ესე,  პროზა

ტარიელ დათიაშვილი – მელია და მწევარი

ეს წერილი, მოხსენების სახით, დიდი ხნის წინათ სემიოტიკის ერთერთ კონფერენციაზე წავიკითხე. მოგვიანებით მასში გადმოცებული შეხედულებები თანამედროვე ქართულ რომანს დავუკავშირე და ახლა მას სრულიად განსხვავებული სახით გთავაზობთ. მართალია, ბოლო ხანებში აქ დასმულმა პრობლემამ, თითქოს, სახე იცვალა, მაგრამ ლიტერატურის მოყვარულთათვის, ვფიქრობ, მაინც საინტერესო იქნება.

I

არც ისე დიდი ხნის წინათ, ქალბატონ ცირა ბარბაქაძის ერთ ლექსში ასეთ სიტყვებს გადავაწყდი: „დროს მაშინ ვპოულობ, როცა ვკარგავ“. ის დრო გამახსენდა, დიდი მდინარე რომ მოვარდა და მწერლებმა, უცბად, უკუღმა ლაპარაკი დაიწყეს. ვიღაც იქით მხარეზე დარჩა, ვიღაცამ გამოცურა, მერე კი დადგნენ ნაპირზე და ერთმანეთის ლანძღვა დაიწყეს. იმიტომ არ დაუკარგავთ ერთმანეთი, რომ ეპოვნათ, პირდაპირ მიწა მიაყარეს ერთმანეთს. დროთა კავშირიც აქ დაირღვა, რითაც ქართულ ლიტერატურას ნამდვილად არ უხეირია. მას მერე სიტყვები ყირამალა გადადიან, გამუდმებით გაურბიან საკუთარ თავს, საპირისპირო ჟღერადობაში, აზრსა თუ მნიშვნელობაში იყუჟებიან და იქედან იქნევენ მუშტს, მაგრამ ამის გამო დრო ნაბიჯს არ ანელებს ქუდის მოსახდელად, უბრალოდ, თუ აქამდე მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობდა საათის ისარი, ახლა პირუკუ გაუყვა გზას.

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მეგონა, ეს მარტო ჩვენს თავს ხდებოდა. აკვარიუმის თევზივით ვერც მე ვხედავდი ჩემსა და მსოფლიო რეალობას შორის არსებულ ზღვარს, ვცდილობდი, ახალი სიტყვებით კარგად მეთამაშა, რა ვიცოდი, ერთი შეხედვით მარტივი ფრაზა: დროს მაშინ ვპოულობ, როცა ვკარგავ, მთელ საკაცობრიო ისტორიას თუ მარხავდა. აბლაბუდა პირველად შოპენჰაუერმა მოქსოვა. ის ასე იტყოდა: დროს ვერ ვპოულობ, ვიდრე არ დავკარგავ, რითაც ჭკუისკოლოფა რაციონალისტებს ეუბნებოდა, თქვენ მართალი ხართ, კარგ სიტყვებს ამბობთ, ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზის ჩვენება შესაძლებელია, მაგრამ მაინც არაფერი გამოგივათ. ბევრს არ გაუცინია, მეტიც, ახალგაზრდა, გულჩათხრობილმა ფილოსოფოსებმა პროგრესიზმი მიზანმიმართულ ბოროტებად გამოაცხადეს. ვიდრე არ დავასრულებთ, ვერ აღმოვაჩენთ; ვიდრე არ მოკვდება, ვერ ვიპოვით, ვერ დაველაპარაკებით (ტ.დ.). პროგრესისტების სიტყვების სინათლე საზრისის დაბნელებამ, ჭეშმარიტებისგან აცდენამ გახადა შესაძლებელი, ჭეშმარიტი სული წარსულში დარჩა, ამიტომ საჭიროა შემობრუნება და ამჯერად, არა მომავლისკენ, არამედ უკან, გზის დასაწყისისკენ გეზის აღება, საფუძველშივე მისი წვდომაო. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს დიადი ბიჭები პროგრესიზმში მიმართულების, მხოლოდ საათის ისრის მოძრაობის პრობლემას ხედავდნენ, ამიტომ იმედოვნებდნენ, რომ მატარებლის შემობრუნებით მას იოლად შეაჩერებდნენ (გაანეიტრალებდნენ). მოდერნულობამ კი საპირისპირო მიმართულებითაც დიდი წარმატებით გააგრძელა სვლა. საბოლოო ჯამში, ერთიანი კულტურული მოძრაობა გაიხლიჩა და ამ ორმა დრომ მოდერნულობის სივრცეში სწრაფად მზარდი ერთმანეთს დაპირისპირებული იდეოლოგიები წარმოშვა. საჭირო გახდა გაჩერება, დროის გაყინვა, ერთ ადგილზე გაქვავება, რადგან ის ნგრევით ემუქრებოდა მთელს ადამიანურ სამყაროს. ასეც მოხდა, გვიან, მაგრამ, საბოლოოდ, ზუსტად ისტორიის დასასრულზე, გაჩერებაზე დაიწყეს ფიქრი. ახლა ეს ძალიან პოპულარული ტექსტებია და ისინი ყოველივეს დასასრულს კი არ აღნიშნავენ, არამედ ერთ წერტილში დროის ძაფების განასკვას ცდილობენ (წერტილი, რასაკვირველია, ეგზისტენცია-აწმყოა).

