ნაწყვეტი ჯონათან კლარკის ესეიდან
იოკნაპატავფას ოლქში წარსული ერთი ხმით არასდროს მეტყველებს
1952 წლის ნოემბერში ფორდის ფონდმა მისისიპის ქალაქ ოქსფორდში იმჟამად უკვე ნობელის ლაურეატ უილიამ ფოლკნერზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჯგუფი გაგზავნა. ამბიციური სათაურის პროდუქტმა – “ფოლკნერი მშობლიურ ნიადაგზე”, სათანადოდ ვერც მწერლის ცხოვრება და ვერც მისი უმეტესი ნამუშევრის ირგვლივ არსებული კონტექსტი ასახა. თხრობას გულწრფელობა აკლდა. აშკარად სურდათ მაყურებელთათვის მისაღები პიროვნების პორტრეტი დაეხატათ.
კადრები მეტწილად დადგმულია: ფოლკნერი მეგობრულად ესაუბრება შავკანიან მეზობლებს, დასეირნობს თავისი სახლის ტერიტორიაზე და სტუმრობს ბავშვობის მეგობრებს. უბრალო და თავმდაბალია. ფილმი არც ცდილობს წარმოაჩინოს მწერლის გენიალურობა, პირიქით, აინტერესებს უბრალო კაცი – მეზობელი, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება სკვერში სეირნობისას გადაეყაროს. თუმცა ეს “ხალხური ფოლკნერი” უბრალოდ ილუზიაა. უფრო სწორედ, საუკეთესო შემთხვევაში, წარმოაჩინეს ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა და არა რომელიც ქმნიდა. უილიამ ფოლკნერზე უკომპრომისო, მამხილებელი და უსიამოვნო ხელოვანი ხომ ამერიკას არც არასდროს შეუქმნია.
მწერალი თავისი პიროვნებისადმი საზოგადოებაში აღძრულ ინტერესს ყოველთვის ამბივალენტურად უყურებდა. 1956 წელს The Paris Review-ს განუცხადა, ახლა რომ ვიწყებდე, ფსევდონიმით დავწერდიო. დრომ საჯაროობის მიმართ მისი სკეპტიკური დამოკიდებულების ვალიდურობა დაადასტურა.
შემოქმედებით მწვერვალს 1929-42 წლებში მიაღწია, როცა გამოქვეყნდა „ხმაური და მძვინვარება“, „აგვისტოს ნათელი“ და „აბესალომ, აბესალომ!“, რომლებშიც მონობის მემკვიდრეობა, სამოქალაქო ომი და რეკონსტრუქცია სამხრეთში სრულყოფილად ასახა. მოგვიანებით კი მისმა რამდენიმე საჯარო განცხადებამ სამოქალაქო უფლებებზე გაჩაღებული დისკუსიის ეპიცენტრში მოაქცია და რეპუტაცია შეულახა. დღესაც, უფრო და უფრო დიდი ყურადღება, მისი შემოქმედების ნაცვლად, რასობრივ საკითხზე გაჟღერებულ რამდენიმე არაკორექტული ფრაზას ექცევა.
მაიკლ გორას „ყველაზე სევდიანი სიტყვები: უილიამ ფოლკნერის სამოქალაქო ომი“ მწერლის რეპუტაციის შესანარჩუნებლად მის ყველაზე დიდი კრიტიკოსებს პასუხობს. ცდილობს, აჩვენოს თუ რატომ იმსახურებს ფოლკნერი სამხრეთის გამორჩეული მემატიანის ე. წ. “შავი ქამრის” წოდებას.
გორას აზრით, დღეს შეუძლებელია ფოლკნერის ტრადიციული მეთოდით წაკითხვა – ცნობიერის მისეულ რეპრეზენტაციასა და პროზის კომპლექსურობაზე კონცენტრირდება. მისი ხედვით, ჯოზეფ კონრადის სიტუაცია მეორდება: რაც 1975 წელს ჩინუა აჩებემ წაიკითხა ლექცია „აფრიკის ხატი: რასიზმი კონრადის „წყვდიადის გულში“, დაიწყეს მწერლის შემოქმედების სკეპტიკურად განსჯა. აჩებემ გამოთქვა მოსაზრება, რომ კონრადი თავადვე ვერ გაექცა იმ კოლონიალურ დაშვებებს, რომლებსაც ერთი შეხედვით აკრიტიკებდა. ტექსტში იკითხება „შავკანიანთა მიმართ ანტიპათიის ნარჩენები“, რამაც უბიძგა მწერალს აფრიკა „ნათელ“ ევროპასთან კონტრასტში უარყოფით, „ბნელ“ ადგილად წარმოეჩინა. მართალია, აღნიშნულ ლექციას კონრადის რეპუტაცია მთლიანად არ დაუნგრევია, მაგრამ მისი ტექსტების განხილვის რაკურსი მნიშვნელოვნად შეცვალა.
