ესე (თარგმანი)

ტიმ პარკსი – გველფებსა და გიბელინებს შორის

dante-3892

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

თანამედროვე მწერალმა თავისი ნაწარმოების პერსონაჟებად რეალური ადამიანები რომ გამოიყვანოს, მყისვე ბრალად დასდებენ ცილისწამებას და კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებას; გამომცემლები მოსთხოვენ იურიდიულ ანგარიშგებას; რედაქტორები საგულდაგულოდ შეისწავლიან მიმართებებს ნაწარმოებსა და რეალობას შორის. ამ უსიამოვნო ვითარების გამოსასწორებლად საკმარისი არ იქნება, უბრალოდ, სახელების შეცვლა; რედაქტორთა შეშფოთებას გამოიწვევს თვით ვარაუდიც კი, რომ შეიძლება ვიღაცამ ნაწარმოებში თავისი თავი ამოიცნოს და ითაკილოს; ამიტომ ავტორს მოსთხოვენ ტექსტში ცვლილებების შეტანას. კი მაგრამ, დანტეს “ღვთაებრივ კომედიაში” ხომ ავტორის უამრავი თანამემამულეა დასახელებული და გაკილული? მართალია, როდესაც დანტე ამ პოემას წერდა, მათი უმეტესობა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ ზოგიერთი ხომ ცოცხალი გახლდათ? პოემის მიხედვით, ორ ცოცხალ პიროვნებას იმდენი ბოროტმოქმედება ჰქონდა ჩადენილი, რომ მათი სულები ეშმაკმა ჯოჯოხეთში მოათავსა, ხოლო სხეულებში დემონები დარჩნენ, რათა უსულდგმულო მიწიერი ცხოვრება განეგრძოთ.

დანტე ჯოჯოხეთში ათავსებს წინასწარმეტყველ მუჰამედს; ბევრ შემთხვევაში, პირადი წყენის გამო ან ანგარიშსწორების მიზნით, წყევლა-კრულვას უთვლის სხვადასხვა ქალაქს, აგრეთვე – პოლიტიკურსა და რელიგიურ დაჯგუფებებს. “ღვთაებრივი კომედია” ახლა რომ შეეთხზა ვისმე, მისი გამოქვეყნება ძალზე გაძნელდებოდა. მარკო სანტაგატამ დაწერა დანტეს შესანიშნავი ახალი ბიოგრაფია, რომელიც გვარწმუნებს, რომ დასავლური ლიტერატურის ეს ერთ-ერთი ქვაკუთხედი, ეს დიდებული პოემა, არსებითად, გარკვეული პოლიტიკური მიზნებითაა დაწერილი და ლოკალური კონფლიქტები მასში ტენდენციურად, ავტორის სასარგებლოდაა წარმოდგენილი.

გამოქვეყნებული ნაწარმოებების, თერთმეტი წერილის, ოფიციალური დოკუმენტების და ერთი თუ ორი პირადი ჩანაწერის გარდა, ძალზე მცირერიცხოვანი ინფორმაცია შემოგვრჩა დანტე ალიგიერის შესახებ. ამიტომ სანტაგატა იძულებული იყო, დედუქციისა და სპეკულატური დასკვნების საფუძველზე წარმოედგინა ფლორენციისა და იტალიის ისტორია დანტეს ეპოქაში (1265-1320), სადაც მრავლად იმოწმებს “ღვთაებრივ კომედიასა” და დანტეს სხვა ნაწარმოებებში მოცემულ ცნობებს. დანტეს შესახებ ბევრი რამ ვიცით, რადგან პოეტი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მის შემოქმედებაში ყოველთვის აისახებოდა ესა თუ ის პოლიტიკური სიტუაცია. სანტაგატას უნდა გაეთვალისწინებინა იმდროინდელი აწეწილი პოლიტიკური ვითარება, დიდგვაროვან ფეოდალთა ურთიერთობები და, აგრეთვე, დანტეს არაერთმნიშვნელოვანი და ცვალებადი პოზიცია საერთო ქაოსში, რაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა ავტორისთვის და მკითხველიც დიდად დაშვრება ამ წიგნის გაცნობისას. სამაგიეროდ, მისი წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მოგვანიჭებს “კომედია”; დავრწმუნდებით, რომ ის კიდევ უფრო საინტერესო და უფრო მშვენიერია, ვიდრე გვახსოვდა.

სანტაგატა მოგვითხრობს გველფებისა და გიბელინების შესახებ. XIII-XIV საუკუნეებში ეს ორი პარტია ერთმანეთს ებრძოდა იტალიაში, რომელიც დაქუცმაცებული იყო მრავალრიცხოვან ფეოდალთა სამფლობელოებად და ქალაქ-სახელმწიფოებად. გველფები მხარს უჭერდნენ პაპის ძალაუფლებას. ეს იყო წვრილი ფეოდალების, ნუვორიშების, ბანკირებისა და ვაჭრების პარტია, რომლის წევრებს სურდათ შეექმნათ ქაოტური სტრუქტურის მქონე, ნაკლებად მართვადი სახელმწიფო. გიბელინები კი რომის წმინდა იმპერიის მომხრენი იყვნენ. მათი პარტია შედგებოდა მსხვილი ფეოდალებისგან, რომლებსაც არ სურდათ, რომ პაპს შეეზღუდა მათი უფლებები.

