პროზა (თარგმანი)

უაიკი ვანი – ომაკასე[1]

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

ქალმა და კაცმა გადაწყვიტეს, რესტორანში წასულიყვნენ და სუშით ევახშმათ. მათ ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. აქამდე ქალი ბოსტონში ცხოვრობდა, ახლა კი ნიუ-იორკში გადაბარგდა და კაცთან ერთად დასახლდა.

ქალი ქალაქის ცენტრში განლაგებულ ბანკში ანალიტიკოსად მუშაობდა. კაცი კერამიკას ასწავლიდა ქალაქის გარეუბნის ერთ-ერთ სტუდიაში. ორივენი ოცდაათ წელს გადაცილებულნი იყვნენ და არც ერთ მათგანს არ უნდოდა შვილების ყოლა. ორივეს უყვარდა აზიური კერძები, განსაკუთრებით, სუში, და კიდევ უფრო გამორჩეულად – ომაკასე. უჩვეულო კერძები მოსწონდათ, მაგრამ რესტორნებში სხვადასხვაგვარად იქცეოდნენ. ქალი ნერვიულად ათვალიერებდა ხოლმე მენიუს და ყოყმანობდა. კაცი მთლად ასეთი ჭირვეული არ იყო. რომელი კერძია საუკეთესო? ეკითხებოდა ქალი კაცს, ეს უკანასკნელი კი პასუხობდა, საუკეთესო ის კერძია, რომელიც ახლა გენატრებაო.

სანამ აქ მოვიდოდნენ, კაცმა თქვა, ეს პატარა უხეირო რესტორანიაო. მან ის ცენტრალური ჰარლემის სუშის რესტორნების სიაში იპოვა. ასეთი რესტორნები ბევრი არ იყო. ამდენად, რეალობა ასეთი გახლდათ, რომ კაცმა სუშის საუკეთესო რესტორნების სია კი არა, სუშის ყველა რესტორნის სია გადაათვალიერა და ყველაფრისთვის მზად იყავიო, უთხრა ქალს. უხეირო რესტორანი არ არსებობსო, მიუგო ქალმა. მაგრამ რესტორანი მართლაც პატარა და უბადრუკი იყო, სუში-ბარითა და ბანკომატით. ბარის უკან ბებერი მზარეული იდგა. სალაროსთან ოფიციანტი გოგონა იჯდა. ქალმა ივარაუდა, რომ აქ ექვს მოზრდილ ადამიანზე და ბავშვზე მეტი ვერ დაეტეოდა. სუშის ულუფები არც ისე დიდი იყო. რესტორანში შესვლისას ქალმა კაცს ისე გადახედა, თითქოს თვალებით ჰკითხა, ნეტავ, ყველაფერი რიგზე იქნებაო? ჩვეულებრივ, სუშის ისინი ქალაქის ცენტრში, გაბრდღვიალებულ და ხალხით გადაჭედილ რესტორნებში შეექცეოდნენ, სადაც თევზის სუნი ოდნავადაც არ იგრძნობოდა, მაგრამ ამ საღამოს ცენტრამდე მისვლა გაუჭირდებოდათ – მატარებლები შეფერხებით მოძრაობდნენ, რადგან ლიანდაგზე ვიღაც გადმოხტა და დაიმტვრა.

ასეთ შემთხვევებს ქალი ნიუ-იორკში მიეჩვია. ბოსტონში მეტროს სადგურები მოუხერხებლადაა განლაგებული, მაგრამ ვაგონები, როგორც წესი, სუფთა და წყნარია – იქ არავინ შეგაწუხებთ. მატარებლებსაც არავინ უვარდება ბორბლებქვეშ. ნიუ-იორკის მეტროს სადგურების განლაგებაზე იმავეს ვერ იტყვი, თუმცა მგზავრობისას ბევრ უსიამოვნო სანახაობას გადაეყრები. მაგალითად, ნიუ-იორკში ცხოვრების პირველსავე თვეს ქალმა დაინახა, რომ ვაგონის კუთხეში ვიღაც კაცი შარდავდა. ვაგონებში უამრავი მათხოვარი იყო და თუკი ფული არ გქონდათ, მათხოვარი ითხოვდა საჭმელს, ფანქარს ან ცხვირსახოცს. ბრუკლინში მიმავალი მატარებლის ვაგონში ერთ ქალს, მოცეკვავე ბავშვმა, რომელსაც ქალმა ფული არ მისცა,  წიხლი ჩაარტყა. ზედმეტად მგრძნობიარე ხარო, ეუბნებოდა კაცი, როდესაც ქალი ამ ამბების შესახებ უყვებოდა და წუწუნებდა, რომ არა მარტო უცხოდ გრძნობდა თავს ნიუ-იორკში, არამედ იმასაც გრძნობდა, რომ გამუდმებით ემუქრებოდა საფრთხე.

აზვიადებო, ეუბნებოდა კაცი.

ახლა, სუშის რესტორანში, კაცმაც გადახედა ქალს და მიანიშნა, დაწყნარდი, აქ თავის შესაქცევად, გასართობად მოვედითო.

გასაგებია, მაგრამ არ მინდა, რომ საკვებით მოვიწამლოო, გაიფიქრა ქალმა.

კაცი თითქოს მიუხვდა და უთხრა:

– თუ შეუძლოდ გახდი, ჩემი ბრალი იქნება.

ოფიციანტმა, როგორც იქნა, შენიშნა, რომ წყვილი შემოვიდა. ის ფრჩხილებიდან ლაქს იშორებდა. შემოსულთ თვალი შეავლო, მაგრამ არ წამომდგარა, სტუმრებს ბარზე მიუთითა, გულგრილად უთხრა, სადაც გსურთ, იქ დასხედითო და მოქარგული შავი ფარდის მიღმა გაუჩინარდა.

როდესაც ქალმა და კაცმა ერთმანეთი გაიცნეს, შეთანხმდნენ, რომ თუ ხელს არაფერი შეუშლიდათ, ერთად ცხოვრებას შეეცდებოდნენ. თავდაპირველად, თითოეული მათგანი იმ ქალაქში  ცდილობდა სამსახურის პოვნას სადაც მისი შეყვარებული ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, მოთხოვნა ფინანსურ ანალიტიკოსებზე ნიუ-იორკში გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე კერამიკის მასწავლებლებზე – ბოსტონში.

