თარგმანი,  ინტერვიუ

საუბარი მილან კუნდერასთან – საიდუმლოების გარეშე ყველაფერი კვდება

ესაუბრა: ოლგა კარლაილი

1985 წლის ინტერვიუ The Time-ის არქივიდან.

სახეს პარიზის ბინდი უჩრდილავს, მხოლოდ მკვეთრი ცისფერი თვალები ჩანან. ფრანგულად ნელა საუბრობს, ძლიერი სლავური აქცენტით. „მხოლოდ ისეთ ლიტერატურულ ნაწარმოებს აქვს არსებობის მიზეზი, რომელიც ადამიანური ყოფის უცნობ ფრაგმენტებს მოიხელთებს. იყო მწერალი ნიშნავს, ჭეშმარიტების აღმოჩენას და არა მის ქადაგს.“

1980-იან წლებში ამჟამად 56 წლის მილან კუნდერამ იმავე გააკეთა მშობლიური ჩეხოსლოვაკიისთვის, რაც გაბრიელ გარსია მარკესმა – ლათინური ამერიკისთვის 1960-იან, ხოლო ალექსანდრე სოლჟენიცინმა – რუსეთისთვის 1970-იანებში – დასავლეთის ყურადღების ცენტრში აღმოსავლეთ ევროპა დააყენა. აღწერა ადამიანის მიმართება 2 კვირის წინ მოპოვებულ თავისუფლებასთან, ჭეშმარიტების ძიების გზაზე მისი მნიშვნელობა. ამ თემებით კრიტიკოსთა მოწონება, მათ შორის იერუსალიმის ლიტერატურული პრემია, დაიმსახურა.

კუნდერას უკანასკნელი რომანები: „სიცილი და დავიწყება“ (1980) და „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ (1984) ჩვენს დროში კულტურის სიკვდილს აღწერს . ალეგორიულად ბირთვული ომის საფრთხის წინაშე განადგურების შიშს მიემართება. თუმცა ამ თემებზე საუბრისას თავად კუნდერა მკაცრად კონფიდენციალურია – მითის არცერთ ავტორს სურს თავისი ჩანაფიქრის გამჟღავნება.

შესაძლოა ამიტომაც, ფილიპ როტს ბოლო ინტერვიუში უთხრა: „როცა პატარა ბიჭი ვიყავი და მოკლეტოტებიანი შარვალი მეცვა, ვოცნებობდი სასწაულმოქმედ მალამოზე, რომელიც უჩინარს გამხდიდა. შემდეგ გავიზარდე, წერა დავიწყე და წარმატებაზე ფიქრი ამეკვიატა. ახლა, როცა ზრდასრულობის ნატვრა ავიხდინე, ისევ ამ მალამოზე დავიწყე ოცნება“.

მილან კუნდერა და მისი ცოლი, ვერა,  მონპარნასის ერთ-ერთ წყნარ ქუჩაზე ცხოვრობენ. მათი პატარა ბინა პარიზის მტრედისფერ სახურავებს გადაჰყურებს. მისაღების კედლებზე თანამედროვე სიურრეალისტური ნამუშევრები კიდია – ზოგი ჩეხოსლოვაკიელ მხატვრებს ეკუთვნის, ზოგიც – თავად კუნდერას.

ვერას შავი თმა მოკლედ შეუჭრია და მოხდენილი ლურჯი ჯინსი აცვია. ღვინო და კივი მოგვართვა. საუბარში აღმოვაჩინე, რომ ჩემს მასპინძელს პარიზული ცხოვრების თავშესაქცევი მხარე ხიბლავს – მარტივი შოპინგი, ქუჩის კუთხეებში ეგზოტიკური ხილის მაღაზიები და ხელოვნების გამოფენები. ინტერვიუს მსვლელობისას ძირითადად სატელეფონო ზარებისთვის უწევდა ეპასუხა – კუნდერას პოპულარობის თანმდევ რეჟისორებისგან წამოსულ თხოვნებს ის უმკლავდება.

