ესე

რუსთაველი, ბიბლია და ფაშიზმი

მარსიანი

მოგეხსენებათ, რა უხვად იღვრება სისხლი “ვეფხისტყაოსანში”: ტარიელმა, იმპერიული ინდოეთის გმირმა მთავარსარდალმა კოლონიურ ხატაეთს რომ ბდღვირი აადინა ნესტან-დარეჯანის ჩაგონებით (“წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე”), ავთანდილი რომ ვაჭრების დასაცავად მეკობრეებს შეება და “მათს ლაშქარსა გულუშიშრად აგრე ხოცდა, ვითა თხასა”, ან ბიძაშვილთაგან შევიწროებულ ფრიდონს რომ ტარიელი მიეშველა და გაერთიანებული ძალით იმ ბიძაშვილებს ღვთის რისხვა დაატეხეს, მერე კიდევ ჩვენმა სამმა გმირმა გამოქვაბულის დევები გაჟლიტა, ბოლოს ქაჯეთის ციხეც აიღეს და “ველი მკვდართა ვერ იტევდის, გადიადდა ჯარი მკვდრისა”…. ეს ტარიელი სადაც კი გამოჩნდება, პირდაპირ სისხლის მდინარეები მოსდევს უკან: როსტევან მეფის მონანი და მოლაშქრენი ხომ სულ ერთმანეთს შემოსტყორცნა და მათრახით მკერდამდის გააპო ზოგი მათგანი, სხვაგანაც, მისი შეპყრობის მოსურნეთ ხან ხოცავდა, ხანაც, უკეთეს შემთხვევაში, მათრახით “შეამწიფებდა” (ახი კია მათზე, ვერ დააყენეს თავისთვის?)… საწყალ ცხოველებსაც ხომ მოსვენება არა აქვთ რუსთაველის გმირთაგან – როსტევანმა და ავთანდილმა ერთმანეთის ჯიბრით ათჯერ ოცი “ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი” დახოცეს, ტარიელი ხომ სინსილას უწყვეტს სრულიად უდანაშაულო ლომ-ვეფხვებს, სადაც კი წაეწევა (რომელი ჰემინგუეი, ან თუნდაც ჯონ ჰანტერი შეედრება)…
ტარიელის მიერ უდანაშაულო ხმარაზმშას ძის მიპარვით, “ლაჩრულად” მოკვლა განსაკუთრებით უარყოფით რეაქციას იწვევს თანამედროვე მკითხველში: ერთ ევროპელს უთქვამს – “სანამ ქართველები იმით იქნებიან აღტაცებულნი, მძინარე პრინცი მიპარვით რომ მოჰკლეს, მანამ არაფერი ეშველებათ და კიდევ არაერთი პრინცის თავი გაგორდება საქართველოშიო”. არ ვიცი, სად ნახა იმ ევროპელმა იმგვარი ქართველები, მძინარე პრინცის მოკვლით აღფრთოვანებულნი რომ არიან, მაგრამ “ვეფხისტყაოსნის” (და არამარტო ამ ნაწარმოების) გმირები, თუნდაც “იდეალურ გმირებად” იყონ შერაცხულნი, ყოველთვის “იდეალურად” არ იქცევიან და ამდენად, მათდამი აბსოლუტურად უკრიტიკო დამოკიდებულების მოთხოვნა კერპთაყვანისმცემლობას ჰგავს.
ჰოდა, ვინ იცის, რამდენჯერ დაგვბადებია კითხვა: მაინც რატომ ჩაიდინა ტარიელმა ეს საძრახისი და თანაც ყოვლად არაგონივრული საქციელი? Aმას ხომ კატასტროფა მოჰყვა – ნესტანი უკვალოდ დაკარგეს, ინდოეთის სამეფო მტერთაგან მიმძლავრებამ დააკნინა, თვითონ ტარიელი კი ათი წელი ეწამა ნესტანის ძებნაში!
Mმხოლოდ ერთი გარემოება ამართლებს ტარიელს ცოტაოდენად – მან იძულებით ჩაიდინა ეს მკვლელობა, აიძულეს! ცხადია, მას არ უნდოდა, მიპარვით მოეკლა მეტოქე, ერჩივნა, პირისპირ შებმოდა და თავის ამალიანად გაეგზავნა მიუსავლეთში: ვერ შეძლებდა თუ რა – “შიგან ისრე გაერეოდა, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი”. მაგრამ ქალი რომ შეგიჩნდება, რაღას გააწყობ: ნესტანმა დაიჟინა – “თუ სასიძო არ მოუშვა, ვა, თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდესო” (ვითომ მისი რჩევის აღსრულების შემდეგ არ წაიკიდნენ და არ გარდაქარდა ინდოეთი?!). თანაც – “სპა უბრალოა, ნუ დახოცო”: ხატაელთა ლაშქარი რომ გააჟლეტინა რამაზ მეფის “ურჩობის” გამო, მაშინ არ იყო სპა “უბრალო”?
