(პოლ ბოულზის რომანი “ზეცის საფარველი” 50 წლისაა)
ინგლისურიდან თარგმნა მიქელ ირემაძემ
რომანის დასაწყისში ამერიკელი მოგზაური პორტ მორსბი უმიზნოდ დაეხეტება ალჟირის ქალაქ ორანში. მას გამოელაპარაკება ვინმე არაბი სმაილი, ნორჩ მოცეკვავე გოგონასთან დროსტარებას შესთავაზებს და მის კარავში წაიყვანს. გოგო ჩაის უმზადებს მორსბის და კუნაპეტივით შავი თვალებით შესცქერის. მოგზაური შენიშნავს, რომ მას შუბლი ინდიგოსფრად აქვს მოსვირინგებული. გოგო შეეკითხება: აუტკას, მიმუნისა და აიშას ამბავი თუ გსმენიაო და თხრობას დაიწყებს; ფრანგული არ იცის და მის სიტყვებს სმაილი უთარგმნის ამერიკელს.
აუტკა, მიმუნი და აიშა მთიელი მოცეკვავე გოგონები იყვნენ, რომელთაც ერთი დიდი ოცნება ჰქონდათ – გაემართათ ჩაის სმა საჰარაში. სიყვარულში მრავალგზის ხელმოცარვის შემდეგ, გოგოებმა შეაქუჩეს ფული, იყიდეს დიდი ჩაიდანი, ჩაის ჭიქები და ქარავანს უდაბნოში გაჰყვნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ბოლოს საჰარასაც მიაღწიეს. აქ ისინი აქლემებიდან ჩამოცოცდნენ და უდაბნოს ფეხით გაუყვნენ. წინ კი, ჰორიზონტამდე მხოლოდ ქვიშის ბორცვები მოჩანდა, ურიცხვი და ერთმანეთზე უფრო მაღალი. იარეს გოგოებმა, იარეს და ბოლოს ყველაზე მაღალი დიუნის თავზე შეისვენეს. ამოალაგეს მთელი ჭურჭლეული და ჩაის სმის დასაწყებად ყველაფერი მოამზადეს. ოღონდ, ვიდრე ოცნებას აისრულებდნენ, გადაწყვიტეს ქვიშაზე მიწოლილიყვნენ და ცოტა წაეძინათ.
“მრავალი დღისა და მრავალი ღამის შემდეგ, – არაბი წამით შედგა და მორსბის შეაჩერდა, – როცა იქვე ახლოს სხვა ქარავანმა ჩაიარა, ვიღაც მგზავრმა ყველაზე მაღალი ბარხანის თავზე რაღაც დალანდა. მექარავნეები ბორცვზე ავიდნენ და წამოწოლილ აუტკას, მიმუნსა და აიშას წაადგნენ. გოგოები სწორედ ისევე იწვნენ, როგორც ოდესღაც მოეწყვნენ წასათვლემად. და სამივე ჭიქა – არაბმა ჩაის პატარა ჭიქა აწია – ქვიშით იყო სავსე. აი, ასე დასრულდა მათი ჩაის სმა საჰარაში”.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. ალბათ სწორედ ეს იყო ამბის დასასრული. მორსბი შეფიქრიანებულია. ხოლო მკითხველისთვის, ვინც ბოულზის წიგნებს იცნობს, ნათელია, რომ ეს არის არა მხოლოდ უდაბნოში ჩაის დასალევად გამგზავრებული გოგონების ამბის დასასრული, არამედ, გარკვეული აზრით, მთელი რომანის დასასრულიც. ცოლ-ქმარი პორტ და ქითი მორსბებიც, თავიანთ ახლობელ თანერთან ერთად უდაბნოსკენ აიღებენ გეზს. ხოლო ბოულზის ნაწარმოებში თუკი პერსონაჟი უდაბნოს მიელტვის, უნდა ვიცოდეთ, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად ჰპოვებს მას. მოთხრობაში “შორი შემთხვევა”, რომლის “არსის” ხორცშესხმა სურდა მწერალს (საკუთარი აღიარებით) რომან “ცის საფარველში”, ლინგვისტიკის პროფესორს ის მომთაბარე ტომი გაიტაცებს, რომლის ენის შესასწავლადაც იყო იგი ჩასული. აბორიგენები ენას მოკვეთენ მას, კონსერვის ყუთებს მიამაგრებენ და აიძულებენ მათ გასართობად იმაიმუნოს. “ნაზ ნადავლში” დახოცილთა თანატომელები ყელამდე ქვიშაში ჩამარხავენ მკვლელს.
