ლიტერატურული პრემია „საბა“ წელს ოცდამეერთედ გაიმართება. საიუბილეო წლის შემდეგ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დაემატებინათ ახალი ნომინაცია – „მკითხველის საბა“. როგორც ამბობენ, უნდათ, რომ 21-ე „საბას“ აღსანიშნავად მკითხველებს განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცენ, მკითხველები ლიტერატურული დღესასწაულის უშუალო თანამონაწილეებად აქციონ.
„მკითხველის საბას“ მფლობელს მკითხველთა ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. ჟიური დაკომპლექტდება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც აპლიკაცია SABA Reader-ში ყველაზე მეტი დრო დაუთმეს კითხვას. ისინი გამარჯვებულს შეარჩევენ „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში.
ტრადიციულად, „საბას“ ჟიურის წევრებიც დაასახელებენ წლის საუკეთესო დებიუტანტს. მათივე შედგენილი მოკლე სიიდან გამოავლენენ მკითხველები ლაურეატს ხმათა უმრავლესობით. უკვე ვიცით ისიც, რომ მკითხველთა ჟიურის მუშაობის პრინციპი ისეთივე იქნება, როგორიც – „საბას“ ჟიურის.
„მკითხველის საბას“ ჟიურის 5 წევრის ვინაობას აგვისტოს დასაწყისში გავიგებთ. ხოლო იმისთვის, რომ მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრი გახდეთ, უნდა აკმაყოფილებდეთ სულ რამდენიმე კრიტერიუმს:
1. უნდა შეგეძლოთ ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდეთ საქართველოში.
2. არ უნდა იყოთ მწერალი ან ლიტერატორი.
3. არ უნდა მუშაობდეთ საგამომცემლო სექტორში.
4. არ უნდა იყოთ „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი.
სიახლის შესახებ ვესაუბრეთ „საბას“ მარკეტინგის მენეჯერს, ნატა ჟვანიას.
„მკითხველის „საბას“ იდეა ჯერ კიდევ პანდემიურ რეალობაში გაჩნდა, თუმცა ვიცოდით, რომ მაშინ ამისთვის ტექნიკურად ჯერ მზად არ ვიყავით. მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა, ახლა SABA Reader-ს ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც ჟიურის შერჩევის პროცესში სამართლიანობის და გამჭვირვალობის გარანტი იქნება. „საბამ“ წელს მესამე ათწლეულში გადააბიჯა, გვინდოდა ამ მნიშვნელოვან თარიღს მნიშვნელოვანი სიახლეებით შევხვედროდით, ვფიქრობთ, რომ მკითხველის „საბას“ ნომინაციის დამატებით ეს მოვახერხეთ.
პირველი მოლოდინი რომ მკითხველი აქტიურად ჩაერთვებოდა ჟიურის შერჩევის ეტაპზე, უკვე გამართლდა, იმის მიუხედავად, რომ ანონსი სულ რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ, ხუთეულის სტატისტიკა მუდმივად იცვლება, რაც ნიშნავს, რომ მკითხველები ცდილობენ აპლიკაციაში კითხვას დიდი დრო დაუთმონ და ჩაერთონ მკითხველის „საბას“ მფლობელის გამოვლენის პროცესში. მეორე მოლოდინი კი ჟიურის მუშაობას და გამარჯვებულის გამოვლენას უკავშირდება, დარწმუნებულები ვართ, რომ მკითხველის ჟიური ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს, როგორც ამას ლიტერატორებისგან დაკომპლექტებული ჟიური აკეთებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული და ხალხზე მორგებული პლატფორმა, აქ იგულისხმება როგორც SABA Reader, ასევე ლიტერატურული პრემია „საბაც“. ორივე შემთხვევაში, ჩვენი ბრენდის გამაერთიანებელი არის ლიტერატურა. ლიტერატურისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი მკითხველია. ყოველი „საბას“ დასრულების შემდეგ მკითხველთა შორის იმართება ხოლმე დისკუსია იმის შესახებ, რომელი წიგნი იმსახურებდა უფრო მეტად პრემიას, თავად რომ ყოფილიყვნენ ჟიურიში, რომელ ტექსტს მისცემდნენ ჯილდოს. და აი, დადგა დრო, როცა ამ უნიკალური სიახლის წყალობით, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მართლაც თავად მიიღონ გადაწყვეტილება და გამოავლინონ დებიუტში წარდგენილი წიგნებიდან საუკეთესო.“ – ამბობს ნატა ჟვანია.
