ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

სანდრო გეგეჭკორი – თავისუფლების შეუძლებლობა “მებრძოლთა კლუბის” მიხედვით

chuck-palahniuk 575

ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“ ერთი შეხედვით შეიძლება ანარქისტულ პროპაგანდას მივამსგავსოთ, სადაც ავტორი მოგვიწოდებს ერთმანეთის ცემა-ტყეპის, ადამიანის ცხიმით საპნის დამზადებისა თუ ათასგვარი ხულიგნობისკენ, რაც საბოლოოდ ცივილიზაციის სრული დამხობით უნდა სრულდებოდეს, თუმცა, ვფიქრობ, ეს მხოლოდ ზერელე თვალის ხედვაა. რეალურად კი მწერალი გვეუბნება, რომ დღევანდელ სამყაროში არსებობს დიდი ოდენობით სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ინდივიდს დაბადებისთანავე ენიჭება და რომელთაგან გაქცევაც წარმოუდგენელია. შესაბამისად, ამ ესეში მინდა ვაჩვენო ის, რომ თანამედროვე საზოგადოებაში სრული თავისუფლება შეუძლებელია.

თავისუფლებისკენ სწრაფვა არის ამ რომანის მთავარი მამოძრავებელი ღერძი. ძალიან მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი წიგნის მოკლე შინაარსი ზუსტად ასეთი იქნება: ეს არის ამბავი კაცისა, რომელმაც გაიაზრა, თუ რა არაფრისმთქმელი, აბსურდული ცხოვრება ჰქონდა და სცადა გათავისუფლება, მაგრამ შუა გზაში მიატოვა დიადი იდეა და საკუთარი კომფორტის ზონაში დაბრუნება არჩია. მთხრობელისთვის აუცილებელი იყო იმის გარკვევა თუ როგორ უნდა მისულიყო თავის მიზანთან. მისი დასკვნა ასეთი იყო: „მხოლოდ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ ხდები თავისუფალი, შეგიძლია, აკეთო რაც გინდა“[1]. მაგრამ ჩნდება კითხვა, რა არის ეს ყველაფერი?

პირველ რიგში, ეს არის პირადი საკუთრება. ჩემი აზრით, ჩაკ პალანიკი მიყვება მასზე დიდი ხნით ადრე დაწერილი კლასიკური ტექსტის ნიმუშს, შეიძლება სულაც გაუცნობიერებლად. გავიხსენოთ მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, რომლის მთავარი გმირიც მთელ თავის ქონებას ერთ დოლარად ყიდის, შემდეგ კი გარბის იმ ცივილიზაციიდან, რომელშიც თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ჰეკ ფინიც, ისევე როგორც „მებრძოლთა კლუბის“ ტაილერი, ქონებას უარყოფითად, თავისუფლებისთვის დამაბრკოლებლად უყურებს და უარს ამბობს მასზე. თუმცა დერდენი ცოტა უფრო შორს მიდის. იგი ფიქრობს, რომ ნივთები, რომლებსაც ადამიანი ფლობს, საბოლოოდ პირიქით, მისი მბრძანებლები ხდებიან. ადამიანები ყიდულობენ ნივთებს, რომლებიც არ სჭირდებათ, ამისთვის კი მუშაობენ სამსახურებში, რომლებიც ეზიზღებათ. სწორედ ამიტომ უფეთქებს სახლს თავის „ალტერ-ეგოს“, ცდილობს ერთი ნაბიჯით დააახლოოს ფსკერთან, ყველაფრის დაკარგვასთან. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მხრივ, იგივე დამოკიდებულება აქვს ტაილერს ადამიანის სხეულის მიმართ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი სხეულის დასაკარგად, ტკივილის ასატანად. ჩვენ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მეტი ნაიარევი ტანზე, მაქსიმალურად ჩაშავებული თვალები. მებრძოლთა კლუბის შექმნის მთავარი არსიც ესაა, ქალების გაზრდილი კაცები უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს თვითგანადგურებაში, რადგან შეუძლებელია ლამაზი სახით ფსკერამდე დაეცე.

