც ვითომდა დაკარგა, – თავზე სან-ფრანცისკოელი ბალოკის ფეტრის შლაპა დაეკოსებინა, აი, ის, მე რომ ვიხურავ ახლა დრო და დრო. შარვალი ეცვა სელის, სრულიად წარმოუდგენელი, აშკარად ეტყობოდა, რომ უთოსთან კონტაქტი კარგა ხნის გაწყვეტილი ჰქონდა. ჯ. ფორდს ჩემთვის სიგარები მოჰქონდა საჩუქრად. ისე უმიზნოდ დამადგებოდა ხოლმე თავზე შიგადაშიგ, რეკავდა გაბმულად საკონსულოს კარზე, სიგარების ძვირფასი კოლოფით ხელდამშვენებული. სწორედ მან აღმომაჩენინა სიგარის გემო და დამაჩვია მის მოწევას. მასთან შეხვედრამდე სიგარა არც კი გამესინჯა; გიჟდებოდა საფრანგეთზე; ირლანდიას აგონებდა ღვინოების სიმრავლითა და ნათელმზიანი ამინდებით. ჯონი ამერიკაში დაიბადა, მაგრამ პროფესიონალი ირლანდიელების როლებში დახელოვნდა. ისე ეზიზღებოდა პროდიუსერები, რომ როცა ერთ-ერთი მათგანი გადასაღებ მოედანზე გამოეცხადა, რათა მისთვის კვირის მანძილზე გადაღებული მასალა შეექო, საშინლად გაბრაზდა, ფირები გაანადგურა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ის კარგა ხანია, – უკვე აღარ ვიცი რა დროიდან, – წითელკანიანთა ბელადი გამხდარიყო, მამა და მარჩენალი იმ ადამიანებისა, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში სარჩოს აძლევდა, ფილმებში კი შეუწყნარებლად ხოცავდა; ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ ის ამ როლს მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა. ასე და ამგვარად ამოვყავი თავი არიზონას ჰოფებს შორის. გზას ორი დღე და ორი ღამე მოვანდომეთ. ჯონი სვამდა და სვამდა, ისე გამობენტერდა, ჭკუა არ მოეკითხებოდა. რეზერვაციაში ჩასულებს მოგვახალეს, სწორედ რომ დროზე ჩამოხვედით, რათა დღესასწაულს დაესწროთო. რაღაც ჩემთვის სრულიად გაუგებარ მეტეოროლოგიურ ფენომენს ზეიმობდნენ, სინამდვილეში კი ეს იყო ჯონ ფორდის თაყანისცემის ცერემონიალი. ბელადთან რიტუალური მისალმებების გაცვლის შემდეგ მან ჩეროკის ენაზე რამდენიმე სიტყვა ჩაიბურდღუნა, რომელთა მნიშვნელობას მასპინძელი, როგორც შევატყვე, ზედმიწევნით ჩაწვდა. ყოველ შემთხვევაში ჰოფის საგანგებოდ მორგებულმა იერსახემ მაფიქრებინა ასე. შემდეგ ჯონმა წარმადგინა და აუწყა, ჩემი თანმხლები ”დიდი ფრანგი ბელადიაო” და სრულიად გადაავიწყდა, რომ მასპინძელს კალიფორნიის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და არიზონაში დემოკრატთა პარტიის საარჩევნო აგენტის როლს ასრულებდა. ჰოფებმა გიგანტური ნიღბები მოირგეს და ერთმანეთის ზურგს ამომდგარი ცეკვას მოჰყვნენ, რათა აღენიშნათ ისეთი მეტეოროლოგიური ფენომენის გამოცხადება, როგორიც ჯონ ფორდია. მოხუცი, როგორც ჩანს, ოცნებებში გადაეშვა, ძლივს დაყანყალებდა, ხან ერთ მხარეს გადაიხრებოდა, ხან – მეორეზე, დრო და დრო კი ხმაურიანად აკუებდა. რაღაც მომენტში მოულოდნელად შემომიტრიალდა და სრულიად სერიოზული სიფათით მეუბნება: ”ისინი არასდროს