ახალი წიგნები,  რეცენზია (თარგმანი)

სტალინი ლონდონში – სტივენ მეის “მოგვყიდე თოკი”

ავტორი: კლერ კლარკი

1907 წლის მაისში, ბრიტანული ტაბლოიდების სასიხარულოდ,  აღმოსავლეთ ლონდონში რუსეთის სოციალ-დემოკრატთა მუშათა პარტიის ყრილობა გაიმართა. დელეგატებს შორის იყვნენ ლენინი, ტროცკი, ლიტვინოვი, როზა ლუქსემბურგი, მწერალი მაქსიმ გორკი, რუსეთის საიდუმლო პოლიციის სულ მცირე ორი ჯაშუში და ქართველი მეწაღის 29 წლის ვაჟი, რობინ ჰუდის ქართველი ანალოგის, ხალხური გმირის დარად, კობად წოდებული რევოლუციონერი, რომელიც ისტორიაში შევიდა სტალინის სახელით. ლონდონში დაახლოებით სამი კვირა გაატარა – ჯერ პირქუშ თაუერ ჰაუსში დაბინავდა, შემდეგ კი, დაჟინებული მოთხოვნით, ნაკლებად მრუმე კერძო საცხოვრისში გადასახლდა.

სტივენ მეის რომანში “მოგვყიდე თოკი”, ისტორიული ფაქტებისა და გამონაგონის სინთეზით, ეპოქის შავბნელი თუმცა კომიკური პოლიტიკური ინტრიგების ფონზე ყველაზე საზარელი დიქტატორის პორტრეტი მჟღავნდება.

ვინაა კაცი, რომელიც მონსტრად იქცა? უკომპრომისო, საეჭვოდ მომხიბვლელი, დაბალი, ჯმუხი, ბავშვობის ტრავმის ნიადაგზე ნდობის დეფიციტითა და ძალადობისკენ მიდრეკილებით. თანამგზავრები ზიზღს ჰგვრიან   ზედმეტად პრივილეგიურებით. ხოლო მათზე მეტად სძულს თავად ინგლისი – აქაც უცხოა, როგორც რუსეთში.

პირველივე დღეს ქართული დელეგაცია ტოვებს ყრილობას და  მჟღავნდება – თურმე არ ყოფილა ყველა კომუნისტი თანასწორი.

კობამ ეს უკვე იცოდა. იმასაც კარგად ხვდებოდა, როგორ გამოეყენებინა დუმილი იარაღად. ისმენდა. ყველაფერს ამჩნევდა. “წლები ლექსი არ დაეწერა, მაგრამ მაინც ცდილობდა პოეტური მზერის შენარჩუნებას”. სისუსტეთა ამოცნობის დიდოსტატი რევოლუციის დაუნდობელ ჭადრაკს უბადლოდ თამაშობდა. თუმცა ჯერ ბოლომდე არ ქცეულიყო მონსტრად – მომხიბვლელი ელი ვუოკოსთვის გაციებული ფოლადის მიღმა მცირედი სითბო მაინც აღმოაჩნდა. „ცოცხლები მოდიან და მიდიან, მაგრამ მკვდრები არასოდეს გტოვებენ,” – ეუბნება ქალს, “თითოეული შენი მსხვერპლის მოჩვენება მკლავებზე გებღაუჭება და არ გაძლეს მისი დავიწყების უფლებას.” წიგნში ნელ-ნელა იმატებს ფურცლის მინდვრებიდან შემოჭრილ სულთა რაოდენობა – ასი ათასობით, მილიონობით. მარგინალიებზე ცხედრებს შემოურტყამთ შავი მელნისთვის ალყა.

რომანის არაერთი სცენა მხოლოდ და მხოლოდ ავტორის წარმოსახვაა. მეი ლორან ბინეს სიტყვებს მიჰყვება, რომ “არაფერს არ უნდა სცემდეს პატივს მხატვრული ლიტერატურა”, მით უფრო დეტალებს სისხლისმსმელი დიქტატორის ბიოგრაფიიდან. ამიტომაც, მის წიგნში კობას და ელის აკავშირებთ სასიყვარულო ურთიერთობა , რომელიც, თავის მხრივ, წარომაჩენს კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგობრივ ბუნებას – ზნეობრივ მოძღვრებათა ძალადობრივ ხორცშესხმას. “თავისუფლება მხოლოდ სისხლისგან წარმოქმნილ ერებს ერგებათ.”

ხანდახან ავტორი უხეშადაც ცვლის ისტორიულ ფაქტებს – კობას მამა ციროზით კი არა, შვილის ხელით კვდება და შემდეგ მისი მოჩვენება ვაჟს ცხადსა თუ სიზმარში აღარ ეშვება. შესაძლოა, მკითხველთა ნაწილს არ ესიამოვნოს ფაქტთა ამგვარი ჭრა-კერვა, თუმცა მწერალმა მეუღლის საფლავში ჩამხტარ სოსელოს ამით ჰამლეტის როლის მორგების სიამოვნება კიდევ ერთხე უბოძა.

წიგნი გამოიცა ამ წლის 24 მარტს.

© არილი

Facebook Comments Box