ნებისმიერ პარტიას ან დაჯგუფებას საგვარეულოები ედგნენ სათავეში და მათ საკუთარი იდეოლოგია ჰქონდათ. ოჯახები, ხელისუფლება, თვით მთელი ქალაქებიც კი ერთობლივად აცხადებდნენ ამა თუ იმ პარტიისადმი ერთგულების შესახებ და ერთობლივად ამტკიცებდნენ თავიანთ დეკლარაციებს. თუკი დიდ ქალაქში გველფები ბატონობდნენ, მის გარშემო არსებულ მცირე ქალაქებს ფლობდნენ გიბელინები, რომლებიც ფარულად სთხოვდნენ დახმარებას გერმანელ იმპერატორს. და პირუკუ. არცერთი პარტია არ ითვალისწინებდა ადამიანთა ინდივიდუალურ სურვილებსა და მისწრაფებებს. პარტიები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ კომერციული, რელიგიური და საგვარეულო ნიშან-თვისებების მიხედვით. როდესაც 1289 წელს (დანტე მაშინ 24 წლისა იყო) ფლორენციაში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი გველფებსა და გიბელინებს შორის დამთავრდა გიბელინების დამარცხებით და მასობრივი გაძევებით, გამარჯვებული გველფები დაეუფლნენ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და მდიდარ ქალაქს. მაგრამ მალე გველფებს შორისაც წარმოიქმნა ორი დაჯგუფება – შავი და თეთრი გველფებისა, რომლებიც ისევე მძვინვარედ და სასტიკად ილაშქრებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც უწინ გიბელინებს ებრძოდნენ. სანტაგატა მოგვითხრობს, როგორ დაიწყო ეს განხეთქილება და როგორ შეიქმნა შესაბამისი სახელწოდებები პისტოიაში – ქალაქში, რომელმაც შიდა განხეთქილებით გამოწვეული ჩიხიდან თავის დასახსნელად რადიკალური კურსი აირჩია და თავისი საქმეების მართვა ფლორენციას მიანდო. სანტაგატას წიგნის ეს ნაწილი მკითხველისგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ამგვარი ძალისხმევა ნაყოფიერია. ფრაქციონირება ვირუსივით გავრცელდა და დანტეც ჩაითრია.

პარტიები წარმოუდგენელი სისასტიკით ებრძოდნენ ერთმანეთს. მტრებს აპატიმრებდნენ და აწამებდნენ. თუკი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები გაქცევით შველოდნენ თავს, მათ საკუთრებას ართმევდნენ, სახლებს კი, თუნდაც ქალაქის ცენტრში აღმართულთ, მიწასთან ასწორებდნენ. დაპატიმრებულებს ენებს სჭრიდნენ და ხელებს აჭრიდნენ ან მიწისქვეშა საპყრობილეებში ათავსებდნენ, რომ შიმშილით დახოცილიყვნენ, ზოგჯერ კი მუცლებს უფატრავდნენ და ქალაქის ქუჩებში დაათრევდნენ ან მოზეიმე ბრბოს წინაშე კოცონზე წვავდნენ. დანტეს ჯოჯოხეთში სხვადასხვაგვარი წარმოსახული სასჯელია აღწერილი, მაგრამ მათი არსი იმდროინდელი მკითხველისთვის ნაცნობი გახლდათ. ძნელია, არ შევამჩნიოთ მჭიდრო კავშირი ისტორიულ მოვლენებსა და “ჯოჯოხეთს” შორის.

როგორი იყო დანტეს მდგომარეობა და პოზიცია ამ სიტუაციაში? ის ოჯახში მესამე შვილი გახლდათ. დედა ადრე გარდაეცვალა. ალიგიერების ოჯახი არ მიეკუთვნებოდა არც ძველ ფეოდალურ არისტოკრატიას და არც ახალ, წარმატებულ სავაჭრო ფენას. მაგრამ პოეტი, თუმცა მამამისი წვრილი მევახშე გახლდათ, სიმპათიით იყო განწყობილი არისტოკრატების მიმართ. როდესაც საქმე ლიტერატურასა და ხელოვნებას ეხებოდა, დანტე არა მარტო ნოვატორი, არამედ შორსმჭვრეტელიც იყო და სწამდა, რომ ენა და კულტურა უნდა განვითარებულიყო, მაგრამ საზოგადოებრივსა და სახელმწიფოებრივ საკითხებში ის, როგორც წესი, კონსერვატიულ თვალსაზრისს ადგა. ალიგიერების ოჯახი, ტრადიციულად, გველფების პარტიას ემხრობოდა, მაგრამ საკმარისად ზომიერი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ განდევნეს სხვა გველფებთან ერთად, როდესაც (დანტეს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე) ძალაუფლება გიბელინებს ეპყრათ. რაც შეეხება პოეტის განათლებას, ცნობილია მხოლოდ, რომ მისი ოჯახი არც ისე შეძლებული იყო, რომ ბავშვისთვის კერძო პედაგოგები დაექირავებინა. ათი წლის დანტეს მამა გარდაეცვალა. მემკვიდრეობით მიღებული ქონება, ლეონარდო ბრუნის თქმით, “არც ისე დიდი იყო, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლდათ, რომ პოეტს ღირსეულად ეცხოვრა”. მაგრამ საქმე ისაა, რომ დანტეს წარმოდგენა ღირსეული ცხოვრების შესახებ არ ემთხვეოდა ბრუნის წარმოდგენას. პოეტი პატივმოყვარე იყო, საკუთარი თავის შესახებ მაღალი წარმოდგენა ჰქონდა და მიისწრაფვოდა, არისტოკრატიული ცხოვრებისკენ – ცხოვრებისკენ, რომელიც ლიტერატურისთვის უნდა მიეძღვნა. აქ გადავდივართ სანტაგატასეული ბიოგრაფიის ერთ-ერთ ცენტრალურ თემაზე: დანტეს წარმოდგენაზე საკუთარი თავის შესახებ, რომელიც თავს იჩენს მის ქმნილებებში და განსაზღვრავდა პოეტის ყოველ ნაბიჯს.

