ესე (თარგმანი)

სერ­გეი ავ­ე­რინ­ცე­ვი – ეპოქის სულისა და იუმორის შესახებ

averintsev 2435

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

ვინც ვენაში ყოფილა, ეხსომება, რომ ძველი ქალაქის აღმოსავლეთ მხარეს, ძველ საუნივერსიტეტო რაიონში, იეზუიტთა ტაძრის სიახლოვეს ერთი ბაროკოს ხანის შენობა დგას. იგი XVIII საუკუნეში მოუხატავთ, ფრესკებზე ღრუბლებზე შემომსხდარი, მზის სხივებში გახვეული მეცნიერებისა და სიქველეების ალეგორიული ფიგურებია გამოხატული. ოდესღაც აქ უნივერსიტეტის რეზიდენცია იყო, რომელმაც ფრანც იოზეფის დროს რინგზე გადაინაცვლა; ახლა კი იქ ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაა განთავსებული და სწორედ იქ გაიმართა 1995 წელს სამდღიანი საჯარო ლექციების ციკლი. პირველი დღე ფილოსოფიურ პრობლემებს ეხებოდა (ამ სიტყვის ძალზე ფართო გაგებით); მეორე – თეოლოგიურ თემებს; მესამე კი პოლიტიკურს. უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე წარმატებული მეორე, თეოლოგიური დღე მეჩვენა (ძირითადად ი.ბ.მეტცის მოხსენების წყალობით); მაგრამ თავად მე პირველ დღეს მომიწია ლექციის წაკითხვა.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე ორი მიზეზის გამო ვერ ვიტყოდი უარს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იდეა ვოლფგანგ კრაუსს ეკუთვნოდა, საოცრად კეთილ და გულთბილ ადამიანს, ვისაც მე უზარმაზარ პატივს ვცემ (კრაუსი ესეისტური პროზის რამდენიმე კრებულის ავტორი იყო და ვენის მწერალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა; სამწუხაროდ, იგი რამდენიმე წელია, რაც გარდაიცვალა) და მეორეც – საოცრად მიზიდავდა ბაროკალურ დარბაზში მოხსენების წაკითხვა.

როცა საუბარი დავამთავრე და მასთან დაკავშირებული მცირე დისკუსიაც დასრულდა, დარბაზში პროფესიონალი ფემინისტი შემოვიდა, მიკროფონთან მიიჭრა და განაცხადა: “მოხსენებას ვერ დავესწარი, იგი მე არ მაინტერესებს. მხოლოდ ერთი რამაა ჩემთვის მნიშვნელოვანი: პრეზიდიუმში მამაკაცი მეტია, ვიდრე ქალიო”. მიკროფონში არა, მაგრამ საკმაოდ ხმამაღლა შევნიშნე: “ჩემი გამოსვლისთვის უკეთეს ილუსტრაციას ვერც ინატრებდა-მეთქი კაცი!” ისინი, ვინც წინა რიგებში ისხდნენ, გაიგონეს ნათქვამი და მე მგონი, გაეღიმათ კიდეც…

მოხსენება ჟურნალ “Conturen. Das Magazin zur Zeit“-ში გამოქვეყნდა (1997, N1, გვ.56-60).

 

ყველამ ვიცით, რომ არც მაგნიტი და არც დენის წყარო არ არსებობს ურთიერთშეფარდებულ პოლუსთა დაპირისპირების გარეშე. დადებითი პოლუსი მყისიერად ქრება, თუკი უარყოფითს მოვაცილებთ და პირიქით. მხოლოდ დაპირისპირებულობიდან, პოლარულობიდან, დაძაბულობიდან იშვება ენერგიათა თამაში. ოდესღაც ამას გვასწავლიდნენ ჰერაკლიტე და ლაო-ძი. ამასვე გვაუწყებენ სიბრძნის ისეთი ფორმულები, როგორიცაა, მაგალითად, polemos panton men pater esti (“ომი ყველაფრის მამაა” – ძვ.ბერძნ.) და ინ – იანი.

