პროზა (თარგმანი)

ტესა ჰადლი – დაკრძალვის შემდეგ

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

მამის დაკრძალვის შემდეგ ორი პატარა გოგონა, ცხრა და შვიდი წლისა, შინ გაჰყვნენ დარდისგან განადგურებულ დედას. რასაკვირველია, გოგონებიც დამწუხრებულნი იყვნენ, მაგრამ მამას არც ისე კარგად იცნობდნენ და არც ისე უყვარდათ ის. ფილიპი ავიახაზის პილოტი იყო და შვილები უფრო ლაღად გრძნობდნენ თავს, როდესაც ის შინ არ იმყოფებოდა; საზრიანი ბავშვები ხვდებოდნენ, რომ მამაც გაურბოდა შინ ყოფნას. 1970-იან წლებში, როდესაც კონტინენტიდან კონტინენტზე ავიაგადაფრენები ჯერ კიდევ ფუფუნებად ითვლებოდა, ფილიპ ლაიონსი ბოინგ-747-ით დაფრინავდა ატლანტიკის გაღმა-გამოღმა, სანამ გულის შეტევით გარდაიცვლებოდა, საბედნიეროდ, არა ჰაერში, არამედ – მიწაზე, როდესაც საკმაოდ პროზაულ ვითარებაში საუზმობდა ნიუ-იორკის სასტუმროს ნომერში. ავიაკომპანიამ ის უსასყიდლოდ ჩამოასვენა ინგლისში.

გოგონების მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო დედაზე, მარლენზე, რომელიც მწუხარებას ვერ უმკლავდებოდა. დაკრძალვის ცერემონიის დროს არც კი უტირია, მხოლოდ დუმდა. შავი სპარსული კარაკულის ქურქი ეცვა. მომცრო ტანის ნაზი, ლამაზი ქალი იყო. შავი სათვალე შვენოდა. წაბლისფერი თმა ასწეწოდა. ტუჩებზე წითელი საცხი ჰქონდა წასმული. გოგონები ვარაუდობდნენ, რომ მარლენი კარგად ვერ ხვდებოდა მომხდარის არსს. იანვარი იყო და თემზის უსახო, პირქუში სასაფლაოს ცივ მიწასა და საფლავებზე აქა-იქ თოვლი იდო. როგორც ჩანს, მარლენი უწინ არასოდეს დასწრებია დაკრძალვას; გოგონებიც არ დასწრებიან, მაგრამ მალე გაერკვნენ ვითარებაში. მაგალითად, ტელეგადაცემებიდან იცოდნენ, რომ დედას მუქმინიანი სათვალე უნდა კეთებოდა. მათ მოძებნეს სათვალე დედის საძინებელ ოთახში, რომელიც ახლა უეცრად მათ სამფლობელოდ იქცა და რომელშიც მამა აღარასოდეს შემოვიდოდა. ლულუ საწოლის ატმისფერ გადასაფარებელზე ხტუნაობდა, სანამ შარლოტი კომოდის უჯრებში იქექებოდა. დაკრძალვისას გოგონებმა შენიშნეს, რომ დედა მალულად აცეცებდა თვალებს – ჩვეულებისამებრ, ელოდა ფილიპს, რომელიც ამ მძიმე სიტუაციისგან იხსნიდა. მამა მალე მოვა და სეირსაც გიჩვენებთო, უმწეოდ აფრთხილებდა მარლენი გოგონებს, როდესაც ისინი დედას არ უჯერებდნენ, ყვიროდნენ და სახლის ირგვლივ დარბოდნენ.

დაკრძალვის შემდეგ სამგლოვიარო წვეულებას ბებია, ფილიპის დედა უნდა გასძღოლოდა. შარლოტმა შეამჩნია განწირული ვედრება მარლენის თვალებში.

 – არ შემიძლია , – სწრაფად წაუჩურჩულა მარლენმა უფროს ქალიშვილს, – არ შემიძლია ამ ქალის გვერდით ყოფნა.

ამიტომ შარლოტმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და მოელაპარაკა დაკრძალვის ცერემონიალის განმკარგულებელს, რომელიც მზად იყო, ისინი შინ თავისი კატაფალკით წაეყვანა. შემდეგ გოგონამ ეს ამბავი აცნობა ბებიას, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მაგრამ მარლენის უსაქციელობა არ გაკვირვებია. ბებია ტანმაღალი, ყოველთვის წელში გამართული ქვრივი ქალი იყო. ჭაღარა თმა მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი. ის აგროვებდა ძველი დელფტის კერამიკას, კითხულობდა ყველა ახალ რომანს და ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა: ოღონდ არა ლულუს, რომელიც სკამზე ცმუტავდა და ძირს იხრებოდა, რათა პედალებზე ხელები დაეჭირა, არამედ – მის უფროს დას. შარლოტი ბეჯითად სწავლობს, მაგრამ მუსიკალური სმენა არ აქვსო, ამბობდა ბებია. რა თქმა უნდა, ისიც იგლოვდა თავის უმცროს ვაჟს. დანარჩენი ორი ვაჟი ექიმი და დანტისტი იყვნენ, და თუმცა ბებია აგდებით ახსენებდა ხოლმე ფილიპის პროფესიას, თითქოს ეს რაღაცნაირი ახირება იყო, ცირკში მუშაობის ან პოპ-ანსამბლში მონაწილეობის მსგავსად, მაგრამ გოგონები დიდი ხნის წინ მიხვდნენ, რომ ამგვარი კილოთი ბებია გამოხატავდა თავის განსაკუთრებულ სიყვარულს ფილიპისადმი. ბებიამ თავისი საყვარელი შვილი დაკარგა და ისეთი სასოწარკვეთილი იყო, როგორც – ტრაგიკული მსახიობი ქალი ფილმში. შარლოტმა და ლულუმ ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს.

შინ ისინი ფუსფუსებდნენ მარლენის ირგვლივ, რომელიც პასიურად ემორჩილებოდა შვილების ზრუნვას; გოგონებმა აკოცეს დედას და ნელ-ნელა მოაცილეს ის საგნები, რომლებითაც შეამკეს დღისით მომხდარი დრამისთვის – მზის სათვალე, შავი შიფონის შარფი, ლურჯი ხელთათმანები (რადგან მარლენს შავი ხელთათმანები არ ჰქონდა), შავი ლაქის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ქურქს პოლიეთილენის ტომარა ჩამოაცვეს. შემდეგ მარლენი ტელევიზორის წინ დასვეს და საბავშვო გადაცემა ჩაურთეს. ლულუ დედას ეხუტებოდა და ეფერებოდა მარცხენა ხელზე, რომელზეც საქორწინო ბეჭედი ეკეთა – ბეჭედმა ახლა ახალი მნიშვნელობა შეიძინა. შარლოტმა, რომელიც თავს მოწიფულ ადამიანად გრძნობდა, ჩაიდნით წყალი აადუღა და ჩაი დააყენა; თითოეულ ფინჯანში ორ-ორი კოვზი შაქარი ჩაყარდა და ცოტაოდენი ვისკი ჩაასხა, ხოლო ლულუს ფინჯანში რძე დაამატა. ჩვეულებისამებრ, სკამზე ავიდა და მაღალი კარადის თაროდან ნამცხვარი გადმოიღო. ამ თაროს მარლენიც ვერ სწვდებოდა, თუკი სკამზე არ დადგებოდა. ბევრი ნამცხვარი შეჭამეს. შარლოტმა ცეცხლზე გაფიცხებული პურიც მოიტანა.

