რეცენზია

სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ – დროის თხელი ჩამონაჭერი

ავტორი: თაკო წულაია

სიუზენ ზონტაგი, “ფოტოგრაფია”, “დიოგენე”, მთარგმნელები: გია ჭუმბურიძე, ზაზა ჭილაძე, 2023

დაამტკიცე, რომ არსებობ

ადოლფო ბიოი კასარესის პერსონაჟი მორელი წარმავლის მარადიულად გადაქცევის გზას პოულობს. ის გამოიგონებს მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც წარსულის რამდენიმე დღე განუწყვეტლივ მეორდება და არასოდეს სრულდება. მორელის გამოგონება (როგორც ფოტოაპარატი) რეალობას აფიქსირებს და ამ ფიქსირებული კადრებით ქმნის ალტერნატიულ სინამდვილეს, რომელიც კუნძულზე (სადაც მოქმედება ვითარდება) მოხვედრილ ერთადერთ ადამიანს აფიქრებინებს, რომ წარსულის რამდენიმე დღე, რომლის ჩანაწერიც კუნძულზე გაუჩერებლად ტრანსლირებს, იმაზე ნამდვილი და მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ცხოვრება, რომელიც რეალურ დროსა და სივრცეში მიედინება.

მორელის გამოგონებას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს – როგორც კი ადამიანი მისი ობიექტივის პირისპირ აღმოჩნდება, როგორც კი ადამიანი „ჩანაწერის რეალობაში“ მოხვდება, მისი სხეული კვდომას იწყებს. გადაღება მას ართმევს სიცოცხლის გაგრძელების შესაძლებლობას. ის მხოლოდ კადრადღა რჩება – თითქოს რეინკარნირდება საკუთარი თავისვე უკვდავ გამოსახულებად.

შემთხვევითი არაა, რომ სიუზენ ზონტაგის წიგნის კითხვისას პირველი ასოციაცია სწორედ ხსენებული მორელი და მისი გამოგონება იყო (მით უფრო მაშინ, როცა წავიკითხე, რომ ბალზაკს ფოტოგადაღების აუხსნელი, ირაციონალური შიში ჰქონდა). მერე ქაუშიკი გამახსენდა, ჯუმფა ლაჰირის „უცხო მიწიდან“. ბიჭი, რომელიც აფეთქებებს, საკაცეებზე გაშოტილ სხეულებს, შუაზე გადახლეჩილ ადამიანებს იღებს და ყველაზე შემზარავი მოვლენების ცოცხალი და პირველი მოწმეა, რათა ამ გზით – ტრაგედიასთან მაქსიმალურად მიახლოებით მასში მონაწილეობის გარეშე – კათარსისი განიცადოს და საკუთარი პრობლემები და წარსული განდევნოს თავისი გონებიდან.

აპარატის მიერ გადაღებული პირველი სურათი 1839 წლით თარიღდება. სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფიის“ პირველი გამოცემა კი – 1977 წლით. წიგნი ხედვის გრამატიკასა და ფოტოსურათების მნიშვნელობას იკვლევს და საინტერესო ანალიზია იმისა, თუ რა განასხვავებს ფოტოგრაფიას ხელოვნების სხვა დარგებისგან, საერთოდ არის თუ არა იგი ერთ-ერთი მათგანი; როგორ აისახება ფოტოგრაფი მისივე გადაღებულ ფოტოზე, როგორ ცვლის სურათი სურათზე აღბეჭდილი საგნების/ადამიანების პირისპირ ნახვისას მიღებულ გამოცდილებას (ხანდახან მხოლოდ ცვლის კი არა, ანაცვლებს კიდეც) და არა მარტო.

ტექსტები, ნახატები, ქანდაკებები – ყველაფერი წარსულის ინტერპრეტაციაა, მხოლოდ გამოსახულებას აქვს უნარი, რომ სინამდვილის ნამცეცები, მისი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ფრაგმენტები შეინახოს. მაგრამ არც ფოტოა თავისუფალი სუბიექტურობისა და ინტერპრეტაციისაგან. ის მოიხელთებს სინამდვილეს, მას აჩერებს, ინახავს და უსასრულოდ აგრძელებს, მაგრამ ალალბედზე გადაღებული ფოტოებიც კი გადამღების პიროვნულობითაა დაღდასმული.

ფოტო გვიმტკიცებს, რომ რაღაც, რაც გვახსოვს, რომ მოხდა, ნამდვილად მოხდა. გამოსახულება ხდება ავტორიტეტი. უფრო სანდო, ვიდრე ჩვენი მეხსიერება ან რომელიმე შეგრძნება.