“ისინი თვალს მიეფარნენ და მუნაგრიელი გაჩუმდა. უცდიდა, როდის გაივლიდა ღამის სუსხით სავსე საათები, რომელთა შემდეგ მზეს ჯერ პირველი სითბო მოჰყვებოდა, შემდეგ კი სიცხე, წყურვილი, მოვარვარე ცეცხლი, ჰალუცინაციები. მერე მან უკვე აღარ იცოდა, სად იმყოფებოდა და ვეღარც სიცივეს გრძნობდა. ქარს ქვიშა მოჰქონდა, კაცს ქვიშით ევსებოდა პირი, ის კი მღეროდა”.
პ.ბოულზმა მთელი ათასწლეულით შეაფერხა ტურიზმის განვითარება საჰარაში. გარდა ამისა, მან დაარღვია მწერლობის დაუწერელი კანონი, რომელიც იძლეოდა ერთგვარ გარანტიას, რომ მთავარი გმირი, რომელთანაც მკითხველი სხვებზე მეტად ახდენს თვითიდენტიფიცირებას, წარმატებას მიაღწევს ან, სულ მცირე, ემა ბოვარის მსგავსად, რომანის ბოლომდე მაინც გაუძლებს ბედუკუღმართობას; აქ კი მას უკვე თამამად შეიძლება გამოუყვანო წირვა და მკითხველს სულში მელანქოლიის სასიამოვნო განცდა ჩაუტოვო. სულ სხვა ვითარებაა ბოულზის სამყაროში: ახალბედა სტუმრებიც კი ფეხის შემოდგმისთანავე გრძნობენ, რომ აქ ვარდნისგან დამცავი ბადე უძირო უფსკრულის კიდეებს შორის არის გაჭიმული და ძრწოლით ელიან, როდის დაიწყება წარმოდგენა ცირკის გუმბათქვეშ. და მაინც, ძრწოლა – ეს მხოლოდ ბოულზის სამყაროში შესვლის საფასურია: დაემორჩილო “ციური საფარველის” ზემოქმედებას, იმას ჰგავს, რომ დაეთანხმო უნარკოზოდ ჩაგიტარონ გულის გადანერგვის ოპერაცია – უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში, საერთოდ, გულის გარეშე მოგიწევს ცხოვრება.
პოლ ბოულზი ლონგ-აილენდელი კბილის ექიმის ვაჟი იყო და მთელი სიცოცხლე გაურბოდა სტომატოლოგიას, ლონგ-აილენდს და ვიღაცის შვილიკოდ მიჩნევის ხვედრს. ავტობიოგრაფიულ წიგნში “შეუჩერებლად” ბოულზი ყოველგვარ ახსნა-განმარტებათა გარეშე წერს, რომ მის ოჯახში ჰქონდათ შვილებისთვის სიფათის ჩაქუჩით “მოლამაზების” ტრადიცია; რომ იგი ექვსი კვირისაც არ იყო, როცა მამამ თოვლჭყაპში მიაგდო; და რომ ერთხელ ღამით საყასბო დანა გაუქანა მამას.