მეორე, რაც აუცილებლად უნდა დავკარგოთ, თუკი თავისუფლება გვინდა, არის ხსოვნა. ამის გასაანალიზებლად საჭიროა გვახსოვდეს, რომ რომანის მთავარი გმირი უმამოდაა გაზრდილი, ისევე როგორც იმ პერიოდის ამერიკელთა დიდი ნაწილი. „თუ ქრისტიანი მამაკაცი ხარ და ამერიკაში ცხოვრობ, შენთვის მამაშენი ღვთის მოდელია. თუ მამას არ იცნობ, სახლიდან წავიდა ან მოკვდა, ან თუ შინ არასდროსაა, როგორი დამოკიდებულება გექნება ღვთისადმი?“[2] რა თქმა უნდა, შეგზიზღდება. მისი უარყოფა და განადგურება მოგინდება. მამა – ეს არის არამხოლოდ უფლის, არამედ ზოგადად წარსულის სახე, მისი დავიწყებით კი ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებ. „მებრძოლთა კლუბის“ სიუჟეტის მიხედვით, ბოლო მიზანიც ხომ ეს არის – შენობა წაქცევის შემდეგ მუზეუმს დაეცემოდა, გაანადგურებდა წარსულის ამ ყველაზე მრავლისმცოდნე მცველსა და ელჩს. ასევე არაერთხელაა ნახსენები ლუვრის დაწვისა და „მონა ლიზათი“ უკანალის გამოწმენდის სურვილიც. ისინი მკვდრები არიან, მხატვრები და მოქანდაკეები, არქიტექტორები, და მაინც წარმართავენ ჩვენს ბედს. ისევე როგორც მოსე, რომელიც ჰეკ ფინმა უარყო, რადგან მკვდარია. მასაც, როგორც თავისუფლების მოტრფიალე ადამიანს, არ აინტერესებს მკვდარი ხალხი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის ეპიზოდი, როცა ჰეკლბერი ფინი მამამისს ქოხიდან ეპარება თავისი სიკვდილის გათამაშებით. ამით ის ერთგვარად კლავს საკუთარი თავის ხსოვნას. როცა დაივიწყებენ, მხოლოდ მაშინ შეძლებს გაქცევას, გათავისუფლებას.

ამასთან ერთად, შეგვიძლია გავიხსენოთ გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობა „მხოლოდ ტელეფონზე დასარეკად მოვედი“, რომელშიც ნობელიანტი მწერალი ხსოვნის იდეას ეხმიანება. ნაწარმოებში ქალს გზაზე მანქანა გაუფუჭდება და შემთხვევით გაჰყვება მანქანას, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულებითაა სავსე და საგიჟეთში მიდის. მას რეალურად მხოლოდ ტელეფონზე დარეკვა უნდა, რათა თავის ქმარს შეეხმიანოს, თუმცა ფსიქიატრიულის სამედიცინო პერსონალი მასაც ავადმყოფად მიიჩნევს, კლინიკაში დატოვებს და შესაბამისად, არც ტელეფონზე არეკინებს. ასე, სრულიად შემთხვევით მოხვდება პროტაგონისტი საგიჟეთში, საპყრობილეში, საიდანაც გასვლა აღარ შეუძლია. დროთა განმავლობაში მას ნელ-ნელა ავიწყდება ის მიზანი, რის გამოც იქაა. ერთხელაც იგი შემთხვევით ტელეფონთან აღმოჩნდება, თუმცა მხოლოდ შემოსული ზარი გაახსენებს ქმართან დარეკვის სურვილს. საბოლოოდ, მოთხრობა მთავრდება იმით, რომ საგიჟეთი ინგრევა. თუმცა მკითხველი ამას გარე თვალით ხედავს. საპყრობილე იხსნება მაშინ, როცა ქრება ხსოვნა ორმხრივად, როგორც პაციენტებისა გარე სამყაროს მიმართ, ასევე პირიქით. სწორედ ამ დროს, ამ დავიწყების წამში თავისუფლდება საპყრობილიდან ყველა ის ადამიანი, ყველა ის ფსიქიატრიულში მოხვედრამდე სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი.

