თარგმანი

საიდან დავიწყოთ – ჩარლზ დიკენსი

გთავაზობთ ჩარლზ დიკენსის შემოქმედების გზამკვლევს:

საწყისი წერტილი

ალბათ, დიკენსის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მისი მეორე რომანი „ოლივერ ტვისტია“. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს წიგნი ჯერ არ წაგიკითხავთ, სავარაუდოდ, მაინც ნაცნობია თქვენთვის ბიჭუნა, რომელიც ბავშვთა სახლიდან ლონდონში გარბის და მოხერხებულ ჯეკ დაუკინსსა და ჯიბის ქურდების ბანდას უერთდება, რომელსაც კრიმინალი ფეიჯინი მეთაურობს. წიგნს უამრავი ეკრანიზაცია აქვს, თუნდაც ლიონერ ბარტის მიუზიკლი – „ოლივერი!“ და სხვა არაერთი ფილმი თუ სერიალი. მათ შორის უახლესია აუდიოწიგნი, სემ მენდესის რეჟისორობით და ბრაინ კოქსის, დანიელ კალუიასა და ნიკოლა კაულანის მონაწილეობით. „ოლივერ ტვისტი“ მშვენიერი შესავალია დიკენსის მრავალფეროვან რეალისტურ სამყაროში, განსაკუთრებით კი მის სიცოცხლით სავსე, სახასიათო და იუმორისტულ დიალოგებში.

თაყვანისმცემლების რჩეული

დიკენსის რომანებიდან ყველაზე ავტობიოგრაფიული „დევიდ კოპერფილდია“, რომანი ბიჭის შესახებ, რომელიც დაბრკოლებებს გადააწყდება, როცა სწავლის დასრულებას ცდილობს. საბოლოოდ კი წარმატებული ავტორი ხდება. ტექსტი შეიცავს დიკენსის მოგონებების ფრაგმენტებს, მან ერთხელ სცადა წერა, მაგრამ შეწყვიტა, რადგან რცხვენოდა – განსაკუთრებით იმ ქარხანაში ორწლიანი სამუშაო გამოცდილების, სადაც მამამისის ციხეში გაგზავნის შემდგომ მოხვდა. ეს იყო განსაცდელი, რომელსაც არასოდეს მიუტოვებია და მნიშვნელოვნად აისახა მის ყველა ტექსტში.

„დევიდ კოპერფილდი“ არა მხოლოდ თაყვანისმცემლების, არამედ ავტორის რჩეულიც იყო. ერთ-ერთი გამოცემის წინასიტყვაობაში დიკენსი წერს: „როგორც ბევრ მოსიყვარულე მშობელს, გულის სიღრმეში მეც მყავს ფავორიტი შვილი და მისი სახელია დევიდ კოპერფილდი“.

თუ გეჩქარებათ

დიკენსმა ბევრი კარგი მოთხრობა დაწერა და ზოგიერთი მათგანი მის საუკეთესო ტექსტებს შორისაა. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „მესიგნალეს“, მის ერთ-ერთ ყველაზე დადებითად შეფასებულ მოთხრობას რკინიგზის თანამშრომელზე, რომელიც იტანჯება მოჩვენებებით, რომლებიც უბედურ შემთხვევებს წინასწარმეტყველებენ. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ინსპირირებულია დიკენსის გამოცდილებით – ხუთი წლით ადრე მატარებლების შეჯახებისას 23 ადამიანი დაიღუპა. ახლა უკვე  ვიცით, რომ ამ შემთხვევამ ავტორს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა დაუტოვა.

ეს მოთხრობა კარგი მაგალითია იმისა, რომ დიკენსს ზებუნებრივი მოვლენები აინტერესებდა – მოჩვენებები ხშირად გვხვდებიან მის ნამუშევრებში –  თუმცა, „საღი აზრი“ იცავდა მათი არსებობის დაჯერებისგან. გადარჩენილ წერილებში დიკენსი აკრიტიკებდა მათ, ვინც ამტკიცებდა, რომ მოჩვენებები სტუმრობდნენ.