მგონი ამასობაში იმის აღიარებაც მოგვიწევს, ტარიელზე დიდი დამნაშავე ნესტანი რომაა ამ ვერაგულ მკვლელობაში: ნესტანმა დაავალა, აიძულა! თან ისეთი შეურაცხმყოფელი დამუნათებითა თუ ბრალდებებით, რომ მოთმინებადაკარგულმა ტარიელმა, სანამ დავალების შესასრულებლად გაიჭრებოდა, აგრე შემოჰყივლა: “ქალი ომსა რაგვარ მაწევს, ისე ვითა დავძაბუნდიო!”
მაგრამ ცოტას თუ დავფიქრდებით, ნესტანზე დიდი დამნაშავეც შეიძლება მოვიძიოთ ამ საქმეში: აბა ვინ?
ვინ და მეფე ფარსადანი! რომ შეურჩია საქმრო თავის ასულს, ერთხელ მაინც ეკითხა მისთვის, თანახმა თუ იყო ამ არჩევანზე? იქნებ სხვა უყვარდა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტარიელი გვერდით რომ ჰყავდა, რაღა გადამთიელი ხვარაზმშას ძე მოინდომა სიძედ, თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას რაღად ეძებდა? ალბათ ფიქრობდა, ამ დამოყვრების შედეგად ხვარაზმის ძლიერებაც შეემატებოდა ინდოეთის სამეფოს, ანუ, სხვაგვარად, ხვარაზმიც ინდოეთის პოლიტიკური გავლენის არეალში მოექცეოდა; ნესტანი და ტარიელი კი პირიქით ფიქრობდნენ – ამ ქორწინების შედეგად შესაძლოა ხვარაზმელები არასასურველად აღზევებულიყვნენ ინდოეთის სამეფო კარზე (“რომე სპარსნი გაგვიხასდნენ”) და ამას, როგორც ჩანს, სწორადაც ფიქრობდნენ. მაგრამ რა – ისეთი გზა აირჩიეს პრობლემის მოსაგვარებლად, რომ უარესს თვით ეშმაკიც ვერ ურჩევდათ!
რა მოხდებოდა, ტარიელს რომ იმ თათბირზე, სადაც ნესტანის გათხოვების საკითხი წყდებოდა, პირდაპირ განეცხადებინა – ნესტანი მე მიყვარს და არავის დავუთმობო? და ბარემ ისიც დაემატებინა (რაც, უკვე საბედისწერო დაგვიანებით, მართლა შეუთვალა მეფეს) – “ინდოეთი ჩემი არის, არვის მივცემ ჩემგან კიდეო”!
მაგრამ ეს ჩვენ, თანამედროვე დემოკრატიული ცნობიერების მიღმა ვერგახედულთ, გვგონია, რომ ტარიელის სიტყვას იმ თათბირზე თუნდაც კიტრის ფასი ექნებოდა: თუკი მეფე თავისი ასულის ბედს ამ ასულის დაუკითხავად წყვეტდა, ვითომ თავისი ვასალის რჩევას და მითუმეტეს პრეტენზიებს რაიმე ანგარიშს გაუწევდა? Aაკი ამბობს ტარიელი: “დამეშალა, არ დაშლიდნენ, დამრჩებოდა უმეცრობა”. აი, სადაა ძაღლის თავი დამარხული: იცით, რას ნიშნავს ეს “უმეცრობა”, რომლის წარმოდგენამაც ასე დააფრთხო და უმწეო გახადა თვით ლომგული ტარიელი? რას ნიშნავს და სამეფო კარის ეტიკეტის დარღვევას, იმის არცოდნას, თუ როგორ უნდა მოიქცე უმაღლეს საზოგადოებაში! და როგორ შეეძლო ტარიელს, თვითონაც სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, იმ თათბირზე ჩვენებური პარლამენტარივით მოქცეულიყო – მეფის თათბირი დაეწუნებინა და საკუთარი პრეტენზიები წამოეყენებინა! Aარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ვეფხისტყაოსანში” როგორც ინდოეთის, ასევე