მესამე რამ რაც აუცილებლად უნდა დაკარგოს თავისუფლებისკენ მიმავალმა ადამიანმა, არის იმედი. „მხოლოდ ფულის, ქონების და ცოდნის უარყოფა არ კმარა… თვითგამოსწორება უნდა შეწყვიტო და განადგურებისკენ ისწრაფვო… თუ ფსკერზე დაშვებამდე დანებდები, წარმატებას ვერასოდეს მიაღწევ.“[3] სწორედ ეს შეგუებაა მთავარი ფაქტორი გათავისუფლებისთვის, პიროვნება უნდა მიხვდეს, რომ ის არაფრით არაა გამორჩეული. „ჩვენ ღმერთის არასასურველი შვილები ვართ, არც განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევს და არც განსაკუთრებული ადგილი გვიჭირავს ისტორიაში.“[4] ინდივიდმა უნდა შეწყვიტოს ხავსზე მოჭიდება და თავისივე სურვილით ჩაეფლოს ამ დიდ მორევში. მხოლოდ ასე შეიძლება იგი ფსკერზე აღმოჩნდეს. ძალიან საინტერესოა თავად ტექსტშივე მოხმობილი მაგალითი ადამიანისა, რომელიც მაქსიმალურად ქვემოთ დაეშვა – იესო ქრისტე. იგი ჯვარცმით სწორედ ფსკერზე დაეშვა, განადგურდა თავისივე სურვილით და ამით მოიპოვა თავისუფლება. „მხოლოდ თვითგანადგურების შემდეგ შევძლებთ აღდგომას“[5].

იმედის დაკარგვის იდეა საკმაოდ ჰგავს აბსურდის ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც აბსურდული ყოფისგან გათავისუფლება მხოლოდ შეგუებითა და უიმედობითაა შესაძლებელი. ამას ამბობს ალბერ კამიუც თავის „სიზიფეს მითში“, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახით სიზიფეს სრულიად უაზრო ქმედების, მთაზე ლოდის ატანა უწევს, საიდანაც ის მთელი ძალით გორდება ქვემოთ, შემდეგ კი ისევ იგივე – უსასრულოდ. კამიუს აზრით, ასეთ ყოფაშიც კი არის შესაძლებელი ბედნიერება. თუკი სიზიფე გაიაზრებდა, რამდენად აბსურდულია მისი მდგომარეობა, დაკარგავდა ყველანაირ იმედს, დაეცემოდა ფსკერზე, მაშინ მისთვის ხელშესახები გახდებოდა ბედნიერება.

„მებრძოლთა კლუბის“ მიხედვით, თუკი ამ სამ მუხლს აკმაყოფილებ, თავისუფალი ხარ. შენ არ უნდა გქონდეს საკუთრება, გარდა მინიმალური საჭიროების ნივთებისა, ორ-ორი წყვილი შავი მაისური, შარვალი და წინდა, ერთი წყვილი მაღალძირიანი ფეხსაცმელი, შავი ქურთუკი და 300$ სიკვდილის შემთხვევაში, დასაკრძალად. შენ არაფერი არ უნდა გახსოვდეს, უნდა მოკლა წარსული შენში, უნდა დახოცო მშობლები, ისტორიული პირები, ამერიკის პრეზიდენტები და ყველა სხვა დანარჩენნი შენს გონებაში. შენ არ უნდა გქონდეს იმედი. უნდა იბრძოლო რომ დაეცე, სისხლითა და ოფლით უნდა მოიპოვო შენი კუთვნილი ადგილი ფსკერზე და გახსოვდეს, რომ „რაც უფრო დაბლა დაეცემი, მით უფრო მაღლა აფრინდები“[6]. აი, ეს არის ჩაკ პალანიკისეული თავისუფლება, რისი მოპოვებაც, ჩემი აზრით, შეუძლებელია.

