პოეზია

სოფიკო ტყეშელაშვილი – “ფუტკრების ენით მღეროდა ცაცხვი…” და სხვ. ლექსები

* * *

ფუტკრების ენით მღეროდა ცაცხვი,

სახლს ერქვა სახლი!

მე კი სიმშვიდე მხოლოდ აქ ვპოვე,

აქ იყო ჩემი ანი და ჰოე!

შორს ღრუბლის ფარდა და ცათამბჯენი,

მე ვიცი, შენთან რომ გადავრჩები

და ისიც, – შენთვის რომ გადავრჩები!

სახლს ერქვა სახლი!

 

* * *

სულში სიმშვიდის ხნულებს ვავლებდი,

წვიმები დღეებს უხმოდ წაება,

ეს – მე დავკარგე აღმოსავლეთი

და დასავლეთიც მექცა წამებად.

მზის ქარიშხლები მწვდებოდნენ აქაც,

საუკუნეებს ვითვლიდი უკვე,

ვინ დაეძებდა ბივრილს და აქატს,

ვეძებდი წყალს და ვითხოვდი ლუკმებს.

როცა სიურჩე იქცა ჩემ ჭირად,

შენი წიაღის სურნელს ვნატრობდი,

თუმც, შორს იყავი ჩემი ბატონი,

ვიცი, ჩემ გზებზე თვალი გეჭირა.

ბევრჯერ დაცემულს კვლავ შენსკენ მიხმე

ჩემი სულის და სხეულის ხსნისთვის,

ვერ შევეფარე ვერასდროს მის მხრებს,

გზადაგზა ჰკრეფდა ყვავილებს სხვისთვის.

ცხადის და სიზმრის საზღვარს არღვევდა,

სწამდა ომებით სამყაროს შეცვლის,

მე ვაღვივებდი სიმწრით ნაღვერდალს,

მას კი სახლიდან გაჰქონდა ცეცხლი.

დღესაც ასეა, ყველა გზას ხერგავს,

ვერ მაპატია დაკარგვა იმ ცის,

უკვე იმდენჯერ შებრუნდა ჩემგან,

რომ მისი ზურგი ზეპირად ვიცი.

და ჩამოშლილი წვიმების მაქმანს,

ვინ ამოკემსავს ელვის ისრებით,

ვაპურებ შვილებს, ჩიტებს და აქ ვარ

და შენი სახლის სევდით ვივსები.

 

გვიან შევამჩნიე თვალების სისველე,

აღარ დაგჭირდები, ვიცი, ამის მეტად,

რატომ, ალვის ხეო, რატომ ვერ გიშველე,

როცა შემოდგომის ქარმა გაგიმეტა.

როცა ცას მოჰფინა ღრუბლების ნაფლეთი,

ფეხდაფეხ მსდია და კარებთან ჩასაფრდა,

მთელი დღე ქუჩებს და ეზოებს აფენდა,

წართმეულ ფოთლებს და წართმეულ თავსაფარს.

შენ ახლა დგახარ და წვიმებთან დარდს იყოფ,

ნეტავ კი გახსოვდე და შენსკენ მეძახდე,

არ არის იოლი, იყო და არც იყო,

გინდოდეს გაქცევა და სხეულს ვერ ძრავდე.

გინდოდეს, ის წუთი არასდროს არ გკლავდეს,

ყულფი რომ ამარცხებს მძინარე სატევარს,

გაშლა და გაფრენა სწყუროდეს მაგ მკლავებს,

და არა სასხვისო ცეცხლისთვის დამტვრევა.

 

რატომ, ალვის ხეო, რატომ ვერ გიშველე?

 

* * *

ისევ ქარებს შემოჰყავთ

შემოდგომა თბილისში,

ცა კი ბოლოდაშვებულ

მტრედივით ჩანს ფანჯრიდან,

წავიდოდა ერთხელაც,

წყენას წაიყოლებდა,

უმისობით დამსჯიდა!

 

* * *

გზას ვინ შეუკრავს იმ ყინვებს?

თვალს ვინ შეაჩვევს წკვარამს?

ყურთან ბაყაყი ყიყინებს,

თვალწინ გომბეშო მზარავს.

სავალ გზებს იიოლებენ

ხტუნვით და სვენებ-სვენებით,

სადა ხართ, კვირიონებო,

თქვენი კაშკაშა ფერებით.

მე რომ მოყვრებად გიგულეთ,

თქვენც ცას მიყოფდით ახლობელს,

ფრთასაც არ წაჰკრავთ იმ გუბეს,

სადაც ესენი სახლობენ.