ვაშაო, დაწერა კაცმა იმ დღეს, როდესც ავეჯის გადამტანები მივიდნენ ქალის ძველ ბინაში. ქალმა საპასუხოდ „სმაილის“ გამოსახულება გაუგზავნა, შემდეგ კი, მოგვიანებით, თავისი დაცარიელებული სასტუმრო ოთახის, საძინებლის, სააბაზანოს, აგრეთვე – უამრავი ავეჯისა და ნივთების, მაგალითად, ორი სასადილო სერვიზის, ოცი ქვაბისა და ტაფის, შვიდი დანის და ა.შ. ფოტოსურათები გაუგზავნა. ყველაფერი ეს ქალმა დათმო, როდესაც მათ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.

ქალი რაციონალური პიროვნება იყო და Excel -ის ტაბულაზე ჩამოწერა თავისი კუთვნილი ნივთების ნუსხა, რათა კაცს თვალი შეევლო მათთვის და გამოეყო ის ნივთები, რომლებიც მას უკვე ჰქონდა და მიეთითებინა მათი რაოდენობა და სახეობა. შესაძლოა, აზრი ჰქონდა იმას, რომ შვიდი დანა ჰქონოდათ, თუკი ისინი სხვადასხვა ზომისა და სიგრძისა იქნებოდა და სხვადასხვა მიზნისთვის გამოსადეგი.

კაცი კი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც Excel-ის ტაბულას ამრეზით უყურებენ ხოლმე.

ნიუ-იორკში გადასახლებისას ქალმა დიდი სატვირთო მანქანა დაიქირავა და შეეცადა მოეძებნა საუკეთესო დრო, რათა ამ მანქანას მოძრაობა არ შეეფერხებინა და გზაჯვარედინის ბლოკირება არ მოეხდინა. ინტერნეტში წაიკითხავთ, რომ ნიუ-იორკელი მძღოლები გზებზე ძალიან უხეშად იქცევიან და მათთან კინკლაობის თავიდან ასაცილებლად დილის ხუთ საათზე უნდა გახვიდეთ გზაზე. როდესაც ქალი ნიუ-იორკში დილაადრიან ჩამოვიდა, კაცი მას თავის სადარბაზოსთან ელოდა. ყავა მიაწოდა, მხრებზე თბილი სვიტერი მოახურა და მაგრად ჩაკოცნა. კოცნის შემდეგ ქალს გასაღებების აცმა მისცა. სულ ოთხი გასაღები იყო: სადარბაზოს, საკუჭნაოს, საფოსტო ყუთის და ბინის. ყველა გასაღები ერთმანეთს ჰგავდა და კაცმა თქვა, ერთი თვე დაგჭირდება იმის დასამახსოვრებლად, თუ რომელი გასაღები რომელი სათავსოსიაო. სინამდვილეში ქალს ამისთვის მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა, ქალი ბედნიერი იყო, რადგან კაცსაც ბედნიერს ხედავდა. ქალს არასოდეს უკითხავს, ეძებდა თუ არა ის სამუშაოს ბოსტონში ისევე გულმოდგინედ, როგორც ქალი – ნიუ-იორკში.

მხოლოდ წყალი მინდაო, თქვა კაცმა, როდესაც ოფიციანტმა ქალმა თითოეულს ცხელი ჩაი მიართვა. ოფიციანტმა განმარტა, რომ შვრიის ჩაი აუცილებლად უნდა დაელიათ, სანამ წყნარი ოკეანის ხამანწკებს მიირთმევდნენ. ეს იყო ომაკასეს პირველი ეტაპი. ოფიციანტი თვრამეტიოდე წლისა იქნებოდა. აზიელი იყო. ცხვირის ნესტოზე ბრილიანტი უბრწყინავდა, ტუჩში კი იისფერი რგოლი ჰქონდა გაყრილი. მასთან საუბრისას ქალს თვალი ამ რგოლისკენ გაურბოდა და ტუჩებს იკვნეტდა. გოგონაც აზიელი (ჩინელი) იყო. ქალი ფიქრობდა, რომ თვითონ ახალგაზრდობისას პირსინგს ვერასგზით ვერ გაიკეთებდა. შინ ტუჩზე გარჭობილი რგოლით რომ მისულიყო, იმიგრანტი მშობლები აიძულებდნენ, მოეხსნა რგოლი, შემდეგ გაკიცხავდნენ და ეტყოდნენ, რომ ტუჩებში გარჭობილი რგოლი ქუჩის გოგოს ამსგავსებდა. ამერიკაში ამგვარი გარეგნობის მქონე აზიელს ყველა ეჭვის თვალით შეხედავდა. თუ გოგონას საეჭვო გარეგნობა ექნებოდა, კოლეჯში არ მიიღებდნენ, თუ კოლეჯში არ ისწავლიდა, სამსახურს ვერ იშოვიდა, თუ სამსახურს ვერ იშოვიდა, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვერ იქცეოდა, ხოლო თუ საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვერ იქცეოდა, შეიძლება ციხეში ამოეყო თავი. მაშასადამე, ამ რგოლის გამო საბოლოოდ შეიძლებოდა მხოლოდ ციხეში აღმოჩენილიყო. ცირკში ხომ არ მუშაობ, არც აფრიკელი აბორიგენი ხარ და არც მერილინ მენსონიო, ეტყოდა მამა, რომელმაც – რა უცნაურია, – იცოდა, ვინ იყო მერილინ მენსონი და მოსწონდა ის. შემდეგ, ციხეში, შეიძლება ქალი დამეგობრებოდა ტუჩებში რგოლგაყრილ სხვა ადამიანებს და მათ ბანდა შეექმნათ. ნუთუ ასეთი ცხოვრების შესახებ ოცნებობო? ეკითხებოდნენ მშობლები. ტუჩებში რგოლგაყრილთა ბანდის შესახებ? და ქალი იძულებული იყო, ეთქვა, არაო.

აი ჩაიც, თქვა კაცმა და ოფიციანტ გოგონას გაუღიმა. გოგონა ლამაზი იყო. იასამნისფერი რგოლი ეხამებოდა მის იასამნისფრად შეღებილ კულულებს და ფრჩხილებზე წასმულ იასამნისფერ ლაქს. შემდეგ კაცმა შეაქო ოფიციანტის შავი უნიფორმა. ოფიციანტმაც საპასუხოდ შეაქო კაცის მრგვალჩარჩოიანი სათვალე.

– ო, რა სისულელეა,- თქვა კაცმა და სათვალე წუთით მოიხსნა.

– სისულელე სულაც არაა, – თქვა ოფიციანტმა. – მართლა შესანიშნავი სათვალეა. ჩემმა შეყვარებულმა ასეთი სათვალე ვერ მოირგო. მის თავის ფორმას არ მოუხდა.

კაცი ოფიციანტის შეყვარებულის ხსენებისას შეცბა, თუმცა ეს არაფრით გაუმჟღავნებია. პირიქით, კიდევ უფრო აქტიურად გაეარშიყა გოგონას.