მსგავსად, გორა მიიჩნევს, რომ ტონი მორისონმა, სხვა აკადემიკოსებთან ერთად, კრიტიკული რასის თეორიისა და პოსტკოლონიური პერსპექტივის აქტუალიზებით, შეუძლებელი გახადა ფოლკნერის უწინდებური კითხვა. მისთვის მორისონისეული ინტერპრეტაცია გამჭრიახი, თუმცა, ამავდროულად, ანტიპათიურია – ამტკიცებს, რომ ფოლკნერი ხშირად მიზანმიმართულად თავს არიდებდა რასობრივ პრობლემას და, რომ ადრეული კრიტიკოსების მიერ მისი “უნივერსალიზაციის” სურვილმა რასობრივი საკითხი უკანა ფონზე გადასწია. ამავდროულად, არც თავის შემოქმედებაზე ფოლკნერის მემკვიდრეობის გავლენა ხიბლავს. „ყველაზე სევდიანი სიტყვებით“ გორა ცდილობს ფოლკნერი მისისიპის რასობრივი ძალადობის ხანგრძლივი ისტორიის კონტექსტის ფონზე გადაიაზროს.
ორმოცდაათიან წლებში სამოქალაქო უფლებების შესახებ ფოლკნერის წერილები თუ ინტერვიუები ხან ამაღელვებელი, ხან არაკეთილსინდისიერი, ხან კი რთული გასამართლებელია. 1950 წელს მემფისის კომერციული მიმართვა დაწერა, რათა შავკანიანი მეწილის ლინჩის წესით გასამართლება გაეპროტესტებინა; 5 წლის შემდეგ კი, როცა ემეტ ტილი მოკლეს, განაცხადა: „თუ ამერიკელებმა ისეთ სასოწარკვეთას მივაღწიეთ, რომ, მიზეზისა თუ ფერის განურჩევლად, ბავშვები ხოცვაზეც აღარ ვიხევთ უკან, გადარჩენას არ ვიმსახურებთ და, ალბათ, ვერც მოვახერხებთ“. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ბრიტანულ გაზეთთან ინტერვიუში, ნასვამმა რასობრივი დაპირისპირების აჩრდილი გამოაღვიძა – ამტკიცებდა, ცენტრალურ მთავრობას სამხრეთისთვის სეგრეგაციის დასრულება რომ ეიძულებინა, მზად იყო შავკანიანისთვის ესროლა. მოგვიანებით გულგრილად უარყო ეს განცხადება. 1957 წლის დაუმთავრებელ წერილში კი წერს: „მსოფლიოში არსებული ვერცერთი კანონი ვერ აიძულებს თეთრ და არათეთრკანიანებს ერთმანეთთან აღრევას, თუ ეს მათ არ სურთ… ჯერაც არ მჯერა, თითქოს ზანგს თეთრთან შერევა სურდეს“. შესაბამისად, სამოქალაქო უფლებების შესახებ ფოლკნერის განცხადებები ინტერპრეტაციის ფართო ასპარეზს ქმნის და როგორც გსურთ, ისე შეგიძლიათ მათი გაანალიზება.
