ესე,  პორტრეტი,  ხსოვნა

სიმონ ჩიქოვანი – ჩანაწერები პაოლო იაშვილზე

paolo2

უწინ ლეკები, შმაგი ქისტები,

თავზე ესხმოდნენ კახეთის მდელოს,

დღეს კი ჭაბუკი ფუტურისტები

ანადგურებენ ძველ საქართველოს.

მაგრამ დგებიან კვალად კითხვები

სად არის ბრძოლის თავი და ბოლო?

პასუხი არის ბენოს სიტყვები

პოეზიაა მიმიკა მხოლოდ.

ამიტომ არ გვსურს ვწეროთ ლექსები

და ვეშურებით პიტნავას დუქანს

ამიტომ არ გვსურს ვწეროთ ლექსები

გიჟურ პაოლოს, ტიციანს მსუქანს.

არჩევანია სახელოვანი,

ჩვენ კი სიცოცხლეს კიდევ ვეცდებით

და მიხარია, რომ ჩიქოვანი

მე მანადგურებს მანიფესტებით.

                    პაოლო იაშვილი

ერთხელ თქვა, როდესაც ჩემი პირველი ლექსები დაიბეჭდა: სიმონ ჩიქოვანს ყველაფერი აქვს როგორც პოეტს, შესანიშნავი სახეები და მხატვრობა, მხოლოდ რიტმის გრძნობა აკლია და ვერ მიუკვლევიაო. მეორედ, როდესაც მწერალთა სასახლეში “თეიმურაზ პირველის” პირველი ნაწილი წავიკითხე (პოეზიის სექციის სხდომაზე დაუბეჭდავი ლექსების კითხვა იყო, თავად საბავშვო ლექსები “ნიტა კაპტანი” და სხვა წაიკითხა), გადამეხვია და გადამკოცნა – შესანიშნავია, მაგრამ ამას არ დაგიბეჭდავენო. რატომ, მე ვუთხარი, ხანდახან ამოჩემებაც იცოდა, წყინდა. მოსკოვში ქართული პოეზიის საღამოები რომ იყო, ძლიერ მებრძოდა, მაგრამ მერმე ისევ მირიგდებოდა. როდესაც ამუშავებდნენ, ბერიას გამოსვლაში ცუდად იყო მოხსენებული და ამის გამო ყველა დაესია, ვხედავდი, ხარივით როგორ აბრიალებდა თვალებს და შემკრთალი იყო. ჩვენ ახალი წაჩხუბებული ვიყავით, ერთმანეთს ცივად ვხვდებოდით, მაგრამ იმ ღამეს საოცრად შევწუხდი და პაოლოს დასაცავად გამოვედი. რაც შეიძლებოდა იმ პირობებში, შევუმსუბუქე დანაშაული, შევაქე ძლიერ და ვთქვი, რომ ძლიერი ტალანტის კაცია, ასე ნუ შეუჩნდებით და უფრო ამხანაგურად მოვეპყრათ მეთქი და სხვა. იგი თურმე არ მოელოდა ჩემს ასეთ გამოსვლას – ვალერიანს უთხრა, სიმონი ჩემი ძმა ყოფილაო. ვალერიანს საოცრად უყვარდა პაოლო და ძლიერ გახარებოდა – სიმონ, მადლობელი ვარო-ო, მითხრა.

ვინ იყვნენ დარბაზში:

1. კონსტ. ლორთქიფანიძე

2. ნიკო ლორთქიფანიძე

3. გ. ბუხნიკაშვილი

4. ბესო ჟღენტი

5. დავით დემეტრაძე

6. ალ. ქუთათელი

7. ტიციან ტაბიძე

8. პ. საყვარელიძე

9. მიხ. ჯავახიშვილი

10. ვალერიან გაფრინდაშვილი

11. სერგო კლდიაშვილი

12. აკაკი ბელიაშვილი

13. ალ. (…….)

14. ალ. მაშაშვილი (?)

