
ესაუბრა ელენა ფაინალოვა
RFE/RL 19 ოქტომბერი, 2023 წ.
თარგმნა ჯიმშერ რეხვიაშვილმა
ტომას ვენცლოვა – დიდი ევროპელი პოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, პოლიტიკური მოაზროვნე, ფილოსოფიის დოქტორი, საბჭოთა დისიდენტი და უფლებადამცველი, ლიეტუვის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნატალია გორბანევსკაიასა და იოსიფ ბროდსკის მეგობარი, პოლონელი კლასიკოსისა და მოაზროვნის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჩესლავ მილოშის უმცროსი მეგობარი. ვენცლოვა სწავლობდა და მუშაობდა მოსკოვში, პოლიტიკური შეხედულებების გამო ჩამოერთვა საბჭოთა მოქალაქეობა. ცხოვრობდა აშშ-ში. 2018 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში. ის ასევე არის ლიეტუვისა და პოლონეთის რამდენიმე ორდენის კავალერი, მრავალი საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატი. ვილნიუსის საპატიო მოქალაქე.
– 2014 წლის შემოდგომაზე განვიხილეთ თქვენი ლექსი „კალიგულა კარიბჭესთან“. იწინასწარმეტყველეთ დიდი ისტორიული კატასტროფა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინასწარმეტყველება ახდა?
– ეჭვგარეშე. მსოფლიო ისტორია გარკვეულ ჩიხში შევიდა. ეს ან ნაწილია მესამე მსოფლიო ომისა ან – რეპეტიცია, ზოგი, საერთოდაც, მიიჩნევს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომის პაროდია. ვფიქრობ, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე მოხდა: ცივი ომი, რომელიც საბჭოთა კავშირმა პირწმინდად წააგო და რამაც მისი დაშლა გამოიწვია. რასაც ვლადიმირ პუტინი აკეთებს, რევანშის მცდელობაა. ეს უკვე მეოთხე მსოფლიო ომია. დარღვეულია საერთაშორისო ქცევის ძირითადი წესები. დაუშვებელია რუსეთი ამ მდგომარეობიდან რამე სახის წარმატებით გამოვიდეს. ეს იქნება საერთაშორისო წესრიგის დამარცხების ნიშანი. წესრიგისა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა კაცობრიობას.
მეორეს მხრივ, პუტინი არასოდეს მიიღებს დამარცხებას, სანამ ცოცხალია და ხელისუფლებაში იმყოფება. ვინც უნდა მოვიდეს პუტინის შემცვლელად… ამბობენ, რომ მოვა მასზე ვინმე უარესი. შესაძლოა ასეც იყოს. მაგრამ, თუნდაც უარესი იყოს, მას არ ექნება იდეები, რომლებსაც ვერ დათმობს იმის გამო, რომ ოდესღაც რაღაც გამოაცხადა. ახალ ადამიანს, რაც უნდა ცუდი იყოს, შეუძლია უარი თქვას პუტინის მიერ გამოცხადებულ მიზნებზე და დაიწყოს ახალი საუბარი.
– თქვენ ჯერ კიდევ 2014 წელს თქვით, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ გამოძვრებოდა პუტინი უკრაინული ავანტიურიდან.
– ერთი რამ ცხადია: პუტინი, სანამ ხელისუფლებაშია, ამ ავანტიურიდან არ გამოვა. ის უსასრულოდ გააჭიანურებს. კვლავ დაიხოცება ხალხი, კვლავ დაინგრევა ქვეყანა. უფრო მეტიც, დაინგრევა ორი ქვეყანა: უკრაინა და რუსეთი. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, გაგრძელდება გარკვეული სახის “შავ გედამდე”, დიდ მოულოდნელობამდე. რამდენიმე ასეთი მოულოდნელობა უკვე მოხდა, მაგრამ მათ არაფერი გამოუწვევიათ.