ჯოვანი ვილანი – ალბათ, ერთადერთი ადამიანი, რომელიც დანტეს შესახებ უშუალო შთაბეჭდილებების საფუძველზე წერდა – ფიქრობდა, რომ დანტე “დიდი პოეტი და ფილოსოფოსი” იყო, მაგრამ “კადნიერი, გულზვიადი და ამპარტავანი” პიროვნება გახლდათ. ერთი თაობის შემდეგ ბოკაჩო დანტეს ბიოგრაფიის წერისას გაესაუბრა პოეტის ნაცნობებს და ამ საუბრების საფუძველზე პოეტს “ამაყი და მედიდური” უწოდა. სანტაგატა არ კმაყოფილდება ამ მწირი ცნობებით და პოეტის თხზულებებიდან ამოკრებილი ინფორმაციის საფუძველზე წარმოგვიდგენს პიროვნებას, რომელმაც შეთხზა მითი თავისი კეთილშობილური წარმომავლობისა და სამარადისო უკვდავების შესახებ. დანტეს სამი ძირითადი თხზულება “ახალი ცხოვრება” (1295), “ნადიმი” (1307) და “კომედია” (1321) თავისი დროისათვის საოცრად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებები იყო.. “დანტეს თითქოს არ ძალუძს წარმოიდგინოს წიგნი, რომელშიც მისი პიროვნება ან, ყოველ შემთხვევაში, პერსონაჟი, რომელიც მის სახელს ატარებს, არსებით როლს არ ასრულებდეს”, – წერს სანტაგატა. მისი აზრით, დანტე ცდილობდა გაერღვია უფერული რეალობის საზღვრები. უნდა შევნიშნოთ, რომ ბიოგრაფიის ავტორი სავსებით ობიექტურად აღწერს პოეტის პიროვნებას. ის არ ამტკიცებს, რომ დანტე ნაკლებად ღირებული პოეტია, ვიდრე გვგონია, ან რომ ის უღირსი პიროვნება იყო. უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისეული ბიოგრაფია ჰაგიოგრაფიულ ჟანრს სულაც არ განეკუთვნება. ამ მხრივ, ნიშანდობლივია სანტაგატას თვალსაზრისი ბეატრიჩეს შესახებ. დანტე თავდაპირველად დეტალურად მოგვითხრობს ბეატრიჩესადმი სიყვარულის ამბავს ოციანი წლების ბოლოს, “ახალ ცხოვრებაში”, რომელშიც წინა წლებში დაწერილი ლექსები გაერთიანებულია ავტობიოგრაფიულ პროზაულ ნარატივთან. აქ გამოყენებულია ეგრეთ წოდებული dolce stil nuovo, ანუ “ტკბილი ახალი სტილი”, რომელმაც კურტუაზიულ სატრფიალო პოეზიაში რელიგიური რეფლექსიის ელემენტები შემოიტანა. ეს თავისთავად, მნიშვნელოვანი ნოვაცია იყო. დანტე წერს, რომ პირველად ნახა ბეატრიჩე, როდესაც თვითონ ცხრა წლისა იყო; მას შეუყვარდა გოგონა და ამ სიყვარულის ერთგული იყო მომდევნო შეხვედრამდე, რაც ცხრა წლის შემდეგ მოხდა. მეორედ შეხვედრისას ბეატრიჩე მიესალმა დანტეს, თუმცა, მათ შორის ერთი სიტყვაც კი არ თქმულა. ფლორენციელმა მკითხველებმა კარგად იცოდნენ, რომ დანტე თავისი სიყვარულის ობიექტებად სხვა ქალებს ასახელებდა, რათა არ გაეხმაურებინა ტრფობა ბეატრიჩეს მიმართ, რომელიც პოეტზე უფრო მაღალი წარმომავლობისა იყო და ადრე გათხოვდა. მეორე შეხვედრის შემდეგ დანტეს სიყვარული კიდევ უფრო გაუმძაფრდა. ბეატრიჩე გარდაიცვალა 1290 წელს, 24 წლის ასაკში, რის შემდეგაც პოეტის სენტიმენტალური სიყვარული ღვთაებრივ სიყვარულად გარდაისახა.

აშკარაა, რომ ეს ისტორია იდეალიზებულია. სანტაგატას ვარაუდით, ამ ორ ადამიანს მოგვიანებით, 1280-იანი წლების ბოლოს (დანტეს მიერ აღწერილი ორი შეხვედრიდან კარგა ხნის შემდეგ) შეიძლებოდა ნებისმიერი ურთიერთობა ჰქონოდა ერთმანეთთან, მაგრამ უჩვეულოა ის, რომ დანტე ამ სიყვარულის მოტივს თავისი ინტელექტუალური და ლიტერატურული ბიოგრაფიის განუყოფელ ნაწილად აქცევს. სანტაგატას აზრით, დანტეს სურდა, თავი წარმოედგინა უჩვეულო პიროვნებად, რომლის ცხოვრებაში უჩვეულო მოვლენები ხდება ხოლმე. ერთ-ერთი ლექსის მიხედვით, იმ დღეს და იმ საათს, როდესაც ბეატრიჩე დაიბადა, ცხრა თვის დანტეს გული შეუწუხდა, რაც მათ სიყვარულს წინასწარმეტყველებდა. საზოგადოდ, სატრფოსთან შეხვედრისას დანტეს ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა არ წააგავს ჩვეულებრივ რომანტიკულ გულის წასვლას და, თუ გავითვალისწინებთ ანალოგიურ ეპიზოდებს, რომლებიც მოხსენიებულია მის თხზულებებში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოეტი ეპილეფსიით იყო დაავადებული. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს გულყრები ეშმაკეული ძალების ზემოქმედებით აეხსნა (რაც იმ დროისთვის ტიპური განმარტება გახლდათ), დანტე მათ უზენაესი ძალის გამოვლინებებად მიიჩნევს. ის “ღვთის რჩეული” გახლდათ.

“ახალი ცხოვრების” მრავალმა დეტალმა წარმოდგენა უნდა შეგვიქმნას ავტორის სოციალური სტატუსის შესახებ. სანტაგატას მითითებით, დანტე მოიხსენიებს საკუთარ ოთახს, სადაც განმარტოებით ფიქრობდა, ტიროდა და ეძინა. მაგრამ ალიგიერების სახლი მომცრო იყო. მხოლოდ არისტოკრატების სასახლეებში ჰქონდა ოჯახის ყოველ წევრს საკუთარი სივრცე. აქედან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ დანტე ცდილობდა დაემალა თავისი დაბალი სოციალური წარმომავლობა. წლების შემდეგ, “სამოთხეში”, ის აღწერს თავის წარმოსახულ შეხვედრას წინაპართან – კაჩაგვიდასთან, რაც ალიგიერის ოჯახის ვითომდა არისტოკრატიულ წარმომავლობას ადასტურებს.