15. კარლო კალაძე

16. ალ. აბაშელი

17. ეული

მერმე მოვიდნენ:

18. ირაკლი (აბაშიძე)

19. ირ. ქავჟარაძე

როდესაც დარბაზში პაოლო შემოვიდა, სხდომა უკვე დაწყებული იყო, აკაკი ბელიაშვილის წევრობის საკითხი განიხილებოდა. დარბაზში ჩამოთვლილი ხალხი იჯდა. შემოსვლით ვესტიბიულიდან შემოვიდა. კარებში ალ. ქუთათელი და კონსტანტინე ლორთქიფანიძე ისხდნენ. მე კი მარჯვნივ, შუა დარბაზში მეოთხე თუ მეხუთე რიგში ვიჯექი განაპირას, მეორე თუ მესამე სკამზე. როდესაც კარი გაიღო, მე შემოვბრუნდი და კარისკენ გავიხედე. დილით პაოლო ორჯერ შემხვდა, ჩემი მეუღლის მამის, ნიკო ელიავას ამბავი მკითხა. მე ყურადღება მივაქციე მის შემოსვლას დარბაზში. იგი ალ. ქუთათელთან დაჯდა, ერთხან მასთან საუბრობდა, შემდეგ ადგა და წამოვიდა ჩემსკენ, ჩემს უკან სკამზე დაჯდა და საუბარი დამიწყო, ჯერ მკითხა, ნიკოლოზ მიწიშვილის ამბავი ხომ არაფერი იციო, ამბობენ დახვრიტესო, მერმე მკითხა – მარიკა ძალიან შეწუხებულია-ო. მე ვუპასუხე – ძალიან შეწუხებულია-მეთქი. ნუთუ ნიკოს შესახებ ვერაფერი გაიგეთო. სუსანას (სუსანა ელიავა – ს. ჩიქოვანის ცოლის და) არ შეუძლია რაიმე შეიტყოსო. მე ვუპასუხე – ახლა ვინ რას გეტყვის, რას გაიგებ-მეთქი. მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, ნიკოს შესახებ თითქოს რაღაც იცოდა. ვკითხე, შენ ხომ არაფერი შეგიტყვიაო (უქამრო თეთრი ხალათი ეცვა). არაო, მითხრა, რომ ვიცოდე, შენ გეტყოდიო. შენი საქმე გამოკეთებულა-მეთქი, ხო, გამოირკვაო – მითხრა. სოფელში არ წახვედი-მეთქი, რა წამიყვანს ახლა სოფელშიო, თითქოს წყენით თქვა და მითხრა – პაპიროსი მომეციო, მაგრამ სანამ მე პაპიროსს ამოვიღებდი ჯიბიდან, თავად ამოიღო და მოსწია. მითხრა – შენს მეუღლეს ჩემი გულითადი მოკითხვა გადაეცი და უთხარი, რომ მისი სევდა ჩემთვის გასაგებიაო. მე გამიკვირდა და გაკვირვებულმა შევხედე, მადლობა ვუთხარი. სიმონ – მითხრა, შეიძლება გულში წყენა გქონდეს, მაგრამ იცოდე, რომ მე კეთილშობილი, პატიოსანი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ამას მალე დაგიმტკიცებო. მე უფრო გამიკვირდა და გაკვირვებულმა შევხედე, ცოტათი დავიბენი კიდეც, არ ვიცოდი რამეთქვა. მერე განმეორებით დამაბარა ჩემს ცოლთან მოკითხვა და წამოდგა. მე ვუთხარი – მოიცადე, პაოლო, შენს მეზობელს მწერალთა კავშირიდან გარიცხვას უპირებენ და დავიცვათ თქო. ვინ ჩემს მეზობელსო, მკითხა. აკაკი ბელიაშვილს-მეთქი. არ შემიძლია დარჩენაო, მობრუნდა, წავიდა. მაგრამ იმ კარებით კი არ გავიდა, რომლიდანაც შემოვიდა, არამედ უკანა, ბაღში გასასვლელი კარებისაკენ წავიდა. მე თვალი გავაყოლე და დავინახე, როგორ გავიდა უკანა კარში, მაგრამ როგორ მობრუნდა მეორე სართულისაკენ, არ შემიმჩნევია. კრება გაგრძელდა, ალბათ იმდენად უმნიშვნელო იყო, რის შესახებაც დავით დემეტრაძე ლაპარაკობდა, რომ იგი მეორე დღესვე დავიწყებული მქონდა.