ითვალისწინებს რა, რომ ფოლკნერიც ადამიანია, გორა მწერალს ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები ქონის უფლებას აძლევს. რა გასაკვირია, სიბერის ზღვარზე ადამიანმა დაინახოს სოციალური ცვლილების აუცილებლობა, თუმცა, ამავდროულად ბოლომდე ვერ შეისისხლხორცოს ეს იდეა:
“30-იან 40-იან წლებში მიაჩნდათ, რომ სამხრეთის რასობრივ საკითხებში ფოლკნერს ზომიერი პოზიცია ეკავა და ბევრი თეთრი მისისიპელი ამის გამო ეჭვის თვალითაც უყურებდა. მწერალი ფიქრობდა, რომ მეორე მსოფლიო ომი ქვეყნის სოციალურ სტრუქტურაში ფუნდამენტურ ცვლილებებს შემოიტანდა: „პოლიტიკოსები . . . გაუთავებლად საუბრობენ თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე“. თუმცა, ფუნდამენტურად ფოლკნერი მაინც ჯიმ ქროუს სამხრეთის თეთრკანიან კაცად რჩებოდა და ამ სტატუსზე დიდად არც არასდროს ამაღლებულა”.
მწერლის ძირითადი შეხედულებების გათვალისწინებით, ეს შეჯამება სავსებით სამართლიანია. თუმცა მისი პირადი ტკივილიც გასათვალისწინებელია: ახალგაზრდობაში აბუჩად აგდების სიმწარე იგემა, შემდეგ დიდი ძალისხმევით, თავისი შემოქმედებით აღიარება მოიპოვა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავი საჯარო დისკურსის ეპიცენტრში ამოეყო და კვლავ თავისიანების დაცინვის ობიექტად ქცეულიყო. ამასთანავე, რაც, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ცხადად რომელიმე პოზიციის დაჭერა კონფლიქტში მოიყვანდა საკუთარსავე შემოქმედებასთან, რომელიც მისგან ნებისმიერი (ავი თუ კარგი) პერსონაჟისადმი სიმპათიის გამოხატვას მოითხოვდა.
„ყველაზე სევდიანი სიტყვები“ არც დიდი ხნის გარდაცვლილი ხელოვანის რეტროსპექტიულად შეფასების რისკებს ითვალისწინებს. ფოლკნერის დიდი თაყვანისმცემლებიც კი ხშირად ხაზს უსვამენ ჩარჩოს, რომელსაც გენიალურობის მიუხედავად მწერალი რთულად თუ გასცდებოდა – 1897 წელს მისისიპიში დაბადებული კაცი იყო. რამაც ჩვენც უნდა მიგვანიშნოს, რომ თავადაც ისტორიულ კონტექსტში ვოპერირებთ და საკუთარი “ჩარჩოს” დაძლევა არც ჩვენ ხელგვეწიფება. უბრალოდ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალი თაობები წინაპრებს ჩვენზე მეტი გაგებით მოეკიდებიან.
ფოლკნერის შემოქმედება, მართალია, რადიკალურია ფორმის თვალსაზრისით, თუმცა შინაარსით – კონსერვატიულია. წარსული მწერალს იდენტობის, ცხოვრების აზრისა და პოტენციაში საბოლოო ღირებულებების საცავად მიაჩნდა. თავისთავად, კარგად იცოდა, მისისიპის ისტორია უსამართლობითა და ტერორით რომ იყო სავსე, მაგრამ არ შეეძლო მისი ბოლომდე უარყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მოვლენებს ზურგს წარსულად ყოფნის ავტორიტეტი უმაგრებდა. სიტყვები: „იყო“ და „ისევ“, ფოლკნერისთვის ყველაზე დიდ სევდას ატარებდა და ცხოვრების ტრაგიკულ განზომილებას აყალიბებდა. „აბესალომ, აბესალომ!“-ში წერს:
“სულ რამდენიმე ძველმა, ზეპირმა გადმოცემამ მოაღწია ჩვენამდე; ძველი ზანდუკებიდან, ყუთებიდან, მუყაოს კოლოფებიდან ამოგვაქვს უმისამართო და ხელმოუწერელი წერილები […] ბუნდად ჩანს ის ხალხი, რომელთა სისხლსა და ხორცში თავად ჩვენ ვთვლემდით მოლოდინის გრძნობით გათანგულები […] ქაღალდი ძველია და ფერგადასული, იფშვნება, ნაწერიც ფერგადასულია, თითქმის შეუძლებელია რამის გარჩევა, ღრმა მნიშვნელობით და აზრით სავსე…”
ფოლკნერის მთელი შემოქმედება კონკრეტულ ისტორიულ იმპულსთა სრულქმნის მცდელობაა, რომ იპოვოს გამოსადეგი წარსული ლაფაიეტის ოლქის ისტორიაში, სადაც მისი ოჯახი თაობების განმავლობაში ცხოვრობდა, და დანიშნულება მოუძებნოს სისხლს – შავსა თუ თეთრს- რომელმაც მათ ფეხქვეშ მიწა აატალახა. ამ გაორებამ სამოქალაქო უფლებათა მოძრაობის თანმიმდევრულ მეგობრად ჩამოყალიბებაში ხელი შეუშალა, იმის მიუხედავად, რომ საბოლოო მიზნებში ეთანხმებოდა. და ამანვე შემოიტანა მის შემოქმედებაში დაძაბულობა და გაურკვევლობა.
