ლელა სამნიაშვილი
სალმან რუშდის ნაწარმოებებში დასავლური და აღმოსავლური კულტურების მარადიული კონტრასტი თუ ოპოზიცია, მათ შორის შეუძლებელი იერარქიის დამყარებისკენ ლტოლვა – ყოველგვარ სოფისტიკას მოკლებულია. იერარქია იქმნება და აღმოსავლურ ფუნდამენტალიზმს დასავლური პლურალიზმი ამარცხებს. თუმცა, ამ ორი ცივილიზაციისადმი მხოლოდ ფუნდამენტალისტურ-პლურალისტური მიდგომა თავისთავად შეცდომებს ბადებს, რაც მწერლისადმი თანამედროვე კრიტიკის დამოკიდებულებაშიც გამოიხატება. რუშდის, რომელსაც ირანში სიკვდილით დასჯით ემუქრებიან, ინგლისურენოვან ლიტერატურაში თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს მწერლად აღიარებენ და ინტერნეტის ზოგიერთ საიტზე “აღმოსავლელი შექსპირის” ტიტულითაც ამკობენ. მშობლიურ ინდოეთში მისი წიგნები, მათი მხატვრულ-პოლიტიკური ტექსტებითა და ქვეტექსტებით დღემდე დასავლური ცნობიერების სიმბოლოდ ითვლება და ალოგიკური არც არაფერია იმ ფაქტში, რომ პლურალიზმი, როგორც წმინდა ამერიკული და ბრიტანული იდეა, სრულიად მიუღებელია ინდოეთისთვის, რომელმაც საბოლოო დამოუკიდებლობას ახლახან მიაღწია.
რუშდი, რომელმაც ინდოეთი ბავშვობაში დატოვა და უმაღლესი განათლება კემბრიჯში მიიღო, თავისი წიგნების აღმოსავლელ პერსონაჟებსაც კი დასავლური თვალთახედვიდან ქმნის. აქედან აშკარაა, რომ იგი, როგორც მწერალი თუ პოლიტიკური მოღვაწე, წმინდა ბრიტანული მოვლენაა. დღევანდელ მსოფლიოში, როცა რეკლამას – კომერციულს, პოლიტიკურს და ლიტერატურულსაც კი – სასწაულებრივი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, გაცილებით უფრო რთულია რუშდის, როგორც ხელოვანის მნიშვნელობაზე დამოუკიდებლად მსჯელობა. ფაქტია, რომ “შუაღამის შვილების” (“Midnight Children” – 1981 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი) შექმნით რუშდი გახდა მისი თაობის ინგლისურენოვან ლიტერატურაში არა მხოლოდ პოლიტიკურად საინტერესო, არამედ წმინდა მხატვრული თვალსაზრისითაც უზადო წიგნის ავტორი. მაგრამ რუშდის მზარდ პოპულარობას, მისი წიგნების იდეოლოგიურ სერიულობას ყველაზე უფრო არაერთგვაროვნად პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიციის მქონე კრიტიკოსები აფასებენ.
ჯულიან სემუელი, პაკისტანელი და კანადელი მწერალი და რეჟისორი, სალმან რუშდის “სატანური ლექსებისადმი” მიძღვნილ ესეში წერს:
“დასავლეთში ცენზურის ნებისმიერ ხარისხს გამომცემლობა მწერლის (დიდის თუ მცირეს) დამკვიდრებისთვის იყენებს. რა თქმა უნდა – წიგნის შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით… ასე რომ, “სატანური ლექსების”, როგორც წიგნის, დღევანდელ ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს მის ბრწყინვალე სტრუქტურასა და ისლამისტურ ფორმალობებთან დაკავშირებული კომენტარები ასრულებს…
აუცილებელი არცაა, რომ მწერალს დიდი წონა ჰქონდეს, რათა არაპროგრესული მუსულმანური სამყაროს ცენზურა გამოიწვიოს. ირანის ფუნდამენტალისტურმა მთავრობამ წიგნი იმისათვის გამოიყენა, რომ თავიდან აეცილებინა მისდამი მიმართული ყურადღება და კრიტიკა. ამდენად, რუშდისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა მისი წიგნის პოლიტიკურ ფასეულობას ზრდის”.