როდესაც რუსეთის ჯარები შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა 1939 წლის გერმანია-პოლონეთის ომის მსგავსი. მაშინ 17 დღეში ჰიტლერმა მიაღწია ვარშავამდე, სტალინმა დაიპყრო პოლონეთის აღმოსავლეთ ნახევარი – დასავლეთ უკრაინა, დასავლეთ ბელარუსი და ვილნის მხარე, რომელიც ლიეტუვას გადაეცა. ახლა ისინი ეკუთვნიან უკრაინას, ბელარუსს და ლიეტუვას. ამას საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს და სამართლიანად მიიჩნევა. 1939 წელს ეს გამოიყურებოდა ოკუპაციად და იყო კიდეც სასტიკი და უკანონო ოკუპაცია. ვვარაუდობდი, რომ უკრაინის ხელისუფლება, ისევე როგორც პოლონეთისა, აღმოჩნდებოდა დევნილობაში, ქვეყანას დაიპყრობდნენ და მერე რა მოხდებოდა, ძნელი გამოსაცნობი იქნებოდა. ორი კვირის შემდეგ გაირკვა, რომ საქმე სულ სხვაგვარად იყო. სიმხნევე დამიბრუნდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს უკვე ჰგავდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომს, რომელიც დასრულდა იმით, რომ ფინეთი დარჩა დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყნად, მაგრამ დაკარგა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიები – ვიბორგი, სორტავალა, პეჩენგა (თუ პეტსამო) და კიდევ რაღაც. ვიფიქრე, რომ ამით მორჩებოდა. მაგრამ არა, ასე არ დასრულდა. მართალია, რუსეთმა დაიპყრო… უფრო ზუსტად დაიკავა ბერდიანსკი, მარიუპოლი, მაგრამ ეს შეიძლება შევადაროთ ვიბორგსა და სორტავალას. თუმცა ამას არავინ აღიარებს – არც უკრაინა და არც დანარჩენი მსოფლიო. შესაბამისად, როგორც ვიბორგთან დაკავშირებით იყო, ისე არ გამოვა. რომ გამოსულიყო, ძალიან საშიში იქნებოდა საერთო მსოფლიო წესრიგისთვის. ყოველი დღე აღინიშნება უამრავი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვით, ორივე მხრიდან. კიდევ ერთ ომს ჰგავს – რუსეთ-იაპონიის ომს, რომელიც რუსეთმა წააგო, დაკარგა სამხრეთ სახალინი და მანჯურია. დაიწყო 1905 წლის რევოლუცია. იყო ცუშიმა. ცუშიმა შეიძლება შევადაროთ შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, „მოსკოვის“ დაკარგვას. ხერსონიდან გასვლა – ესაა მარცხი მანჯურიაში. ხარკოვის მისადგომებიდან გაქცევა ასევე არის ერთგვარი “მანჯურიული ბორცვები”, რომლებიც რუსეთმა დათმო. მაგრამ ისტორიაში არაფერი მეორდება სიტყვასიტყვით. ეს არ არის რუსეთ-იაპონიის ომი, ეს არის, როგორც მანდელშტამმა თქვა, “უცნობი ჯარისკაცის შესახებ ლექსებში”, “მე არ ვარ ერების ბრძოლა, მე რაღაც ახალი ვარ”. სამწუხაროდ, ახალი და არაპროგნოზირებადიც.
– ბევრი სვამს კითხვას (როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში): რატომ ვერაფერს აკეთებს დასავლეთი?
– არ შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთი არაფერს აკეთებს. არაფერი რომ გაეკეთებინა, უკრაინა ვერ გასწევდა ისეთ წინააღმდეგობას, როგორსაც სწევს.
– საიდუმლო არ არის, რომ უკრაინელი სამხედროების სულიერი სიმტკიცე და უნარები, პლუს დასავლური იარაღი ამ ომს აქცევს ისეთად, როგორიც არის.
– დიახ. ადვილია დივანზე ჯდომა და ლაპარაკი: „დასავლეთი ღალატობს, დასავლეთი მშიშარაა, დასავლეთი გამოლპა“. იოლია ასეთი საუბრები, მაგრამ არანაირი სარგებელი მათ არ მოაქვთ და უსამართლოცაა დასავლეთის მიმართ.
პასუხისმგებელ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება რისკის ქვეშ დააყენოს პლანეტის არსებობა. პუტინი აშკარად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია. მაგრამ ვიქონიოთ იმედი, რომ მას არ ეყოფა გამბედაობა, გაანადგუროს სამყარო და, მაშასადამე, საკუთარი თავი. ომის მთელი მიმდინარეობა აჩვენებს, რომ ასეც არის. მაგრამ დასავლელ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ გარისკონ, ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ. სამწუხაროდ, ამას გარკვეულ ჩიხში შევყავართ. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, მთლად ცხადი არ არის, თუმცა სამყაროში არაფერი გრძელდება მუდმივად.
– ეთანხმებით, რომ რუსეთში გაიმარჯვეს “ქორებმა”, გაიმარჯვეს უგუნურებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ისმენდნენ რაღაც კონსერვატიულ ფილოსოფიას?
– აღმოჩნდა, რომ არსებობს რაღაც ტოქსიკური იდეოლოგია. მახსენდება ილფის და პეტროვის ასეთი გამონათქვამი: „მაგარი ამბები დაატრიალეს ამ ბანდიტებმა, მარქსმა და ენგელსმა“.
