როგორ გაჰყვა ფოლკნერის ფავნუსი პანის ძახილს
ლელა სამნიაშვილი
უილიამ ფოლკნერმა წერა იმ რწმენით დაიწყო, რომ პოეტი გახდებოდა, მაგრამ ამ სურვილის განხორციელება მხოლოდ პროზაში გახდა შესაძლებელი. ლიტერატურაში გვაქვს მრავალი მაგალითი იმისა, რომ მწერალი მოღვაწეობას პოეზიით იწყებს, შემდეგ პროზაზე გადადის და ამის საფუძველი თითქმის ყოველთვის მწერლის მიერ საკუთარი შესაძლებლობის სწორად გააზრების უნარია. უიშვიათესია შემთხვევა (მაგ.: თომას ჰარდი), როდესაც მსგავსი არჩევანით მწერალი გვიტოვებს ორჭოფობის მიზეზს, რათა იგი უკეთეს პროზაიკოსად მივიჩნიოთ, ვიდრე პოეტად. მათ შორის, ვინც პროზაზე გადასვლით სწორი არჩევანი გააკეთა, ფოლკნერს ყველაზე ნაკლებად ჰქონდა საბაბი საკუთარი თავი “დამარცხებულ პოეტად” გამოეცხადებინა. მისი ნაწერები თავისუფლად შეიძლება პოეზიად ჩავთვალოთ, მითუმეტეს, რომ დღეისათვის ანარქისტულად სულაც აღარ გაისმის პოეზიასა და პროზას შორის ზღვარის არარსებობის იდეა.
რაც შეეხება ტრადიციულ პოეზიას, ფოლკნერმა აქ თავისი სტილი ნამდვილად ვერ იპოვა, მაგრამ მისი ლექსები იმითაა საინტერესო, რომ შეუძლიათ დაგვანახონ, თუ როგორ განვითარდა იგი როგორც ხელოვანი, როგორ მიაღწია იმას, რასაც თვითმყოფადობას ვუწოდებთ.
საერთოდ, ძალზედ მცდარია აზრი იმის შესახებ, თითქოს ლიტერატურული გავლენები ხელს უშლის მწერლის მიერ საკუთარი ორიგინალური სტილის მიგნებას. ლიტერატურული გავლენა – მწერლისათვის ცხოვრებისეული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ან სულაც, – ინდივიდუალური გემოვნების გამოხატულებაა. ფოლკნერის შემთხვევაში, უბრალოდ, – რამდენიმე წელიწადი დასჭირდა ამ გამოცდილების გააზრებასა და საჭირო ფორმაში მოყვანას.
ფოლკნერის მრავალრიცხოვან მკვლევართაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი, – ამერიკელი კლენთ ბრუკსი, თავის ნაშრომში “იოკნაპატოფასაკენ და მის მიღმა”, წერს, რომ “პოეტები, რომლებსაც ფოლკნერი ქვეცნობიერად თუ არაქვეცნობიერად ბაძავდა, იყვნენ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების პოეტები, ანუ ისინი, ვისაც “მინდორთა და ტყეთა ღმერთების არსებობის შეგრძნება” ჯერ კიდევ შეეძლოთ. ამიტომაც, ფოლკნერის ადრეული ლექსები გვიანდელი რომანტიზმის ლექსებია. როგორც მოგვიანებით თავად იხსენებდა, თექვსმეტი წლისამ აღმოაჩინა სუინბერნი: “ახლა (1925) მეჩვენება, რომ ვიპოვე შესაფერისი ჭურჭელი, რომელშიც დაუმსხვრევლად ჩავაწყობდი საკუთარ ბუნდოვან ემოციურ ჩრდილებს. მხოლოდ წლების შემდეგ მივაგენი სუინბერნში მეტს, ვიდრე ეს კაშკაშა და ბასრი ბგერა იყო”.
