თარგმნა მალხაზ ხარბედიამ
ვიტოლდ გომბროვიჩი კოშმარივით მუდამ თან მდევს, მაგრამ მის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა.
კოშმარის მთავარი ნიშანი ისაა, რომ მას ვერსად გაექცევი. ნების მიუხედავად, იგი მუდამ შენთანაა, გვერდით. გომბროვიჩი ჩემს ცხოვრებაში უფრო ადრე შემოიჭრა, ვიდრე მის არსებობას გავიგებდი. ოცი წლის ვიყავი, როცა მეგობარ მწერლებს ჩემი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა წავუკითხე და ერთ-ერთმა თქვა: “გომბროვიჩს ჰგავს”. ამაზე არაფერი მიპასუხია, რადგანაც არ ვიცოდი, კარგი იყო ეს, თუ ცუდი. გომბროვიჩი – უბრალო სიტყვა, რომელიც ჟღერადობით ამბრას ჰგავს, ნათელსა და მკვრივს, თანაც მისი დრეკადი ძალა უკანასკნელ მარცვალში სრულდება. მე ეპოქის სანიმუშო პროდუქტი ვიყავი, მაშინ ყაზახეთის სსრ-ს რომელიღაც მწერალზე უფრო მეტი უნდა მცოდნოდა, ვიდრე გომბროვიჩზე.
რამდენიმე წლის შემდეგ “ტრანს-ატლანტიკი” წავიკითხე. შემდეგ – “ფერდიდურკე”, “ჯვრისწერა”, “ივონა”. “ტრანს-ატლანტიკს” თავიდან ზიზღით ვუყურებდი, ირონიითა და სკეფსისით, როგორც კლასობრივ მტერს. ვერაფერი გავუგე, რადგან არც მსურდა რამე გამეგო. იმავეს ვფიქრობდი, რასაც ახლა ფიქრობენ ჩემი მაშინდელი განუვითარებლობის დონეზე დარჩენილი ადამიანები: მაგარი რამეა – თანაც უცნაური. უკვე “ფერდიდურკეს” შემდეგ გადანერგილი ქსოვილი შეთვისებულ იქნა. თუმცა არც მახსოვს შოკი, განცვიფრება – ეს მოგვიანებით მოვიდა, როცა თითქმის ოცდაათი წლისამ “პორნოგრაფია” წავიკითხე. “ფერდიდურკემ” კი მდუმარე ნეტარებაში ჩამითრია: ბევრ რამეს მაშინ თავისი სახელი დაერქვა.
გომბროვიჩი აუჩქარებლად აღწევდა ჩემში და ასევე აუჩქარებლად გამოდიოდა გარეთაც. არ ვიცი, როგორ შევარიგო ეს და ჩემს სულთან მისი მუდმივი და მარადიული თანაობა. შოკი და აღმოჩენა ერთდროულად? დიახ, თუკი ცნობიერების ზედაპირულ ფენას შევეხებით; ხოლო რაც შეეხება უფსკრულს, იქ არავინ იცის, რა ხდებოდა. აი, წავიკითხე “ჯვრისწერა” და “ივონა” და კარგად არც მესმოდა, რას ვკითხულობდი. მიუხედავად ამისა, დღეს, როგორც დრამატურგი, უნდა დავუპირისპირდე მისი ნაწარმოებების სულსა და ფორმას. ერთმაც და მეორემაც, როგორც ჩანს, ძალზე ღრმად გაიდგა ჩემში ფესვები. და მაინც, ჩემთვის გაურკვეველია, რატომ მდევს გომბროვიჩი თან, როგორც კოშმარი. მე ხომ მწერალი ვარ და ყველაფერ ამის გარდა, პოლონელიც გახლავართ – იგივე ფესვები მაქვს, იგივე ენა თვითგამოხატვისთვის – ყველაფერ იმით, რასაც ჩვენი მეტყველება მოიცავს. მისი ზეგავლენის ძალის და ნიჭის თავისებურებებისა და სხვა განსაკუთრებული თვისებების სფეროს რომ არ შევეხოთ, უფრო ცხად და ჩემთვის გაცილებით მტკივნეულ საკითხებზე მოგახსენებთ. თუნდაც აი, ამის შესახებ: გომბროვიჩმა იცის თავის ფასი და მყარად ზის უნაგირზე; მან არამხოლოდ მწვერვალს მიაღწია, არამედ ყველაფერს გააკეთებს, რათა შეინარჩუნოს ეს სიმაღლე. თუმცა, ეს სიმაღლე, ბრძოლის ეს სურვილიცა და თავად ბრძოლაც – პიროვნული, ესთეტიკური, თუნდაც ფორმალისტური თვალსაზრისით – იშვიათი და გასაოცარი, ერთი სიტყვით, საუცხოო სანახაობაა. მე ზოგჯერ (ვერც კი ვხვდები, ისე) ცხოველური რწმენა მეუფლება ხოლმე (არ შემიძლია სხვა სახელი ვუწოდო ამ მდგომარეობას, იგი არანაირ ანალიზს არ ექვემდებარება), იმის რწმენითა და იმედით ვივსები, რომ მეც იგივე დამემართება.
ის თავისებურება, რომელიც ახლა ვახსენე, საკმაოდ ნათლადაა დაკავშირებული გომბროვიჩის დიალექტიკის საფუძველთან – მოწიფულობა-უმწიფარობის ცნებებთან. იგი ორმოცზე მეტის იყო, მე კი ოცისა გახლდით. დღეს ახალგაზრდობა უკვე შორს დაგვრჩა, წარსულში, მაგრამ ძირითად შედეგს მაინც ვერაფერი შეცვლის: გომბროვიჩმა შექმნა სივრცე, სადაც მისმა მემკვიდრეებმა უნდა შეაბიჯონ, მე კი მსურს გადავაბიჯო, გავიდე ამ წრიდან და გარეთ აღმოვჩნდე. უფროსებში ყველაზე მთავარი ადამიანი – მამაა: იგი ქმნის ოჯახურ კერას, გარემოს, ვითარებას, რომელიც ახალშობილს უნდა დახვდეს. მაგრამ ბავშვი იზრდება და მან მემკვიდრეობაც უნდა მიიღოს, რათა როდისმე თავადაც გადასცეს სხვას. აი, ამაში მდგომარეობს გომბროვიჩთან ჩემი ორაზროვანი დამოკიდებულების წყარო – მე მას “დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას” ვუწოდებდი. დიახ, “დამოუკიდებლობა” კარგად ჟღერს, მაგრამ ამ სიტყვაში სხვა რამეცაა დაფარული – “დამოკიდებულება”, “მორჩილება”.
და კიდევ: პოლონური კულტურის ფენომენი შეზღუდულ სივრცეზე არსებობს და მასში თავისუფლად გადაადგილების მოსურნე ჯერ იძულებულია, გაარღვიოს არც ისე შევიწროებული თანამოძმენი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეუძლებელია თავი აარიდო პოლონელთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შემოქმედებით წრესთან შეტაკებას. გომბროვიჩის გარეშე მე გავღარიბდები, მაგრამ მის გვერდით მიჭირს მეობის შენარჩუნება. გავლენა, რომელსაც გომბროვიჩი ახდენს ჩემზე, ძალზე ძლიერია და მძიმე და ამავე დროს, იგი ამ ჯადოსგან გათავისუფლების წინაპირობაცაა. რადგანაც, თუ გსურს გადარჩე, ასეთივე ძალა უნდა დაუპირისპირო მას, ამგვარი ზემოქმედება კი შემოქმედებისთვის განგვაწყობს.
© არილი