ასე რომ, შეიძლება ითქვას: „მაგარი ამბები დაატრიალეს ამ ბანდიტებმა ტრუბეცკოიმ და ლევ გუმილიოვმა”, დაე, მაპატიოს ღმერთმა. ამბები დაატრიალეს მამლეევმა, ლიმონოვმა, დუგინმა და ბევრმა სხვამ. რუსეთის მმართველი ფენები და პირადად პუტინი ტოქსიკური იდეოლოგიით დააინფიცირეს. გაიმარჯვა კი ომის პარტიამ? დიახ, რამეთუ ომი მიმდინარეობს.
– თქვენ ახსენეთ, რომ არის ლიეტუვა-1 და ლიეტუვა-2, პოლონეთი-1 და პოლონეთი-2, ანუ ავანგარდისა და პროგრესის ქვეყანა და ქვეყანა პატრიარქატისა. ალბათ იგივე შეიძლება ითქვას რუსეთზეც: რუსეთი-1 და რუსეთი-2. მაგრამ ახლა პირველი რუსეთი თითქოს გაქრა. არა და იმხელა იმედი იყო, რომ ქვეყანა მიდიოდა ევროპული განვითარების გზით: ჰუმანიტარული ინსტიტუტები, წიგნები, გამომცემლობები, მეცნიერების განვითარება.
– ვკითხულობ პრესას, ვხედავ განცხადებებს: „არ იქნება არანაირი ომისშემდგომი პერიოდი, იქნება პერიოდი რუსეთის შემდეგ “, „რუსეთი უნდა გაქრეს“, „რუსეთი კიბოა კაცობრიობის სხეულზე“ და ა.შ. ჩემი აზრით, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები. რუსეთი შეიძლება გაქრეს ერთადერთი გზით: მსოფლიო ატომურ ომში, რომელშიც, ალბათ, არა მარტო რუსეთი გაქრება. ან, თუ მხოლოდ რუსეთი გაქრება და დასავლეთი დარჩება (ატომური ომის ასეთი შედეგიც შესაძლებელია), ეს მაინც უკიდურესად არასასურველი და უკიდურესად სახიფათო იქნება მთელი მსოფლიოსთვის.
რუსეთი არ გაქრება, ვერაფერს გავაწყობთ. საერთოდ, სირცხვილია რომელიმე ქვეყანას უწოდო „კიბო კაცობრიობის სხეულზე“, იქნება ეს გერმანია, ჩინეთი თუ რომელიმე სხვა ქვეყანა. ეს ავადმყოფი ქვეყანაა, უდავოდ, მაგრამ საჭიროა არა ამოკვეთა, არამედ მკურნალობა. როგორ ვუმკურნალოთ, ხანგრძლივი და სერიოზული კამათის საკითხია. ამასთან, რუსეთმა თვითონაც უნდა უმკურნალოს თავის თავს. არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან და ცდილობენ რაღაცის გაკეთებას.
– ეს ადამიანები აგრძელებენ ჰუმანიტარულ საქმიანობას იმ რწმენით, რომ ოდესმე პოლიტიკური სისტემა შეიცვლება, მათი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის.
– ლიეტუვაში ბევრი იტყვის, არის ასეთი პოლონური გამონათქვამი: ის, რასაც მე ვამბობ, „მოჭრილი თავის ოცნებებია“. „რუსეთში არაფერი შეიცვლება, რუსეთი ღვთის მიერაა წყეული, ერთგვარი ნახეთქია კაცობრიობის სხეულზე.” არ ვეთანხმები. არც ერთი ქვეყანა არ არის ნახეთქი კაცობრიობის სხეულზე.
სხვათა შორის, ეს სიმეტრიულია ნაცისტური გერმანიის ვითარებასთან მიმართებით. ამასთან, უნდა ითქვას, რომ რუსეთს, დანაშაულის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ არ მიუღწევია ნაცისტური გერმანიის დონისათვის. ის დამნაშავეა, მაგრამ ჰიტლერი უფრო უარესად იქცეოდა. ამასთან დაკავშირებით იტყვიან: კი, მაგრამ ჰიტლერი 12 წელი გრძელდებოდა, რუსეთი კი ასეთია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე. ეს არ არის სიმართლე. რუსეთი ასეთი არ ყოფილა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. რუსეთის ისტორიაში იყო გამონათებები, თანაც საკმაოდ კაშკაშა. მათ შორის ბოლო ვნახეთ 1991 წლიდან პუტინის გამეფებამდე და პუტინის გამეფებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაშიც კი. იყო ასეთი გამონათება, რომელიც, სამწუხაროდ, დასრულდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ შეიძლება განმეორდეს. არის ხალხი რუსეთში, არის ხალხი ემიგრაციაში.