ამ მოვლენას უძველეს დროშიც მოეპოვება პარალელი, იმ ეპოქაში, როცა ჯერ კიდევ ზევსი ამყარებდა თავის წესრიგს. გახსოვთ, ალბათ, როგორ დაედევნა ერთხელ კეფალეს მწევარი ტევმესიის მელიას, რომელიც თებელებზე განრისხებულმა დიონისემ მოუვლინა ბეოტიას. როდესაც ამფიტრიონმა ალკმენეს ხელი ითხოვა, მას ასეთი პირობა წაუყენეს – ალკმენეს მოგათხოვებთ, თუ კაციჭამია მელიას მოგვაშორებო. ღმერთებისაგან იყო დადგენილი, რომ ტევმესიის მელიას ვერაფერი ვერ უნდა დაწეოდა დედამიწის ზურგზე. ამფიტრიონმა დახმარებისთვის კეფალეს მიმართა, რომელსაც ჰყავდა არტემიდეს ნაჩუქარი მწევარი. ასევე ღმერთების მიერ იყო დადგენილი, რომ ლელაპოსი რასაც არ უნდა დადევნებოდა, დედამიწის ზურგზე, უეჭველად უნდა დაწეოდა. და აი, დადგა ჭეშმარიტების მომენტი: მწევარი დაედევნა მელიას და დასანგრევად განწირულმა სამყარომ ზანზარი დაიწყო (ამ მოვლენას სარჩულად ისეთი დახლართული პოლიტიკური მოვლენები ედო, მასთან შედარებით მეოცე საუკუნე ქობულეთია*). მორალი ის არის, რომ ღმერთები გამუდმებით მოდიან წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან, ისინი ნანგრევებზე ბატონობენ. ზევსის მულტიკულტურული დროც დაწყებისთანავე სრულდება, თვით გარიჟრაჟზე, ჰერაკლეს დედ-მამაც რომ ჯერ ერთმანეთს არ იცნობენ, ტროა ხსენებაშიც რომ არაა და გიგანტომაქიაც ჯერ კიდევ გადასატანია. ზევსმა შემთხვევით მოჰკრა თვალი, როგორ მისდევდა ლელაპოსი ტევმესიის მელიას და მაშინვე გააქვავა ორთავე არსება, მაგრამ ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა, აქ გაქვავება კონფლიქტის მხოლოდ დაკონსერვებას ნიშნავს. ეს ბედისწერაა, ღმერთების ნება-სურვილით ეს არსებები უკვდავები არიან, ამიტომ ადრე თუ გვიან ისინი დაიბრუნებენ დროს, საკუთარ თავს, მწევარი დაეწევა ან ვერ დაეწევა მელიას და წესრიგიც დაიმსხვრევა. ბერძნულმა კულტურამ სწორედ ამ გარდუვალი მსხვრევის, გაქვავებული შესაძლებლობის წიაღში იარსება. დრო ზუსტად მაშინ გახდა ნაპოვნი, როცა ის დაიკარგა.

ერთი სიტყვით, ისტორიისთვის ერთი თვალის გადავლებითაც ნათელი გახდა, რომ ფრაზა – დროს მაშინ ვპოულობ, როცა ვკარგავ, მთელი საკაცობრიო ისტორიის მანძილზე იმდენად ინტენსიურად ტრიალებს სხვადასხვა ენებში და ამ გამოთქმის იმდენი კონფიგურაცია და ინტერპრეტაციაა დაგროვილი, თავისი განმარტებებიანად, რომ მასთან დაკავშირებით რაიმე ორიგინალურის თქმა ცირკის არენაზე თუ იქნებოდა მხოლოდ გამართლებული. თუმცა, ესეც არ იქნებოდა პრობლემა (ცირკი ლიტერატურის საყვარელი ადგილია, აზროვნება კი – ზუსტად ჰერაკლეს მსგავსი გმირი, რომელსაც ყოველთვის შეუსრულებელ დავალებებზე ვგზავნით), რომ არა თვითონ ნაპოვნი ფრაზის შინაარსი. მის ფარგლებში მოქცეული დროის ასეთი წაკითხვა ხომ უკვე ფიქრის დაწყებამდე აუქმებს სიახლის საჭიროებას, ორიგინალობას როგორც სულიერ მოთხოვნილებას? ადამიანი ხარ, გინდა იყო განსხვავებული, გამორჩეული; იყო მუდმივ სწრაფვაში; ელტვოდე მუდამ უკეთესს, ახალს, განსაკუთრებულ მდგომარეობას, მაგრამ ამას ვერ ახერხებ, ხელ-ფეხი გაქვს შეკრული, დრო არ გიშვებს. გაქვავებული ხარ, რადგან მოცემულია ფაქტი – დროის უწყვეტი მდინარება, მაგრამ არ სჩანს არანაირი უნივერსალური მომავალი, რომლისკენ სწრაფვაც განაპირობებს დროის შესახებ ნებისმიერი წარმოდგენის არსებობას. დღეს ქართული ლიტერატურა აღმოჩნდა ამ აბლაბუდაში იმდენად, რამდენადაც ჩვენი დრო ექოსავით ირეკლება მეოცე საუკუნის დასაწყისის გაყინულ კალთებზე, რომელსაც დაკარგული დროის საძებრად წასულმა მარსელ პრუსტმა შემაძრწუნებლად მშვენიერი სახელი – დიადი უაზრობა, უწოდა.