ვფიქრობ, თავისუფლებისთვის აუცილებელი პირველივე პუნქტი საკმაოდ აბსურდულია. რომანის პირველ ნაწილში არაერთხელ გამოთქმული „ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი“ ძალიან ჰგავს მუშათა კლასის მარქსისტულ იდეას, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, სიმდიდრის სხვაგვარ გადანაწილებას ითხოვს, რომ მდიდარს წაერთვეს და ღარიბს მიუვიდეს. ერთ-ერთ მომენტში „კოსმოსური მაიმუნი“[7] ასეთ რამეს ამბობს:“წარმოიდგინე, რომ გაფიცვას გამოვაცხადებთ და ყველა უარს იტყვის მუშაობაზე, სანამ დედამიწის სიმდიდრე ხელახლა არ გადანაწილდება“[8]. ეს ყველაფერი ძალზედ ჰგავს პროლეტარიატის აჯანყებას, რაც საერთოდაც არაა კავშირში თავისუფლების იდეასთან. ტექსტის მეორე ნახევარში ეს ფრაზა ასე იცვლება: „მებრძოლთა კლუბის გარდა დასაკარგი არაფერი გვაქვს“[9]. ადამიანები უკვე თავს უძღვნიან ამ იდეას, რასაც მებრძოლთა კლუბი ქვია. მათთვის ის უკვე ქონება ხდება, ამით კი ისინი უბრალოდ თავისუფლების ილუზიას იქმნიან.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია ხსოვნის დაკარგვის შეუძლებლობის განხილვაც. ტაილერისთვის დავიწყების იდეა ნიშნავდა მამის, შესაბამისად კი, როგორც წარსულის, ასევე ღმერთის მოკვლას. „თუკი ქრისტიანი მამაკაცი ხარ და ამერიკაში ცხოვრობ, შენთვის მამაშენი ღვთის მოდელია. ზოგჯერ მამას სამსახურში პოულობ“[10]. მთხრობელმა მამა თავის უფროსში იპოვნა, ხოლო კოსმოსურმა მაიმუნებმა – ტაილერ დერდენში! მათ უყვართ თავიანთი მბრძანებელი, ისინი მას ემორჩილებიან მიუხედავად იმისა, რომ პროექტ ქაოსის მთელი მიზანი წარსულის, ღმერთის, მამის მოკვლაა. ისინი ყველაფერს მისი ბრძანებით აკეთებენ, მაშინაც კი, როცა მას ეპყრობიან ცუდად: „წესები კარგად იცით, მისტერ დერდენ. თავად თქვით, თუ ვინმე კლუბის დახურვას ეცდება, გინდაც მე ვიყო, ყვერებით უნდა დავკიდოთო“[11]. ამით იდეა შუაზე იხლიჩება, ისინი, ვინც მისთვის იბრძვიან, შინაგანად თავადვე ეწინააღმდეგებიან მას. ბუნებრივია, რომ კოსმოსური მაიმუნები ვერ იქნებიან თავისუფლები.

თუკი რომანის ბოლო წინადადებას წავიკითხავთ, წავაწყდებით დიდ შეუსაბამობას თავისუფლების მოპოვების მესამე კრიტერიუმთან, იმედის დაკარგვასთან. ნაწარმოები სრულდება ასე: „მოუთმენლად ველით თქვენს დაბრუნებას“[12]. ეს სიტყვები საგიჟეთში მოხვედრილ მთხრობელთან გარედან აღწევს და ცალსახად იმედითაა სავსე, რომ ტაილერ დერდენი დაბრუნდება, შეკრებს თავის არმიას, რომლითაც ცივილიზაციას დაამხობს და ახალ, უკეთეს, თავისუფალ სამყაროს შექმნის. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „მებრძოლთა კლუბში“ ინდივიდებს არ დაუკარგავთ საკუთრება, ხსოვნა თუ ქონება, ანუ, ისინი არ არიან თავისუფლები.

მინდა ყურადღება გავამახვილო ტექსტის ერთ მეტად მნიშვნელოვან ნიუანსზე. რომანი საკმაოდ თვალშისაცემადაა დაყოფილი ორ ნაწილად, მებრძოლთა კლუბად და პროექტ ქაოსად. ეს ორი ნახევარი კი პირდაპირაა დაკავშირებული თავისუფლების ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ტიპთან. ნაწარმოების არცთუ  მარტივად აღსაქმელი დეტალი კი სწორედ ამ ნაწილთა გადაკვეთის წერტილშია. აქამდე ტაილერსა და მთხრობელს, ანუ ერთი ადამიანის ორ სხვადასხვა სახეს, ერთმანეთისგან დიდად არ განვარჩევდი, მაგრამ ახლა უკვე აუცილებელია მათი როგორც პიროვნების განსხვავებული მიდრეკილებების განცალკევება. ზემოთ აღნიშნული გაყოფის ქვეშ იმალება მეორე შრე გამოყოფისა, რაც გამოიხატება ტაილერ დერდენისა და ამბის მთხრობელის გამიჯვნაში. „მებრძოლთა კლუბის“ დასაწყისიდან ისინი ერთმანეთს ხედავენ, ლაპარაკობენ, თითქოს გაერთიანებულნი არიან ერთი იდეის ქვეშ. ამბის გადმომცემის ცხოვრებაში გადაღლისა და ერთფეროვნების მობეზრების შედეგად მოულოდნელად გაჩნდა დერდენი, რომელიც მისი აჯანყების სახეა. თუმცა, ნაწარმოების მეორე ნახევარში ისინი ერთად აღარ არიან. მთხრობელი ვეღარ პოულობს მას, ვეღარ ხედავს და ელაპარაკება, მათი მიზნები ერთი აღარ არის.