სარტრი წერდა, რომ ემოცია სამყაროს შემეცნების მეთოდია, მაგრამ მაშინ, როცა ფოტოგრაფია ამდენად უნივერსალურია, ჩვენი ემოციები ავტორიტეტს კარგავს, ნანახი და განცდილი არასანდო და მეორეხარისხოვანი ხდება ფოტოსთან შედარებით. ახლა უკვე გამოსახულებაა სამყაროს შემეცნების პირველადი მეთოდი. ჩვენი ემოციების, მოგონებების, წარსულის გამოსახულება. და არა მხოლოდ იმ სამყაროსი, რომელიც არ გვინახავს (ქვეყნების, სადაც არ ვყოფილვართ; სოციალური კლასების, რომლებსაც არ მივეკუთვნებით და ა.შ.), არამედ ჩვენივე ცხოვრებაში მომხდარი ამბების, ჩვენი თვალით ნანახი ადგილებისა და საგნების შემეცნების მეთოდი.

რამდენიმე ათწლეულის წინ დაწერილი სიტყვები, რომ ტექნოლოგიამ და გადაღების ხელმისაწვდომობამ სამყარო „პოტენციური ფოტოსურათების ერთობლიობად“ აქცია, კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს დღეს. დღეს კიდევ უფრო უკეთ გვესმის, რას გულისხმობდა ზონტაგი, როცა საოჯახო ფოტოსურათების, ერთგვარი ქრონიკების მნიშვნელობაზე წერდა. ფოტოსურათი არა მარტო შენი გამოცდილებების რეალურობას გიმტკიცებს, არამედ შენს ვალიდაციაშიც შეაქვს წვლილი. ადასტურებს, რომ არსებობ.

მაგრამ მშვენიერი შესაძლებლობა, გადაიღო შენი გამოცდილებები, მალავს საფრთხესაც – დღე, რომელიც კადრებად აქციე, შესაძლოა, გააქროს, გადაფაროს ამ კადრებმა და სუვენირად აქციოს. შესაძლოა, განივთდე შენც – დამთავრდეს შენი სხეულებრივი არსებობა და დაიწყოს პორტრეტის სიცოცხლე. როგორც ზონტაგი წერს, მოგზაურობა შეიძლება ფოტოსურათების დაგროვების სტრატეგია გახდეს (შეგვიძლია, დავამატოთ ისიც, რომ ცხოვრებასაც აქვს პოტენციალი, გადაღების სტრატეგიად იქცეს).

ფოტოსურათები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინაც, როცა უცხო ადგილას ვხვდებით ტურისტებად. ამ დროს ტურისტი ჯერ კამერის ლინზებიდან აკვირდება სამყაროს და მერე – საკუთარი თვალებით. კამერა მისთვის შუამავალია და დაცულობის ილუზიას ქმნის. იარაღია, რომლითაც მეტად უშიშრად დგას უცხო და იქნებ მტრულად განწყობილი სამყაროს პირისპირ. ამ უცხო სამყაროზე ძალაუფლების მოპოვების, მისი დასაკუთრების ერთადერთი გზა კი სწორედ სურათია, რომელიც პეიზაჟებსა და ადამიანებს საგნებად აქცევს. თან ისეთ საგნებად, რომელთა ყიდვა, გაყიდვა, გამრავლება და გავრცელება შეიძლება.

მშვენიერება და საშინელება

მშვენიერება და საშინელება ვერასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ფოტოსურათების გაჩენამდე იყო.

განსხვავებით ტელევიზიისა თუ კინემატოგრაფიისგან, სადაც კადრების სწრაფი მონაცვლეობისას ყოველი მომდევნო კადრი აუქმებს წინა კადრის მნიშვნელობას, ფოტოგრაფიაში თითოეულ ფოტოს თავისი ექსკლუზიური მნიშვნელობა აქვს. მისი ეფექტი არა მარტო უფრო ძლიერი, არამედ უფრო ხანგრძლივი და ხელშესახებიცაა.

„ფოტოგრაფია ელეგიური ხელოვნებაა“, იგი პათოსით ავსებს ყველაზე უბრალო, ბანალურ კადრებსაც. ამიტომ ზოგჯერ ფოტოსურათი რეალობას კი არ ასახავს, ამ რეალობის უფრო მხატვრულ, ემოციურ ალტერნატივას ქმნის, რომელიც მნახველზე მეტ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე მოახდენდა იმ ყველაფრის ნახვა, რაც ფოტოზეა აღბეჭდილი.