ახალგაზრდები ახლა ძალიან განსხვავებულები არიან, გაიფიქრა ქალმა. თვითონ, სანამ კოლეჯში სწავლას დაიწყებდა, შეყვარებული არ ჰყოლია. საამისოდ გამბედაობა აკლდა. მაგრამ შეიძლება, ოფიციანტის მშობლები იმიგრანტები არც იყვნენ. შეიძლება, მისი მშობლები აქ დაიბადნენ, და ძველ ტრადიციებს აღარ ემორჩილებოდნენ, ან შეიძლება ოფიციანტი გოგონა თეთრკანიანთა ნაშვილები იყო. გოგონები ახლა არა მარტო განსხვავებულები არიან, არამედ – უფრო ბედნიერებიც, გაიფიქრა ქალმა. სურდა ეთქვა ოფიციანტისთვის, წარმოდგენა არა გაქვთ, რამდენი ბრძოლის გადატანა მოუხდა ჩვენს თაობას, რომ თქვენ თმის იასამნისფრად შეღებვა და ტუჩის გახვრეტა შეგძლებოდათო.

კაცმა იდაყვი გაჰკრა ქალს, რომელიც მის გვერდით მარმარილოს ქანდაკებასავით უძრავად იჯდა და წასჩურჩულა:

– ასე ნუ აშტერდები ოფიციანტს, უხერხულია.

ჩაის ფინჯნებს სახელურები არ ჰქონდა. სითხე იმდენად ცხელი იყო, რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ფინჯნის აღება. მხოლოდ სულს უბერავდნენ, იმ იმედით, რომ ჩაი გაგრილდებოდა. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, როგორი ცხელიაო. მზარეულს აქამდე ერთი სიტყვაც კი არ ეთქვა მათთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, არ სიამოვნებდა (როდესაც წყნარი ოკეანის ხამანწკებს ამზადებდა), რომ სტუმრები ჩაის არ სვამდნენ.

  • იაპონელები ასე იქცევიან, – თქვა მან ბოლოს (კვლავ დახლის უკან იდგა), ხელი გაიშვირა, ორი თითითა და ცერით აიღო ქალის ფინჯანი, მეორე ხელის გული, ლამბაქივით, ქვემოდან ამოუდო, და კვლავ თქვა, იაპონელები ასე იქცევიანო. შემდეგ ფინჯანი ქალს გაუწოდა. ქალმა და კაცმა სცადეს მიებაძათ, მაგრამ გაუჭირდათ. შესაძლოა, უფრო ნაზი კანი ჰქონდათ. მათთვის ფინჯნის დაჭერა იგივე იყო, რაც მდუღარე წყალში ხელების ჩაყოფა. კაცმა ფინჯანი დადგა. ქალს არ სურდა, გული დაეწყვიტა მზარეულისთვის და დიდხანს ეჭირა ფინჯანი. ხელისგულები აეწვა.

ახლა, როდესაც კაცმა შეიტყო, რომ მზარეულმა ინგლისური იცოდა, სცადა, მასთან საუბარი გაება.

  • ხელნაკეთი ფინჯანია, ხომ? – იკითხა მან. – შესანიშნავადაა მოჭიქული.

შემდეგ ქალისკენ შეტრიალდა და მათი ფინჯნების მომწვანო-მოლურჯო ჭიქურზე მიუთითა. მისი თქმით, ქალის ფინჯნის ჭიქური უფრო მსხვილი და მუქი იყო, ვიდრე – კაცისა.

– ჰმ, – ჩაიდუდუნა ქალმა. მისი აზრით, ეს ჩვეულებრივი ფინჯნები იყო.

– ეს ხომ „იუნომია“? – ჰკითხა კაცმა მზარეულს. – მაღალი, უყურო. დიახ, უყურო, კოხტა ფეხი აქვს. ჩაის ტრადიციულ ცერემონიებში გამოიყენება.

მზარეულმა ეჭვით გადახედა კაცს. შესაძლოა, ვარაუდობდა, სტუმარი დამცინისო. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ზოგიერთი ადამიანი სერიოზული გამომეტყველებით აბიაბრუებს უცხო კულტურას და სასაცილოდ იგდებს მის წარმომადგენლებს.

– ეს კაცი კერამიკოსია, – თქვა ქალმა.

კაცი სწრაფად მიტრიალდა ქალისკენ, თითქოს უნდოდა ეთქვა, რატომ ჩაერიე, ჩვენ ისე საინტერესოდ ვსაუბრობდითო. შემდეგ გაეცინა.

– მაპატიეთ, – უთხრა მან მზარეულს. – ფინჯანი მშვენიერია და უნდა ამაყობდეთ, რომ სამზარეულოში ასეთი ჭურჭელი გაქვთ. თქვენს ადგილას ვიამაყებდი.

მზარეულმა მადლობა გადაუხადა და ისეთივე მომწვანო-მოლურჯო კერამიკული თეფშებით თევზის პირველი ნაჭრები მიაწოდა.

– გაამოთ,- უთხრა მზარეულმა და ცერი თითები მაღლა ასწია.

კაცმა ასეთივე ჟესტით უპასუხა.

ქალს მოსწონდა, რომ კაცი ყველას ადვილად უახლოვდებოდა. სერიოზულად არაფერს და არავის ეკიდებოდა. ნამდვილი ექსტრავერტი იყო. თუმცა მარტო მუშაობდა თავის სტუდიაში, მაგრამ სხვა ადამიანებთან ურთიერთობით არა მარტო ტკბებოდა, არამედ – სჭირდებოდა კიდეც ეს. სტუდიის გარეთ ყველას ესაუბრებოდა. ზოგჯერ, უბრალოდ, ლაყბობდა (ისე, როგორც ახლა, მზარეულთან). ზოგჯერ არშიყობდა, როგორც ახლა ეარშიყებოდა ლამაზ ოფიციანტ გოგონას. კაცის არშიყობა ქალს არ აწუხებდა. მოსწონდა, რომ კაცი ასეთი გულღია იყო. ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა. სიტყვა „სანდომიანი“ გაახსენდა. კაცი ნორმან როკუელის სურათების პერსონაჟებს აგონებდა.

თავდაპირველად სკაიპით გაესაუბრნენ ერთმანეთს. ღვინოს წრუპავდნენ და თან ლეპტოპებზე ერთსა და იმავე ფილმს უყურებდნენ. ეს იყო „მფრინავი ხანჯლების სახლი“. ქალმა თქვა, რომ სხვა რაიმეს ნახვას ისურვებდა – ისეთი ფილმისა, რომელიც ასე მკვეთრად ჩინური არ იქნებოდაო. ჩჟან იმოუ ნიჭიერი, მაგრამ ძველი ყაიდის რეჟისორიაო.