ლოგიკურად, ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ჭკუადამჯდარი რომანი დაფიქრდებოდა – რა ვქნა, ავჯანყდე და ყველაფერი შევცვალო ირგვლივ თუ საკუთარი თავში ჩავიხედო, გავიგო, რა მინდა მასში სინამდვილეში? ორთავე შემთხვევაში მას დანიშნულება დასჭირდებოდა, გულუბრყვილო ენთუზიაზმით რომელიმე მწვერვალისკენ თითის გაშვერა. პოსტმოდერნულად განწყობილი ქართული ლიტერატურა კი არ ავლენს არავითარ მიდრეკილებას მისიებისკენ (ეს ცუდ ტონად ითვლება. ჭკუის დამრიგებლურ მონოლოგებს თუ იგავებს მასხრად იგდებს), არ გააჩნია განახლების მოთხოვნილება. წერის პროცესი მიჯაჭვულია თვითონ სიტყვებზე, სიტყვები კი საკუთარ თავში არიან ჩახლართულნი, რომლებიც არ საჭიროებენ აზრის დახმარებას გარედან, რომ იყვნენ გაგებულნი. ტექსტის საზრისი სუბიექტური მგრძნობელობის საზღვრის გადალახვას ვერ ახერხებს. ყველაზე საინტერესო ლიტერატურული მოვლენა მისთვის თვითონ წერის პროცესია და ის, ვისაც კალამი უჭირავს, თითქმის ისევე, როგორც პრუსტისთვის, ოღონდ თევზის მდგომარეობაში, როცა ჯერ კიდევ ვერ ხედავ საკუთარი აკვარიუმისა და ოთახის სივრცეს შორის გამავალ ზღვარს. შენი განცდების წარმოქმნაში მინაზე მოარული ჩრდილებიც მონაწილეობენ. თამაშს კლასიკური მიზანი აქვს – იპოვო უცხო, მაგრამ ეს ისევ შენში არსებული უცხოა, რომელსაც აძლევ შენგან გამოსვლის, დამოუკიდებლად არსებობის უფლებას, რომ მისი თვალით დაინახო საკუთარი თავი. სხვაგვარად საკუთარი მდგომარეობის ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია (ჰეგელი ამბობს, თვით უფალიც კი ვერ გახდა სრულყოფილი ძის გარეშეო). მაგრამ, ისევ პრუსტის მხატვრული სახეები რომ გამოვიყენოთ, ამისთვის აუცილებელია ხედავდე (ამჩნევდე) აკვარიუმს, რომელშიც იმყოფები და იმ ოთახის სივრცეს შორის არსებულ ზღვარს, რომელშიც აკვარიუმი დგას. ეს უნდა შეძლო, თუ საკუთარ დასასრულს, საკუთარ ჰორიზონტს ვერ ხედავ, თუ არ იცი, სად ხარ და სად მთავრდები, საკუთარი თავიდან როგორ გამოხვალ? დროის პოვნა ამ ზღვარის პოვნაცაა.