არაბეთის სამეფო კარი აღმოსავლური დესპოტიის კლასიკურ ნიმუშებად წარმოგვიდგება და რუსთაველმა თავის მჭევრი ენით რაგინდ აქოს და ადიდოს პოემის პერსონაჟი–მეფეები, სიმართლე მაინც მამლის კუდივით აჩენს თავს გადამწყვეტ მომენტებში: მაგალითად, როსტევანზე რომ წერს ავტორი – “მოსამართლე და მოწყალე” იყოო, განა სწორედ როსტევანმა არ გამოიჩინა ელემენტარული ეგოიზმი და თავკერძობა, სხვისი გასაჭირისადმი გულგრილობა, როცა შეიტყო, რომ ავთანდილი ტარიელის მისაშველებლად წასვლას აპირებდა? მას არაფრით არ უნდოდა ავთანდილის გაშვება და ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, ჩუმად გაპარულიყო, რათა ტარიელისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა. რაც შეეხება ფარსადან მეფეს, პოემაში ძალიან გამჭვირვალედ ჩანს, რომ იგი სავსებით ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ტარიელსა თუ სხვა კარისკაცებს მხოლოდ ფორმალობისათვის თუ ჰკითხავს რაიმე რჩევას. ტარიელის, თუ შეიძლება ასე ითქვას, “მეფური იმიჯი” საპნის ბუშტივით დასკდებოდა ინდოეთის სამეფო კარზე, ნესტანის გათხოვებასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული აზრი რომ გამოეთქვა და ფარსადან მეფის თათბირს მოწონებით არ შეხვედროდა. საერთოდ, მეფეებს მუდამ ამგვარი რამ უნდა ჰკადრო – “თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია”-თქო, თორემ აბა განსხვავებულ აზრს, კრიტიკულ შენიშნვასა და პირადულ პრეტენზიებს მეთორმეტე საუკუნის აღმოსავლელი დესპოტი კი არა, აგერ, ჩვენს დღევანდელობაში, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დემოკრატი ხელმძღვანელიც არ გაპატიებს!
ასე, რომ, სჯობს მთელი სახელმწიფო არივ-დარიო და დაღუპვის პირას მიიყვანო, ვიდრე მეფის კარზე არაჯეროვნად, ეტიკეტის არაშესაბამისად მოიქცე!
საწყალი ტარიელი! ნესტანის გათხოვების განზრახვა რომ ამცნეს, დაბნედილიყო მაინც (როგორც პირველად დაემართა ნესტანის დანახვისას), იქნებ ის გულით ბრმა ფარსადანი რაღაცას მიმხვდარიყო და დროულად ეთქვა უარი თავის უგუნურ არჩევანზე!
“ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე, თუ ჩემი ქალი გიყვარდა, რად არა შემაგებინე?” უთვლის ფარსადანი ტარიელს და ამაში მართალიცაა: არ უნდა სცოდნოდა მეფის ამირბარს, რომ მისი სიუზერენი სხვა სახელმწიფოსთან დამოყვრებას და ამდენად (მისი ჭკუით) ინდოეთის იმპერიული ძლიერების განვრცობას მოიწადინებდა თავისი მზეთუნახავი ასულის მეშვეობით? მეფეს თუ აკლდა გამჭრიახობა საიმისოდ, რომ ამგვარ ფანტაზიებს არ გამოდევნებოდა, ტარიელს ხომ წინასწარ უნდა ჰქონოდა თადარიგი დაჭერილი, რათა ნესტანი და სამეფო ტახტი არ დაეკარგა მოხუცი მეფის ახირებათა გამო!
აი, რა მოსდევს მიჯნურობის მეტისმეტ მალვას!