– „ძველ ყაიდაში“ რას გულისხმობ? – ჰკითხა კაცმა.

– ტანის დინასტიას, – უპასუხა ქალმა.

მას უფრო თანამედროვე ფილმები მოსწონდა, თანაც ისეთები, რომლებიც აზიელთა ცხოვრებას არ ეხებოდა. არ უნდოდა,  კაცს მხოლოდ იმიტომ ეყურებინა ჩინური ფილმებისთვის, რომ მისთვის ესიამოვნებინა.

– კი მაგრამ, ეს საყოველთაოდ აღიარებული ფილმია, – მიუგო კაცმა.

ამიტომ მათ ბოლომდე უყურეს „მფრინავი ხანჯლების სახლს“. ფილმი დუბლირებული არ იყო. ინგლისურ სუბტიტრებს კითხულობდნენ. შეზარხოშდნენ. შემდეგ კაცმა ჰკითხა ქალს, სწორად იყო თუ არა ნათარგმნი სუბტიტრები. მგონი, სწორადო, მიუგო ქალმა, თუმცა მხოლოდ ნახევარი გაიგო იმისა, რასაც ფილმის პერსონაჟები ლაპარაკობდნენ და უფრო ინგლისურ ტექსტს ადევნებდა თვალს. კაცმა გაცილებით მეტი იცოდა ჩინური კინოს შესახებ, ვიდრე – ქალმა. მას, ასევე, გაცილებით უფრო ღრმა ცოდნა ჰქონდა ტანის დინასტიის, განსაკუთრებით კი – იმდროინდელი კერამიკის შესახებ. თურმე, ტანის დინასტიის ზეობისას ჩინელებმა სრულყვეს ფერადი მოჭიქვის ხელოვნება, კერძოდ, სამფეროვანი ჭიქური, რომელიც მწვანის, ყვითლისა და თეთრის კომბინაციას წარმოადგენდა. კაცმა იცოდა, რომ ამგვარ ჭიქურს ჩინურად „სანკეი“ ერქვა და ქალი ცოტათი შეცბა. არა, ძალიან შეცბა. მეორე დღეს კაცმა  ქალს ტანის დინასტიის დროინდელი აქლემის კერამიკული ფიგურა გაუგზავნა, რომელიც სანკეით იყო მოჭიქული. ეს სწორედ ისეთი აქლემი იყო, როგორიც ქალის დედას ბუხარზე ედო ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში.

ქალმა რამდენიმე მეგობარს რჩევა ჰკითხა. მათი უმრავლესობა აზიელები იყვნენ, თუმცა, ქალს არააზიელი მეგობრებიც ჰყავდა. არ სურდა, გაეგრძელებინა კაცთან ურთიერთობა, თუკი ამ უკანასკნელს მასში მხოლოდ ეროვნული წარმომავლობა იზიდავდა. სმენოდა ერთგვარი „ყვითელი ციებ-ცხელების“, ანუ იმის შესახებ, რომ ყვითელკანიანი ქალებით გატაცება ამჟამად მოდურად ითვლებოდა. არ მოსწონდა, რომ ამას „ყვითელ ციებ-ცხელებას“ ეძახდნენ. ეთაკილებოდა, რომ ამ მოვლენას იმ  დაავადების სახელი დაარქვეს, რომელსაც კოღოები ავრცელებდნენ და რომელიც ოთხიდან ერთ კაცს კლავდა. უახლოესი მეგობრები ეუბნებოდნენ ქალს, რომ ის ეჭვიანი იყო და სწორედ ამიტომ ვერ გათხოვდა ოცდათექვსმეტი წლის ასაკამდე. არც ის იყო გასაკვირი, რომ კაცმა კარგად იცოდა კერამიკის (მათ შორის – ჩინურის) ისტორია და, ალბათ, უბრალოდ, მოსწონდა „მფრინავი ხანჯლების სახლი“ – ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი. ერთმა არააზიელმა მეგობარმა უთხრა: „ის კაცია, და, ალბათ, უბრალოდ დაინტერესებულია სამხედრო ხელოვნებით“. ერთმა აზიელმა მეგობარმა კი შენიშნა: ალბათ, უნდა, რომ ღრმად გათვითცნობიერებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს შენზეო.

– ვნახოთ, – მიუგო ქალმა.

სკაიპით მორიგი საუბრისას კაცმა შესთავაზა, ენახათ ინგლისში გადაღებული რომანტიკული კომედია; მომდევნო კვირას – რუსული კრიმინალური დრამა. ამის შემდეგ ისინი საუბრობდნენ ფილმების შესახებ, შემდეგ კი – სხვა საკითხებზე. კაცმა უთხრა ქალს, რომ ბოლო წლებში მას რამდენიმე ქალთან ჰქონდა სასიყვარულო კავშირი. ბოლო თავგადასავალი ერთი წლის წინ დასრულდა. როგორი ქალი იყოო, იკითხა ქალმა, მაგრამ ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, ჩინელი იყო თუ არა კაცის ბოლო სატრფო. კაცმა უპასუხა, რომ მისი ბოლო სატრფო ლამაზი, მაგრამ ზედმეტად ნერვიული ქალი იყო. მაინც როგორიო – არ მოეშვა ქალი და კაცმა ჰკითხა, რას გულისხმობო. თურმე, ერთი ტანმაღალი ებრაელი ქალი ყოფილა. კაცს სხვა ჩინური ფილმის ნახვა აღარ შეუთავაზებია. როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, ჩინურ რესტორნებში აღარ დადიოდნენ, უფრო – ფრანგულში, იტალიურსა და იაპონურში. ქალმა  კაცს თავისი ბევრი მეგობარი გააცნო, რომლებიც მოგვიანებით ეუბნებოდნენ, ბედს ეწიე, ასეთ ადამიანს რომ დაუახლოვდიო. უცოლშვილოა, ამერიკელი, ხელოვანი და შენი ასაკისო. „ამერიკელში“ ქალის აზიელი მეგობრები „თეთრკანიანს“ გულისხმობდნენ. მათი აზრით, ასეთ კაცთან ურთიერთობის წყალობით ქალი უფრო მაღალ სოციალურ წრეებში შეაღწევდა. უწინ ქალი ამაზე არ დაფიქრებულა, მაგრამ ახლა უკვე ფიქრობდა. ან, შეიძლება, უწინაც ფიქრობდა, მაგრამ მხოლოდ ახლა გაიცნობიერა ეს აზრები. ერთხელ ქალმა ჰკითხა კაცს, რატომ შეარჩია „მფრინავი ხანჯლების სახლი“ სკაიპით მათი პირველი საუბრისას. შემთხვევით შევარჩიეო, მიუგო კაცმა და გაიმეორა, რომ ეს საყოველთაოდ აღიარებული ფილმი იყო.