მისისიპის წარსულის ზოგიერთი ასპექტი ფოლკნერს იდეალად ესახებოდა. პირველი მოგროვებული ფულით, მეუღლე ესტელტან ერთად, ოქსფორდის გარეუბანში მამული შეისყიდა ძველი, თითქმის დანგრეული სახლით, რომელიც ჯერ მათი ფეოდალური სიამაყის წყაროდ, შემდეგ ფულის ორმოდ, საბოლოოდ კი ფოლკნერისა და ესტელის ალკოჰოლიზმის გაუარესებასთან ერთად, ციხედ იქცა. მაგრამ ამავდროულად გრძნობდა მემკვიდრულ ცოდვას, რომელიც იოკნაპატავს ოლქის ბინადრებს საღამოს ჩრდილივით მუდამ თან დაჰყვებოდა. ტონი მორისონსაც აღაფრთოვანებდა მისისიპის ისტორიის აღქმისას ფოლკნერისეული პრინციპულობა – “უარი მზერა მოეშორებინა”.
ფოლკნერი სამხრეთისთვის ეძებდა არა გათავისუფლებას, არამედ გამოსყიდვას – საჯარო დისკურსში მთელი უბედურებაც ამან წარმოშვა. სწამდა, რომ ცენტრალური მთავრობის მიერ ინტეგრაციის იძულება როგორც თეთრკანიანებს, ისე შავკანიანებს მორალურ აგენტებად ყოფნის უფლებისგან განძარცვავდა, შესაბამისად ღირსებასა და მიზანს გამოაცლიდა. თავად ეტაპობრივი ინტეგრაციის მომხრე იყო. არა იმიტომ, რომ შავკანიანთა უფლებებს არად აგდებდა, უბრალოდ სჯეროდა – ახალი სამხრეთის ისტორია ორგანულად უნდა ეშვა ძველ სამხრეთს, რომელიც მის პიროვნულ იდენტობას ასაზრდოებდა. მიაჩნდა, რომ ინტეგრაციით აიძულებდნენ ისტორიაზე უარის თქმას, არადა თავად ფსონს სწორედ ამ წარსულზე დებდა.
ფოლკნერმა იცოდა, მოქალაქის სტატუსის არქონის მიუხედავად, შავკანიანები იყვნენ მისისიპის ყველაზე ერთგული მკვიდრნი. მწერლის წარმოსახვითი პროექტი მათთვის არც იყო განკუთვნილი – თეთრ სამხრეთელებს მიემართებოდა, მათი მორალური განახლების გეგმას სახავდა. რა თქმა უნდა, თავადაც კარგად ესმოდა, რომ არ არსებობდა ცალკე „თეთრი“ ან „შავი სამხრეთი“. სეგრეგაცია სამართლებრივ ფაქტთან ერთად კულტურული ფიქციაც იყო, ამიტომ სურდა თეთრკანიანი სამხრეთელები დაერწმუნებინა, თავიანთ შავკანიან მეზობლებთან რომ იზიარებდნენ ბედისწერას.
კოლექტიური წარსული იყო არა მხოლოდ კონფედერაციული სამარხი, არამედ სახასიათო მანერები და სოციალური ურთიერთობები, რომლებშიც პიროვნული იდენტობის ძიებით გატანჯულმა ფოლკნერმა საყრდენი იპოვა. განსაკუთრებით ახალგაზრდობაში მან არ იცოდა, როგორ გაეგრძელებინა საკუთარი ოჯახის ისტორია. ფოლკნერები არც არისტოკრატი პლანტატორები იყვნენ და არც ღარიბი თეთრკანიანები – სუსტი და არასტაბილური საშუალო ფენის ნაწილად მოიაზრებოდნენ. მისი დიდი ბაბუა, მისისიპიში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, კონფედერაციის ოფიცრად მსახურობდა და რეკონსტრუქციის დროს წარმატებული სარკინიგზო ბიზნესიც ააშენა.