მე ნამდვილად არ ვაპირებ იუმორის ახალი – მეასე თუ მეათასე? – დეფინიცია შემოგთავაზოთ. ჩემი არგუმენტაცია ამფენომენის განსაზღვრებას კი არ ცდილობს (არადა, ესეცძალზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, როგორც “მოცინარი ცხოველისთვის” – animal riders), არამედ მის წანამძღვრებს უტრიალებს. ეს წანამძღვარი ისევე მართებულია, როგორც მაგნიტის ან დენის შემთხვევაში. არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს იუმორი ურთიერთშეფარდებულპოლუსთა დაპირისპირების გარეშე, კონსერვატულ ღირებულებასა და ამბოხს, წესრიგსა და გამონაკლისს, ნორმასა დაპრაგმატიკას, მემკვიდრეობით მიღებული ეთიკის სტაბილურ ტაბუსა და კონკრეტულ, ერთჯერად, რეალურ უფლებებს შორის არსებული კონტრასტის გარეშე; თანაც, აუცილებელია, რომ დაპირისპირება მწვავედ იგრძნობოდეს, ცრემლებამდეც მივყავდეთ, მაგრამ იგი ხომ გვაცინებს კიდეც -სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა იუმორი. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანი იმდენადაა მიდრეკილი იუმორისკენ,რამდენადაც შესწევს უნარი, დაიცვას აღთქმები და აკრძალვები.

შემთხვევითი არაა, რომ ადამიანური იუმორის საუკეთესო გამოვლინებას წარმოადგენს კლერიკალური ანეკდოტები. ფრანსუა რაბლეც ხომ სასულიერო პირი იყო; იგი ყველაზე კონსერვატული ტაბუების სიახლოვეს აცნობიერებდა თავის არსებას, ხშირად ყვინთავდა სიწმინდის მდორე ნაკადებში და ამიტომაც მისთვის განსაკუთრებულად სასიკეთო გახდა იუმორთან დამოკიდებულება. და სრულიადაც არაა შემთხვევითი, რომ კლერიკალური ანეკდოტების ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული ამა თუ იმ ერის, ან ადამიანთა ჯგუფის რეალურ დაინტერესებაზე რელიგიური მატერიებით. კათოლიკურ სამყაროში გამორჩეულად საინტერესოა, მაგალითად, ირლანდიელების ან პოლონელების ხუმრობები… (აი, ირლანდიელი ქალბატონი ეკლესიის კიბეებზე ჩამოდის აღსარებისა და ზიარების შემდეგ, მას უეცრად თავს დაესხმება ერთი კაპასი ქალი, ვთქვათ, მეზობელი ან ვინმე მოსარჩელე, და ქოქოლას აყრის ახლადნაზიარებ ქალბატონს. ის კი პასუხობს: “ცუდია, მადლცხებულს რომ წამასწარი, მაგრამ გახსოვდეს, ყოველთვის ამ მადლით ცხებული როდი ვიქნები!” ამ ანეკდოტის სუბსტანციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია კათოლიკური ტერმინი “მადლცხებული“).

ადოგმატურ ქრისტიანობას ძალუძს, ჭეშმარიტ ზნეობრივ სიმაღლეს ეზიაროს. ერთადერთი, რაც მას არ ეხერხება – იუმორია, თანაც მთელი თავისი არსებით უპირისპირდება მას. სიცილის, პარადოქსის, თამამი, მკრეხელობის ზღვარზე მოთამაშე აზრების საძიებლად დოგმის რომელიმე ძველმოდურდამცველებს უნდა მივაკითხოთ: ვთქვათ, აბრაჰამ ა სანკტაკლარას-ნაირ მქადაგებლებს ბაროკოს ეპოქიდან, ან უფრო აქეთ, ლეონ ბლუას, ჩესტერტონს. ყველაზე თავზეხელაღებული ხუმრობები მთელი რუსული კულტურის ისტორიაშივლადიმირ სოლოვიოვს ეკუთვნის – მისტიკოსს, ვიზიონერს,ასკეტს. მას მართლაც შეეძლო გადამდები, გულიანი სიცილი სწორედ იმიტომ, რომ აბსოლუტური სერიოზულობაც არიყო ამ ადამიანისთვის უცხო. გაბედულება რომ გაბედულებად დარჩეს და არა სიმულაციად, იუმორი განუწყვეტლივუნდა გრძნობდეს თავის მეზობლად ასევე ჭეშმარიტ, მკვეთრ,დაუნდობელ სერიოზულობას.