ამგვარად, ეს საკითხი გაირკვა. უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, – თუ რატომ ხვდებოდა ის ქალს, – უპასუხოდ რჩებოდა. როგორც ჩანს, აქ არავითარი როლი არ შეუსრულებია იმას, რომ ქალი ჩინელი იყო. დედამიწაზე ჩინელი ქალებისა და თეთრკანიანი კაცების მილიარდობით წყვილი არსებობდა.

სუშის მზარეული სწრაფად მუშაობდა ხელებით და მისი შემხედვარე ქალი თითქოს მოინუსხაო. ხის უზარმაზარი გობიდან მზარეულმა ორი მუჭა მოხარშული ბრინჯი ამოიღო, დააგორგოლავა და ბურთულებს მოგრძო ფორმა მისცა, თავზე კი თევზის თითო ნაჭერი დაადო. ბოლოს პაწაწინა ჯაგრისი შავ სოუსში ჩააწო და ბურთულებს წაუსვა. მზარეული ისე გამოიყურებოდა, თითქოს Four Seasons ან Mandarin Oriental-ის წევრი იყო.

დროდადრო ის თავის ხელსაწყოებს წმენდდა და თან სტუმრებს ელაპარაკებოდა. წყნარად ლაპარაკობდა. ამიტომ სტუმრებს ყურადღებით უნდა ესმინათ და ხმამაღლა არ ეღეჭათ საჭმელი. კაცმა უთხრა მზარეულს, რომ მათი სახლი აქვე, რამდენიმე კვარტლის დაშორებით იდგა. მზარეული კუინსში ცხოვრობდა, მაგრამ წარმოშობით ტოკიოდან იყო. კაცმა შენიშნა, აქ ადრეც მინახავხართო. მზარეულმა მიუგო, რომ ეს შეუძლებელი იყო. კაცმა დაიჟინა, ნამდვილად ნანახი მყავხართო. უთხრა, რომ ყოველ საღამოს, როდესაც თავისი სტუდიიდან შინ ბრუნდებოდა, ამ რესტორანს ჩაუვლიდა ხოლმე.  მართალია, შიგ არასოდეს შესულა, მაგრამ დროდადრო ვიტრინაში იყურებოდა  და ბარის დახლს მიღმა ხედავდა მზარეულს. ბეჯითად შრომობდითო, დასძინა ბოლოს.

მზარეულს ჩაეცინა და თქვა:

– ეს შეუძლებელია.

-რატომაა შეუძლებელი?- ჰკითხა კაცმა.
– იმიტომ, რომ პირველი დღეა, რაც აქ ვმუშაობ.

– ოჰ, – თქვა კაცმა. არ სურდა ეღიარებინა, რომ შეცდა. შეიძლება მან მზარეულის ძმა ნახა, რომელიც აქ ადრე მუშაობდა.

მზარეულმა ისევ ჩაიცინა. ახლა უფრო დიდხანს და უფრო ხმამაღლა იცინოდა. წინა მზარეულს არ ვიცნობდიო, თქვა. გუშინ დავიწყე აქ მუშაობაო.

ბოლოს კაცმა საუბრის თემა შეცვალა და ქალს გულს მოეფონა. ამ თემაზე საუბარი კიდევ რომ გაეგრძელებინა, მას რამე უნდა ეთქვა. უნდა განემარტა კაცისთვის, რომ სისულელე იყო იმის მტკიცება, თითქოს ვიტრინაში ეს მზარეული ან მისი ძმა დაინახა. ქალმა იცოდა, რომ კაცი სულელი სულაც არ იყო. უბრალოდ, თავისი სიმართლის დამტკიცება უნდოდა. ქალს არ სურდა, რომ ამ თემაზე საუბარი გაგრძელებულიყო.

მას შემდეგ, რაც ქალმა და კაცმა ჩაი დალიეს, ოფიციანტმა წყვილს გაუფილტრავი საკე მიუტანა. ჯერ კიდევ უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა. მხოლოდ კაცს ელაპარაკებოდა და უხსნიდა, რომ ჩაის ფოთლებში ქრიზანთემა იყო დამატებული. ქალმა საკე ისე გასწია, არც კი გაუსინჯავს. კაცი დიდხანს ყნოსავდა და ამბობდა, რომ  რაღაც უცნობ, ნაზ სურნელს გრძნობდა.

– ალკოჰოლის? – იკითხა ქალმა.

– სხვა რამის.

– ქრიზანთემების?

– არა.

ქალს უნდოდა ეთქვა, ოფიციანტი აშკარად ტყუისო. ბოთლზე ეწერა, რომ საკეს ჰქონდა ხილის სურნელი და სულ ცოტა ციტრუსიც ერია.

რა მემართებაო, ფიქრობდა ქალი. ყველაფერი აღიზიანებდა. კაცმა შეხედა და ნიკაპქვეშ თითი გაუსვა. ქალს განწყობილება ცოტათი გამოუკეთდა. მზარეულმა შეჰღიმა და ქორჭილას ორი თხელი ნაჭერი აათალა.

კაცი კვლავ გამოელაპარაკა მზარეულს.

–  შესანიშნავი სუშია, აქამდე სად მუშაობდით? უდავოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ასეთი ომაკასე წლების განმავლობაში არ გამისინჯავს, ქალაქის საუკეთესო რესტორნებშიც კი.

– მაგალითად, სად? – იკითხა მზარეულმა.