ამ გავლენით დაწერილი ფოლკნერის ერთ-ერთი ლექსი “Sapphics“, – სუინბერნის ამავე სახელწოდების ლექსის გამოძახილსა და კომენტარს წარმოადგენს. სუინბერნის ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “The breasts of the nymps in the brake” (“ნიმფათა მკერდი მსხვრევისას”); “her bright breast shortening into sigh” (“ამოსუნთქვისას ეკუმშება ნათელი მკერდი”), – ფოლკნერი ოთხჯერ ეხმაურება: “no shortening brested nymph” (“აღარ ჩანს ნიმფა – კუმშვადი მკერდით”); “dream his body… shortening and shuddering into his” (“ოცნება მასზე… თრთის, იკუმშება მისი სხეული”); “did short to sighs her breast” (“ამოსუნთქვაში მიილია იმისი მკერდი”); “lies on her short and circled breast” (“აწევს პატარა, მორკალურ მკერდზე”).
ფოლკნერის ადრეული, გამოქვეყნებული ლექსების უმრავლესობა ჩვენამდე უფრო – ფრანგული წყაროებიდან არის ცნობილი, ვიდრე ბრიტანულიდან. ახალგაზრდა ფოლკნერი განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ფრანგული პოეზიით, – ბაძავდა და თარგმნიდა მალარმეს, პოლ ვერლენს.
1924 წლის დეკემბერში ფოლკნერმა თავისი პირველი წიგნი “The Marble Faun” (“მარმარილოს ფავნუსი”) გამოსცა. ლექსის მეტრული ზომა (რვამარცვლიანი სტრიქონები) უილიამ ბატლერ იეიტსის “The Song of Happy Shepherds” (“ბედნიერი მწყემსის სიმღერა”)-დან უნდა იყოს აღებული. ფოლკნერის ფავნუსს მარმარილოში მოაქცევენ და ბაღის ორნამენტად დადგამენ. ერთ ხანს მას “მყვირალა ბრბო” ცეკვით გარს უვლის. შემდეგ ფავნუსი მიტოვებულია და ბაღში წელიწადის დროთა ცვალებადობას გაჰყურებს. ფავნუსი ცდილობს გამოვიდეს ქვიდან, უპასუხოს პანის ძახილს, მოძრავი სამყაროს ნაწილი გახდეს. მის წარმოსახვაში ჩნდება სურათი – “I pass to cool my feet in deep rich grass” (“ვაბიჯებ, რათა ღრმა, ხშირ ბალახში გავიგრილო ჩემი ტერფები”). მაგრამ ფავნუსი ხშირ ბალახში ტერფს ვერასოდეს ვერ გაიგრილებს. ის სამუდამოდ მარმარილოში რჩება “სევდიან ტუსაღად” – “a sad, bound prisoner“. აქ იგრძნობა კიტსის გავლენა, ფოლკნერი ალბათ გატაცებით კითხულობდა კიტსის “Ode on a Gracian Um” (“ოდა ბერძნულ ლარნაკზე”) და “Ode to a Nightingle” (“ოდა ბულბულს”), სადაც უძრაობაში ჩაყინული გმირის სევდა გაისმის.
როგორც ბრუკსი აღნიშნავს, “ფავნუსის” ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ახალგაზრდა პოეტი გაწამებულია რითმის ძიებით. ხანდახან იძულებულია აზრობრივად გაუმართავი ფრაზა იხმაროს. ხშირად სტრიქონის მეტრული ზომაც დარღვეულია, მაგრამ ხანდახან გვხვდება ნამდვილად პოეტური სტრიქონებიც. მაგ.: “Content to watch by day/The dancing light‘s unthinking play/Ruffling the pool“; “While the startled sunlight drips/From beech and alder fingertips“; “And like a spider on a veil Climbs a moon” – “სიამე, თვალს რომ მთელი დღე არ ღლის/ცქერა – თუ როგორ ცეკვავენ ლაღი/მზის სხივები და გუბეს რკალავენ”; “ვიდრე წვეთავენ სხივებად თხელი/თითის წვერები წიფლის და თხმელის”; “როგორც ობობა – ფარდის ქსოვილზე,/მიცოცავს მთვარე”.