მოგვიანებით ფილიპის ძმა, დანტისტი რიჩარდი მოვიდა იმაში დასარწმუნებლად. რომ ყველაფერი რიგზე იყო. მან მოიტანა საჭმელი, რომელიც ბებიას გამოეგზავნა წვეულებიდან: ბუტერბროდები, კომბოსტოს სალათი და ნამცხვარი მადერით, ასევე – ორი ულუფა ჟელე მანდარინებით (გოგონებისთვის). დებს არ უყვარდათ ბიძა. ეს გრძნობა გამოწვეული იყო მოგონებებით საშინელ სავარძელში გატარებული დროის შესახებ, რომელიც თითქოს მათ საწამებლად საგანგებოდ იყო მოწყობილი. ახლა უკვე რიჩარდი გრძნობდა უხერხულობას. დაბნევით აცეცებდა თვალებს. ძმის სიკვდილს ვერ შეგუებოდა: რა სწრაფად მოხდაო, ფიქრობდა რიჩარდი, ზუსტად ისე, როგორც ხდებოდა ფილიპის ცხოვრებაში. გარდა ამისა, შავ კაბას, რომელიც მარლენს ეცვა – ეს მისი ერთადერთი შავი კაბა იყო – გულისპირი ძალზე ღრმად ჰქონდა ამოჭრილი; დაკრძალვის ცერემონიალის დროს გოგონებმა იზრუნეს იმაზე, რომ მარლენს კაბაზე კარდიგანი გადაეცვა და ღილები შეეკრა. გარეგნულად რიჩარდი ფილიპს ჰგავდა – მაღალი, ჩასხმული, წითურთმიანი მამაკაცი იყო. როგორც კი სახლში შემოვიდა, მარლენი მივარდა და ისტერიულად აქვითინდა. რიჩარდმა ძლივს მოახერხა, დასხლტომოდა.

– დაწყნარდი, მარლენ. უნდა გამხნევდე, ხომ იცი.

– როგორ დავწყნარდე? ყველაფერი დავკარგე. – უპასუხა ქალმა.

– ყველაფერი არ დაგიკარგავს. შვილები გყავს. მათი გულისთვის უნდა გამხნევდე.

– ფილიპის გარეშე ვერ ვიცოცხლებ! არ შემიძლია!

– მომავალზე უნდა იფიქრო.

– არ მსურს მომავალზე ფიქრი! მინდა ფილიპი დამიბრუნდეს! დღეს მის საფლავში უნდა ჩავვარდნილიყავი! ნეტავ, მეც მოვკვდე!

შეშფოთებულმა დებმა ერთანეთს გადახედეს. რიჩარდმა ეს შეამჩნია.

– გოგონების დაძინების დრო ხომ არაა? – იკითხა მან მკაცრად.

ლულუ ხმამაღლა ატირდა, სახე დედამისის ნახევრად შიშველ მკერდში ჩარგო და ხელები მაგრად შემოხვია წერწეტ წელზე. რიჩარდი მოიღუშა. მხოლოდ შარლოტმა შეძლო მათი დამშვიდება.

როდესაც რიჩარდი წავიდა, შარლოტმა „რადიო თაიმსი“ გადაათვალიერა და აღმოაჩინა, რომ ათის ოცდახუთ წუთზე „ბი-ბი-სი-1“ -ზე გადიოდა ერთ-ერთი სერია მისი საყვარელი სერიალისა „კაცი, გვარად აირონსაიდი“. ყველანი ერთად უყურებდნენ ხოლმე მას, თან ლორიან ბუტერბროდებსა და ჩიფსებს შეექცეოდნენ. ტელევიზორის წინ, როგორც ყოველთვის, ერთმანეთს ეხუტებოდნენ შალის ფართო პლედის ქვეშ. შარლოტს გაახსენდა, რომ არ უნდა ეთქვა: „რა სასიამოვნოა ასე ჯდომა!“ უწინ, როდესაც გოგონების მამა შინ უნდა დაბრუნებულიყო, მარლენი პლედს კვლავ სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში აბრუნებდა, მაგრამ ახლა მათ უკვე აღარავინ შეუშლიდა ხელს. იმ დროისთვის, როდესაც „აირონსაიდი“ დამთავრდა, დარდისგან ქანცგალეულ მარლენს უკვე ღრმად ეძინა, ღია პირით ოდნავ ხვრინავდა. წვრილად დაქნილი წარბები აეწია, თითქოს რაღაც კითხვაზე პასუხს ელოდებოდა.

გოგონები სამზარეულოში შეიპარნენ; ლულუ ფეხის წვერებზე დადგა, რათა დაენახა, რა მოიტანა რიჩარდმა სამგლოვიარო წვულებიდან.

– ბებიკომ ჟელე გამოგვიგზავნა, – თქვა შარლოტმა. – საუკეთესო მინის ჭურჭლით, სტუმრებს რომ უმასპინძლდება, იმით.

ლულუ დედამისივით ტანმორჩილი იყო. ფართო, ფუნთუშა, ვარდისფერი სახე ჰქონდა, ისეთი, ანგელოზებს რომ აქვთ ხოლმე ნახატებზე. შავი თვალებს ხშირი წამწამები უჩრდილავდა, ხოლო ხვეული მუქი წაბლისფერი თმის კულულები თითქოს მოუთმენლობისგან თრთოდნენ. მან ნელა აიღო ერთ-ერთი თეფში ჟელეთი, მაღლა ასწია და სანამ შარლოტი იაზრებდა, თუ რას აპირებდა უმცროსი და, განზრახ დააგდო თეფში იატაკის ფილებზე. თეფში დაიმსხვრა. მინის ნამსხვრევები, წითელი ჟელე და ფორთოხლის ნაჭრები იატაკსა და კარადებქვეშ მიმოიფანტა; გოგონებმა გაიგონეს, როგორ იცვალა დედამ გვერდი სასტუმრო ოთახში, მაგრამ არ გაღვიძებია; რომ გაღვიძებოდა, დაუძახებდა შვილებს. გაბრაზებულმა შარლოტმა დას სახეში ალიყური გაარტყა. შარლოტი თავის ასაკთან შედარებით ძალზე მაღალი და გამხდარი გოგონა იყო. ქერა თმა ბიჭივით მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი; დიდრონი ნაცრისფერ თვალებს სანახევროდ ქუთუთოები უფარავდა. ეს თვალები ააშკარავებდა პასუხიმგებლობის ტვირთს, ამ გოგონას რომ აწვა. როდესაც ლულუ სატირლად გაემზადა, შარლოტმა მხრებში ხელები ჩაავლო და შეანჯღრია.

– აქ ყველაფერი უნდა მივალაგ-მოვალაგოთ, – თქვა მან.- ვუთხრათ, თითქოს თეფში შემთხვევით დაგივარდა; გვაპატიებენ. განსაკუთრებით – დღეს. აღარ უნდა ვიცელქოთ, რაკი მამა მოკვდა.

– რატომ არ უნდა ვიცელქოთ? – აღშფოთებით იკითხა ლულუმ.

– თუკი ვიცელქებთ, ბებია წაგვიყვანს და მასთან ერთად ცხოვრება მოგვიხდება.

 ამ პერსპექტივამ ლულუც კი დააფრთხო.

როდესაც დაკრძალვასთან დაკავშირებული ფუსფუსი და მღელვარება დამთავრდა, გოგონებმა დანაკარგის მნიშვნელობა იაზრეს. გაოგნდნენ, როდესაც რიჩარდის ცოლი, ჰილარი, მოვიდა მათ კიდევ ერთ ბიცოლასთან, დეირდრესთან ერთად, რათა ფილიპის ტანსაცმელი დაეხარისხებინათ – გადაედოთ ის, რაც მის ძმებს გამოადგებოდათ და ისიც, რაც „ხსნის არმიაში“ უნდა გაეგზავნათ; მარლენი ამ დროს სასტუმრო ოთახში იჯდა და ტიროდა. ეჩვენებოდა, რომ ფილიპი პასუხს მოსთხოვდა. ფილიპის რძლები ყოველთვის აღიზიანებდნენ და არ სიამოვნებდა, როდესაც ვინმე ქმრის ტანსაცმელში იქექებოდა. რაღაც უხამსი, თითქმის ბოროტიც კი იყო იმაში, თუ როგორ აფასებდნენ ჰილარი და დეირდრე ფილიპის კოსტიუმებს, ყნოსავდნენ სახელოებს იღლიასთან და შარვლების შორისსაც კი. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალებმა ხმა აიმაღლეს და მარლენმა გოგონებითურთ გაიგონა, როგორ მრავალმნიშვნელოვნად თქვა დეირდრემ:„ყოველ შემთხვევაში, გარდაცვალებისას ის მარტო არ ყოფილა“. მათ პირველად შეიტყვეს ამის შესახებ, მაგრამ მარლენმა ვერ გაბედა, დამაზუსტებელი შეკითხვა დაესვა რძლებისთვის.