ფოტოგრაფიას აქვს განსაკუთრებული უნარი, „დაინახოს“ მშვენიერება იქ, სადაც მის აღმოჩენას არავინ ელოდა. ყველაზე მოსაწყენ, მობეზრებულ ხედებსა თუ ადგილებში მას შეუძლია სილამაზის აღმოჩენა და შემდეგ ჩვენთვის იმის სწავლება, თუ როგორ უნდა ვუყუროთ კონკრეტულ საგნებს სწორად. და თუ ერთხელ ჩვენს თვალებს ლინზა აეფარება, სამუდამოდ შეიცვლება ჩვენი ხედვის გრამატიკა.

„ფოტოგრაფია თავად არის სინამდვილე, რეალური ობიექტი კი ხშირად მის ფერმკრთალ ვერსიად გვევლინება“. ამიტომ სამყაროს ის ფრაგმენტები, რომლებსაც ფოტოები ისაკუთრებს, ხშირად მთლიანობაზე მშვენიერია.

გარდა იმისა, რომ ფოტოგრაფიამ სიმახინჯის ესთეტიკა განავითარა, ყოველდღიურობა ხელოვნების ინტერესის საგნად აქცია და შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, რას შეუძლია, მშვენიერი იყოს, მან, როგორც ზონტაგი წერს, კაცობრიობა საშინელებასთან გააშინაურა.

ტექსტებისგან განსხვავებით, ფოტო ვერ ახსნის სამყაროს, მას მხოლოდ მისი აღბეჭდვა და შეფასება შეუძლია, მაგრამ, სამაგიეროდ, მას აქვს უნარი, რომ საშინელება, რომელიც ჩვენ თვალწინაა, შეაჩეროს და გაახანგრძლივოს.

სინამდვილე გამუდმებით გაქცევისკენ, გაუჩინარებისკენ ილტვის, ფოტოგრაფიის ლტოლვა კი საპირისპიროა – იგი მოხელთების, გამოჭერის სურვილით არსებობს. ის „ამწყვდევს სინამდვილეს“, რომელიც სხვა შემთხვევაში ხელიდან ყოველწამიერად გვეცლება. ასეთი „დამწყვდეული სამყარო“, მთელი თავისი მოულოდნელი მშვენიერებითა და სიმახინჯით, ერთი მხრივ, ბევრად უფრო მძაფრი, მეორე მხრივ კი, საგრძნობლად უფრო ახლობელი და ნაცნობი ხდება.

„ფოტოგადაღება საგნის დასაკუთრებას ნიშნავს“, საგანი კი შეიძლება ტრაგედია, უბედურება, სიმახინჯე, თვით მთელი სამყაროც კი გახდეს. ამიტომაც მსოფლიო უზარმაზარ გალერეას ემსგავსება, ჩვენ კი მთელი სამყაროს დასაკუთრებას, მის მოხმარების საგნად ქცევას ვახერხებთ.

ზონტაგის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „დღეს ყველაფერი არსებობს იმისთვის, რათა ბოლოს ფოტოსურათად იქცეს“. 21-ე საუკუნის ადამიანს კი იმის თქმაც შემიძლია, რომ დღეს ყველაფერი ელოდება ფოტოსურათად ქცევას, რათა არსებობა დაიწყოს. ხოლო ის, რაც არცერთ კადრში არ მოხვედრილა, არ არსებობს.

თუკი გვსურს, რომ მშვენიერებით დავტკბეთ ან ტანჯვის იმ მოწმეებად ვიქცეთ, რომლებიც ოსტატურად არიდებენ თავს მასში თანამონაწილეობას, საკმარისია, რომ ვნახოთ ფოტოსურათი. გამოსახულება, რომელიც თითქოს ასახავს რეალობას, მაგრამ, სინამდვილეში, ამით არ კმაყოფილდება და ან ცვლის მას, ან ანაცვლებს ახალი რეალობით.

ფოტოს ხმა

ზონტაგი მსჯელობს იმის შესახებ, არის თუ არა ფოტოგრაფია ხელოვნება. მსჯელობისას იხსენებს ჰენრი რობინსოსის სიტყვებს – ფოტოგრაფია ნამდვილად ხელოვნებაა, რაკი შეუძლია იცრუოს. იან ბერტრანი კი ამბობს: „ხელოვნება დედამიწაა, ფოტოგრაფია მხოლოდ მოწმეა“.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფოტოს, ისევე როგორც ტექსტს, ნახატს თუ ხელოვნების სხვა ნაწარმოებს, აქვს უნარი, შეიცვალოს მნიშვნელობა კონტექსტიდან გამომდინარე.