ცისფერ სვიტრში გამოწყობილი მაღალი და გამხდარი კუნდერა სავარძელში კომფორტულად მოკალათდა და სასაუბროდ ლაღ განწყობას შექმნა. მისი კითხვებით გამხნევებული, ცოტას ჩემს წარსულზე ვუყვები. პრაღით ჩემი გატაცება რუსი ემიგრანტი პოეტის, მარინა ცვეტაევას, ვიზიტებით დაიწყო – საღამოობით გვეწვეოდა და თავის შემოქმედებას გვიზიარებდა. ერთი ლექსი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, მდინარე ვლტავას ხიდზე მდგარი რაინდის ქანდაკებისთვის მიეძღვნა, რომელიც პრაღის ქუჩებს გამუდმებით ადევნებს თვალს: ფერმკრთალი რაინდი, მცველი მდინარის, გავლილი წლების, დამსხვრეული ბეჭდებისა და დარღვეული ხელშეკრულებების მოწმე.

1968 წელს კუნდერა „პრაღის გაზაფხულში“ მონაწილეობდა. მისი პირველი რომანი „ხუმრობა“ კომუნიზმში ცხოვრებისას სულის ეროზიას აღწერდა. პარიზული გამომცემლობისთვის (Editions Gallimard) მიწოდებულმა ხელნაწერმა მალე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ხოლო როცა სოციალიზმის გაკეთილშობილების იმედი, საბჭოთა ტანკებმა გათელეს, კუნდერამ პრაღის უმაღლესი კინემატოგრაფიული კვლევების ინსტიტუტში პროფესორის თანამდებობა დაკარგა და მისი წიგნებიც აიკრძალა. საბოლოოდ კი  მოუწია სამშობლო დაეტოვებინა.

უკვე თითქმის 10 წელია საფრანგეთში ცხოვრობთ. საკუთარ იდენტობას როგორ განსაზღვრავთ – ემიგრანტი ხართ, ფრანგი, ჩეხი თუ უბრალოდ ევროპელი კონკრეტული ეროვნების გარეშე?

1930-იან წლებში, როცა გერმანელმა ინტელიგენციამ  სამშობლო დატოვა, სჯეროდა, რომ ერთ დღეს უკან დაბრუნდებოდა. ამერიკა იყო დროებითი თავშესაფარი. აი, მე კი დაბრუნების იმედი აღარ მაქვს. ვფიქრობ ბოლომდე საფრანგეთში დავრჩები, ამიტომ ემიგრანტადაც არ მივიჩნევ თავს. ახლა ჩემი სამშობლო საფრანგეთია.

არც ის მგონია, რომ ფესვებთან კავშირი დავკარგე. ათასი წელი ჩეხოსლოვაკია ნაწილი იყო დასავლეთისა. დღეს კი აღმოსავლეთის იმპერიაშია. პრაღაში უფრო ამოძირკვულად ვიგრძნობდი თავს, ვიდრე პარიზში.

მაგრამ მაინც ჩეხურად წერთ?

ნარკვევებს ფრანგულად ვწერ, რომანებს კი – ჩეხურად, რადგან ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ფანტაზიის საფუძველი პრაღაშია.

დასავლეთის ფართო საზოგადოებას ჩეხოსლოვაკია თქვენამდე მილოშ ფორმანმა გააცნო ფილით ”მეხანძრეთა ბურთი”.

ნამდვილად, ის პრაღის სულის ხორცშესხმაა – ის და სხვა ჩეხი კინორეჟისორები, ივან პასერი და იან ნემეკი. პარიზში მილოში ყველას აოგნებს – რანაირად შეიძლება, ცნობილი კინორეჟისორი იყოს სნობიზმისგან ასე დაცლილი? პარიზში ხომ გამყიდველმა გოგონებმაც კი არ იციან რა არის ბუნებრივი ქცევა. ფორმანის უბრალოებაც პროვოკაცია ჰგონიათ.

პრაღიზ სულს როგორ განმარტავთ?

კაფკას “ციხე-სიმაგრე” და იაროსლავ ჰაშეკის “კარგი ჯარისკაცი შვეიკი” ამ სულითაა სავსე: რეალობის ექსტრაორდინარული აღქმა, უბრალო კაცის თვალსაწიერი, ქვევიდან დანახული ისტორია, უბრალოება, აბსურდის გენიალურობა და უსაზღვრო პესიმიზმით გაჯერებული იუმორი.

მაგალითად, ჩეხი ითხოვს ვიზას ემიგრირებისთვის და თანამდებობის პირი ეკითხება: “სად გსურთ წასვლა?” „მნიშვნელობა არ აქვს,“ – პასუხებს მამაკაცი. აძლევენ გლობუსს და ეუბნებიან – „ამოარჩიეთ“.

