ახალი ამბები,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ხსოვნა

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი უკრაინელი პოეტები

სტატისტიკურად, 1930-იან წლების დასაწყისში უკრაინაში 259 ავტორის შემოქმედება გამოიცემოდა, ათწლეულის ბოლოს კი მათი რაოდენობა 36-მდე შემცირდა. სად გაქრა მწერალთა 80%?

17 დახვრიტეს, რვამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 7 ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, 6 უგზო-უეკლოდ დაიკარგა, ხოლო 175 დააპატიმრეს, გადაასახლეს და სიცოცხლის ბოლომდე გულაგებში გამოამწყვდიეს.

ეს რიცხვები უკრაინის კულტურული ელიტის მიმართ საბჭოთა კავშირის დამოკიდებულებაზე მეტყველებს. პოლიტიკაზე, რომელმაც ერს ხმა წაართვა და კულტურული განვითარება ათწლეულებით შეაფერხა.

60-იან წლებში ხელოვანთა ახალი თაობის ტალღა გამოჩნდა, მაგრამ რეჟიმმა მალევე მასაც ხელ-ფეხი შეუკრა: პოეტი ვასილ სიმონენკო ცემით მოკლეს, მხატვარი ალა ჰორსკა და კომპოზიტორი ვოლოდიმირ ივასიუკი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალნენ, ბევრი სხვა დააპატიმრეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაამწესეს ან მათი გამოქვეყნება აკრძალეს.

წლების შემდეგ პუტინი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფაა და ამ შეცდომის გამოსწორებას უკრაინაზე თავდასხმით ცდილობს.

ამის გათვალისწინებით, ახლა შესაფერისი დროა პუტინის სათაყვანებელი სახელმწიფოს მიერ რეპრესირებული კულტურული ელიტის ისტორიას მივუბრუნდეთ. კერძოდ, გავიხსენოთ უკრაინელი პოეტების: ევგენი პლუჟნიკის,  ვასილ სტუსისა და პავლო ტიჩინას ისტორიები.

 

ევგენი პლუჟნიკი

გარდაიცვალა 1936 წელს სოლოვსკის საკონცენტრაციო ბანაკში

1937 წელს სანდარმოხში საბჭოთა ჯალათებმა ათასობით ადამიანი დახვრიტეს, მათ შორის რამდენიმე უკრაინელი ხელოვანი: წამყვანი დრამატურგი მიკოლა კულიში, თეატრის რეჟისორი ლეს კურბასი, ნიჭიერი რომანისტი ვალერიან პიდმოჰილნი და ლიტერატორი მიკოლა ზეროვი. ამ სიაში არ მოხვდა ევგენი პლუჟნიკი, რადგან საკონცენტრაციო ბანაკში ერთი წლით ადრე ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

პლუჟნიკი პოლიტიკურ ტექსტებს არ წერდა და არც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იმ დროს, როდესაც სხვა მწერლები ხმამაღლა გმობდნენ ლენინს, სტალინსა და კომუნისტებს, პლუჟნიკი მდუმარებას არჩევდა – სიტყვებს ყლაპავდა, ლექსებით სათქმელს ბოლომდე არასდროს ამბობდა, არ ყვიროდა და არაფერს ითხოვდა გაჩუმების გარდა: „ოჰ, ჩემო მეგობარო! / უკანასკნელ ძალებს ვკარგავ, / წარმოსახვით ქვეყანაში ვცხოვრობ / სადაც შენი სახე იკარგება, სადაც შენი სახე ტკბილია, / სადაც შენი ხმა… გაჩუმდი! Ჩუმად იყავი! Ჩუმად იყავი!”

ამის მიუხედავად სტალინის ტერორს მაინც ვერ გადაურჩა და უამრავი ხელოვანის მსგავსად ისიც ტერორისტად გამოცხადდა. სიჩუმეში დაადანაშაულეს – თავის ნიჭს ბელადის სადიდებლად რომ არ იყენებდა და სამუდამო მდუმარების განაჩენი გამოუტანეს.