თავისუფლების ორი ტიპის გასააზრებლად აუცილებელია სწორედ ამ ორი მონაკვეთის გაანალიზება. დასაწყისში, თავის ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ პიროვნებაში იბადება ახალი აზრი, აჯანყების, სამყაროს ახლებურად მოწყობის იდეა, რომელიც ხორცს შეისხამს და ტაილერ დერდენის სახელს მიიღებს. ისინი ერთად ქმნიან მებრძოლთა კლუბს – იმ მინიმუმს, რაც აუცილებილია ინდივიდისთვის, რომ თავი თავისუფლად იგრძნოს. ისინი ერთად გაივლიან თავისუფლებისკენ მიმავალი გზის პირველ საფეხურს, დაკარგავენ ქონებას, რომელსაც წლობით აგროვებდნენ. მაგრამ შემდეგ ტექსტში ტაილერი ქრება, ჩვენ მისი სიტყვები კოსმოსური მაიმუნების პირით გვესმის. მას აღარ ჰყოფნის მებრძოლთა კლუბი, საკუთრების უარყოფა და გახვრეტილი ლოყა, მას მეტი სჭირდება, თუმცა მთხრობელი ამითაც კმაყოფილია. სწორედ აქ ხდება ადამიანის ორი სახის კარგად წარმოჩენა. ერთი მათგანისთვის, ამბის გადმომცემისთვის, საკმარისია თავისუფლების ილუზია ჰქონდეს, უბრალოდ გაექცეს იმ ყოველდღიურობას რომელშიც ჩაფლობილია და საკუთარ თავს დააჯეროს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც კი შეიძლება მოუნდეს. იგი მაინც, ყველაფრისდა მიუხედავად სოციალური ცხოველია და არ შეუძლია გამოეყოს სოციუმს, მის წინააღმდეგ წავიდეს. ხოლო ტაილერისთვის ეს ყველაფერი სხვაგვარადაა. მას არ აინტერესებს ის  საზოგადოება რომელშიც ცხოვრობს, არ ანაღვლებს მისი წევრები, არ სურს მისი ნაწილი იყოს. ტაილერს უნდა, რომ ეზიაროს სრულ თავისუფლებას, გაიაროს სამივე საფეხური, დაკარგოს ყველაფერი და საბოლოოდ მიზანს მიაღწიოს. შესაბამისად, იგი ქმნის პროექტ ქაოსს, რომლის მთავარი დანიშნულებაც მუზეუმის დანგრევა, წარსულის დავიწყებაა. ამ დროს კი იგი ტექსტიდან ქრება. მიზეზი მარტივია: მთხრობელი მას ვეღარ ხედავს, აღარ ეთანხმება, მთავარი მოკავშირე მტრად გადაექცა, თავისივე შექმნილი მონსტრი ახლა უკვე თავად მას ემუქრება.

მსჯელობის შედეგად აშკარაა, რომ მთხრობელის თავისუფლება მხოლოდ ილუზიაა, რომელიც რომანის ბოლოსკენ საერთოდ ქრება კიდეც. მასში იმარჯვებს საზოგადოების წევრად დარჩენისკენ სწრაფვა, მას ურჩევნია იყოს ცოცხალი იმ სოციუმისთვის, რომელშიც ცხოვრობს, ვიდრე იყოს თავისუფალი. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს იმ ორ მომენტში, როდესაც ის ფსკერს უნდა უახლოვდებოდეს. როცა მაჯაზე ტაილერი კოცნის, კაუსტიკური სოდით გამოწვეულ ტკივილს იგი ვერ უძლებს და ცდილობს მას მართულ მედიტაციაში გაექცეს. ზუსტად იგივე ხდება ნაწარმოების ბოლოსკენაც, როცა პროექტ ქაოსის წევრები მას ყვერების მოჭრით აშინებენ. ამით ავტორი აშკარად გვეუბნება, რომ მთხრობელი საერთოდაც არ ცდილობს ფსკერზე დაშვებას, შესაბამისად, გათავისუფლებას. ასევე, აღსანიშნია, რომ მას ტაილერის ეშინია. ამას მწერალი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს რომანის ბოლო თავში ფსიქიატიულში მოხვედრილი ნარატორის სიტყვებით: “მაგრამ უკან დაბრუნება არ მინდა. ჯერ არა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ კაცს, რომელსაც ხანდახან ჩემთან ლანგრით სადილი და მედიკამენტები მოაქვს, ხან თვალი აქვს ჩაშავებული, ხან შუბლი – გასიებული და გაკერილი.“[13]