კაცი დახედავს, ნელა დაატრიალებს და ამბობს „სხვა გლობუსი არ გაქვთ?”

პრაღული ფესვების გარდა, კიდევ რამ იქონია თქვენზე გავლენა?

პირველ რიგში, ფრანგმა მწერლებმა – რაბლემ და დიდრომ. ჩემთვის ფრანსუა რაბლე ფრანგული ლიტერატურის ფუძემდებელი და ნამდვილი მეფეა. ხოლო დიდროს „ჟაკ ფატალისტიმა“ მისი სული მე-18 საუკუნეში გადმოიყვანა. დიდროს ფილოსოფოსობამ არ უნდა დაგაბნიოთ. ეს რომანი ფილოსოფიურ დისკურსამდე ვერ დაიყვანება. ირონიის პიესაა. ყველაზე თავისუფალი ტექსტი, რაც კი ოდესმე დაწერილა. წიგნად ქცეული თავისუფლება. ახლახან დავდგი სპექტაკლი მასზე დაყრდნობით.

სხვა?

ჩვენი საუკუნის ცენტრალური ევროპა. კაფკა, რობერტ მუზილი, ჰერმან ბროხი, ვიტოლდ გომბროვიჩი. ისინი ე. წ. „ლირიკულ ილუზიებს“ არ ენდობიან, არც წარმოსახული პროგრესისა და არც კიჩური იმედის სჯერათ. ვიზიარებ დასავლეთის მზის ჩასვენებით გამოწვეულ მათ მწუხარებას. ეს არა სენტიმენტალური, არამედ ირონიული დარდია.,

მესამე გავლენა კი თანამედროვე ჩეხური პოეზიაა, ფანტაზიის დიდი სკოლა.

იაროსლავ სეიფერტი ამ თანამედროვე პოეტთა შორისაა? თქვენი აზრით, 1984 წელს ნობელის პრემიას იმსახურებდა?

ნამდვილად. პირველად 1968 წელს წარადგინეს, მაგრამ ჟიურიმ სიფრთხილე გამოიჩინა – არ სურდათ, მისთვის მიცემული პრემია ახლახან ოკუპირებული ქვეყნისადმი თანაგრძნობის ჟესტად აღექვათ.

ჯილდომ ძალიან დაიგვიანა. დამცირებული ჩეხი ხალხისთვის და თავისი დიდების ეპოქიდან გამოსული ჩეხური პოეზიისთვის ზედმეტად დააგვიანდათ. სეიფერტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელიც ახლა 83 წლისაა. ამბობენ, როცა შვედეთის ელჩი ამ საპატიო ამბის სათქმელად საავადმყოფოში ეწვია, სეიფერტი დიდხანს უყურებდა, ბოლოს კი დარდიანად თქვა – „რა ვუყო ამდენ ფულს ახლა?“

რუსულ ლიტერატურაზე რას იტყვით?  1968 წლის შემდეგ მასზე გული აგიცრუვდათ?

ტოლსტოი ძალიან მომწონს. დოსტოევსკიზე გაცილებით თანამედროვეა. ალბათ, პირველი იყო, ვინც ადამიანურ ქცევაში ირაციონალურობის როლი გაითავისა.

ანა კარენინას სიკვდილის სცენა გადაიკითხეთ. თავს რატომ იკლავს? ამის სურვილი როგორ უჩნდება? ამ ირაციონალური და გაუგებარი მიზეზების აღსაბეჭდად, ტოლსტოი აღწერს ანას ცნობიერის ნაკადს. ეტლშია და ქუჩის სცენები დაქუცმაცებულ აზრებში ერევა. შინაგანი მონოლოგის პირველი მცდელობა ჯოისს კი არა, ტოლსტოის ეკუთვნის. ამაზე იშვიათად ლაპარაკობენ, რაც, ალბათ, ტოლსტოის ცუდი თარგმანების ბრალია. ერთხელ ფრანგულად წავიკითხე ეს მონაკვეთი. გავოგნდი. ორიგინალი ტექსტის ალოგიკურობა გაურაციონალურებიათ. წარმოიდგინეთ „ულისეს“ ბოლო თავი, მოლი ბუმის მონოლოგი, რომ დაარედაქტირონ, პუნქტუაცია გაუსწორონ.