“ცის საფარველის” საიუბილეო გამოცემას საშუალება უნდა მოეცა ჩვენთვის, შეგვეფასებინა, რა მანძილით გაექცა ბოულზი საკუთარ სახლს. ფაქტობრივად კი, ეს ახალი გამოცემა ისევ ვერაფერში დაგვეხმარება, როგორც თვით ბოულზი, რადგან, ჯერ ერთი, დაგვიანებულია (შარშან შემოდგომაზე, როცა წიგნი გამოვიდა, 1949 წლის პირველი პუბლიკაციიდან 51 წელი იყო გასული) და თანაც მეტისმეტად მწირია. რედაქტორებს, როგორც ჩანს, ფარ-ხმალი დააყრევინა საყოველთაოდ დამკვიდრებულმა აზრმა, რომ “ცის საფარველი” ინტერპრეტაციებს ვერ ჰგუობს (ბერნარდო ბერტოლუჩის 1990 წელს დასრულებულმა ფილმმა ვერ შეძლო გადმოეცა რომანის საშინელებით სავსე ატმოსფერო; ნაცვლად ამისა, იგი ნამდვილად საშინელი ეკრანიზაციის ნიმუშად იქცა). ასე რომ, წიგნში შეიტანეს ერთადერთი ინტერპრეტაცია: ბოულზის მეგობრის ტენესი უილიამსის წერილი “ადამიანისა და საჰარის ალეგორია”, სადაც ნაწარმოები დახასიათებულია, როგორც “ალეგორია სავსებით ჩამოყალიბებული ადამიანის მოგზაურობისა თანამედროვე გამოცდილებაში” (როცა სტატია იწერებოდა, აშკარად რაღაც ბუნდოვანება უნდა არსებულიყო სიტყვა “ალეგორიის” შინაარსთან დაკავშირებით). თავის ჯუჯა წინასიტყვაობაში ბოულზი იხსენებს, რომ ნაწარმოები უკუაგდო გამომცემლობა “დაბლდეიმ”, რომელთანაც უკვე ხელმოწერილი ჰქონდა კონტრაქტი, რადგან იგი “რომანად არ მიიჩნია” და მხოლოდ დიდი გაჭირვებით მოხერხდა “ნიუ-დაირეკშნზში” მისი დასტამბვა, თანაც სულ რაღაც 3500-იანი ტირაჟით. ის გარემოება, რომ ავტორმა ნახევარი საუკუნის შემდეგაც ვერ მოინელა ეს ამბავი (ხოლო ბოულზი თავის მაშინდელ აგენტსაც უტრიალებს ცოცხალ-მკვდარს), თვალნათლივ მოწმობს – საქმე გვაქვს ნამდვილ მწერალთან.
ეს კი სულაც არ იყო უეჭველი ფაქტი იმ პერიოდში, როცა 36 წლის ბოულზმა “ცის საფარველის” წერა დაიწყო. მაშინ დიდხანს ნახეტიალევი ექსპატრიანტი, ბოლოს და ბოლოს, მაროკოში დასახლება რომ გადაწყვიტა, ცნობილი იყო როგორც სულში ჩამწვდომი მელოდიების ავტორი – კომპოზიტორი, ვისაც თვით აარონ კოპლენდი უწევდა პროტექციას. მაგრამ ბოულზს უკმარისობის გრძნობა ტანჯავდა – მუსიკის მეშვეობით ვერ აღწევდა “სრულ განწმენდას”, ამიტომ მწერლობაში გადაბარგდა და სპრინტერული აჩქარებით შექმნა რამდენიმე თავაწყვეტილი, მძაფრი, პირქუში მოთხრობა. პირველი რომანი მან, ფაქტობრივად, მხოლოდ იმიტომ დაწერა, რომ მოთხრობების კრებული გამოექვეყნებინა. ბოულზი იმ დროს ფესში ცხოვრობდა და თამამად შეჰქონდა ნაწარმოებში უშუალოდ ცხოვრებიდან სწორედ იმ დღეს ამოხაპული დაკვირვებები, როცა ესა თუ ის მონაკვეთი იქმნებოდა, თანაც მაინცდამაინც არ იტკიებდა თავს იმაზე ფიქრით, რამდენად ორგანულად ჩაეწერებოდნენ ისინი ერთიან მხატვრულ ქსოვილში, როცა ნაწარმოები გასრულდებოდა. ძირითადი სიუჟეტური კურსიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადახრებს ის გარემოება განაპირობებდა, რომ მწერალი მეტისმეტად მიეძალა ჰალუცინოგენურ პასტა მაჯუნს.