„ფოტოები გვევლინება არა მხოლოდ სამყაროს აღნუსხვის, არამედ მისი შეფასების საშუალებადაც“. შეფასება კი ყოველთვის ინტერპრეტაციას, ინტერპრეტატორის არჩევანსა და მოლოდინს ეფუძნება.

როგორც ფოტოგრაფი არბუსი ამბობდა, „სურათი არის საიდუმლო საიდუმლოს შესახებ“. ამ საიდუმლოს ამოსახსნელად ადამიანები ხშირად იყენებენ წარწერებს და ფოტოებს ურჩევენ სათაურებს.

რა მნიშვნელობა აქვს წარწერას ფოტოზე?

„სინამდვილეში, სიტყვები სურათებზე ხმამაღლა მეტყველებენ. როგორც წესი, მინაწერები ჩვენივე თვალით აღქმულ მტკიცებულებებს ჯაბნის, მაგრამ ვერანაირი წარწერა სამუდამოდ მაინც ვერ შემოსაზღვრავს და ვერც დააკანონებს გამოსახულების ამა თუ იმ მნიშვნელობას“.

თუ წარწერა ფოტოს ხმაა, ეს ხმა მხოლოდ ერთ-ერთ სათქმელს ამბობს მრავლიდან, ისიც ინტერპრეტაციაა და არა საბოლოო პასუხი იმაზე, რაც მნახველს აინტერესებს. იმ საიდუმლოს ამოხსნა, რომელსაც ფოტო მალავს, არავის შეუძლია. თითოეული მათგანი მხოლოდ ვარაუდობს, ეს ვარაუდები კი მნახველის ხედვის სიმამაცეზეა დამოკიდებული.

Memento mori

წამი, რომელსაც ფოტოდ ვაქცევთ, ერთადერთი წამია, რომელსაც უსასრულობას ვპარავთ და ვისაკუთრებთ. ზონტაგის სიტყვებით – „ფოტო დროის დინება კი არ არის, არამედ მისი თხელი ჩამონაჭერია“. ეს ჩამონაჭერი გვაძლევს საშუალებას, რომ დრო გავყინოთ – ვუყუროთ კადრს, რომელიც სხვა შემთხვევაში სამუდამოდ წაიშლებოდა. „დროის მდინარებიდან ამოგლეჯილი წამი“ არა მარტო ინახება, არამედ უფრო მძაფრადაც განიცდება. ჩვენ შეგვიძლია, „გვახსოვდეს“ ბავშვობა, რომელიც, სინამდვილეში, არ გვახსოვს. ფოტოგრაფია ჩვენთვის ალტერნატიულ მეხსიერებას, მეხსიერების ანალოგს ან, თუნდაც, მეხსიერების ილუზიას ქმნის. ეს ილუზია კი ჩვენს ყოველდღიურობას გაყინული, გაჩერებული და დასაკუთრებული წამებით ავსებს. ესაა „მეხსიერების გამოგონების“ პროცესი, რომელშიც საკუთარი წარსულის, საკუთარი თავის გამოგონებითაც ვართ დაკავებული.

ფოტოები ადგილებზე, ადამიანებზე, წარსულზე დიდხანს ცოცხლობს. ნახატები დროთა განმავლობაში ზიანდება, ჩვენი მოგონებები ხარვეზებით ივსება, ფოტოების განახლება კი უსასრულოდაა შესაძლებელი. ამიტომაც გვრჩება გარდაცვლილი ადამიანებისა და დანგრეული, განადგურებული ადგილების უამრავი ფოტო. სწორედ ეს ფოტოები ასახავს ჩვენს წარმავლობას, სიკვდილთან სიახლოვეს და გამოსახულების მარადიულობას. ფოტოსურათი არა მარტო ხედვას გვასწავლის, არამედ წამის უპირატესობასაც გვიმტკიცებს. ჩვენს ცხოვრებას, რომელსაც სიკვდილი წყვეტს, იმ რამდენიმე წამამდე ამცირებს, რომლებიც ფოტოებად იქცა. მერე კი ამ ფოტოებით სხვებს სიკვდილის არსებობაზე მიანიშნებს.

ამგვარად, „ყოველი ცალკეული სურათი სიკვდილის გარდაუვალობის შეხსენებაა, memento mori”.

© არილი

Facebook Comments Box