მთარგმნელები გვღალატობენ. ვერ ბედავენ უჩვეულოდ წერას. ეშინიათ, რომ დააბრალებენ, საქმე ცუდად შეგისრულებიაო. საკუთარი თავის დასაცავად გვაუბრალოებენ. წარმოდგენაც არ გაქვთ, ჩემი წიგნების თარგმანების გასწორებაზე რამდენი დრო და ენერგია დამიხარჯია.

რომანში „სიცილი და დავიწყება“ მამათქვენზე დიდი სიყვარულით საუბრობთ.

მამა პიანისტი იყო. თანამედროვე მუსიკა უყვარდა – სტრავინსკი, ბარტოკი, შენბერგი, იანაჩეკი. ლეოშ იანჩეკისთვის აღიარების მოსაპოვებლად ბევრი იბრძოლა. იანაჩეკი შეუდარებელია, მისი კლასიფიცირება შეუძლებელია. დოსტოევსკის რომანზე დაფუძნებული მისი ოპერა „მკვდარი სახლიდან“ ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი, წინასწარმეტყველური ნაწარმოებია ისევე, როგორც კაფკას „პროცესი“ ან პიკასოს „გერნიკა”.

ამ რთულ მუსიკას მამაჩემი თითქმის ცარიელ საკონცერტო დარბაზებში ასრულებდა. როგორც პატარა ბიჭს, მძულდა საზოგადოება, რომელიც სტრავინსკის მოსმენაზე უარს ამბობდა  და ჩაიკოვსკის ან მოცარტს ტაშს უკრავდა. თანამედროვე ხელოვნებით გატაცება მეც გამომყვა –  მამაჩემისადმი ერთგვარი ერთგულების ჟესტია. მაგრამ მისი მუსიკალური კარიერის გაგრძელებაზე უარი ვთქვი.

როცა მეუღლესთან ერთად ჩეხოსლოვაკია დავტოვე, მხოლოდ რამდენიმე წიგნი წამოვიღე. მათ შორის ჯონ აპდაიკის ”კენტავრი”,  რომელიც, დამცირებული და დამარცხებული მამის მტანჯველი სიყვარულის პასაჟით, რაღაცას ღრმად შეეხო ჩემში.

წიგნში მამის ხსოვნას უკავშირებთ ზღაპარს თამინაზე, რომელიც ცხოვრობს მხოლოდ ბავშვებით დასახლებულ კუნძულზე.

ეს ზღაპარი ჩემი სიზმარია, რომლითაც შეპყრობილი ვარ. წარმოიდგინეთ, გაიძულონ დარჩენილი დღეების ბავშვებთან გატარება ისე, რომ არ შეგეძლოთ ზრდასრულთან გამოლაპარაკებაც კი. ხომ კოშმარია. საიდან გამოჩნდა ეს ხატი? არ ვიცი. არ მიყვარს ჩემი სიზმრების ანალიზი, მათი ზღაპრებად ქცევა მირჩევნია.

თქვენს წიგნებში ბავშვებს უცნაურ ადგილი უკავიათ. „ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში“ ძროხას აწვალებენ და უცებ ტერეზა ტომასს ეუბნება „მადლიერი ვარ, ბავშვების ყოლა რომ არ ისურვე.“ ამის საპირისპიროდ, თქვენს წიგნებში ცხოველებს დიდი სინაზით ეპყრობით. ბოლო რომანში ღორი საყვარელ პერსონაჟად იქცევა. ცხოველების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ცოტა კიჩი ხომ არაა?

არა მგონია. კიჩი სურვილია, მკითხველს ნებისმიერ ფასად ასიამოვნო. ცხოველების მიმართ სინაზე და ბავშვებისადმი სკეპტიკურობა კი საზოგადოებას დიდად გულზე არ ეხატება. ბავშვებს არაფერს ვერჩი. მაგრამ მაღიზიანებს ბავშვობის კიჩი.

აქ, საფრანგეთში, წინასაარჩევნოდ ყველა პოლიტიკურ პარტიის პლაკატებზე უკეთესი მომავლის დაპირების სლოგანის ქვეშ ბავშვები იღიმოდნენ, დარბოდნენ და თამაშობდნენ.

არადა, ადამიანის მომავალი სიბერეა, ბავშვობა კი არა. საზოგადოების ნამდვილი ჰუმანიზმი სიბერისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება. მაგრამ თითოეული ჩვენგანის ერთადერთ მომავალს პროპაგანდისტულ პლაკატებზე არავინ დაიტანს. არც მემარჯვენე და არც მემარცხენე.