სანტაგატას აზრით, ბიოგრაფიისა და გამონაგონის ეს ნაზავი მოწმობს, რომ დანტე ცდილობდა გაეუმჯობესებინა თავისი სტატუსი ფლორენციის საზოგადოებაში. პოეტმა გადაწყვიტა, გამოეყენებინა ხალხური ენა და არა ლათინური, ისე, რომ მისი შემოქმედება ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადგილობრივ მკითხველთა მაქსიმალური რაოდენობისთვის (მაგრამ არა საზღვარგარეთელი მეცნიერების ფართო წრეებისთვის); ამის წყალობით ის ფლორენციაში დაიმსახურებდა ისეთი ადამიანის რეპუტაციას, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ლიტერატურული და პირადი ამოცანები ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა. ოციან წლებში დანტეს უახლოესი მეგობარი გახლდათ გვიდო კავალკანტი – შესანიშნავი პოეტი და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახის მემკვიდრე. დანტე დაუმეგობრდა კავალკანტის “თავისი პიროვნული თვისებებისა და გენიის” წყალობით, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილებულა: “ახალ ცხოვრებაში” ის ამბობს, რომ კავალკანტი მისი იოანე ნათლისმცემელია. აქედან გამომდინარე, დანტეს მესიად მიაჩნდა თავი.

ოციანი წლების შუა ხანებში დანტემ უკვე სახელი გაითქვა, როგორც პოეტმა. როგორც ჩანს, ის ბოლონიის ბიბლიოთეკებში კითხულობდა ფილოსოფიურ ნაშრომებს; იცოდა ლათინური ენა, რომელიც ასწავლა ბრუნეტო ლატინიმ – დანტეზე ორმოცი წლით უფროსმა გამოჩენილმა რიტორმა. მას ლექსებისა და წერილების წერას ავალებდნენ. მაგრამ თუკი ახლა დანტემ კავალკანტიზე უკეთესი პოეტის სახელი მოიხვეჭა, უფრო ძნელი გახლდათ, ყველასთვის არისტოკრატად მოეჩვენებინა თავი და არისტოკრატიული ცხოვრებით ეცხოვრა, რადგან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შემოსავალი არ ჰქონდა. დანტემ ცოლად შეირთო ძველი ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელი, ჯემა დონატი, მაგრამ ვინაიდან ალიგიერის ოჯახი შედარებით ხელმოკლე იყო, ოჯახმა ჯემასთვის მდიდრული მზითევი არ გაიმეტა. 1289 წელს დანტე მონაწილეობდა ბრძოლაში კამპალდინოსთან, როდესაც გველფებმა გიბელინები დაამარცხეს. ეს ნიშნავდა, რომ პოეტს მნიშვნელოვანი თანხა უნდა დაეხარჯა ცხენისა და იარაღის შესაძენად, რათა დიდგვაროვან ფლორენციელებს არ ჩამორჩენოდა. მომდევნო წლების რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტი მოწმობს, რომ დანტეს და მისი ნახევარძმას მნიშვნელოვანი ვალები ჰქონდათ. ერთ-ერთ წერილში დანტე ხაზს უსვამს თავის სიმამაცეს ბრძოლაში, მაგრამ, სანტაგატას თქმით, მისი სახელი არ ფიგურირებს იმათ შორის, ვინც დაჯილდოებულ იქნა ბრძოლის დროს გამოჩენილი გმირობისთვის.

1295 წელს ან დაახლოებით იმ ხანებში, ალბათ, იმ მიზნით, რომ სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება მოეპოვებინა, დანტე შეუერთდა ექიმებისა და მეაფთიაქეების გილდიას და დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა. ხუთი წლის შემდეგ, 1300 წლის ზაფხულში, ზუსტად იმ დროს, როდესაც შავ და თეთრ გველფებს შორის დამოკიდებულება უკიდურესად დაიძაბა, მას უდიდესი პატივი დასდეს (რამაც, როგორც აღმოჩნდა, უდიდესი უბედურებაც მოუტანა) და ქალაქის ერთ-ერთ (ცხრიდან) პრიორად აირჩიეს. პოლიტიკურ კონფლიქტში დანტე ნეიტრალურ პოზიციას ვერ დაიკავებდა. თეთრების პარტიას სათავეში ედგა ბანკირ ჩერჩის ოჯახი, რომელმაც დაჯაბნა უფრო არისტოკრატიული დონატის ოჯახი, რომელიც შავი გველფების პარტიას ხელმძღვანელობდა და პაპს ემხრობოდა. პრიორის ორთვიან თანამდებობაზე დანტეს არჩევა მოწმობს, რომ პოეტი (დონატის ოჯახთან ნათესაური კავშირის მიუხედავად), კავალკანტის მსგავსად, ჩერჩის ემხრობოდა. განხეთქილება თეთრ და შავ გველფებს შორის გამწვავდა. პრიორები ცდილობდნენ, მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ და ქალაქიდან გააძევეს ორივე ოჯახის წარმომადგენლები. მალე დანტეს პრიორად ყოფნის ვადაც დამთავრდა. ჩერჩის ოჯახი და კავალკანტები შეწყალებულ იქნენ, ხოლო დონატის ოჯახი – არა. ფიქრობდნენ, რომ დანტემ, როგორც კავალკანტის ახლო მეგობარმა, ხელი შეუწყო ამ უგუნური გადაწყვეტილების მიღებას. 1301 წელს, მას შემდეგ, რაც შავები პაპის დახმარებით კვლავ დაეუფლნენ ქალაქს, დანტეს 558 თეთრ გველფთან ერთად, სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ, სიკვდილმისჯილთა უმრავლესობის მსგავსად, ის უკვე შორს იმყოფებოდა ფლორენციიდან, რომელიც ვეღარასოდეს იხილა, თუმცა მის შესახებ ოცი წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე წერდა.