ეს პრობლემა აქვს ჩვენს ლიტერატურას (ამაში მთელს ცნობიერებასაც შეიძლება ვგულისხმობდე): საკუთარი თავი არ გვაქვს შემოსაზღვრული იმ კულტურაში, რომელშიც ჩვენი აკვარიუმი დგას, და რადგან ამ კულტურის თვალით ვერ ვუყურებთ საკუთარ თავს და გაუცხოების საფუძველზე ვერ ვახდენთ მასთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, ამდენად, ის ხდება სრულიად სხვა. მაგალითად, როცა ცნობილი მწერლები ჩამოდიან ხოლმე საქართველოში, ისინი ჩვენიანებად გვესახებიან, სრულებით არ არიან უცხოები, პირში მივჩერებივართ, იქნებ თქვას ჩვენზე რამე კარგი, თავზე ხელი დაგვისვას, რადგან ჩვენიანობა დაახლოებით პატრონყმური სათნოების მსგავსი გრძნობაა. თუ სტუმრის სიტყვები არ მოგვეწონა, მაშინვე მორალისტურ-იზოლაციონისტური მექანიზმი გვერთვება და ის ხდება – სხვა. არ ვიცი, სრულყოფილად ავხსენი თუ არა ეს მიმართება, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ სინამდვილეში დასავლური კულტურის არანაირი ნაწილი ჩვენ არ ვართ, იმიტომ კი არა, რომ ამ კულტურასთან სასიცოცხლო კავშირის ისტორიულ წანამძღვრებს ვეღარ ვხედავთ ჩვენში, არ გვაქვს მისწრაფება ან სიყვარული, უბრალოდ, ვერ ვახერხებთ ამ კავშირის დამყარებას აქ და ახლა, კავშირი ხომ არ არის ღვთისგან ნაბოძები მადლი ან ბედის საჩუქარი, მის დამყარებას ძალისხმევა სჭირდება, როგორც სიცოცხლეს. შედეგად კი ვიღებთ საკუთარ თავს როგორც პირამიდას, ლაბირინთული ტიპის ნაგებობას, აკლდამას, რომელშიც ვართ ამოკეტილი, გარეთ ვერ გამოვდივართ, მაგრამ შიგნით არაფერს ვეძებთ, საკუთარ თავში არ ვეძებთ უცხოს, ამის მაგივრად, ისე გვიჭირავს თავი, თითქოს ცოცხლები ვართ, გარეთ ვიმყოფებით და მთელს სამყაროს ვუმზერთ, მაგრამ, სინამდვილეში, უკუნში გვიდგას ფეხი, ვერაფერს ვხედავთ, ცხვირწინ რა გვიდევს, არ ვიცით. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ეს არ არის ათენურ-გერმანული ლაბირინთი, გულგატეხილი ტიპი რომ შედიხარ, იქედან კი მძლეთამძლე გმირი (ჰიტლერი) გამოდიხარ, რომელსაც ერთი ხელის მოსმით მთელი გარემომცველი სამყაროს შეცვლა შეუძლია. არა, აქ შედიხარ და სიკვდილამდე შიგ რჩები, პატიოსნად, უსახელოდ (ასეთ სამყაროში შესვლა ზუსტად სახელის დაკარგვას ნიშნავს. შიგ არც მინოტავრია, რომლის მოკვლასაც ძველად ზუსტად სახელის მოსახვეჭად ცდილობდნენ, და არც არიადნას ხელს გპირდება ვინმე, იქედან გამოღწევის შემთხვევაში. მოკლედ, ზუსტად ისე, როგორც ჯოისის ლაბირინთში – დუბლინში), ანუ, არანაირი ხეირი არაა ასეთი ლიტერატურისგან, გარდა დაღლისა, მასში ვერაფერს პოულობ, არაფრის ახსნა არ შეგიძლია და შენც, ვერაფერს მატებ მას საკუთარი ძვლების გარდა…

და შიგნით, თვითონ ლაბირინთში რა ხდება? არც არაფერი. სრული სიბნელე. აქა-იქ ჩირაღდნები ანათებენ, რომელსაც ქარი ათამაშებს. შუქი მოხატულ კედლებზე მოძრაობს, რომლებზეც, შიგადაშიგ, ნახატების რაღაც ფრაგმენტებს შეავლებ ხოლმე თვალს. შინაარსი, როგორც გლობალური დრო, როგორც სამყაროს ერთიანი სურათი, მხოლოდ და მხოლოდ ამ კედლებზე მიმოფანტული, წამიერად გაელვებული, მხოლოდ სილუეტებში დანახული და მოგონებათა ასოციაციებად აღქმული ფრაგმენტების ინტუიტიური დაკავშირებაა, რასაც ბოლომდე ვერ ახერხებ, ვერ ასწრებ, რადგან დრო სწრაფად გადის, სწაფად მოძრაობ და რაც მთავარია, ხდება გამუდმებით ერთი და იმავე გზის გავლა, დაუსრულებლად, მაგრამ, რადგანაც სურათის შეკვრას ვერ ახერხებ კედლებზე, ეს ერთი და იგივე ყოველთვის არის ახალი და შეუცნობელი. მკითხველიც იბნევა უიმედოდ და ძალაუნებურად, იმ განათებული ოთახის პოვნის იმედს ებღაუჭება, სადაც ალაფურშეტისთვისაა სუფრა გაშლილი, რომ, რაც შეიძლება, დიდხანს გაძლოს, დარჩეს ცოცხალი (მოდერნისტული რომანების კითხვაც ზუსტად ლაბირინთში უსაზრისო, ძალიან დამღლელი ხეტიალის, აუტანელი შიმშილის განცდას ტოვებს, სადაც გგონია, რომ ბოლო გვერდამდე სულს ვერ მიიტან, ცოცხალი ვერ გადარჩები). ამბავი კი ისე მთავრდება, რომ საკუთარ თავში ჩარჩენილ-ჩახლართულ ქართულ ლიტერატურას, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს მოსწონს და სადაც ყველა მარტო თავის ნაწერს კითხულობს, ხელთ რჩება არა რომანი, არამედ ერთმანეთთან უწესრიგოდ დაკავშირებული კომიკურად მოწუწუნე და პრობლემებზე მოცინარი პატარ-პატარა, საყვარელი სურათები, რომლებიც სტატიურობის ბრჭყალებში ფართხალებენ და ვერაფრით ერთიანი კონცეპტუალური სივრცის, იგივე დროის პოვნას ვერ ახერხებენ, ანუ, ვერ ახერხებენ პასუხი გასცენ საკვანძო კითხვას – სად ვარ? რა ხდება სინამდვილეში? როგორია დროის დაკარგვის გამო უსიცოცხლო საგნებისა და ადამიანების გარემოცვაში ყოფნა? და საერთოდ, რას ნიშნავს დროის დაკარგვა?