მართალია, ფილიპი იშვიათად იმყოფებოდა ხოლმე ცოლ-შვილთან, მაგრამ მისი ხატება გოგონების ყოველდღიურ ცხოვრებას განსაკუთრებულ კოლორიტს სძენდა. ამას ისინი ახლა ხვდებოდნენ და ჯეროვნად აფასებდნენ. შესაძლოა, მამას არ სურდა, რომ გოგონების ცელქობით თავი შეეწუხებინა იმ დროს, რომელსაც შინ ატარებდა, მაგრამ ზოგჯერ უღიტინებდა მათ და ჰაერში ისროდა; ჩამოჰქონდა მათი კოლექციისთვის თოჯინები სხვადასხვა ქვეყნიდან. ზოგიერთი მათი ქცევა – ტელევიზორის წინ ვახშმობა, სამზარეულოს სახურავიდან ეზოში გატანილ ლეიბზე ხტომა, შედედებული რძის ხვრეპა უშუალოდ თუნუქის ქილიდან – ახლა, როდესაც მისი მხრივ გაკიცხვისა აღარ ეშინოდათ, ნაკლებად მიმზიდველად ეჩვენებოდათ. ისინი ასევე ფიქრობდნენ იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მოკვდა მამა, მაგრამ დეტალები არ იცოდნენ და ეჩვენებოდათ, რომ მამის სიკვდილის სცენა ისეთივე იდუმალი იყო, როგორც ის ამბები, რომლებიც საშინელებათა ფილმებში ფარდის მიღმა ხდება ხოლმე. „ყოველ შემთხვევაში, გარდაცვალებისას ის მარტო არ ყოფილა“. რა საზარელ არსებასაც უნდა მოეკლა მათი უშიშარი და სიცოცხლით აღსავსე მამა, ეს არსება, ალბათ, ამაზრზენი იყო. ერთხანს ლულუ შარლოტის ოთახში იძინებდა ხოლმე, რადგან, როგორც კი თვალებს ხუჭავდა, მაშინვე მამა წარმოუდგებოდა.

– ნუ სულელობ, – მკაცრად ეუბნებოდა შარლოტი, თუმცა კედლისკენ იჩოჩებდა და ბალიშს ისე დებდა, რომ ზედ ორივენი დატეულიყვნენ. – ის აღარ არის.

– ის ჩემს თვალებშია. – პასუხობდა ლულუ.

შარლოტმა იცოდა, რომ მომდევნო დილას თავისი საწოლის ვიწრო კიდეზე იქნებოდა მიმწყვდეული, მაშინ, როდესაც ლულუ ქვეშეცნეულად დატკბებოდა საწოლის დანარჩენ ნაწილის ფლობით. ზურგზე იწვებოდა, პიჟამა იღლიებამდე ექნებოდა აწეული და შავი კულულები აუოფლიანდებოდა, ხმაურით ისუნთქებდა და ზედა მოკლე ტუჩიდან მარგალიტების მსგავსი პაწაწინა სარძევე კბილები გამოუჩნდებოდა.

როგორც კი გაირკვა, რომ მარლენს წარმოდგენა არ ჰქონდა ოჯახის ფულადი ქონების შესახებ, ფილიპის ძმებმა აკრიფეს მაგიდიდან ყველა დოკუმენტი, რომლებსაც ქალი, ერთგვარი ცრუმორწმუნეობის კარნახით, არც კი ეკარებოდა. ძმები შიშობდნენ, რომ მარლენი საქმეს წაახდენდა. აღმოჩნდა, რომ საკუთარ ფინანსებში ფილიპიც ვერ ერკვეოდა საკმარისად კარგად. ლაიონსებმა ოჯახის ყველა წევრი მოიწვიეს და თათბირი გამართეს. ბებიამ პირქუში კმაყოფილებით გააცნო მათ საქმის ვითარება. ფილიპს სიცოცხლე დაზღვეული არ ჰქონდა, პენსია კი ძალზე მცირე იყო: მის ოჯახს სხვაგან დაბინავება მოუხდებოდა, რადგან სახლის საიჯარო გადასახადი ძალზე მაღალი იყო. ფილიპის ძმები აპირებდნენ, ერთობლივად გადაეხადათ სასწავლებელში გოგონების სწავლის საფასური, მაგრამ დანარჩენი ხარჯების დასაფარავად მარლენს მუშაობა უნდა დაეწყო. დეირდრემ შესთავაზა, ადმინიტრატორად ემუშავა ექიმთან, რომელიც ოდესღაც დენისთან ერთად სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. მოგვიანებით მარლენი ამბობდა, რომ ნაწყენი სულაც არ იყო ბებიაზე და, უმეტესად, უდრტვინველად ემორჩილებოდა მის ავტორიტეტს: „ჩვენ მხოლოდ უწინ გვქონდა კონფლიქტი, რადგან ის ქვრივი იყო, მე კი ცოცხალი ქმარი მყავდა“. გოგონები ანუგეშებდნენ დედას: ბებია ისეთი მომხიბლავი და ლამაზია არაა, როგორიც შენ ხარო.

სამივენი უკვე სხვა თვალით უყურებდნენ სახლს, რომელიც მათი ოჯახური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ახლა ძალზე ძველი და სევდიანი ეჩვენებოდათ.

დაახლოებით ამ დროს კიდევ ერთი აღმოჩენა იყო სცენაზე მარლენის ნათესავების (რომელთა შესახებაც ბებიამ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა) გამოჩენა, თუმცა – მცირე ხნით. ეს ქალი და მამაკაცი, თავს, შესაბამისად, მარლენის დად და ბიძაშვილად ასაღებდნენ, თუმცა გოგონები ამაში დარწმუნებული არ იყვნენ, რადგან ეს ნათესავები აქამდე არასოდეს გამოჩენილან და არც არავის უხსენებია. შარლოტს და ლულუს ძალზე როდი აოცებდა ის, რომ დედის ნათესავები მათ ცხოვრებაში არ ჩანდნენ: მარლენი, მათი აზრით, ერთადერთი, განუმეორებელი ადამიანი იყო. ახლა ეს ხარვეზი გაორმაგებული ძალით შეავსო ამ უჩვეულო წყვილმა, რომელიც გრეით-იარმუთიდან პატარა ავტომანქანით ჩამოვიდა. როგორც ჩანს, იმედოვნებდნენ, – როდესაც მარლენი მოულოდნელად მათ დაუკავშირდა დაკრძალვიდან რამდენიმე კვირის შედეგ – რომ საქმე მემკვიდრეობას ეხებოდა („რა ამპარტავანი ძუკნაა“ – მოესმა ერთხელ შარლოტს დეიდის სიტყვები, როდესაც სტუმრები უკან გასამგზავრებლად ემზადებოდნენ). მარლენმა მათ ჩაი დაუსხა საუცხოო მომწვანო-ყავისფერი ფაიფურის ფინჯნებში. ჩაიდნის ორივე ხელით აწევა გაუჭირდა და თრთოდა. „ვიცოდით, რომ აუცილებლად უნდა გათხოვილიყავი“ – უთხრა დამ. ამ ჩასუქებულ ქალს შხამიანი ენა ჰქონდა; ბიძაშვილი გამხდარი კაცი იყო, შეღებილი მოყვითალო თმა ჰქონდა, საყურეს ატარებდა და ლაჟვარდისფერი ნაილონის ფართო შარვალი ეცვა. ძნელად დასაჯერებელი გახლდათ, რომ მათ რაიმე კავშირი ჰქონდათ მარლენთან, რომელსაც უნდოდა, ირგვლივ ყველაფერი ლამაზი ყოფილიყო და ამაყობდა იმით, თუ როგორ მოხდენილად აცვამდა შვილებს. გოგონები ჯერ კიდევ მამის სიკვდილამდე წააგავდნენ ობლებს, რადგან მარლენი გატაცებული იყო ეგრეთ წოდებული „ვიქტორიანული“ სტილით: ნაოჭიანი უჯრულა კაბები, ხავერდის ლენტებით შეკრული თმა , ამობურცულზოლებიანი შავი წინდები, რომლებიც რეცხვისას იწელებოდა და ფეხებზე ძირს ეკიდებოდა, ისე, რომ გოგონები განუწყვეტლივ მაღლა ექაჩებოდნენ მათ.