რა არის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმი? ეს ის კითხვაა, რომელიც განუწყვეტლივ დაისმის დანტეს შემოქმედებაში. “ახალი ცხოვრებისა” და ოციანი წლების ლექსების მიხედვით, არისტოკრატიზმი ნამდვილად არ წარმოადგენს წარმომავლობის ან სიმდიდრის ატრიბუტს, არამედ განათლებასა და ქცევაში ვლინდება. “ნადიმში”, რომელიც დანტემ ემიგრაციის პირველი წლების განმავლობაში დაწერა, არისტოკრატია შეფასებულია უფრო პოზიტიურად – როგორც კლასი, რომელიც (მიუხედავად იმისა, რომ მას ვაჭრები და ფინანსისტები შეერივნენ) უზრუნველყოფდა საზოგადოების მშვიდობიან, ცივილიზებულ ცხოვრებას იმპერიის ეგიდით. პოზიციის შეცვლა – აღიარება საგვარეულო არისტოკრატიისა და იმისა, რომ უფალმა კეთილშობილების ატრიბუტები არისტოკრატიის წარმომადგენლებს უწყალობა – შესაძლოა, არ უკავშირდებოდა დევნილი თეთრი გველფების (დანტეს ჩათვლით) გადაწყვეტილებას, დაკავშირებოდნენ არისტოკრატიულ გიბელინებს და ფლორენცია შავი გველფებისთვის წაერთმიათ. “დანტეს ერთ-ერთი ტიპური თვისება, რაც მას ახასიათებს, როგორც ინტელექტუალს (ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით), – ასკვნის სანტაგატა, – არის მისი უწყვეტი რეფლექსია იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს ის როგორც პოეტი და როგორც პიროვნება. დანტეს შემოქმედების საფუძველია ყოველივე, რაც პოეტმა ნახა, განიცადა და თქვა; ამდენად, ის hic et nunc-ის პრინციპით ხელმძღვანელობს… დანტეს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება არის გრძნობადი გამოცდილების გარდაქმნა თეორიულ ან კონცეპტუალურ ჩარჩოდ, რომელიც განმარტავს ამ გამოცდილებას და განზოგადების უმაღლეს საფეხურამდე აჰყავს”.

მაგრამ დანტეს – გაღატაკებულ ემიგრანტს – უნდა გადაეწყვიტა, რომელი თვალსაზრისების გაცხადება შეიძლებოდა და რომლებისა – არა. მაგალითად, შეეძლო თუ არა გამოეხატა აღშფოთება იმ ადამიანების ქცევის გამო, რომლებმაც ცხოვრება დაუნგრიეს და, მეორე მხრივ, თავს ხომ არ დაიმცირებდა, თუ მადლიერებას გამოხატავდა იმათ მიმართ, ვის გულმოწყალებაზეც ახლა მისი ბედი იყო დამოკიდებული. “სწორედ ამ მღელვარე სულიერი მდგომარეობიდან, – ამბობს სანტაგატა, – დაიბადა “ღვთაებრივი კომედია”.

Convivio – “ნადიმს” ნიშნავს. მშობლიურ ენაზე დაწერილი ეს თხზულება იწვევდა წერა-კითხვის მცოდნე ყველა იტალიელს, დანტესთან ერთად ენადიმათ ფილოსოფიური “კერძებით” გაწყობილ სუფრასთან, რომლებიც ანუგეშებდნენ პოეტს ბეატრიჩეს დაკარგვის გამო. აქ დანტეს შეეძლო ესაუბრა თავისი უდანაშაულობის შესახებ და დაესაბუთებინა ფლორენციაში დაბრუნების სურვილი. სწორედ ამ პირადული ელემენტების გამო ანიჭებდა პოეტი დიდ მნიშვნელობას იმას, რომ მისი თხზულების წაკითხვა შეძლებოდა რაც შეიძლება მეტ ფლორენციელს. თამამი განცხადებით, რომ მშობლიური ენა არანაკლებ დახვეწილი იყო, ვიდრე – ლათინური, “ნადიმმა” საშუალება მისცა დანტეს იმ თანამემამულეებს, რომლებმაც ლათინური არ იცოდნენ, დაეძლიათ საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა. პოემა დაუმთავრებელი დარჩა. დანტე 14 წიგნის დაწერას გეგმავდა, მაგრამ მეოთხეზე შეჩერდა. სანტაგატა ვარაუდობს, რომ ეს იმის გამო მოხდა, რომ პოლიტიკური ვითარება სწრაფად შეიცვალა: თეთრმა გველფებმა და გიბელინებმა მარცხი განიცადეს. დანტეს მიერ ფლორენციის პრიორებთან გაგზავნილი წერილი, რომელშიც პატიებას ითხოვდა და აღიარებდა თავის დანაშაულს იმის გამო, რომ გიბელინებს მიემხრო, სწრაფად გავრცელდა გიბელინებს შორის, ამ უკანასკნელთა დაცინვა დაიმსახურა და შეამცირა იმ ადგილთა რაოდენობა, სადაც პოეტს თავშესაფრის პოვნა შეეძლო. 1306 წლის ბოლო თვეებში დაწერილ სევდიან ლექსში დანტე საუბრობს ღირსებებისა და სათნოებათა შესახებ, რომლებიც განდევნილ იქნა ადამიანთა საზოგადოებიდან. თვით დანტემაც მათი ბედი გაიზიარა და ამიტომ აცხადებს, საპატიო ემიგრაციაში ვიმყოფებიო. სწორედ ამ განწყობილებით, როდესაც ის მერყეობდა, ერთი მხრივ, პატიების თხოვნის სურვილსა და, მეორე მხრივ, უდანაშაულობისა და ზნეობრივი უპირატესობის შესახებ კადნიერ განცხადებებს შორის, პოეტი ტოვებს “ნადიმს” და იწყებს ძალზე ამბიციურ “ჯოჯოხეთს”. აქ ის წარმოაჩენს თავს, როგორც განსაკუთრებულ პიროვნებას, რომელსაც, უფლის ნებით, დაევალა ემოგზაურა სულთა საუფლოში და, ამ გზით, ცოცხალთა ცოდვები და სათნოებანიც გაეცხადებინა. როგორც წესი, რაც უფრო უარესდება დანტეს ცხოვრებისეული მდგომარეობა, მით უფრო განსაკუთრებული მისია ეკისრება მის ლიტერატურულ ფიგურას პოეზიაში.