გავიმეოროთ, მაინც, ერთხმად: დაკარგულია დრო, რომელიც შენთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, რატომღაც, ჩამოგერთვა. ჯერ კიდევ სუნთქავ, მაგრამ შენი დრო უკვე წასულია. ზურგიდან რეალობის ხმა გესმის – ეს სიკვდილია, და უეცრად, დარჩენილ წუთებში ზუსტად იმას პოულობ, რაზეც აქამდე სიცოცხლეს ამბობდი. ერთ ნაბიჯში უსიტყვოდ იცანი. თვალი აგეხილა, ყველაფრის ენა გესმის გველისმჭამელივით, ეს მდგომარეობა მოგწონს, გაცოცხლებს, რაც გაიძულებს დაფიქრდე: რატომ არ გესმოდა საგნების აქამდე? რატომ ვერ ამჩნევდი მათ შენს ცხვირწინ? სად გაქრნენ ის მოვლენები, თოვლივით რომ ცვიოდა შენს ცხოვრებაში და საერთოდ, ხარ კი ის, ვინც ხარ სინამდვილეში? შენ ხომ ყოველთვის ის გინდა იყო, ვინც სინამდვილეში ხარ? მაშ, სად ხარ და საერთოდ, ხარ კი ცოცხალი? კანში ჩარჩენილი თითო-ოროლა მოვლენის შეკრებით, ნელ-ნელა, მოზაიკის დალაგებას იწყებ. ამდენად: ყველა დრო დაკარგულია, სადაც შენ არ ხარ ცოცხალი, მაგრამ სიცოცხლე არ არის თავისთავადი მოცემულობა, როგორც ვთქვი, მას ძალისხმევის დახარჯვა სჭირდება. ყველა არაა ცოცხალი, ვინც ჰაერს აფუჭებს. ცოცხალი მაშინ ხარ, როცა საკუთარი განცდების საზოგადოდ დეკლარირებული ვალდებულებისგან გამოცალკევებას და საკუთარი თავის იმ თვალუწვდენელი ქვაბიდან ამოყვანას ახერხებ, რომელშიც მთელ სამყაროსთან ერთად იხარშები. პარალელურად: მკვდარი ხარ, როცა არ იცი და არც დაეძებ, გიყვარს თუ არა სინამდვილეში; როცა ცხვირწინ რაც გიდევს, ვერ ხედავ; ყურში ჩაგძახიან და არ გესმის; როცა იმედი გაქვს, რომ შენი პრობლემები, ადრე თუ გვიან, გადაწყდება, რადგან იმედი მაცოცხლებელი ძალისხმევის დახარჯვისათვის თავის არიდების საუკეთესო საშუალებაა. ერთი სიტყვით, იმედი სიცოცხლის გადადებას ნიშნავს.

თუმცა, რაც არ უნდა იგულისხმებოდეს დაკარგულ დროში, მთავარი მაინც მისი ძიებაა, ძაფის რთვა, რომელიც არასოდეს წყდება, არასოდეს თავდება, მაშინაც კი, როდესაც ცნობილია, რომ ეს ყველაფერი წყლის ნაყვაა (არისტოტელური გაგებით). პრუსტს არ აინტერესებს არის თუ არა დაკარგული დროის პოვნა და ძიების დასრულება (ამბის მოყოლა) შესაძლებელი. არ აშფოთებს ფაქტი, რომ უკვე ნაპოვნი დროც კი, ნაპოვნი წამი მუჭში წყალივით არასოდეს უჩერდება, ვერავითარ ნაკლს ვერ ხედავს ამ უსაზრისობაში, ეს მისთვის დიადი უაზრობაა, რადგან ძიება უკვე არის მისი ეგზისტენციური მდგომარეობა, რაც უკვე ნაპოვნიც აქვს, როგორც უძვირფასესი განცდა, როგორც ჩაიში ჩამბალი ნამცხვრის გემო. ენის წვერზე აქვს ეს გემო, ეს ყოფიერება. ვიცი, სწორ დროში მოხვედრილი და პოსტმოდერნულ ხიბლში ჩავარდნილი დიდი ქართული ლიტერატურის შვილები ახლა ჩუმად ფხუკუნებენ სიტყვებზე – ძიება, სიცოცხლე… არადა, ზუსტად ძიებაში შესვლა ნიშნავს დღეს მათთვის ასე მოდური სიტყვის – ლაბირინთის შენების დაწყებას. რას ეძებს დაკარგული დროის სახით პრუსტის რომანის გმირი? ის ეძებს რომანის დასაწყისს. დასაწყისის პოვნამდე ვერ ხერხდება სილუეტებში სახელების გამოკვეთა, რადგან ვერ არჩევს რეალობისა და ილუზიის საზღვარს. არ იცის, მისკენ მოშვერილ საბედისწერო, თვალისმომჭრელ სინათლეში ძლივძლივობით დანახული თითო-ოროლა საგნის გაელვება უფრო ძვირფასია მისთვის თუ წარსულის ნამსხვრევების შეკრება და მათგან რაღაც ამბის გამოყვანა. ამიტომ არანაირ სახელთან და დასკვნასთან არ ჩერდება, ეძებს საგნებს და ემოციებს, სურვილებს და ნიღბებს. ეძებს და ამ ლაბირინთში იკარგება, ქრება, ძიება გრძელდება, ახლა უკვე თვითონ ძიება ეძებს საკუთარ თავს. ზუსტად ძიება ხდება რომანის (სიცოცხლის) დასაწყისიც – დიადი უაზრობა, რასაც ის რომანის ბოლოში ხვდება. ანუ როცა დასაწყისს პოულობს, რომანი მთავრდება, დრო სრულდება. ამბავი გაქვავებულია რაღაც საზრისში. თვითონ წიგნის ბედიც ამ ლაბირინთში აღმოჩნდა, რომლის დასასრულიც თითქმის დასაწყისთან ერთად დაიწერა. თითზე ჩამოსათვლელი დღეების ამარა დარჩენილმა პრუსტმა ისიც კი არ იცოდა, თუ მწერალი იყო, ერთხელ პატარა ესსეს წერა დაიწყო, რომელიც, მოულოდნელად, დაუსრულებელ რომანში გადაეზარდა. შეეშინდა, რომ წერტილს ვერ იხილავდა, საჩქაროდ დაწერა დასასრული და შემდეგ გააგრძელა წერა, რის შემდეგაც იწყება ძიება იმისა, რაც უკვე დასრულებულია, რაც დაწერილია. საბოლოოდ, მანაც დასრულებულ დროზე აღმართა თავისი სიცოცხლე, რომელიც ზუსტად მაშინ იპოვა, როცა დაკარგა.