მარლენი სამსახურით კმაყოფილი იყო. ექიმი, მისტერ ჩერი, ძია დენისზე გაცილებით უფრო სასიამოვნო კაცი გახლდათ. მაღალი, ხალისიანი და მხრებში ოდნავ მოხრილი, ტლანქ, ფიზიკურად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მოზარდს ჰგავდა. შავჩარჩოიანი სათვალე ეკეთა და პერანგის საყელო ერთთავად გაქონილი ჰქონდა. მარლენი ფიქრობდა, რომ ექიმის ცოლი სათანადო ყურადღებას არ აქცევდა ექიმის პერანგების სისუფთავეს. ვინაიდან მისტერ ჩერი ძალზე გათვითცნობიერებული იყო მედიცინაში, ამიტომ პაციენტები (განსაკუთრებით – მოხუცი ქალბატონები) ზოგჯერ ნაწყენნი რჩებოდნენ იმით, რომ არც ისე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა მათ დაავადებებს; მარლენის როლი იმაში მდგომარეობდა, რომ დაემშვიდებინა და მოეხიბლა ისინი, რასაც ქალი შესანიშნავად ახერხებდა. ლაპარაკის დამაჯერებელი კილო გათხოვებამდე გამოიმუშავა, როდესაც ბორტგამცილებლად მუშაობდა. გოგონებს პატარაობისას უყვარდათ „თვითმფრინავობანას“ თამაში დედასთან და აიძულებდნენ ელაპარაკა დათაფლული, მანერული კილოთი (როგორც ბორტგამცილებლებს სჩვევიათ). ამ ხმას გოგონები დედის იდუმალი არსების ნაწილად აღიქვამდნენ. დროდადრო ისინი სკამებს მწკრივებად აწყობდნენ ოთახში, რიგრიგობით მოჰქონდათ ჭიქები „სკვოშითა“ და ყინულის ნატეხებით და იკრავდნენ წარმოსახულ უსაფრთხოების ღვედებს. „ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ოცდაათი ათასი ფუტის სიმაღლეზე ვიმყოფებით“.

როდესაც გოგონები წამოიზარდნენ, ეს თამაში აღარ იზიდავდათ. ახლა ისინი ყოველდღე, გაკვეთილების შემდეგ, მიდიოდნენ ექიმის მისაღებ კაბინეტში. ძალზე მოხდენილები იყვნენ თავიანთ ერთნაირ მუქ ღვინისფერ ტანსაცმელში: ზაფხულობით ბლეიზერები ეცვათ, ზამთარში – გაბარდინის ლაბადები. ეხურათ ფეტრის ქუდები, რომლებიც ნიკაპქვეშ რეზინით მაგრდებოდა. შარლოტი გულგრილად, ცივად იმზირებოდა თავისი წვიმის ან ჭაობისფერი თვალებით; გამხდარი გრძელი ხელ-ფეხი ჰქონდა; მყისვე იწყებდა მუშაობას, ალაგებდა საქაღალდეებს და ესმოდა, როგორი აპლომბით ლაპარაკობდა დედამისი მისაღებ ოთახში. ამასობაში ლულუ მისაღები ოთახის ხალიჩაზე პირქვე წვებოდა და გატაცებით აფერადებდა ნახატებს თავის ალბომში, შემდეგ კი ფერადი ცარცის ყოველ ნატეხს თავის ადგილას დებდა კოლოფში. დროდადრო დგებოდა, რათა რომელიმე მათგანი წაემახა ნაგვის ვედროში.

მყუდრო კაბინეტი იყო. ზამთარში, როდესაც გაზის ბუხარი შიშინებდა, ლულუს ფერადი ცარცი ქაღალდზე წრიპინებდა, მარლენი კი დროდადრო ხმამაღლა ასახელებდა პაციენტის გვარს თავისი სიიდან. რა თქმა უნდა, გოგონებს ხშირად ავადმყოფობდნენ ამა თუ იმ ვირუსით; მარლენი ამბობდა, რომ ლულუ განზრახ სჩადიოდა ამას, რათა სკოლაში არ ევლო. შარლოტს მოსწონდა სკოლა ან, ყოველ შემთხვევაში, მოსწონდა, რომ კლასში საუკეთესო მოსწავლე იყო. ლულუს ეჯავრებოდა სკოლა, ბეზრდებოდა გაკვეთილებზე, ყოფნა თამაშებშიც სათანადოდ ვერ იჩენდა თავს. და მაინც, ის პოპულარული იყო სხვა გოგონებს შორის, რომლებსაც სიამოვნებდათ, როდესაც ლულუს ხელს ჰკიდებდნენ და თმაზე ეფერებოდნენ, ისე, თითქოს გოგონა მათი შინაური ცხოველი იყო. სკოლის უკან, ვარდების ბაღში ლულუ სხვებთან ერთად ხტუნაობდა ფრანგულ სახტუნელაზე, ან სამკითხაო კარტებს შლიდა: „ჭეშმარიტი სიყვარული გეწვევა“, „მომდევნო ჯერზე გაგიმართლებს“, ან „სერიოზული არაფერი მოხდება“.

მისტერ ჩერის კაბინეტი ჰემსტედ-ჰითში რამდენიმე მილით იყო დაშორებული მათი ახალი ბინისგან და ადვოკატის ოფისის თავზე იყო განლაგებული. მარლენი და გოგონები შინ ჯერ ერთი, მერე კი მეორე ავტობუსით მიემგზავრებოდნენ. ხშირად ისინი ექიმს მიჰყავდა თავისი მანქანით და ზოგჯერ მათთან შედიოდა, რათა დაელია. სამივენი სთხოვდნენ, რომ ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყო მათთან: ლულუ ლოყით ეხუტებოდა ექიმის ტვიდის კოსტიუმის უხეშ სახელოს, მხარზე ეტორღიალებოდა და ხელს არ უშვებდა; შარლოტი ყველას წინ უსწრებდა. კიბეზე არბოდა, ანთებდა შუქს და გაზის ბუხარს, და ხურავდა ფარდებს სასტუმრო ოთახში, რომელიც ჰაი-სტრიტზე გადიოდა – საბედნიეროდ, აქ მხოლოდ გამოსასვლელ დღეებში იყო ხმაური. ბინაში მათ გადმოიტანეს მძიმე ძველი ავეჯი, როიალიც კი. ფილიპის მამამ – გოგონების ბაბუამ – რომელმაც დიდი ხნის წინ იმოგზაურა შორეულ აღმოსავლეთში, ჩამოიტანა ჭურჭლის კარადა და შავი ხისგან გამოთლილი ორი უზარმაზარი საკარცხული, სამეფო ტახტებს რომ ჰგავდა. ეს ავეჯი მცირე მოცულობის სივრცეში დომინირებდა. შარლოტს კარადიდან ბროლის ჭიქები და ერთი ბოთლი ჯანჯაფილის ლუდი გამოჰქონდა. მოზრდილთა ჭიქებში ვისკის ამატებდა. გოგონები კი კოკა-კოლას სვამდნენ, რომელშიც შეიძლება ერთი წვეთი ვისკი ჩაესხათ; ზეთისხილსა და მარილიან თხილს პატარა მოჭიქულ თეფშებზე აწყობდა.

სამსახურში გატარებული დამღლელი დღის მიუხედავად, მარლენს სიამოვნებას ანიჭებდა ეს ინტიმური soirées, როგორც თვითონ უწოდებდა მათ – ფრანგულად არ ლაპარაკობდა, მაგრამ როდესაც ბორტგამცილებლად მუშაობდა, ფრანგული პრონონსი შეითვისა და იმიტაციის კარგი უნარიც ჰქონდა. „პატარა მაიმუნივით საზრიანი ხარ“ – გამოაჯავრა ერთხელ ინტერესით და სკეპტიკურად მისტერ ჩერიმ, რომელიც დაბალ სავარძელში ჯდებოდა ხოლმე, თითქოს ადამიანებს ემალებოდა, თუმცა ფანჯრებზე დაკიდული სქელი ფარდების გამო მას ვერავინ დაინახავდა. ექიმის გრძელი კიდურები ავეჯით გადატვირთულ სივრცეში კიდევ უფრო გრძელი მოჩანდა. გონიერი სახე ჰქონდა. მარლენი მის გვერდით, დივანის კიდეზე იჯდა, ნაილონისწინდებიანი ფეხები ჯვარედინად ეწყო, Sobranie-ს ეწეოდა და ეკითხებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გასახდომი დიეტების შესახებ ან იხსენებდა პარიზსა და ვენეციას, რომლებიც გათხოვებამდე მოინახულა, თან ღიღინებდა და სიგარეტიან ხელს აქეთ-იქით იქნევდა. გოგონებმა, რომლებიც იცნობდნენ ამ სიმღერებს, მელოდიებს ხმები ააყოლეს. მარლენმა ექიმს ჰალსტუხი მოხსნა და ფეხსაცმელი გახადა, თან ეუბნებოდა, ზედმეტად ბევრს მუშაობო. „მინდა, შენი პერანგი მოვიზომო“ – თქვა ქალმა. ელექტრობუხრის სითბოსგან სასიამოვნოდ მოთენთილმა ექიმმა უპასუხა, რომ, მისი აზრით, ისინი შეშლილები იყვნენ – მთელი ოჯახი შეშლილი იყო. არ ვიცი, რას მესაქმება აქ, შეშლილთა შორისო, თქვა თვითკმაყოფილი კილოთი, ცოტათი გაურკვევლად. როგორც ჩანს, სასმლის ან დაღლილობისგან ენა ებმოდა. მარლენმა შარლოტი და ლულუ ჰაი-სტრიტზე გაგზავნა შემწვარი თევზისა და კარტოფილის ამოსატანად.