მაგრამ ეს ფასეულობა იზრდება ისევ და ისევ დასავლურ სამყაროში, მაშინ როდესაც რუშდის შეეძლო ასევე “დაუსრულებლად გაეგრძელებინა თხრობა იმის შესახებ, თუ როგორ გვევლინება ისლამისტური ფუნდამენტალიზმი ფაქტიურ რეაქციად დასავლურ კოლონიზაციაზე; თუ როგორ დაიყვანა იმპერიალიზმმა მუსულმანური ცხოვრების წესი იქამდე, რომ რელიგიის კრიტიკა საზოგადოებაზე კონტროლის ერთადერთ იარაღად იქცა, რისი გამოძახილიცაა რუშდისადმი არსებული დამოკიდებულებაც”.
ჯულიან სემუელი თვლის, რომ “მორალურად გამართლებულია რელიგიის ყველა მანკიერი ფორმის პაროდირება, მაგრამ ირონიის გამოსავლენად – ასე დასნებოვნებული სამიზნის ამორჩევა და დასავლური ცივილიზაციისთვის სიამოვნების მინიჭება – მეტისმეტად მარტივი და ესთეტიურად პრიმიტული გზაა. ამდენად, რუშდის მიერ ისლამის კრიტიკა არის უბრალო მცდელობა – ტრივიალურად რთული თხრობითი ფორმის მსოფლიოს რუკაზე გავრცელებისა. თანაც, ეს ამოცანა კიდევ უფრო იოლდება ბრიტანული პლურალიზმის რეკლამირების გზით”. სამუელის აზრით: “სწორედ ესაა რუშდის პოპულარობის მიზეზი, რადგანაც, რაც შეეხება “სატანური ლექსების” მხატვრულ მხარეს, წიგნი ზედაპირულად რთული ნაშრომია. იგი ხასიათდება მოვლენათა ნაკადის გადაჭარბებული სიმჭიდროვითა და არაექსპერიმენტულობით. წიგნში არის ლამაზი მომენტებიც – წყვეტილი სტილი, ადრეული პოსტმოდერნული არასწორხაზოვნება… და მაინც – რჩება შთაბეჭდილება, რომ წიგნი ცარიელია, რომ წინასწარ გათვლილი ანტი-ისლამისტური პროპაგანდა მხოლოდ წიგნის კარგად გაყიდვის საშუალებაა”.
წიგნის სიცარიელის განცდა შეიძლება იყოს შედეგი – ავტორის გადაჭარბებული მცდელობისა – მოიცვას ყველა და ყველაფერი. რუშდის უკანასკნელ რომანში “მიწა მის ფეხქვეშ” (“The Ground Beneath Her Feat“) წიგნის ერთ-ერთი გმირი, ბომბეიში გაზრდილი და ინგლისში გადასახლებული როკ-ვარსკვლავი აცხადებს:
“ჩემი მუსიკით იმის თქმა მსურს, რომ არ მჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა დაგანახოთ, რომ არ მჭირდება ვიყო ეს ბიჭი, ან კიდევ – ის ბიჭი; აქაური, ან – იქაური; ან ის – ვინც ჩემს შიგნითაა და ჩემს ტყუპისცალს ვეძახი; ან – ვინც ჩემს გარეთაა, ვინც არის თუ რაც არის – ამ ცის მიღმა, საიდანაც ელვას მიგზავნის; ან, აი, ეს კაცი – თქვენს წინაშე რომ დგას ამ წუთას. მე ვიქნები ყველა მათგანი. მე ეს შემიძლია. სწორედ აქედან მოდის ყველა ინსტრუმენტზე ერთად დაკვრის იდეა. ეს იდეაც ზუსტად იმავეს ამტკიცებს”.
