რუსეთში უკრაინის კონტექსტში სიტყვა „ომის“ გამოყენება აიკრძალა. დასაშვებია მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „სამხედრო ოპერაციად“ მოხსენიება. სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლდება ყველა, ვინც უკრაინას საჯაროდ დაუჭერს მხარს.
თუმცა ხელისუფლების მუქარას არ უშინდებიან რუსი ხელოვანები და მეცნიერები: ენათმეცნიერები, მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ფილოლოგები, რეჟისორები, პიანისტები და, რა თქმა უნდა, მწერლები. ერთი მეორის მიყოლებით აქვეყნებენ ხელმოწერილ განცხადებებს, ამხელენ რუსეთის უკანონო ქმედებებსა და მოუწოდებენ მთავრობას ომის შეწყვეტისაკენ:
მიხაილ ზიგარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული მიმართვა:
თანამემამულენო!
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომი – სირცხვილია!
ესაა ჩვენი სირცხვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხისგება ჩვენს შვილებს, ახალგაზრდა თაობებსა და ჯერ არ დაბადებულ რუსებსაც მოუწევთ. არ გვინდა, ჩვენი შვილები აგრესორ ქვეყანაში იზრდებოდნენ და რცხვენოდეთ, რომ მათი ხელისუფლება მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოს დაესხა თავს. ამიტომ მოვუწოდებთ რუსეთის თითოეულ მოქალაქეს უთხრას – „არა!“ ამ ომს.
არ გვჯერა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა რუსეთისთვის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია. არ გვჯერა ვლადიმერ პუტინის გაცხადების, რომ თითქოს უკრაინელი ხალხი „ნაცისტების“ გავლენის ქვეშ არიან და მისგან გათავისუფლება სჭირდებათ.
ვითხოვთ, შეწყდეს ომი!
ხელს აწერენ:
ბორის აკუნინი, მწერალი
დიმიტრი ბიკოვი, მწერალი
ივან ვირიპაევი, დრამატურგი
დიმიტრი გლუხოვსკი, მწერალი
მიხაილ ზიგარი, მწერალი
ვლადიმერ მირზოევი, რეჟისორი
დიმიტრი მურატოვი, ჟურნალისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი
ლეონიდ პარფენოვი, ჟურნალისტი
ირინა პროხოროვა, გამომცემელი
ვლადიმირ სოროკინი, მწერალი
ჩულპან ხამატოვა, მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი
ანდრეი ხრჟანოვსკი, რეჟისორი, რუსეთის სახალხო არტისტი
ილია ხრჟანოვსკი, რეჟისორი
რუსი სწავლულებისა და სამეცნიერო ჟურნალისტების ღია წერილი უკრაინასთან ომის წინააღმდეგ:
ჩვენ, რუსი სწავლულები და მეცნიერი ჟურნალისტები, ვაპროტესტებთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ საომარ მოქმედებებს, რომელიც გვიქადის უზარმაზარ ადამიანურ დანაკარგს და ძირს უთხრის დამკვიდრებულ საერთაშორისო უსაფრთხოებას. ევროპაში ახალი ომის გაჩაღების პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება.
არ არსებობს ამ ომის რაციონალური გამართლება. არავის სჯერა, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყება გარდაუვალია დონბასში არსებული სიტუაციის საბაბით. ცხადია, რომ უკრაინა არ უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მის წინააღმდეგ ომი უსამართლო და უაზროა.
ჩვენთვის უკრაინა იყო და რჩება ახლობელ ქვეყნად, სადაც ცხოვრობენ მრავალი ჩვენგანის ნათესავები, მეგობრები და კოლეგები. ნაციზმის წინააღმდეგ ჩვენი მამები, ბაბუები და დიდი ბაბუები ერთად იბრძოდნენ და რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური ამბიციების გულისთვის ომის გაჩაღება მათი ხსოვნის შეურაცხყოფაა. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სახელმწიფოებრიობას, რომელიც ემყარება მოქმედ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გაგებით ვეპყრობით ჩვენი მეზობლების ევროპულ არჩევანს. გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უთანხმოების მოგვარება მშვიდობიანი გზით შესაძლებელია.