ამათი სადილ-სამხარი

სხვისთვის რომ იქცა გოდებად,

მამული უკვე გამხდარი

გვირილის გულისოდენა.

 

სადა ხართ, კვირიონებო?

 

* * *

კარს შემოაღებს ბედისწერა უკვე სხვა მხრიდან,

შემოიყოლებს უხსენებლის თვალების ქარვას,

იქნება სჯობდეს, რომ დარჩე და არსად წახვიდე,

ისე ძლიერი სულაც არ ვარ, როგორიც ვჩანვარ.

ბევრ ჩემ სისუსტეს ვერასოდეს ვერავის ვუმხელ,

როგორ აგიხსნა გულისგულში რა ცეცხლს ვინახავ,

ქარის სუნთქვაზეც ზოგჯერ ისე ვეცემი მუხლზე,

შენ ეს, უბრალოდ, არასოდეს არ დაგინახავს.

დროა სიბნელის, მიაღწია ბევრმა საწადელს,

მე კი დავეძებ მთვარის შუქზე სულის სადგურებს,

ოქტომბერია, ახამხამებს სუროს წამწამებს,

სახლი, რომელიც უშენობით გამანადგურებს.

 

იქნება სჯობდეს, რომ დარჩე და არსად წახვიდე!

 

* * *

აქ ქვის კიბეა,

გვიმრის ფოთლის აცვივა მტვერი,

გარეთ ქარია,

მე ქარიშხალს უფრო ველოდი,

მაინც მეტყობა უშენობა,

ეგ არაფერი,

ვითვლი ვარსკვლავებს

მოგონილი უდარდელობით.

 

* * *

გამოქვაბულის

კართან ვიდექი,

გელოდებოდი!

გელოდებოდი

იმ მოლოდინით

მე რომ ვიცოდი

და ახლაც ვიცი.

შენ მოიტანდი

ნანადირევს

და შემოსვლამდე

დაიბერტყავდი

თმებიდან წვიმას,

ტანიდან ქარს –

უსიერი ტყეების

სუნთქვას.

მერე კაწრავდი

მამონტის ეშვზე

შვლებს გადევნებულ

მონადირეს,

კედლებზე კიდევ,

ხარებს და ნიშნებს

და არც ერთხელ

მე არ მხატავდი!

წავიდოდა

მზე დედამისთან!

მედო თავი

შენ ხელისგულზე

და იმ ხელისგულს

ნადირის სისხლის

სუნი ჰქონდა!

ახლა ვდგავარ

სასახლის კართან

და გელოდები!

ჩემ მოლოდინს,

როგორც მაშინ,

ახლაც ვერ იგრძნობ!

მოდიხარ,

მოგაქვს

ნაალაფარი,

უცხო ქვეყნების

სადგურების,

სასტუმროების

მღვრიე მზერას

თავმომწონედ

შემოიყოლებ,

(არ ტოვებ გარეთ)

და მხატავ!

მხატავ!

მხატავ!

მერე კი,

როცა

მაღალ ფანჯრებზე

ხავერდის ფრთებს

ჩამოშლიან

ფარდის ჩიტები,

მიდევს თავი

შენ ხელისგულზე

და ამ ხელისგულს

მახსოვს, ოდესღაც,

ნადირის სისხლის

სუნი ჰქონდა,

ახლა კიდევ,

კაცის სისხლის აქვს!

 

* * *

გარინდებულა ეზო და ყურე,

შემორაგული ძველი მესრით,

შროშანმა მიწას დაადო ყური,

რას ჩურჩულებენ, ნეტავ ფესვები?

კვლავ აერევა სავალი კირჩხიბს,

თუ შენი ნახვის სურვილსაც ვსძლიე,

მეზობლის ქალებს ჩამოაქვთ ფიჩხი

ტყიდან და ჭიშკრებს აღებენ მძიმედ.

ეს შეთენება სევდას მიტოვებს,

დაუკეცია ბაფთები ასკილს

და ცარიელი ბუდე ხის ტოტზე,

ჰგავს ჩიტის ღალატს ყველაზე სასტიკს.

ვინ მიპასუხოს, – რატომ რჩებიან,

სტუმრებით სავსე, რატომ სდუმს სახლი?

გავყურებ მინდორს, ვიცი ჩემია

და უცხო მწყემსი აძოვებს ნახირს.

გზა დაამსგავსა ბალახმა გზაწვრილს,

თვალს მოაფარა მიწის ნეკნები,

ბინდდება, ირგვლივ ნადირი დაძრწის,

ძლივს წკავწკავებენ ძაღლის ლეკვები.

© არილი

Facebook Comments Box