“ვეფხისტყაოსანი” ქრისტიანული პოეზიის ნიმუშად მიაჩნიათ მისი ეზოთერული პლანის სიღრმეებში ჩახედულ მკვლევართ. ხოლო ვინც ამ პოემის ემპირიულ პლანს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ისინი არაქრისტიანულ ნაწარმოებად თვლიან მას. თავისებურად, ნაწილობრივ ალბათ ორივე მხარე მართალია; დანტეს “ღვთაებრივი კომედია” ცალსახად არის მიჩნეული ქრისტიანულ (თუმცა მაინც გარკვეულწილად ერეტიკულ) ნაწარმოებად: დანტესთან ეზოთერული და ემპირიული პლანები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება: “ღვთაებრივი კომედიის” თითქმის მთელი მოქმედება მთლიანად ქრისტიანული (კათოლიკური) საიქიოს სამ სკნელში (ჯოჯოხეთში, სალხინებელსა და სამოთხეში) ხდება. “ვეფხისტყაოსნის” ემპირიულ პლანში კი მოქმედება არაქრისტიანულ ქვეყნებში ხდება, გმირებიც მუსულმანები არიან. თანაც “ვეფხისტყაოსნის” ეზოთერული პლანი იმდენად ჰერმეტიზებულ-დაშიფრულია, რომ მკვლევართა ერთ ნაწილს და, მითუმეტეს, მკითხველთა უმრავლესობას, მისი არსებობა არც კი სჯერა. ხოლო უშუალოდ, ზედაპირზე რაც ხდება “ვეფხისტყაოსანში” (ეს ამდენი ხმლის ტრიალი და სისხლის მდინარეები) ალბათ ძნელია ქრისტიანულ სათნოებასთან, “არა კაც ჰკლა”-ს მცნებასთან, ცოდვების გაცნობიერებასა და მონანიებასთან და ა.შ. დააკავშირო. თუმცა, “ვეფხისტყაოსანი” მხატვრული წარმოსახვის ნაყოფია და სიმბოლურ-ალეგორიული თვალსაზრისით რატომაც არ შეიძლება ქრისტიანულ ნაწარმოებად ჩაითვალოს, მითუმეტეს, რომ ჯვაროსნული ომები, ინკვიზიციის კოცონები, ბართლომეს ღამე და მისთანები რეალური ისტორიის კუთვნილებაა, თანაც პირწმინდად, ცალსახად ქრისტიანული ისტორიისა!
“არა კაც ჰკლა” და სხვა მცნებანი ქრისტიანობამ ხომ იუდაიზმისგან მიიღო მემკვიდრეობად და ძველი აღთქმა ქრისტიანთათვისაც წმინდა წიგნია თავისი უკვდავი პერსონაჟებით; ძველი აღთქმისეული წმინდანები ქრისტიანობის მიერაც წმინდანებად არიან აღიარებული. ბიბლიაში ისეთი საშინელებანი ხდება (და არაიშვიათად სწორედ იმ წმინდანების ხელით), რომ ტარიელის მიერ ხვარაზმშას ძის მოკვლა იმასთან შედარებით ლამის ჰუმანურ აქტად ჩანს. საერთოდ, ბიბლიის მცოდნეებს თუ უბრალოდ, მორწმუნეებს თავი ისე უჭირავთ, ანდერსენის “შიშველი მეფის” ზღაპარი გაგახსენდებათ: თითქოს ვერავინ ამჩნევს, რა საზარელ ბოროტმოქმედებებს სჩადიან ამ წმინდა წიგნის პერსონაჟები (რომლებიც, თუ ავტორიტეტულ აზრს ვერწმუნებით, რეალური ისტორიული პიროვნებანი არიან). თანაც ბიბლიური ებრაელები (და განსაკუთრებით ამ რჩეული ერის რჩეული წარმომადგენლები) ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმით უმეტესწილად სჭარბობენ იმ წარმართებს, რომელთაც ებრძვიან, მე ვიტყოდი, შეუდარებლადაც სჭარბობენ!
გავიხსენოთ რამდენიმე მომენტი ბიბლიიდან:
როცა ებრაელები მტრის ლაშქარს ამარცხებენ და მათ საცხოვრისს ხელთ იგდებენ, სხვა მეომარი ხალხებისგან განსხვავებით, მტრის ქონებას თვითონ როდი მოიხმარენ, არამედ ყველაფერს წვავენ და ანადგურებენ, პირუტყვსაც კი: ეს ყველაფერი მათი რწმენით უწმინდურებაა და დაპყრობილი მიწა ამ უწმინდურებისაგან უნდა სრულიად განიწმინდოს; ხოლო როცა ტყვეებს იგდებენ ხელთ, მოსე ბრძანებს, რომ დატყვევებული ჩვილი ბავშვებიდან ბიჭები დახოცონ, გოგონები კი სათავისოდ გაზარდონ. ახლა ვიკითხოთ, ამაზე საშინელი რა ჩაიდინა ჰეროდემ, როცა განკაცებული უფალი იესო მოევლინა (იშვა) ურიასტანს? ჰეროდემ ხუთიათასი მცირეწლოვანი ბიჭუნა იმისათვის გააჟლეტინა, რომ მათ შორის “ურიათა მეუფედ” ნაწინასწარმეტყველები ჩვილი ეგულებოდა. ჰეროდეს საქციელის გამართლება არა, მაგრამ გაგება მაინც შეიძლება: მან მომავალი მეტოქისადმი პანიკური შიშით შეპყრობილმა გასცა ეს არაადამიანური ბრძანება. ამგვარი მოტივირებით აღმოსავლელი დესპოტები ზოგჯერ საკუთარ შვილებსაც კი არ ზოგავდნენ (გავიხსენოთ შაჰ აბასისა და მისი ძის, სეფი მირზას ისტორია). Mმოსეს საზარელი განკარგულბანი კი მხოლოდ და მხოლოდ ბნელი, ფანტასტიკურ-რასისტული მსოფლმხედველობისა თუ რწმენის გამოხატულებაა: უცხო ტომის გოგონების გაებრაელება შესაძლებლად მიაჩნდა, ბიჭები კი უნდა დახოცილიყვნენ, რათა უცხო თესლს არ შეემღვრია ღვთის რჩეული ერის, ისრაელის პატრიარქალური “სიწმინდე”.