ყველაფერ ამის შედეგად შეიქმნა ისეთი თვისებების მქონე ხელნაწერი, რომ უფრო გონივრული იქნებოდა ავტორს პირველი ტირაჟი, ნაცვლად იმისა, რომ შეუხორცებელ იარად ჩარჩენოდა გულში, ყველაზე ოპტიმისტური იმედების ხორცშესხმად ჩაეთვალა. ბოულზის წიგნი ქვას ქვაზე არ ტოვებდა მოგზაურობისადმი, როგორც გონებრივი თვალსაწიერის გაფართოების საშუალებისადმი, ევროპელ-ამერიკელთა პიეტეტისგან. იგი აცამტვერებდა დასავლურ იდეალებს ცხოვრების შეუბილწავი წმიდათა წმიდა საძირკვლისა და ფუნდამენტური ადამიანური პატიოსნების შესახებ. ეს გულცივი, უცხო, არაამერიკული წიგნი არაფერს განადიდებდა საკუთარი სიზუსტის გარდა. მოგვიანებით გორ ვიდალმა თქვა – ბოულზი ისე წერს, თითქოს “მობი დიკი” ჯერაც არ იყოს შექმნილიო.
განცვიფრებას იწვევს, რომ ბოულზის მოდერნისტული ქმნილება ბესტსელერად იქცა. წიგნი ათი კვირის განმავლობაში შერჩა “ტაიმსის” სიას და პირველ წელს ორასი ათასზე მეტი რბილყდიანი ეგზემპლარი გაიყიდა. უილიამ კარლოს უილიამსმა ხმა შეუერთა ტენესი უილიამსს და “ცის საფარველი” პირველ ადგილზე განათავსა იმ წელს წაკითხული წიგნების სიაში. ნაწარმოები პოპულარობას უმთავრესად იმას უნდა უმადლოდეს, რომ ეგზოტიკურ სათავგადასავლო რომანად იქნა მიჩნეული. ეს მცდარი თვალსაზრისი იყო გამოხატული “ტაიმსის” რეცენზიაშიც “სექსი და ქვიშა”: “ეს არის შიშისმომგვრელი ზესექსუალური ავანტიურა საჰარაში, სრულად დაკომპლექტებული ქვიშის ბარხანებით, სიმპათიური არაბებით, ფრანგი ოფიცრებითა და ჰარამხანით”.
ათი წლის შემდეგ, როცა სექსისა და ბარხანების ირგვლივ ატეხილი აყალმაყალი ჩაცხრა, ხოლო შემდგომი რომანების წარუმატებლობამ ავტორს პროჟექტორების შუქი ჩამოაცილა, ნორმან მეილერმა განმარტა, რატომ შეიტკბეს ნელ-ნელა “ცის საფარველი” ხელოვნების მოყვარულებმა: “პოლ ბოულზმა ჰიპობის სამყარო აღმოგვიჩინა, – წერდა მეილერი, – მან კარი გაუღო მკვლელობებს, ინცესტს, კვადრატის (პოლ მორსბის) დაღუპვას, ორგიათა ძახილს, ცივილიზაციის აღსასრულს. მან მიგვიპატიჟა ამ თემებისკენ”. ბოულზი აკრძალულის მესაყვირე იყო და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ბიტნიკი მწერლების ჭრელი კომპანია მის კვალს გაჰყვა. ტრუმენ კაპოტემ, უილიამ ბეროუზმა და ალენ გინზბერგმა როკ-ვარსკვლავებისა და ამ ჯურის სხვა უსაქმურებისგან შემდგარი მარგინალთა სამწყსო გაიყოლიეს ტანჟერისკენ, სადაც ისინი, ოსტატის ფერხთით მოკალათებულნი, მაჯუნსა და მიზანთროპიას ყლაპავდნენ. ბოულზი ნაკლებად სახელგანთქმული იყო, ვიდრე ბევრი მისი სტუმარი. ჯგუფურ ფოტოებზე ვხედავთ მის გამხდარ ფიგურას – კადრის კიდესთან დგას, ხელში სიგარეტი უჭირავს და ობიექტივისკენ უნდობლად იმზირება. და მაინც, ვფიქრობ, მთელ ამ ჭრელაჭრულა ჯგუფში, როგორც ხელოვანი, ბოულზი ყველაზე დღეგრძელი აღმოჩნდება.
