ინტერვიუ

საუბრები ლიტერატურაზე – დიანა ანფიმიადი

თეონა დოლენჯაშვილი
პოეტური ენა ცოტათი მაკდონალდსის ჰამბურგერებს დაემსგავსა

– ერთგან წერდი იმაზე თუ როგორია შენი ენობრივი დღის განრიგი, რომ ენობრივი მოვლენები, ადამიანთა ფსიქოსოციალური ქცევა და ლიტერატურული პროცესები პარალელურად ვითარდება. როგორია შენი აზრით დღეს ეს მოვლენები და პროცესები? – ობიექტური მოვლენების შეფასებისასაც ძალიან სუბიექტური ვარ ხოლმე, უნდა ვაღიარო, ამიტომ დაახლოებით ასე გამოიყურება ჩემთვის ყველაფერი, ქაოტური, სპონტანური, ამორფული და ხშირად არალოგიკურიც კი :
“ვთქვი ” გამარჯობა”
საყელური მოვარგე ყელზე,
ჯაჭვი შევაბი,
მწევარივით სუნზე დავგეშე.
დავიცდი,
ამ ჩემს ” გამარჯობას” ვინმეს მივუქსევ,
რომ გაიმეტოს გალოკილი ძვალივით სიტყვა –
” გაგიმარჯოს”.
რადგან სიტყვები მრავლდებიან როგორც ბოცვრები.
ყველა ბაგიდან
ბუნაგიდან
ყველა სოროდან
ბრმა და სლიპინა სიტყვა მოძვრება:
– რას შვრები
– კარგად
– როგორ ხარ
– არაფერს.
დღეს მისალმება კეთრზე უფრო გადამდებია
და ამ ფორმულებს
წვეთოვანს და ვირუს – ბაცილებს
შენი ყველაზე საყვარელი მაისურიდან
ვერანაირი სუპერფხვნილი ვეღარ აცილებს.
ვთქვი ” გამარჯობა”
“გამარჯობა” ქალაქში დაძრწის
რომ გამარჯობა სახადივით ყველას გადასდოს,
კბილები ენას გვისერავენ –
რადგან ყოველთვის ” ისე რა” ვართ.
“კარგად” – არასდროს.