მოგვიანებით ექიმი მრავალმნიშვნელოვნად დაიხედავს საათზე და გამოაცხადებს, ძილის დრო არისო. შარლოტი ლულუს სააბაზანოში წაიყვანს მოსაშარდად და კბილების გასაწმენდად; შარლოტი ფხიზლად რომ არ ყოფილიყო, ვარდისფერ კოპწია პიჟამაში გამოწყობილი ლულუ კვლავ სასტუმრო ოთახში შეირბენდა, დანჯღრეული ფორტეპიანოს კლავიშებზე საჭმლის ჩხირებით „დაუკრავდა“, თან კულულებისა და გავის ქნევით სასაცილოდ შეიჭმუხნებოდა, რის პასუხადაც ექიმი იცინებდა, სანამ გაბრაზებული შარლოტი პატარა დას სასტუმრო ოთახიდან არ გაიყვანდა. გოგონები ახლა ორსართულიან საწოლზე იძინებდნენ ხოლმე: ლულუ ფეხებით ღონივრად ებჯინებოდა შარლოტის ლეიბის ქვედა მხარეს, სანამ უფროსი და არ გაუწყრებოდა.

ღამღამობით, როდესაც ექიმი მათთან იმყოფებოდა, გოგონები საძინებელი ოთახის კარს ღიად ტოვებდნენ, რათა მიეყურადებინათ იმისთვის, რაც სასტუმრო ოთახში ხდებოდა. ზოგჯერ ექიმი ეხმარებოდა მარლენს ყავის მოხარშვაში; სხვა დროს ისინი ტელევიზორს უყურებდნენ ან ცეკვავდნენ. ზოგჯერ გოგონებს ეღვიძებოდათ და ესმოდათ საუბრის ნაწყვეტები, რომლებიც ჩვეულებრივ საუბარს კი არ ჰგავდა, არამედ გულთბილი, ალერსიანი და ძალიან ჩუმი იყო, ისეთი, როგორც ბუყბუყი ან თუხთუხია. მამაკაცის მბრძანებლური კილო ენაცვლებოდა დედის ხმას, ფლეიტასავით ნაზად რომ ჟღერდა. გოგონები ხვდებოდნენ, როდის მიდიოდა ექიმი, რადგან შემოსასვლელი კარი ყრუდ, მაგრამ მკაფიოდ ჭრიალებდა. ეს იყო სიგნალი, რომლის შემდეგ ისინი ნება-ნება იძირებოდნენ სიზმრების ღრმა სივრცეებში.

როდესაც შარლოტი დაწყებით სკოლას ამთავრებდა, მარლენმა მანქანის მართვის სწავლა დაიწყო. ყველას გასაკვირად, უნარიანი მძღოლი აღმოჩნდა და პირველი მცდელობისთანავე ჩააბარა გამოცდა. გიჟდებოდა თავის პატარა „ჰონდა სივიკზე“, რომელიც რიჩარდმა შეარჩია და საფასურის ნაწილიც გადაიხადა. გოგონებს უკვირდათ, როგორ სწრაფად მიაქროლებდა ხოლმე მანქანას მარლენი ჰემსტედ-ჰითისკენ, უკანა ხედის სარკეში იყურებოდა და მარჯვედ აყენებდა მანქანას სადგომზე, თან აქეთ- იქით ატრიალებდა თავს. ჰილარი და დეირდრეც ატარებდნენ მანქანებს, ბებია კი ვერაფრით დაეუფლა ამ ხელოვნებას. რიჩარდი ჰყვებოდა, რომ ჰილარის მანქანის ტარებისა ეშინოდა. ახლა მარლენს და გოგონებს შეეძლოთ არდადეგებზე თავიანთი მანქანით გამგზავრებულიყვნენ სადმე და არ წაჰყოლოდნენ რიჩარდს ჩრდილოეთ უელსში, სადაც არც ტელეფონი იყო, არც ტელევიზორი, გამუდმებით წვიმდა და ისინი „ქლუიდოს“ და „მონოპოლის“ თამაშობდნენ, სანამ რიჩარდი სახლში არ დააბრუნებდა. მაგრამ მას შემდეგაც, რაც მარლენმა გამოცდა ჩააბარა, გოგონებს მაინც ესმოდათ თავიანთ ბინაში მამაკაცის ხმა ღამღამობით. ეს მისტერ ჩერი ვერ იქნებოდა, რადგან მარლენი თავისი მანქანით მარტო ბრუნდებოდა ხოლმე შინ სამსახურის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მამაკაცის ხმა ხან მისტერ ჩერის ხმას წააგავდა, ხან კი – რიჩარდისას.

– საინტერესოა, რომ ისინი კვლავ გვსტუმრობენ ხოლმე, – ამბობდა ლულუ. – ახლა, როდესაც დედამ მანქანის მართვა ისწავლა.

– განა არ იცი, რისთვის გვსტუმრობენ? – მკაცრად ეკითხებოდა შარლოტი.

ლულუ აკვირდებოდა დის გამომეტყველებას და წარმოუდგებოდა დამჭკნარი მცენარის სქემა – ეს სქემა ექიმმა ქალმა დახაზა დაფაზე საგანგებო გაკვეთილის დროს, რომელიც სკოლაში წელიწადში ერთხელ ტარდებოდა.

– სიყვარული ფესვია, – განმარტავდა ეს ქალი, – მეგობრობა ღერო და ფოთლებია, ხოლო ფიზიკური ვნება – ყვავილი, და ის ყველაზე ბოლოს იფურჩქნება ხოლმე.

ლულუს მეგობრებისგან გაგონილი ჰქონდა სექსის შესახებ, მაგრამ არ დაუკავშირებია ის ფიზიკური ვნების ყვავილთან და, მით უმეტეს, საკუთარ დედასთან.

შემდეგ, როდესაც შარლოტი მეექვსე კლასში სწავლობდა, ექიმის კაბინეტში კინკლაობა მოხდა და მარლენმა სამსახური დაკარგა. ამის მიზეზი ვითომდა ის იყო, რომ მისტერ ჩერის კაბინეტი გაერთიანდა კიდევ ორ კაბინეტთან, რათა ჩამოყალიბებულიყო ჰემსტედ-ჰითის სრულიად ახალი სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ამდენი რეგისტრატორი აღარ დასჭირდებოდა, მაგრამ გოგონებიც კი ხვდებოდნენ, რომ საქმე მხოლოდ ეს არ იყო. ბებია ესტუმრა მათ, რათა მარლენი თავაშვებულობაში დაედანაშაულებინა. ნუთუ გარდაცვლილი ქმრის ოჯახისთვის ანგარიში არ უნდა გაეწია? განა მარლენს ასე უნდა გადაეხადა მადლი დეირდრესა და ჰილარისთვის , რომლებმაც სამსახური უშოვეს?

– დიდი მადლობა, თვითონაც ვიშოვი სამსახურს. – უპასუხა გულცივად და ამაყად მარლენმა.

– ვნახოთ!