ახლა ყველასთვის საყვარელი თემაა – რუსული კულტურის ბოიკოტი. მაგალითად, არ შეიძლება საახალწლოდ ბალეტ „მაკნატუნას“ ჩვენება: ეს რუსული იმპერიალიზმის პროპაგანდაა. ფრანგი მარიუს პეტიპა, რა თქმა უნდა, სასტიკი რუსი იმპერიალისტია. ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი, გერმანელი ავტორი, რა თქმა უნდა, ყველაზე სასტიკი რუსი იმპერიალისტია კალინინგრადის ოლქიდან.
პიოტრ ილიჩ ჩაიკოვსკი – რუსი იმპერიალისტია. მით უფრო სტრავინსკი. ისევე, როგორც ბახია გერმანელი იმპერიალისტი და ნაცისტი. ვაგნერი მართლაც საეჭვო ფიგურაა, უფრო საეჭვო ვიდრე ჩაიკოვსკი. მიუხედავად ამისა, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბევრ ქვეყანაში, რომლებიც იბრძოდნენ გერმანიის წინააღმდეგ, ვაგნერს ასრულებდნენ. ვაგნერი ერთია, ჰიტლერი კი – მეორე.
– ერთია პუშკინი და სულ სხვა – პუტინი?
– პუშკინმა დაწერა იმპერიალისტური ლექსი “რუსეთის ცილისმწამებლებს”. პოემა „პოლტავა“, ანტიუკრაინული. იქ მაზეპა ნეგატიური პერსონაჟია, მაგრამ უკრაინელებისთვის ის ეროვნული გმირია. კიპლინგი წერდა ინგლისურ იმპერიალისტურ პოეზიას და პროზას. თუმცა, მიუხედავად ამისა, უისტან ჰიუ ოდენმა, ჩემმა ერთ-ერთმა ფავორიტმა ინგლისელმა პოეტმა, მასზე თქვა, რომ „დრო აპატიებს კიპლინგს ყველა შეხედულებას, რადგან ის კარგად წერდა“: “Pardons him for writing well”. პუშკინთანაც ასეა. უფრო მეტიც, პუშკინმა დაწერა უამრავი ნაწარმოები, რომლებშიც ოდნავი იმპერიალიზმიც არ არის. კი, აქვს ნაწარმოებები, რომლებიც მას დიდ ღირსებას არ მატებენ. მაგრამ ეს არის ძალიან მცირე პროცენტი იმისა, რაც პუშკინმა დაწერა. ლევ ტოლსტოისაც იმპერიალიზმში სდებენ ბრალს. მაპატიეთ, მაგრამ ლევ ტოლსტოი, რომელიც წინააღმდეგი იყო ნებისმიერი სახის ომისა, უკანასკნელი ადამიანია, რომელიც იმპერიალიზმში შეიძლება დაადანაშაულონ. დოსტოევსკის შემთხვევა უფრო რთულია. მაგრამ დოსტოევსკის თანამედროვეობიდან ჩამოწერა, ჩემი აზრით, სრული იდიოტიზმი იქნებოდა. მე ამის წინააღმდეგ გამოვდივარ, ამისთვის მომხვედრია კიდეც, მაგრამ მიჩვეული ვარ. მომხვედრია საბჭოთა ხელისუფლების დროსაც, მე ამის არ მეშინია.
ვკითხულობ ლიეტუველი მწერლის, მიკოლაიტისის დღიურებს, რომლებიც ნაცისტური ოკუპაციის დროსაა დაწერილი. მიდის ფილარმონიაში და უსმენს გლაზუნოვს, რიმსკი-კორსაკოვს და ჩაიკოვსკის. ნაცისტური ოკუპაციის დროს, იბეჭდება „ანა კარენინა“, ლიეტუვურად თარგმნილი. მოქმედებდა ნაცისტური ცენზურა, მაგრამ მასაც კი არ დაუხურავს რუსული კულტურა, მაშინ როცა ნაცისტები უსასტიკეს ომს აწარმოებდნენ რუსეთთან. მე ვერ ვილაპარაკებ უკრაინელების სახელით. უკრაინელები აგრესიის მსხვერპლნი არიან, მათ ეხოცებათ ხალხი, ეხოცებათ ბავშვები. აბსოლუტურად არ ვაპირებ რამე ვურჩიო მათ, მით უმეტეს, ავუკრძალო. მათ აქვთ უფლება ისე მოეპყრონ რუსულ კულტურას, როგორც ეპყრობიან.