კაცმა რესტორნები ჩამოთვალა. მზარეული მოწონების ნიშნად თავს უქნევდა და კაცს სახე გაუბრწყინდა. ქალმა იგრძნო, რომ საუბარში უნდა ჩარეულიყო. ამ რესტორნების უმეტესობას ბევრს ხომ მისი ინიციატივით ესტუმრნენ. როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, კაცს გაგონილი ჰქონდა, რა იყო ომაკასე, მაგრამ გასინჯული არ ჰქონდა. ამის შესაძლებლობა არასოდეს მქონიაო, თქვა და ქალმა გაიფიქრა, კაცის ეს სიტყვები იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ ამ უკანასკნელმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო იაპონურ რესტორანში და არ სურდა, კერძების შეკვეთისას სულელური შეცდომები დაეშვა. ერთხელ ახალგაცნობილი კაცი ქალმა  ბოსტონის იაპონურ რესტორანში წაიყვანა, სადაც ქალის ნაცნობი ჩინელი მზარეული მუშაობდა. ბევრი ჩინელი მზარეული ამზადებდა იაპონურ კერძებს, რომლებიც ჩინურ კერძებზე უფრო პოპულარული იყო. ქალი ჩინელ მზარეულს იაპონურ ომაკასეზე ელაპარაკებოდა და გაუმხილა, რომ მშობლები იაპონელებისადმი სიძულვილს უნერგავდნენ, ხოლო ბებია და ბაბუა ჩინეთ-იაპონიის ომის მონაწილეები იყვნენ და ჭირის დღესავით სძულდათ იაპონელები. საბედნიეროდ, ქალი ამ გრძნობებს არ იზიარებდა. ის შტატებში გაიზარდა და სულაც არ იყო მტრულად განწყობილი იაპონელების, მათი კულტურისა და კერძების მიმართ. რაც ნიუ-იორკში გადასახლდა, ისინი ყოველთვის იმ რესტორნებში დადიოდნენ, რომლებიც ახლა კაცმა დაასახელა. სწორედ ქალმა განუმარტა კაცს, რომ იაპონურად „ომაკასე“ ნიშნავს, გენდობითო. გარდა ამისა, ყოველთვის ის იხდიდა იმ კერძების საფასურს, რომელთაც ამ რესტორნებში შეექცეოდნენ. თუმცა შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ განსაკუთრებით ძვირ რესტორნებში – ნამდვილად იხდიდა. ეს გონივრული საქციელი იყო, რადგან მას კაცზე უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდა. ომაკასე მათ ჩვევად ექცათ. ქალს მოსწონდა, რომ საერთო ჩვევები ჩამოუყალიბდათ.

ქალმა შენიშნა, რომ ბოსტონში იყო კიდევ ერთი რესტორანი, რომელსაც ისინი ერთხელ ესტუმრნენ.

– გახსოვს? იქ მე მიგიყვანე. პირველად იქ გასინჯე ომაკასე.

თან გაიფიქრა, კაცმა თავი დამცირებულად არ იგრძნოს იმის გამო, რომ იმხანად ინიციატივა მე გამოვიჩინეო.

– რა თქმა უნდა, მახსოვს. – თქვა კაცმა, ისე, რომ ქალისთვის არ შეუხედავს.

– ჰო, კიდევ სად მუშაობდით?- ჰკითხა მან მზარეულს.

– ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, – მიუგო მზარეულმა. და დაასახელა რესტორანი, რომლის შესახებ არც ქალს და არც კაცს არაფერი სმენოდათ.

– შეიძლება, არ იცოდეთ ეს რესტორანი, – თქვა მზარეულმა. – ძალიან ძვირია და ძალიან მოდური. ყოველდღეც არ მუშაობს. სადილებს წინასწარ უკვეთენ. იმისთვის, რომ მაგიდები და მენიუ შეუკვეთოთ, უნდა დარეკოთ სპეციალურ ნომერზე, რომელსაც ქალაქის აბონენტთა სიაში ვერ ნახავთ, მხოლოდ მუდმივმა კლიენტებმა იციან და ისინი ეუბნებიან ხოლმე თავიანთ ნაცნობ-მეგობრებს. თუ დარეკავთ, უნდა სთხოვოთ, რომ მენეჯერთან დაგაკავშირონ. და კიდევ – მენეჯერიც უნდა გიცნობდეთ. სხვა შემთხვევაში ის იტყვის, რომ ნომერი არასწორად აკრიფეთ და ყურმილს დაკიდებს.

– ხუმრობთ? – გაიკვირვა კაცმა. შემდეგ ქალს შეხედა და ჰკითხა, გაიგონე, რას ამბობს მზარეულიო?

გაიგონა. მზარეული არ ჩურჩულებდა. კაცი დახლისკენ გადაიხარა და თავი იდაყვებზე დააყრდნო პატარა ბიჭივით, რომელიც ელოდება, როდის დაუდგამს დედა მაგიდაზე გემრიელ კერძს. შესანიშნავიაო, თქვა ქალმა და მაშინვე უკეთ იგრძნო თავი.

– ალბათ, ამ ყველაფერმა ძალიან დაგღალათ. – თქვა კაცმა. – დაგღალათ მდიდარი ხალხის მომსახურებამ.

– არა.

– სანაძლეოს დავდებ, რომ გიჭირდათ იქ მუშაობა. შეკვეთილი წვეულებები. მდიდარი, გაზულუქებული ადამიანები.

– არა.

– და საშუალება არ გქონდათ ის გეკეთებინათ, რაც გინდოდათ. კლიენტების მოთხოვნებს უნდა დამორჩილებოდით. ალბათ, უცნაური მოთხოვნები ჰქონდათ.

– დიახ. მაგრამ სამსახურიდან სხვა რამის გამო გამათავისუფლეს.

– გაგათავისუფლეს?

კაცი კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა.

– გესმის? – ჰკითხა ქალს. მისი აზრით, თუ კარგ მზარეულს სამუშაოდან გაათავისუფლებდნენ, ეს ნიშნავდა, რომ, შესაძლოა, მზარეული ვერ შეეგუა რესტორნის თაღლით პატრონს, რამაც კაცს პატივისცემა აგრძნობინა მზარეულის მიმართ.

– მაინც, რატომ გაგათავისუფლეს? – ჩაეძია კაცი. მან მზარეულს ერთი ფინჯანი საკე შესთავაზა, მაგრამ მზარეულმა უარი უთხრა.

ქალმა   ხელისგულზე დადებული თავისი ფინჯანი შეატრიალა და მზარეულის ზურგს უკან  კედელს შეავლო თვალი. მასზე გამოსახული უზარმაზარი ტალღა წალეკვას უქადდა სამ პაწაწინა ნავს. ქალს მოსწონდა, რომ კაცი მისი კოლეგა არ იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ შორის პროფესიული კონკურენცია არ წარმოიშობოდა და მხოლოდ ჭეშმარიტი სულიერი ნათესაობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. ისიც მოსწონდა, რომ კაცი მერკანტილური არ იყო, თითქოს სრულებით არ აინტერესებდა, ექნებოდა რაიმე მყარი შემოსავალი თუ არა. ქალი ამ მხრივ უფრო პრაქტიკული იყო, თუმცა მოსწონდა თავისი სამუშაო, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ის მყარი და მაღალანაზღაურებადი იყო. როდესაც ქალი ანგარიშობდა, როგორ უნდა გაენაწილებინათ რესტორანში გადასახდელი თანხა, კაცი ხუმრობდა, ჩემს მეგობარ ბანკირებს ვკითხავ რჩევასო. როდესაც ქალი ეკითხებოდა, რატომ იქცევი ასეო, კაცი ქალს თავზე ხელს უსვამდა და ამბობდა, ამაზე ფიქრით თავს ნუ იწუხებო. კაცი ამაყობდა იმით, რომ ასეთი ქალის გული მოიგო – ქალისა, რომელიც იოლად უმკლავდებოდა ციფრებს და გრაფიკებს – ამ სიტყვების გაგონებაც კი საკმარისი იყო, რომ კაცს თავბრუ დახვეოდა. ვაღიარებ, რომ ჩემზე უფრო ჭკვიანი ხარო, ამბობდა კაცი. და ქალი ამ დროს უსაზღვროდ ბედნიერი იყო.