როცა კი ამ თემაზე სიტყვა ჩამომიგდია და მიკითხავს, რატომ არღვევდა მოსე ასე ჰიპერტროფიული მასშტაბით საკუთარსავე მცნებას “არა კაც ჰკლა”, ყოველთვის მპასუხობდნენ, რომ მოსე არა თავისი ნებით, არამედ ღვთის ბრძანებით იქმოდა ყოველივე ამას. კი მაგრამ, სადაა ლოგიკა? Gანდა, ღმერთმა არ უკარნახა მოსეს ზემოხსენებული მცნება? როცა ღმერთს ვინმეს დასჯა სურდა, კიდევაც სჯიდა “მჭამელი ცეცხლითა” თუ სხვა სასჯელებით და რაღა იმ საცოდავი, დაუცველი, უმანკო ჩვილების დასჯას ისურვებდა მაინცდამაინც თავისი რჩეულის, მოსეს ხელით? ვთქვათ, ამგვარი ბრძანება მართლა ჩაესმა მოსეს, ისევე, როგორც აბრაამს ჩაესმა ბრძანება თავისი ვაჟის, ისააკის მსხვერპლად შეწირვის შესახებ: მაგრამ ხომ ცნობილია, რომ სატანა ხშირად ღმერთის სახეს იღებს, მას ემსგავსება, რათა ადამიანები აცდუნოს და თავისი უწმინდური ნება აღასრულებინოს: ნუთუ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, მითუმეტეს, ხალხის წინამძღოლად და ღვთისკაცად შერაცხული, არ უნდა დაეჭვდეს, როცა ასეთი შემაძრწუნებელი ბრძანება ისმის! თუკი უფლის მორჩილება ბრმა, ფანატიკურ, ზომბურ ქმედებებად რეალიზდება, რა მადლი ექნება ამგვარ ქმედებებს?
ახლა გავიხსენოთ, უფლის მიერ, ცად აყვანილი ელია წინასწარმეტყველის მოწაფემ, ელისემ როგორ “ჰუმანურად” გამოიყენა მოძღვრისგან მასზე გადმოსული მისტიკური, ზებუნებრივი ძალა: ელისეს ბავშვების ბრბო შემოეყარა გზად და ამ ბავშვებმა დაცინვა და მასხრად აგდება დაუწყეს მას, ნაცვლად იმისა, რომ მოთმინებითა და კეთილშობილურობით, ან თუნდაც იმ ზებუნებრივი ძალის გამოყენებით გაერწმუნებინა ბავშვები, რომ უკადრისად იქცეოდნენ, განრისხებულმა წინასწარმეტყველმა დაწყევლა ისინი, ტყიდან ორი დათვი გამოვიდა და ორმოცი ბავშვი დაგლიჯა!
კიდევ ერთი მაგალითი: როცა იაკობი და მისი ჯალაბობა მგზავრობისას დროებით ერთ ქალაქში შეჩერდა, მისი ასული დინა ქალაქის თავს მოეწონა და შეაცდინა. შემდეგ მან ინანა თავისი საქციელი, იაკობს განუცხადა, ცოლად შევირთავ შენს ასულს და რაკი სხვა რჯულის ხარ, მეცა და ჩემი ქალაქიც შენს რჯულზე მოვიქცევითო. მართლაც, მთელი ქალაქის მამაკაცებმა ებრაული წინადაცვეთის წესი აღასრულეს. იაკობის ორმა ვაჟმა, სიმონმა და ლევიმ ისარგებლეს იმით, რომ ქალაქის ყველა მამაკაცი წინადაცვეთის გამო დროებით დასუსტებული იყო ფიზიკურად, ღამით ჩუმად შეიჭრნენ მათ სახლებში და ყველანი გაჟლიტეს. ასე დარჩა მათი დაი ნამუსახდილი და გაუთხოვარი. რა არის ეს, თუ არა ბნელი ფანატიზმი და რასიზმი?