 მარლენმა მეორე კვირასვე იშოვა სამსახური პატარა სუპერმარკეტში, ჰაი-სტრიტზე. ბებია ამან თითქოს კიდევ უფრო განარისხა. პირველი შემთხვევა იყო, რომ ის ბინაზე ეწვია მარლენს, რომელიც ნათესავებს თვეში ერთხელ საკვირაო სადილზე პატიჟებდა ხოლმე. შარლოტი კვლავ მორჩილად დადიოდა ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად, თუმცა ამას, ბებიას თქმით, არავითარი აზრი არ ჰქონდა. ახლა მოხუცებული ბინას ისე ათვალიერებდა, თითქოს ავეჯის ღირებულებას აფასებდა. გამართულად იჯდა თავისი ქმრის მიერ ნაყიდ მოჩუქურთმებულ საკარცხულზე. პალტო არ გაუხდია. ხელჩანთა მუხლებზე ედო; ჩაის ან ხერესის დალევაზე უარი განაცხადა.მიუხედავად ამისა, შარლოტმა დააყენა ჩაი მომწვანო-ყავისფერ ჩაიდანში, სამივეს დაუსხა და ნამცხვარიც გამოიტანა. როგორც ჩანს, კერამიკული თეფშები, რომლებზეც ნამცხვარი ელაგა, აგრეთვე ბებიასი იყო.

– რა ბედი ეწევა ჩემს შვილიშვილებს, – იკითხა ბებიამ, – როდესაც მათი დედა ასე თავისუფლად იქცევა?

– ცოტაოდენი გართობა არავის აწყენს, – ჯიუტად თქვა მარლენმა.

ბებია შეკრთა.

– ამას გართობას უწოდებ?

– სანერვიულო არაფერია, – შეეცადა ბებიას დაშოშმინებას შარლოტი.

ლულუს ახალი ნასწავლი ჰქონდა ფრანგულ ყაიდაზე ქსოვა. დედის გვერდით იჯდა დივანზე, არც ისე დიდ ყურადღებას უთმობდა საუბარს და წვრილი ყაისნაღით ქსოვდა კოჭში ჩაჭედებული ოთხი ლურსმნის ირგვლივ. სკოლაში ყველანი გატაცებულნი იყვნენ ამგვარი ქსოვით. დროდადრო ლულუ ქსოვას წყვეტდა, ცალ თვალს ჭუტავდა, მეორით კი ათვალიერებდა კოჭის ნახვრეტს და ზოლიან ნაქსოვ ლენტს, კოჭის მოპირდაპირე ბოლოდან რომ გამოდიოდა.

– დროა, პროფესიონალს მოეთათბირო ლულუს შესახებ, – ვეღარ მოითმინა ბებიამ. – აშკარაა, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება.

მარლენმა გაოცებით შეხედა ლულუს.

– არავითარი დახმარება არ სჭირდება.

– როგორც კი გაგიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ოჯახში არეულობას შემოიტანდი. არაჯანსაღი სისხლი გაქვს. ბედნიერებაა, რომ საწყალი ფილიპი ცოცხალი აღარაა და ვერ ხედავს, რაც აქ ხდება.

– მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დედას სამსახური საერთოდ არ დასჭირდებოდა, – სამართლიანად შენიშნა შარლოტმა.

მაგრამ მან მაშინვე ენაზე იკბინა, როდესაც გაიგონა სიტყვები „არაჯანსაღი სისხლი“, – გაახსენდა მარლენის ჩასუქებული და, ასევე – ყვითელთმიანი, საყურიანი ბიძაშვილი. ბებიამ მზერა ლულუდან შარლოტზე გადაიტანა, რომელიც გვერდულად იჯდა პიანინოსთან. შარლოტი დედას არ ჰგავდა, მაგრამ არც ისეთი ტანადი იყო, როგორიც – ფილიპი. ულაზათო აღნაგობა, მომცრო მკერდი, უშნოდ ამოშვერილი მენჯის ძვლები, გახუნებული თმა და დამუწუკებული ნიკაპი ჰქონდა. რა გასაკვირია, რომ თაყვანისმცემლები არ ჰყავსო, ფიქრობდა ბებია, რომლის სხვა შვილიშვილები – შარლოტისა და ლულუს ბიძაშვილები – ნიჭიერი და პოპულარული ბავშვები იყვნენ. მაგრამ შარლოტის სახე მიმზიდველი არ იყო, ისევე, როგორც მისი ფორიაქი და ადრეული სიმწიფე. არსებითად, სევდიანი, მძიმე ქუთუთოებში მიმალული თვალები ბებიასმისის თვალებს უგავდა: ეს ჰილარიმ და დეირდრემაც შენიშნეს. და მაინც, ბებიას დელფტური კერამიკასავით ცისფერი თვალების მზერა უპიროვნო და ცივი იყო, როდესაც შუქურას სხივივით გადაუვლიდა ხოლმე შარლოტს.

– შენ კი, შარლოტ…!

მაგრამ შარლოტს განაჩენის მოსმენა არ შეეძლო. ის მკვეთრად შეტრიალდა ტაბურეტზე და დაკვრა დაიწყო. „Für Elise“-ს უკრავდა, ძალზე უხეიროდ და ძალზე ხმამაღლა. მარჯვენა პედალს საბერველივით ძალუმად აჭერდა ფეხს. ფორტეპიანოს გაკვეთილებიდან გამოტანილი გამოცდილება საშუალებას აძლევდა, ნათლად წარმოედგინა ბებიამისის გამომეტყველება.

მარლენს სიამოვნებას ანიჭებდა სუპერმარკეტში მუშაობა, სადაც ხახვის და ამყაყებული წყლის (რომელიც მაცივრიდან გამოედინებოდა) სუნი იდგა და ფლუორესცენტული ნათურების ციმციმისგან თავი სტკივდებოდა. მაგრამ ხელფასი აქ ისეთივე იყო, როგორსაც მისტერ ჩერი უხდიდა. გარდა ამისა, სიამოვნებას ანიჭებდა სუპერმარკეტში მომუშავე სხვა ქალებთან მეგობრობა – მყისვე მიხვდა, რომ ბორტგაცილებლის კილოთი არ უნდა ელაპარაკა მათთან. მაღაზია უფრო ხმაურიანი იყო, ვიდრე – ექიმის კაბინეტი: მუშტრები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ზოგიერთი მათგანი შეუძლოდ ხდებოდა, ხშირად ქურდობდნენ. რამდენჯერმე ადგილობრივი ნარკომანებიც კი შემოვიდნენ. მარლენი ერთხელ ნამდვილ ძარცვასაც შეესწრო, თუმცა მძარცველს ბევრი არაფერი წაუღია: შეშინებულმა მამაკაცმა, ხამანწკას რომ ჰგავდა, სუპერმარკეტის თანამშრომლებს პურის საჭრელი დანა მოუღერა და ორმოცი კოლოფი Benson & Hedges-ი წაიღო.

            შარლოტმა სწავლა უნივერსიტეტში უნდა გააგრძელოსო, ამბობდნენ პედაგოგები. მან სათანადო ფორმა შეავსო და გასასაუბრებლად გაემგზავრა იორკში, დარემსა და უორვიკში; პირველი შემთხვევა იყო, რომ მატარებლით მარტო მგზავრობდა. მას შესთავაზეს სოციოლოგია და ფსიქოლოგია შეესწავლა იორკსა და უორვიკში, მაგრამ შარლოტმა გადაწყვიტა, მშობლიურ ქალაქში დარჩენილიყო და ემუშავა. რიჩარდი მასთან საგანგებოდ მივიდა ჭკუის დასარიგებლად, შემდეგ კი ჰილარის აუწყა, რომ შარლოტი თევზივით ცივი ქალიშვილი იყო, რომელსაც უცნაური იდეები ჰქონდა.

– შენ კი ყოველთვის ზრუნავდი მათ განათლებაზე. – თქვა ჰილარიმ, რომელიც შეჭაღარავებულ თმას სარკის წინ ივარცხნიდა, ქმრის ანარეკლს სარკეში თვალს არიდებდა და მას საგონებელში აგდებდა. იცოდა თუ არა ჰილარიმ რიჩარდისა და მარლენის სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ?

– როგორ უნდა დაგტოვოთ? – უთხრა შარლოტმა ლულუს. – როგორ ფიქრობ, რა მოხდება , თუკი წავალ და თქვენზე აღარ ვიზრუნებ?

– არ ვიცი, – თქვა სევდიანად ლულუმ. – რა მოხდება?

– ხომ იცი, დედა თავს ვერ მიხედავს, დაიბნევა. მისტერ ჩერისთან მუშაობისას დიდხანს ვერ გაერკვა საბუთების წარდგენის სისტემაში. იმ სამსახურში დიდხანს არ გააჩერებდნენ, მე რომ არ დავხმარებოდი.

– მაგრამ მაღაზია ხომ კარგად მართავს , – თქვა ლულუმ. – სალაროს, ინვენტარიზაციას…

– ღმერთო ჩემო, – უპასუხა შარლოტმა გამქირდავი კილოთი, – ამას ხომ ყველა შეძლებს.  