კი, ბატონო, ლაბირინთიდან ისმის პრუსტის ჩურჩულიც და ჩვენი ჰარიჰარალოც, მაგრამ ახლა გეტყვით რაშია განსხვავება. პრუსტისთვის ლაბირინთი არ არის რეალური შენობა, კრეტის კლდეებზე შეხიზნული მეტაფიზიკური მომავლის მსგავსი სავაჭრო ობიექტი. დედალოსიც მასში დატყვევებული ხელოვანია. ლაბირინთი თანდათან შენდება მის ხელში, შემოაშენდება ტანზე. ამ სულიერ აქტში მონაწილე თითოეული მისი სიტყვა აგურია, რომლითაც ლაბირინთის კედლები ამოჰყავს მასში მოფუსფუსე დედალოსს. ანუ, ის და რეალობა ერთია, სამყარო იქმნება მის ნაბიჯებში, თითოეული მისი სიტყვა ქმნადია. ასე იწერება რომანი – დაკარგული დროის ძიებაში, რასაც ღრმა კულტურული საფუძველი გააჩნია იმ პრეისტორიაში, რომელსაც ჩვენ ზუსტად სილუეტებით და მიწაში ნაპოვნი რამდენიმე საგნის უსასრულო სივრცეში განფენით აღვიქვამთ და ძირითადად ეს სწორედ ამბის თხრობასთანაა დაკავშირებული.

ცნობილია, რომ ბიბლიურ იგავებში ამბები არ იცვლებიან, არც პლატონის შემდგომ ისტორიაში, ყველანი ისინი ჭეშმარიტებაზე არიან ორიენტირებულნი, ინტრეპრეტირებაც კი არ ნიშნავს ამბის ცვლილებას, იმ პერიოდის ბერძენისთვის კი, როცა კეფალეს მწევარი დაედევნა ტევმესიის მელიას (ამ დროისთვის ჰეფესტო ჯერ კიდევ ხელოვნების ღმერთია, რადგან ხელოსნობა და ხელოვნება არ არის გამიჯნული), ამბავი და ცხოვრება ერთია, ამიტომ რამდენადაც ძალაუფლების ან მართვის საკითხთან (ღმერთთან) დაკავშირებული მოვლენები სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა ადამიანების ხელში განსხვავებულად ვითარდება, ხდება ერთი და იმავე ამბის სხვადასხვანაირად მოყოლა, რომლებსაც ერთი და იგივე პერსონაჟები ჰყავს. ეს პერსონაჟები გამოხატავენ იმ ასევე გაუმიჯნავ საზოგადოებრივ-ბუნებრივ ძალებს, რომლებთანაც ბერძნებს ყოველდღიურად უხდებოდათ შეხება. აქ ამბავი და ადამიანი (ცხოვრება – აწმყო, წარსული და მომავალი) ერთად მოდიან, ზუსტად ისე, როგორც პრუსტი ქმნის წერისას ლაბირინთს, სადაც არის არა ამბის ინტერპრეტაციები, არამედ კორექციები შინაგან აქტში. ძველბერძნული ამბავი გზას კი არ აჩვენებს, წარსულის მაგალითების გამოყენებით, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ყოფიერებას (მინდა ვთქვა, რომ ჩვენს დროში ამბის კორექტირების ცალსახად პოსტმოდერნულ აქტს მნიშვნელობათა დეფინიცია აღარ მიაჩნია ესთეტურ მოვლენად, ამბის ხელთავიდან თხზვა ხელოვნების წმინდა სფეროში მიმდინარეობს, განსხვავებით მნიშვნელობებთან თამაშისა, რომელიც ინტელექტუალური, ფილოსოფიური მოვლენაა).