მართალია, იაკობის ეს ორი ვაჟი წმინდანებად შერაცხულნი არ გახლავან, მაგრამ “რჩეულ ერს” ხომ ეკუთვნიან! მათ მიერ გაჟლეტილნი კი ალბათ წარმართები იყვნენ, ამდენად “უწმინდურნი” და ამოსაძირკვნი!
ბიბლიურ ებრაელებს, საერთოდ, ძალიან უყვართ კვლა. თანაც მათ მიერ ჩადენილი მკვლელობები, განსხვავებით “ვეფხისტყაოსნის” გმირთა ზეკაცურ (იუბერმენშულ, სუპერმენულ) დანაშაულთაგან, გამოირჩევა რაღაც უაზრო სისასტიკით (ამერიკელი ინდიელები მოგაგონდებათ, მოკლულებს რომ ასახიჩრებენ და სკალპებს აძრობენ). “ვეფხისტყაოსნის” გმირებს წესად აქვთ დამარცხებული მტრის შეწყალება, ბიბლიური ებრაელები კი სწორედ მაშინ ხდებიან განსაკუთრებით დაუნდობელნი და უმოწყალონი მოწინააღმდეგის მიმართ, როცა ამ უკანასკნელს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია; სხვათაშორის, გერმანელი ფაშისტები, თუმცა კი ნიცშესეულ ზეკაცის თეორიას იყენებდნენ იდეოლოგიურ იარაღად, თავიანთი დანაშაულებრივი პრაქტიკით უმალ ძველი აღთქმის ებრაელებს მოგვაგონებენ, ვიდრე რუსთაველის პოემის ძალამოჭარბებულ, ლაღ ზეკაცებს: ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი უფრო “ნიცშეანელებად” გამოიყურებიან, ვიდრე ჰიტლერელი რასისტი ოფიცრები, თავიანთი თავი “ნორდული რასის” რჩეულ შვილებად რომ წარმოედგინათ.
ხშირად დავფიქრებულვარ, მაინც რა იყო გერმანელ ფაშისტთა ტოტალური ანტისემიტიზმის მიზეზთა მიზეზი? იქნება იმ ხალხთაგან, ვისაც ბიბლიური ებრაელები ებრძოდნენ, ზოგნი წინარე არიული მოდგმისანი იყვნენ და როგორც ძველ ებრაელებს მიაჩნდათ “საღვთო საქმედ” ამ წარმართთა დედაბუდიანად ამოწყვეტა და ამოძირკვა, ასევე მიიჩნიეს თანამედროვე არიელებმა სემიტთა მოდგმის სრული იავარქმნა კაციბრიობის რასობრივი განწმენდის აუცილებელ წინაპირობად?
ნიცშეს რომ რუსთაველი ჰქონოდა წაკითხული, ალბათ ტარიელს, ამ ჭეშმარიტ არიელს, თავისი ზეკაცის წინარესახედ აღიარებდა; ნიცშეანელი გერმანელი ფაშისტები კი თავიანთი უაზრო სისასტიკითა და ფანატიზმით მეტისმეტად განემსგავსნენ ნიცშესეული ზეკაცის იდეალს და, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ იმ ბიბლიურ იუდეველებს დაემსგავსნენ, რომელთა შთამომავალთაც ასე ნაგვიანევად აზღვევინეს წინაპართა ცოდვები…
ჰოდა, თუ კარგად დავფიქრდებით, გერმანული ფაშიზმის ფესვები იქნებ ბიბლიაში უფროა საძიებელი, ვიდრე ნიცშეს ფილოსოფიაში: ძველი აღთქმა ხომ რასისტული სულით ისეა გაჟღენთილი, მასთან შედარებით ნიცშეს არისტოკრატიული იდეოლოგია ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათ!
და ბოლოს: ყოველივე ზემოთქმულის ფონზე რაღას ვერჩით ამ ჩვენს ტარიელს, ის ხომ, ბოლოსდაბოლოს, ნაწარმოების გმირია და არა რეალური ისტორიული პიროვნება!

7 მაისი, 2008
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box