როგორც ჩანს, მემარჯვენეთა და მემარცხენეთა კამათი დიდად არ აღგაფრთოვანებთ.

საფრთხე, რომელიც გვემუქრება, ტოტალიტარიზმია. ხომეინი, მაო, სტალინი – მარცხნივ დგანან თუ მარჯვნივ?

მორწმუნე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ სტალინის ტერორის დროს ჩეხი კათოლიკეების დევნის შემდეგ, მათ მიმართ ღრმა სოლიდარობა ვიგრძენი. ჩვენს მსოფლმხედველობებს შორის სხვაობა მეორეხარისხოვანი გახდა. სოციალისტს და მღვდელს ერთად კლავდნენ.

ამიტომაც მემარცხენე და მემარჯვენეების ჯიუტი ბრძოლა პროვინციულად მეჩვენება. მეზიზღება პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, თუმცა, როგორც შოუ ძალიან მხიბლავს: ტრაგიკული, სასიკვდილო წარმოდგენა აღმოსავლეთის იმპერიაში; ინტელექტუალურად სტერილური, მაგრამ სახალისო – დასავლეთში.

ზოგჯერ ამბობენ, რომ პარადოქსულად, ჩაგვრა ხელოვნებასა და ლიტერატურას მეტ სერიოზულობასა და სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს.

მოდი, რომანტიკოსობას შევეშვათ. როცა ჩაგვრა უწყვეტია, მთელი კულტურა ნადგურდება. კულტურას საჯარო ცხოვრება ასაზრდოებს, იდეათა თავისუფალი გაცვლა, გამოფენები, დებატები, გახსნილი საზღვრები.  თუმცა,  რთულ დროში ცოტა ხანს გაძლება ნამდვილად შეუძლია.

1968 წელს რუსეთის შემოსევის შემდეგ, თითქმის მთელი ჩეხური ლიტერატურა აიკრძალა და მხოლოდ ხელნაწერებით ვრცელდებოდა. განადგურდა ღია საზოგადოებრივი კულტურული ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ბრწყინვალეა 1970-იანი წლების ჩეხური ლიტერატურა. სწორედ მაშინ, არსებობის ყველაზე სახიფათო პერიოდში, თავისი საერთაშორისო რეპუტაცია მოიპოვა. მაგრამ მიწისქვეშ რამდენი ხანს გაძლებს, არავინ იცის. ევროპას ეს არასდროს გამოუცდია.

როდესაც საქმე ეროვნულ უბედურებას ეხება, არ უნდა დავივიწყოთ დროითი განზომილება. ფაშისტურ, დიქტატორულ სახელმწიფოში ყველამ იცის, რომ ერთ დღეს სისტემა განადგურდება. ყველა სინათლეს ელის გვირაბის ბოლოს. მაგრამ აღმოსავლეთის იმპერიას ბოლო არ უჩანს, ყოველ შემთხვევაში ერთი ადამიანის პერსპექტივიდან. ამიტომაც არ მომწონს, როცა პოლონეთს ადარებენ, ვთქვათ, ჩილეს. დიახ, წამება და ტანჯვა იგივეა. მაგრამ გვირაბები სხვადასხვა სიგრძისაა, რაც ყველაფერს ცვლის.

პოლიტიკური ზეწოლა კიდევ ერთ საფრთხეს ქმნის, რომელიც, განსაკუთრებით ლიტერატურისთვის, ცენზურასა და პოლიციაზე უარესია. მორალურობის წნეხს ვგულისხმობ. ჩაგვრა ძალიან მკაფიო საზღვარს ქმნის სიკეთესა და ბოროტებას შორის და მწერალი ადვილად ემორჩილება ქადაგად ქცევის ცდუნებას. ადამიანური თვალსაზრისით, ეს შეიძლება საკმაოდ მიმზიდველი იყოს, მაგრამ ლიტერატურისთვის სასიკვდილოა.

ჰერმან ბროხმა, ავსტრიელმა რომანისტმა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თქვა: “მწერლის ერთადერთი მორალი ცოდნაა”. მხოლოდ ისეთ ლიტერატურულ ნაწარმოებს აქვს არსებობის მიზეზი, რომელიც ადამიანური ყოფის უცნობ ფრაგმენტებს მოიხელთებს. იყო მწერალი ნიშნავს, ჭეშმარიტების აღმოჩენას და არა მის ქადაგს.