– თქვენ მრავალი წელი ასწავლიდით ამერიკაში, იცით, როგორ არის მოწყობილი სლავისტიკა. რატომ იყო რუსულ ენაზე ასეთი კონცენტრირება? ვგულისხმობ სლავისტიკის განვითარებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
– რუსეთი იყო პოტენციური მოწინააღმდეგე. პოტენციურ მოწინააღმდეგეს კი უნდა იცნობდე. ეს ასევე ეხება რუსულ კულტურას თანამედროვე ვითარებაში. რუსეთი დასავლეთის პოტენციური მოწინააღმდეგეა, ლიეტუვისა და პოლონეთის პოტენციური მოწინააღმდეგე, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა როგორც რუსული ენის, ასევე რუსული კულტურის შესწავლა. საბრძოლო ვითარებაში მტრის ენის ცოდნა არავის და არაფერში შეუშლის ხელს. თუ ნაცისტურ გერმანიასთან ომის დროს სანგრებში მყოფმა მეთაურმა გერმანული ენა იცოდა, ამას მხოლოდ სარგებლის მოტანა შეეძლო.
ახლა ამბობენ: სწავლობდნენ რუსულ კულტურას, მაგრამ არ სწავლობდნენ პოლონურს, მით უმეტეს უკრაინულს. ჯერ ერთი, ერის სიდიდე მაინც მნიშვნელოვანია. სამოყვარულო კანონიც კი გამოვიყვანე, რომ თუ ერი შენზე 10-ჯერ დიდია, მაშინ მისი კულტურა კვადრატში ზემოქმედებს, ანუ 100-ჯერ უფრო ძლიერად. თუ რუსეთი 3-ჯერ აღემატება პოლონეთს, მაშინ რუსული ენისა და კულტურის განყოფილება 10-ჯერ დიდი იქნება, ვიდრე პოლონურისა. შტატებში არის კათედრები. ჰარვარდში არის უკრაინული ენისა და ლიტერატურის კათედრა, რომელიც დააარსა ჩემმა კოლეგამ იელის უნივერსიტეტიდან. ასწავლიან ჩეხურ ენას და კულტურას, ყოფილი იუგოსლავიის ენებსა და კულტურას. მე არ ვიტყოდი, რომ შეერთებულ შტატებში ვინმე აკნინებს სხვა სლავური დეპარტამენტების მნიშვნელობას. ისინი არსებობენ და კიდევ მეტნი იქნებიან.
– აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს მეგობარ იოსიფ ბროდსკისა და მის ლექსზე, „უკრაინის დამოუკიდებლობაზე“, რომელიც ახლა განიხილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტში.
– ამაზე ადრე ვისაუბრე, მაგრამ გავიმეორებ. როცა იოსიფ ალექსანდროვიჩმა წამიკითხა ეს ლექსი, ვუთხარი: „ყოჩაღადაა დაწერილი, მაგრამ არ ღირს მისი დაბეჭდვა და საჯაროდ წაკითხვა. თუ გინდა საჯაროდ წაკითხვა, მაშინ მხოლოდ კიევში, უკრაინელებთან პირისპირ შეხვედრისას უნდა წაიკითხო. ლინჩის წესით გაგასამართლებენ, ქვებს დაგიშენენ და მართლებიც იქნებიან. ეს იქნება ის, რასაც ინგლისურად fair play ჰქვია, სამართლიანი თამაში პირისპირ. უკრაინელების ზურგს უკან მისი წაკითხვა კი არ არის საჭირო.” თითქოს დამიჯერა კიდეც.
არ დაბეჭდა, მაგრამ ხმამაღლა წაიკითხა. გაკეთდა ჩანაწერი, რაც გამოიყენეს მისი გარდაცვალების შემდეგ. დიდი ალბათობით არა ისე, როგორც მას სურდა. ამის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირება შეიძლება. იქ ნათქვამია რაღაც-რაღაცები არა მხოლოდ “ხოხოლებზე”, არამედ “კაცაპებზეც”. სამწუხაროა, რომ ამან შეულახა რეპუტაცია ბროდსკის, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანად და პოეტად რჩება.
მინდა ვთქვა, რომ ლექსები უკრაინაზე ლიეტუვურად დავწერე. გარკვეულ წილად ეს არის პასუხი ბროდსკის. იმავე მეტრითაა დაწერილი და დაახლოებით იმავე სიგრძისაა, თუმცა საპირისპირო შინაარსი აქვს. რუსულად გიორგი ეფრემოვმა თარგმნა. მასში არის მნიშვნელოვანი ციტატები ბროდსკიდან.
ამბობენ: გერმანელებმა მოინანიეს, რუსები კი არასოდეს მოინანიებენ, მათ ამის უნარი არ აქვთო. მახსენდება ვლადიმირ პეჩერინის ლექსები. მე-19 საუკუნის პოეტია, გერცენის მეგობარი, ცხოვრობდა ინგლისში, გარდაიცვალა კათოლიკე ბერად ირლანდიაში, დაკრძალულია დუბლინში. გასაოცარი ფიგურაა. მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ანტიპატრიოტული ლექსები კაცობრიობის ისტორიაში. დაწერა 1863 წლის პოლონეთის აჯანყებაზე, რომელსაც მხარს უჭერდნენ გერცენი და პეჩერინი. იქ არის ასეთი სიტყვები: “რა საამოა გძულდეს სამშობლო და მოუთმენლად ელოდე მის განადგურებას”. თუ ეს არ არის მონანიება, თუ რუსს არ ძალუძს სინანული, მაშინ ვინ არის უფრო უნარიანი, რომელ ადამიანს დაუწერია მსგავსი რამ? ლექსის ბოლოს სტუდენტი იმეორებს პეჩერინის სტრიქონებს. მე ვიცნობ საკმაოდ ბევრ რუსს, რომლებიც ახლა იმეორებენ ამ სტრიქონებს.