„მკითხველის საბას“ შესახებ გასული წლების ლაურეატებისა და ჟიურის წევრების აზრითა და მოლოდინებითაც დავინტერესდით:
„ექსპერიმენტი იმის ექსპერიმენტია, რომ წინასწარ ვერ იტყვი, რა შედეგს მოგიტანს. თუმცა გახევებულ წესებს ხანდახან სიახლის შეტანა არ აწყენს ხოლმე. ასეთი პატარა, მაგრამ სასიამოვნო სიახლეა მკითხველების ჩართვა ჟიურის საქმიანობაში. ვნახოთ, რა გამოვა აქედან და მერე ერთად ვაქოთ ან ვაძაგოთ. ჩვენი რა მიდის. თანაც, აზრს რომ ეკითხებიან, ყველას უყვარს და მგონია, რომ ბევრი იქნება მონაწილეობის მსურველი.” – აღნიშნა დავით გაბუნიამ.
ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს ახალ ნომინაციას ნანა ტრაპაიძე: „ლიტერატურის და კითხვის პოპულარიზაციისთვის ეფექტიანი სიახლეა. ტრადიციულ ჟიურისაც გამოუთავისუფლებს კომპრომისის სივრცეს მეტი აკადემიურობისთვის და თანმიმდევრულობისთვის. რადგან ერთია პროფესიული წაკითხვა, მეორე – პოპულარული, არაპროფესიული წაკითხვა. მკითხველის ჟიური “საბას” დემოკრატიულ ნიშას აძლიერებს და არა მხოლოდ მას. კი ბატონო, ხალხმაც განსაჯოს.“
სიახლისადმი კეთილგანწყობილები არიან „საბას“ წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში სხვადასხვა დროს გამარჯვებული ავტორები – თემო რეხვიაშვილი შერჩევის პრინციპს სამართლიანად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ სიახლე საინტერესო პროცესებს გამოიწვევს; ნანა აბულაძის თქმით კი, მკითხველებისთვის ასეთი როლის მინიჭება მისასალმებელია, თუმცა გაამართლებს თუ არა სიახლე, ეს ბოლოს გამოჩნდება.
„მკითხველის საბა“ სკეპტიკოსებისთვის კარგ შესაძლებლობად მიაჩნია ალექსანდრე ლორთქიფანიძეს:
„ვფიქრობ, “საბას” ინიციატივა კიდევ უფრო აქტიურად ჩართავს მკითხველს პრემიის გაცემის და შესაბამისად, თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესებში, რაც ძალიან დასაფასებელია. სხვათა შორის, ეს შესაძლებლობაა სკეპტიკოსებისთვისაც კი, თავად ჩაერთონ ამ მოვლენებში და საკუთარი თვალით ნახონ, როგორ მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. შეიძლება, გარკვეული რისკებიც იყოს, რადგან ბევრი წიგნის მკითხველი ყოველთვის არ ნიშნავს კარგ შემფასებელს, მაგრამ მესმის, რომ ეს ოპტიმალური კრიტერიუმია მკითხველთა ჟიურის შესარჩევად. ვნახოთ, როგორ არჩევანს გააკეთებს მკითხველთა ჟიური დებიუტის ნომინაციაზე, რადგან, ჩემი აზრით, ეს თარგმანებთან ერთად ყველაზე რთულად შესარჩევი ნომინაციაა. გხვდებიან სრულიად ახალი ავტორები, ახალი თემებით და საჭიროა ლიტერატურული მესამე თვალის გახსნა, რომ დაინახო მათში პერსპექტივა, პოტენციალი, ტექსტის მიღმაც განსაჯო, რამდენად აწევს ეს ავტორი პასუხისმგებლობას. ვუშვებ, რომ ეს არ იქნება მკითხველებისთვის მარტივი პროცესი, თუმცა ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ინიციატივას.“ – ამბობს არილთან საუბრისას.
© არილი