მწერლის ბიოგრაფიის პირველი აკორდი თითქოს მსოფლიო ომში მსახურება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ევროპაში დაზავებამდე ვერ ჩააღწია. ოქსფორდში დაბრუნებისას კი სამხედრო ფორმა შეიძინა და ისტორიებიც შეთხზა. შედეგად, ამერიკის ერთ-ერთმა უდიდესმა მწერალმა თავისი კარიერა დაიწყო, როგორც ქალაქის სულელმა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში საბრძოლო სამსახურის მორალური პრესტიჟის გათვალისწინებით, ფოლკნერის საქციელი არც ისე გასაოგნებელია – ჰემინგუეი იტალიის სასწრაფო დახმარების კორპუსში ღირსეულად მსახურობდა, მაგრამ სახლში დაბრუნებისას თავისი გამოცდილება საგრძნობლად გაალამაზა.
შემდეგ რამდენიმე წელი საუნივერსიტეტო ფოსტაში იმუშავა. საქმეს გულგრილად ასრულებდა – უფრო მეტს წერდა, ვიდრე მარკებს ყიდდა. ასე რომ, ეს ნიჭიერი, მაგრამ დაკარგული ახალგაზრდა („საშინელებაა ახალგაზრდობა… საშინელება“) მიუბრუნდა წარსულს, როგორც იდენტობისა და სტაბილური ღირებულებების საცავს. “სამყარო რომ შეიცნო, ჯერ უნდა გესმოდეს მისისიპი” – ერთდროულად ამტკიცებდა საკუთარი სოციუმის უნიკალურობასა და უნივერსალიზმს, რაც მის შემოქმედებაშიც აისახა და შექმნა არაერთი გაუგებრობა.
ამ გადმოსახედიდან ცხადია, რომ ფოლკნერის სურვილი სამხრეთში ინტეგრაცია არ დაეჩქარებინათ – არასწორია. შეცდომაში ორმა არასამართლიანმა დაშვებამ შეიყვანა: პირველ რიგში, თეთრკანიანთა ღირსება კანონის წინაშე შავკანიანთა თანასწორობის უფლებას გაუთანაბრა. შედეგად, სურდა, რომ ამ უკანასკნელთ საკმარისად დიდხანს ლოდინის შემდეგ კიდევ ცოტა მოეცადათ. მეორე მხრივ კი, ინდუსტრიალიზაციის მორალური ძალადობა (ამგვარი შეფასება მწერლის კონსერვატორულმა ხედვებმა განაპირობა) რეკონსტრუქციის პერიოდის სისხლისღვრასთან გააიგივა. რაც, თავისთავად, სრულიად განსხვავებული მასშტაბის ბოროტებაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ფოლკნერს აპოლოგეტები არ უნდა სჭირდებოდეს. მისი ხანგრძლივი საჯარო ცხოვრების ზოგიერთი განცხადება ყოველ მიზეზს გარეშე სულელურია. შეცდომები დაუშვა, რაც კონტექსტის გათვალისწინებით მისატევებელია. და თუ 60 წლის შემდეგ ჩვენ უარს ვამბობთ პატიებაზე, ამის მიზეზი მხოლოდ საკუთარი მორალური უპირატესობის აფიშირებაა.
ჯიმ ქროუს სამხრეთის დაუყოვნებელ ინტეგრაციაზე უარის თქმით, ფოლკნერი არაფრით განსხვავდებოდა ცივ ომში ჩართულ ეიზენჰაუერის და კენედის ადმინისტრაციებისგან, რომლებიც სამოქალაქო უფლებების აქტივისტებს მცირე მხარდაჭერის სანაცვლოდ სასიკვდილო საფრთხეში აგდებდნენ. ფოლკნერი და კენედი ცდებოდნენ, მაგრამ ცდებოდნენ თავიანთი დროის სულისკვეთებით, რამაც გარკვეულწილად უნდა შეამსუბუქოს მათი სასჯელი.
© არილი