– ყველაზე პუბლიცისტური ლექსია, რაც დამიწერია, დიდად არ მომწონს, როგორც ის გარემო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ – ამ ლექსივით მეტისმეტად პუბლიცისტური।
– რაც შეეხება პოეტურ რიტუალებს, გაქვს რამე მსგავსი? როგორ იწერება შენი ლექსები. რა გიყვარს ყველაზე მეტად ამ პროცესის დროს? რა უფრო გემრიელია შენს პოეტურ სამზარეულოში – მზადება თუ დაგემოვნება?
– რიტუალები ყველაფერში მაქვს, პოეზიის გარდა. დილის, ჩაის, მეგობრების, კითხვის, კერძის, ქმრის, სარკის, და რა ვიცი, ათასი რიტუალი. ლექსი კი ძალიან ჩვეულებრივად, ხშირად შემთხვევით, სრულიად ბანალურ ან თუნდაც რუტინულ გარემოში იწერება, ოღონდ ერთი ესაა, რომ რაღაცნაირად ლექსები თვითონ ირჩევენ, როდემდე მაწვალონ და არ დამთავრდნენ, შეიძლება ერთ დღეს ეწვალო , ეწვალო და ვერ დასვა წერტილი, მეორე დღეს კიდევ თავისით დამთავრდეს. ადრე ლექსის დაწყება მიჭირდა, ახლა დამთავრებას ვერ ვახერხებ, რომ ვფიქრობ, რისი ბრალია, ალბათ, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპმა – ოჯახის, შვილის, სიყვარულის პერიოდმა – უფრო სპონტანური და დაუმთავრებელი გამხადა.
მთავარი რიტუალი სიტყვების შერჩევაა, მერე დაწერილს ვკითხულობ, აუდიოვერსიას ვაკეთებ და ვისმენ ხოლმე, ლაფსუსებს ასე უფრო ვიჭერ. ძალიან მნიშვნელოვანია ბგერების მუსიკა ჩემთვის, ზოგჯერ შემთხვევითი მუსიკა. ხშირად ვამბობ ხოლმე, ზოგიერთი ორი სიტყვა ერთად – უკვე პოეზიაა, ზოგიერთ ორს კიდევ ერთმანეთის გვერდით ვერაფრით დააყენებ, მაგნიტის პლიუს და მინუს მხარის მსგავსად, ზუსტად ეს არის მაგია, სიტყვების ურთიერთკავშირების მაგია.
– რადგან სამზარეულოზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია შენი საოცრად პოეტური კულინარულ წერილები არ გავიხსენო. რა საერთო აქვს ლექსის წერის და კერძის მზადების პროცესს? შეგიძლია ერთი რომელიმე ლექსის და კერძის რეცეპტი დაგვიწერო?
– საერთო ბევრი აქვს: თუ გემრიელი საჭმელი არ გაგისინჯავს, ვერასდროს მოამზადებ გემრიელად, თუ კარგი მკითხველი არ ხარ, მნიშვნელოვანს ვერაფერს დაწერ, თუ მოცემულ რეცეპტს ზუსტად მიჰყევი, ვერაფერს ახალს და შენებურს ვერ მოამზადებ, პოეზიაშიც ასეა – წესები უნდა დაარღვიო. სანელებლების და სიტყვების თვალის ზომით ჩაყრას, კერძის და ლექსის გასინჯვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ ვალის მოსახდელად, ძალით და შთაგონების გარეშე მზარეულობ, საჭმელი მხოლოდ შიმშილის მოსაკლავი საშუალება იქნება, თუ გაბედულება გაკლია, თუ არ გარისკე – კულინარიული ექსპერიმენტი, ისევე როგორც პოეტური, ჩაგივარდება, როცა გიყვარს, კერძი გაცილებით გემრიელი გამოდის და კიდევ კულინარიას – გემრიელი ხელი სჭირდება, ინტუიცია, გემოების ზუსტი ცოდნა – ლექსსაც ეს უნდა, მეტი არაფერი. გურმანი უნდა იყო, ეს აუცილებელია.
რეცეპტი? აიღეთ რამდენიმე სახის ბოსტნეული, ფერადი, სურნელოვანი, გემრიელი – დააწყვეთ მაგიდაზე, დიდხანს უყურეთ და რაც თავში პირველად მოგივიდეთ, ის კერძი დაამზადეთ. ზუსტად ასევე დაწერეთ ლექსი. 🙂
– ასევე წერდი თანამედროვე ენის ეკონომიურობასა და ეგრეთ წოდებულ “სიცილაკთა” სემოიტიკაზე. რა მოსდის დღეს პოეტურ ენას? პოეტს? ისიც ამ ვირტუალურ და გამარტივებულ ენობრივ წესებს უნდა დაემორჩილოს?
– პირადად მე, სიტყვებზე, მუსიკაზე, ფერებზე, სანელებლებზე, შაქარსა და მარილზე ეკონომიას ვერასდროს გავაკეთებ, ამას მირჩევნია ელექტროენერგია ჩამიჭრან და ინტერნეტი გამითიშონ, მართლა . ვერბალურად – შემიძლია სულ ამოვიკერო პირი, ისეთი სიტყვაძუნწი გავხდე, წერის დროს – ვერაფრით, ვერანაირად, ვერავითარ შემთხვევაში. ამიტომ ყველა პოეტს თავისი არჩევანი აქვს, ან დაემორჩილოს მოცემულ ენობრივ წესებს ან თვითონ დაადგინოს წესები, რომელსაც მერე თვითონ დაარღვევს და ასე უსასრულოდ. ამიტომ არის ლიტერატურა თამაში, ზოგჯერ უსარგებლო, მაგრამ საშინლად აზარტული.
პოეტური ენა ცოტათი მაკდონალდსის ჰამბურგერებს დაემსგავსა, რომელისგანაც ზუსტად იცი რას მოელი და რას მიიღებ. მე კიდევ არ მიყვარს ნახევარფაბრიკატები.
-“ენა ქიმიაა, საიდანაც შეგვიძლია მივიღოთ ადამიანებისთვის სასიცოცხლო, ან პირიქით მომაკვდინებელი ნივთიერებები”. თუკი არსებობს სასიცოცხლო და მომაკვდინებელი სიტყვები, არსებობს ასეთი პოეზიაც და ლიტერატურაც..
-არსებობს, ნამდვილად, მეტიც, როგორც ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ყველა ხეს და წყაროს თავისი ღმერთი ჰყავს, ასევე ყველანაირ ტექსტს, თავისი უნიკალური დანიშნულება აკისრია. მხოლოდ სიტყვათა კიარა, ბგერათკომპლექსებსაც შეუძლიათ ადამიანი მოკლან ან გააცოცხლონ, არამხოლოდ ადამიანი – ეტყვი ქათამს – აქშა – და გარბის, ეტყვი კატას – ბრის – და მაშინვე გაუჩინარდება, ტექსტებს აქვთ ასეთი საოცარი უნარი. ვერაფრით დავბრუნდები ზოგიერთ ლექსთან და ავტორთან, იქიდან ისე თავპირისმტვრევით და უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
– პირველი წიგნი “შოკოლადი” და მეორე – “კონსპექტური მითოლოგია” რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის?
-მსგავსება მხოლოდ ავტორია, ანუ ყდაზე დაწერილი ჩემი სახელი და გვარი, ისე კი , როგორც დაწერის პერიოდი, ისე სტილისტიკა, სრულიად განსხვავებული აქვს. “ შოკოლადი” პირველი წიგნია, ამიტომ იქ სრულიად ქაოტურად შეტანილია დაახლოებით 10 წლის მანძილზე დაწერილი სხვადასხვანაირი, სხვადასხვა პერიოდის , სხვადასხვა სტილისტიკის ლექსები, სადებიუტო წიგნია, როცა მაქსიმალურად გინდა საკუთარი თავი გააცნო მკითხველს, პირველი პაემანივითაა, როცა ძალიან გინდა თავი მოაწონო სრულიად უცნობ ადამიანს, მეორე წიგნი კიდევ სხვანაირია, უკვე რომ იცი ვისთან მიდიხარ და შესაბამისად იმოსები, ისე.
“ კონსპექტური მითოლოგია” კონცეპტუალური კრებულია, ცალ-ცალკე ლექსებისაგან შემდგარი ერთიანობა, ერთი ამბავი, ერთი სათქმელი – ჩემი პირადი მითოლოგია. ზუსტად ერთ წელში დაიწერა და კრებულში ლექსების მიმდევრობაც კი მნიშვნელოვანია წიგნის გაგებისათვის.
– შენი პოეტურ-მითოლოგიურ სივრცე ძალიან გახსნილი და თავისუფალია, მაგრამ მაგრამ ალბათ მნიშვნელოვაანია ეს ფესვებიც, საიდანაც გაჩნდა სრულიად ახალი სახეები – “ანტიგონე”, “არიადნე”, “დანაე”, “ევრიდიკე”. რომ არ არსებულიყო ბერძნული მითოლოგია, როგორი იქნებოდა დიანა ანფიმიადის პოეზია?
-ძალიან მოკლედ შემიძლია ვთქვა, ვერაფრით წარმომიდგენია როგორი იქნებოდა ან იქნებოდა კი? ალბათ უფრო არა. ისევე როგორც სხვა მშობლების შვილად ჩემი თავი ვერაფრით წარმოვიდგინე, რამდენჯერაც ვცადე.
– რა ხდება შენს ახალ ლექსებში? გრძელდება ამ გზაზე სიარული, ეს მიმართულება? შეგიძლია დაგვიწერო ლექსი ან პატარა ფრაგმენტი რომელიმე ახალი ლექსიდან..
-ადრე ბევრს ვწერდი და ცოტას ვცხოვრობდი, ახლა ბევრს ვცხოვრობ და ცოტას ვწერ, თანდათან ალბათ ამ ყველაფრის დაბალანსებასაც ვისწავლი। მეც ბევრს ველოდები ამ ეტაპისგან – უამრავი ახალი ემოცია და სათქმელი მაქვს, ხოდა ჩემი შვილის ჭამასა და ძილს და ძილსა და ჭამას შორის, ძალიან ვცდილობ ამ ყველაფრის დაწერაც მოვახერხო. მითოლოგია ზუსტად ვიცი რომ დასრულდა, იცი რა ეტაპი მაქვს? პოლითეიზმიდან მონოთეიზმისკენ გადასვლის, ხოდა ვნახოთ.
დედის ლოცვა
პირში წყალი რომ ჩავიგუბო
მუცელში წყალი ჩაგუბდება?
იქ ოქროს თევზი, ოქროს ფარფლებით იცურებს?
ვწყვეტ ხმას, რომელიც აღარა მაქვს
ვწყვეტ ლექსს, რომელსაც ვეღარ დავწერ
ვწყვეტ რძეს, რომელსაც მკვახე მკერდიდან ვიწურავ.