– რისთვის გაგათავისუფლეს?

მზარეულმა არ უპასუხა. ამის ნაცვლად  ხელები დაიბანა, რომლებიც ამჯერად წითელი ლორწოთი დასვროდა და ორაგულის კანის გამოსაშრობად სარჩილავი ლამპა მოიმარჯვა.

ერთი წლის შემდეგ ქალმა კაცი თავისი მშობლების გასაცნობად წაიყვანა. ქალის მშობლები სპრინგფილდის (მასაჩუსეტსის შტატი) გარეუბანში ცხოვრობდნენ. მამა მუშაობდა კომპანიაში, რომელიც კიდურების პროთეზებს ამზადებდა. დედა დიასახლისი იყო. ჩინეთში მათ სხვა პროფესიები ჰქონდათ. მამა კომპიუტერულ მეცნიერებებს ასწავლიდა, დედა კი გამყიდველად მუშაობდა. წარმატებით მუშაობდნენ, რადგან სამშობლოში ინგლისურის ცოდნა არ სჭირდებოდათ. დედა ამერიკაშიც გამყიდველად მოეწყო, მაგრამ მალევე მიატოვა სამსახური. ჩინეთში კარგი გამყიდველი მუშტარს ჩრდილივით დასდევდა უკან, ამერიკაში კი ასეთი ქცევა არ მოსწონდათ. მიუხედავად ამისა, ახლა ქალის მშობლები კომფორტულად ცხოვრობდნენ თავიანთ სახლში, რომლის ფართობი ორი ათას კვ. კვადრატულ ფუტს შეადგენდა და სხვა სახლებისგან არაფრით გამოირჩეოდა. შესაძლოა, ცოლ-ქმარს მოსწონდა კიდეც, რომ გარეუბნის სახლები ერთმანეთს წააგავდა, რადგან გამვლელები ვერაფრით მიხვდებოდნენ, რომ აქ ჩინელები ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, თავიანთი წარმომავლობისა არ რცხვენოდათ და არც ქალიშვილისთვის ჩაუნერგავთ სირცხვილის გრძნობა. სხვებს არაფრით ჩამორჩებიო, ეუბნებოდნენ, მანამდეც კი, სანამ ქალი მიხვდებოდა, რომ საქმე სწორედ ამგვარად იყო. ?

ქალმა არ იცოდა, როგორ შეხვდებოდნენ მშობლები. მართალია, სხვა თაყვანისმცემლებიც მიუყვანია მათთან და მშობლები ყოველთვის გულთბილად ხვდებოდნენ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თეთრკანიანი მამაკაცი უნდა მიეყვანა შინ. საინტერესოა, ფიქრობდა ქალი, ჩემს მშობლებს გაუხარდებათ, რომ მათი ქალიშვილი, ბოლოს და ბოლოს, გათხოვებას აპირებს, თუ გაუკვირდებათ, რომ ის, როგორც ქალის მეგობრებმა შენიშნეს, ბედს ეწია? ალბათ, ორივე ვარაუდი სწორი იყო. მაგრამ ერთნაირად გაახარებდათ ორივე ეს მიზეზი, თუ რომელიმე მათგანი უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა?

ამ უიკენდის განმავლობაში ქალი მოუსვენრად იყო, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. კაცი  ოჯახის დიასახლისს პროდუქტების მოტანაში ეხმარებოდა, მამას კი – შემოსასვლელი გზის მოსწორებაში. ქალი შეცბა, როდესაც მამამ სუფრაზე  ვისკის ბოთლი დადო. არ იცოდა, რომ მამა ვისკის სვამდა. ყოველი კერძისთვის დედა სუფრაზე ჩხირებსაც აწყობდა და დანა-ჩანგალსაც . როდესაც კაცი ჩხირებით ჭამას ამჯობინებდა, ქალის მშობლები ისე უღიმოდნენ, თითქოს კაცი საზრიანი მაიმუნი იყო, რომელიც კვადრატული ფორმის ჯოხს კვადრატულ ღრმულებში არჭობდა.

კაცი ისე მარჯვედ იყენებდა ჩხირებს, რომ ქალის მშობლები ტაშსაც კი უკრავდნენ. თმის ფერით დაწყებული და ფეხსაცმლის ფერით დამთავრებული, ყველაფერს უქებდნენ.

ქალს უხაროდა, რომ მისი მშობლები თავაზიანად იქცეოდნენ და გააქარწყლეს წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ აზიელ მშობლებთან ურთიერთობა რთულია. მან წინასწარ განუმარტა კაცს, რომ მშობლები ხშირად თავშეკავებულად იქცეოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ თავდაცვის ხერხი იყო – წლების განმავლობაში ისინი ამ ქვეყანაში აუტსაიდერების როლში იმყოფებოდნენ.

უიკენდის დასასრულს დედამ ქალიშვილი განზე გაიხმო და უთხრა, კარგი იქნება, ნიუ-იორკში გადასახლდეო. ეს იდეა კაცმა მიაწოდა საცოლის დედას. ქალმა არ იცოდა, რა ეპასუხა.

– ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი, – უთხრა დედამისს. – მაგრამ სამსახურს ორივე ქალაქში ვეძებთ.

დედამ თავი დაუქნია, კარგიო. შემდეგ ქალიშვილს შეახსენა, რომ ასეთი მამაკაცი უსასრულოდ არ დაელოდებოდა.

ომაკასეს ბოლოს მზარეულმა სტუმრებს კვერცხის რულეტი შესთავაზა. რულეტი ფაფუკი და ტკბილი იყო. როგორიაო, იკითხა მზარეულმა. ის ამ კითხვას სვამდა ყოველი კერძის შემდეგდა წელში იხრებოდა. როდესაც უთხრეს, რომ ეს იყო საუკეთესო კვერცხის რულეტი, რომელიც კი გაესინჯათ, წელში გაიმართა.