ფოლკნერის მეორე პოეტური კრებული “The green bough” (“მწვანე ყლორტი”) 1933 წელს გამოქვეყნდა და გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე “მარმარილოს ფავნუსი”, თუმცა ისიც სავსეა ფოლკნერის მიერ წაკითხულის ეფექტით. აქ იგრძნობა სუინბერნი, გრეი, კიტსი, ექო – შექსპირის მაკბეთიდან და ტენისონიც კი, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა მაინც ჰაუსმანისაა.
ფოლკნერი წერს – “Woman bore you” (“შენ ქალმა გშობა”), რაც ჰაუსმანის “შროფშაირელ ჭაბუკში” (“A Shopshire Lad“) ასეა – “Woman bore me, I will rise” (“მე ქალმა მშობა, მე გავიზრდები”). მწვანე ყლორტში ვკითხულობთ – “Life‘s gale may blow“, “სიცოცხლის ქარმა შეიძლება დაბეროს”, რაც ჰაუსმანთანაც გვხვდება – “Through him the gale of life blew high” – “მასში სიცოცხლის ქარბუქი ატყდა”.
“Verse Old and Nascent” (“ლექსი ძველი და მომავალი”), სადაც ფოლკნერი წერდა, რომ ჰაუსმანის “შროფშაირელ ჭაბუკში” აღმოაჩინა “მიზეზი – ფანტასტიურ სამყაროში მოსვლისა”, გამოქვეყნდა 1925 წელს. ამავე დროს დაიბეჭდა ფოლკნერის პატარა მოთხრობა “Out of Nazareth” (“ნაზარეთიდან”), რომლის მთავარი გმირიც, – ახალგაზრდა, პოეტური ბუნების მოგზაური უცნობს უმხელს თავის განძს – “შროფშაირელი ჭაბუკის” ეგზემპლარს.
ფოლკნერის პირველი რომანი “Soldier‘s Pay” (“ჯარისკაცის საზღაური”), აგრეთვე 1925 წლით თარიღდება. მისი გმირია დონალდ მაჰონი, რომელსაც I მსოფლიო ომში დაღუპულად თვლიდნენ, მაგრამ ცოცხალ-მკვდარს ქალის პერანგთან და თხელყდიან “შროფშაირელ ჭაბუკთან” ერთად იპოვნიან.
ჰაუსმანის შემდეგ ყველაზე ძლიერი გავლენა ფოლკნერის პოეზიაზე ტომას სტერნზ ელიოტმა იქონია. ბრუკსის დაკვირვებით, – “უცნაურია, რომ ელიოტმა, რომელიც რადიკალურად “არარომანტიულია”, ასეთი გავლენა მოახდინა ფოლკნერის პოეზიაზე”. ელიოტი იგრძნობა “მარმარილოს” ფავნუსში”, აგრეთვე რამდენიმე ლექსში, რომლებიც შესულია კოლექციაში “Vision of Spring” – “გაზაფხულის ხილვა”. ეს ლექსები ფოლკნერმა შეაგროვა და უსახსოვრა ესტელა ოლდჰემ ფრანკლინს 1921 წელს. აქედან ზოგი “მწვანე ყლორტში” დაიბეჭდა, თუმცა უმრავლესობა გამოუქვეყნებელია.
ელიოტის ზეგავლენა ჩანს ფოლკნერის “პრელუდიებშიც”. ფოლკნერის ლექსი “Love Song” – ელიოტის “Love Song“-ს ფეხდაფეხ მისდევს. პრუფროკის მსგავსად, ფოლკნერის პერსონაჟი სიბერეს აცნობიერებს: “I grow old“. ფოლკნერის გმირის გამოღვიძება სიკვდილის ტოლფასია – “to wake him, and he dies“. ელიოტთან ეს მომენტი შემდეგნაირად გადმოიცემა – “Till human voice wake us, and we drawn” (“ვიდრე ძახილი – ადამიანის გამოგვაღვიძებს და ფსკერისაკენ დავეშვებით”).
