რამდენიმე დღის წინ სალმან რუშდი პირველად გამოჩნდა სცენაზე მას შემდეგ, რაც გასულ წელს თავს დაესხნენ. „კარგია დაბრუნება – განსხვავებით არდაბრუნებისგან“ – იხუმრა მან პენ ამერიკის მიერ გამართულ ღონისძიებაზე. მის მოულოდნელ გამოჩენას მაყურებლები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
პენ ამერიკამ სალმან რუშდის ჯილდო გადასცა გამბედაობისთვის. ჯილდოს მიღებისას რუშდიმ აღნიშნა, რომ თავდასხმისას ნამდვილი სიმამაცე თვითონ კი არა, იმ ადამიანებმა აჩვენეს, რომლებმაც იგი გადაარჩინეს. „ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, დღეს აქ არ ვიდგებოდი“. რუშდის თქმით, მათი არც სახელები იცის და არც სახეები ახსოვს, მაგრამ სიცოცხლითაა დავალებული მათგან.
რუშდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში იმის შესახებაც ილაპარაკა, რომ პენ ამერიკის მისია – დაიცვას სიტყვის თავისუფლება, არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ახლაა. მისი თქმით, ტერორიზმს ჩვენი ტერორის უფლება არ უნდა მივცეთ და ბრძოლა გრძელდება. ამიტომაც ფიქრობს, რომ თუ დასაბრუნებლად სწორი დრო არსებობს, სწორედ ახლაა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში პენ ამერიკის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლაში. რასის, გენდერისა და სხვა თემების შესახებ დაწერილი წიგნები სულ უფრო ხშირად იკრძალება სკოლებში, ამიტომაც სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა თანამედროვე სამყაროში განსხვავებულ მასშტაბებს იღებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სიტყვის თავისუფლების ყველა მხრიდან ებრძვიან“ – განაცხადა სუზან ნოსელმა, პენ ამერიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ღონისძიების დაწყებამდე – „ადამიანებს მასში ეჭვი შეაქვთ, მისი არ სჯერათ. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა, მხარი უნდა დავუჭიროთ მას, როგორც კულტურულ და კონსტიტუციურ ღირებულებას“. ნოსელმა რუშდის სცენაზე გამოჩენის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. ნოსელი ფიქრობს, რომ რუშდის დაბრუნება მის ძალასა და წინააღმდეგობაზე მიუთითებს და ეს პენ ამერიკის საქმიანობის დამახასიათებელი ნიშანიცაა. მუქარისა და დაპირისპირების მიუხედავად, მწერლები იმარჯვებენ და მათი ხმებიც კვლავ ისმის.
რუშდიმ ახსენა ისიც, რომ თავდასხმის შესახებ წიგნს წერს. „ვცდილობ, დავწერო წიგნი თავდასხმის შესახებ – რა მოხდა და რას ნიშნავს ის, რაც მოხდა. უბრალოდ თავდასხმაზე კი არა, უფრო ფართო კონტექსტზე. შედარებით პატარა წიგნი იქნება, ორი ასეული გვერდი. დასაწერად ყველაზე ადვილი წიგნი არაა, მაგრამ მჭირდება, რათა დავძლიო წარსული და მერე სხვა რამ გავაკეთო. არ შემეძლო ისეთი რომანის დაწყება, რომელსაც ამასთან არაფერი ექნებოდა საერთო… ასე რომ, როგორმე უნდა გავართვა თავი“.
ახალი რომანის იდეის შესახებ პირველად New York Times-სთან ილაპარაკა. როგორც აღნიშნა, თავიდან ამ იდეამ გააღიზიანა, „იმიტომ, რომ ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს მაიძულეს. თითქოს ეს თავდასხმა მაიძულებდა მის შესახებ წერას“. თუმცა შემდეგ იდეამ მასზე ძალიან იმოქმედა. რომანი, რომელსაც თავდასხმის შესახებ დაწერს, განსხვავებული იქნება. დისტანცირებული მესამე პირი, რომელიც „ჯოზეფ ანტონში“ გამოიყენა, ამჯერად გამოუსადეგარია. „ვფიქრობ, როცა ვიღაც დანას გირტყამს, ეს პირველი პირის ამბავია. ეს „მეს“ ისტორიაა“.
შეგახსენებთ, რომ რუშდის გასულ წელს დაესხნენ თავს. დამნაშავე ჰადი მატარია, თუმცა უცნობია, მატარმა თავად მიიღო თავდასხმის გადაწყვეტილება თუ მის უკან სხვები იდგნენ, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ირანულმა სახელმწიფო მედიამ მატარის საქციელი მოიწონა და „სიმამაცედაც“ კი მოიხსენია.
© არილი