ტოვებენ რეზერვაციას, გარე სამყაროზე არაფრის ცოდნა არ სურთ, ისინი იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან წინაპართა მიწაზე”; ამ სიტყვებს დაუფარავი თვალიდან რამდენიმე კურცხალი ცრემლიც მოაყოლა; ისევ გაუშვა გაზები და ლუდის ქილაც ბოლომდე გამოყლურწა; ამასობაში წითელკანიანმა მოცეკვავეებმა ნიღბები მოიხსნეს და ბელადმა ორი ჰოფი წარმომიდგინა, რომლებსაც თურმე, როგორც ამერიკელ ჯარისკაცებს, პარიზის განთავისუფლებაში მიეღოთ მონაწილეობა. აღფრთოვანებით იხსენებდნენ პიგალის მოედანს, ჯონმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, გაბრაზდა, გაგიჟდა და გადაირია, ტუჩები მოეღრიცა, ნაწყენ ჩვილ ბავშვს დაემსგავსა, ვიფიქრე, ახლა ტირილს მორთავს-მეთქი. როცა ჯონი საპატიო ლეგიონის კომანდორად აკურთხეს, – ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში ადმირალი იყო და ეს ბენდენაც მარცხენა თვალისთვის იქიდან ჩამოჰყვა, -დაჯილდოების ცერემონიალი მის ბინაში, ძალიან ვიწრო წრეში მოეწყო. ათიოდე წითელკანიანი კი დაპატიჟა, რომლებიც აპაჩების სიუს, შეიენებისა და ჰოფის ტომებს წარმოადგენდნენ; ისინი ჯონმა ჰოლივუდის სტატისტების ამალაში შეარჩია. ცერემონია, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც და მაინც ვერ გამოუვიდა. მარი – მისი ცოლი, დალევას უშლიდა და ამიტომ უკიდურესად მოიწყინა, მოიქუფრა, მოკლედ, ძალიან უკმაყოფილო იყო ჩვენი ახალნაკურთხი კომანდორი. ცხოვრების მიწურულს, საუკეთესო მომენტებს ჯონი უდავოდ კინოს ფრანგ ფანატიკოსებს უნდა უმადლოდეს. საკმარისი იყო ხელი დაექნიათ, სასწრაფოდ რომ გამოქანებულიყო მათთან შესახვედრად პარიზში. ასრულებდა ყველაფერს, რასაც სთხოვდნენ. ოპერის უბანში უბადრუკი დრაგსტორიც შეეძლო გაეხსნა, ახალგაზრდები თვალს არ აშორებდნენ, უყურადღებოდ ერთი წამითაც არ ტოვებდნენ, ღამე სასტუმრო ”რუაიალ მონსოში” მის გვერდითაც კი ეძინათ. შიშობდნენ, ღამე მოსაშარდად როცა დგებოდა, არ დაცემულიყო და კისერი არ მოეტეხა, თან პირობა ჰქონდათ მარისთვის მიცემული, ერთი წვეთის დალევის უფლებასაც არ მივცემთო. მოკლედ, ზრუნავდნენ, როგორც შეეძლოთ, მაგრამ მოიცა, გაცინო: როცა ჯონი ამერიკას დაუბრუნდა, მის საწოლქვეშ 12 ცარიელი ლუდის ბოთლი აღმოაჩინეს. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა მეზღვაურ პოპაის, იმ განსხვავებით, რომ პირში ჩიბუხის ნაცვლად სიგარა ჰქონდა გაჩხერილი. სწორედ სიგარისა და ბენდენას ირგვლივ იყო თავმოყრილი შორეული და სულ ამასწინდელი ჯონ ფორდისთვის ნიშნეული ყველა ამოსაცნობი ატრიბუტი. ერთ საღამოს ჩემთან საკონსულოში პატარა, მაგრამ თვალისმომჭრელად კაშკაშა ვარსკვლავთან – კონსტანს ტაუერსთან ერთად გამომეცხადა, რომელიც მის ბოლო ვესტერნში იყო დაკავებული. ცხადია, ამ გოგონას არ იყენებდა ისე, როგორი გამოყენებაც იქ იყო მიღებული. კლასიკურ ვესტერნში ეს ყოვლად