21 სექტემბერს პრემია „საბას“ რიგით მეოცე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს პრემიის დამფუძნებელი, რატი ამაღლობელი უძღვებოდა, წლევანდელი ჟიურის წევრები კი ხათუნა ცხადაძე, დიანა ანფიმიადი, ბიძინა მაყაშვილი, გიორგი მაისურაძე და რახელ მარია გრაცფელდი იყვნენ. გამარჯვებული ავტორები ჟიურის წევრების ნაცვლად გასული წლების ლაურეატებმა წარადგინეს.
დაჯილდოება წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტით დაიწყო. მოკლე სიაში ცხრა დებიუტანტი ავტორი იყო ნომინირებული, გამარჯვებული კი თემო რეხვიაშვილი გახდა რომანით „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა), მას ჯილდო გადასცა ანა კორძაია-სამადაშვილმა, რომელმაც 2003 წელს სოფიო კირვალიძის ფსევდონიმით იმავე ნომინაციაში მიიღო „საბა“.
ჟიურის ერთ-ერთი წევრის, გიორგი მაისურაძის თქმით, წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა ყველაზე რთული და დრამატული აღმოჩნდა, რჩეული ტექსტის შესახებ კი აღნიშნა: „კურიერის თვალით დანახული თბილისის ფონზე თანამედროვე, მძიმე და სასტიკი სოციალური და პოლიტიკური რეალობა ისახება. თემო რეხვიაშვილი სევდიანი იუმორითა და თვითირონიით აღწერს იმ რეალობას, რომელიც განსაკუთრებული სიმძიმით სწორედ ახალგაზრდობას აწევს. ამით ის მთელი თაობის სატკივარსა და სადარდებელს გამოხატავს“.
შემდეგი ნომინაციის, წლის საუკეთესო პიესა, გამარჯვებული დავით გაბუნიამ გამოაცხადა: მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2).
დიანა ანფიმიადმა გამარჯვებული პიესაა დაახასიათა, როგორც „ფანტასმაგორიული, მითოლოგიური, ბიბლიური, ლიტერატურული ალუზიებითა და მეტაფორებით სავსე, საინტერესო და, რაც მთავარია, მოულოდნელი ტექსტი“.
ნინო დიანოსაშვილმა, რომელმაც 2021 წელს მიიღო „საბა“, პრემია წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკისთვის ნუგეშა გაგნიძეს გადასცა, ტექსტისთვის „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი).
დიანა ანფიმიადმა ხაზი გაუსვა ნომინაციაში წარდგენილი ტექსტების თემატურ მრავალფეროვნებას. ნუგეშა გაგნიძის ნომინირებული წიგნის შესახებ კი თქვა: „გამოირჩა მასშტაბური, კომპლექსური, სრული მონოგრაფია. ძალიან დიდი ხნის სამეცნიერო კვლევისა და მუშაობის შედეგი. […] ჩვენთვის ნაცნობ და ამავე დროს ძალიან უცნობ მწერალს, გრიგოლ რობაქიძეს სრულიად ახალი, ობიექტური და მრავალმხრივი სახით გვანახებს“.
შემდეგი ნომინაცია წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა გახლდათ, რომლის ლაურეატი, ლანა ღოღობერიძე და მისი „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა), ლევან ბერძენიშვილმა დაასახელა.
ჟიურის წევრის, ხათუნა ცხადაძის განმარტებით კი, „წლევანდელი რჩეული არის ძალიან პირადული და ამავდროულად კოლექტიური მოგონებების საოცრად ფაქიზი კრებული“.
წლის საუკეთესო ქართული თარგმანის მოკლე სია წელს ყველაზე გრძელი იყო. 12 ნომინირებული ტექსტიდან რჩეული კატია ვოლტერსის მიერ თარგმნილი ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი) გახდა. გამარჯვებული მანანა ღარიბაშვილმა წარადგინა, ხოლო ხათუნა ცხადაძემ თქვა, რომ „ვინც წაიკითხავს კატა ვოლტერსის ნათარგმნ წიგნს, მიხვდება, თუ რამხელა ნიჭი, როგორი მოთმინება, როგორი უზომო შრომა არის ამ თარგმანში ჩადებული“.
საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში – პრიზი ამ ნომინაციაში 2 წლის წინ „საბასთან“ ერთად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დააწესა. ჟიურის წევრებს ყველა ნომინაციიდან შეეძლოთ გამარჯვებულის შერჩევა. ამჯერად ეს ჯილდო დავით ჯიშკარიანსა და რუსუდან გორგილაძეს გადაეცათ წიგნებისთვის: „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი) და „დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი).
გამარჯვებული ავტორები დააჯილდოვეს ლიეტუვის ელჩმა საქართველოში და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ბიძინა მაყაშვილმა შერჩეულ ტექსტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჟიურის წევრებს ბევრი არ უფიქრიათ გამარჯვებულის გამოვლენისას. ხოლო წიგნების უდიდესი ღირსება ისაა, რომ როცა ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან, რა არის საბჭოთა კავშირი, ამ წიგნებს წაიკითხავენ, არასოდეს გადაწყვეტენ იმ სივრცისკენ მიბრუნებას.
შემდეგი ნომინაციის, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, გამარჯვებული რუსუდან რუხაძემ გამოაცხადა. წელს ეს პრემია რატი რატიანს ერგო, კრებულისთვის „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L).
შვეიცარიელი ლიტერატორისა და ჟიურის წევრის, რახელ მარია გრაცფელდის სიტყვებით, „რატი რატიანი ძალიან ორიგინალური მწერალია, რომელსაც აქვს საკუთარი გამორჩეული სამწერლო ენა. მისი პროზისთვის დამახასიათებელია ირონიული სიფხიზლით მძაფრი ამბების მოყოლა, დეტალიზაციის შესაშური სიზუსტე და რთული სინტაქსური კომპოზიცია. ამავე დროს, მისი მოთხრობები ძალზე თავშესაქცევია“.
წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად ლელა სამნიაშვილის „ავირეკლოთ“ (ინტელექტი) დასახელდა. გამარჯვებულის ვინაობა ვახტანგ ჯავახაძემ გვამცნო, რახელ მარია გრაცფელდმა კი კრებული შეაფასა, როგორც კონცეპტუალური, ინტელექტუალური, ფორმობრივად და შინაარსობრივად ზუსტი და ვერსიფიკაციულად მრავალფეროვანი თანამედროვე პოეზიის კრებული, რომელიც ცდილობს მეტაფორის საშუალებით ჩასწვდეს და აირეკლოს სინამდვილე“.
წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში ოთხი ავტორი იყო წარდგენილი, რჩეული წყვილი კი გასულ წელს ამავე ნომინაციის ლაურეატმა, თამთა მელაშვილმა გამოაცხადა. არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე) – საბას ოცწლიანი არსებობის მანძილზე წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში პრემია პირველად გაიყო ორად, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
გიორგი მაისურაძემ გამარჯვებული რომანები ასე დაახასიათა: „ორი ბრწყინვალე, ორი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული რომანი, რომლებიც თავისი სტილით, ფორმით, დახვეწილობით, ენით ახალ პერსპექტივას ქმნის ქართულ პროზაში და საინტერესოა ისიც, რომ ორივეს თემატიკა მოგონებებს, წარსულს, წარსულის ტრავმებს, ტკივილებს ეხება“.
დაბოლოს, საიუბილეო დაჯილდოების ცერემონია დასრულდა პრემიით ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აღნიშნული პრემია საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ არილს გადაეცა და ხაზგასმით აღინიშნა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
© არილი