პორტრეტული ფოტოკამერის მსგავსად, ბოულზის ხატოვანებას მოკლებული ხმა აბსოლუტური ობიექტურობის ერთგვარ ნაირსახეობას გვთავაზობს; ხოლო მწერლის თხრობის მანერა, საქციელს დეტალურად რომ აღწერს, მისი მოტივების შესახებ კი არაფერს გვეუბნება, იდეალურად მიესადაგა რომანის უსიცოცხლო პერსონაჟებს. ნაწარმოები იწყება იმით, რომ პორტი, ქითი და თანერი გემით ჩადიან ორანში. ჩვენ ბოლომდე ვერ გავიგებთ, როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი, საიდან ჩამოვიდნენ ან საით მიემართებოდნენ. საუბარია მხოლოდ უდაბნოს ხილვის რაღაც ბუნდოვან სურვილზე. პორტი დილეტანტი მწერალია, სარკასტული და თავგზაარეული, მთელი არსება შინაგანი სიცივით აქვს გათოშილი და ამას ვერაფერს შველის. მისი ცოლი ქითი, რომელიც ქმართან უკვე თორმეტი წელია ცხოვრობს, კარგი გარეგნობის ნერვებაშლილი ქალია, სხვა ადამიანებს ისევე არაფრად აგდებს, როგორც “მარმარილოს ქანდაკება მასზე მცოცავ ბუზებს”. თანერი კი ლამაზი და გონებაჩლუნგი მამაკაცია. ახალი თაობის ამ მოხეტიალეთაგან არც ერთი თანაგრძნობასთან ოდნავ მიახლოებულ დამოკიდებულებასაც კი არ იწვევს. მოგზაურები სამხრეთისკენ მიემართებიან და დროდადრო მათი გზა ლაილების მარშრუტს გადაკვეთს ხოლმე; ეს არის ბრიტანელი დედა-შვილი – ნამდვილი კლოაკა ისტერიისა, უზნეობისა და გახრწნილებისა. მას შემდეგ, რაც პორტი მოცეკვავე გოგოსთან გაატარებს ღამეს, ქითი თავს აცდუნებინებს თანერს, რის შემდეგაც პორტი თანერს ლაილებს ჩაატოვებს ხელში და თვითონ ქითისთან ერთად გარბის კიდევ უფრო შორეული ქალაქებისკენ იმ იმედით, რომ ცოლი და ქმარი იქ შეძლებენ, თავიანთ სულთმობრძავ ქორწინებას ახალი სიცოცხლე შთაბერონ. ქითის სულ უფრო მეტად ეეჭვება ეს. ხოლო როცა ადგილობრივი კოლორიტის ძიებაში მეოთხე კლასის ვაგონში მოხვდება, ქალი იგრძნობს, რომ ყოველგვარი ადამიანური თანალმობის უნარს უკარგავს.