მოთხრობებში ხშირად ჩანს დიკენსის ენამახვილობა, რისი მშვენიერი მაგალითიცაა მისი სატირული ჩანაწერები. „ბიჭი მაგბიზე“, რომელიც მატარებლის სადგურზე მოგზაურობით არის შთაგონებული, წარმოგვიდგენს ფიქციური სადგურის, მაგბის თანამშრომლებს, რომლებიც არაკომპეტენტურობისკენ მიისწრაფვიან და მიზნად ისახავენ, რაც შეიძლება ცუდი საკვებითა და სასმლით გაუმასპინძლდნენ ადამიანებს.

ჩამთრევი წიგნი

„იდგა საუცხოო ხანა, იდგა უმძიმესი ხანა“ – ასე იწყება ორი ქალაქის ამბავი. ესაა დიკენსისთვის ნაკლებად დამახასიათებელი ისტორიული რომანი, რომლის მოქმედება ლონდონსა და პარიზში მიმდინარეობს საფრანგეთის რევოლუციამდე. ეს წიგნი ყველაზე „არადიკენსურ“ წიგნად მიიჩნეოდა და უფრო მეტად ამბიციურადაც, ვიდრე მისი სხვა ნაწარმოებები. დიკენსის ტექსტების უმრავლესობა დაწერისთანავე, პერიოდულად ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, მათი ნარატივი და პერსონაჟები იმის მიხედვით ფორმირდებოდა, თუ რას ფიქრობდნენ მკითხველები მათ შესახებ. „ორი ქალაქის ამბავი“, შესაძლოა, სწორედ ის ტექსტია, სადაც ეს ყველაზე უკეთ ჩანს – ადვილია, შენიშნო, რა მოუთმენლად დაელოდებოდნენ მკითხველები მის შემდეგ ნაწილებს.

სადილისას სასაუბრო

ყველაზე კარგად შესწავლილი და გაანალიზებული დიკენსის რომანებიდან არის „დიდი იმედები“. მორცხვი ობოლი და ობსესიური, უპატიოსნო, დამატყვევებელი ძალა ეგოიზმისა – კლასიკური ამბავია დიკენსთან. მიუხედავად მისი ცნობადობისა და იმისა, რომ იმ სიღარიბისგან შორს იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა, დიკენსი ისევ უზარმაზარი ემპათიით წერდა მუშათა კლასისთვის, სიმდიდრისადმი ზიზღით ხატავდა გამდიდრების სურვილით დამახინჯებული ცხოვრების უიმედო სურათს.

თუ მხოლოდ ერთს წაიკითხავთ

რა თქმა უნდა, დიკენსის კითხვის საუკეთესო გამოცდილება, განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს, „საშობაო სიმღერაა“. განსხვავებით მისი ვრცელი ტომებისგან, მისი წაკითხვა რამდენიმე საათში შეიძლება და ამ მხრივ იდეალურია. „საშობაო სიმღერა“ მოგვითხრობს გამაფრთხილებელ ამბავს ებენიზერ სკრუჯის, ბოროტი და ძუნწი კაცის შესახებ, რომელსაც სამი მოჩვენება სტუმრობს იმის სადემონსტრაციოდ, რად იქცევა, თუკი არ შეიცვლება. ეს არ არის უბრალოდ მრავალფეროვანი და კარგად დამუშავებული ამბავი მოჩვენების შესახებ, ნამდვილად შემაშინებელი მომენტებით, არამედ ესაა აღსანიშნავი ტექსტი, როგორც სერიოზული პოლიტიკური აქტივიზმის ნიმუში. სოციალური სამართლიანობის კამპანიის გულმხურვალე მონაწილე დიკენსი მოურიდებლად იყენებს ფიქციას, როგორც ცვლილებების აგენტს, რათა გაავრცელოს თავისი შეხედულებები უთანასწორობის, ქველმოქმედებისა და სამართლიანობის შესახებ. ამ შემთხვევაში, დიკენსი გეგმავდა, დაეწერა პოლიტიკური პამფლეტი, მოგვიანებით კი გაანალიზა, რომ მხატვრული ტექსტი, შესაძლოა, უფრო დამაკმაყოფილებელი გზა ყოფილიყო თავისი შეტყობინებების გადმოსაცემად.

საშობაო სიმღერა ერთ-ერთია იმ ხუთი საშობაო ამბიდან, რომლებიც მან თანმიმდევრულად დაწერა. მათ შორისაა ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ასევე არაჩვეულებრივი „ზარები“, რომლის წაკითხვაც ნამდვილად ღირს.

© არილი

Facebook Comments Box