მე…
ხან ცივი ციმბირი ვარ და
ხანაც ცხელი საჰარა!
რა თქმა უნდა, რახანია,
მე ის თამრო აღარა ვარ!
ხან რომ ცივი ზამთარი ვარ,
ხან – აგვისტოს თაკარა ვარ!
თითქმის ჭაბუკობიდანვე
სანახევროდ ჭაღარა ვარ!
ხან რომ მ. ლებანიძე ვარ,
ხანაც – გურამ საღარა ვარ!
ხან გიტარა, ხან ჩონგური,
ხან – მყივანა ნაღარა ვარ!
დასკვნა მაინც ეს ერთია:
ხან – ვარ…
ხანაც – აღარა ვარ…
***
თუმცა უკვე აღარ წვიმს,
თუმცა გამოიდარა –
გამოდარებიდანაც
არა გამოვიდა რა…
ვერ ვიყიდე! – რა გახდა
ერთი გლახა გიტარა!
ხომ გვაქვს წუთი –
ცრემლების
მეტი არა გინდა რა…
ვეღარც დოლმა მიდოლა
და ვერც თარმა მითარა –
რით ვერ შევინარჩუნე
ის საბრალო გიტარა…
მოკვლით მოგკლეს… – ტირილით
არავინ არ გიტირა…
შვილის გაჩუქებული –
გენატრება გიტარა…
…
მე ლექსებით ვთვრებოდი –
ღვინით და არყით არა…
რის დამკვრელი ვიყავი –
მაინც მქონდა გიტარა.
ჩაიარა ცხოვრებამ –
მოკლედ, ყოფა გეტირა,
გიტარაც კი არ შეგრჩა –
საცოდავი გიტარა…
***
ჯერ საჭიროა ბრძოლა და
მერე წერტილის დასმა!
ეს ვერ გაიგო მწერალთა
სახელოვანმა დასმა!
შე კაცო, მთელი ცხოვრება,
სულ რომ წერდი და წერდი,
არ გახსოვს? რით ამთავრებდი
და როდის სვამდი წერტილს!
მწერალმა – ერთმა კი არა,
ათმა კი არა – ასმა
გაიგოს უნდა, თუ როდის
უნდა იმ წერტილს დასმა…
***
განაბის გენებით
განაბის გონებით
განაბის გინებით
თავადაც განაბი
ოსტატი ჯიბის და
ოსტატი ჯუბის და
ოსტატი არყის და
ოსტატი კანაფის.
განაბის მემკვიდრე
გონებით განაბი
პატრონი განაბის
ნაშოვარ ქონების
რად გინდა – შენ ნაღდად
არ მოგეწონება!
რად გინდა! – არც იმას
არ მოეწონები!
***
როგორ მოხდა, ეს არ ვიცი! –
საუკუნე მექცა წუთად!
როგორა ვარ? როგორ ვარ და,
ზოგჯერ – კარგად!
ზოგჯერ – ცუდად!
კრიტიკა პუბლიცისტიკა
იქცა ტყუილების გუდად!
… მიწა ვეღარ გვაქვს ქალამნად
და ვერც ცა გვახურავს ქუდად!
– კარგად, ჩემო გივი, კარგად!
– ცუდად, ჩემო ძმაო, ცუდად!
ამას რას წარმოვიდგენდი –
საუკუნე მექცა წუთად!
– როგორა ვარ? კარგად! კარგად!
– როგორა ვარ? ცუდად! ცუ-დად!
მიწა ქალამნად აღარ მაქვს,
ვერც ცა დავიხურე ქუდად!
როგორა ვარ? კარგად! კარგად!
როგორა ვარ? ცუდად! ცუდად!
***
დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ,
შუაღამისას ლექსი ამიდგა!
მსგავსი რამ არსად და არასოდეს
არც მიფიქრია, ჰოდა არც მითქვამს…
მიკვირს ძალიან – შუაღამისას
მოულოდნელად ლექსი ამიდგა!
რას მერჩის მე ეს ბუნება, ანდა
რა უნდა ჩემგან შუაღამის ქარს…
მოულოდნელად და გასაკვირად –
შუაღამისას ლექსი ამიდგა!
***
მიდი! იკითხე ეს წიგნები!
მიდი! იკითხე! –
უფრო იოლად წახვალ, ძმაო,
ბოლოს იქითკენ!
***
არა, ვერა, გენაცვალე,
მკითხველს გულს ვერ დავწყვეტ!
შენთან წოლას მირჩევნია,
მთაწმინდაზე დავწვე!
***
… დავიძინებ და მეღვიძება! –
რატომღაც მალე მეღვიძება!
დაიძინეო, მირჩევს ცოლი!
ვიძინებ! – მალე მეღვიძება!
ძილი ჯობს ვითომ? – სიკვდილისკენ
სწორედ ძილი არ მიგვიძღვება?
მე თუ მკითხავენ, დაძინებას
მილიონჯერ სჯობს გაღვიძება!
კარგია? ჩვენს მიცვალებულს რომ
არ შეუძლია გაღვიძება!
დავიძინებთ და – სიკვდილისკენ
სწორედ ის ძილი გაგვიძღვება!
მე თუ მკითხავენ, დაძინებას
სულ მირჩევნია გაღვიძება.
***
ღმერთი? ღმერთი ისე მიყვარს,
ისე ძლიერ მიყვარს –
არ ვარ ღირსი? – სამოთხეში
მაინც გადამიყვანს…
***
ცის უყვარს და ვის არ უყვარს!
ჰო, არსებობს სმა და არსმა!
შემაწუხა, დამაფიქრა,
თავად ალკოჰოლის არსმა!
… იმ დღეს სუფრას ვუსხედით და
არ დავლიეთ – არც მე, არც მან!
… ჰო, არსებობს ჯვარზე ცმა და
ის, მეორეც – ჯვარზე არ-ცმა…