დაუშვებელი იყო. ეს მშვენიერება სამზარეულოსკენ გაეშურა, რათა მაცივარში ჩვენთვის რამე ყელის გასასველებელი მოეძია; როცა ოთახიდან გადიოდა, ჯონმა 110- კილოგრამიანი მზერა მომაპყრო და თან თვალიც ჩამიკრა, მე საქებარი სიტყვები არ დავიშურე და წარმატებაც მივულოცე. პანეგირიკით ფრთაშესხმულმა, არ იცი, რა სიფათი შეკერა, აი, ისეთი, რომელზეც ”ნაშუადღევს სამჯერ მაინც მექნება გაკუზულიო”, რომ აწერია, რასაც ორაზროვანი ღიმილი მოაყოლა. მერე ჩემკენ დაიხარა და ნდობით აღბეჭდილი ხმით მეკითხება: ”ყური მიგდე… ჩემს მახსოვრობას ბოლო დროს ძალიან მაგრა დაერხა, შემახსენე ერთი, რას აკეთებენ ამ დროს? მგონი ბოლომდე იხდიან და დედიშობილა დგებიან… და მერე?” მისი ღიმილი სევდას როდი იყო მოკლებული, ამასობაში პატარაც გამოცუნცულდა სამზარეულოდან და მიართვა ის ერთადერთი რამ, რის მოხმარებაც ჯერ კიდევ შეეძლო – ლუდი… გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე პრესას განუცხადა, რომ თავისი საუკეთესო ვესტერნის გადასაღებად ემზადებოდა. სულაც არ არის გამორიცხული, ასეც მომხდარიყო, რა იცი, რას მოიმოქმედებდა ამ პრერიებით, თავბრუდამხვევი ჯირითებითა და უკიდეგანო ჰორიზონტებით… ბობ პერიშმა მოინახულა პალმ სპრინგში, როცა საწყალს სიკვდილამდე სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი; თვითონაც ხვდებოდა, რაც ელოდა, შავ ბენდენას მისთვის თვალის ახვევა აღარ შეეძლო. ჰო, მთელი მისი გონება ერთ რამეზე იყო კონცენტრირებული, ცდილობდა ვაჟიშვილისთვის მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთვა და მშრალზე დაესვა. ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ, მაგრამ გაჯიქდა და თავისას არ იშლიდა… ისე, როცა ჯონ ფორდის ვაჟიშვილი ხარ, ისედაც უმემკვიდრეოდ რჩები… მსგავსი როლის თამაში შეუძლებელი იყო. გვერდითა ოთახში მისი ცოლი მერი იმყოფებოდა, რომელიც პარკინსონისგან იტანჯებოდა. რომ ელაპარაკა, აუცილებლად უნდა წამოწოლილიყო, სხვანაირად მთელი სხეული უთახთახებდა და ხმას ვერ იღებდა. მოკლედ, აქეთ კიბოსგან გამოხრული ჯონი იყო გაშოტილი, რომელიც ბოლო სიგარას ექაჩებოდა, იქეთ კიდევ მერი ფორდი ებრძოდა ულმობელ კონვულსიებს. ჩვენ თითქოსდა იუჯინ ო’ნილის პიესაში აღმოვჩნდით, ირლანდიური ოჯახის შუაგულ ტრაგედიაში. მეფიქრება, რომ ცხოვრება ზოგჯერ ზომიერების გრძნობას კარგავს და ზედმეტ ხელოვნებასა და ოსტატობას აქსოვს მსგავსი სოუსის მომზადებაში. დამიჯერე, ჩვენი მირთმევა ამის გარეშეც მშვენივრად შეიძლება. სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ჯონმა ეს ნაცრისფერი შლაპა გამომიგზავნა, რომელსაც შენ ხედავ; მოდელი ”ჯონ ფორდი”, – დიზაინერი სან-ფრანცისკოელი ბალოკი. დღემდე ერთგულად ვატარებ ამ ძღვენს; ძალიან მიყვარდა ჯონი, მაგრამ მერე რა? ეს სიყვარული ვინმეს ან რამეს წაადგება?

© “არილი

Facebook Comments Box