მეტიც, თავად ტაილერიც კი ბოლომდე ვერ აღწევს ამ დიად იდეას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან ახლოსაა მასთან. დერდენი ხსოვნის მსხვერპლი გახლავთ. შეიძლება მას თავად დაკარგული აქვს ყველაფერი, ყველანაირი ავტორიტეტი დავიწყებულია, ქონება განადგურებული, იმედი ჩაკლული. იგი თითქოსდა შეუზღუდავი, თავისუფალია, თუმცა ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მას აღარაფერი გააჩნია, იგი საზოგადოების ნაწილია, რადგან არსებობს მისი ხსოვნა, მისი ძალის რწმენა, იგი მათთვის ღმერთია, უდიდესი ავტორიტეტი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ. “ენდე ტაილერს“[14] – ასეთია პროექტ ქაოსის მეხუთე წესი. უნდა გავაანალიზოთ, რომ ხსოვნა ორმხრივი რამაა, სწორედ ამიტომ ასაღებს ჰეკლბერი ფინი თავს მკვდრად, რომ მისი ხსოვნა გაქრეს და სწორედ ამიტომ ინგრევა მარკესის მოთხრობაში ფსიქიატრული საავადმყოფო მას შემდეგ, რაც მთავარ გმირს ტელეფონზე დარეკვის სურვილი ავიწყდება, გარედან კი აღარავის ადარდებს. მისი ხსოვნა ორივე მხრიდან საბოლოოდ ქრება, ის კი თავისუფლდება.

როგორც უკვე ვახსენე, რომანის ბოლოს ასახულია დაპირისპირება მთხრობელსა და ტაილერს, შესაბამისად, თავისუფლების ილუზიასა და სრულ თავისუფლებას შორის. მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენა კი არც ისე რთულია, ნაწარმოების ბოლოს დერდენმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, დამარცხდა და ნიტროგლიცერინში პარაფინი შეურია. გასროლილი ტყვია სწორედ ტაილერს მოხვდა. კაცს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა გასათავისუფლებლად, თუმცა ვერაფერს გახდა. ამ გაგებით, იგი არის ჰეკ ფინი დინამიტით ხელში, რომლისთვისაც ცივილიზაციის ჯაჭვებისგან თავის დახსნის ერთადერთი გზა მისი განადგურებაა. იგი არის ჰეკლბერი ფინი, რომელსაც ხელიდან გამოაცალეს ინდიელთა მიწა-წყალი, სადაც გაპარვა შეეძლო. ტაილერი არის მისი შთამომავალი, მისი ზრდასრული ვარიანტი, ამერიკულ ლიტერატურაში მისი ხაზის ჭეშმარიტი გამგრძელებელი. ხოლო უსახელო მთხრობელი კი ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ჩვენ ყველანი. ავტორი ამას აშკარად გვახვედრებს, როდესაც მთავარ გმირს სახელის გარეშე ტოვებს. იგი მარტივად განზოგადდება ნებისმიერ რიგით ადამიანად, რომელიც კმაყოფილია ოდნავი ილუზიითაც კი, რომლისთვისაც საკმარისია საკუთარ თავს თავისუფლად გრძნობდეს.


[1]ჩაკ პალანიკი, „მებრძოლთა კლუბი“ (თბილისი: „დიოგენე“, 2012 წელი), თარგმნა ნიკა სამუშიამ, გვ.80.

[2] იქვე, გვ.170.

[3]იქვე, გვ.80.

[4] იქვე, გვ.170.

[5] იქვე, გვ.80.

[6]იქვე, გვ.171.

[7]იქვე, გვ.90.

[8] იქვე, გვ.181.

[9] იქვე, გვ.199.

[10] იქვე, გვ.224.

[11] იქვე, გვ.225.

[12] იქვე, გვ.249.

[13] იქვე, გვ.249.

[14] იქვე, გვ.150.

© არილი

Facebook Comments Box