“ქითის გზას უხერგავდა ველურსახიანი კაცი. მას ხელში ეჭირა ცხვრის მოჭრილი თავი, რომლის გიშრისფერი თვალები უძრავად გაშეშებულიყვნენ ბუდეებში. “ოჰ!” – ამოიოხრა ქითიმ. კაცმა ფლეგმატურად ამოხედა მას და არც კი განძრეულა, რათა ქალს გავლა მოეხერხებინა. ქითი მთელი ძალების დაძაბვით ცდილობდა გვერდი აევლო მისთვის და ამ დროს კაბით ცხვრის სისხლიან კისერს გაეხახუნა… ქითიმ ზურგი შეაქცია წვიმას, რკინის სახელურს ჩაებღაუჭა და შეაჩერდა ყველაზე ამაზრზენ ადამიანურ სახეს, როგორიც ოდესმე ენახა. ამ კაცს ტანთ ევროპული ძონძები ეცვა, თავზე კი ტომარა ჩამოეფხატა. ცხვირის ადგილას მას ბნელი სამკუთხა ორმო უჩანდა, ხოლო კბილებზე უცნაურად მიბრტყელებული ტუჩები ერთიანად გათეთრებოდა. სრულიად უმიზეზოდ, ქითის ლომის თავი აგონდებოდა და თვალს ვერ აშორებდა ამ სახეს”. ქითის უნდობლობით სავსე გახევება ეს არის ბუნებრივი, თუმღაცა ერთობ გულცივი რეაქცია სხვების ადამიანურ ჯოჯოხეთთან შეხებაზე. პორტს კი რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ეუფლება და სასიცოცხლო ძალას აცლის რწმენა, რომ სამყაროს არსებობა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. ქედიდან, რომელიც უდაბნოს გადაჰყურებს, პორტი და ქითი მზის ჩასვლას უყურებენ.
“- აქ ძალიან უცნაური ზეცაა, – თქვა პორტმა, – ხშირად, როცა მას ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ცა მყარი იყოს და რაღაც ისეთისგან გვიცავდეს, რაც მის მიღმაა.
– რაც მის მიღმაა? – ქალი შეიშმუშნა, როცა ამას ეკითხებოდა.
– კი.
– ხო მაგრამ, რა შეიძლება იყოს მის მიღმა? – ხმა ძალზე ჩუმი ჰქონდა.
– ალბათ არაფერი. მხოლოდ სიბნელე, უკუნეთი სიბნელე, აბსოლუტური ღამე და სხვა არაფერი”.
ქითის წინათგრძნობა სტანჯავს და სურს უბედურებას გაექცეს. პორტიც უბედურებას მოელის, ოღონდ, კი არ გაურბის, მიელტვის მას. იგი კვადრატი კი არ არის, როგორც ამას მეილერი ისურვებდა, არამედ გულგატეხილი მოგზაურია, რომელსაც მხოლოდ ერთი სურვილი შერჩენია – დაისვენოს. მიუხედავად ქითისა და თანერთან ურთიერთობაში გამოვლენილი უსულგულობისა, პორტის ილაჯგამწყვეტი ძიება ძალიან ნელა, მაგრამ მაინც აღძრავს მისდამი სიმპათიას. დაახლოებით რომანის შუაგულში, როცა ის უკვე საკმაოდ მოგვწონს, პორტს ტიფი შეეყრება, ცნობამიხდილი წევს სბას გარნიზონში მტვრიან იატაკზე და სიკვდილს ებრძვის. ცოლი თავთით უზის და ცდილობს წვნიანი შეახვრეპინოს. ქარი კი კარს აყრის უდაბნოს ქვიშას და პორტის მთელი ძიებების კულმინაციად აგონია და ბოდვა იქცევა.
“მრვალფეხას შეუძლია; თუ გინდაც დაანაკუწო, მაინც შეუძლია; ყოველი ნაგლეჯი დამოუკიდებლად გადაადგილდება; ეგ რა არის, იატაკზე ცალ-ცალკე დაყრილი ყოველი ფეხი თავისთვის მოძრაობს.
თითოეულ ყურში ყმუილი ჩაესმოდა, სხვაობა მათ ტონალობაში იმდენად ვიწრო იყო, რომ ვიბრაცია ახალთახალი მონეტის ძგიდეზე ფრჩხილის გასმას აგონებდა”.