მაგრამ განა არ არის შესაძლებელი, რომ ჩაგრულმა საზოგადოებამ „არსებობის უცნობი ფრაგმენტის“ აღმოჩენის უფრო მეტი შესაძლებლობა შესთავაზონ მწერალს, ვიდრე სოციუმმა, რომელიც მშვიდობიან ცხოვრებას ეწევა?

შეიძლება. ცენტრალურ ევროპის მაგალითზე ჩანს, რომ ისტორია საოცარი ლაბორატორიაა! 60 წლის განმავლობაში გამოვცადეთ იმპერიის დაცემა, პატარა ერების აღორძინება, დემოკრატია, ფაშიზმი, გერმანიის ოკუპაციის ხოცვა-ჟლეტა, რუსეთის ოკუპაცია, სოციალიზმის იმედი, სტალინური ტერორი, ემიგრაციები… ყოველთვის მაოცებს, ჩემს გარშემო ხალხი თავიანთ ყოფას ამ სიტუაციას რომ ადარებს.

ადამიანი იდუმალებამ მოიცვა. კითხვად იქცა. რომანის დაწერის ვნებას სწორედ ეს აჩენს. მიუწვდომელი ღირებულებებისადმი ჩემს სკეპტიციზმს კი ცენტრალურ ევროპული წარმომავლობა ასაზრდოებს.

მაგალითად, ახალგაზრდობას ჩვეულებრივ მოიხსენიებენ არა როგორც ფაზას, არამედ როგორც ღირებულებას. სიტყვით გამოსვლებში პოლიტიკოსები ამას ყოველთვის სულელური ღიმილით ამბობენ. მაგრამ ეს წლები მე ტერორში გავატარე, რომელსაც სწორედ გამოუცდელი ახალგაზრდები ასაზრდოებდნენ.

კიდევ ერთი მიუწვდომელი ღირებულება პოეზიაა. შოკში ჩავვარდი, როდესაც 1950 წელს დიდმა ფრანგმა კომუნისტმა პოეტმა პოლ ელუარმა საჯაროდ მიემხრო თავისი მეგობრის, პრაღელი მწერლის, ზავის კალანდრას ჩამოხრჩობას. ბრეჟნევი ავღანელების დასახოცად ტანკებს რომ აგზავნის, საშინელებაა, მაგრამ, ასე ვთქვათ, ნორმალურია, მოსალოდნელია. მაგრამ როდესაც დიდი პოეტი სიკვდილით დასჯას ასხამს ხოტბას, ეს არის დარტყმა, რომელიც ამსხვრევს სამყაროს შესახებ ჩვენს წარმოდგენას.

გამოცდილებით მდიდარი ცხოვრება თქვენს რომანებს ავტობიოგრაფიებად ხომ არ აქცევს?

ჩემი პერსონაჟები არც ავტოპორტრეტია და არც რომელიმე ცოცხალი ადამიანის პორტრეტი. არ მიყვარს შენიღბული ავტობიოგრაფიები. მძულს ასეთი მწერლების მოურიდებლობა.

სხვისი ინტიმურ ცხოვრების მამხილებელნი, მათრახს იმსახურებენ. ჩვენს ეპოქაში პირადი ცხოვრება ნადგურდება. კომუნისტურ ქვეყნებში ამაზე პოლიციელები, ხოლო დემოკრატიულში – ჟურნალისტები ზრუნავენ. ნელ-ნელა თავად ადამიანებსაც ეკარგებათ პირადის აღქმა.

ცხოვრება, რომელიც სხვის თვალს ვერ დაემალება – ჯოჯოხეთია. ვინც ტოტალიტარულ ქვეყნებში ცხოვრობს, ეს კარგად იცის, მაგრამ ამგვარი სისტემა მხოლოდ გამადიდებელი შუშის მსგავსად ავლენს მთელი თანამედროვე საზოგადოების ტენდენციას – ბუნების განადგურება; აზროვნების და ხელოვნების დაქვეითება; ბიუროკრატიზაცია, დეპერსონალიზაცია; პატივისცემის ნაკლებობა პირადი ცხოვრებამდე. საიდუმლოების გარეშე ყველაფერი კვდება – როგორც სიყვარული, ისე მეგობრობა.

© არილი

Facebook Comments Box