ცხოვრებაზე ასე გადაჯაჭვულ ამბავში, არ არის ერთი პერსონაჟის დომინაცია, მაგალითად, ბიბლიური იგავების მსგავსად. ერთის მხრივ, პოლისური დაშლილობა და მეორეს მხრივ, მათი მჭიდრო კულტურული კავშირი განაპირობებს ამბების დიფერენცირებას. ერთი ამბის მთავარი გმირი, მეორე ამბავში (ან სხვაგან მოყოლილ იმავე ამბავში) მხოლოდ დეკორაცია ან დამხმარე პერსონაჟია, ამიტომ ერთადერთ, სათავგადასავლო ჟანრზე აგებულ მითებში, სიუჟეტები ერთმანეთზე არიან გადახლართულნი და არასოდეს სრულდებიან. ამბები გამუდმებით გადადიან სხვა ამბებში. საკმარისია მოყვე ერთი, რომ ჯაჭვური რეაქციით მთელი მითოლოგიური სიღრმის ზედაპირზე ამოფრქვევა ხდება. ზუსტად ყოფიერებაზე მიჯაჭვულობის გამო, მოვლენები, გარდა პროპაგანდისტული ინტერესისა, წმინდა ადამიანური ემოციების მიხედვით ჩნდებიან (და ქრებიან კიდეც, როგორც ცაზე ვარსკვლავები), ისინი გამოხატავენ სასიცოცხლო დამოკიდებულებას მათ თავს გადახდენილ ამბებზე, მათი პირამიდაც, მარადიული განსასვენებელი, მათივე ამბებია. ასე რომ, მითოლოგია ინტერნეტის მსგავსი ისეთი საზოგადოებრივი სივრცეა, სადაც ხალხის ნებისმიერი სახის განცდა ფიქსირდება. აქ იყრიან თავს უბრალოდ ანეკდოტები, უსერიოზულესი თეოლოგიური შეხედულებებით განმსჭვალული რელიგიური გრძნობები და ნამდვილი ათეისტური (ვოლტერიანული) გესლით წამოსროლილი კომენტარები. მაგალითად, ტევმესიის მელიას და კეფალეს მწევარს ერთმანეთთან არანაირი საერთო არ ჰქონდათ, ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ამბებში გაჩნდნენ, მაგრამ ერთხელ ცხოვრებაზე განაწყენებულმა ერთმა ენაკვიმატმა კაცმა გადაწყვიტა დაეცინა ღმერთებისთვის და მოეწყო ისე, რომ კეფალეს მწევარი დადევნებოდა ტევმესიის მელიას…

ასეთი წესით შეთხზული ამბის შინაგან სტრუქტურაში დროსთან მიმართებაში მყოფი წესრიგისა და ჭეშმარიტების საკითხები სრულიად შემთხვევით გარემოებებზე ხდებიან დამოკიდებულნი, რის შედეგადაც ხდება ლაბირინთული ყოფიერების დაფუძნება იმდენად, რამდენადაც სამყაროს ნაბიჯ-ნაბიჯ გაცნობა მისი ხელთავიდან შექმნის გარეშე არ ხერხდება, შექმნა კი ლაბირინთში შებიჯებას, ანუ იმის მსგავსი დილემებიდან გამოსავლის ძებნას გულისხმობს, ზევსი რომ შეეჯახა ბეოტიაში. გზაში უამრავი წინააღმდეგობა გხვდება. არასოდეს იცი, საით წახვიდე. ეს ის მომენტია, როდესაც საკუთარი თავის იმიტაცია ხდები და ეძებ შენს ნამდვილ ემოციებს, ფიქრებს, ადგილს, დროს; რაღაცას აქვავებ, რადგან გინდა, ყველაფერი დაიწყო თავიდან. კანონმა ზევსი საკუთარი შესაძლებლობის იმიტირებული სახე გახადა (კანონი ხომ უპირველესად საკუთარი შესაძლებლობის საჭირო მოქმედებებით შემოსაზღვრაა?), ჭეშმარიტების მფლობელი შემთხვევითობათა სამყაროს მბრძანებლად აქცია, სადაც ის ვერასოდეს იქნება ყოვლისშემძლე, ამბავს ბოლომდე ვეღარასოდეს გააკონტროლებს. ამიტომაც არის, რომ მან იესოსგან განსხვავებით, არ იცის რა მოხდება ბოლოს, მის წესრიგს არ აქვს დასასრული, არ აქვს მეორედ მოსვლა, რადგან ეს ყველაფერი უკვე დასაწყისში დასრულდა. ანუ: ბერძნული კულტურა, პრუსტის რომანის მსგავსად, არ არის მოვლენათა დიალექტიკური საფუძვლების მფლობელი. მოვლენები წრფეზე არ მოძრაობენ ერთმანეთის მიყოლებით. მითების თხზვის პროცესი აქ არასოდეს დასრულდება, ვიდრე იარსებებს ზევსის ძალაუფლება და ეს დასრულებულობა მისი შინაარსის განუყოფელია, აქ წესრიგი ქაოტურია (სწორედ ქაოსია ღვთაებრივი წესრიგი), ლაბირინთია მისი არსებობის ადგილი.