ჩვენს თვალწინ ჯერ პორტის იერი წაიშლება, შემდეგ კი – მისი ცხოვრებაც. იმ მკითხველებმა, რომლებიც რომანის კითხვისას ენდობოდნენ პორტს, დაივიწყეს, რომ ბოულზს არ უნდა ენდო. ასეა თუ ისე, პორტი ბოლოს სიმშვიდეს ჰპოვებს: “მიდი, მისწვდი, გახიე ცის თხელი საფარველი, დაისვენე” – პორტი იმავე ვარსკვლავიერ მტვერს უბრუნდება, რომლიდანაც ყველა ვიშვით და მისი სახელის სემანტიკაში ჩადებულ გეოგრაფიულ დაპირებას ასხამს ხორცს: ის არის საწყისი და ბოლო პუნქტი მოგზაურობისა.
რომანის დარჩენილ ნაწილში უკვე ქითი განასახიერებს საკუთარ სახელს: იგი იქცევა ერთგვარ საგზაო ჩანთად, სხვათა ვნებების თავმოსაყარ ადგილად. პორტის სიკვდილის შემდეგ მას ტრავმული ამნეზია დაეწყება და სამხრეთისკენ მიმავალ აქლემების ქარავანს გაჰყვება. საჰარის გადაკვეთისას მექარავნეები ყოველ ღამე აუპატიურებენ ქალს. შემდეგ მას დაუნდობლად სცემენ და მოწამლავენ კიდეც. მიუხედავად ამისა, როცა ამერიკის ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მოახერხებს მის ჩაყვანას ირანში, ქითი ისევ ცდილობს გაიქცეს… საით? – ალბათ, ისევ იქ, უდაბნოში.
მას შემდეგ, რაც პოლ ბოულზმა გარყვნილებას მოწყურებულ, მაგრამ ამ საქმეში გაუწაფავ აუდიტორიას “ცის საფარველი” აჩუქა და ამით ჰიუ ჰეფნერს გაუკვალა გზა, ნახევარი საუკუნე გავიდა. რაღას გვთავაზობს ბოულზი დღეს, როცა სექსი და ჰიპური სულისკვეთება უკვე იმდენია, რომ ლამის ყველაფერი წალეკოს? თანამედროვე მკითხველს ბოულზი სთავაზობს არა ალტერნატიული ცხოვრების მოლანდებას, არამედ, საერთოდ, ყოველგვარი ცხოვრებისგან გაქცევას. შესაძლოა, ავბედითად ჟღერდეს, მაგრამ ეს სიმართლეა. წერილში გამომცემლისადმი ბოულზი “ცის საფარველის” შესახებ ამბობდა: “ჩრდილს ვერსად ჰპოვებ, მზე სულ უფრო დამაბრმავებლად კაშკაშებს, მოგზაურობა კი გრძელდება, რადგან არ არსებობს ოაზისი, სადაც შეიძლებოდა შეჩერებულიყავი”. ბოულზს უყვარდა კაფკას სიტყვების ციტირება: “გარკვეული წერტილიდან უკან მიბრუნება უკვე შეუძლებელი ხდება. და ეს ის წერტილია, რომელსაც უნდა მიაღწიო”. ქითი გადარჩება, საკუთარ შეშლილობას ჩაებღაუჭება და ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს; პორტი კი, თავისი სიკვდილით, ჩააბარებს.
ასეა თუ ისე, ბოულზი მთელი სიცოცხლის მანძილზე ეძებდა სიკვდილს და, ალბათ, ბედის დაცინვად ეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ იგი დაუსრულებლად, ხანგრძლივი ათწლეულების განმავლობაში ჩარჩა ტანჟერში. ბოლო გამოცემის წინასიტყვაობაში, რომელიც 1998 წელს დაიწერა, ის ამბობს: “რომანი ჯანსაღი დაიბადა და ახლა, ნახევარი საუკუნის შემდეგ, იგი ავტორზე უფრო ცოცხალიც კი არის”. ერთი წლის წინ, 88 წლის ასაკში პოლ ბოულზი გარდაიცვალა. რომანი ისევ ცოცხალია. ეს საშველად მომხმობი კივილი არ ჩუმდება, ათას ექოს გამოსცემს და რაღაც შემაშფოთებლად ემსგავსება გამარჯვების საზეიმო ყიჟინას.
“ნიუ იორკერი”, 15 იანვარი, 2001 წ.
(c) „არილი”