ამ საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ შარლოტმა დასავლეთ სარეის წყალთა მეურნეობის დაგეგმვის საბჭოში დაიწყო მუშაობა. იმავე დროს ლულუ შეუყვარდა ერთ ახალგაზრდას, რომელიც შარლოტს დიდად არ ეპიტნავებოდა. შავთმიანი, თაფლისფერთვალება დემიენი სანდომიანი ჭაბუკი იყო, მაგრამ საოცრად დუნე, ინერტული ხასიათი ჰქონდა. როდესაც ლაიონსების ბინას სტუმრობდა, სავარძელში ჯდებოდა, ხელის თითებს ერთმანეთზე გადააჭდობდა, წინ იხრებოდა და თავის პლატფორმიან შავ გაკრიალებულ ფეხსაცმელებს აშტერდებოდა; ეს დამთრგუნველი დუმილი შეუძლებელს ხდიდა ყოველგვარ საუბარს, ამასთან, დემიენის დუმილი არ ნიშნავდა, რომ მას არ შეეძლო თავისი გრძნობების გამოხატვა სხვა ხერხებით. როდესაც ლულუმ ის თავის საძინებელ ოთახში შეიყვანა, რათა მოესმინათ Culture Club-ის ჩანაწერი, მარლენმა დაიჟინა, რომ საძინებლის კარი ღიად დაეტოვებინათ. მაგრამ სანერვიულო არაფერი იყო. ლულუ თვითონაც ფხიზლად იყო და კარგად იცოდა (რაც თითქმის მისტიკური მგზნებარებით შეამჩნია), როგორ იყო განაწილებული ნებადართული და აკრძალული ზონები თავის პატარა კოხტა სხეულზე. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მან თავი დააღწია ბავშვობისდროინდელ ველურ წარმოდგენებს.

მათ დიდი ხნის განმავლობაში არ ენახათ მისტერ ჩერი. და, აი, ერთ საღამოს, როდესაც მოგონება ვახშამზე – მაკარონითა და ყველით – ჯერ კიდევ ტრიალებდა ბინაში, ხოლო ისინი „ნიკოლას ნიკლბის“ ბოლო სერიას უყურებდნენ, მისტერ ჩერი კვლავ შემოიჭრა მათ ცხოვრებაში. როდესაც ზარის ხმა შემოესმათ, კარის გასაღებად შარლოტი ჩავიდა. მან მღელვარებით და ამაყად შეიყვანა ექიმი სასტუმრო ოთახში, სადაც ოჯახის დანარჩენი წევრები ჯერ კიდევ ფართო პლედის ქვეშ ისხდნენ.

– შეხეთ, ვინ მოვიდა!

თმააწეწილი და აღელვებული მისტერ ჩერი შეშლილს ჰგავდა. სათვალის მინები სიცივეში სიარულისას შეორთქლოდა. მარლენმა ოდნავ უხალისოდ – რადგან ძალზე გატაცებული იყო ფილმით – გამოთიშა ტელევიზორი. როგორც ჩანს, გრემ ჩერიმ ცოლი და სამი შვილი მიატოვა და დასახლდა პერლიში, მარლენის ბინის მახლობლად. შარლოტმა მყისვე გაიფიქრა, რომ ეს ყველა მათი პრობლემას გადაჭრიდა. მან უკვე წარმოიდგინა, რომ მისტერ ჩერი დაქორწინდებოდა მარლენზე და მყარ პოზიციას დაიკავებდა დემიენის მიმართ. თვით შარლოტი კი, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს უნივერსიტეტში ისწავლიდა და ბრწყინვალედ ჩააბარებდა ყველა გამოცდას. მისტერ ჩერის ყველიანი მაკარონი გაუცხელეს და მაგარი ვისკი დაუსხეს; მარლენმა მისი პერანგი და წინდები სააბაზანოს ნიჟარაში გარეცხა და იქვე დაკიდა გასაშრობად. მისტერ ჩერი დივანის ბალიშებში მოკალათდა, ტანთ მარლენის ჭრელი ხალათი ეცვა.

– როგორ მომენატრეთ ყველანი! – თქვა მან მთრთოლვარე ხმით. – ჩემს სახლში ცხოვრება აუტანელი გახდა. რომ იცოდეთ, როგორ მომენატრა ეს მყუდრო პატარა ბინა.

– ჩვენც გვენატრებოდით – უთხრა შარლოტმა ალერსით. – მოგვენატრა თქვენი საუბრები.

შარლოტს აწუხებდა, რომ უნივერსიტეტში მისი ყოფნის დროს ექიმს ინტელექტუალური თანამოსაუბრე აღარ ეყოლებოდა და იძულებული იქნებოდა, მხოლოდ მარლენთან და ლულუსთან ესაუბრა. ნებისმიერი მსხვერპლის გაღება ღირს, რათა მისი კეთილგანწყობა შევინარჩუნოთო, ფიქრობდა შარლოტი, მაგრამ ეს სიძნელე ბუნდოვან მომავალში ელოდა. მომდევნო კვირების განმავლობაში გამალებით სახავდნენ გეგმებს. ერთხელ ექიმმა ისინი ლონდონში წაიყვანა სპექტაკლის სანახავად, შემდეგ ჰამბურგერებს შეექცნენ და ბრბოსთან ერთად სამხრეთ სანაპიროზე გაისეირნეს. ჩაუარეს ლონდონის განათებულ მუნიციპალურ სამმართველოს – მისი ანარეკლი ციმციმებდა მდინარეში, სადაც იდუმალად ჩნდებოდა და ქრებოდა ნავების გამოსახულებები. მარლენი მშვენიერი იყო იმ საღამოს, რამდენიმე ჭიქა ბრენდის დალევის შემდეგ, თავის მარგალიტის საყურეებითა და კრაველის ქურქით. ექიმს ცალ მხარეს მარლენი მიჰყვებოდა, მეორე მხარეს კი – შარლოტი. შეზარხოშებული ლულუ გვერდით მიიზლაზნებოდა. ნამდვილ ოჯახს ვგავართო, ფიქრობდა შარლოტი. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, პერლიმდე მიაღწიეს და ქალიშვილები დასაძინებლად დაწვნენ – რა თქმა უნდა, ისინი დიდხანს ვერ გაძლებდნენ საწოლებში, რომლებიც მათი ასაკისთვის შეუფერებელი იყო – ექიმი ქორწინების შესახებ ალაპარაკდა.

მარლენი ყოყმანობდა – მომავლისა ეშინოდა.

– ოჰ, ძვირფასო, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, – ოხვრით თქვა მან მომდევნო საღამოს, როდესაც ექიმი მათთან არ იმყოფებოდა – ნაწყენი იყო იმის გამო, რომ მარლენი ყოყმანობდა და, გარდა ამისა, გაჰყვა თავის შვილს, რომელიც მოცურავეთა შეჯიბრში იღებდა მონაწილეობას. „მეუბნება, მუშაობას თავი დაანებეო“.

– ის ექიმია, დედა, – წამოიძახა შარლოტმა. – ექიმის ცოლმა არ უნდა იმუშაოს სუპერმარკეტში.

– კი მაგრამ, მუშაობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ხარჯების საზღაურს თვითონვე ვიხდი.

– როდესაც მასზე გათხოვდები, საკუთარი ფულის გამომუშავება არ დაგჭირდება.

ექიმი შეურაცხყოფილი იყო მარლენის ეჭვების გამო, ქალზე გული აიყარა და აღარც სტუმრობდა. საღამოობით შარლოტი შეფიქრიანებული გამომეტყველებით მიდიოდა ხოლმე ექიმის ბინაში და ისინი თათბირობდნენ მომდევნო ნაბიჯების შესახებ, ისე, თითქოს თანამზრახველები იყვნენ. ზოგჯერ შარლოტი შინ შუაღამისას ბრუნდებოდა.

თებერვლის ერთ მოქუფრულ დილას ექიმი და მარლენი შეთანხმდნენ, რომ ყველანი დასასვენებელ ბაზაზე გაემგზავრებოდნენ. ეს უფრო დროებით ზავს წააგავდა, ვიდრე – ომის დამთავრებას. „გპირდები, ვიფიქრებ მომავლის შესახებ“, – უთხრა მარლენმა შარლოტს. „რა საჩქაროა? არ მინდა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგა და შემდეგ ვინანო“.