მაგრამ პიროვნების პოსტმოდერნული ლტოლვა – მოიცვას სამყარო, თუ ჩაიკარგოს მასში (რასაც სამყაროში მისი არსებობა თავისთავად გულისხმობს) და ამის საფუძველზე ინდივიდუალიზმიც (ამ შემთხვევაში – ცივილიზაციათა დონეზე) უარყოფს, როგორც ძალა, რომელსაც შეუძლია ხმების სიმრავლის თავისებურ, განუმეორებელ მელოდიად შეწყობა – თვითონ მელოდიის, სამყაროს არსის უარყოფისკენ მიდის.
ტიმ პარკსი, კრიტიკოსი, რომელიც “შუაღამის შვილებს” მეტად ძლიერ, შთამბეჭდავ ნაწარმოებად აღიარებს, თავის ესეში რუშდის ბოლო რომანსაც (“მიწა მის ფეხქვეშ”) მიმოიხილავს (“Gods and Monsters”, May, 6, 1999). სასიყვარულო სამკუთხედში თითოეული გმირის სახე, მოვლენებით სავსე სიუჟეტი, ინდურ-ბერძნულ-ეგვიპტური მითოლოგიის სინთეზი – რუშდისეული, იგივე პლურალისტური ჰარმონიისკენ სწრაფვის იდეად აღიქმება. ავტორი რომანში თხრობით ფორმებსაც კი უსასრულოდ ცვლის: “ზუსტად ორმუს კამას მსგავსად (წიგნის როკ-ვარსკვლავი პერსონაჟი), რომელიც უარს ამბობს პიროვნული არჩევანის გაკეთებაზე (რაც თავისთავად პიროვნული არჩევანია), რუშდისაც ვერ აურჩევია რომანისთვის რომელიმე თხრობითი ფორმა… რომანის პირველი პირით გადმოცემა ამბისადმი შესანიშნავი მიდგომაა, მაგრამ მალე რწმუნდები, რომ ეს ფორმა იდეალურ ვარიანტად მანამდე რჩება, ვიდრე რუშდი თავის მთხრობელს სხვა პერსონაჟების გონებაში არ შეუძღვება და იქიდან არ დაიწყებს მათ – თავისი ინტერესებისა და იდეებისთვის – უბრალო საყვირებად გამოყენებას”.
არის მომენტები, როცა რჩება შთაბეჭდილება, რომ რუშდის თხზულებაში იდეა მხატვრულ მხარეზე დომინირებს, ზოგჯერ კი – მაღალფარდოვანი თხრობითი კილო აზრის შესუსტების ხარჯზე გრძელდება. როგორც პარკსი წერს: “რაც უფრო დეტალურად ეცნობი რუშდის ნაწარმოებებს, მით უფრო აშკარად გრძნობ, რომ მათ შეიძლება არა მხოლოდ ფუნდამენტალისტთა რისხვა, არამედ, უბრალოდ – მახვილგონიერი მკითხველის მომენტალური ყურადღებაც დაუპირისპირდეს”. თუმცა, ეს კომენტარი არ შეიძლება რუშდის მწერლური ნიჭისა და უდავო ოსტატობის უარყოფად გავიზიაროთ. უბრალოდ, ფაქტია, რომ რუშდის წიგნების პოპულარობა სულ უფრო მეტად ემყარება პოლიტიკურ სენსაციურობას, ვიდრე მათ მხატვრულ ღირებულებას.
რაც შეეხება დღევანდელ პუბლიკაციაში წარმოდგენილ რუშდის მოთხრობას “ცეცხლოვანი ფრინველის ბუდე”, – მასშიც წამყვანია ცივილიზაციათა სინთეზის, ზეცივილიზაციის, მომავალი ბავშვის იდეა, რომელიც ერთდროულად “ცეცხლიც იქნება და წვიმაც” და რომელსაც თავის წიაღში ამერიკელი ქალი, ამერიკა ატარებს. ინდოეთში “არქაული ტრაგედიების წამლეკავ ძალად” ფემინიზმის სტიმულირებაც ამ იდეის განვითარებისთვის საჭირო ფონად აღიქმება. ინდური წარმოშობის მწერლისთვის კი – ალბათ უფრო რთული, მაგრამ ბუნებრივი ამოცანა იქნებოდა, რომ როგორმე – თავად მისტერ მაჰარაჯის გული და გონება გაენათებინა.
© ”არილი”