 

ვასილ სტუსი

გარდაიცვალა 1985 წელს გულაგში

ვასილ სტუსმა ბავშვობა და ახალგაზრდობა დონეცკში გაატარა, ახლა ე. წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ცენტრში. ქალაქში, რომელიც აგრესორმა რუსეთმა უკვე წლებია თავისად დაიგულა.

პოეტი ახალგაზრობაშივე დაუპირისპირდა სისტემას: ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი პოლონური სავაჭრო კავშირის „სოლიდარობის“ მოძრაობას და პროტესტში მონაწილეებს „თავისუფლების მოხალისეები“ უწოდა. ამის გამო  სტალინოს (დღევანდელი დონეცკი) პედაგოგიური ინსტიტუტიდან გარიცხეს, სადაც ლიტერატურასა და ისტორიას სწავლობდა.

1965 წლის 4 სექტემბერს კიევის კინოთეატრში საკულტო ფილმის, „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილების“ პრემიერაზე სტუსმა ხმამაღლა დაგმო საბჭოთა რეჟიმის მიერ უკრაინელ საზოგადო მოღვაწეთა მასობრივი რეპრესია, რის გამოც მალევე სისტემამ პოეტი დისიდენტად გამოაცხადა.

მწერალი სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე დააპატიმრეს. წლები საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, მეუღლესა და მცირეწლოვან ვაჟს მოშორებულმა, მაგრამ თავისი და სხვათა უფლებებისთვის ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია.

ამ წლებში ვაჟს წერილებს სწერდა – გამბედაობასა და ვაჟკაცურ ცხოვრებას ფურცლიდან აწავლიდა, რადგან არ შეეძლო ეს ყველაფერი პირისპირ ეთქვა. წლების შემდეგ, დამოუკიდებელ უკრაინაში მისი წერილები წიგნად გამოიცა და მშობლებისთვის ბავშვის ღირსეულად აღზრდის ნიმუშად იქცა.

 

პავლო ტიჩინა

გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1967 წელს კიევში

მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უკრაინელ პოეტს, პავლო ტიჩინას დიდი მომავალი ახალგაზრდობაშივე, პირველი პოეტური კრებულების გამოქვეყნებისთანავე  უწინასწარმეტყველეს. თუმცა 20-იანი წლებიდან, როცა მისი ზოგიერთი მეგობარი დააპატიმრეს, ზოგმა თავი მოიკლა და ზოგიც დახვრიტეს, ტიჩინამ სიცოცხლის გადასარჩენად რეჟიმის სახოტბო ლექსების წერას მოჰკიდა ხელი. საბოლოოდ კი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს პოზიციაც დაიკავა. თუმცა სისტემამ ერთგულება ბოლომდე არ დაუფასა და, უკრაინული წარმომავლობის გამო აიძულა ნობელის პრემიის კანდიდატურაზე უარი ეთქვა.

ვასილ სტუსი პოეტზე წერდა: „ტიჩინის ფენომენი ეპოქალურია. მისი ბიოგრაფია ისტორიკოსთა ნარკვევებზე უკეთ აღწერს ჩვენს ყოფას. დროს, რომელიც გენიოსს აქცევს ჯამბაზად.“

ბავშვობაში ტიჩინა მონასტერში გალობდა და ერთხელ გაიხსენა, ქალაქ ჩერნიჰივში საგალობელთა შესრულებისას შიშმა როგორ აიტანა – მიწისქვეშა ეკლესიების სპეციფიკურმა აკუსტიკამ შეუქმნა განცდა თითქოს ათასობით წლის ისტორიას ეხმიანებოდა – ყველაფერს, რაც მანამდე იყო და მომავალში იქნება.

ქალაქი ჩერბიჰივი გუშინ აგრესორმა რუსეთმა დაბომბა.

© არილი

Facebook Comments Box