ეს რაც შეეხება კლერიკალურ გონებამახვილობას. შემდგომამისა, ებრაულ იუმორს შევეხები. ნუთუ ეს შესანიშნავი ფენომენი იარსებებდა ღვთის რჩეული ერის საკრალური იდეის გარეშე? აი, ციტატა “დოქტორ ფაუსტუსიდან“: “მე, როგორციცით, ებრაელი ვარ. ფიტელბერგი – არქიებრაული გვარია.ძველი აღთქმა სისხლში მაქვს გამჯდარი – და იგი არანაკლებსერიოზული რამეა, ვიდრე გერმანული არსი“, – ასე ლაპარაკობს თომას მანის ეს პერსონაჟი, ოღონდ “გერმანული არსის”ნაცვლად ჩვენ კონტექსტში რაღაც “კლერიკალური არსის”მაგვარი მინდა წარმოვიდგინო. ბიბლიურ პერსპექტივაშიებრაელები სწორედ წმინდა ხალხად აღიქმება; ამიტომაცსულაც არ მეჩვენება უაზრობად, რომ ჩვენს კლასიფიკაციაშიებრაული იუმორი კლერიკალურთან გავაერთიანოთ. ყველაზე მახვილი ის ხუმრობებია, რომლებიც ებრაელთა დაქრისტიანთა დაპირისპირებას ეძღვნება. ერთი მაგალითი:ებრაელი კათოლიკე მღვდელს ეხუმრება, აჯავრებს, სხვადასხვა უხერხულ კითხვას აყრის და ბოლოს ეუბნება – რომც გაიჭაჭოთ, პაპის წოდებას მაინც ვერ ასცდებით, ერთი ჩვენებური კაცი კი უკვე ღმერთი გახდა, მაშ!

ჭეშმარიტად მახვილი პოლიტიკური იუმორის არსი, პირდაპირ თუ ირიბად, ყოველთვის კონფორმიზმისა და პროტესტის დაპირისპირებას უკავშირდება. საკმარისად ხარისხიანი იუმორის დამკვიდრებისთვის ეს დაპირისპირება საკმარისზე მეტად დამაჯერებელი, ნამდვილი და სერიოზულიუნდა იყოს. ნებისმიერ ტოტალიტარულ საზოგადოებაშიმისი სერიოზულობა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მომაკვდინებელი სერიოზულობა იყო. ჩემს რუსეთში, როგორცსხვა სატელიტი სახელმწიფოების მთელ სივრცეზე, სტალინისა და შემდეგ ბრეჟნევის წყობამ პოლიტიკური ანეკდოტისარნახული აყვავება გამოიწვია. ვერ წარმოიდგინეთ, რა დიადი ხდება ეს ხელოვნება, როცა იგი ინდივიდს ერთადერთშანსს აძლევს გადარჩენისთვის, რათა არ გაიგუდოს ამ ჭაობში! რა თქმა უნდა, უნდა ვისურვოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს იუმორის აყვავების ამგვარი ფაქტები, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია, სწორედ დემოკრატიულ და “განვითარებულ” ქვეყნებში, როლების განაწილებას “ფილისტერსა”და “მეამბოხეს” შორის პირობითობად აქცევს, საეჭვოსა დამოჩვენებითს ხდის. ეს ვითარება თავის ერთ ლექსში რუსმა პოეტმა, ვიაჩესლავ ივანოვმა იწინასწარმეტყველა 1944 წელს:

…Теперь один запас понятий,

Один разменочный язык

Равняют всех в гражданстве братий;

Обличья заменил ярлык.