უკრაინის შესახებ ჩემი ლექსების ბოლოში უკრაინელი ჯარისკაცი იმეორებს კამბრონის სიტყვებს. კამბრონი იყო ფრანგი გენერალი, რომელსაც ვატერლოოს ბრძოლის მსვლელობისას დანებება შესთავაზეს. არსებობს მისი პასუხის ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი კეთილშობილურია. თითქოსდა მან თქვა: ”გვარდია კვდება, მაგრამ არ ნებდება”. მეორე ვარიანტი: მან წარმოთქვა ერთი ფრანგული სიტყვა, merde, რაც ნიშნავს “ნეხვს”. დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა მეორე ვარიანტს, ჯარისკაცურს. და რადგან უკრაინელებმაც კუნძულ ზმეინიზე და სხვა სიტუაციებშიც დაახლოებით იმავენაირად უპასუხეს, მეც ჩემს ლექსებს უკრაინული კამპანიის შესახებ ვასრულებ სიტყვებით: ”ჯარისკაცი უკანასკნელ ამოსუნთქვას ამოაყოლებს სიტყვებს, რომლებიც აღარავის ესმის, მაგრამ ეს არის კამბრონის სიტყვები“. აი, ასეთი ლექსებია, – მცირე პოლემიკა იოსიფ ბროდსკისთან.
იოსიფს არ გავამართლებ. მან დაწერა ლექსები ავღანეთის კამპანიაზე. ეს ლექსები ანტიიმპერიალისტურია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისინი პრო-ისლამურია. კითხულობენ: რას დაწერდა ახლა ბროდსკი? ვფიქრობ, რომ დაწერდა ანტიიმპერიალისტურ ლექსებს, მაგრამ არა აუცილებლად პროუკრაინულს. მე დავწერე ლექსი, ჯერ არ გამოქვეყნებულა, „არამშობლიურ ენას“. ვარიაცია მანდელშტამის ლექსზე “გერმანულ მეტყველებას”. რუსული ენის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზეა. არ არის მშობლიური ენა, მაგრამ ამ ენაზე წავიკითხე, გავიგე, დავიზეპირე ბევრი რამ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. პუშკინიც, მანდელშტამიც და იგივე ბროდსკიც. მაგრამ ეს ენა მოწამლულია, მისი ჟანგბადი იპრიტად გადაიქცა. თუმცა, ამის მიუხედავად, ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იგონებს აკრძალულ სტროფებს, მშვიდად ვარ. მანდელშტამი ასე ამთავრებს: „ცოცხლობ შენ, და მეც მშვიდად ვარ შენთანა“. ამ სიტყვებს ვიმეორებ.
– თქვენ ხართ ერთ-ერთი კლასიკური საბჭოთა დისიდენტი, მეგობარი გორბანევსკაიასი და სხვა ადამიანების, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდნენ, როცა სისტემას ებრძოდნენ. თქვენ იძულებით ემიგრაციაში გაგიშვეს და ჩამოგართვეს საბჭოთა მოქალაქეობა. შეიძლება თუ არა თქვენი ახალგაზრდობის დროინდელი მდგომარეობის შედარება იმასთან, რასაც ახლა რუსეთში ხელისუფლების ოპონენტები განიცდიან?
– ვმეგობრობდი გორბანევსკაიასთან, გინზბურგთან და ბევრ სხვასთან, ლიუდმილა ალექსეევასთანაც. მაგრამ მიმაჩნია, რომ მეორე ეშელონში ვიყავი. თანამგრძნობი, მაგრამ არა მომუშავე. მერე, როცა მომუშავე გავხდი (იყო ასეთი პერიოდი), თითქმის მაშინვე გამიშვეს საზღვარგარეთ. ვერ შევადარებ ჩემს თავს, თუნდაც, სერგეი კოვალიოვს, გორბანევსკაიას, იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში ისხდნენ. არ მომიწია ჯდომა. ერთადერთი სირთულე, რაც შემემთხვა, საზღვარგარეთ ცხოვრების პირველი თვეების სირთულეები იყო, ბევრ სხვას უარესი ბედი ხვდა.