შემდგომ სანტაგატა აკვირდება დანტეს გადაადგილებას იტალიაში და, პარალელურად, ერთიმეორის მიყოლებით ახასიათებს “ღვთაებრივი კომედიის” პერსონაჟებს. პოემა საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ პოეტის დამოკიდებულება სხვადასხვა (ძირითადად, ნაკლებგანათლებული) მფარველის მიმართ, რომლებსაც, რა თქმა უნდა, დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა მათი მტრების ან მტრების წინაპართა ხილვა ჯოჯოხეთში. ფაქტობრივად კი, ზნეობრივი ფასეულობები, რომლებითაც დანტე ხელმძღვანელობდა და პერსონაჟების აღწერა-დახასიათება ნათელყოფს ამ დიადი პოემის ჭეშმარიტ ღირებულებას და გვეხმარება გავერკვეთ მასში. როდესაც დანტე 1306 წელს (ან დაახლოებით იმ ხანებში) “ჯოჯოხეთის” წერას შეუდგა, მან თავისი მოგზაურობა სულთა სამყაროში 1301 წლით დაათარიღა (იმხანად პოეტი ჯერ კიდევ ფლორენციაში ცხოვრობდა) და მიცვალებულებს საშუალება მისცა, “წინასწარ განეჭვრიტათ” ყველაფერი, რაც მომდევნო წლებში მოხდებოდა. ამის მეშვეობით მათ თითქოს წინასწარმეტყველების უნარი მიეწერებათ. სავარაუდოა, აგრეთვე, რომ “ცხოვრების ნახევარგზაზე” გზის დაკარგვა გარკვეულ კავშირშია დანტეს მიერ სამშობლოდან, ფლორენციიდან გადასახლებასთან. ამდენად, ჯოჯოხეთი, პირველ რიგში, გადასახლების ადგილია. სიკვდილი აქ გაუქმებულია, იმ გაგებით, რომ მკვდრები მხოლოდ იმდენად არიან მკვდრები, რამდენადაც ცოცხალთა შორის არ იმყოფებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუმცა მათ საზარელი ბოროტმოქმედებები აქვთ ჩადენილი, მაგრამ თვითონ, ფაქტობრივად, არ შეცვლილან. ყველას ამოცნობა შესაძლებელია. ისინი შესანიშნავად საუბრობენ და მათი საუბრის თემა, როგორც წესი, სამშობლოა, ძირითადად – ფლორენცია.

დანტე მკვდრებისგან იმით განსხვავდება, რომ ცოცხალთა სამყაროში, ფლორენციაში დაბრუნების იმედი აქვს. ის ხვდება თითოეულ ცოდვილ სულს და სთხოვს, უამბოს თავისი ისტორია. მას, როგორც პოეტს, უნარი შესწევს, აღადგინოს ცოდვილთა რეპუტაცია ფლორენციელთა შორის, რაც მკვდრებისთვის უფრო ფასეულია, ვიდრე თეოლოგიური მოსაზრებები, რომლებიც ღვთაებრივი სამართლის საფუძველში ძევს. პოემა, რომელშიც ყოველთვის იგმობა განხეთქილების და შიდაომების დამღუპველი შედეგები, მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ ერთიანობა უზენაესი სიკეთეა, ხოლო კონფლიქტები და მოქალაქეების განდევნა – ჯოჯოხეთი.

ჯოჯოხეთის ბჭესთან დანტე ხვდება “უბადრუკ სულებს”, რომლებიც “ვერ გახდნენ ღირსნი… ვერც ქების, ვერც გინებისა”. მათ ადგილი მიეჩინათ იმ ანგელოზთა შორის, რომლებიც არც ღმერთს ემხრობოდნენ და არც ლუციფერს. არც სამოთხეს და არც ჯოჯოხეთს არ სურს მიიღოს ეს უღირსი სულები, მათ კი ეხარბებათ როგორც სამოთხის, ისე – ჯოჯოხეთის მკვიდრთა ბედი. ყველაზე უარესი ისაა, რომ “ქვეყნის პირიდან მთლად აღგვილა მათი ხსენება”. ისინი განდევნილნი და დავიწყებულნი არიან. აშკარაა, რომ რა შეცდომებიც უნდა დაეშვა დანტეს, როგორც თავისი ფრაქციის აქტიურ წევრს, ის ამგვარ უღირს სულთაგან არსებითად განსხვავდებოდა. შემდეგ დანტეს წარუდგენენ კლასიკური სამყაროს უდიდეს პოეტებს – ჰომეროსს, ჰორაციუსს, ოვიდიუსს, ლუკანუსს, რომლებიც დანტეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ და “თავიანთ წრეში”იღებენ, ასე რომ, პოეტი “მეექვსედ აღიარეს გენიოსთ შორის”, მეხუთე ვირგილიუსია – დანტეს მეგზური ქვედასამყაროში. და კვლავ ყველაფერი განმარტებულია გაერთიანებისა და განდევნის ტერმინთა მეშვეობით. ჯოჯოხეთის ბოლოში, მეცხრე წრის ფსკერზე, იმყოფებიან მოღალატე, მუხანათ ადამიანთა სულები. აქაა ბოკა დელი აბატი – მოღალატე გველფი, რომელმაც ბრძოლის დროს ხელი მოჰკვეთა ფლორენციელთა ცხენოსანი ჯარის მედროშეს. მას – რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს ეს – არ სურს, თავისი ვინაობა გაამჟღავნოს ან უამბოს დანტეს, რა დანაშაული ჩაიდინა. გამცემლობა, ღალატი, ალბათ, ერთადერთი ცოდვაა, რომელის გამხელა ძალზე ძნელია.