სამხედრო ინტერვენციით რუსეთმა თავი საერთაშორისო იზოლაციისთვის გაწირა, იქცა გარიყულ ქვეყნად. აღნიშნული გამოიწვევს სამეცნიერო კრიზისს: კვლევის ჩატარება ხომ წარმოუდგენელია საერთაშორისო სივრცეში კოლეგებთან თანამშრომლობის გარეშე. რუსეთის იზოლაცია ნიშნავს კულტურულ და ტექნოლოგიურ დეგრადაციას.
უკრაინასთან ომი არსაითკენ გადადგმული ნაბიჯია. გვიმძიმს ვუყუროთ, ჩვენი ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე გადამწყვეტი როლი ითამაშა ნაციზმის დამარცხებაში, ახლა თავად როგორ იქცა ევროპის კონტინენტზე ომის ინიციატორად.
ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სამხედრო ოპერაცია. ვითხოვთ, უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას; ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარებას. მოდით, დავკავდეთ მეცნიერებით ომის ნაცვლად!
ხელს აწერენ:
ალექსანდრე ანიკინი, ენათმეცნიერი, აკადემიკოსი
იური აპრესიანი, ენათმეცნიერი, აკადემიკოსი
ვიქტორ ვასილიევი, მათემატიკოსი, აკადემიკოსი
როალდ საგდეევი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი
ალექსანდრე სობოლევი, აკადემიკოსი
გეოქიმიისა და ანალიტიკური ქიმიის ინსტიტუტი
სერგეი სტიშოვი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი
სვეტლანა ტოლსტაია, ფილოლოგი, აკადემიკოსი
ეფიმ ხაზანოვი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი
მიხაილ გელფანდი, ბიოინფორმატიკოსი, ევროპული აკადემიის წევრი
პეტრ არსეევი, ფიზიკოსი, წევრ-კორესპონდენტი
ელენა ბერეზოვიჩი, ფილოლოგი, წევრ-კორესპონდენტი
ელიზავეტა ბონჩ-ოსმოლოვსკაია, ბიოლოგი, წევრ-კორესპონდენტი
მიხაილ გლაზოვი, ფიზიკოსი, წევრ-კორესპონდენტი
დიმიტრი გორბუნოვი, ფიზიკოსი, შესაბამისი წევრი
ნიკოლაი გრინცერი, ფილოლოგი, წევრ-კორესპონდენტი
ალექსანდრე დვორკოვიჩი, დოქტორი. ტექ. მეცნიერი, წევრ-კორესპონდენტი
ასკოლდ ივანჩიკი, ისტორიკოსი, წევრ-კორესპონდენტი
ალექსეი მასჩანი, წევრ-კორესპონდენტი
ოლეგ მელნიკი, წევრ-კორესპონდენტი
რომან მიზიუკი, წევრ-კორესპონდენტი, FIAN-ის მთავარი მკვლევარი
პიანისტ ევგენი კისინის ვიდეომიმართვა:
ომი ყოველთვის მილიონობით თუ არა, ათასობით ადამიანის გლოვა, ცრემლი, სისხლი და სიკვდილია. აგრესიული ომი, როცა ხელშეკრულებათა დარღვევით ერთი ქვეყნის არმია, ყოველგვარი საფრთხისა თუ მუქარის არარსებობის მიუხედავად, მეორის ტერიტორიაზე იჭრება – დანაშაულია, რომელსაც არ აქვს გამართლება.
ყველამ ვიცით, თავის დროზე ევროპაში ომის ინიციატორი ნაცისტი კრიმინალები თავიანთ სამარცხვინო სიცოცხლეს ნიურნბერგის პროცესის განაჩენით ეშაფოტზე ან ციხეში გამოესალმნენ. 1990-იან წლებში იუგოსლავიაში ომის მოთავეები ადრე თუ გვიან ჰააგის სასამართლოზე შესაფერისად დაისაჯნენ. სამწუხაროდ, სიცოცხლეში პასუხი არ მოეთხოვება ომის ყველა წამომწყებს, მაგრამ ისტორიის სამსჯავროს ვერცერთი მათგანი ვერ გაექცევა. და მომავალი თაობების ხსოვნაში სამუდამოდ დარჩებიან ბოროტმოქმედ, სისხლისმღვრელ დამნაშავეებად.
© არილი