ეს ქცევის იაპონური წესიაო, გაიფიქრა ქალმა. ან, შეიძლება, აზიური, ან, შესაძლოა, უბრალოდ, ქცევის ადამიანური მანერა იყოსო.

დესერტად ორ-ორი კოვზი ნაყინი მიირთვეს. სადილის ბოლოს კაცი კვლავ შეეკითხა მზარეულს, სამსახურიდან რატომ გაგათავისუფლესო. კიდევ ერთი ბოთლი საკე მიართვეს.?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს, – მიუგო მზარეულმა.

– ჩემთვის აქვს, – შენიშნა კაცმა. – მითხარით. აქ ხომ ყველანი მეგობრები ვართ.

თუმცა, არც მან და არც ქალმა არ იცოდნენ, რა ერქვა მზარეულს. და პირიქით. მთელი ამ ხნის განმავლობაში რესტორანში არავინ შემოსულა. გამვლელები ჩერდებოდნენ, მენიუს ათვალიერებდნენ და გზას აგრძელებდნენ.

– მენეჯერმა გამათავისუფლა სამსახურიდან, – თქვა მზარეულმა. სუშის მზადებას მორჩა და დახლის წმენდას შეუდგა.

ქალი ხვდებოდა, რომ მზარეულს დახლის წმენდა სულაც არ სიამოვნებდა. უბრალოდ, ხელები უნდა ემოძრავებინა, სანამ ამბავს ჰყვებოდა.

– მაინც, რა მოხდა? – ახლა  მან ჰკითხა.

– სამი კვირის წინ გამათავისუფლეს, – დაიწყო მზარეულმა. – მენეჯერს საღამოს ორმოცდაათკაციანი წვეულება შეუკვეთეს. თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ წვეულება ჩვენმა ერთ-ერთმა მუდმივმა კლიენტმა შეგვიკვეთა. ვუთხარი, რომ ორმოცდაათკაციან წვეულებას მარტო ვერ გავუძღვებოდი და თანაშემწე დამჭირდებოდა. მენეჯერი დამთანხმდა. ერთ საათში რესტორანში მივედი, მაგრამ თანაშემწე არსად ჩანდა. მენეჯერი ჩინელი იყო. მითხრა, რომ სხვა მზარეულებს სთხოვა მოსვლა, მაგრამ არავინ მოვიდა.

– სულელი კი არ ვარ, – განაგრძო მზარეულმა. ვიცოდი, რომ ეს ჩინელი მატყუებდა. ამიტომ სუში მხოლოდ ორი კლიენტისთვის მოვამზადე. დანარჩენი ორმოცდარვა კაცისთვის არაფერი მომიმზადებია. სტუმრები იძულებულნი გახდნენ, სხვა რესტორანში წასულიყვნენ.

– ყოჩაღ, – თქვა კაცმა.

ქალს არაფერი უთქვამს. კბილებს შორის ერბოკვერცხის ნამცეცი გაეჩხირა და ცდილობდა, ენით მოეშორებინა. რომ ვერ შეძლო, ახლა თითი დაიხმარა. შემდეგ თითი ხელსახოცზე შეიწმინდა.

– ჩინელი ვარ, – წყნარად ჩაილაპარაკა ქალმა.

მზარეული კვლავ დახლს წმენდდა. კაცმა ჩაახველა. ქალმა კაცს შეხედა. კაცმა თქვა – არა საგანგებოდ ქალის ან მზარეულის, არამედ თითქოს უხილავი მსმენლების გასაგონად, – მზარეული მენეჯერის ეროვნულ წარმომავლობას არ გულისხმობდაო.

– ვიცი, თქვა ქალმა. – ვიცი, რომ ამას არ გულისხმობდა. უბრალოდ, მინდოდა დამეზუსტებინა.

კაცმა თვალები გადაატრიალა და ქალს მოუნდა, ორი კბილის ჩხირი აეღო, კაცისთვის ლამაზ თვალებში ჩაერჭო და იქ უძრავად გაეჩერებინა.

– მაპატიეთ, – თქვა მზარეულმა. ახლა ის დაჭრილ თევზს აწყობდა თეფშებზე. იღიმებოდა, მაგრამ თვალები არ აუწევია. ერთი წამის შემდეგ სევდიანად აღიღინდა. ძნელად მისახვედრი იყო, წუხდა თუ არა იმას, რაც თქვა,  წუხდა თუ არა იმის გამო, რომ ქალი ჩინელი იყო. ან იქნებ ორივე მიზეზით წუხდა. ქალს უნდოდა ეკითხა, მაინც რის გამო წუხხართო, მაგრამ არაფერი უთქვამს. რა უნდა ეთქვა? მზარეული სამოც წელს გადაცილებული იქნებოდა.

– ჩემო საყვარელო, – თქვა კაცმა (ასე არასოდეს მიუმართავს ქალისთვის), – ნუღარ სვამ.

შემდეგ მზარეულისკენ შეტრიალდა.

– მგონი, ჩვენი წასვლის დროა.

მზარეულმა დაუძახა ოფიციანტს, რომ კლიენტებს ანგარიში გაესწორებინათ. ქალმა მაგიდაზე საკრედიტო ბარათი დადო, კაცმა კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს ბარათს ვერ ამჩნევდა. ქალმა ოფიციანტს ფული აჩუქა.

– გეწყინა? – თქვა კაცმა, როდესაც გარეთ გავიდნენ. ციოდა.

– არ მწყენია, – თქვა ქალმა.

– არც უნდა გწყენოდა. ის, უბრალოდ, თავის ამბავს მოჰყვა.

– ჰოდა, არ მწყენია.

ერთხანს დუმდნენ. ბოლოს, კაცმა უთხრა:

– მისმინე, ეს ყველაფერი მე ხომ არ მომიყოლია. გულთან ახლოს ნუ მიიტან. ზედმეტად მგრძნობიარე ხარ.

– მე?

– გარდა ამისა, საკუთარი თავის პატივისცემა არ უნდა დაკარგო.

– რისი პატივისცემა?

კაცმა ამოიოხრა:

  • ამას მნიშვნელობა არა აქვს.

შემდეგ ქალს თავზე ხელი გადაუსვა და სთხოვა, ზედმეტი ფიქრით თავი არ აიტკივოო.

© The New Yorker 

ივნისი 18, 2018

[1]  გენდობით (იაპონ.). ეს გამოთქმა გამოიყენება სუშის რესტორნებში და გულისხმობს, რომ კლიენტი სუშის (ან სხვა კერძის)  შერჩევას მზარეულს ანდობს.

Facebook Comments Box