დანტე თავისი “ქებების” დასაწყისში ჯოჯოხეთის ლანდშაფტს ადარებს იტალიის სანახებს, რომელთა უმრავლესობა ემიგრაციაში ყოფნისას იხილა. რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთი უფრო საზარელია, ვიდრე ნებისმიერი ადგილი, რომელსაც ის ედარება, მაგრამ, ფაქტობრივად, დიდად როდი განსხვავდება ამქვეყნიური სამყაროსგან. გარდა ამისა, ისევე, როგორც ადამიანები ერთიანდებიან განსხვავებულ ჯგუფებში, ცოდვილი სულებიც დაყოფილი არიან კატეგორიებად მათ მიერ ჩადენილი ცოდვების შესაბამისად; ამგვარად, პოემა იქცევა კლასიფიკაციის გრანდიოზულ მცდელობად, სადაც გველფები და გიბელინები, თეთრები და შავები, იძულებით არიან გაერთიანებულნი ან გამიჯნულნი მათი ინდივიდუალური ცოდვების მიხედვით.

პოემის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილში აღწერილია დანტეს შეხვედრა ძველ მეგობართან, ბრუნეტო ლატინისთან, რომელიც სხვა სოდომიტებთან ერთად მეშვიდე წრეში იმყოფება. სახედამწვარმა ბრუნეტომ განუწყვეტლივ უნდა იმოძრაოს, რადგან “წამითაც რომ შეჩერდეს, ცეცხლის წვიმის ქვეშ გაუნძრევლად უნდა იწვეს” ასი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ბრუნეტო სიხარულით ხვდება დანტეს, მას “შვილო ჩემო”-ს უწოდებს და უწინასწარმეტყველებს: “მიჰყევ შენს ვარსკვლავს და არ ასცდები დიად ნავსადგურს, შენი ბედი თუ ვსცანი კარგად”. სანტაგატას თქმით, დანტე სწორედ მაშინ წერდა პოემის ამ ნაწილს, როდესაც ზრუნავდა ფლორენციაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე და დასძენს: “როდესაც დანტე თავის თავს ბრუნეტოს შვილად ასახელებს, ეს ნიშნავს, რომ, მისი აზრით, ის ბრუნეტოს მემკვიდრეა. მაშასადამე, თუმცა დანტე ფლორენციიდან გაძევებულია, მაგრამ ქალაქის ტრადიციული გველფური ღირებულებების ჭეშმარიტ განსახიერებას წარმოადგენს”.

საინტერესოა, იმიტომ ხომ არ მოათავსა დანტემ ბრუნეტო ჯოჯოხეთში, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ბრუნეტოს პოლიტიკური კურთხევა რაც შეიძლებოდა მალე მიეღო? პოეტს ეჩქარებოდა, თორემ ბრუნეტოს სამოთხეში მოათავსებდა; სოდომური ცოდვა კი იმიტომ მიაწერა, რომ ეს ცოდვა მხოლოდ უმნიშვნელოდ შელახავდა ბრუნეტოს რეპუტაციას და მისეული რეკომენდაცია თავის ძალას შეინარჩუნებდა. არავითარი ცნობები არ არსებობს იმის შესახებ, რომ ბრუნეტო ჰომოსექსუალი იყო. სცენა კიდევ უფრო უჩვეულო ხდება, როდესაც დანტე აღიარებს: “თქვენ მე შემასწავლიდით, უკვდავებას ადამიანი თუ რა გზით იხვეჭს”, სადაც უკვდავება, სავარაუდოდ, დანტეს ლიტერატურულ შემოქმედებას მიემართება და არა ბრუნეტოს ტანჯვა-წამების მარადიულობას. ბოლოს დანტე კვლავ გამოხატავს პატივისცემას ბრუნეტოს მიმართ:

შემდეგ ის უკან გაეშურა ესოდენ სწრაფად,

როგორც ვერონის შეჯიბრის დროს მიექანება

მწვანე მაუდის მომხვეჭელი: სირბილში ჩანდა

რომ მას ელოდა გამარჯვება და არა მარცხი.

აქ აშკარად ჩანს წინააღმდეგობა ღვთაებრივ სამართალსა და დანტეს ინდივიდუალურ თვალსაზრისს შორის. ჯოჯოხეთში ყოფნისთვის განწირული ბრუნეტო გამარჯვებულად გამოიყურება, თითქოს ღვთის განაჩენი შეცდომით იქნა გამოტანილი. შედეგად, ბრუნეტოს სტოიციზმი მის კეთილშობილებას უსვამს ხაზს. სანტაგატასეული განმარტებების წყალობით ვხვდებით, რომ ეს უჩვეულო პოემა – რომელშიც ავტორი ეპაექრება თეოლოგიურ თვალსაზრისს, ასახავს არა მარტო ცოდვილთა ტანჯვა-წამებას, არამედ – პოეტის საკუთარ ტრაგიკულ განცდებსაც და, ზოგადად, პატივისცემას ადამიანური ღირსების მიმართ – როგორც ჩანს, გენიოსის ცხოვრებისეული გარემოებებიდან დაიბადა.