Бьют тем же шаром те же кегли

Бунтарь, епископ и король…

ნიჰილისტი აღარაა მეამბოხე, იგი ცინიკოსიც კი არაა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგანაც იგი აღარ იბრძვის “ყველას წინააღმდეგ”. მეამბოხეობის უმნიშვნელოვანესი მახასიათებლები, მაგალითად, 1968 წლის სორბონელი სტუდენტების იდეოლოგიის კომპონენტები, political correctness-ის პირობებში, დღეს გაბატონებულ trend-ად იქცა. ყველა სავალდებულო ტაბუს ახსნა, განსაკუთრებით სექსუალურ სფეროში, ვულგარული ფემინიზმი, რომელსაც de facto ცდილობს ქალში სწორედ შემოქმედებითი საწყისი ჩაახშოს და ანგრევს დედობისადმი პატივისცემის ტრადიციას, ყველა კულტურული იერარქიის დემონტაჟი და სახელგანთქმული ანტიელიტისტური პრინციპი “შენ არაფრით მჯობიხარ”, თავმომწონე უვიცობის გამარჯვება “პაიდეიაზე” – ყველაფერი ეს, ფლობერის ყაიდაზე რომ ვთქვათ, “ანბანურ ჭეშმარიტებათა” სფეროს ეკუთვნის, ისინი აქსიომებს წარმოადგენენ, რომელთაც ავტომატურად და ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ვიღებთ. თუმცა ტაბუს ახსნის ეპოქაში ჯერ კიდევ რჩება ერთი ტაბუ, ჩვენ გვეკრძალება ეჭვი შევიტანოთ ამ აქსიომათა ჭეშმარიტებაში. რა თქმა უნდა, ზემოთაღწერილი იდეოლოგიის დამცველები დღესაც ძველებურად იღებენ პათეტიკურ პოზებს და ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ისინი ჯერ კიდევ განწირულნი არიან მეამბოხეთა მძიმე უღელი ზიდონ. მაგრამ ამ წირპლიან ტონში გაბატონებული ტრენდის სერიოზულობა კი არ გამოსჭვივის, არამედ ის, რომ მას საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რა არის იუმორი. საბჭოთა წლებში ყველა ნაბიჯი, რომელიც სხვებისგან განგასხვავებდა, რეალურ რისკთან, რეალურ საშიშროებასთან იყო დაკავშირებული და სწორედ ამ გამოცდილებამ აგვიკრძალა ჩვენ თამაშები, სადაც წაშლილია ზღვარი ნამდვილ და ნაკეთებ სერიოზულობას შორის.

ახლა რაც შეეხება ეროტიულ ხუმრობებს, ამ უძველეს და ყველაზე უფრო ზოგადსაკაცობრიო სახეობას; უნდა ითქვას, რომ ეს ხუმრობები იმითაა განპირობებული, რომ სქესი ყოველთვის იყო მასტრუქტურირებელი ტაბუს პრივილეგირებული ობიექტი. XX საუკუნის რუსი მღვდელი და ფილოსოფოსი პაველ ფლორენსკი იმ აზრზე იდგა, რომ აკრძალვათა სიმკაცრე და მრავალფეროვნება არასდიდებით არ მიანიშნებს სქესის მდაბალ, რელიგიური თვალსაზრისით არასრულფასოვან ბუნებაზე, მაგრამ პირიქით, მის საკრალურ ღირსებას აღნიშნავს. ყველაფერი საკულტო ხომ მკაცრი ტაბუთია შემოსაზღვრული. ახლა ყველა ტაბუს უარყოფენ. ეროტიკული იუმორის კულტურისთვის კი ეს, უბრალოდ, კატასტროფა იქნებოდა. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელმა სექსუალურმა რევოლუციამ და “სექსუალურმა განმანათლებლობამ” შეუძლებელი გახადონ უმანკოების მაღალი პოეზიაც – ვინ იცის, ვინ იცის, არც ვარ დარწმუნებული ზემოთქმულში, რადგანაც, ნებისმიერი ნამდვილი პოეზია, როგორც ნამდვილი ქრისტიანული სიწმინდე, თავისი არსით დროის სულის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია, მისი უღლისგან გათავისუფლების ლტოლვას წარმოადგენს, რომელიც e contrario ხორციელდება; მაგრამ ახლა მე სხვა თემაზე ვსაუბრობ. მინდოდა სხვა რამისთვის გამესვა ხაზი: რაღაც “დეკამერონის” ან “გარგანტუას” მაგვარი, ანუ უცერემონიო სექსუალური ხუმრობის მაგალითები, სექსუალური რევოლუციით განპირობებულ ახალ კონტექსტში სრულიად წარმოუდგენელი და განუმეორებელი გახდება. ნებისმიერი სახის იუმორი აქ კარგავს საგანსა და საფუძველს. Lugete o Veneres Cupidinesque! “იტირეთ, ვენერებო და კუპიდონებო!” – როგორც დიდმა კატულუსმა თქვა.

