,,მე მინდა ჩემი მკითხველი შევაჩერო წამით მაინც. მე მინდა მას ვუთხრა:
ეს ბალახია, ეს ხე, ეს წყალი, ეს მთა, ეს ფრინველი, ეს კი ადამიანი.
და მანაც დაინახოს: ბალახი, ხე, წყალი, მთა, ფრინველი, ადამიანი. ” – რევაზ ინანიშვილი
,,სულაკაურის გამომცემლობამ’’ რევაზ ინანიშვილის მოთხრობებისა და ჩანაწერების კრებული ,,ძველი ფურცლიდან’’ გამოსცა.
ამ წიგნის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი გაფორმებულია მწერლისეული ნახატებითა და ილუსტრაციებით, კონკრეტული ნოველის ორგანულ ნაწილად რომ აღიქმება.
ირმა რატიანის დაკვირვებით, ,,სითბო, თანაგრძნობა (ლესინგისეული), სიყვარული ( თუნდაც უპასუხო), ყოველდღიურობის რუტინაში პატარ-პატარა სიხარულების აღმოჩენისა და გაზიარების სურვილი უშურველად იღვრება რევაზ ინანიშვილის ყოველი ტექსტიდან. მისი მწერლობა ორიენტირებულია საზოგადოების არა მარტო სულიერ-ინტელექტუალურ თუ ფსიქოლოგიურ, არამედ ყოფით-სოციალურ პრობლემებსა და ცვლილებებზე.
ორდინარული, თუმცა ხშირად არაორდინარული სიტუაციებიც, სხვადასხვა ცხოვრებისეული პრობლემები, ეთიკური დილემები, ღირსეული გამოსავლის მუდმივი ძიება – ამ თემების რეალიზაციისათვის მწერალი წარმატებით იყენებს მცირე პროზაულ ფორმატს – მოთხრობისა და, უპირატესად, ნოველის ჟანრს. ინანიშვილი ვირტუოზულად ფლობს ნოველის ტექნოლოგიას, სრულად შეიგრძნობს ჟანრის კანონს და ქმნის შეუდარებელი მწერლური ალღოთი და გემოვნებით გამორჩეულ ქართულ შედევრებს – იქნება ეს ,,დავითის ხმალი’’, ,,კაცი და ქალი’’, ,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი’’, ,,უკუღმა დაჭედილი’’, თუ სხვა. წერის მანერა ძალზე დინამიურია, ხშირად – აღსავსე იუმორით და პაროდიითაც კი, თემები – ჰუმანური, სიუჟეტები – დახვეწილი, მორგებული ნოველის საუკუნოვან ტრადიციებს.(…) ძნელად თუ მოიძებნება მწერალი,რომელიც ისეთი სიზუსტით ათავსებდეს ტექსტს ჟანრის განმარტებაში, როგორც ამას აკეთებს რევაზ ინანიშვილი. მისი ნოველების სიუჟეტებიცა და ფინალებიც ჟანრისთვის ნიშანდობლივი მოქნილობით, მაღალი კონცენტრაციით, თხრობის დინამიური მანერითა და, რასაკვირველია, მოულოდნელი დასასრულებით არის გამორჩეული.’’
© არილი