ფოლკნერისადმი მიძღვნილ თავის ნაშრომში ბრუკსი წერს: “მიუხედავად იმისა, რომ ჰაუსმანი და ელიოტი ვერ დაეხმარნენ ფოლკნერს, – გადაეჭრა თავისი, როგორც პოეტის პრობლემები, მათმა მიდგომამ რეალობისადმი, ადამიანისადმი, – დიდი როლი ითამაშა ფოლკნერის მსოფლმხედველობაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰაუსმანი – ბოლო რომანტიკოსი, ელიოტი კი მკაცრად მოაზროვნე “ინტელექტუალი” – ჭკვიანი, ირონიული და თანამედროვე იყო”.
იმ პერიოდში, როდესაც ლექსებს წერდა, ფოლკნერს ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღმოჩენილი იოკნაპატოფას ოლქი. კლენთ ბრუკსის სიტყვებით რომ ვთქვათ, “მარმარილოს ფავნუსში” მისი მშობლიური მისისიპის ლურჯი მთების ნაცვლად მდელოები და გორაკებია მიმობნეული. აქ ყვავის მანანა. თივისსახურავიან კოტეჯებს ზემოთ ბულბულები და შაშვები მღერიან, რაც – ევროპულ სურათს უფრო ქმნის, ვიდრე ამერიკულს. ფოლკნერის შაშვებს სწორედ ისეთი ხმა აქვთ, როგორიც ჰაუსმანის ლექსში”. ასე რომ, “მარმარილოს ფავნუსში” ფოლკნერისათვის სატუსაღოდ ქვის მაგიერ – ლიტერატურული ზეგავლენა, თუ ამ ზეგავლენის საკუთარი ნიჭის შესაფერისად გამოყენების უუნარობა უნდა მივიჩნიოთ. ფოლკნერს უნდა დაემსხვრია ეს მარწუხები, თორემ მისი ქმნილებები, მიუხედავად აქა-იქ გამობრწყინებული სტრიქონებისა, სამუდამოდ ცარიელი დარჩებოდა. ეს ბრძოლა მსგავსი ეფექტების წინააღმდეგ მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ფოლკნერმა “Pylon” (“პილონი”) არ შექმნა (1935).
ფოლკნერი არასწორად მოხვდა დროში. როგორც ბრუკსი ამბობს, – “მის ლექსს რეალიზმი სჭირდებოდა, – ჩამქრალ რომანტიზმთან შეზავებული”. ფოლკნერის საუკეთესო ლექსები იძლევა იმპულსს, რომ მას შეიძლება პოეზიაშიც ეთქვა თავისი სათქმელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ მის ბრწყინვალე პროზაში ნათქვამი დაიკარგებოდა.
სწორედ პროზაში წერს ფოლკნერი, როგორც დაბადებით პოეტი. რომანებში – “სოფელი”; “ხმაური და მძვინვარება”; “აბესალომ! აბესალომ!” – აიკი, ბენჯი, კვენტინ კომპსონი, მის როზა – ამ პოეზიის მატარებელნი არიან.
აღსანიშნავია ფოლკნერის პიესა – ლექსად “მარიონეტები”. რაც შეეხება მისი ყველაზე უფრო საინტერესო ლექსების უმრავლესობას, ისინი 1925 წელს არის დაწერილი და არასოდეს არ გამოქვეყნებულა. ეს ლექსები თავმოყრილია პატარა, ხელნაწერ წიგნში სათაურით “To Helen: A Courtship“. ისინი წარმოადგენენ ფრაგმენტებს ფოლკნერის პირადი ცხოვრებიდან და ავტორის ელენ ბეირდით გატაცების პერიოდს ემთხვევა.
არ გვხვდება 1926 წელზე უფრო გვიან დათარიღებული არცერთი ლექსი. აქედან უკვე ფოლკნერის პროზა იწყება – პოეზიას შეხორცებული.
© “არილი”