გავიდა ხუთი თუ შვიდი წუთი და საშინელი ხმით დაიჭექა თოფმა, მაგრამ ის თოფის ხმას არ გავდა, უფრო ყუმბარის გასკდომას. უცებ, წამით სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, ქუჩისკენ დარბაზის კარები ღია იყო და ვიღაცამ წამოიძახა, მინა გასკდაო. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, თოფის გავარდნა, დუმილი და ჩემი გარეთ გავარდნა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პაოლომ თავი მოიკლა, ე. ი. თვითმკვლელობა განიზრახა, მაგრამ დაიჭრა და არ მომკვდარა. ღმერთო, შეგცოდე (ასე იტყვიან), მე არ მეგონა, თუ იგი თავს გაიმეტებდა და ამიტომ ვიფიქრე, რომ იგი დაჭრილია, მაგრამ მკვდარი არ არის – თურმე საშინლად შემცდარი ვიყავი, ყველაფერი ეს ერთი თვალის დახამხამებაში მოხდა – ანი (ჩვენი დამლაგებელი ქალი) ჩამორბოდა კიბეზე და იძახდა – ვაიმე შვილო, ვაიმე შვილო! მე მივვარდი ანიჩკას – სულ მოკვდა? სულ მოკვდა შვილო, სულ მოკვდა. თავი გაპობილი აქვს და ტვინი დაქცეული. უკვე ამის მოსმენა ძნელი იყო, შევბრუნდი, რამდენიმე კაცი დარბაზიდან გამოსული იყო უკვე, მაგრამ უმრავლესობა ისევ დარბაზში იმყოფებოდა და თითქოს დარბაზიდან გამოსვლას ვერ ბედავდა. დარბაზში შევბრუნდი და პირველი ტიციან ტაბიძის თვალები შემომეგება, გაღებული და კითხვით სავსე. მე მივუახლოვდი ტიციანს და დაბალი ხმით ვუთხარი – პაოლომ სანადირო თოფით თავი მოიკლა-მეთქი. ტიციანმა ერთი კი წამოიყვირა – ვაიმე პაოლოო და იქვე ჩაჯდა, ვაიმეო, განაგრძო უფრო დაბალი, მონოტონური ხმით. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს საკუთარმა ხმამ პირველი დაყვირებით შეაკრთო და ახლა დაბალი ხმით გლოვობსო მეგობარს, თითქოს ერიდებოდა ამ დარბაზში შეკრებილი ხალხის და თავად მწერალთა შენობის. მეორე ოთახში (დავითი) დაბნეული, გონება დაკარგული იყო, იჯდა, საწერი მაგიდის ყუთებს აღებდა და ისევ ხურავდა. შესვლისთანავე მითხრა – ვინმეს დაურეკე-ო, სიმონ. ვისთვის უნდა დამერეკა, მაგრამ უკვე დარეკილი იყო. შინსახკომი როდის გაჩნდა, მე ვერ შევამჩნიე. ამ დროს მიხეილ ჯავახიშვილი შემოვიდა და დავით დემეტრაძეს მანქანა თხოვა – გაწვიმდა და თეთრი კოსტიუმი დამისველდებაო. დავითი საშინლად გაბრაზდა და იყვირა – რა დროს კოსტიუმია, ვერ ხედავ რა ხდებაო. მაგრამ დავითი ცდებოდა, მიხეილის თხოვნა ეს იყო ერთგვარი დაბნეულობით გამოწვეული საუბარი. არავინ იცოდა, რა ეთქვა. თავად დავითიც გაოგნებული და პირში ენა წართმეული იყო. ჩვენმა საყვარელმა ნიკო ლორთქიფანიძემ საკვირველი შეკითხვა მომცა – სიმონ, კრება გაგრძელდება