* * *

სანტაგატას ვარაუდით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დანტე არაფერს ამბობს ფლორენციიდან მისი განდევნის მიზეზებზე, ხოლო “ჯოჯოხეთში” არ ადანაშაულებს ფლორენციული დაჯგუფებების კონკრეტულ ლიდერებს, ისაა, რომ პოეტს ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, იქნებ მმართველმა გველფებმა თავიანთი პოზიცია ჩემს სასარგებლოდ შეცვალონო. მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც “სალხინებელს” წერდა, ეს ილუზია გაუცამტვერდა. შესაბამისად, დანტე ახლა უკვე აღფრთოვანებით საუბრობს იმპერატორისა და ძველი არისტოკრატიის შესახებ. უცნაურია, რომ თითქოს დანტეს სურვილების საპასუხოდ, 1310 წელს ახალმა იმპერატორმა ჰენრიხ ლუქსემბურგელმა დაიწყო საომარი კამპანია იტალიაში, რათა გაეერთიანებინა ქვეყანა და დაუფლებოდა მას. დანტემ დროებით შეწყვიტა “სალხინებელზე” მუშაობა და დაწერა “მონარქია” – თავისი ყველაზე დიდაქტიკური ნაწარმოები, სადაც მსჯელობდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის აუცილებლობის შესახებ, შესაძლოა, იმ იმედით, რომ იმპერატორი ფლორენციაში დაბრუნების საშუალებას მისცემდა. ის ჰენრიხს ეწვია და წერილი გაუგზავნა ფლორენციის პრიორებს, რომელშიც ურჩევდა, დამორჩილებოდნენ ღვთივ ცხებული იმპერატორის ძალაუფლებას. მაგრამ ჰენრიხი გაუბედავად მოქმედებდა, 1313 წელს კი მოულოდნელად გარდაიცვალა.

დანტემ თავშესაფარი ჰპოვა გიბელინებთან – ვერონის მპყრობლის, კანგრანდე დელა სკალას კარზე. “სამოთხეში” მან ხოტბა შეასხა ამ დიდგვაროვან ფეოდალსა და მის ოჯახს, შემდეგ კი მათ შესახებ ერთი სიტყვაც არ დაუძრავს, როდესაც (1319 წელს) რავენაში, გვიდო ნოველო და პოლენტას კარზე მიიწვიეს. გვიდო თვითონაც პოეტი იყო და პატივს სცემდა დანტეს, რომელსაც, სანტაგატას თქმით, უხაროდა, რომ “იძულებული აღარ იყო ქება-დიდება შეესხა კანგრანდესთვის”. მალე პოეტმა დაიწყო მუშაობა “სამოთხის უკანასკნელ “ქებაზე”. ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ ფლორენციელები შეცვლიდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას. XXV “ქებაში” ვკითხულობთ:

ნეტავ ოდესმე თუ შევიძლებ წმინდა პოემით,

რომელსაც ცის და დედამიწის ზედ ადევს ხელი,

(მის გამო შრომამ მე დამადნო წლების მანძილზე)

 

დავძლიო მტერნი, ვინც ბოროტად დამიხშეს კარნი

იმა ფარეხის, სადაც ტკბილად მეძინა კრავსა,

მტერს იმ მგლებისა, ვინაც მბრძოდნენ დაუცხრომელად

 

მივბრუნდებოდი უკვე სხვა ხმის და სხვა საწმისის

პოეტი, გვირგვინს დავიდგამდი იმავ საყდარში,

სადაც მომნათლეს, მირონცხება სადაც მარგუნეს.

1321 წელს, როდესაც დანტემ პოემა დაამთავრა, მაგრამ ჯერ არ ჰქონდა გამოქვეყნებული, ის დათანხმდა თავის სტუმართმოყვარე მასპინძელს, დიპლომატიური მისიით სწვეოდა ვენეციას; უკან დაბრუნებისას პოეტი ავად გახდა და გარდაიცვალა. გვიდო ნოველო აპირებდა, პოეტის საფლავზე დიდებული მავზოლეუმი აეგო, მაგრამ დანტე ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი იმგვარი კონფლიქტის მსხვერპლად იქცა, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა. გვიდომ სწრაფად დატოვა ქალაქი, რომლის მართვა თავის ძმას მიანდო. ქალაქის ახალი მმართველი ბიძაშვილმა მოკლა და გვიდო სამუდამოდ განდევნა. მავზოლეუმი არ იქნა აგებული.

როდესაც დანტეს სანტაგატასეული ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა, კრიტიკოსები, რომლებიც, ჩვეულებრივ, დაუნდობლად აკრიტიკებენ “ღვთაებრივი კომედიის” კვლევებს, ძალზე კეთილგანწყობით შეხვდნენ ამ წიგნს. მაგრამ ამგვარი ნაშრომი გვავალდებულებს, გავითვალისწინოთ, რომ ნაწარმოებს სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს ხოლმე ავტორისთვის, მისი თანამედროვე მკითხველებისთვის და ჩვენთვის. წიგნის წაკითხვიდან ერთი თვის შემდეგ ანაზდად ვიაზრე: დანტე, რომელიც თანამედროვეებმა განდევნეს თავისი მშობლიური კულტურიდან, შვიდი საუკუნის შემდეგ ამ კულტურის უდიდეს წარმომადგენლად ითვლება. პოეტი ცდებოდა, როდესაც გულუბრყვილოდ ვარაუდობდა, ისტორიის გეზს შევცვლიო, მაგრამ არ შემცდარა, როდესაც იწინასწარმეტყველა, რომ ეროვნული ენა ლათინურზე გაიმარჯვებდა, ხოლო თვით მას ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პოეტად მიიჩნევდნენ. მე-19 საუკუნის დასაწყისში ჯაკომო ლეოპარდიმ შენიშნა, რომ იტალიაში საზოგადოება ყოველთვის იმდენად დანაწევრებული იყო განსხვავებულ პარტიებად, რომ მის წარსულს ღირსეულს ან უღირსს ვერ ვუწოდებთ – ეროვნული ღირსება აუცილებლად გულისხმობს საზოგადოების ყოველი წევრის ზიარებულობას საზოგადოებრივი მთელისადმი. ამ მხრივ დანტე გამონაკლისია (რაც მხოლოდ ადასტურებს კანონს). ჩემი აზრით, ის უფრო ღირსეულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა იტალიელი (უწინ თუ ახლა), ალბათ, იმიტომ, რომ მისი დიადი ქმნილება განადიდებს უსასრულო მრავალფეროვნებას, რომელიც იტალიის აწმყოს მისსავე წარსულთან აერთიანებს.

 © LRB, 2016, ივლისი

Facebook Comments Box