გენიალური ეროტიკის უძველესი ტრადიცია დასასრულს მიუახლოვდა. სექსუალურმა რევოლუციამ სრულად აჩვენა თავისი არსი: ესაა რევოლუცია ეროსის უფლებების წინააღმდეგ. ცრუ ნებადართულობა – “აკრძალვა აკრძალულია!” როგორც წერდნენ სორბონაში 1968 წელს – ერთ ფარულ აკრძალვას გულისხმობს და იგი ძალზე მნიშვნელოვან ტაბუს წარმოადგენს: ეროსს აეკრძალა საზრისის ქონა, მას ყველანაირი უფლება წაართვეს. ეროსის საზრისზე კი აბსოლუტურადაა დამოკიდებული ეროსზე მიმართული სიცილის შესაძლებლობაც.

მოდით შევაჯამოთ: თუკი იუმორისა და კომიკურის დიალექტიკურ წანამძღვარს დაუნდობელი, გაუხედნავი სერიოზულობა წარმოადგენდა, დღეს გაბატონებული, ტიპიური, მონოტონური, ყველას მიერ აღიარებული ფრივოლურობა (რომელიც არავის აგდებს შოკში, არც აკვირვებს და არც აღარავის ყურადღებას იმსახურებს) თავისი რუხი განურჩევლობით, იუმორის აღსასრულს მოასწავებს. ადამიანი საბედისწერო არჩევანის წინაშე დგას – 1) იცხოვროს იუმორის გარეშე, ან 2) იყოს სერიოზული. მესამე გზა არ არსებობს. რა თქმა უნდა, იდეალებისა და ღირებულებებისადმი სერიოზული დამოკიდებულება ნებისმიერ დროში ქმნის პრობლემებს, რომელსაც მეტ-ნაკლებად “ტრავმული” შედეგები მოჰყვება. ჩვენი თანამედროვენი უსიტყვოდ აღიარებენ იმ დებულებას, რომ ე.წ. ეგზისტენციალური, სულის პრობლემები ფსიქიკის ჭრილში უნდა განვიხილოთ და ამისთვის ფსიქოანალიზსა და ფსიქოთერაპიას მიმართავენ. უდიდეს პატივს ვცემ დიდ ვენელს, ზიგმუნდ ფროიდს – მაგრამ, ღვთის გულისათვის, ნუ მივცემთ მის ურიცხვ მიმდევრებს ბოლო სიტყვის უფლებას ეგზისტენციალურ საკითხებში! როგორც ოდესღაც რაინერ მარია რილკემ თქვა: “ეშმათა გამოდევნისას, ისინი ანგელოსებსაც მიფრთხობენ და დევნიან”. სამწუხაროა, რომ ამ ანგელოსთა შორის, ვისაც დღეს საფრთხე ემუქრება, იუმორის სათაყვანებელი ანგელოსიც აღმოჩნდა; ეს გამოცდილებით ვიცით. ძალზე მყუდრო და უპრობლემო, ერთი სიტყვით კი უსატკივარო ცხოვრება მნიშვნელობასაც კარგავს და ამის გამო თავად ცხოვრებაც აღარ ღირს – არისტოტელეს სიტყვებით რომ ვთქვათ, Bios ou biotos.

© ”არილი”

Facebook Comments Box