თუ არაო. ნიკოს პაოლო საოცრად უყვარდა, ეს კარგად მაგონდება, ბევრჯელ ქონია ჩემთან პაოლოს შესახებ საუბარი, მაგრამ არც მწუხარების გამოთქმა შეიძლებოდა და არც ამ საკითხზე მსჯელობა. საიდანღაც გაჩნდა ირაკლი აბაშიძე, პაოლო მისი ნათესავიც იყო და ალბათ, საყვარელი პოეტიც, პაოლო ძლიერ უყვარდა. მე არ ვიცი, მან დაინახა თუ არა თავგაპობილი პაოლო, მაგრამ მე მაგონდება მისი დაწითლებული თვალები. რამდენიმე ამხანაგი აღშფოთდა, ირაკლის ნაცნობები და საშინლად შეუტიეს. მე გავშორდი იქაურობას და გადავწყვიტე პაოლოსთვის დამეხედა. ეს ჩემთვის ძლიერ მძიმე გადასაწყვეტი იყო. ბავშვობიდან მეშინია მიცვალებულის და საყვარელი ბებიისთვისაც არ დამიხედია. მე საერთოდ მიცვალებული არასოდეს მინახავს, მაგრამ ეს შემთხვევა იმ წუთში ისტორიული მნიშვნელობის დღედ მივიჩნიე და გადავწყვიტე ზევით, ვეფხის ფიტულთან ჩაკეცილი პაოლო უშუალოდ მენახა და კიბის პირველ საფეხურებზე ავიარე. ვიღაცამ საკმაოდ ღონივრად მომიჭირა, მომაბრუნა და დავინახე, ჩემს წინ იდგა პოეტი ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლოს უახლოესი მეგობარი და, შეიძლება ითქვას, ჩემი საყვარელი მეგობარი. მე, ალბათ, გაკვირვებით და წყენით შევხედე ვალერიან გაფრინდაშვილს, ხოლო ვალერიანმა ბრძანების კილოთი მითხრა რუსულად – Я тебя не пущу, ვალერიანს ენა ებორკებოდა და აღელვებულს, მითუმეტეს. მცირე სიჩუმის შემდეგ დაუმატა – Я тоже не пойду. Он в нашей памяти должен остаться каким мы его видели в жизни. მომკიდა ხელი და მწერალთა კავშირის ბაღში გამიყვანა. ივნისის წვიმა ცრიდა და ჩვენ დავინამეთ ამ წვიმით. მალე თითქოს გავშორდით ყველას, ვიყავით ვალერიანი, მე და პაოლო იმ საღამოს ამ ქვეყანაზე. ბევრი ვიარეთ, მე გაღმა ვცხოვრობდი, მაგრამ ვალერიანის ქუჩაში მარტო დატოვება შემეშინდა. ავყევი ქუჩამდე, სადაც იგი ცხოვრობდა. შინ დავბრუნდი. ჩემი ცოლი და მისი მეგობარი ბარბარე ცქიტიშვილი შემეგებენ. მე უკვე აღარ შემეძლო მეტი, სლუკუნი დავიწყე და გული ყელში მომებჯინა. როგორ დაიშალა ერთ წუთში ასე ლამაზად აწყობილი, მე მართალია, არ დამინახავს უკვე სულს გაშორებული პაოლოს სხეული, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქო დავხედე თავგატეხილს, მისი კედელზე მიყრდნობილი ტანი ნათლად დავინახე.

© არილი


[1] პირველად გამოქვეყნდა “არილში”, 1996 წელს. მასალა მოგვაწოდა ქართული ლიტერატურის მუზეუმმა. 1996 წელს პუბლიკაცია მოამზადა ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგემ, მარინე ყიფიანმა.

Facebook Comments Box