ახლაც ხალხს უწევს რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა, დასავლეთში – დიახ, გარკვეული მსგავსება არის. დისიდენტების მიმართ მაშინ მეტი სიმპათია იყო, ახლა ნაკლებია. არსებობს რუსეთის წინააღმდეგ ზოგადი განწყობა, რომელიც დიდწილად ვრცელდება რუსულ ემიგრაციაზეც. საბჭოთა ხელისუფლების დროს ეს არ ხდებოდა. განსხვავება საბჭოთა პოლიტიკას, საბჭოთა ხელისუფლებასა და დისიდენტებს შორის მკაფიო იყო, ახლა დასავლეთის თვალში ეს განსხვავება ნაკლებად მკაფიოა. მაგრამ მსგავსება არსებობს. არ მეგონა, რომ საბჭოთა ხელისუფლების კრახს მოვესწრებოდი, მაგრამ მოვესწარი. მერე ვფიქრობდი, მადლობა ღმერთს, ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე-მეთქი. მაგრამ ნურას უკაცრავად, მშვიდად სიკვდილი არც ახლა შემიძლია. გრძელდება ის, რაც იყო, გარკვეულწილად კიდევ უფრო უარესად. მაგრამ თუ საკმაოდ დიდხანს დაელოდები, რაღაცას მოესწრები. რუს ემიგრანტებს კი შემიძლია მხოლოდ მოთმინება და მუშობის არშეწყვეტა ვუსურვო.
– შენი ცხოვრების შემხედველი: ისტორიული ოპტიმისტი ხარ თუ ისტორიული პესიმისტი?
– ყოველთვის ვამბობ, რომ ისტორიული ოპტიმისტი ვარ. ეს ნიშნავს: ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ მე ამას ვერ მოვესწრები. ერთმა უკრაინელმა თქვა, რომ არსებობს აპოკალიფსური ოპტიმისტიც: „ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ ვერავინ მოესწრება ამას“. ხანდახან ფიქრობ: იქნებ აპოკალიფსური ოპტიმისტები მართლები არიან? თუ ასეა, მაშინ სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს იზამ.
არსებობს კიდევ ცნება „სტოიციზმი“: რაც უნდა ცუდად იყო, ნუ იწუწუნებ და შეძლებისდაგვარად გააკეთე ის, რაც აუცილებელია. ამას ამბობდა მარკუს ავრელიუსი. მასზეც მაქვს ლექსი დაწერილი. ბროდსკისაც აქვს ლექსი ტიბერიუსზე, ძალიან ცუდ კეისარზე, მე – მარკუს ავრელიუსზე, ალბათ კეისართა შორის საუკეთესოზე, მაგრამ ასევე არაიდეალურზე. მართალია, ლექსი მთავრდება სიტყვებით, რომ მას შემდეგ, რაც მარკუს ავრელიუსი ჩამოაყალიბებს თავის თეორიას – მშვენიერს, ღრმას, ჭკუის სასწავლებელს, ხალხისთვის შვების მომგვრელს და ყველაფერი მშვენივრად არის, ის კვდება და ტახტზე ადის კომოდუსი. კომოდუსი სრული გიჟია. მას საშინელ მდგომარეობამდე მიჰყავს იმპერია. ბოლო სტრიქონი ასეთია: „და კომოდუსი გიჟი სრულიად მზადაა ტახტის დასაკავებლად“. პერსპექტივაც კი, რომ კომოდუსი მოვა (ან უკვე მოვიდა) არ გვათავისუფლებს ვალდებულებისგან ვიყოთ სტოიკოსები.
– ცოტა რამ გვიამბე შენს მშობლებზე.
– დედაჩემი ჩვეულებრივი მეოჯახე ადამიანი იყო. პოლიტიკა არასოდეს ყოფილა მისი cup of tea, როგორც ინგლისურად იტყვიან. ყოველთვის ღელავდა, რომ განსაკუთრებულად არ დავტანჯულიყავი, არა მხოლოდ საბჭოთა მმართველობის დროს, არამედ შემდეგაც. „კარგი, შენ გამოდიოდი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, საბედნიეროდ, ციხეში არ ჩაგსვეს. მაგრამ რატომ აკრიტიკებ ახლა ჩვენს ლიეტუვის ხელისუფლებას?” – ეს დედაა. მაგრამ ვიცოდი, რომ მასზე დაყრდნობა შემეძლო, ის არასოდეს აიღებდა ჩემზე ხელს.
– თქვენი მეუღლის მოგონებებიდან შევიტყვე, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დედა დაუპატიმრებიათ.
