17 მარტს სიმონ ვეის წიგნის „ღვთის მოლოდინი“ წარდგენა გაიმართა. სიმონ ვეისა და მის ფილოსოფიაზე ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ ისაუბრა, თარგმნის პროცესზე კი – მთარგმნელმა თამარ ლომიძემ.
სიმონ ვეი – პარიზელი ინტელექტუალი, რომელმაც ქარხნის მუშობა გადაწყვიტა, პაციფისტი, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომში საბრძოლველად წავიდა, ქრისტიანი, რომელმაც ნათლობაზე თქვა უარი – დღეს მეოცე საუკუნის უდიდეს რელიგიურ მოაზროვნედაა აღიარებული. რაც შეეხება „ღვთის მოლოდინის“, ესაა იმ რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის წერილებისა და ესეების კრებული, რომლებიც სიმონ ვეიმ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა. ეს ტექსტები წიგნად მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა წერილების ადრესატმა, დომინიკელმა მოძღვარმა ჟან-მარი პერენმა.
როგორც ჟან-მარი პერენის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, ეს სათაური („ღვთის მოლოდინი“) იმიტომ შეარჩია, რომ სიმონისთვის ძვირფასი იყო: „მასში ხედავდა სიფხიზლეს მსახურისა, ბატონის დაბრუნებას რომ ელოდება. სათაური გადმოგვცემს დაუსრულებლობის იდეასაც, რაც იმჟამინდელი სულიერი აღმოჩენების გამო სიმონს აწამებდა“.
თამარ ლომიძემ საუბრისას ხაზი ტექსტის თარგმნის სირთულესა და ავტორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა:
„ცოტა ხნის წინ გამოიცა სიმონ ვეის „ღვთის მოლოდინი“, რომლის თარგმნის პატივი მერგო წილად. არ იყო ადვილი ეს ამოცანა, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ძალიან რთული იყო მისი რელიგიური, მისტიკური თუ გნოსტიკური იდეების გაგება ბოლომდე და სწორად გადმოქართულება; და, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელი იყო ის, თუ რა პირობებში წერდა ამ ნაწარმოებს სიმონ ვეი, ძალიან ფრაგმენტული, წყვეტილი აზრებია, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს ლოგიკურად არ ებმის ხოლმე. ამიტომ საკმაოდ გამიჭირდა ამ წიგნის თარგმნა. თუმცა, იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში თავი გავართვი და მკითხველს მოეწონება ეს ნამუშევარი.
რაც შეეხება ავტორს, მეოცე საუკუნის ძალიან საინტერესო პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე იყო სიმონ ვეი. ურთიერთსაწინააღმდეგო გზა განვლო. თავდაპირველად იგი გახლდათ მემარცხენე მარქსისტი, რომელიც შემდეგ ცხოვრების გზაზე მოულოდნელად კათოლიკე მისტიკოსად იქცა, რაც ძალიან მოულოდნელი ტრანსფორმაციაა. ბევრ ადამიანს, ბევრ მოაზროვნეს დააჩნია თავისი კვალი: დაწყებული ალბერ კამიუდან, გაგრძელებული სიმონ დე ბოვუარით. ერთი მხრივ, ფრანგები მისი გარდაცვალების შემდეგ პერიოდულად ითხოვენ ხოლმე მის წმინდანად შერაცხვას. მეორე მხრივ, მიიჩნევენ, რომ მისი ადგილი ფრანგ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია. ასე რომ, მან ძალიან ურთიერთსაწინააღმდეგო და საინტერესო გზა განვლო თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში“ – ამბობს თამარ ლომიძე.
არილი ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესაც გაესაუბრა:
„ის, რომ ქართულად ითარგმნა, უკვე ძალიან სასიხარულო ამბავია, იმიტომ, რომ ამ ტიპის მოაზროვნეები არ მიეკუთვნებიან ისეთ პოპულარულ ავტორებს, რომლებიც შეგიძლია მეტროში იკითხო და მერე ტოპ ათეულში დაასახელო; ისინი ამ სრულიად ვულგარულ თანამედროვე სამყაროს სქემაში არ თავსდებიან. ჩვენთან თუ შემოვა იმ ტიპის ლიტერატურა და იმ ტიპის მოაზროვნეების წიგნები, რომლებიც არასამომხმარებლო ნივთებს წარმოადგენენ, ეს უკვე ძალიან გაამდიდრებს ქართულ ენაზე არსებულ ლიტერატურას, ფილოსოფიური იქნება ეს თუ უბრალოდ სააზროვნო ლიტერატურა.
დიდი მოვლენა იყო სიმონ ვეი. ის ფაქტიც, რომ არ გახდა, ასე ვთქვათ, „ტოპ ავტორი“ და სამომხმარებლო საგანი, მისი ძალიან დიდი დამსახურებაა. ამ ტიპის ლიტერატურაც თუ ბევრი გვექნება ქართულად, ძალიან სასიხარულო ამბავია“.
გიორგი მაისურაძეს ვკითხეთ სიმონ ვეის შემოქმედებაში “ღვთის მოლოდინის” ადგილის შესახებაც:
„მასთან ძნელია რაღაც ტიპის იერარქია ავაგოთ. პრინციპში, ყველა მისი ნაწერი თანაბრად მნიშვნელოვანია და თან ეს ყველაფერი ძალიან მოკლე პერიოდშია შექმნილი. მას აქვს ძალიან ცნობილი ქარხნის დღიურები, პოლიტიკური თხზულებები, კიდევ ერთ-ერთი ასეთი გვიანდელი ხანის რელიგიური-მისტიკური თხზულებებიდან „მიზიდულობა და მადლი“, მისი ცალკეული მოსაზრებების კრებული. სხვათა შორის, მამარდაშვილი სწორედ ამ წიგნიდან ციტირებს ხოლმე. ძალიან დიდი მემკვიდრეობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა გარდაიცვალა. 34 წელი არაფერია, თან თუ გავითვალისწინებთ, რა დატვირთვით მუშაობდა, ქარხანა იქნება თუ პარტიზანული საქმიანობა. გიკვირს, როდისღა ასწრებდა. ამდენად, ყველაფერი ძვირფასია. ეს შედარებით უფრო პოპულარული შეიძლება იყოს, მეტი მკითხველი ჰყავდეს, მაგრამ არანაკლებ პოპულარულია თავისუფლების შესახებ მისი ცნობილი ტრაქტატი და ძალიან კარგი იქნებოდა, ქართულად ისიც რომ ყოფილიყო“.
© არილი