ერთი სიტყვით, ლაბირინთი ქმნადი მოვლენაა, შემოქმედებითი პროცესის ამსახველი მეტაფორაა და ის ცხოვრებისა და ადამიანის ორგანულ კავშირს გამოხატავს (ადამიანთან ლიტერატურის კავშირში მხოლოდ სოციალური მდგომარეობის სწორ აღქმას კი არ ვგულისხმობ, არამედ თვითონ ადამიანსაც, რომელსაც უჭირს ან ულხინს. ლიტერატურულ კავშირში ორთავე თანაბრადმნიშვნელოვანი მოვლენაა), ჩვენი ლიტერატურისთვის კი, რომელიც ქედმაღლურად უყურებს სიტყვა – ძიებას, ამბების მოყოლით ერთობა და ყველაფერზე ხითხითებს, მხოლოდ სიტყვებს ეკეკლუცება, ლაბირინთი ძალიან რეალური, მსოფლიო პროცესების მიერ აშენებული მდგომარეობაა. ჩვენ იმ სამყაროში ვიმყოფებით, რომელიც აშენებულია უცხოელი, ძალიან დიდი ხნის წინ მკვდარი ვინმე დედალოსის მიერ (ანუ, სხვის შემოქმედებით პროცესში ვართ). ჩვენი ხელი არასოდეს შეხებია ამ შენობის კედლებს, შესაბამისად, სრულყოფილი (ცოცხლების) შემოქმედება ჩვენთვის მიუწვდომელია (გამოსვლაშიც უფლის სიტყვები – მე ვარ ცოცხალი, ნიშნავს – მე ვაკეთებ ამას ყველაფერს; ეს ყველაფერი, რაც ხდება, მე ჩავიდინე). დაკარგვით ნაპოვნი დრო ჩვენთვის გახდა არა ტენდენცია ან სტილი, არამედ – პარადოქსი: სხვანაირები ვართ, მაგრამ არ ვიცით, რისგან განვსხვავდებით. დედანი არ გვაქვს ნანახი. დედნის მხილველი მხოლოდ მისი შემქმნელია, რადგან ის მხოლოდ ქმნის პროცესში ხდება ხილული. ჩვენ კი მხოლოდ მომხმარებლებად ვვარგივართ. იმიტაციები ვართ ზევსის მსგავსად, მაგრამ არა საკუთარი თავის, არა საკუთარი კანონის ძალით. ჩვენ არ შეგვიქმნია საკუთარი თავი. ხოლო, რადგან ჩვენი ყოფიერების დედანი ჩვენთვის სრულიად უცხო თესლზე ამოსული ხის ფუღუროში ინახება, კი არ ვაკეთებთ რაიმეს, თავს ვაჩვენებთ, თითქოს ვაკეთებთ; გამუდმებით სიმართლეზე ვლაპარაკობთ (ეს აუცილებელია დღეს, ტრენდია), მაგრამ დაჩაგრულის დასაცავად თითსაც არ ვანძრევთ; ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ვიკიპედია არ გაგვაჩნია. ხოლო ასლი რომ არასოდეს ემთხვევა დედანს, ამის განცდა მუდამ თან გვდევს. ილუზიაშიც კი არ ვვარდებით, რომ მცდარ გზას მაინც დავადგეთ. გაქვავებულები ვართ…

და რა, ეს დასასრულია? მხოლოდ იმის გამო, რომ ლაბირინთი ჩვენ არ შეგვიქმნია? ზევსიც ხომ სხვის მიერ შექმნილ სამყაროში მბრძანებლობს? რატომ ვართ განწირულები, ვიდგეთ ასე, მდინარის სხვადასხვა ნაპირზე, და ვიქნიოთ მუშტები? რატომ არ შეგვიძლია გადავლახოთ მდინარე, ავაგოთ ხიდი და ნამდვილი მუშტი-კრივი გავუმართოთ ერთმანეთს? ნუთუ, ჩვენი ლიტერატურა მართლაც ჰაერით გაბერილი ტყავია, რომელიც მხოლოდ გარედან შეხებებზე რეაგირებს და ამ მდგომარეობაში დარჩება იქამდე, ვიდრე კიდევ არ მოვარდება უცხო მდინარე და ახალ მოდას არ დააფუძნებს, ჩვენთვის ასევე გაუგებარს და არაორგანულს. ყველაფერი დაიწყება თავიდან, ახალი ტენდენციების შესახებ შევაგროვებთ ამომწურავს, თუმცა, მაინც ზედაპირულ ცნობებს, შევკრებთ ინფორმაციას, რომ ერთმანეთზე მანიპულირება და ერთმანეთთან დაპირისპირების იმიტირება შევძლოთ? და თუ ასე არ არის, როგორ მოვახერხოთ ქვიდან გამოძვრომა და ამოძრავება?!

© არილი

Facebook Comments Box