– სამი თვე იჯდა ციხეში. ლიეტუველებმა წაიყვანეს. პირველი კითხვა იყო: „ებრაელი ხარ?“ უპასუხა: “არა”. დედა ეთნიკურად ლიეტუველია, კათოლიკე. „მაშ, რატომ ჰქვია მამას მელქიორი, ებრაული სახელი?“ აუხსნა: „არა, ეს კათოლიკური სახელია, სამ მოგვთაგან ერთ-ერთის“. – “კარგი, გავერკვევით.” მერე მოვიდნენ გერმანელები, გააძევეს ადგილობრივი ხელისუფლება და დაიწყეს გარკვევა, რა და როგორ იყო. “ნახეს, ვიღაც მარტო ზის.” – “ვინ არის? ებრაელია?” – „არა, თითქოს არ არის ებრაელი“. – „მაშ, რა ჯანდაბად იხარჯება მასზე ულუფა. გაათავისუფლეთ პოლიციის ზედამხედველობით.” და მართლაც გაათავისუფლეს მეთვალყურეობით, რომლის ქვეშაც იმყოფებოდა საბჭოელების მოსვლამდე.
– და სად იყო ამ დროს მამაშენი? კულტურის მინისტრი იყო?
– განათლების მინისტრი. ის იყო მოსკოვში, პენზაში და კიდევ სადღაც სხვაგან. ომის კორესპონდენტი იყო ფრონტზე. შემდეგ ლიეტუვაში დაბრუნდა. აღარ იყო მინისტრი, მაგრამ იყო საკმაოდ საბჭოთა მოღვაწე.
– და კიდევ საბჭოთა ლიეტუვის ჰიმნის ავტორია.
– ჰიმნის ავტორი და მიხალკოვისეული ჰიმნის მთარგმნელი.
– ანუ სავსებით დამსახურებული კომუნისტი.
– სავსებით. მაგრამ ის პარტიაში მხოლოდ 1950 წელს შევიდა.
– ომამდე იზიარებდა მემარცხენე შეხედულებებს?
– ყოველთვის მემარცხენე იყო, მაშინაც კი, როცა ეს ცოტა სარისკო საქმედ მიიჩნეოდა. ის ამას არ მალავდა. [ჩესლავ] მილოში იყო ასეთივე იმ დროს პოლონეთში. ეს იყო პარალელური მოძრაობები. ლიეტუვაში იყო “მესამე ფრონტი”, პოლონეთში კი – “ჟაგარი” – მსგავსი გამოცემები. თარგმნიდნენ ერთმანეთს, ინტერესდებოდნენ ერთმანეთით. მილოში შეიცვალა და გაიქცა დასავლეთში, მამა კი დარჩა საბჭოთა მოღვაწედ, წლიდან წლამდე უფრო და უფრო საბჭოთად.
– თქვენ წახვედით მამის ნების წინააღმდეგ. Როგორ მოხდა ეს?
– დავიწყე კითხვა, გავიცანი საინტერესო ადამიანები, მქონდა მათთან დისკუსია და საკმაოდ სწრაფად მივედი დასკვნამდე, რომ ჩემს ირგვლივ ყველაფერი არასწორი იყო და, რომ რაღაც უნდა მეღონა. მთლად გასაგები არ იყო რა. კიდევ ერთი ასეთი მომენტი. იყო ასეთი – ვალოდია მურავიოვი, რომელიც მოვიდა ერთ დღეს მოსკოვში და თქვა: „იარაღი იქნება, 500-მდე მოვგროვდებით. უნდა გავიდეთ წითელ მოედანზე და მოვაწყოთ რაღაც დეკაბრისტების ამბოხის მაგვარი. მაგრამ მერე ყველას წაგვათრევენ ლუბიანკაზე, დაგვიწყებენ წამებას და გამოტეხას. ამიტომ „უნდა მივიღოთ შხამი, რომელიც მოქმედებას იწყებს ნახევარ საათში. როდესაც ისინი მიგვიყვანენ ლუბიანკაზე, ჩვენ დავიწყებთ სულის უფლისთვის მიბარებას. წამოხვალ?” ვუთხარი: “წამოვალ, სად არის ეს ავტომატები, სად არის ეს შხამი?” მაგრამ არ აღმოჩნდა არც არანაირი ავტომატები და არც – შხამი. აი, ასეთი შეხედულებებიც კი მქონდა.
მამაჩემთან ასეთ დეტალებს არ განვიხილავდი, მაგრამ არ ვუმალავდი, რას ვფიქრობდი ამ სისტემაზე. ის მეუბნებოდა: „რა გაეწყობა, მე ვიცნობ ერთ იტალიურ ოჯახს, სადაც მამა ქრისტიან-დემოკრატია, მთავრობის წევრი, ვაჟი კი – კომუნისტი. და არაფერი, ცხოვრობენ. ჩვენც იმავენაირად.” მამა ამ საკითხს ცივილიზებულად მიუდგა. მაგრამ მამაჩემი საკმაოდ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გავხდი აშკარა დისიდენტი.
© არილი