და ვფიქრობ შენზე, გამუდმებით ვზივარ და ვფიქრობ
მიზნისთვის ლუპის დამიზნება – თვალის მიბჯენა
აღმოსავლეთზე – მზე ამოდის, სხივი გადატყდა
ვისმენ რძის სუნს და რომ ვერ ვამბობ რძის სუნს, ვმუნჯდები.
და ვფიქრობ შენზე გამუდმებით ვზივარ და ვფიქრობ
ეს ჰგავს მარსზე წყლის აღმოჩენას. მთვარის კრატერებს
წარმოსახვითი შაქრით ვავსებ – იქნებ ჩემსავით
გიყვარს ფერადი კარამელი – ვარსკვლავთა მტვერი.
ლოდინი : როცა მზე რვა წუთით არის გვიანი
ჩრდილში მზის ლაქებს ნაყოფებად ლეღვის ხე ისხამს,
გამოსავალი – მზე ერთ დღეს თუ სიკვდილს ინებებს
ვიპოვნით სხვა მზეს – ათასობით ბეტელჰეიზეს.

და მაგნიტური ქარიშხლები, ათასნაირი
ტყე და ცეცხლი. მაინც გაივლი.
ის, რაც ნამდვილად საშიშია, წვრილმანებია:
პური თესლში თუ ჩაიკეტა,
კვირტში ყვავილი.
ცაზე ვარსკვლავი გაიშალა – ცისკრის აგავა –
და ჩვენი ეზოს ყვავილების ნათებას ერთვის,
ნუ მომეჩვევი, სახლი არ ვარ,
მხოლოდ ბაგა ვარ.
შენთვის.

პირში წყალი რომ ჩავიგუბო
მუცელში წყალი ჩაგუბდება?
იქ ოქროს თევზი, ოქროს ფარფლებით იცურებს?
ვწყვეტ ხმას, რომელიც აღარა მაქვს
ვწყვეტ ლექსს, რომელსაც ვეღარ დავწერ
ვწყვეტ რძეს, რომელსაც მკვახე მკერდიდან ვიწურავ.
© Weekend

Facebook Comments Box