ბაზაზე ძლიერი ქარი ქროდა. ცა გადათეთრებული იყო. წვიმდა. ყველანი შარფებში გაეხვიენ და ხელთათმანებიანი ხელები ჯიბეებში ჩაიწყვეს. დემიენი და ლულუ სიყვარულისგან აღგზნებულნი, სიარულისას ერთმანეთს ეჯახებოდნენ. დემიენი ყურში ეჩურჩულებოდა ლულუს და თავისი გრძელი თითებით ეფერებოდა მის ნაქსოვ ქუდსა და კულულებს. მარლენი ჰყვებოდა მაღაზიაში მომუშავე მეგობრების შესახებ: ერთს კუჭი აწუხებდა, მეორეს კი – რადიკულიტი. ის ეკითხებდა ექიმს, ხომ ურჩევდა რაიმეს ამ დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით. ექიმმა უპასუხა, ვერაფერს გეტყვი, საკუთარ ექიმს უნდა მიმართონო. ჰაერი სასოწარკვეთილებით გაიმსჭვალა. ბილიკი მიიკლაკნებოდა ფიჭვების გასწვრივ, რომლებიც მძაფრ სურნელს აფრქვევდნენ და წითელი ქერქი ძაფებივით ეკიდათ; ყველგან ეყარა შაქარყინულის ჯოხები, კანფეტების გასახვევი ქაღალდები, ხეების ძირას კი – ძაღლების სკორე. ნათურები მოგლეჯილი იყო.

ექიმი მოულოდნელად შეჩერდა. „ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა“, თქვა მან ისე, რომ არავისთვის შეუხედავს. შემდეგ ქუსლებზე შეტრიალდა და ხმის ამოუღებლად გაემართა საპირისპირო მიმართულებით, ავტოსადგომისკენ. ძლიერი ქარის გამო იკუნტებოდა. გრძელი ფეხები მაკრატელს მიუგავდა. საბედნიეროდ, ისინი ორი მანქანით გამოემგზავრნენ აქ.

– უზრდელი! – წაილაპარაკა მარლენმა. – ერთადერთი, რასაც ვერავის ვაპატიებ, უზრდელობაა.

– განა ერთად არ უნდა გვესადილა? – გაუკვირდა ლულუს.

შარლოტი ერთხანს მიწას დასცქეროდა. მძიმე ქუთუთოებში თვალები თითქმის არ უჩანდა. ბილიკი მიჰყვებოდა ციცაბო ნაპირს, რომელიც ხშირი, გახუნებული, ბინძური, წვიმისა და ქარისგან დაძეძგილი ბალახით იყო დაფარული. ქალი უეცრად მოსწყდა ადგილს და ძირს დაეშვა. ბორძიკობდა და ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას, თითქოს მდინარის ქვიან ფსკერზე მიდიოდა. ფერდობის ძირას შეჩერდა.

– რა დაემართა? – გაოცებით იკითხა ლულუმ.

მარლენს თითქოს გონება გაუნათდა და ესოდენ მკაფიოდ პირველად დაინახა თავისი უფროსი ქალიშვილი. ყველანი ლულუზე ზრუნავდნენ, მაგრამ ლულუს არაფერი უჭირდა. ლულუ როდი იდგა იქ მარტო – ასეთი გამხდარი, სევდიანი, შეშფოთებული, გზააბნეული გადამფრენი ფრინველის მსგავსი.

– მანქანაში დაგვიცადე, – უთხრა მარლენმა ლულუს და მანქანის გასაღები მიაწოდა. – შარლოტს უნდა დაველაპარაკო.

– მართლა? რა გემართებათ ყველას?

– თავი დამანებეთ, – ხმამაღლა წარმოთქვა შარლოტმა, ისე, რომ მათკენ არ შემობრუნებულა. – წადით და დამტოვეთ. სიცოცხლე აღარ მინდა.

ლულუმ და დემიენმა ერთმანეთს კომიკური გაოცებით გადახედეს, მაგრამ მორჩილად გაეშურნენ მანქანისკენ. ერთმანეთს ეკვროდნენ. ცოტათი ნაწყენებიც იყვნენ – აქ გამომგზავრება მათი სურვილით არ მომხდარა.

მარლენი ფერდობზე დაეშვა და ხელი მოხვია შარლოტს, რომელიც გახევებული იდგა. ყელზე Anaïs Anaïs-ი დაეპკურებინა და დედა ამ სურნელს გრძნობდა.

– იცი რა, თუ ფეხმძიმედ ხარ, გამიხარდება კიდეც, – თქვა მარლენმა ყოყმანით და ხმადაბლა. – საზოგადოების აზრს ყურადღებას არ მივაქცევ. კარგი იქნებმა თუკი ჩვენს ბინაში ბავშვი გვეყოლება. შენი ძველი აკვანი შენახული მაქვს.

სისულელეს ნუ ლაპარაკობო, უთხრა შარლოტმა დედას სასოწარკვეთილებით აღსავსე ხმით. ფეხმძიმედ არ იყო. ასეთ სისულელეს არ ჩაიდენდა. მაგრამ წინააღმდეგობას არ უწევდა დედას, რომელიც სქელი ქსოვილის პალტოთი შემოსილ მხრებზე ეფერებოდა.

– ნუ დარდობ, საყვარელო, – თქვა მარლენმა. – ყველაფერს დაძლევ, რაც უნდა მოხდეს. ახალგაზრდა ხარ. მთელი სიცოცხლე წინ გაქვს.

– სიცოცხლე არ მჭირდება. მძულს სიცოცხლე.

მარლენს გაახსენდა ის საღამოები, როდესაც შარლოტი ექიმს სტუმრობდა, შემდეგ კი შინ ბრუნდებოდა გვიან, დამნაშავე, აღელვებული, ბედნიერი გამომეტყველებით. ხალათსა და ფლოსტებში გამოწყობილი დედა ელექტროღუმლის წინ თვლემდა და ელოდებოდა შვილს.

– რაზე ლაპარაკობდით? – კითხულობდა მარლენი და შარლოტი ბრაზით უღრენდა მას, თან თავის გრძელ შარფს იხსნიდა. მარლენი გრძნობდა ღამის ცივი ჰაერის სურნელს, რომელიც შვილს თან მოჰყვებოდა.

– ახლა ვერაფერს გიამბობ, უკვე გვიანაა. დილით გეტყვი.

სანამ დედა-შვილი ფერდობზე ლაპარაკობდნენ, ექიმი თავისი სახლისკენ მიემგზავრებოდა – თავისი კანონიერი ოჯახისკენ. თავისი ცოლ-შვილისკენ. არ იცოდა, როგორ შეხვდებოდნენ იქ, მაგრამ არც ნაღვლობდა ამის გამო – საკმარის ძალას გრძნობდა, რომ ყველაფერს გამკლავებოდა. ის თითქოს უსიამოვნო სიზმრისგან გამოფხიზლდა. განა მისი – ასეთი განათლებული ადამიანის – ცხოვრება პერლიში, ამ საშინელ ბინაში უნდა დამთავრებულიყო? თვალწინ წარმოუდგა შარლოტის მომწვანო-თეთრი (დამხრჩვალი ადამიანის კანისფერი), ხორკლიანი კიდურები სტატიკური ელექტრობისგან ატკაცუნებული ვარდისფერი ნაილონის ზეწარზე. ის შეიშმუშნა და მღელვარებით შეავლო თვალი უკანა ხედის სარკეს. ბინის დიასახლისი განუწყვეტლივ წუწუნებდა ექიმის „ღამის სტუმრების“ გამო. ექიმმა თავისი კარიერის განმავლობაში რამდენიმე მცდარი დიაგნოზი დასვა: მაგალითად, ვერ შეამჩნია ხერხემლის სიმსივნე, რომელიც ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა. და ჯანმრთელად მიიჩნია ბავშვი, რომელსაც მენინგიტი სჭირდა. ეს ბავშვი არ მომკვდარა, მაგრამ სრულად ვერ განიკურნა. შეცდომებს ყველა უშვებსო, ანუგეშა თავი ექიმმა და მინასაწმენდები ჩართო. უბრალოდ, საკმარისად ძლიერი უნდა იყო, რომ ამ შეცდომებმა არ გაგანადგურონ. წვიმა გაძლიერდა. ციდან წყალი ნაკადებად იღვრებოდა.

© The New Yorker, 28 მარტი, 2022

© არილი

Facebook Comments Box